სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო
font-large font-small
სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო
დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი


1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის (”ჩეკა”) პრეზიდიუმის ბრძანებულებით, შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც კომისიის მიერ გამოვლენილი და გასამართლებული, ”ქვეყნის მტრებისა” და ”საშიში ელემენტების” შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა დაევალა. პირველი საქმე, რომელიც ამ განყოფილებაში რეგისტრაციაში გატარდა, იყო ”სისხლის სამართლის საქმე რაჟდენ მირიანაშვილისა და სხვათა მიმართ”. აღსანიშნავია, რომ ”ხალხის მტრებად” შერაცხულ ამ ადამიანებს საკვები პროდუქტების დამალვა ედებოდათ ბრალად. 7 განსასჯელიდან 3-ს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს სისრულეში. ამ საქმის შესახებ ვრცლად შემდგომ მოგითხრობთ. ამჯერად კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაწყებული, საოცარი რომანის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის ბედი დაუკავშირა ერთმანეთს...


1921-დან 1990 წლამდე პერიოდში, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) მე-10 განყოფილების საცავებში 230 ათასი ერთეული, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაგროვდა. ყველა ეს დოკუმენტი გრიფით - ”სრულიად საიდუმლოდ” ინახებოდა. 1991-1992 წლებში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს სუკის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა და საარქივო ფონდის 80%-ზე მეტი განადგურდა. რაც გადარჩა, ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა...
საარქივო საცავის აღდგენა და გადარჩენილი დოკუმენტების რესტავრაცია მხოლოდ 2004-2005 წლებში დაიწყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი წერილობითი დოკუმენტები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. სწორედ ამ უწყების საარქივო სამმართველოს ხელშეწყობითა და დახმარებით გაგაცნობთ წარსულის ისეთ ფაქტებს, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, საქმე #46 - ასეთია ტომებად შეკრული დოკუმენტების შიფრი, სადაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის საბედისწერო სიყვარულის ამბავი იკითხება...

GzaPress

”შეჩერდით, ის ქართველია!” - გაისმა მკაცრი ბრძანება ავტომატმომარჯვებული გერმანელი ჯარისკაცების მისამართით, რომლებსაც ჰოსპიტლის ობმოკიდებული სარდაფის კედელთან ატუზული ებრაელებისთვის ის-ის იყო, სიცოცხლე უნდა მოესწრაფებინათ. სიკვდილმისჯილთა შორის, ქართველი მედდა თინა ბალანჩივაძე იმყოფებოდა. მისი სი¬ცოცხლე კი წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტლის კომენდანტმა, გერმანელმა ფელდფებელმა არტურ ციცკემ იხსნა. გერმანელი ოფიცრის ამ კეთილშობილურმა საქციელმა ქართველ ქალიშვილში სიყვარულის ნაპერწკალი გააჩინა და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ პოლოგის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობა და გაუსაძლისი ყოფა ლამის ბედნიერებად უქცია. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
თინა ბალანჩივაძე 1920 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ ქვიტირში დაიბადა. დედისერთა და მამის გარეშე გაზრდილმა გოგონამ ”წითელი ჯვრის” ქუთაისის მედიცინის დათა ორწლიანი სკოლა დაამთავრა. ქუთაისის ვენდისპანსერსა და პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 1941 წლის 28 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და მე-18 არმიის მე-4 მოტომსროლელი დივიზიის 55-ე სანიტარიულ ბატალიონში ჩარიცხეს. 3 თვის განმავლობაში პირველადი სამხედრო მომზადება ქუთაისში გაიარა, 6 სექტემბერს კი აღნიშნული არმიის მთელ შემადგენლობასთან ერთად, სამხრეთის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკთან არმია გერმანელთა ალყაში მოექცა. ტყვიების ზუზუნისა და ყუმბარების აფეთქების ქვეშ ახალგაზრდა მედდა პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. მაგრამ 1941 წლის 8 ოქტომბერს თავადაც მძიმედ დაიჭრა. ნაღმის ნამსხვრევებმა მარცხენა ფეხი დაუზიანა. ამ ამბიდან მეორე დღეს კი მისი ბატალიონი გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. მძიმედ დაჭრილი მედდა გერმანელმა ჯარისკაცებმა ქალაქ პოლოგის წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც თინას ოპერაცია გაუკეთეს. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი ქართველმა მედდამ და გერმანელმა ოფიცერმა. არტურ ციცკე მალევე მოიხიბლა ტყვე ქალიშვილით. არც თინა დარჩენილა მის მიმართ გულგრილი. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, გოგონა დროებით, იმავე ჰოსპიტალში დატოვეს სამუშაოდ...
ზაპოროჟიეს ოკუპაცია 2 წელი და 10 დღე გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე იქ 44 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება ქართველ ტყვეს, მით უფრო - მტრის სიყვარულით გულანთებულს...
1942 წლის ივნისში თინა ბალანჩივაძე, სხვა ტყვეებთან ერთად, ზაპოროჟიეს გერმანელების სამხედრო კომენდატურაში გადაიყვანეს და საპატიმროში გამოამწყვდიეს. გესტაპოს თანამშრომლებთან ორკვი¬რიანი შეხვედრების შემდეგ, მედდა ფაშისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დაითანხმეს. მას საბჭოთა პარტიზანებისა და ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფი კომუნისტების გამოაშკარავება, ასევე, ებრაელების საცხოვრებელი ადგილების დადგენა დაევალა. წინააღმდეგობის გაწევის ან გესტაპოსთან მისი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემთხვევაში, თინას დახვრეტა ელოდა. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რის ფასად დაუჯდა ახალგაზრდა ქართველ ქალს ფაშისტების ულტიმატუმის მიღება. მის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ გული მტრის მიმართ სიყვარულით ჰქონდა სავსე...

ასეა თუ ისე, თინამ გერმანელებთან თანამშრომლობის ვალდებულების დოკუმენტს ხელი მოაწერა და ამის შემდეგ ის ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ქალმა სწორედ იმ ჰოსპიტალში სამუშაოდ დაბრუნება ითხოვა, სადაც საყვარელი ადამიანი ეგულებოდა. რამდენიმე კვირაში ახალი განსაცდელი ელოდა. გარეგნობით ებრაელს მიამსგავსეს, სიკვდილმისჯილ ებრაელებთან ერთად, ჰოსპიტლის სარდაფში ჩაიყვანეს და ის-ის იყო, განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, რომ მისი სიცოცხლე არტურ ციცკემ იხსნა...
ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დააახლოვა ქალ-ვაჟი. 1942 წლის აგვისტოში თინა ბალანჩივაძე სატრფოსთან გადავიდა საცხოვრებლად. სიცოცხლით ტკბობის საფასურად, გესტაპოს აგენტი თინა ბალანჩივაძე იძულებული გახდა, 6 კომუნისტის შესახებ ცნობები მიეწოდებინა ოკუპანტებისთვის. ”გაშიფრულები” დაუყოვნებლივ, ზაპოროჟიეს ტყვეთა იმ ბანაკში გადაიყვანეს, სადაც თავის დროზე თინაც იმყოფებოდა, მაგრამ მათი შემდგომი ბედის შესახებ აგენტად ქცეულმა ქალმა არაფერი იცოდა.
თინა და არტური ერთად გატარებული ყოველი წუთით ტკბებოდნენ, მაგრამ აცნობიერებდნენ, რომ მათ ურთიერთობას ძალზე ბუნდოვანი მომავალი ელოდა. წინასწარ რთული იყო იმის განჭვრეტა, თუ როგორ ან როდის დამთავრდებოდა ომი, ან როგორ მიიღებდნენ გარშემო მყოფნი ორი დაპირისპირებული ქვეყნის შვილების სასიყვარულო კავშირს...

ყოველი ახალი დღის გათენებას თინა და არტური შიშითა და ეჭვით ხვდებოდნენ და ახალმა განსაცდელმაც არ დააყოვნა. 1943 წლის დასაწყისში არტურ ციცკე ჰოსპიტლის კომენდანტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და პოლოგის რაიონის (ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული ცენტრი) ხიდებისა და რკინიგზის დაცვაში გადაიყვანეს. რამდენიმე თვეში კი ციცკე, ასაკის გამო, მოქმედი არმიიდან საერთოდ დაითხოვეს და სამშობლოში დაბრუნება უბრძანეს. შეყვარებული წყვილის განშორება გარდაუვალი იყო. წლების შემდეგ, საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებთან საუბრისას, თინა ბალანჩივაძე იხსენებდა: ”წასვლის წინ მასთან ერთად გამგზავრება შემომთავაზა. მე მივიღე მისი წინადადება, რადგან მიყვარდა და იმ პერიოდში მისი თანადგომა მჭირდებოდა”.
ქართველი ქალის სიყვარულით გულანთებულმა გერმანელმა ოფი¬ცერმა მოახერხა, რომ თინა იმ ეშელონში მოხვედრილიყო, რომლითაც კავკასიელები გერმანიაში ნებაყოფლობით მიემგზავრებოდნენ.
გერმანიაში, ისევ ციცკეს დახმარებით, თინა ”ქართულ კომიტეტში” მივიდა და დახმარება ითხოვა. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მესამე რაიხისა და გერმანიის მიერ ოკუპირებული, ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიაზე იქმნებოდა მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია, ბოლშევიკების მიერ დაკნინებული ერების დასაცავად. მაგალითად, რომში 1939 წელს გაიმართა ბერლინში, პრაღასა და ვარშავაში მცხოვრებ ქართველთა ნაციონალური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც ”ქართული ნაციონალური კომიტეტის” შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.
თინას არა მხოლოდ მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს, არამედ ”ქართულმა კომიტეტმა” ყველა საჭირო დოკუმენტიც გამოუწერა და სამსახურითაც უზრუნველყო, ქალაქ შპეტინის საავტომობილო ქარხნის მედპუნქტში. ეს ქალაქი შემთხვევით როდი შეირჩა: ციცკეც სწორედ შპეტინში მუშაობდა და შეყვარებულები დროდადრო ერთმანეთს ხვდებოდნენ. სულ მალე თინამ შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო და დახმარებისთვის კვლავ ”ქართულ კომიტეტს” მიმართა. კომიტეტში მისი მდგომარეობა გაითვალისწინეს და ბერლინთან ახლოს, შპანდაუს რაიონის სამოქალაქო მედპუნქტში შედარებით მსუბუქი სამუშაო გამოუძებნეს.

1945 წლის 2 მარტს თინასა და არტურის სიყვარულის ნაყოფი მოევლინა ქვეყანას. გოგონას როზმარი-თამარი დაარქვეს და წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს.
გამოხდა ხანი, ციცკე საცხოვრებლად ცოლ-შვილთან გადავიდა და გერმანიაში დისლოცირებულ, ბრიტანელთა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სამსახური დაიწყო. თინას და პატარა როზმარი-თამარის უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო, რის გამოც მოგვიანებით, ქალს ასე უხდებოდა თავის მართლება: ”მე ძუძუმწოვარა ბავშვი მყავდა და ამან მთლიანად მიმაჯაჭვა არტურ ციცკეს. მხოლოდ ამით შემიძლია ავხსნა სამშობლოში გამგზავრებაზე უარის თქმა”.
ქართულ-გერმანული ოჯახი ბრიტანელთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ამიტომ ქართველმა ემიგრანტმა ბრიტანეთის კომენდატურას მიაკითხა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრების ოფიციალური ნებართვა სთხოვა. ეს თხოვნა დააკმაყოფილეს და ქალს იმედი გაუჩნდა, რომ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებს, საბჭოთა ჯარი ვერ შეეხებოდა. თინას სამშობლოში დაბრუნება ფიქრადაც არ გაუვლია, რადგან საყვარელ ქმარ-შვილთან ერთად, თავს ბედნიერად გრძნობდა. მისთვის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ ერთი პირობით იქნებოდა მისაღები - თუ მასთან ერთად, ციცკეც წამოვიდოდა, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო.
მაგრამ თინა იმას ვერ წარმოიდგენდა, თუ ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურის ხელი გერმანიის ტერიტორიაზეც მისწვდებოდა. უშიშროებამ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დაიწყო ”მტრულად განწყობილი ელემენტების” გამოაშკარავება და სასტიკად დასჯა. ქართველი მედდაც საბჭოეთის მტრების სიაში აღმოჩნდა. 1946 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბერლინის ცენტრალური სამხედრო კომენდატურის კონტრდაზვერვის განყოფილებისა და ბერლინის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #136 თინათინ ივანეს ასული ბალანჩივაძის მიმართ.

GzaPress

14 ოქტომბერს თინა დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 58-1ბ მუხლით. დაპატიმრების შესახებ დადგენილებაში ნათქვამია: ”1943 წელს თინა ბალანჩივაძე ნებაყოფლობით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც განაგრძობდა ცხოვრებას გერმანელ ციცკესთან ერთად. წითელი არმიის ნაწილების გერმანიაში ჩასვლისას თავი აარიდა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, რითაც უღალატა საბჭოთა სამშობლოს”.
1946 წლის 24 დეკემბერს, ბერლინის გარნიზონის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, თინა ბალანჩივაძეს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1948 წლის 10 ივნისს ის, როგორც განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დამნაშავე, სასჯელის მოსახდელად, გაგზავნეს სპეციალურ ბანაკში, ტაიგაში, სადაც ხეტყის დამზადებაზე სამუშაოდ გაამწესეს. მძიმე სამუშაომ ქალი დააუძლურა და დააავადა. 1954 წლის 27 აგვისტოს ბალანჩივაძე კრასნოიარსკის მხარეში, შედარებით მსუბუქ სამუშაოზე გადაიყვანეს. ერთი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების საფუძველზე, თინა ბალანჩივაძე გადასახლებიდან გაათავისუფლეს.
თავისუფალი, მაგრამ სამშობლოს მოღალატის სახელით სამუდამოდ დაღდასმული თინა საქართველოში დაბრუნდა. სად ან ვისთან იზრდებოდა მისი მცირეწლოვანი შვილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, უცნობია. თინას გათავისუფლების შემდეგ, როზმარი-თამარ ბალანჩივაძე დედასთან დაბრუნდა. თინამ სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება სცადა, მაგრამ ეს არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. წარსულში სამხედრო მედდამ, ქალაქ ტყიბულის საავადმყოფოში სანიტრად მუშაობას მიჰყო ხელი.
მძიმე წარსული მის ფსიქიკაზეც აისახა. საკუთარ მდგომარეობას ვერ ეგუებოდა, სამსახური არ აკმაყოფილებდა და თანამშრომლებთან ურთიერთობაც უჭირდა. საბჭოთა საქართველოს მთავრობის სახელზე თინამ რამდენჯერმე გაგზავნა საჩივარი-განცხადება, სადაც თავის გაუსაძლის ყოფას აღწერდა და დახმარებასა და რეაბილიტაციას ითხოვდა. მაგრამ პასუხი ყოველთვის უცვლელი იყო - სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებულ თინა ბალანჩივაძეს რეაბილიტაცია არ ეხებოდა.

ერთხელ, 1974 წელს თინას საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრ ანდრეი გრეჩკოსთვისაც გაუგზავნია წერილი, სადაც აღნიშნავდა: ”უკანასკნელი წლების განმავლობაში ზოგი თანამშრომელი განმიკითხავს იმის გამო, რომ ნასამართლევი ვიყავი და გერმანელების ტყვეობაში ვიმყოფებოდი. მე სანიტრად ვმუშაობ. არადა, მიღებული განათლებით, ექთანად შემიძლია ვიმუშაო, მაგრამ უარს მეუბნებიან, ამის მიზეზი კი, ვფიქრობ, ჩემი ნასამართლეობაა. წელს ჩემი ქალიშვილი არ მიიღეს სამედიცინო ინსტიტუტში და ვფიქრობ, ამის მიზეზიც ჩემი ნასამრთლეობაა. ყოველივე ამან იძულებული გამხადა, მომემართა განცხადებით, რათა ვითხოვო რეაბილიტაცია”.
დამატებითი გამოძიებისთვის საქმე მართლაც, აღიძრა. მაგრამ მაღალ ინსტანციებში სამსახურიდან, ცხოვრებისგან განაწამებ ქალზე უარყოფითი დახასიათებები იწერებოდა: კონფლიქტურია, ავადმყოფობის მიზეზით, ხშირად იგვიანებს და ამის გამო, ნახევარ განაკვეთზე გადავიყვანეთო... მოგვიანებით, თინა ბალანჩივაძე დაკითხვაზე მოსკოვში დაიბარეს, მაგრამ უსახსრობის გამო, საბჭოთა დედაქალაქში ჩასვლა ვერ შეძლო. სამხედრო პროკურატურამ საქმე მოსარჩელის დაუსწრებლად განიხილა და მისი თხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა...
დიდი სურვილი გვქონდა, ეს თავგადასავალი თავად თინა ბალანჩივაძისგან მოგვესმინა, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაკვლიეთ. არც ის ვიცით, არის თუ არა ცოცხალი ახლა, როდესაც გრიფით - ”სრულიად საიდუმლოდ” - დაცული მისი ცხოვრების ”გაცოცხლება” შესაძლებელი გახდა... ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის სიყვარულის ნაყოფი - როზმარი-თამარი ახლა 64 წლის უნდა იყოს. იმედს ვიტოვებთ, რომ მშობლების ტრაგიკული ამბის გამომზეურების შემდეგ, მას ჩვენთან გასაუბრების სურვილი გაუჩნდება და თუ ისურვებს, მოთხრობილი ამბის გაგრძელებასაც შევიტყობთ.

ემა ტუხიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
04.12.2014
მძიმე ამბავია!
ლია...
04.12.2014
საინტერესო ამბავია, ადრე წავიკითხე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯურნალ ,,საარქივო მოამბეში" არის დაბეჭდილი.(სხვათა შორის ამ ნომერში სხვა კარგი მასალებიცაა და ისინიც გადმობეჭდეთ, თან დოკუმენტების ასლებია დართული)
გიორგი
04.12.2014
დასახვრეტი იყო და უნდა დაეხვრიტათ. ეხლა ლამის გმირად რომ შერაცხეთ ეს ძუკნა
მამუკა
04.12.2014
ვინც თავისიანს ჩაუშვებს, მნიშვნელობა არა აქვს კომუნისტია თუ ფაშისტი, უარესის ღირსია
misha
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
875 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი