სოლომონ II - უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსანი
font-large font-small
სოლომონ II - უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსანი

მათხოჯის ბრძოლაში დავით არჩილის-ძემ გრიგოლ დადიანთან ერთად მეფე დავით გიორგის-ძე სასტიკად დაამარცხა

საფლავს ასეთი წარწერა გაუკეთეს: ”განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და შვენიერება და მდებარე ვარ შიშველ დაგდებული საფლავსა ამას შინა ტომისაგან დავითისა შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა სრულიად იმერთა მეფე სოლომონ”.



XIX საუკუნის დასაწყისი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უმძიმეს ხანად მიიჩნევა. ამ დროს რუსეთის იმპერიამ, რომელიც ერთმორწმუნეობის ნიღაბს იყო ამოფარებული და ქართველთა მეშვეობით მთელი კავკასიის დაპყრობას ცდილობდა, ჯერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა, შემდეგ კი - იმერეთისა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართლ-კახეთის დაპყრობა რუსებს გიორგი XII-ს გარდაცვალებამ გაუადვილა, იმერეთში კი ლეგიტიმური სამეფო ხელისუფლების მოსასპობად მათ სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდათ - 1810 წლის თებერვალ-მარტში, იმერეთის მეფე სოლომონ II ტახტიდან იმპერატორის ლეიბ-გვარდიის ცხენოსანმა ნაწილებმა ჩამოაგდეს, რომელთაც გენერალი, ალექსანდრ ტორმასოვი მეთაურობდა.
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში თითქმის არც კი იწერებოდა იმის შესახებ, რომ უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსანი - სოლომონ II საქართველოში რუსების დამკვიდრების სასტიკი წინააღმდეგი იყო და ქართლ-კახეთის ანექსიას არ ცნობდა. მეტიც, 1801 წლიდან სოლომონ II აღმოსავლეთ საქართველოში ყველა ანტირუსულ გამოსვლას მხარს აქტიურად უჭერდა და რუსული მმართველობით უკმაყოფილო თავად-აზნაურებს იმერეთში თავშესაფარს აძლევდა. ამავე პერიოდში, მის კარზე თავს ყაბარდოს მთავარი ჟანბულათ ნაურზის ძე მისოსტოვიც აფარებდა, რომელიც რუსების დაუძინებელი მტერი იყო.

GzaPressქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, სოლომონ II დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა. მიაჩნდა, რომ რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ ამ გზით მოხერხდებოდა. 1802 წლიდან, როდესაც მეფის ეს განზრახვა ყველასათვის ცხადი გახდა, სანქტ-პეტერბურგში იმპერატორ ალექსანდრე I-ის მრჩევლებმა მიიჩნიეს, რომ კავკასიაში რუსთა წინსვლის ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება სწორედ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობა გახლდათ. ამავე დროს, ქართლ-კახეთის მთავარმართებელმა, პავლე ციციანოვმა იმპერატორს საიდუმლო ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ უნდა მოეხდინათ სოლომონ II-ის ჯერ დისკრედიტირება, შემდეგ კი ტახტიდან ჩამოშორებაც. ამაში რუსებს ოდიშის მთავარი, წარსულში სოლომონ II-ის უპირველესი მხარდამჭერი, გრიგოლ დადიანი უნდა გამოეყენებინათ.
აღსანიშნავია, რომ იმერეთში სოლომონ II-ის (ანუ დავით არჩილის-ძის) გამეფებას თავის დროზე სწორედ ოდიშის მთავარი უჭერდა მხარს - უძეო სოლომონ I-მა ტახტი სიცოცხლეშივე ძმისშვილს, დავითს უანდერძა; თუმცა, მეფის უეცარი სიკვდილის შემდეგ (1784 წ.) მის მემკვიდრედ გიორგი VII ძე დავითი აკურთხეს, რომელიც სოლომონ I-ს ბიძაშვილად ერგებოდა. ტახტის კანონიერმა პრეტენდენტმა დახმარებისთვის ერეკლე II-ს მიმართა. პატარა კახის თანადგომით, დავით არჩილის ძემ იმერეთის თავად-აზნაურთა მხარდაჭერა მოიპოვა და დავით გიორგის-ძის მიერ ოდიშიდან განდევნილ მთავარს - გრიგოლ დადიანს დაუმოყვრდა; 1789 წელს, მათხოჯის ბრძოლაში დავით არჩილის-ძემ გრიგოლ დადიანთან ერთად მეფე დავით გიორგის-ძე სასტიკად დაამარცხა, იმერეთიდან განდევნა და მეფედ თვითონ ეკურთხა. დავით არჩილის-ძემ ახალ სახელად, სოლომონ I-ის პატივისცემისა და ხსოვნის ნიშნად, სოლომონი აირჩია; ოდიშშიც კვლავ გრიგოლ დადიანი გამთავრდა.
ამასთან, რუსებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ იმერეთის მეფეებსა და ოდიშის მთავრებს შორის ლეჩხუმი იმთავითვე სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა - იმერეთის თითქმის ყველა მეფე ცდილობდა, რომ ამ მხარეში მთავრის ხელისუფლება შეეზღუდა და ამიტომ, ოდიშის ყოველ ახალ მთავარს ლეჩხუმზე კანონიერი უფლებების დასაბუთება ხელახლა უწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ სოლომონ II-სა და გრიგოლ დადიანს შორის ამ საკითხში თავიდან სრული ურთიერთგაგება სუფევდა, მაგრამ რუსებმა ყველაფერი აურიეს. პავლე ციციანოვმა დადიანს საიდუმლოდ აცნობა, რომ სოლომონ II უახლოეს მომავალში მას ჯერ ლეჩხუმის წართმევას, მერე კი ოდიშიდან გაძევებასაც უპირებდა და, სასწრაფოდ რუსთა მფარველობაში შესვლა შესთავაზა: ”თუ ჩვენს მფარველობაში შემოხვალთ, იმპერატორის ბრძანებით, ლეჩხუმს სამუდამოდ თქვენ დაგიმტკიცებენ და იმერეთის ვერც ერთი მეფე პრეტენზიას ვეღარ წამოგიყენებთ” - არწმუნებდა ციციანოვი გრიგოლ დადიანს. სამწუხაროდ, რუსულმა პროპაგანდამ მიზანს მიაღწია და 1803 წელს ოდიშის სამთავრო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა; გრიგოლ დადიანს იმპერატორის ბრძანებით, გენერალ-ლეიტენანტის ჩინი ებოძა.

როგორც სანქტ-პეტერბურგში ვარაუდობდნენ, ოდიშზე რუსული პროტექტორატის დამყარებამ სოლომონ II ძალიან გააღიზიანა. ეს სამთავრო ნომინალურად იმერეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო და რუსეთის ქმედებას კანონიერი საფუძვლები არ გააჩნდა. იმერეთის მეფემ მხარდაჭერის მოპოვება სტამბოლში სცადა. მან ოსმალეთის სულთანს, სელიმ III-ს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც სანქტ-პეტერბურგის უკანონო ქმედების დაგმობას ითხოვდა. სხვათა შორის, სოლომონ II-ს ეს ნაბიჯი ძალზე ეფექტურად ჰქონდა გათვლილი. საქმე ის იყო, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი ოსმალეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა და სულთნის კარს იქ რუსთა გამოჩენა არ უნდა დაეშვა.
სოლომონ II-ის მიერ სტამბოლში საგანგებო მიმართვის გაგზავნის შესახებ, რაღა თქმა უნდა, პავლე ციციანოვმაც შეიტყო. მან, როგორც სანქტ-პეტერბურგიდან ჰქონდა ნაბრძანები, სასწრაფოდ მიიღო შესაბამისი ზომები - აღმოსავლეთ საქართველოდან რუსული ქვედანაყოფები დაძრა და იმერეთის საზღვრებს მიაყენა. პარალელურად კი, გრიგოლ დადიანსაც უბრძანა, საჭიროების შემთხვევაში ქუთაისისთვის დასავლეთიდან შემოეტია. ამგვარად, სოლომონ II ალყაში მოქცეული აღმოჩნდა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია - მეფის კარზე სულთნის საპასუხო წერილს დღე-დღეზე ელოდნენ, თუმცაღა ის არსად ჩანდა.
1804 წლის მარტის ბოლოს იმერეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - რუსის ჯარი შეტევის დასაწყებად მზად იყო, ხოლო სტამბოლიდან მოსულმა მალემსრბოლმა კი მეფეს სანუგეშო ვერაფერი უთხრა: ოსმალეთის სულთანი სოლომონ II-ს სიტყვით სრულ მხარდაჭერას ჰპირდებოდა, მაგრამ სხვა მხრივ თავს იკავებდა. არადა, დრო არ იცდიდა - თუკი იმერეთის მეფე რუსებთან მოლაპარაკებას არ ეცდებოდა, სამეფოში ომი ატყდებოდა; მართალია, სოლომონს ამისიც არ ეშინოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რუსთა წინაშე იმერეთი მარტო რჩებოდა - აკი ოდიშის მთავარი მხარს რუსებს უჭერდა, აფხაზეთისა და გურიის მთავრების პოზიცია კი გაურკვეველი იყო.

GzaPress

ასეთ ვითარებაში, სოლომონ II იძულებული გახდა, რუსებთან მოლაპარაკება დაეწყო. მალე ციციანოვს მისი მსტოვრები ეახლნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ იმერეთის მეფე თანახმა იყო, საკუთარ სამეფოზე რუსული პროტექტორატი ეცნო, თუკი რუსები მას გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავს ხელშეკრულებას დაუდებდნენ და რაც ყველაზე მთავარია, შემდგომ მის პირობებს პირნათლად აღასრულებდნენ. ციციანოვმა სოლომონ II-ის მსტოვრებს უპასუხა, რომ რუსეთის იმპერატორი თანახმა იყო, იმერეთი ”პრივატული უფლებების სრული დაცვით” მფარველობაში აეყვანა. მანვე სოლომონ II-ს მსტოვართა ხელით ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც მზადყოფნა გამოთქვა, ”ახალ გეორგიევსკის ტრაქ¬ტატზე” მუშაობა მალევე დაწყებულიყო.
იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის მფარველობის ხელშეკრულება 1804 წლის 25 აპრილს, სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანი ხარაგაულის რ-ნში) გაფორმდა. უნდა ითქვას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ის არაკანონიერი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ხელისმომწერ მხარეთა შორის თანასწორუფლებიანობა არ გახლდათ დაცული: ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელს აწერდა მეფე, ხოლო მეორე მხრივ კი - ქართლ-კახეთის მთავარმართებელი ციციანოვი (და არა იმპერატორი, რო¬გორც ამას წესი მოითხოვდა). სამწუხაროდ, ამ გარემოებაზე მაშინ სოლომონ II-ს ყურადღება აღარ გაუმახვილებია. არა იმიტომ, რომ მისთვის სულერთი იყო, არამედ იმიტომ, რომ ხელის არმოწერის შემთხვევაში პავლე ციციანოვი ომის დაწყებით იმუქრებოდა.
ელაზნაურის ხელშეკრულება 7 პუნქტისაგან შედგებოდა. პირველივე პუნქტში იმერეთი რუსეთის იმპერატორის ვასალ სახელმწიფოდ ცხადდებოდა. სოლომონ II-ის შთამომავლებს სამეფო ტახტი საშვილიშვილოდ რჩებოდათ, ოღონდ ყოველი ახალი მეფე რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა. ამასთან, იმერეთის მეფე ქართლ-კახეთის რუს მთავარმართებელს უნდა დამორჩილებოდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ერთგვარი ”შუამავალი” იქნებოდა მასა და იმპერატორს შორის. იმერეთის მეფეს რუსული ჯარის შეშით, სურსათითა და ფურაჟით მომარაგებაც ევალებოდა - მოკლედ, ხელშეკრულება იმერეთს ყველა სუვერენულ უფლებას ართმევდა და მეფის ღირსებასაც უკიდურესად ამცრობდა. მასზე ხელმოწერიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, იმერეთში რუსული ჯარი შემოვიდა და ყველა სტრატეგიული პუნქტი დაიკავა.

”მფარველობაში აყვანილ” იმერეთის სამეფოში რუსები ბატონ-პატრონებივით იქცეოდნენ - მეფის ხელისუფლებას უგულებელყოფდნენ, სოფლებში თვითნებურად იჭრებოდნენ და გლეხებს აწიოკებდნენ. სოლომონ II ცდილობდა, სამეფოში რუსების ყველა ნაბიჯი ეკონტროლებინა, მაგრამ ბუნებრივია, ამას ვერ ახერხებდა - მის მეფობას უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი. ქართლ-კახეთის მთავარმართებელი, პავლე ციციანოვი სოლომონის ყოველ მიმართვაზე - თქვენი ჯარისკაცების თავგასულობა ალაგმეთო - ყურს იყრუებდა და არ რეაგირებდა. 1806 წელს იგი ბაქოში მოკლეს, ქართლ-კახეთში კი მთავარმართებლად იმპერატორის ლეიბ-გვარდიის გენერალი, ტორმასოვი მოავლინეს.
1810 წლის 20 თებერვალს, გენერალ ალექსანდრ ტორმასოვის მეთაურობით, რუსმა ჯარისკაცებმა - საიმპერატორო ლეიბ-გვარდიის კავალერისტებმა - ქუთაისში სამეფო სასახლეს ალყა შემოარტყეს. ამავდროულად, მთავარმართებელმა იქ შეკრებილ ხალხს იმპერატორის ბრძანება წაუკითხა, რომლის თანახმადაც, მეფე სოლომონ II ტახტიდან გადაყენებულად, იმერეთის სამეფო კი გაუქმებულად ცხადდებოდა. ამის გაგონებაზე, იმერლებმა რუსის ჯარს სროლა აუტეხეს, მაგრამ ჯარისკაცებმა, რომლებიც უფრო უკეთ შეიარაღებულები იყვნენ, ინციდენტიც აღკვეთეს, სასახლეშიც შეიჭრნენ და მეფე დაატყვევეს. ტორმასოვმა, რომელიც მომხდარის გამო სიხარულს ვერ ფარავდა, ჯარს ქუთაისი 3 დღით საძარცვავად გადასცა, დატყვევებული სოლომონ II კი თბილისისკენ გამოისტუმრა.
ქუთაისში მყოფი გენერალი ტორმასოვი იმერეთში ”საარაკო გამარჯვებით” ჯერ ისევ ტკბებოდა, როცა მსტოვრებმა მოულოდნელად ცუდი ამბავი მოუტანეს - იმერთა მეფე ბადრაგს გზაში ხელიდან დაუსხლტა და თავი ახალციხის ფაშას შეაფარაო. რუსი გენერალი გაცოფდა, მაგრამ რაღას იზამდა? სოლომონ მეფე უკვე სამშვიდობოს იყო გასული; ახალციხის საფაშოს საზღვრები ისე იყო დაცული, ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა.

GzaPress

ახალციხის ფაშა იმ დროს აჭარელი წარჩინებული, სელიმ ხიმშიაშვილი იყო. იგი, მუსლიმანური რწმენის მიუხედავად, ქართველობას, საქართველოს არ ივიწყებდა და ამიტომაც, იმერეთიდან ლტოლვილ სოლომონ II-ს ტახტის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. სელიმ-ფაშასთან სტუმრობის შემდეგ მეფე ტრაპიზონის ფაშას - წარმოშობით ლაზ ოსმან ხეზიდეროღლისაც ეწვია, რომელმაც მის პატივსაცემად აღლუმი გამართა; სოლომონმა ტრაპიზონის ფაშას მიპატიჟება მიიღო და გადაწყვიტა, რომ იმერეთიდან რუსების გაძევებამდე აქ დარჩენილიყო. ოსმან-ფაშა ხეზიდეროღლიმ მას უზარმაზარი სასახლე აჩუქა, რომელიც ზედ ზღვის სანაპიროზე, წმ. გრიგოლ ნისელის ბერძნული ეკლესიის გვერდით მდებარეობდა.
სოლომონ II-ის ელჩები - ქაიხოსრო და დავით წერეთლები სტამბოლში 1810 წლის აპრილის დასაწყისში ჩავიდნენ. ისინი სულთანს - მაჰმუდ II-ს, მის პირველ ვეზირს - ვაჰიდ-ეფენდის და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეხვდნენ; ამ უკანასკნელს იმერთა მეფის ელჩებმა რუსების მხარდამჭერი ქართველი დიდებულების ანათემაზე გადაცემა მოსთხოვეს, ხოლო სულთანს და პირველ ვეზირს კი სოლომონ II-ის წერილი გადასცეს, რომელშიც იმერეთიდან განდევნილი გვირგვინოსანი რუსთა წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ძალით დახმარებას ითხოვდა. მაჰმუდ II-მ იმერეთის მეფის თხოვ¬ნა შეიწყნარა და ელჩებს აღუთქვა, რომ მრჩევლებს სოლომონის ტახტზე დაბრუნების გეგმას მალევე მოამზადებინებდა; მანამდე კი ტრაპიზონში მყოფ მეფეს იმერეთის ტახტის ფლობის სიგელი, ხუთი ათასი ყურუში და ძვირფასი ხალათი გაუგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ოსმალეთის სულთანმა თავისი სიტყვა მართლაც შეასრულა. სტამბოლში შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომლის თანახმადაც, სოლომონ II-ის მხარდასაჭერად ჯანიკის საფაშოდან 20 ათასი, ტრაპიზონის საფაშოდან კი 10 ათასი ჯარისკაცი იმერეთში უნდა გაეგზავნათ; სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი რუსებს ბორჯომის ხეობაში 15 ათასი ჯარისკაცით შეუტევდა და მათ ლიხის ქედის გადავლით იმერეთში დამატებითი სამხედრო ძალის გადასროლის საშუალებას არ მისცემდა. იმედმოცემული სოლომონ II ტრაპიზონიდან ახალციხის გავლით კვლავ იმერეთში დაბრუნდა და რუსთა წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. სამწუხაროდ, მისმა მომხრე თავად-აზნაურებმა ხალხის დროზე მობილიზება ვერ შეძლეს, რის გამოც უპირატესობა რუსთა მხარეზე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებმა რუსების პირველი შემოტევა ლიხის ქედის მისადგომებთან კარგად მოიგერიეს, პოზიციების შესანარჩუნებლად აღარავინ იზრუნა და განმეორებითი იერიშის შემდეგ, რუსთა სარდალმა - გენერალ-ლეიტენანტმა ბარონმა როზენმა სოლომონ II-ის მომხრეთა 5-ათასიანი ლაშქარი ჩხერის ციხესთან დაამარცხა, წინსვლა განაგრძო და ქუთაისსაც მიადგა. აქ მას სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები ეახლნენ და ერთგულება შეჰფიცეს. სოლომონ II-მ ქუთაისი მალულად დატოვა, ხანისწყლის ხეობაში გამაგრებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ.

აჯანყების ასე მცირე დროში ჩახშობას ოსმალეთის ხელისუფლებაში არავინ ელოდა; ამიტომაც, ცხადია, სოლომონ II-ს, რომელიც კვლავაც ახალციხეში გადასვლას გეგმავდა, ვეღარ მიეშველნენ. გადმოცემით, სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილმა იმერეთის მეფეს უსაყვედურა კიდეც - თუკი ხალხი მხარს აღარ გიჭერდა, სიცოცხლე საფრთხეში რად ჩაიგდეო. სოლომონ II 300-კაციანი ამალით ისევ ტრაპიზონში ჩავიდა და მცირე ხნის შემდეგ, ყველაფრის თავიდან დაწყება დააპირა. როცა ნაპოლეონის რუსეთში შეჭრის ამბავი შეიტყო, მას ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც მოკლედ აღწერდა თავის ბედს და რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ წერილს ნაპოლეონი მართლაც გამოეხმაურა; სოლომონ II ხელახალი აჯანყების მომზადების მიზნით, ინკოგნიტოდ აფხაზეთში ჩავიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით დაინახა, რომ რუსების წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოსვლის მოწოდებას აღარავინ ეხმაურებოდა, იმედგაცრუებული უკან დაბრუნდა. 1814 წელს რუსეთის ელჩმა სტამბოლში - ბარონმა იტალინსკიმ სულთნის კარს მისი რუსეთისთვის გადაცემა მოსთხოვა. ამის მიზეზად იგი სწორედ ”ნაპოლეონთან თანამშრომლობას” ასახელებდა. სულთანმა იმერთა მეფე არ გაწირა, მაგრამ ურჩია, რომ არსებულ ვითარებას შერიგებოდა და რუსეთთან დაპირისპირება შეეწყვიტა.

GzaPress

1815 წლის იანვრისათვის სოლომონ II-ს თავდაპირველი 300-კაციანი ამალისაგან მხოლოდ 20 კაციღა ჰყავდა შემორჩენილი. ქართველებს ტრაპიზონში ცხოვრება ძალზე უჭირდათ - მათ უკვე ოსმალეთის ქვეშევრდომობა ჰქონდათ მიღებული და სულთნისგან დახმარებას აღარ იღებდნენ. ლტოლვილებს მხარში ადგილობრივი ლაზები ედგნენ, მაგრამ მათაც ბევრი რამ არ შეეძლოთ. სოლომონ II-მ დარდსა და სიდუხჭირეს ვეღარ გაუძლო და 1815 წლის 7 თებერვალს, 41 წლის ასაკში, მეფობის 25-ე წელს გარდაიცვალა.
უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსანი, ინგლისელ ისტორიკოს ენტონი ბრაიერის ცნობით, ტრაპიზონელმა ლაზებმა დაიტირეს. მათ სოლომონ II წმ. გრიგოლ ნისელის ბერძნული ეკლესიის გალავანში დაკრძალეს და საფლავს ასეთი წარწერა გაუკეთეს: ”განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და შვენიერება და მდებარე ვარ შიშველ დაგდებული საფლავსა ამას შინა ტომისაგან დავითისა შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა სრულიად იმერთა მეფე სოლომონ”. საფლავზე იგივე ტექსტი ბერძნულადაც ამოკვეთეს.

დღეისათვის არც წმ. გრიგოლ ნისელის ტაძარი და არც საფლავი აღარ არსებობს - ორივე ობიექტი 1963 წელს, ქალაქის განაშენიანებას შეეწირა. იმ ადგილას, სადაც სოლომონ II-ის განსასვენებელი იყო, ახლა სკვერია. სწორედ ამ სკვერიდან, 1990 წლის 30 ოქტომბერს გმირი მეფის ნეშტი საქართველოში, გელათში გადმოასვენეს. 2005 წლის 30 ივნისს კი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა სოლომონ II წმინდანად შერაცხა (ხსენების დღე - 20 თებერვალი).

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
15.07.2015
რა ერქვა სახელი მსახურს სოლომონს რომ ტვეობიდან გაქცევაში დაეხმარა?გვარი-თაბუკაშვილია.
08.12.2014
ტყვეთა ყიდვა რომ აკრძალა, ეგ სოლომონ პირველი იყო, აქ სოლომონ მეორეზეა საუბარი
გოგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი