სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა გამუსლიმანება
font-large font-small
სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა გამუსლიმანება

ლისაბონიდან ჰორმუზდისკენ გამოემართა პორტუგალიელი გუბერნატორიც - გენერალი რუი ფრეირე დი ანდრადა



XVII საუკუნის 10-იანი წლების შუახანებში სპარსეთის შაჰმა, აბას I-მა აღმოსავლეთ საქართველოდან ათასობით ქართველი აჰყარა და სპარსეთში ძალდატანებით გადაასახლა. როგორც ცნობილია, გადასახლებულთა შთამომავლები ირანში დღესაც ცხოვრობენ და მშობლიური ენა, ტრადიციები და თვითშეგნება შენარჩუნებული აქვთ, ოღონდ რელიგიით შიიტი მუსლიმანები არიან. სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა გამუსლიმანება ის თემაა, რომლის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. რასაკვირველია, შაჰ აბასის მიერ სპარსეთში გარეკილ ათასობით ქართველს ისლამი ნებაყოფლობით არ მიუღია - ევროპულ თუ სპარსულ ისტორიულ წყაროებში დაცული ცნობების თანახმად მტკიცდება, რომ ისინი იძულებით გაამუსლიმანეს და თანაც - გადასახლებიდან კარგა ხნის შემდეგ.

XVII საუკუნის სპარსეთისა და იქ მცხოვრები ქრისტიანული თემების (მათ შორის, რასაკვირველია - ქართველების) შესახებ საინტერესო ცნობები მოიპოვება ავგუსტინელთა ორდენის გოას კოლეგიის მისიონერთა ანგარიშებში, რომლებიც პორტუგალიურ ენაზეა შედგენილი და ამჟამად ვატიკანის არქივებში ინახება. ეს კოლეგია მაშინ დაფუძნებული იყო ინდოეთის ქალაქ გოაში, რომელიც პორტუგალიის აღმოსავლეთი სამფლობელოების ცენტრს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ შაჰ აბასის მიერ სპარსეთში ქართველების გადასახლებას დაემთხვა ერთი მეტად საინტერესო ფაქტი - 1616 წელს პორტუგალიისა და ინგლისის სავაჭრო კომპანიებმა სპარსეთის ყურეში, კუნძულ ყეშმზე (პორტუგალიურად - კეიშომი) დააარსეს ფაქტორია, რამაც ბუნებრივია, სპარსეთი გააღიზიანა. 1619 წელს კი პორტუგალიისა და ესპანეთის მეფე ფილიპე III-მ (ესპანეთში - ფილიპე IV) პრეტენზიები წამოაყენა არამარტო ყეშმზე, არამედ მთლიანად ჰორმუზდის არქიპელაგზე, სადაც ჯერ კიდევ 1507 წლიდან არსებობდა კომანდორ აფონსუ დი ალბუკერკეს მიერ აგებული "ნოსა სენიორა და კონსეისანის" სახელით ცნობილი, პორტუგალიური ციხესიმაგრე. ამგვარად, ლისაბონიდან ჰორმუზდისკენ გამოემართა პორტუგალიელი გუბერნატორიც - გენერალი რუი ფრეირე დი ანდრადა, რომელსაც "ჰორმუზდის ზღვისა და სპარსეთ-არაბეთის გამგებელის" ტიტული ჰქონდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ფილიპე III-ს დაგეგმილი ჰქონდა არა მარტო ჰორმუზდის ისევ დაკავება, არამედ მთელი სპარსეთის დამონებაც.

GzaPress

აქედან გამომდინარე, რუი ფრეირე დი ანდრადას პირადად მეფისაგან საიდუმლო დავალება ჰქონდა მიცემული - მას სპარსეთში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობები უნდა შეეგროვებინა და სათანადოდ დამუშავების შემდგომ, ფილიპე III-ს კარზე გადაეგზავნა. იმდროინდელი ტრადიციისამებრ, ინფორმაციის მთავარი მომპოვებლები კათოლიკე მისიონერები იყვნენ, რომლებსაც შაჰ აბასი, როგორც წესი, არ ზღუდავდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბუნებრივია, ფილიპე III-ის კარზე განსაკუთრებით სპარსეთის ქრისტიანთა მდგომარეობა აინტერესებდათ, რადგანაც ამ ქვეყანაში შეჭრისას, ისინი მოკავშირეებად უნდა ჰყოლოდათ.
ამავდროულად, ფილიპე III-მ სპარსეთში ინფორმაციის შესაგროვებლად ცნობილი ესპანელი დიპლომატი გარსია დე სილვა ფიგეროაც მიავლინა, რომელსაც ანდრადასთან შეთანხმებულად უნდა ემოქმედა. ცნობები სპარსეთში გადასახლებული ქართველების გამუსლიმანების შესახებ სწორედ ესპანელი დიპლომატის ანგარიშებში მოიპოვება. მათ გარსია დე სილვა ფიგეროა რეგულარულად გზავნიდა ჰორმუზდის ციხესიმაგრეში, რუი ფრეირე დი ანდრადას ადმინისტრაციაში.

ერთ-ერთ წერილში ესპანელი ელჩი წერს, რომ იგი თავად გახდა ისფაჰანის მთავარ მოედანზე ქართველ ქრისტიან გოგონათა სახალხოდ დასჯის მოწმე: "როგორც გამოვარკვიე, ეს უმშვენიერესი გოგონები დასაჯეს იმის გამო, რომ ისლამის მიღებაზე უარი განაცხადეს... ისინი სწორედ იმ ქრისტიანთაგან იყვნენ, რომლებიც შაჰ აბასმა ამ ათიოდე წლის წინათ, ძალდატანებით ჩამოასახლა სპარსეთში, რათა ისლამზე მოექცია ისინი და თავის გვარდიაში ჩაერიცხა," - ატყობინებს გარსია დე სილვა ფიგეროა გუბერნატორ რუი ფრეირე დი ანდრადას. ამავე წერილიდან ირკვევა ისიც, რომ შაჰ აბასს ქართველები კომპაქტურად ჩაუსახლებია არამარტო ისფაჰანის ახლოს, არამედ სხვა ადგილებშიც - შირაზში, მაზანდარანში, გილანსა და ჰერათში. ქართველთა შორის რჯულის დაცვას ხელს უწყობდნენ სამღვდელო პირები, რომლებიც სპარსელებმა ერისკაცებთან ერთად დაატყვევეს და სპარსეთში გაგზავნეს. "დღესდღეობით მღვდლები ღვთისმსახურებას მალულად აღასრულებენ, რადგანაც ცხადია, რომ შაჰისაგან მათ ამის უფლება არ აქვთ... კათოლიკეთა და სომეხთაგან განსხვავებით, ქართველებს სპარსეთში ორთოდოქსული რწმენის საჯაროდ აღიარებას უკრძალავენ" - წერს გარსია დე სილვა ფიგეროა. იგი რუი ფრეირე დი ანდრადას ურჩევს, რომ სპარსეთში კათოლიკურ მისიებს ქართველი ფარული ღვთისმსახურების მიმხრობა დაავალოს: "მხოლოდ ასე შეძლებს მათი მრევლი რწმენის შენარჩუნებას" - ნათქვამია წერილში.

აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეთა აყრის (1614-1620 წწ.) პარალელურად, 1620 წელს, როგორც ცნობილია, შაჰ აბასმა სპარსეთში მძევლად წაიყვანა კახეთის მეფის, თეიმურაზ I-ის შვილები და დედა - ქეთევან დედოფალი; თეიმურაზ I-მა მძევლების დახსნა რუსეთის დახმარებით სცადა, რამაც შაჰ აბასი დიდად განარისხა და ქეთევან დედოფალს ისლამის მიღება მოსთხოვა. ამავდროულად, შაჰმა სპარსეთში ჩასახლებულ ქართველებზეც გააძლიერა ზეწოლა - ამიერიდან ყოველი მათგანი ვალდებული იყო, ისლამი მიეღო და შაჰის ერთგული ქვეშევრდომი გამხდარიყო. ბუნებრივია, ქართველებში შაჰის ამ ბრძანებამ უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ქეთევან დედოფლის მოწამეობრივმა აღსასრულმა (1624 წ.) კიდევ უფრო გაამძაფრა; უკმაყოფილება ზოგან აშკარა წინააღმდეგობაში გადაიზარდა - ინგლისელი მოგზაური, თომას ჰერბერტი, რომელმაც სპარსეთში სწორედ XVII საუკუნის 20-იან წლებში იმოგზაურა, წერს, რომ მაზანდერანში ჩასახლებულმა ქართველებმა, რომელთაც გამუსლიმანება არ სურდათ, შაჰის მოხელეები ამოწყვიტეს და ისფაჰანზე გალაშქრებითაც კი დაიმუქრნენ, რის გამოც შაჰ აბასმა გზებზე ჯარი ჩააყენა.

გარდა ამისა, თომას ჰერბერტმა 1627 წელს საკუთარი თვალით იხილა შირაზიდან ისფაჰანისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ასუპასის ქართული დასახლება, სადაც 40 ათასი კაცი ცხოვრობდა. "ისინი ქრისტიანები არიან და თავიანთ მფარველად წმინდა გიორგის მიიჩნევენ. როდესაც შეიტყვეს, რომ ჩვენც ქრისტიანები ვიყავით, ძალიან გაუხარდათ და თავი ჩვენს გარშემო მოიყარეს," - წერს ინგლისელი მოგზაური. მისივე ცნობით ამ ხალხს ჰყავს მღვდლები, რომლებიც დღისით ჩვეულებრივი, შაჰის კანონმორჩილი ქვეშევრდომები არიან, ღამით კი ღვთისმსახურებას მალულად აღასრულებენ: "ისევე, როგორც თავიანთ ძველ სამშობლოში, აქაც ეს მღვდლები ორთოდოქსულ წესებს იცავენ, რაც სპარსეთში აკრძალულია" - გვამცნობს თომას ჰერბერტი. აღსანიშნავია, რომ როგორც ესპანელი გარსია დე სილვა ფიგეროა, ისე ჰერბერტიც "ორთოდოქსული", ანუ მართლმადიდებლური წესების აკრძალვაზე ხაზგასმით იმიტომ საუბრობენ, რომ შაჰ აბასი კათოლიკურ მისიებს და სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას არ ზღუდავდა; შესაბამისად, ევროპაში მიაჩნდათ, რომ იგი ქრისტიანთა მიმართ კეთილად იყო განწყობილი და სხვათა შორის, ამავე მიზეზით კრძალავდა მართლმადიდებლობასაც, რომელსაც ვატიკანში მაშინ "ბერძნულ სქიზმად" იხსენიებდნენ.
აქედან გამომდინარე, ცხადია, სპარსეთში გადასახლებულ ქართველებს, როგორც მართლმადიდებლებს, ევროპის სახელმწიფოთა თანადგომის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ეს კარგად იცოდნენ შაჰის კარზეც, სადაც გამუსლიმანებული ქართველები იმხანად ბევრნი იყვნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ სპარსეთში ქართველ დიდგვაროვანთა გამუსლიმანების პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, თუმცა ქართლ-კახეთიდან აყრილი ქართველობა რჯულს უწინდებურად მტკიცედ იცავდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შაჰმა ქართველებს ერთად დასახლების ნება მისცა - როგორც ჩანს, ისფაჰანში ამას ნაკლები ყურადღება მიაქციეს, რადგან საფრთხე რეალურად ვერ აღიქვეს. ამიტომაც, ქართველთა გამუსლიმანების დასაჩქარებლად, შაჰმა XVII საუკუნის 20-იანი წწ. შუახანებში ახალი ბრძანება გამოსცა: ისინი სპარსეთის ყველა მხარეში გაფანტულად უნდა დაესახლებინათ, ხოლო ფარული ღვთისმსახურები კი უნდა გამოეაშკარავებინათ და სამაგალითოდ დაესაჯათ.

GzaPress

ავგუსტინელთა კოლეგიის წევრის, მისიონერ ფრე ბერნარდუ დაშ მარინიაშის მიერ ისფაჰანიდან გოაში გაგზავნილ საგანგებო კორესპონდენციაში, რომელიც 1625-1626 წლებით თარიღდება, ნათქვამია, რომ შაჰ აბასი საკუთარი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ქვეყნის საზღვრების დაცვას ფრიად ორიგინალური ხერხით აპირებდა: "მან გადაწყვიტა, საქართველოდან გადმოსახლებული ქრისტიანები წელში გატეხოს, გაამაჰმადიანოს და მერე თავის გვარდიაში ჩარიცხოს, ან საზღვარზე დააყენოს... ამ საქმეში მას გვერდით უდგას სპარსეთის ჯარების გენერალისიმუსი იმამ-ყული-ხანი, რომელიც წარმოშობით ქართველი გახლავთ" - წერს ავგუსტინელი მისიონერი. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმამ-ყული-ხანის დამსახურებაა ქართველთა კომპაქტურად დასახლება ისფაჰანის ახლოს, ფერეიდანში. შაჰ აბასის ჯარების უმამაცესმა სარდალმა, ცნობილი ალავერდი-ხან უნდილაძის შვილმა თანამემამულეთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა იმით მოახერხა, რომ შაჰ აბასთან უშუამდგომლა და გამონაკლისი დააშვებინა. ამიერიდან ქართველებს ერთად ცხოვრება მხოლოდ ფერეიდანის მიწაზეღა შეეძლოთ, რადგან ისფაჰანი მომთაბარე ბახტიარებისაგან დაცვას საჭიროებდა.
1629 წლიდან - შაჰ აბასის სიკვდილის შემდგომ - სპარსეთში არეულობა დაიწყო. შაჰის სიკვდილით ისარგებლეს იმ ფეოდალებმაც, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ე.წ. "ახალი არისტოკრატიის" (გამუსლიმანებული ქართველების) აღზევებით და ინტრიგების ხლართვას შეუდგნენ. უნდილაძეების საგვარეულოს ძლიერება შეირყა, რამაც სპარსეთის ქართველობა მძიმე დღეში ჩააყენა - შაჰ აბასის მემკვიდრე შაჰ სეფიმ იმამ-ყული-ხანი და მისი ძმა, დაუდ-ხანი აითვალწუნა. ეს უკანასკნელი 1631 წელს მეჯლისიდანაც გააძევა. ამავდროულად, ფერეიდანსა და სხვა ადგილებში დასახლებულ ქართველთა შევიწროებაც დაიწყო - ახალი შაჰი მათ ისლამის მიღებას მკაცრად სთხოვდა, უარის შემთხვევაში კი რეპრესიებით იმუქრებოდა.

თანამედროვე ფერეიდნელ ქართველთა ფოლკლორში შემონახულია გადმოცემები იმის თაობაზე, თუ როგორ გმირულად იცავდნენ თავს ქართველები შაჰ სეფის ჯარისაგან. 1633 წლიდან 1642 წლამდე (როდესაც შაჰ სეფი გარდაიცვალა) ფერეიდანი სპარსებმა თორმეტჯერ აიკლეს. რასაკვირველია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ქართველთა შორის ისევ მოიძებნებოდნენ ფარული ქრისტიანები, რომლებიც მამაპაპისეული რჯულის დაცვით სხვებს მაგალითს აძლევდნენ და საქართველოსგან მოწყვეტილნი, ქართველობას წუთითაც კი არ ივიწყებდნენ. სხვათა შორის, ქართველთა შევიწროება შაჰ სეფის მემკვიდრემ, შაჰ აბას II-მაც განაგრძო, რომელმაც სისასტიკეში თავის სეხნიასაც კი გადააჭარბა. სწორედ მაშინ, 1654 წელს, უკმაყოფილო ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ სამშობლოსაკენ გზა ბრძოლით გაეკაფათ და დასავლეთის მიმართულებით დაიძრნენ. რასაკვირველია, მათ უკან დაედევნა შაჰის არმია, ასევე - მომთაბარე ბახტიარები, რომლებიც მეამბოხე ქართველთა შეპყრობას მათი მონებად გაყიდვის მიზნით აპირებდნენ. აჯანყებულებსა და სპარსელებს შორის დიდი შეტაკება ყუმის უდაბნოში მოხდა; ქართველთაგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა - მათ ტყვედ ჩავარდნას ბრძოლაში სიკვდილი არჩიეს. რაღა თქმა უნდა, სამშობლოში მომავალი ეს ქართველები ქრისტიანები იყვნენ. გადმოცემით, მათ შორის ყველაზე უმცროსი, 12 წლის ბიჭი ყოფილა, რომელიც სამშობლოში მამას მიჰყვებოდა. სპარსელი მეომრები მის მოკვლას არ აპირებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებულნი გახდნენ, აღარ დაენდოთ. 12 წლის ქართველი საომარ ხელოვნებაში უაღრესად გაწაფული აღმოჩნდა და მტრის საუკეთესო მებრძოლებს მარტო გაუმკლავდა. ბიჭს თოფი ზურგიდან ესროლეს სწორედ მაშინ, როცა ბახტიარების ბელადი გრძელი შუბით ჩამოაგდო ცხენიდან.

ამდენად, XVII საუკუნის ბოლოს, სპარსეთის ქართველობაში ქრისტიანთა რიცხვი თანდათანობით შემცირდა. მღვდლები, რომლებიც მათ შორის იყვნენ, გარდაიცვალნენ ან რეპრესიებს შეეწირნენ, მათი ადგილი კი ვერავინ დაიკავა. 1677 წელს ასუპასის დაბლობი ინგლისელმა მოგზაურმა, ფრიერმა მოინახულა: "ასუპასი დასახლებულია ქრისტიანული წარმოშობის ქართველებით, რომელთა უმეტესობა მიწათმოქმედი და მევენახეა... აქ ვაზი ძალიან კარგად ხარობს და მას სწორედ ქართველები აშენებენ. ქართველების კანის ფერი უფრო ჯანსაღია, ვიდრე სპარსელებისა... სამწუხაროდ, ამჟამად ბევრი ქრისტიანი ქართველი მაჰმადიანდება" - წერს იგი. სხვათა შორის, დღეს ასუპასის დაბლობზე ქართველები აღარ ცხოვრობენ, თუმცაღა იქ, დასახლებულ პუნქტთა სახელწოდებებში ძალზე ხშირია სიტყვა "გორჯი" - ქართული, რაც ქართველთა კვალზე მიანიშნებს. აშკარაა, რომ ქართველებმა, რომლებიც აქ სახლობდნენ, სარწმუნოების დაკარგვის შემდეგ ენაც დაკარგეს და სხვა ერის ნაწილად იქცნენ...
სპარსეთში ქართული ენა და ტრადიციები მხოლოდ ფერეიდანში იმიტომ შემორჩა, რომ იქ ჩვენი თანამემამულენი ერთიანობას მტკიცედ იცავდნენ - ეს რეგიონი მომთაბარე ბახტიარების სათარეშო ზონა იყო და თუ კი ერთიანობას დაკარგავდნენ, ქართველებს, სულიერთან ერთად, ფიზიკური განადგურებაც ელოდათ. არადა, სპარსეთის ხელისუფლება სწორედ იმით იყო დაინტერესებული, რომ ფერეიდანში ბახტიარებს ვერ შეეღწიათ. მერე ისინი ისფაჰანის აღებასაც იოლად შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, ქართველებისა და შაჰთა კარის ინტერესები ფერეიდანში ერთმანეთს ემთხვეოდა; ქართველებს აქ ისფაჰანელი ემისრები ვერ და არ ავიწროებდნენ და ამიტომაც, ფარული ქრისტიანები ფერეიდანის სოფლებში XVIII საუკუნის დასაწყისამდე შემორჩნენ - ფოლკლორული გადმოცემების თანახმად, მათი უმეტესობა 1722 წელს სპარსეთში შემოჭრილ ავღანელებს გაუწყვეტიათ და მთელს ფერეიდანში ქრისტიანული წეს-ჩვეულებების მცოდნე აღარავინ დარჩენილა. ამ მიზეზის გამო, შემდგომში ყველა ქართველი იძულებული გამხდარა, გამუსლიმანებულიყო და შარიათის კანონებიც ეღიარებინა.

ასე რომ, XVII საუკუნის დასაწყისში სპარსეთში ძალით გადასახლებულ ქართველთა უმრავლესობამ ქრისტიანობა მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში - XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე შეინარჩუნა. სწორედ ამის გამო შეძლეს მათ ეროვნული თვითაღქმისა და მშობლიური ენის შენარჩუნება. სხვათა შორის, ისლამის მიღების შემდგომ სწორედ ენა აღმოჩნდა ფერეიდნელ ქართველთა თვითმყოფადობის მთავარი გადამრჩენელი: "ქართული ენა ერთადერთი ძაფია, რომელიც ფერეიდნელ ქართველობას აკავშირებს ქართულ კულტურასთან. გადაგვარებას ვერ ასცდება იგი, თუ მას არ შეენახა ეს კავშირი... მალე დაეკარგება მას შეგნება იმისა, რომ "გურჯია", როგორც კი გამოესალმება ამ შეგნების ბურჯს, ენას. ვერ უშველის ამ მხრივ ვერც მაღალი ქართული ურემი, ვერც ბანიანი სახლი, რომელიც მას დღემდე შერჩენია" - წერდა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, არნოლდ ჩიქობავა. ფერეიდნელ ქართველთა შორის ქართული ენის შემონახვა კი სწორედ იმან გამოიწვია, რომ მათმა წინაპრებმა მამაპაპისეული რჯული ასი წლის განმავლობაში დაიცვეს და ამით ახალ საცხოვრის ტერიტორიაზე, უცხოენოვან გარემოში თავის გატანა და დამკვიდრება შეძლეს.

ფერეიდნელ ქართველთა შორის ქრისტიანულ წეს-ჩვეულებათა გადმონაშთები ახლაც მტკიცედაა დაცული - შემორჩენილია დალოცვის, დაწყევლის, მისალმების, დამშვიდობების ისეთი ფორმები, რომელიც მხოლოდ ქრისტიანულ ნიადაგზე აიხსნება. განსაკუთრებით კი უნდა აღინიშნოს მჭადზე ჯვარის დასმის ჩვევა (რაც ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მუსლიმან ქართველებშიც შემორჩენილია) და "ყურძნის ალალის" (ბადაგის ფერეიდნული სახეობაა) დამზადების წესი, რომელიც ნელ-ნელა უკვე დავიწყებას ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ისლამური კანონებით, ყურძნისაგან ბადაგის გაკეთება დაშვებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ფერეიდნელ ქართველებში ეს კანონი არ მოქმედებდა - ისინი, როგორც ქრისტიანთა შთამომავლები, წინაპართა ტრადიციებს მტკიცედ იცავდნენ.



მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი