რომანოვთა განძეულის საიდუმლო საქმე
font-large font-small
რომანოვთა განძეულის საიდუმლო საქმე

დაადგინეს, რომ საუბარი იყო მეფის რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგენდარული ქვედანაყოფის - "ველური დივიზიის" ერთ-ერთ ოფიცერზე, ყარაჩაელ თავად ყუმიყო აიდებულოვზე



1918 წლის 16 ივლისს, 23:30 სააათზე, ეკატერინბურგში, ვოზნესენსკის შესახვევში მდებარე, სამთო ინჟინერ იპატიევის ყოფილ სახლში, რომელიც იმხანად უკვე წითელი "აღმასკომის" საკუთრება გახლდათ, კომისარ იაკობ იუროვსკის მეთაურობით, ჩეკისტთა რაზმმა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ II, მისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სერგეი ბოტკინი და სამი მსახური დახვრიტა. ამგვარად, რომანოვთა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო ჩეკამ ვლადიმირ ლენინის უშუალო კონტროლით, მათი საგვარეულო განძეულობის ხელში ჩასაგდებად, ინფორმაციების მოძიებას მიჰყო ხელი.
წითლებმა იცოდნენ, რომ 1917 წლის თებერვლის ბოლოს, როცა სანქტ-პეტერბურგში სიტუაცია უკიდურესად გართულდა, რომანოვთა დინასტიის განძეულობა, იმპერატორის ბრძანებით, მისმა ძმამ, დიდმა თავადმა, მიხაილ რომანოვმა გადამალა. შესაბამისად, სამალავის ადგილმდებარეობა მხოლოდ მან იცოდა. 1917 წლის აგვისტოში ნიკოლოზ II ოჯახის წევრებთან და მსახურებთან ერთად ბოლშევიკებმა შინაპატიმრობაში აიყვანეს, თუმცა ლენინის ბრძანებით, მიხაილ რომანოვისთვის ხელი არ უხლიათ. სურდათ, მისთვის ეთვალთვალათ, რათა როგორმე განძეულობის ადგილსამყოფელი დაედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ წითლები უაღრესად კონსპირაციულად მოქმედებდნენ, მიხაილ რომანოვმა მათი აგენტები რამდენჯერმე გაშიფრა. აქედან გამომდინარე, ბოლშევიკებმა ვერაფრის შეტყობა ვერ მოახერხეს. ის-ის იყო, ლენინს დიდი თავადის დაპატიმრების ბრძანება უნდა გაეცა, რომ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: 1918 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით, მიხაილ რომანოვი ქ. პერმის სასტუმრო "სამეფო ნომრებიდან" კომისარმა გაბრიელ მიასნიკოვმა გაიტაცა და ქალაქის მახლობლად, ტყეში დახვრიტა.

GzaPress

გაბრიელ მიასნიკოვი პროფესიონალი რევოლუციონერი და ე.წ. "მოტივილიხელების დაჯგუფების" ხელმძღვანელი იყო; წარმოშობით - სომეხი. მას მსოფლიო პროლეტარიატის ბელადობა სურდა და ჯერ ფარულად ექიშპებოდა ლენინს, 1921 წლიდან კი აშკარადაც დაუპირისპირდა. იმავე წელს ის "ჩეკამ" ხსენებული მიზეზის გამო დააპატიმრა, ხოლო ლუბიანკას ჯურღმულში "წითელმა ეშმაკუნებმა" მიასნიკოვს უკვე პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის მოსთხოვეს, რომანოვთა დინასტიის გადამალული განძეულობის ზუსტი ადგილმდებარეობა დაესახელებინა. ლენინის მოქიშპეს წამება არც დასჭირვებია, ისე აღიარა ყველაფერი, რაც კი მისთვის ამ საკითხის შესახებ იყო ცნობილი: "განძეულის სამალავი კავკასიის მთებშია. მისი ადგილსამყოფელი იცის კაცმა, რომლის გვარია აიდებულოვი," - აცნობა მიასნიკოვმა "ჩეკისტებს". რასაკვირველია, ამ უკანასკნელებმა მაშინვე დაადგინეს, რომ საუბარი იყო მეფის რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგენდარული ქვედანაყოფის - "ველური დივიზიის" ერთ-ერთ ოფიცერზე, ყარაჩაელ თავად ყუმიყო აიდებულოვზე, რომელიც 1917 წლამდე მიხაილ რომანოვის ადიუტანტი იყო, რევოლუციის შემდეგ კი ყარაჩაიში წავიდა და იქ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახდა.

საქმე ის იყო, რომ დიდმა თავადმა, მიხაილ რომანოვმა 1917 წლის თებერვალში სწორედ ყუმიყო აიდებულოვს გადასცა დასამალავად რომანოვთა განძეულობის უდიდესი ნაწილი - ფოლადის სამი ზანდუკი, რომელშიც მოთავსებული იყო დაახლოებით 18 ფუთამდე ოქროს მონეტა, ძვირფასეულობა, ბრილიანტებითა და ალმასებით შემკული ხატები და სხვა ნივთები. აიდებულოვმა "ველური დივიზიის" ყარაჩაელ ჯარისკაცებთან ერთად, მიბარებული განძეული ჩრდილო კავკასიის მთებში - მარუხისა თუ ქლუხორის უღელტეხილის ახლოს მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი ყველა ჯარისკაცი დახოცა და ქედს გადმოღმა, საქართველოში გადმოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, ყუმიყო აიდებულოვის ახლო ნათესავს - თავად ყრიმშამხალოვს ეკუთვნოდა. აიდებულოვმა მას ყურანზე ფიცი დაადებინა, რომ განძეულის საიდუმლოს არავის გაუმხელდა. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ყარაჩაიში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა; აიდებულოვმა თავი საქართველოს შეაფარა - ის ახალ სენაკში, თავად მუშნი დადიანის მამულში დასახლდა. თუმცა, 1921 წელს აქედან წასვლამ მოუწია და ბოლოს სტამბოლში დამკვიდრდა. რაც შეეხება ყრიმშამხალოვს, ის უკვე ხნიერი იყო და არც უფიქრია ყარაჩაის დატოვება - ბოლშევიკები მაინც არაფერს დამიშავებენო.

ყუმიყო აიდებულოვი, რომელიც თავგამოდებული მონარქისტი იყო, იმედოვნებდა, რომ რუსეთში მეფის ხელისუფლება მალე აღდგებოდა და რასაკვირველია, განძეულს კანონიერი მფლობელები მოიკითხავდნენ; თავადმა მხოლოდ 1921 წელს, სტამბოლში შეიტყო, რომ რომანოვთა დინასტიას მემკვიდრე ფაქტობრივად, აღარც კი ჰყავდა. იმავე წელს, ყუმიყო აიდებულოვმა გადაწყვიტა, რომ უპატრონოდ დარჩენილი განძეულობა როგორმე საზღვარგარეთ გაეტანა, მაგრამ ამის გაკეთება ძნელი იყო. სტამბოლში მან "ველური დივიზიის" რამდენიმე ყოფილი მებრძოლი შემოიკრიბა და მათთან ერთად საბჭოთა რუსეთიდან გამოქცეულ ყოფილ "ჩეკისტს", გაბრიელ მიასნიკოვის ერთ-ერთ ამფსონს - ივან კოპლავშიკოვს დაუკავშირდა, რომელიც პერმის ტყეში მიხაილ რომანოვის დახვრეტაში მონაწილეობდა, 1920 წელს კი საზღვარგარეთ გაიქცა, რათა აიდებულოვი მოეძებნა და განძეული ხელში ჩაეგდო. რაღა თქმა უნდა, კოპლავშიკოვი მიასნიკოვის დავალებით მოქმედებდა; ამასთან, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ "ჩეკა" კვალდაკვალ მიჰყვებოდა. ის თავს თეთრ ემიგრანტად ასაღებდა, თუმცა ჩვეულებრივი კრიმინალი იყო.

GzaPress

ყოფილმა საბჭოთა ჩეკისტმა ყარაჩაელი თავადის გაცურება მართლაც ადვილად მოახერხა - მან ხომ დახვრეტამდე მიხაილ რომანოვს განძეულის თაობაზე ყველაფერი ათქმევინა და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ისეთი რამეებიც კი შეიტყო, რაც მხოლოდ აიდებულოვსა და რომანოვს უნდა სცოდნოდათ. ამიტომაც ენდო მას იოლად კავკასიიდან ოსმალეთში გადმოხვეწილი თავადი. "საფრანგეთის ხელისუფლება თეთრ მოძრაობას აქტიურად უჭერს მხარს... კავკასიის სანაპიროზე უჩუმრად გადასვლაშიც ისინი დაგვეხმარებიან", - არწმუნებდა კოპლავშიკოვი აიდებულოვს. ბოლოს, როგორც იქნა, მოილაპარაკეს. კოპლავშიკოვმა თავადს აღუთქვა, რომ ფრანგებს ტრაპიზონში კატერს გამოაგზავნინებდა, რითაც შემდეგ აფხაზეთში უჩუმრად გადავიდოდნენ. უნდა ითქვას, რომ საფრანგეთის ხელისუფლების გარკვეულ წრეებთან კავშირი მიასნიკოვს მართლაც ჰქონდა. ის სასწრაფოდ პარიზში წავიდა, მაგრამ "ჩეკამ", რომელიც უკვე მის კვალს ადგა, გზა გადაუჭრა. აიდებულოვს თურქეთში საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენელი, ვინმე "ამხანაგი ზალკინი" დაუკავშირდა. მისი პირით, თავადს "ჩეკამ" განძეულობის ადგილსამყოფელის ჩვენების სანაცვლოდ, ყარაჩაიში ძველი მამულების დაბრუნება და საკმაოდ სოლიდური, სამუდამო პენსია შესთავაზა. აიდებულოვიც დათანხმდა.

ის-ის იყო, "ჩეკაში" გამარჯვება უნდა ეზეიმათ, რომ სრულიად მოულოდნელად, თურქეთის დაზვერვამ ზალკინს კომპრომატები ამოუქექა და სულ კინწისკვრით გააძევა ქვეყნიდან. საქმე ის იყო, რომ განძეულობის ამბავზე რაღაც-რაღაცები თვით ქემალ ათათურქსაც სმენოდა და ყუმიყო აიდებულოვს ოსმალეთში გადმოსვლის პირველივე წამებიდან, მისი დაზვერვა თვალყურს ადევნებდა. ამავდროულად, პარიზშიც მოხდა ერთი საინტერესო ამბავი: აიდებულოვთან მოლაპარაკების ჩაშლით დანაღვლიანებული კოპლავშიკოვი არყით უგონოდ გამოთვრა და განძეულობის შესახებ რაც კი იცოდა, ყველაფერი თავის თანამეინახესთან, ქართველ თავად, ჯოტო შერვაშიძესთან დაამღერა. ამ უკანასკნელმა ყური კი ცქვიტა, მაგრამ მაშინვე არაფერი შეიმჩნია. ქეიფი განაგრძო, სასმელ-საჭმელი შეირგო, ხოლო მეორე დღეს კი უმალვე სტამბოლისაკენ მიმავალ გემში ჩაჯდა. ჯოტო შერვაშიძე "ველურ დივიზიაში" აიდებულოვთან ერთად მსახურობდა და მიხაილ რომანოვსაც ძალიან კარგად იცნობდა.

ჯოტო შერვაშიძე და ყუმიყო აიდებულოვი ერთმანეთს დაახლოებით 1924 წელს, სტამბოლში შეხვდნენ. ქართველმა თავადმა ყარაჩაელი დაარწმუნა, რომ არც "ჩეკა" და არც მიასნიკოვი მოკავშირეებად არ გამოდგებოდნენ: "თურქულ დაზვერვას შესაძლოა ვენდოთ, მაგათ შეუძლიათ, ვინმე მილიონერიც კი გამონახონ, რომელიც კავკასიაში გადასასვლელად კარგად დაგვაფინანსებს", - უთხრა მან აიდებულოვს. ამ უკანასკნელს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და თურქულ დაზვერვას მართლაც მოსთხოვა, ყარაჩაის მთებში საიდუმლო ექსპედიციის მოსაწყობად სპონსორი გამოენახათ. თურქები დათანხმდნენ და მალევე გამოძებნეს კიდევაც სტამბოლელი მილიონერი და მეცენატი, ვინმე არიფ-ბეი. მას აიდებულოვმა დასარწმუნებლად მიხაილ რომანოვის ხელით დაწერილი, განძეულის დაწვრილებითი ნუსხა და თავის მიერ შედგენილი რუკა უჩვენა. არიფ-ბეიმ კი მაშინვე გადასცა ავანსი - 100 ათასი თურქული ლირა, რაც იმ დროს სოლიდური თანხა იყო.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჯოტო შერვაშიძეს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მგზნებარე მომხრე იყო, რომანოვების განძეულთან დაკავშირებით პირადი ინტერესი ჰქონდა. სწორედ იმხანად, საქართველოში ბოლშევიკური უღლის გადასაგდებად აჯანყება მზადდებოდა და თავადიც იმედოვნებდა, რომ მას შემდეგ, რაც არიფ-ბეის ფინანსური დახმარებით განძის მაძიებლები კავკასიაში ჩავიდოდნენ და მთებში სამალავს მიაგნებდნენ, აიდებულოვსაც და თურქ მზვერავებსაც თავიდან მოიშორებდა და მთელი განძეულობა ქართველ პატრიოტებს დარჩებოდათ. აქედან გამომდინარე, ჯოტო შერვაშიძე ცდილობდა, "განძის საქმეში" ოფიციალურად ჩაერთო იმხანად თურქეთის ტერიტორიაზე ბაზირებული "დამკომის" ერთ-ერთი ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი თავადვე იყო. მალე, მან აიდებულოვი და თურქები დაარწმუნა, რომ "დამკომის" გარეშე არაფერი გამოვიდოდა: "საქართველოში სიტუაცია ძალიანაა დაძაბული. იქ დღე-დღეზე შესაძლოა, აჯანყება დაიწყოს და ერთმანეთს ყველა ეჭვის თვალით უყურებს... რა თქმა უნდა, "ჩეკას" ვერ შევეკვრებით. ამიტომაც "დამკომს" უნდა შევეკრათ, თორემ არაფერი გამოგვივა". შერვაშიძის ასეთი მსჯელობა დამაჯერებლად ჟღერდა. აიდებულოვიც და თურქებიც დაჰყაბულდნენ, რომ "დამკომს" განძის 10% აეღო.

GzaPress

ამგვარად, ჯოტო შერვაშიძის ხალხმა 1924 წლისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფერი მოაგვარა - გადაადგილების უსაფრთხო მარშრუტ დააზუსტაი, მეგზურები და მასპინძლები გამოძებნა. ამ საქმეს თურქეთიდან შერვაშიძის მარჯვენა ხელი, ვინმე იასონ ჭანტურია ხელმძღვანელობდა, საქართველოში კი თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, განძის მაძიებლების მთავარი კოორდინატორი ყოფილი მენშევიკი, კოწია სალუქვაძე იყო. ერთი სიტყვით, ექსპედიციის მოწყობა თავისუფლად შეიძლებოდა და სხვათა შორის, განძის მაძიებლებს ფიციც ჰქონდათ დადებული, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. - შერვაშიძემ და ჭანტურიამ წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცეს, ხოლო აიდებულოვმა და არიფ-ბეიმ, ცხადია, ყურანზე; თუმცა, ექსპედიციის მოწყობა ვეღარ მოხერხდა, რადგანაც 1924 წლის სექტემბერში "ჩეკამ" კოწია სალუქვაძე დააპატიმრა.
ჯოტო შერვაშიძე, ყუმიყო აიდებულოვი, არიფ-ბეი და ექსპედიციის რამდენიმე სხვა წევრი 1924 წლის ოქტომბერში სტამბოლიდან ქალაქ ზონგულდაღში გადავიდნენ, სადაც მონახეს აფხაზეთის სანაპიროს კარგად მცოდნე ლაზი ლოცმანები: ვინმე რესიმ კოსტ-ოღლი და იბრაიმ რეიზ-ოღლი. მანამდე კი, განძის მაძიებლებმა მოილაპარაკეს, რომ ორ ჯგუფად გაიყოფოდნენ - ერთი, ჯოტო შერვაშიძის მეთაურობით, სოფელ ეშერასთან გადავიდოდა ნაპირზე, მეორე კი, რომელსაც აიდაბულოვი უხელმძღვანელებდა, სოფელ ტამიშთან. ჯგუფები ერთმანეთს სოხუმში შეხვდებოდნენ და მთებისაკენ უკვე ერთად გააგრძელებდნენ გზას. შეხვედრის ადგილიც ზუსტად დათქვეს - ვინმე ანდრო კოკაიას სახლი სოხუმის გარეუბანში, ბესლეთის ხიდთან.

ამავდროულად, საქართველოში არსებული სიტუაციის გასაცნობად და "განძეულის ექსპროპრიაციის" (რაშიც აიდებულოვისა და თურქების ლიკვიდირება იგულისხმებოდა) ოპერაციის მოსამზადებლად, იასონ ჭანტურია ზონგულდაღიდან ჯერ ხოფაში ჩავიდა, იქიდან კი ბათუმში გადმოვიდა და, მაშინვე მოექცა "ჩეკას" მეთვალყურეობის ქვეშ - საბჭოთა სპეცსამსახურები ზალკინის თურქეთიდან გამოძევების შემდეგ სულ ცოფებს ჰყრიდნენ და არაფერს ზოგავდნენ, ოღონდ კი განძეული ხელში ჩაეგდოთ. "ჩეკისტებს" ინფორმატორები თვით აიდებულოვის ახლობელთა შორისაც ჰყავდათ და, ამიტომაც, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდნენ. ერთი თვის თვალთვალის შემდეგ, "ჩეკამ" ჭანტურია თბილისში დააკავა. სანამ შეეძლო, ის საიდუმლოს გათქმისაგან თავს იკავებდა, თუმცა ბოლოს მაინც, რაც იცოდა, ყველაფერი აღიარა - ექსპედიციის მიზანი, გეგმები და წევრთა ვინაობაც კი. "ჩეკისტებმა" იასონ ჭანტურიას უბრძანეს, თურქეთში დარჩენილი თანამოაზრეებისთვის მიეწოდებინა ყალბი ინფორმაციები, რათა ექსპედიციის მოწყობა არ გადაეფიქრებინათ.

მოულოდნელად, შემდგომი მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა - ერთ დილას ზონგულდაღში, არიფ-ბეის ვილაში, თურქულმა პოლიციამ ყუმიყო აიდებულოვის გვამი აღმოაჩინა; როგორც კრიმინალისტებმა დაადგინეს, ყარაჩაელი თავადი წვრილი ზონრით მოეხრჩოთ. რამოდენიმე დღის შემდეგ, წინასწარი მოკვლევის მასალებზე დაყრდნობით, ეჭვმიტანილად ცნეს ქართველი თავადი ჯოტო შერვაშიძე, რომელიც თურქეთში უკვე აღარც იმყოფებოდა - გამოძიებამ გამოარკვია, რომ მკვლელობის დღეს მან რესიმ კოსტ-ოღლისთან ერთად დატოვა ზონგულდაღი და სავაჭრო გემით აფხაზეთში წავიდა. მალევე, სოხუმში სხვისი პასპორტით ჩამოსული შერვაშიძე "ჩეკამ" აიყვანა. ცხადია, ის მაშინვე გასაიდუმლოებულ საკანში მოათავსეს და დაკითხვისას პირველივე შეკითხვა განძეულის შესახებ დაუსვეს. პასუხად თავადმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, სად იყო სამალავი: "აიდებულოვს სამალავის ადგილმდებარეობის რუკაც და განძეულის ნუსხაც სულ თან დაჰქონდა და არავის ანდობდა... აფხაზეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ იასონ ჭანტურიას წერილი მივიღე - ექსპედიცია სასწრაფოდ დაიწყეთო. აიდებულოვი თავისი ხალხით მეორე დღეს უნდა წამოსულიყო აფხაზეთის სანაპიროსკენ" - თქვა დაკითხვაზე ჯოტო შერვაშიძემ. მან ყარაჩაელი თავადის მკვლელობის ამბავი "ჩეკისტებისგან" გაიგო.

GzaPress

ამგვარად, განძეულის მოძიების საქმე ჩიხში შევიდა - "ჩეკა" დარწმუნდა, რომ ჯოტო შერვაშიძემ არაფერი იცოდა, თუმცა იგი, ისევე როგორც იასონ ჭანტურია, რაღა თქმა უნდა, მაინც დახვრიტეს. რაც შეეხება გაბრიელ მიასნიკოვს, "ჩეკისტები" მას სულ უთვალთვალებდნენ, მაგრამ ამაოდ - განძეულის თაობაზე მაინც ვერაფერი დაადგინეს. 1925 წლიდან საბჭოთა კავშირში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა: ბოლშევიკთა შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. გაბრიელ მიასნიკოვი იოსებ სტალინის მოწინააღმდეგეთა ბანაკის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და მომავალ დიქტატორს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. სხვათა შორის, მიასნიკოვმა თვით ლენინის მეუღლის, ნადეჟდა კრუპსკაიას მიმხრობაც შეძლო და შიდაპარტიულ ბრძოლაში გარკვეული უპირატესობის მოპოვება მოახერხა. რომანოვთა განძეულის მოძიების საქმეც, მისი აშკარა თუ ფარული ძალისხმევითა და გავლენით, შეფერხდა; თუმცა იოსებ სტალინმა პოლიტბიუროში შერყეული პოზიციები მალევე აღიდგინა - 1926 წლის 1 იანვრიდან ის გენერალურ მდივნად აირჩიეს და იმავე დღიდან, რომანოვთა განძეულის მოძიების საქმე კვლავ განახლდა. ამჯერად, საქმეში გაბრიელ მიასნიკოვის სახელი აშკარად გამოიკვეთა. სტალინი მიხვდა, რომ მიხაილ რომანოვის მკვლელობის მთავარი მიზეზი სწორედ განძეულის ხელში ჩაგდება იყო და მიასნიკოვიც ამისათვის ყველა ღონეს ხმარობდა. "ჩეკამ" მალე ისიც დაადგინა, რომ ყარაჩაელი თავადი, ყუმიყო აიდებულოვი მიასნიკოვის ამფსონმა, ივან კოპლავშიკოვმა მოკლა. შესაბამისად, რუკა, რომელზეც განძეულის სამალავის ადგილმდებარეობა იყო აღნიშნული, უკვე მის ხელთ იყო. "ჩეკისტებმა" მიასნიკოვის თვალთვალი გააძლიერეს, მაგრამ განძეულის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ხელიდან წაუვიდათ, რამაც სტალინი ძალზე გააცოფა, მაგრამ რაღას იზამდა?

1926 წლის გაზაფხულზე, საბჭოთა კავშირ-პოლონეთის საზღვარზე ერთი პენსნეიანი ებრაელი ინტელიგენტი, აბრაამ მარკოვი დააკავეს, რომელსაც ლენინის ოქროსჩარჩოიანი, უზარმაზარი სურათი საზღვარგარეთ გაჰქონდა. ცხადია, ის საბჭოთა საბაჟოზე დიდხანს შეაჩერეს: "სად მიგაქვთ ამდენი ოქრო?" - ჰკითხეს მკაცრად. "დახედეთ სურათს!" - იყო პასუხი. მესაზღვრეებმა ლენინის სურათს მაშინვე სამხედრო სალამი მისცეს და აბრაამ მარკოვი პოლონეთში გადავიდა. იქაურმა მესაზღვრეებმაც, როგორც წესი, შეაჩერეს: "ეს რა მოგაქვთ?! კომუნიზმის პროპაგანდა ჩვენთან ისჯება!" - უთხრეს მკაცრად. "კეთილი ინებეთ და დახედეთ ჩარჩოს!" - უპასუხა მარკოვმა ოდესური აქცენტით. პოლონელებმა ჩაიცინეს და ებრაელი გაატარეს. მარკოვმა, რომელსაც პენსნეც და ძველებური ყაიდის საათიც ბაჯაღლო ოქროსი ჰქონდა, მესაზღვრეებს ჯიბეში ჩუმად ჩაუცურა რამოდენიმე მომცრო ბრილიანტი და საბაჟოს გამოცდენილმა, შვებით ამოისუნთქა. იქვე მახლობლად, გზატკეცილზე, მანქანა გამოჩნდა, რომელსაც ივან კოპლავშიკოვი მართავდა. აბრაამ მარკოვმა სურათი ამოიიღლიავა და მისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა. "რას იტყვი, ივან, კარგად გავაცურეთ კობა!" - უთხრა მხიარულად კოპლავშიკოვს, როცა მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა და ჩარჩოდან ლენინის სურათი ამოგლიჯა. "კარგი ვქენი, როცა რუკა უჩინარი მელნით გადავხატე და ფოსტით გამოგიგზავნეთ!" - გადაიხარხარა ივან კოპლავშიკოვმაც.

გაცოფებულმა სტალინმა საბჭოთა კავშირში დარჩენილი გაბრიელ მიასნიკოვი 1927 წელს კვლავაც დააპატიმრა, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცა და საბოლოოდ, ერევანში გაგზავნა. 1928 წლის 7 ნოემბერს, ერევნიდან ჯულფაში მატარებლით მიმავალი გაბრიელ მიასნიკოვი ვაგონიდან გადახტა, ფერდობზე ჩაგორდა, მდინარე მეღრი გადაცურა და სპარსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. იმავე წელს, სპარსეთიდან ის საფრანგეთში ჩავიდა, სადაც მეგობრები და რომანოვთა განძეულობა ელოდა.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი