“სამანელთა“ ანტისაბჭოთა მოძრაობა თუშეთში
font-large font-small
“სამანელთა“ ანტისაბჭოთა მოძრაობა თუშეთში
ვინაიდან სტალინი ქართველი იყო, ადოლფ ჰიტლერი ჩვენებურებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

II მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირს მძიმე დღეები დაუდგა და გერმანულმა არმიამ მოსკოვამდე მიღწევაც კი შეძლო, ბერლინში არარუს ხალხთა გადაბირების სპეციალური გეგმა შემუშავდა, რომელიც პირად კონტროლზე თვით ადოლფ ჰიტლერმა აიყვანა. გერმანელები იმედოვნებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის არარუსი ხალხების (ბალტიისპირელების, უკრაინელების, ქართველების, შუააზიელებისა და ა.შ.) ეროვნულ გრძნობებზე თამაშით, კრემლს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან სტალინი ქართველი იყო, ადოლფ ჰიტლერი ჩვენებურებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.

თავის მხრივ, ჰიტლერელთა ჩა­ნაფიქრი კრემლშიც კარგად გამოიყენეს - “გერმანული აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლის“ საბაბით, მოკავშირე რესპუბლიკებში ეროვნული პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეზღუდეს და 1937 წლის მსგავსად, “ხალხის მტრების“ ძიება-დაპატიმრებას მიჰყვეს ხელი. საქართველოში საიმედოდ ჩაიკეტა თურქეთთან საზღვარი, მეტიც - დაიწყო მზადება სასაზღვრო ზონაში მცხოვრებთა დეპორტაციისათვის. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტი - ისმეთ ინენიუ გამჭრიახი პოლიტიკოსი აღმოჩნდა და ადოლფ ჰიტლერის გეგმების გაზიარებას მოცდა ამჯობინა. სამაგიეროდ, ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიძაბა - ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში გერმანული აგენტურა დაუფარავად ამოქმედდა და აქა-იქ აჯანყებებმაც იფეთქა.
იმ დროისათვის საბჭოთა არმიაში ეროვნული სამხედრო ნაწილები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი საქართ­ველოსთან სულ ახლოს - აზერბაიჯანის ქალაქ კიროვაბადში (დღევანდელი განჯა) გახლდათ დისლოცირებული. აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცებს შორის ანტისაბჭოთა შეთქმულებას მეთაურების მეტად უნიათო საქციელმა შეუწყო ხელი - ერთ დღეს ერთმა ახალმოსულმა რუსმა პოლიტ­ხელმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ჩვეული რუსულ-სალდაფონური სტილით და ძალზე უწმაწური ლექსიკით განუცხადა, რომ ეროვნული სამხედრო ნაწილები უქმდებოდა და ფრონტზე გამგზავრებამდე, ქვედანაყოფის მებრძოლთა ნაწილს სხვაგან გადაიყვანდნენ. ქართველმა ჯარისკაცებმა ახალი ამბავი მდუმარედ მოისმინეს, რუსი კი რატომღაც, გახელდა და რჯულზე შეიგინა.
აღსანიშნავია, რომ უზრდელი პოლიტ­ხელი ქართულ სამხედრო ნაწილს რამდენიმე დღეში მოაშორეს, მაგრამ ჯარისკაცთა შორის მღელვარება მაინც არ ჩაცხრა - ეროვნული სამხედრო ნაწილების მოსალოდნელმა გაუქმებამ ისინი მართლაც, გვარიანად შეაშფოთა. უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება სტალინთან არ იყო შეთანხმებული; რომ “დიდი ბელადი“ ამას არ დაუშვებდა. ერთი სიტყვით, მეომრებმა იფიქრეს, რომ მათ ფრონტზე არა საბრძოლველად, არამედ ე.წ. საზარბაზნე ხორცად გზავნიდნენ და გადაწყვიტეს, იარაღი რუსების წინააღმდეგ მიემართათ. როგორც “ჩეკას“ დოკუმენტებშია მითითებული, ანტისაბჭოთა შეთქმულებას ორი ახალგაზრდა ოფიცერი - გიორგი იმერლიშვილი და კოტე ხიმშიაშვილი ედგა სათავეში. მათ შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადება გახლდათ. საყურადღებოა, რომ ამ ორგანიზაციის აქტივისტთა სიაში სოფელ ზემო ალვანის მკვიდრი - იმხანად სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, გიორგი ქადაგიძეც იხსენიება. დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ქადაგიძე თუშ მწყემსთა შორის ანტისაბჭოთა აგიტაციას აწარმოებდა და ამის შედეგად, ორგანიზაციის საქმიანობაში ჩააბა მრავალი ადამიანი, მათ შორის, თანასოფლელები - ადამ ბობღიაშვილი და მიხეილ (ფანცალე) იმედიძე.
არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის კვალზე საბჭოთა ჩეკისტები მალევე დადგნენ - 1941 წლის დეკემბრიდან 1942 წლის მარტამდე, ამ საქმესთან დაკავშირებით 37 კაცი დააპატიმრეს; მათ შორის იყვნენ იმერლიშვილი, ხიმშიაშვილი და ქადაგიძეც, რომლებიც მალევე დახვრიტეს. უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი ქადაგიძემ, არაადამიანური წამების მიუხედავად, ზემო ალვანელი მომხრეებიდან არავინ დაასახელა. “ჩეკამ“ იცოდა, რომ მეამბოხეებს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ამ სოფელში ჰყავდათ, მაგრამ აშკარა სამხილის უქონლობის გამო იქ ვეღარავის იჭერდნენ. ამასობაში, გერმანული არმია კავკასიონსაც მოადგა. მათ ჩრდილო-დასავლეთი კავკასია თითქმის მთლიანად დაიკავეს, თუმცა ჩეჩნეთ-ინგუშეთსა და დაღესტანში ვერც კი შემოაღწიეს. მიუხედავად ამისა, ხსენებულ მხარეებში ვითარება ისე გამწვავდა, რომ დამატებითი სამხედრო ნაწილების შეყვანა აუცილებელიც კი გახდა. ჩეჩნეთ-ინგუშეთში ანტისაბჭოთა გამოსვლები არც მას მერე შეწყვეტილა, რაც ჩეჩნები და ინგუშები მასობრივად, შუა აზიაში გადაასახლეს - “ჩეკამ“ ის აბრაგები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას იარაღით უპირისპირდებოდნენ, ვერ მოიხელთა.
GzaPressამგვარ ფონზე, ადამ ბობღიაშვილმა და მიხეილ იმედიძემ, რომლებიც ქადაგიძის დაპატიმრების შემდეგ თუშეთის ძნელად მისადგომ ადგილებში იმალებოდნენ, ბარში ჩამოსვლა გადაწყვიტეს. 1942 წლის აგვისტო-სექტემბერში მათ ზემო და ქვემო ალვანში თანამოაზრეები მოინახულეს და ორგანიზაციული სტრუქტურები აღადგინეს. ადამ ბობღიაშვილმა ახალი წესდება შეიმუშავა და ორგანიზაციას “სამანი“ უწოდა, რაც ასე იშიფრებოდა: “საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი“. თავად ბობღიაშვილისა და იმედიძის გარდა, “სამანს“ გიგო ქააძე და პლატო უშიძე მეთაურობდნენ. “სამანელები“ ძირითადად, მაშინდელი თელავის რაიონის ტყეებში იყვნენ ბაზირებულნი და ღამღამობით მოქმედებდნენ - თავს ესხმოდნენ და ანგარიშს უსწორებდნენ ჩეკისტთა აგენტებს, ასევე - საბჭოთა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მექრთამეობითა და გამომძალველობით იყვნენ ცნობილნი. მაგალითად: 1942 წლის სექტემბრის დასაწყისში, თელავის რაიაღმასკომის თავმჯდომარეს, ვინმე ციხისთავს მანქანა იმის გამო დაუცხრილეს, რომ ვენახში ობოლი და-ძმა ამუშავა და ფული არ გადაუხადა. ეს ყველაფერი გიგო ქააძემ შემთხვევით შეიტყო და ბობოლა ასე მრავლისმეტყველად “გააფრთხილა“. თავმჯდომარე მიხვდა, რასაც ერჩოდნენ და მეორე დილით, ობლებს თავად ეახლა, გასამრჯელოც გადაუხადა და პატიებაც სთხოვა.
ციხისთავის გარდა, “სამა­ნე­ლებმა“ ძალისმიერი გზით ბევრი სხვაც დასაჯეს, მათ შორის - საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებიც. სხვათა შორის, დას­ჯილებმა ჩივილი ვერ გაბედეს, რადგან ხალხი მათდამი უკმაყოფილებას ვერ ფარავდა და ეს ზემდგომებმაც ბრწყინვალედ იცოდნენ. მიუხედავად ამისა, ჩეკისტები ზემო და ქვემო ალვანში ძალზე აქტიურად მუშაობდნენ - აგენტები ორივე სოფელში ჰყავდათ და მათი მეშვეობით ცდილობდნენ, ანტისაბჭოთა ორგანიზაციის თაობაზე სულ უბრალო ინფორმაციაც კი არ გამოჰპარვოდათ. თუმცა, სანამ “ჩეკა“ ასე კონსპირაციულად მუშაობდა, “სამანი“ შეეცადა, თვით საქართველოს კომპარტიის ცკ-ს მდივანს, ჩხუბიანიშვილს დასხმოდა თავს, მაგრამ ამაოდ - ის მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა ხოლმე და “სამანელებმაც“ აღარ გარისკეს.
1942 წლის ოქტომბერში ადამ ბობღიაშვილმა, მიხეილ იმედიძემ, გიგო ქააძემ და პლატო უშიძემ გადაწყვიტეს, ბარიდან ისევ მთაში ასულიყვნენ და ჩეჩნეთ-ინგუშეთში დარჩენილ აბრაგებს, კერძოდ - იდრის მაჰომადოვის დაჯგუფებას დაჰკავშირებოდნენ; პარალელურად კი თუშეთის მოსახლეობაში ანტისაბჭოთა აგიტაცია ეწარმოებინათ და გერმანელთა შემოსვლის დროისათვის (“სამანელებს“ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ საბჭოთა არმია მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა) ხალხი დარაზმული ჰყოლოდათ. ამიტომაც, როცა მათ ომალოში პირველი კრება გამართეს, ადამ ბობღიაშვილმა თუშებს ასე მიმართა: “გაზაფხულზე გერმანელები შემოვლენ, საბჭოთა ხელისუფლება დაემხობა და ყველას, ვინც კოლექტივმა დაჩაგრა, ქონება დაუბრუნდება!“ მერე ომალოს სოფსაბჭოს თავმჯდომარეს - დანიელ ჩიღოიძეს მოუწოდა, ხალხისთვის მაგალითი მიეცა და “სამანის“ წესდებაზე მოეწერა ხელი. ჩიღოიძე ასეც მოიქცა, რის შემდეგაც, მთელმა სოფელმა მას მიჰბაძა.
“სამანელებმა“ იდრის მაჰომადოვის დაჯგუფებასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს - აბრაგები კონტაქტზე არ გამოდიოდნენ - და იძულებულნი გახდნენ, ზამთარი თუშეთში გაეტარებინათ, თუმცა უმეტესობამ ომალო დატოვა და სოფელ დოჭუში დაიდო ბინა. ადამ ბობღიაშვილი ფიქრობდა, გაზაფხულამდე როგორმე გაიტანდნენ თავს და მერე საქართველოს გერმანელებთან ერთად გაათავისუფლებდნენ. მისი გაანგარიშებით, “სამანელებს“ ზამთარში ერთი მხრივ, თუშეთის მთელი მოსახლეობის მიმხრობა, მეორე მხრივ კი იარაღის მარაგის შევსება უნდა მოესწროთ. ამ მიზნით, ბობღიაშვილმა და ქააძემ თელავში სამი კაცი გაგზავნეს: გოგალე ხოხიაიძე, ვახტანგ ცისკარიშვილი და გიორგი რაინაული. მათ უნდა ენახათ ვინმე კიმოთე ლაგაზიძე, რომელიც იმხანად თელავის ჯანდაცვის განყოფილებაში მუშაობდა და იმთავითვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა კოტე ხიმშიაშვილსა და გიორგი ქადაგიძესთან. ლაგაზიძემ “სამანის“ წევრებს ადრევე უთხრა, რომ თუ საჭირო იქნებოდა, მათ იარაღით მოამარაგებდა, თუმცა თუშეთში ასვლის შემდეგ ადამ ბობღიაშვილს მასზე აღარაფერი სმენოდა.
თელავში ჩასულ სამ თუშს კიმოთე ლაგაზიძე ადგილზე არ დახვდა - ის “ჩეკას“ დაეპატიმრებინა. ჩეკისტები თვით “სამანელებსაც“ ჩაუდგნენ კვალში, რადგანაც ისინი კონსპირაციულად ვერ მოქმედებდნენ: როცა ლაგაზიძის დაპატიმრების ამბავი შეიტყვეს, გო­გალე ხოხიაიძე, ვახტანგ ცისკარიშვილი და გიორგი რაინაული ისევ თუშეთისაკენ გაემართნენ და თან რამდენიმე ალვანელი მწყემსიც იახლეს. გადმოცემით, სწორედ ეს მწყემსები იყვნენ “ჩეკას“ აგენტები, რომლებმაც სამ “სამანელს“ დოჭუში სურსათი აატანინეს და ორგანიზაციის შტაბბინის ადგილიც კარგად დაიხსომეს. სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, დაღესტნის მხრიდან, “სამანელებს“ დიდოელთა ჯგუფი დაესხა თავს. მცირე შეტაკების შედეგად არავინ დაღუპულა, მაგრამ ადამ ბობღიაშვილსა და გიგო ქააძეს გულმა ცუდი უგრძნო. “ვინ იცის, იქნებ თავდამსხმელები დიდოელები კი არა, დიდოურად გადაცმული ჩეკისტები იყვნენ? დავტოვოთ აქაურობა და ჩეჩნეთში წავიდეთ!..“ - უთხრა ქააძემ ბობღიაშვილს.
თელავის შინსახკომში “სამანელების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია მართლაც მზადდებოდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, თუშეთში ჩეჩნეთ-დაღესტნისა და კახეთის გზებით, შინაგანი ჯარი უნდა შესულიყო და მეამბოხეებიც ერთიანად გაენადგურებინა, მაგრამ ბოლოს გადაწყდა, რომ “სამანელებისათვის“ ადგილობრივი მოსახლეობა დაეპირისპირებინათ - საქმე ის იყო, რომ ჩეჩენ-ინგუშების გადასახლების გამო, თუშ-ფშავ-ხევსურები შფოთავდნენ და თუშეთში შინაგანი ჯარის შესვლა მათ მეტად შეაშფოთებდა: “მეამბოხეები ცოტანი არიან... თუკი მათ თუშებსავე დავუპირისპირებთ, პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდება და ძალებიც დაგვეზოგება. ახლა ომია და ძალები უნდა დავზოგოთ“, - განაცხადა შინსახკომის მესვეურების კრებაზე გამოცდილმა ჩეკისტმა, ალიოშა კვაშალმა და სპეცოპერაციის მეთაურობაც ითავა.
შინსახკომის დადგენილებით, 1943 წლის თებერვალში “სამანელთა“ წინააღმდეგ საბრძოლველად ე.წ. “გებისტების“ ანუ შინაგანი ჯარის ნებაყოფლობით დამხმარეთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თუშებისაგან შედგებოდა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა დართლოს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე კობე არშაულიძე; მისი წევრები იყვნენ: ქარუმაიძე მიტრო, სვიმონ რაინაული, მათე წვერაიძე და სხვანი. უნდა ითქვას, რომ ჩეკისტებმა ბევრი მათგანი იძულებით გააწევრეს - ყველას, ვინც ყოყმანობდა, დაჭერითა და გადასახლებით ემუქრებოდნენ და ხალხიც ასე შეაგროვეს, თანაც ხმა გაავრცელეს, თითქოს ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე და “სამანის“ სხვა მეთაურები გერმანელთა აგენტები იყვნენ და დეზერტირობდნენ: “სანამ თქვენი შვილები ფრონტზე მტერს ებრძვიან, ეს უკეთურები აქ დეზერტირობენ და გძარცვავენ! დროა, მათ პარპაშს ბოლო მოეღოს!“ - მოუწოდებდა ხალხს ალიოშა კვაშალი. ამდენად, ზოგი დაშინებით, ზოგიც - ნებაყოფლობით ჩეკისტებს დაექვემდებარა და “სამანელების“ ასაყვანად მთის ბილიკებს შეუყვა.
GzaPressამავდროულად, თელავიდან დიდოეთის გავლით, თუშეთში მეორე შეიარაღებული რაზმიც გადავიდა, რომელსაც თვით ალიოშა კვაშალი ხელმძღვანელობდა. მას დოჭუში მყოფი “სამანელების“ ალყაში მოქცევა სურდა და წინასწარ ჰქონდა გაცემული ასეთი ბრძანება: “ტყვიები დაზოგეთ, მაგრამ მეამბოხეთა მეთაურები ცოცხლები არ დატოვოთ!“. სწორედ ამიტომაც იყო, რომ როდესაც “გებისტები“ დოჭუს თავში მძინარე გიგო ქააძეს და ადამ ბობღიაშვილს გადააწყდნენ, უკან დაბრუნდნენ და კობე არშაულიძეს მათი ცოცხლად აყვანა შესთავაზეს, მან კი იუარა: კვაშალმა ასე მიბრძანა, ცოცხლად არც ერთი არ გაუშვაო, და ხალხი შეტევისათვის მოამზადა. ამასთანავე, დიდოეთის მხრიდან დოჭუს მისადგომები კვაშალის ხალხმაც დაიკავა და სპეცოპერაციის დაწყების ნიშნად, ჰაერში წითელი მაშხალა გაუშვა.
თანამედროვეთა გადმოცემით, შეტაკება საათ-ნახევარს გრძელდებოდა. უნდა ითქვას, რომ ისროდნენ მხოლოდ თავდამსხმელები, რადგანაც “სამანელებმა“ იარაღის ხელში აღებაც კი ვერ მოასწრეს. “გებისტ“ მათე წვერაიძეს სროლა არც კი უნდოდა (ის ბევრ “სამანელს“ ბავშვობიდან იცნობდა და ცხადია, ისინი ეცოდებოდა), მაგრამ ალიოშა კვაშალმა დაუყვირა: ნუ ეშმაკობ, თუშო, თორემ ეშმაკობას მე გიჩვენებო და მათემ ალალბედზე გაისროლა. ტყვია ვინმე პეტრე კიბორჭაიძეს ფეხში მოხვდა და სიკვდილს სწორედ ამის წყალობით გადაურჩა. “სამანელთა“ მეთაურებს - ადამ ბობღიაშვილსა და მიხეილ იმედიძეს კვაშალის ხალხმა სპეციალური, ე.წ. სასკდომი ტყვიების ჯერი დაუშინა. მძიმედ დაიჭრნენ გიგო ქააძე და არჩილ კიტოშვილი, რომლებიც შემდგომ ომალოში, ხალხის თვალწინ დახვრიტეს.
GzaPressდოჭუს ამბების შემდგომ, როცა “სამანის“ ხელმძღვანელი ბირთვი თითქმის განადგურებული იყო, ალიოშა კვაშალმა და მისმა ხალხმა თუშეთის სოფლებში 50 კაცზე მეტი დააპატიმრა. “სამანის“ წევრთა გარდა, მათ შორის ბევრი წვევამდელიც იყო - ისინი უბრალოდ, ომში წასვლას არიდებდნენ თავს და ბობღიაშვილის ხალხთან საერთო არაფერი ჰქონდათ. დაპატიმრებულები ჯერ ომალოს ეკლესიაში გამოკეტეს (რომელიც იმ დროს საწყობად იყო გადაკეთებული), ხოლო მერე ერთმანეთს გადააბეს და ფეხით წაიყვანეს თელავში, ლეჩურის ხეობის გავლით; ცოტა ხანში კი თითოეული მათგანი 10 და მეტი წლით, შუა აზიასა და ციმბირში გაასახლეს, საიდანაც ცოტა ვინმემ თუ მოახერხა სამშობლოში დაბრუნება.
ასე დასრულდა ამბავი “სამანელთა“ ამბოხებისა, რომელიც სხვაგვარად ალბათ ვერც დასრულდებოდა - ადამ ბობღიაშვილი, გიგო ქააძე, მიხეილ იმედიძე, გოგალე ხოხიაიძე, არჩილ კიტოშვილი და სხვები უზარმაზარ იმპერიას ფაქტობრივად, შიშველი ხელებით უპირისპირდებოდნენ. მათ შესახებ დღესაც ბევრი რამაა გაურკვეველი, რადგან ამ ამბის გასასაიდუმლოებლად “ჩეკამ“ თავის დროზე იზრუნა. ერთი კი ცხადია - “სამანელები“ უთანასწორო ომის გმირები იყვნენ.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
23.12.2014
თუშეთში გასაბჭოებამდე იმდენი ცხვარი იყო, რამდენიც გასაბჭოების, შემდეგ მთელ საქართველოში, სოფლის თავჯდომარეებად. და კომისრებად მოვიდნენ ავაზაკები, რომელიც ეზიზღებოდა მთელ სოფელს, მებატონესაც და უბრალო გლეხსაც
mosiniki
23.12.2014
რეზო ძმაო იყო განათლება, რომელსაც მნიშვნელობა ნათელთან არავითარი კავშირი არ ქონდა, ნათელი ვინც არის ვიცცით ,უფალი , იყო კეთილდღეობა, რომელიც მილიონობით პატიმრის ძვლებზე იყო აშენევბული გულაგებიდან, იყო ანაზღაურება, რომელიც მეტი უნდა ყოფილიყო, არ გყოფნიდა და შენსავე ნაშრომს გაპარინებდნენ,რაღა იყო კარგი მითხარი, იყო დაბეზღება, კაცის გაწირვა, იმის გამო რომ სხვაზე უკეთესი სახლი ქონდა, ხშირად იმიტომ, რომ სხვაზე მეტს შრომობდა, კარგი რაღა იყო?
mosiniki
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი