უსახელო ქართველ აჯანყებულთა გმირობა
font-large font-small
უსახელო ქართველ აჯანყებულთა გმირობა

შემთხვევა, რომლის შესახებაც მოგითხრობთ, დღემდე გამოუკვლეველი და გასაიდუმლოებულია...



ჟურნალი "გზა", 2011 წელი

- 1985 წლის 26 აპრილს, პაკისტანში, ქალაქ ბადაბერის ახლოს მოწყობილ ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში დატრიალებული მოვლენების გამოძიება თავის დროზე არც საბჭოთა კავშირს აძლევდა ხელს, არც ავღანელ მოჯაჰედებს და მით უმეტეს - არც პაკისტანს; ამიტომაც, ფაქტების ნაცვლად, მხოლოდ ლეგენდა დარჩა, რომელმაც ჩვენამდე შელამაზებული სახით მოაღწია. ისიც უნდა ითქვას, რომ ბადაბერის მოვლენების მოწმეები ამჟამადაც ცოცხლები არიან, მაგრამ მათგან დაწ­ვრილებით რაიმის შეტყობა თითქმის არავის უცდია.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 1983 წელს პაკისტანის ტერიტორიაზე - ქალაქ ფეშავარიდან 10 კმ-ის დაშორებით, ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზონაში "ხალიდ იბნ ვალიდის სახელობის მოჯაჰედთა მოძრაობამ" სამხედრო ბაზა მოაწყო, მოგვიანებით კი საბჭოთა სამხედრო ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკიც იქვე გამართა. პაკისტანი არ იყო კონფლიქტის მონაწილე მხარე და რა თქმა უნდა, საკონცენტრაციო ბანაკის არსებობის ფაქტის გახმაურებას სა­ერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა, რაც ავღანელი მოჯაჰედების იმიჯზეც იმოქმედებდა და პაკისტანსაც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა; ამიტომაც, მოჯაჰედებმა ხერხი იხმარეს - სამხედრო ტყვეთა ბანაკი "ლტო­ლვილთა ბანაკად" მონათლეს და ერთი შეხედვით, უცნაური წესი დაამკვიდრეს: ბანაკში მიყვანილ ყოველ საბჭოთა ჯარისკაცს ანუ მათებურად - "შურავის" სახელს უცვლიდნენ და თუკი ტყვე ქრისტიანი იყო, ისლამის მიღებასაც აიძულებდნენ. როგორც წესი, მთელ ბანაკს დღეში ხუთჯერ, ისლამურ ყაიდაზე ლოცვა უნდა აღევლინა - ვინც ამას შეეწინააღმდეგებოდა, შეუბრალებლად, ადგილზევე ხვრეტდნენ.
GzaPressბადაბერის "ლტოლვილთა ბანაკში", სხვა კავკასიელებთან ერთად, ქართველებიც იყვნენ. დასაწყისში ავღანელები მათ სხვა ტყვეებისაგან არ ასხვავებდნენ და ისევე ექცეოდნენ, როგორც დანარჩენებს, მაგრამ ქართველების დამორჩილება იოლი არ იყო და ამის გამო, ბანაკის იმჟამინდელმა კომენდანტმა - მომავალში ცნობილმა ავ­ღანელმა საველე მეთაურმა, ბურჰანუდდინ რაბანიმ გადაწყვიტა, ყველა გურჯი ცალკე ბარაკში მოეთავსებინა. გადმოცემით, აჯანყების მიზეზად სწორედ ეს გარემოება იქცა: 1985 წლის 26 აპრილს, საღამოს 21 საათზე, როცა მთელ ბანაკს ნამაზი უნდა შეესრულებინა, კავკასიელმა ტყვეებმა მოულოდნელად მცველები განაიარაღეს და ტყვეთა ბარაკებიდან უშუალოდ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ; დაეუფლნენ იარაღის საწყობს, გარნიზონის დიდი ნაწილიც გაანადგურეს და რადიოცენტრში გამაგრდნენ.
აჯანყების თვითმხილველთა თქმით, აჯანყების წამომწყები, ვინმე ფაზლედინი (ასე ეძახდნენ მას ტყვეობაში) გურჯი იყო ისევე, როგორც მისი თანამებრძოლების უმრავლესობა. მათ რადიოსადგური იმდენად სწრაფად აიღეს, რომ სამხედრო ბაზის დაცვის მეთაურმა - მოჯაჰედმა ღულამ რასულ ყარლუყმა რეაგირებაც კი ვეღარ მოასწრო. თანაც, ნამაზის დრო იყო და მებრძოლები ლოცულობდნენ. ასე რომ, პირველი შეტევა ტყვეთა სასარგებლოდ დამთავრდა. რადიოცენტრის აღებისთანავე, მათ ცხადია, გარე სამყაროსთან დაკავშირება სცადეს და ეთერში რამდენჯერმე ჯერ შOშ-სიგნალი გაუშვეს, მერე კი რუსულად დახმარება ითხოვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, გადაცემები პაკისტანის სასაზღვრო ძალების რადიოსადგურმა დააფიქსირა და სარდლობამაც წამში, პირველი ხარისხის განგაში გამოაცხადა - ტყვეების აჯანყების თაობაზე ავღანეთში დისლოცირებული საბჭოთა ჯარის შტაბში რომ შეეტყოთ, პაკისტანში "წითელი ინტერვენცია" გარდაუვალი იქნებოდა; ისედაც, საბჭოთა კავშირი მსგავსი ინციდენტებისგან თავს მანამდეც არ იკავებდა და სწორედ ამის ეშინოდა ბურჰანუდდინ რაბანისაც - "მე ვიცოდი, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც სწრაფად მოგვარება სჭირდებოდა... წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსებს პაკისტანთან ომის დასაწყებად უეჭველი საბაბი ექნებოდათ", - განუცხადა მან შემდგომში ფრანგ დოკუმენტალისტ კრისტოფერ დე პონფილის, რომელიც 1979-1989 წწ. ომზე ფილმს იღებდა. საველე მეთაურმა მაშინ ისიც თქვა, რომ როგორც მეომარი, აჯანყებული გურჯების საარაკო მამაცობით განცვიფრებული და აღტაცებული დარჩა.
შემდგომში ისიც გამოირკვა, რომ ფაზლედინსა და მის ამხანაგებს (რომელთა ნამდვილი სახელები და გვარები ვეღარავინ გამოარკვია) წინასწარ დაემუშავებინათ გეგმა, რომლის მიხედვითაც, თუ მოჯაჰედები მოლაპარაკებაზე არ წამოვიდოდნენ, იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობი უნდა აეფეთქებინათ, რის შედეგადაც, რაღა თქმა უნდა, თავადაც დაიღუპებოდნენ; მანამდე კი უნდა მოეხერხებინათ და დახმარების მოთხოვნის სიგნალი რადიოსადგურიდან ხშირ-ხშირად გაეშვათ. კრისტოფერ დე პონფილის ხელთ არსებული ცნობით, რადისტის მოვალეობას ტყვე ისლამუდდინი ასრულებდა, რომლის სავარაუდო სახელი მიხაილ ვარვარიანი გახლდათ. მის გარდა, რადიოსადგურში იყვნენ ვინმე ქინეთი (მოლდაველი ივან ბელექჩი) და მუჰამედ რასული (უკრაინელი ვიქტორ დუხოვჩენკო). ამ სამის გარდა, ყველა სხვა - 20-მდე კაცი ეროვნებით ქართველი იყო. აჯანყების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში, ქართველებმა სხვა ტყვეებიც შეაიარაღეს და კოშკურებზე დააყენეს. მოკლედ, საკონცენტრაციო ბანაკიც, რადიოსადგურისა და იარაღის საწყობის მიმდებარე ტერიტორიაც აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა, თუმცა ბადაბერის ბაზას მთლიანად 500 ჰექტარი ეკავა და მის დიდ ნაწილს კვლავაც მოჯაჰედები ფლობდნენ. ტყვეების ერთი ჯგუფი გაქცევასაც შეეცადა. მოჯაჰედებმა ისინი მთლიანად ამოწყვიტეს, გამაგრებულ "გურჯებს" კი ვერაფერი დააკლეს.
GzaPressბურჰანუდდინ რაბანიმ, რომელსაც რადიოსადგურისა და საწყობის დაზიანება ცხადია, არ სურდა, აჯანყებულებს მოლაპარაკებისაკენ თავად მოუწოდა - მათ დანებება შესთავაზა და სანაცვლოდ, სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვა. ფაზლედინმა ასეთი პასუხი გასცა: "კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ და რაც მოგველის, მაგრამ გურჯები ვართ და ტყვეობას მაინც სიკვდილი გვიჯობს!"; ასევე, მან მოითხოვა, რომ ბანაკში საბჭოთა ელჩი ან საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლები შეეშვათ, რაზეც ბურჰანუდდინ რაბანიმ კატეგორიული უარი განუცხადა. ერთი სიტყვით, დათმობა არც ერთმა მხა­რემ არ ისურვა და მდგომარეობაც უფრო გამწვავდა. 27 აპრილს, ღამის პირველ საათზე, რაბანიმ აჯანყებულების მიერ დაკავებული ტერიტორიების ძალით გასათავისუფლებლად ზომები მიიღო - მოჯაჰედებს უბრძანა, საკონცენტრაციო ბანაკისთვის სამმაგი ალყა შემოერტყათ და პირველსავე ბრძანებაზე შტურმი დაეწყოთ. ამავდროულად, აჯანყებულებს ამცნო, თითქოსდა, ბანაკის მიმართულებით პაკისტანის ავიაცია მოემართებოდა და თუკი გადარჩენა სურდათ, ორ საათში უნდა დანებებულიყვნენ.
ორი საათის შემდეგ, როცა მოთხოვნას კვლავაც არავინ გამოეხმაურა, რაბანის მებრძოლებმა შეტევა წამოიწყეს, რასაც აჯანყებულებმა ეფექტური პასუხი გასცეს - იარაღის საწყობის ფანჯრიდან ბურჰანუდდინ რაბანის ყუმბარმტყორცნით ესროლეს. ავღანელი საველე მეთაური დაღუპვას ძლივს გადაურჩა. "მაშინ მე მივხვდი, რომ თუ ბანაკს მთლიანად არ გავანადგურებდი, ჩვენ გავნადგურდებოდით", - ასე იხსენებდა შემდგომში რაბანი იმ წამებს. ამასობაში მას პაკისტანის მე-11 არმიის შტაბიდანაც დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბანაკისაკენ საარტილერიო ქვედანაყოფი და ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი მოემართებოდა. ავღანელმა საველე მეთაურმა მოჯაჰედებს უბრძანა, ტყვეთა ბანაკი, რადიოსადგური და იარაღის საწყობი გაენადგურებინათ და ისინიც სასწრაფოდ შეუდგნენ ბრძანების აღსრულებას - ინტენსიური ცეცხლი გახსნეს; ბანაკის კოშკურებზე მყოფ ტყვეთა უმრავლესობა განადგურდა, თუმცა იარაღის საწყობსა და რადიოსადგურში გამაგრებულები ისევ აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, დილის 8 საათზე, პაკისტანის არმიამ აჯანყებულთა პოზი­ციების დაბომბვა დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, მწყობრიდან რადიოსადგური გამოიყვანეს,  აჯანყებულებს დახმარების სიგნალის გადაცემა რომ ვეღარ მოეხერხებინათ. სხვათა შორის, მაშინ რადიოსადგურში მყოფ აჯანყებულთა ერთმა ნაწილმა დანებებაც კი გადაწყვიტა - ფანჯრიდან თეთრი ალამი გადმოყო, მაგრამ უკვე გვიან იყო. მოგვიანებით, თავად ბურჰანუდდინ რაბანიმ კრის­ტოფერ დე პონფილის განუცხადა, რომ რადიოსადგურში გურჯები არ იმყოფებოდნენ: "ისინი იარაღის საწყობში იყვნენ და ბოლომდე გაგვიწიეს წინააღმდეგობა - საწყობი იქამდე ააფეთქეს, სანამ არტილერია შეუტევდათ", - თქვა მან. ეს ბრძოლის დასასრული გახლდათ - იარაღის საწყობის აფეთქების შემდეგ, ცოცხლად ათამდე აჯანყებულიღა გადარჩა, რომლებმაც იარაღი დაყარეს და მტერს დანებდნენ.
საწყობის აფეთქებამ ბადაბერის ბაზაზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც ვეღარ ჩააქრეს და თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა; პაკისტანელებმა და რაბანის მოჯაჰედებმა ცეცხლმოდებული ბაზა სასწრაფოდ დატოვეს. ნიშანდობ­ლივია ისიც, რომ ავღანელი საველე მეთაურის განცხადებით, დანებებული აჯანყებულების მთლიანად გამოყვანა ვეღარ მოასწრეს; ხანძარს გაარიდეს მხოლოდ 3 კაცი - სომეხი მიხაილ ვარვარიანი, მოლ­დაველი ივან ბელექჩი (ის შემდგომში ჭკუ­აზეც კი შეიშალა) და უზბეკი ნოსირჯონ რუსთამოვი; რაც შეეხება გურჯებს, როგორც უკვე ითქვა, მათგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბადაბერის აჯანყებამ პაკისტანის მესვეურებსა და ავღანელ მოჯაჰედებს შორის სერიოზული უთანხმოება წარმოშვა - მეორე დღესვე ბადაბერის გადამწვარ-გაოხრებული ბაზა პაკისტანის პრეზიდენტმა, მუჰამედ ზია ულ-ჰაკმა მოინახულა, შემდეგ კი ახლომახლო გამაგრებულ მოჯაჰედებსაც შეხვდა და მოსთხოვა, რომ პაკისტანის ტერიტორია დაეტოვებინათ, დატყვევებული საბჭოთა ჯარისკაცები კი მათთვის გადაეცათ. ვითარების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, ბურჰანუდდინ რაბანიმ ზემოთ ხსენებული სამი ტყვე პირადად ზია ულ-ჰაკს იქვე გადასცა, თავად კი ავღანეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ, მას საბჭოთა ჯარისკაცები ტყვედ აღარ აჰყავდა, მათ ადგილზევე ანადგურებდა.
GzaPressბადაბერის მოვლენებს გადარჩენილი ტყვეები "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა - ოლგა სვინცოვამ და "საერთაშორისო წითელი ჯვრის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - დევიდ დელანრანცმა მოინახულეს და აჯანყების ამბები პირველად სწორედ მათ შეიტყვეს. მალე დელანრანცი პაკისტანში საბჭოთა საელჩოს ეწვია და დიპლომატებს აჯანყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალურ მოსკოვს ამის თაობაზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია - 1985 წლის 11 მაისს საბჭოთა კავშირის ელჩმა პაკისტანში, ვ. სმირნოვმა პრეზიდენტ ზია ულ-ჰაკს საპროტესტო ნოტა საიდუმლოდ(!) გადასცა და ყველაფერი ამით დასრულდა. აჯანყებაზე სიტყვა არც დასავლურ მასმედიას დაუძრავს - ხმა მხოლოდ ავღანეთის პროსაბჭოთა, "დემოკრატიულმა" მთავრობამ აიმაღლა: მისმა წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ ბადაბერის ბაზაზე მომხდარი ჯანყი საუცხოო დასტური იყო კონფლიქტში პაკისტანის მონაწილეობის დასამტკიცებლად. ამასთან, ავღანელმა დიპლომატმა გაკვრით აღნიშნა, რომ ტყვეთა შორის საბჭოთა ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ. 1985 წლის 27 მაისს საბჭოთა სააგენტო "ნოვოსტიმ" ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანელ მოჯაჰედთა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში მოხდა აჯანყება და დაიღუპა 40-მდე კაცი, აქედან - 20 აჯანყებული და 20 მოჯაჰედი. მაშინ "ნოვოსტის" დაწვრილებითი ცნობები აღარ გაუვრცელებია და არც ის აღუნიშნავს, რომ საკონცენტრაციო ბანაკი პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. საქმე ის გახლდათ, რომ იმხანად საბჭოთა კავშირში უკვე საჯაროობა იყო გამოცხადებული და ბევრი დისიდენტი (რომელთაც გორბაჩოვის ხელისუფლება ისე აღარ ავიწროებდა) ავ­ღა­ნეთიდან ჯარის გამოყვანას ითხოვდა; ასე რომ, ბადაბერის აჯანყებაზე აჟიოტაჟის ატეხას ქვეყანაში სერიოზული მღელვარება მოჰყვებოდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გორბაჩოვს სწორედ ამან უბიძგა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანისაკენ.
უსახელო გურჯებზე კი პირველად ბურჰანუდდინ რაბანი ალაპარაკდა, თანაც - 16 წლის მერე, როცა ავღანეთში "თალიბების" წინააღმდეგ აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. რაბანიმ, რომელიც იმ დროს "ჩრდილოეთის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, ფრანგ რეჟისორ-დოკუმენტალისტს, კრისტოფერ დე პონფილის განუცხადა: "ნამდვილი, ვაჟკაცური თავგანწირვის მომსწრე ცხოვ­რებაში მხოლოდ ერთხელ გავხდი, როდესაც ბადაბერის იარაღის საწყობში ჩაკეტილმა გურჯებმა თავი აიფეთქეს და ამ აფეთქებით მთელი ბანაკი გაანადგურეს... არც თალიბებსა და არც ბინ ლადენს ასეთი ვაჟკაცობის ჩადენა არ შეუძლია"...
მოკლედ, ასეთია ბადაბერის აჯანყების საიდუმლოებით მოცული ამბავი, რაც სხვათა შორის, რუსეთში მრავალი ფილმის, რომანისა თუ სტატიის თემა გახდა და ყველგან სხვადასხვაგვარადაა აღწერილი. ავ­ღანეთის ომის ყოფილ მონაწილეებს კი ვთხოვთ, თუ რაიმე სმენიათ ბადაბერის აჯანყებაზე, აუცილებლად გამოგვეხმაურონ.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (12)
24.04.2015
სკეპტიკოებზე მეცინება.რა გასაკვირია ქართველთა ასეთი თავგანწირვა.ათასწლეულებია ვიბრძვით და ეს თვისება სისხლში გაჯდა.მეორეც,სხვები რატომ ქართველებს ასახელებდნენ და სხვებს არა.იმათი რაღა ინტერესი იყო?
გილერი
22.12.2014
მიუხედავცად აქ გამოთქმული ზოგიერთი სკეპტიკური კომენტარისა, მინდა მჯეროდეს, რომ ქართველებს კიდევ შემოგვრჩა გმირული სული და ჩვენი ძმების 29 წლის წინ გამოჩენილი ვაჟკაცობა სამუდამოდ ბურუსში გახვეული არ დარჩება... ღმერთმა დაუმკვიდროს მათ სულებს სამუდამო სასუფეველი!
ოკ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი