მიტროპოლიტ ნაზარის მოწამეობრივი აღსასრული
font-large font-small
მიტროპოლიტ ნაზარის მოწამეობრივი აღსასრული

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამ ნაბიჯმა კრემლის მესვეურები უკიდურესად გააცოფა

მიტროპოლიტმა ნაზარმა სიონიდან და სვეტიცხოვლიდან მთელი საეკლესიო განძეულობა ქუთაისში





1922 წლის 7 თებერვალს, საქართველოს იმჟამინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმ. ამბროსი აღმსარებელმა იტალიის ქ. გენუაში მიმდინარე მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ბოლშევიკურ ოკუპაციას გმობდა და მსოფლიო საზოგადოებრიობასაც მოუწოდებდა, ოკუპაციის აღსაკვეთად, საბჭოთა რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა. სხვათა შორის, მაშინ ბოლშევიკურ ხელისუფლებას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ ცნობდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამ ნაბიჯმა კრემლის მესვეურები უკიდურესად გააცოფა.

თავად რუსეთში იმ დროს მართლმადიდებლური ეკლესია ძალზე დასუსტებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლის 21 ნოემბერს (4 დეკემბერს) პეტრე I-ის მიერ გაუქმებული საპატრიარქო მმართველობა აღდგა და ახალ პატრიარქად ვილნოს (ამჟამინდელი ვილნიუსის) მიტროპოლიტი, ტიხონი აირჩიეს, მღვდელმთავრებმა მაშინ არსებული ვითარების გამო, ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხეს. ამას თან დაერთო ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა მათ მიმართ იმთავითვე უკიდურესად მტრული პოზიცია დაიკავეს; საპასუხოდ კი, 1918 წლის 19 იანვარს, პატრიარქმა ტიხონმა ბოლშევიზმის ყველა მიმდევარი ზიარებიდან განაყენა და ანათემას გადასცა. უკვე 20-იანი წლების დასაწყისში, ლენინის პირადი კონტროლით, რუსეთის ეკლესიაში ე.წ. "ობნოვლენცების" მოძრაობა გაძლიერდა, რაც ცხადია, პატრიარქ ტიხონის გავლენის შესასუსტებლად და მორწმუნეთა დასაქსაქსად იყო გამიზნული. სხვათა შორის, "ობნოვლენცების" ერთ-ერთი ლიდერი დეკანოზი (შემდგომში მიტროპოლიტი) ალექსანდრე (ბოიარსკი) - ცნობილი რუსი მსახიობისა და მომღერლის, მიხაილ ბოიარსკის ბაბუა იყო.

GzaPress

1922 წლის დასაწყისში, როცა ბოლშევიკებმა პატრიარქი ტიხონი და მისი მომხრე სასულიერო პირები დააპატიმრეს, "ობნოვლენცებმა" თითქმის მთელი ეკლესია ხელთ იგდეს; მათი მეშვეობით კი კრემლის მესვეურები მთელ საეკლესიო ქონებას უკვე "ლეგიტიმურად" დაეპატრონნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლშევიკებმა ამგვარი მანიპულაციები საქართველოში ვეღარ განახორციელეს, რადგანაც ჩვენს ეკლესიაში განხეთქილების მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ სხვა გზას მიმართეს და ეკლესიას აშკარად დაუპირისპირდნენ; წმ. ამბროსი აღმსარებლის მიმართვის გარდა, დაპირისპირების საბაბად მათ კიდევ ერთი ფაქტი გამოიყენეს: 1921 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკებთან ომი მიმდინარეობდა, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა სიონიდან და სვეტიცხოვლიდან მთელი საეკლესიო განძეულობა ქუთაისში გადაიტანა და ბაგრატის ტაძრის ეზოში, საკუთარი რეზიდენციის ახლოს ჩამარხა. 1922 წლის თებერვალში, წმ. ამბროსი აღმსარებლის მიერ გენუის კონფერენციაზე მიმართვის გაგზავნის შემდგომ, "ჩეკამ" საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვება დაიწყო; სწორედ მაშინ მიტროპოლიტი ნაზარი ვიღაცამ დაასმინა, რის შედეგადაც ის დააპატიმრეს, დახვრეტაც მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი მალე შეცვალეს.
1924 წლის აპრილში მიტროპოლიტი ნაზარი და რამოდენიმე სხვა სასულიერო პირი ამნისტიით გაათავისუფლეს, მაგრამ მეუფეს რეზიდენციაში დაბრუნების ნება არ მისცეს. იმხანად ეკლესიის წინააღმდეგ უკვე აშკარა ბრძოლა მიმდინარეობდა. არსებობდა ე.წ. "საბჭოთა კავშირის მებრძოლ უღმერთოთა კავშირი" და მისი აქტივისტები მთავრობის დავალებით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს; ხურავდნენ ან საერთოდ ანგრევდნენ ტაძრებს და უბრალო მოსახლეობაში მწვავე ანტირელიგიურ აგიტაციასაც ეწეოდნენ. ისინი საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე თავიანთ ჟურნალს - "მებრძოლი უღმერთო" - გამოსცემდნენ, რომელიც სავსე იყო ამგვარი ლოზუნგებით: "წითელ ინტელიგენტს ღმერთი არაფერში არგია", "რელიგია ხალხისთვის ოპიუმია", "ეკლესია კონტრრევოლუციონერთა ბუდეა" და ა.შ. იქვე ქვეყნდებოდა სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდნენ "მებრძოლი უღმერთოები" ანტირელიგიურ აგიტაციასა და პროპაგანდას საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში.

ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში - იოსებ ლეჟავა) იმთავითვე ცნობილი იყო, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მგზნებარე მომხრე და ბოლშევიზმთან შეურიგებელი მებრძოლი. დაიბადა იმერეთში, სოფელ დიდ ჯიხაიშში; დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია, 1893 წელს მღვდლად ეკურთხა, 1904 წელს კი ბერად აღიკვეცა. 1911 წელს ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა. მეუფე ნაზარს იოსებ სტალინი პირადადაც კი იცნობდა და დაუზუსტებელი ცნობებით, დახვრეტის განაჩენი ამიტომაც შეუცვალა, შემდეგ კი ამნისტირებულთა შორის მოაყოლა. სტალინმა ისიც კარგად იცოდა, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას მეუფე ვერაფრით შეეგუებოდა და მთავრობას გუნდრუკს არ უკმევდა. ამიტომაც, ციხიდან გათავისუფლებულ მიტროპოლიტს დიდმა დიქტატორმა სამუდამო მეთვალყურეობა დაუწესა. ამავდროულად, საქართველოში მოქმედმა "მებრძოლმა უღმერთოებმაც" მიიღეს საგანგებო დავალება - მიტროპოლიტ ნაზარისათვის ქუთაისის ეპარქიის არც ერთ ტაძარში წირვა-ლოცვის გამართვისა და ქადაგების საშუალება არ უნდა მიეცათ.

აქედან გამომდინარე, საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ, მეუფე ნაზარი ღვთისმსახურების აღვლენას თითქმის ვეღარ ახერხებდა. ყოველთვის, როცა ამა თუ იმ ტაძარში მიბრძანებას დააპირებდა, "მებრძოლ უღმერთოთა" ბრბო გზას უკეტავდა და ყვირილითა და ლანძღვა-გინებით მის დაშინებას ცდილობდა. ბევრჯერ ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს, მაგრამ მიტროპოლიტი არ დრკებოდა, კვლავ სიდინჯეს ინარჩუნებდა და თავდამსხმელთა სულებისთვის ლოცულობდა. უბრალო მორწმუნეთა აქტიური მხარდაჭერის წყალობით, ქუთაისის ეპარქიის ტაძრებში წირვა-ლოცვას მაინც აღავლენდა და მრევლს სულიერი სიმტკიცის მაგალითს უჩვენებდა. საინტერესოა, რომ მეუფე ნაზარის ძალისხმევით, დედა-ეკლესიას რამდენიმე "მებრძოლი უღმერთოც" კი დაუბრუნდა. "მიტროპოლიტი ნაზარი მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მისი წაქეზებით, ხალხი უარს აცხადებს ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე. თვით ზოგი კომკავშირელიც კი უკვე მაგას უჯერებს" - წერდნენ "ჩეკას" ინფორმატორები.

GzaPress

1924 წლის ზაფხულში, როცა საქართველოში ეროვნული აჯანყებისთვის მზადება მიმდინარეობდა, "ჩეკამ" მიტროპოლიტი ნაზარის მეთვალყურეობა გააძლიერა. მეუფეს "ჩეკისტები" უკვე აშკარადაც კი დაჰყვებოდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. ხშირად, "შემოწმების" მიზნით, მიტროპოლიტს ოთახშიც უვარდებოდნენ. მას შემდეგ, რაც რეზიდენციაში შესვლა აუკრძალეს, მეუფე ნაზარი თავს ძმასთან აფარებდა. "ჩეკისტები" ამ უკანასკნელის დაშინებასაც ცდილობდნენ, რათა მას მიტროპოლიტისათვის თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა. ბოლოს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ძმის ოჯახის გადასარჩენად, მეუფე ნაზარმა ღამეების გათევა მრევლის წევრებთან დაიწყო. ამასთანავე, ერთსა და იმავე ოჯახს ორჯერ არასოდეს სტუმრობდა, რათა მასპინძლები ხიფათში არ ჩაეგდო. ასეთ ყოფას ჩვეული არ იყო, მაგრამ ყველაფერს უდიდესი მოთმინებით იტანდა.
1924 წლის ივლისის ბოლოს, მიტროპოლიტ ნაზარს ამჟამინდელი ზესტაფონის რ-ნის სოფელ როდინოულიდან ადგილობრივი საეკლესიო საბჭოს წარმომადგენელი ეახლა და სთხოვა, რომ უახლოეს დღეებში სოფელში მდგარი აჯამეთის მაცხოვრის ეკლესია ეკურთხებინა. აღსანიშნავია, რომ ეს ეკლესია ბოლშევიკებმა ჯერ კიდევ 1921 წელს თეატრად გადააკეთეს, მაგრამ როდინოულელ მორწმუნეთა ძალისხმევით, ორი წლის შემდეგ, მთავრობა როგორც იყო დათანხმდა იმაზე, რომ ეკლესია ძველი სახით აღდგენილიყო და იქ წირვა-ლოცვა განახლებულიყო. ამის შემდეგ როდინოულის თემის საეკლესიო საბჭოც შეიქმნა, რომელმაც სარემონტო სამუშაობის ჩატარება ითავა და როგორც კი რემონტი დასრულდა, ცხადია, კურთხევაც საჭირო გახდა.

მიტროპოლიტმა ნაზარმა როდინოულის საეკლესიო საბჭოს წარმომადგენელთან რამოდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრა, კარგად გამოჰკითხა მას რემონტთან და სხვა ამგვარ საკითხებთან დაკავშირებული ამბები და აღუთქვა, რომ როდინოულში 1924 წლის 2 აგვისტოს, შაბათს ჩამოვიდოდა; ეკლესიას იმ დღესვე აკურთხებდა, ხოლო მეორე დღეს - კვირას - წირვასაც დააყენებდა. როდინოულიდან ჩამოსული სტუმარი მეუფემ მოსაღამოვებულზე თავადვე გააცილა. რამოდენიმე დღეში - 30 ივლისს, მას კვლავ ეწვია სტუმარი - როდინოულის ეკლესიის მღვდელი, მამა დომენტი (გიორგაძე). მიტროპოლიტმა ის ქუთაისის საკათედრო კრებულის წინამძღვართან, დეკანოზ ბასილ დოლაბერიძესთან გაგზავნა და დააბარა, რომ ამ უკანასკნელისთვის გადაეცა - 1-ელი აგვისტოსთვის, "მასალით და ბარგით" მზად იყავი როდინოულში წამოსასვლელად, სხვა ხუცესებს კი ყველაფერი დღესვე აცნობე, რათა 2 აგვისტოს დილით, ადრიანად გავემგზავროთო.

დეკანოზმა ბასილ დოლაბერიძემ მიტროპოლიტ ნაზარის დანაბარები 31 ივლისს დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძესა და მთავარდიაკონ სვანიძეს გადასცა, 1 აგვისტოს კი დეკანოზ ირათეოზ ნიკოლაძეს და პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძეს. გააფრთხილა სხვა მღვდლებიც; მეორე დღეს - 1924 წლის 2 აგვისტოს, დილის 10 საათზე, ყველამ ქუთაისის სადგურში მოიყარა თავი. მიტროპოლიტს თან ახლდნენ ძმიშვილებიც - არჩილი და ნიკოლოზი. მგალობლად მოწვეულ მღვდელ ლავრენტი კაპანაძეს თავისი ათივე შვილი წამოეყვანა. სასულიერო პირებს შეუერთდნენ საერონიც.
მიტროპოლიტ ნაზარს და მის მხლებლებს მატარებელში ჩასხდომისთანავე გარს შემოერტყნენ შეიარაღებული "ჩეკისტები", რომლებიც ე.წ. "მანდატების" წარმოდგენას ითხოვდნენ. "მანდატი" ანუ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მხოლოდ მეუფე ნაზარს აღმოაჩნდა. "ჩეკისტებმა" მას უბრძანეს, წასულიყო, დანარჩენები კი დააკავეს. ცხადია, მიტროპოლიტმა მხლებლები გასაჭირში არ მიატოვა და "ჩეკისტებს" აცნობა, რომ მათი უფროსობა ადრევე ჰყავდა გაფრთხილებული: "ჩვენ სოფელ როდინოულში მივდივართ, გულში ცუდი არა გვიძევს რა, ტაძარი უნდა ვაკურთხოთ!" - ეუბნებოდა მიტროპოლიტი "ჩეკისტებს" და სთხოვდა, დაკავებულები გაეშვათ. ბოლოს, მეუფის დაჟინებული მოთხოვნით, ისინი უფროსობას დაუკავშირდნენ. გაარკვიეს ყველაფერი და ყველა დაკავებული გაუშვეს.

საღამოს ხუთ საათზე მიტროპოლიტი და სასულიერო პირთა კრებული სადგურ სვირში ჩამოვიდნენ, სადაც მათ ცხენებითა და ორი ურმით დახვდნენ ადგილობრივი მღვდელი, მამა პოლიევქტოს ვარდოსანიძე, როდინოულის საეკლესიო საბჭოს წევრი გრიგოლ ჩუბინიძე და მედავითნე გიორგი საცერაძე. მეუფე სვირში აღარ შეჩერებულა, რადგან გვიან იყო და ყველანი საჩქაროდ როდინოულში წავიდნენ. ერთ საათში უკვე ადგილზე იყვნენ. მიტროპოლიტმა ეკლესია აკურთხა, ერთ-ერთი როდინოულელის სახლში მოისვენა და მორწმუნეებს საღამოს ლოცვაზე უხმო.
აღსანიშნავია, რომ მეუფემ ლოცვაზე საგანგებოდ მოიწვია სვირის წმ. გიორგის ეკლესიის ყოფილი მღვდელი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ "არასაიმედო ელემენტად" შერაცხული მამა სვიმონ მჭედლიძე, რომელიც 1908-1916 წლებში მართლმადიდებლურ გაზეთ "შინაური საქმეების" გამომცემელ-რედაქტორი და ასევე, დასავლეთის ეპარქიის სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველი იყო. იმხანად კი, მამა სვიმონი სვირში, საკუთარ სახლში, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და ყველა სამოქალაქო უფლებაც ჩამორთმეული ჰქონდა, თუმცა ღვთისმსახურებას მალულად მაინც აღასრულებდა.

ეკლესიის კურთხევაზე მოსულ საერო პირთა შორის, მორწმუნეთა გარდა, რაღა თქმა უნდა, "ჩეკას" აგენტებიც ბევრნი იყვნენ; ერთ-ერთმა მათგანმა, მღვდელ სვიმონ მჭედლიძის დანახვისთანავე, "ჩეკაში" წერილი აფრინა (სტილი დაცულია): "დღესე აქა, როდინოულის თემში ჩამევიდა მღვდელები, ახთენენ კრებებს ამეღამ და მიაქცივეთ სასტრაფოთ ყურადღება. მეთვალყურე". წერილს რეზოლუცია დაადო სოფ. სვირის მილიციის განყოფილების უფროსმა, ვინმე ბარნაბა მაღლაკელიძემ და რაიაღმასკომის თავმჯდომარეს, ვინმე ჯუღელს გადაუგზავნა. ამ უკანასკნელმა იგივე მაღლაკელიძეს დაავალა, სასწრაფოდვე მიეღო ზომები და როდინოულში მყოფი ყველა სასულიერო პირი იმ ღამესვე "ფაქტზე აეყვანა".

მილიციის უფროსმა, ბარნაბა მაღლაკელიძემ ინფორმატორებისგან დაადგინა, რომ ლოცვის დამთავრების შემდგომ მიტროპოლიტი ნაზარი და მისი ყველა მხლებელი ეკლესიასთან ახლოს მცხოვრები მათე ჩუბინიძის სახლში უნდა გაჩერებულიყვნენ და როგორც წესი, ღვთისმსახურებას მეორე დღეს ადრე განაგრძობდნენ. მართლაც, ცხრა საათისთვის ლოცვა დასრულდა და სასულიერო პირთა კრებულმა მათე ჩუბინიძის ოჯახს მიაშურა. მხოლოდ სვირელი მღვდელი, მამა პოლიევქტოს ვარდოსანიძე წავიდა ღამის გასათევად ცოლოურებში, რომლებიც როდინოულშივე ცხოვრობდნენ.
მიტროპოლიტმა ნაზარმა და მეორე დილით მწირველმა მღვდლებმა - მამა გერმანე ჯაჯანიძემ, მამა სვიმონ მჭედლიძემ და მამა დომენტი გიორგაძემ ზიარების ლოცვები წაიკითხეს და მხოლოდ თორმეტი საათისთვის დაწვნენ დასაძინებლად. "ჩეკისტებს" ამ დროს ჩუბინიძის სახლისთვის უკვე ალყა ჰქონდათ შემორტყმული და ელოდნენ, როდის დაიძინებდა ყველა. საბოლოოდ, შუაღამის პირველის ნახევარზე, სვირის მილიციის განყოფილების უფროსი, ბარნაბა მაღლაკელიძე და თემსაბჭოს თავმჯდომარე, ვინმე ს. ხაჭაპურიძე, რამდენიმე "ჩეკისტთან" ერთად სახლში შეიჭრნენ, მძინარე მოძღვრებს თავს დაადგნენ და მაუზერები დაუმიზნეს: "გამეიყვანეთ, ბიჭო, ღვდლების უფროსი!" - აგდებულად უთქვამს მამა გერმანესათვის მაღლაკელიძეს.

GzaPress

"მანდატები გვიჩვენეთ, მართლაც მილიციიდან ხართ?" - მოუთხოვია მამა გერმანეს; ამაზე კი ს. ხაჭაპურიძეს დაუყვირია: "მანდატები ჩვენ თვითონ ვართ, ბრძანება შეასრულეთ!"
საბოლოოდ, მძინარე მიტროპოლიტ ნაზართან პროტოდიაკონი კუხიანიძე შევიდა: "შევედი და მოვახსენე, რომ მთავრობის კაცები უნდა იყვნენ, თხოულობენ წაყოლას და მანდატს კი არ გვაჩვენებენ-მეთქი... ამ დროს ორი თოფიანი კაცი შემოვარდა ოთახში, მისცა წინადადება რომ ახლავე ჩაიცვი და წამოდიო. ნაზარმა უთხრა, სანამ მანდატებს არ გვაჩვენებთ, არსადაც არ წამოვალო... სტაცეს ხელი და ძალათი, ასე პერანგისამარა გამოაგდენ ზალაში..." - ასე განუცხადა მოგვიანებით პროტოდიაკონმა დაკითხვაზე გამომძიებელს. "ჩეკისტებმა" მიტროპოლიტიც და მოძღვრებიც სახლიდან გამოიყვანეს. გარეთ მათ როდინოულელი მორწმუნეების მრავალრიცხოვანი ჯგუფი დახვდა, რომელიც მიტროპოლიტის დაპატიმრებას აპროტესტებდა და "ჩეკისტებს" სთხოვდა, სასულიერო პირებისთვის თავი დაენებებინათ: "მოიცადეთ დილამდე და თუ რამე გასარკვევი გაქვთ, მერე გაარკვიეთ!" - ეუბნებოდნენ ბარნაბა მაღლაკელიძეს.
სვირის მილიციის განყოფილების უფროსს აღელვებულ მორწმუნეთა რისხვის შეეშინდა; მიტროპოლიტი ნაზარი ჩუბინიძის სახლში დატოვა და ყარაულიც დაუყენა, სხვები - დეკანოზები: გერმანე ჯაჯანიძე, ბასილ დოლაბერიძე, ირათეოზ ნიკოლაძე, მღვდლები: სვიმონ ჯაჯანიძე, დომენტი გიორგაძე; დიაკვნები: ბესარიონ კუხიანიძე და ისიდორე სვანიძე სასწრაფოდ სვირში წაიყვანა, თან მკაცრად გააფრთხილა - ვინც გაქცევას დააპირებს, დაუნანებლად დავხვრეტო. ამ ფაქტის შემსწრეთა გადმოცემით, დაპატიმრებულებს განსაკუთრებით სასტიკად თემსაბჭოს თავმჯდომარე, 28 წლის ს. ხაჭაპურიძე ექცეოდა - ხელში მაუზერი ეჭირა და დროდადრო, მოძღვრებს ფეხებში ესროდა.

საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძეს დაპატიმრებითანავე ბორკილების დადება მოუთხოვია, რაზედაც ბარნაბა მაღლაკელიძეს მიუგია, საბჭოთა პატიმარს ბორკილებს არ ვადებთო. "მაშინ, ბაწარი ხომ გაქვთ, გადაგვაბით და ისე წაგვიყვანეთ!" - დაჟინებით ითხოვდა მამა გერმანე. საქმე ის იყო, რომ იმხანად "ჩეკა" საშიშ პატიმრებს გაქცევის საშუალებას სპეციალურად აძლევდა, რათა შემდეგ მათი ლიკვიდირება მოეხდინათ და თავი ემართლებინათ - გაქცევის დროს შემოგვაკვდაო; ამიტომაც "ჩეკისტებს" სიცილიც კი აუტეხავთ: მღვდელს სიკვდილის ეშინიაო; არადა, გერმანე ჯაჯანიძე ქრისტეს მოწამებრივ გზას ბაძავდა. ბოლოს, მოძღვრები სვირში ჩაიყვანეს და დილეგში ჩაამწყვდიეს. სულ რაღაც ნახევარ საათში მათთან სასტიკად ნაწამები მეუფე ნაზარიც მიიყვანეს.

"მიტროპოლიტი გამოვიყვანეთ სახლიდან ტიტველი და დავსვით ურემზე... ისე არ გაჩერდა და იძულებული გავხდით, დაგვება. რომ მოვდიოდით, ყვიროდა: მე მაწამებენ ურჯულოები ქრისტეს სიყვარულისთვისო... გამოვიარეთ ცხადაძის სახლში, მღვდელი ვარდოსანიძე გამოვიყვანეთ და დავაბით ისიც ურემზედ" - ამგვარად წერია ჩვენებაში, რომელიც მოგვიანებით ბარნაბა მაღლაკელიძემ სასამართლოს მისცა. მიტროპოლიტი და მოძღვრები იმავე საღამოს ქუთაისში გადაიყვანეს და ოფიციალურად წაუყენეს მძიმე ბრალდება - საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მომზადება. ბრალმდებლების თქმით, ეკლესიის კურთხევა მხოლოდ საბაბი იყო არალეგალური კრების მოსაწყობად, რომელზეც საბჭოთა ხელისუფლების დამხობის საკითხი უნდა განეხილათ.
1924 წლის 1 სექტემბერს, გარიჟრაჟზე, "სამეულის" მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, საფიჩხიაზე, ებრაელთა სასაფლაოს ბოლოში, მიტროპოლიტი ნაზარი და ოთხი მოძღვარი: დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე და ირათეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე დახვრიტეს. დანარჩენები კი ციმბირში გადაასახლეს...
P.შ. 1995 წლის 18 სექტემბერს, ბოლშევიკთა მიერ დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი და მოძღვრები საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდა მღვდელმოწამეთა სახელით, წმინდანებად შერაცხა.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი