მაჭახლელი ფირალი ემრულა მალქვაძე
font-large font-small
მაჭახლელი ფირალი ემრულა მალქვაძე
რუსებს საქართველოს დაპყრობის სწორედ ისეთივე სურვილი ამოძრავებდათ, როგორიც რომაელებს, ბიზანტიელებს, სპარსელებსა თუ ოსმალებს


რუსულ-ქართული ურთიერთობების ოთხსაუკუნოვან ისტორიაში საკმაოდ ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ანგარებას და აშკარა იმპერიულ ზრახვებს ნათლად წარმოაჩენს. არადა, თანამედროვე რუსულ ისტორიოგრაფიაში ფართოდაა გავრცელებული თვალსაზრისი, თითქოს ქართველები ევროპულ ცივილიზაციას ერთმორწმუნე რუსეთის მეშვეობით ვეზიარეთ, ხოლო დაქუცმაცებული საქართველო რუსულმა არმიამ გააერთიანა. სინამდვილეში, რუსებს საქართველოს დაპყრობის სწორედ ისეთივე სურვილი ამოძრავებდათ, როგორიც რომაელებს, ბიზანტიელებს, სპარსელებსა თუ ოსმალებს. ამის ნათელი დადასტურებაა სახელგანთქმული მაჭახლელი ფირალის - ემრულა მალქვაძის ამბავიც, რომელსაც დღეს მოგითხრობთ. ემრულა ტყეში 1875 წელს გავარდა, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებამდე სულ რაღაც ორიოდე წელი რჩებოდა, ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში კი უკვე გათავისუფლებაზე აშკარად ლაპარაკობდნენ.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან, როცა ოსმალეთის იმპერიის არათურქულ სამფლობელოებში ვითარება უკიდურესად გართულდა, სანქტ-პეტერბურგის მესვეურებმა ჩათ­ვალეს, რომ რევანშის აღების დრო უკვე დამდგარიყო - რუსეთს ყირიმის ომის (1853-1856) წაგების შემდგომ, ევროპის თვალში შელახული იმიჯის აღდგენა სურდა და, ამის გამო, იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ბევრი აღარ უფიქრია, ისე დაუჭირა მხარი ოსმალეთის ქვეშევრდომ სლავ ქრისტიანებს: 1875 წელს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში აჯანყებულ სერბთა დასახმარებლად რუს მოხალისეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჩავიდა. სხვათა შორის, ამ ამბავმა მუსლიმან ქართველებზეც უდიდესი გავლენა მოახდინა - მათ ხომ იცოდნენ, რომ საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიაში შედიოდა და, ძალაუნებურად, იმედის თვალი სწორედ ჩრდილოეთს მიაპყრეს. მუსლიმან თანამოძმეთა პრობლემები გულთან ახლოს მიიტანა ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების ქართველმა საზოგადოებრიობამაც, რომლის ბევრ მესვეურს სჯეროდა, რომ სანქტ-პეტერბურგი 1783 წლის “გეორგიევსკის ტრაქტატის” პირობებს შეასრულებდა და საქართველოს ისტორიულ მიწებს დაუბრუნებდა.
GzaPress
ამდენად, როგორც რუსეთის, ისე ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომი ქართველობა სტამბოლისა და სანქტ-პეტერბურგის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა. რუსეთში “გეორგიევსკის ტრაქტატი” აღარავის ახსოვდა, თუმცაღა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ცარიზმის მესვეურები ქართველების ეროვნულ გრძნობებზე საკმაოდ ეფექტურად თამაშობდნენ და მათი მეშვეობით, “ოსმალოს საქართველოში” გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ - სანქტ-პეტერბურგში ხვდებოდნენ, რომ ქართველების გარეშე ამ მხრივ ვერას გააწყობდნენ, რადგანაც ოსმალეთის იმპერიის ქვე­შევრდომ მუსლიმან ქართველებს 1828-1829 წლებში გენერალ ივან პასკევიჩის მხეცობა კარგად ახსოვდათ და რუსებს მტრებად თვლიდნენ, მაშინ როდესაც რუსეთის ქვეშევრდომ თანამემამულეებს აშკარა მტრული თვალით არ უცქერდნენ.
1875 წელს ლაზეთში, აჭარა-იმერხევსა და მაჭახელში ოსმალოთა საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები თანდათანობით შეიარაღებულ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ოსმალეთის ბრწყინვალე პორტამ ამ მხა­რეში ჩერქეზი და აფხაზი მუჰაჯირების რაზმები მიავლინა. მალე ცნობილი გახდა, რომ “სულთნის მოწინააღმდეგე გურჯი მუსლიმანები” (ამგვარად იხსენიებდნენ ამბოხებულებს ოსმალეთის მესვეურები ოფიციალურ მიმოწერაში) თავადვე ამზადებდნენ საკმაოდ მაღალი ხარისხის თოფებსა და ზარბაზნებს, რომელთა შესაძლებლობა იმჟამინდელი ოსმალური იარაღისას დიდად აღემატებოდა; სწორედ ამიტომ, ისედაც ცუდად შეიარაღებულ მუჰაჯირებს მათი დამარცხება ძალზე გაუჭირდათ. ბოლოს, ამბოხების ჩახშობამ ოსმალური არმიის რეგულარულ ნაწილებს მოუწია. მათ თითქმის მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო გადაწვეს და უამრავი ადგილობრივი მშვიდობიანი მცხოვრები იმსხვერპლეს. ამბოხების მეთაურთა უმეტესობაც შეიპყრეს და დასაჯეს, ან ხელფეხშებორკილი სტამბოლში გაგზავნეს.
GzaPressემრულა მალქვაძეს იმ დროს მაჭახლის ხეობაში, მშობლიურ სოფ. ეფრათში უფროს ძმასთან - ხასანთან ერთად, პატარა სამჭედლო ჰქონდა გამართული; გადმოცემით, ძმები ამბოხებაში თავად არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ამბოხებულებს კი თა­ნა­უგრძნობდნენ. მალქვაძეების მეზობლად ერთი წარჩინებული გვარიშვილი, ვინმე თურან-ბეგი ცხოვრობდა. მას ადრევე სურდა, ძმების მიწებს დაჰპატრონებოდა და ამიტომ, ხეობაში ოსმალური ჯარის შემოსვლისთანავე, ისინი სარდლობასთან დააბეზღა - ამბოხებულებს თოფებსა და ზარბაზნებს უმზადებდნენო. ოსმალებმა მალქვაძეები დააკავეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს; ბოლოს, ორივენი სულაც გაათავისუფლეს, ოღონდ სამჭედლო დაუხურეს და მჭედლობაც სამუდამოდ აუკრძალეს. ამის შემდეგ კი, ემრულა ჭოროხზე მენავედ მოეწყო, ხოლო მისმა ძმამ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი; ამგვარად, ცოტათი წელში გაიმართნენ და დაოჯახებაზეც კი დაიწყეს ფიქრი.
ერთ დღეს, ძმები მალქვაძეები ერთ-ერთ მეზობელთან ქორწილში იმყოფებოდნენ, სადაც თურან-ბეგიც იყო მისული. გადმოცემით, მას ყაბალახის ნაცვლად ოსმალური ფესი ეხურა, რის გამოც ხასანმა მწარედ გააქილიკა. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ჩხუბიც ატყდა, თუმცაღა მექორწილეებმა იმარჯვეს და ორივენი დააშოშმინეს. ემრულას ძმამ თურან-ბეგს ზურგი შეაქცია, რომელმაც სწორედ მაშინ ესროლა მაუზერიდან. ეს ყველაფერი ემრულას თვალწინ მოხდა და, ცხადია, მან მაშინვე თურან-ბეგის მოკვლა სცადა, მაგრამ რადგანაც სოფლის მუხტარი (მამასახლისი) იქვე იმყოფებოდა, ვეღარაფერი მოახერხა - ამ უკანასკნელმა მკვლელიც და ემრულაც ერთდროულად შეიპყრო და სატუსაღოში გამოამწყვდია. დილით ადრე, თურან-ბეგი ჩაფრებს ართვინში გაატანა და ემრულა ამის შემდეგ გაათავისუფლა. ცხადი იყო, რომ მუხტარი მხარს თურან-ბეგს უჭერდა, ამიტომ გამწარებულმა ემრულამ წიწილასავით წააგდებინა თავი, მეორე დილით კი უკვე ართვინის საპყრობილეს დაესხა თავს და დატუსაღებული თურან-ბეგის გატაცებას შეეცადა.
მუხტარის მოკვლისა და საპყრობილეზე თავდასხმის გამო, ემრულა მაჭახლისა და ართვინის ოსმალო კაიმაკამმა (გამგებელმა) ძებნილად გამოაცხადა და მის დამჭერს სოლიდური ჯილდოც აღუთქვა. ამავდროულად კი თურან-ბეგი კბილებამდე შეიარაღებული ქურთი ჩაფრების თანხლებით, ოლთისში გაგზავნეს - მართლმსაჯულებას მან თავი ვერ დააღწია, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი იმედი ჰქონდა. ართვინელმა კაიმაკამმა, რო­მელმაც თურან-ბეგისაგან ქრთამი ჩაიჯიბა, საქმის განადგურება ვეღარ გაბედა, რადგან ემრულას ძებნილად გამოცხადების გამო, უფროსობამ ყველაფერი შეიტყო და ტუსაღის ოლთისში გადაყვანა მოითხოვა. საინტერესოა, რომ იმ დროს ოსმალეთში მექრთამეებს სიკვდილით სჯიდნენ; ამიტომაც, თავი მხრებზე რომ შერჩენოდა, ართვინის კაიმაკამი სასწრაფოდ ბრძა­ნებას დაემორჩილა.
ასე რომ, თურან-ბეგმა ის ქრთამად მიცემული ფულიც უსარგებლოდ დაკარგა და სიცოცხლეც - ოლთისის გზაზე მასა და ჩაფრებს ემრულა დახვდა. ფირალს თან ოთხი ამხანაგიც ახლდა, რომლებმაც ჩაფრებს გაუხსნეს ცეცხლი, ხოლო ემრულამ ბომბის ერთი სროლით ააფეთქა ეტლი, რომელშიც დატუსაღებული თურან-ბეგი იჯდა; ამგვარად იძია ფირალმა შური ძმის მკვლელობის გამო. ამის შემდეგ მან თავი შეაფარა იმერხევს, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე დაქორწინდა, თუმცაღა თოფი ხელიდან აღარ გაუგდია - მრავალრიცხოვან მომხრესთან ერთად, ხან ზემო აჭარაში, ხან ართვინში, ხან მაჭახელსა და ბორჩხა-ნიგალში გამოჩნდებოდა ხოლმე და, ოსმალო მოხელეებს მუსრს ავლებდა. გადმოცემით, განსაკუთრებით ემტერებოდა აგრეთვე ებრაელ და სომეხ ვაჭრებს, რომელთა ხელშიც იყო იმ დროს ოსმალეთის თითქმის მთელი კაპიტალი. ართვინელი კაიმაკამის მიერ ემრულას დამჭერისადმი აღთქმული თანხის რაოდენობა ყოველი ახალი ძარცვის შემდეგ იმატებდა და მალე ზღაპრულ თანხას - 500 ათას ოსმალურ ლირასაც მიაღწია. სწორედ მაშინ, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა და მთელ “ოსმალოს საქართველოში” ხმაც დაირხა - “ურუსი ჩხუბს იწყებსო”.
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ემრულას და მის რაზმს (რომელშიც უკვე 40-ზე მეტი კაცი იყო გაერთიანებული) ზემო აჭარის კაიმაკამი, შერიფ-აღა ხიმშიაშვილი დაუკავშირდა. იგი, პრორუსული ორიენტაციის გამო, რამდენჯერმე დაპატიმრებულიც გახლდათ, რადგან გამუდმებით ცდილობდა, მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ოსმალების წინააღმდეგ დაერაზმა, ოღონდაც ისე, რომ სანამ ომი დაიწყებოდა, მათ ვერაფერი შეეტყოთ. “შენც კარგად იცი, რომ ქართველები ვართ, მაგრამ ჟამთა სიავის გამო ჩვენი მიწები ოსმალებს დაუპყრიათ... ახლა კი შეგვიძლია, ჩვენივე ძმებთან გავერთიანდეთ, თუმცა ამისთვის ბრძოლაა საჭირო!” - უთხრა შერიფ-აღამ ემრულას და ეს უკანასკნელიც ოსმალების წინააღმდეგ გამოსვლაზე დათანხმდა: “მე, ბატონო, მაინც მაგათ ვებრძვი და ომშიც ასე მოვიქცევი... თუ ქართველებს რუსი მოგვეხმარება, ძალიან კარგი იქნება!” - იმედი მიეცა ემრულასაც. მან, ისევე როგორც შერიფ-აღა ხიმშიაშვილმა, მიიჩნია, რომ რუსეთი ოსმალეთთან ომს ქართველთა დასახმარებლად იწყებდა. მოკლედ, ზემო აჭარის კაიმაკამმა, ოსმალთა თვალის ასახვევად, სახელგანთქმული ფირალი ვითომ შემოირიგა და “ბინბაშ სერდარად” ანუ მოლაშქრეთა რაზმის მეთაურად დანიშნა.
ამდენად, 1877 წლის 12 აპრილისთვის, როცა რუსულმა არმიამ კავკასიის მხრიდან ოსმალეთის საზღვარი გადაკვეთა, ემრულა თავისი მოლაშქრეთა რაზმით იმერხევში იყო გამაგრებული. საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე მან, სრულიად მოულოდნელად, ოსმალებს შეუტია და მთელ იმერხევს მანამდე დაეუფლა, სანამ რუსული არმია იქამდე მიაღწევდა. ემრულას ბრძანებით, ადგილობრივმა მუსლიმანმა ქართ­ველებმა სოფლებში ყველა მუხტარი დასაჯეს ან დაატუსაღეს და რუსული სამფეროვანი დროშები აღმართეს. ასევე მოიქცნენ ზემოაჭარლებიც, რომელთაც შერიფ-აღა ხიმშიაშვილი სარდლობდა. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის არმიის კავკასიის ფრონტის სარდალმა, მიხეილ ლორის-მელიქოვმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა ქართველ მუსლიმანთა რაზმების აღნიშნულ ქმედებას.
GzaPressრუსებმა, რომელთაც ემრულას “საგმირო საქმეთა” თაობაზე ყველაფერი სმენოდათ, სახელგანთქმული ფირალის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს: კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის არმიას ცნობილი გენერალი, გაზი აჰმედ მუხთარ-ფაშა ხელმძღვანელობდა. ის კარგი სტრატეგი იყო და ჯარისკაცთა შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომაც რუსებმა მას ტერაქტის მოწყობა დაუპირეს. ლორის-მელიქოვმა ყველაფერი სწორად გათვალა და ტერაქტის ორგანიზება ემრულას დაავალა. მაჭახლელ ფირალს ნაქართველარი გენერალი ეპოლეტებსა და ჩინ-მედლებს დაჰპირდა, თუმცაღა ემრულამ უპასუხა - ამას მხო­ლოდ თქვენს პატივსაცემადაც კი გავაკეთებო. გენერალი ისე გაოცდა, რომ დაეჭვდა კიდევაც: ჯილდოს რომ არ ითხოვს, ოსმალების საიდუმლო აგენტი ხომ არ არისო? სხვათა შორის, მიხეილ ლორის-მელიქოვის ამ ეჭვმა, შეიძლება ითქვას, ემრულას შემდგომი ბედიც კი განსაზღვრა.
1877 წლის მაისში, გენერალ აჰმედ მუხთარ-ფაშას ემრულამ და მისმა რაზმელებმა ტერაქტი ყარსში მოუწყვეს, მაგრამ უშედეგოდ - ნასროლმა ბომბმა მხოლოდ მისი ცხენი შეიწირა. როცა ლორის-მელიქოვმა წარუმატებლობის შესახებ შეიტყო, ემრულას სასტიკად უსაყვედურა. ამაყმა ფირალმა ეს გულში ჩაიხვია და რამდენიმე დღის შემდეგ მუხთარ-ფაშას მოკვლა კიდევ ერთხელ სცადა, ოღონდ - მარტომ. ამჯერად გენერალი მძიმედ დაიჭრა; ექიმებმა მისი ფეხზე დაყენება ძლივს შეძლეს. სანამ მუხთარ-ფაშა გამომჯობინდებოდა, რუსებმა კავკასიის ფრონტზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და წინაც კარგა დიდი მანძილით წაიწიეს. ემრულას არავისთვის უთქვამს, რომ ყველაფერი მისი წყალობით მოხდა - მას რატომღაც, თავის გამოჩენა არ იზიდავდა და ვერც კი ხვდებოდა, რომ ეს თვისება რუსთა შორის ეჭვს იწვევდა.
გარდა ამისა, ემრულამ და მისმა რაზმელებმა 1877 წლის 2 დეკემბერს, არტანუჯის აღების ოპერაციაშიც გამოიჩინეს თავი - მაჭახლელი ფირალი თავისი ხალხით, ქალაქში პირველი შეიჭრა. მას კვალდაკვალ მიჰყვა “ქართული მილიცია” (ასე ეწოდებოდა იმხანად მოხალისეთა ლაშქარს), შემდეგ კი შეტევაზე გადასვლა რუსებმაც გაბედეს. ოსმალებმა არტანუჯი დათმეს, უკან დაიხიეს, 9 დეკემბერს კი სოფელ დოლისყანასთან დამარცხდნენ და ჭოროხის ხეობიდან ფეხიც ამოიკვეთეს. რუსმა პოლკოვნიკმა კომაროვმა, რომელიც არტანუჯისა და დოლისყანის აღების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, ემრულა ჯილდოზე წარადგინა, მაგრამ რუსულმა სარდლობამ ფირალისათვის ვერაფერი გაიმეტა. მაგრამ რუსი პოლკოვნიკი ვაჟკაცი აღმოჩნდა და ბრძანებას ბოლომდე არ დამორჩილებია - მან ემრულას სახსოვრად საკუთარი დაშნა გადასცა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს იყო ერთადერთი ჯილდო, რომელიც ფირალმა რუსებისაგან მიიღო.
1878 წლის საომარ მოქმედებებში ემრულასა და მის ხალხს მონაწილეობა აღარც კი მიუღიათ - ყველანი უკანვე, იმერხევში გაბრუნდნენ და ახალი ცხოვრების დაწყება სცადეს. “ემრულამ არ იკადრა, მისულიყო და “ჩინები” ეთხოვა. დაბრუნდა თავის სახლში და მიჰყო ხელი ძველ ხელობას - მჭედლობას. ინახავდა ოცდაათ კაცს და აძლევდა მათ თითო თუმანს თვეში ჯამაგირს”, - წერდა მოგვიანებით ცნობილი ქართველი პუბლიცისტი სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი, რომელიც იმხანად გაზეთ “ივერიაში” ქართველი მაჰმადიანების შესახებ საკმაოდ საინტერესო წერილებს აქვეყნებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პუბლიცისტი ემრულას პირადად იცნობდა და დიდადაც ემადლიერებოდა - ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც მოგზაურობა მაშინ არცთუ ისე უსაფრთხო იყო, სოლომონ ასლანიშვილ-ბავრელს უმეტესად სწორედ სახელგანთქმული ფირალი და მისი ხალხი დაჰყვებოდნენ.
ომის დამთავრების შემდეგ, როცა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ სა­ქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიამ ოფიციალურად შეიერთა, ემრულა მალქვაძის მშვიდობიან ცხოვ­რებას ბოლო მოეღო - ბათუმის მაზრის ჟანდარმერიამ ის “არასაიმედო პიროვნებად” მიიჩნია და ფარულად თვალთვალი დაუწყო. ემრულას რაზმში აგენტები შეგზავნეს და ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ პროვოკაციას წამოჰგებოდა, რათა მისი დაპატიმრების საბაბი ჰქონოდათ. თავად ემრულა კარგად ხვდებოდა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდათ რუსებს და ფრთხილობდა.
დაპატიმრების საბაბიც მალე მიეცათ. 1879 წლის ბოლოს, ნიგალის ხეობის სოფელ ხებაში, ერთ-ერთი ადგილობრივი ბეგის სახლს თავს დაესხნენ უცნობები, რომელთაც მოკლეს ოჯახის უფროსი, თითქმის მთელი ძვირფასეულობა წაიღეს და ამ ფაქტის შემსწრე სოფლელებს “ამცნეს”, თითქოს ემრულას რაზმელები იყვნენ. ჟანდარმებმა იმერხევში ემრულას მეორე დღეს ააკითხეს. ცხადია, მან მძარც­ველებთან ყოველგვარი კავშირი უარყო და ეჭვის გასაფანტავად, ჟანდარმებს სახლის გაჩხრეკის ნებაც კი დართო. ისინი თავლაში გადამალულ რაღაც სამკაულებს წააწყდნენ, რაც რასაკვირველია, ნაძარცვად მიიჩნიეს.
ყოფილი ფირალი, რომელიც ვერ მიმხვდარიყო, თუ როგორ აღმოჩნდა მის თავლაში უცხო სამკაულები, ჟანდარმებს საქმის გასარკვევად ართვინის მაზრის “უჩასტკაში” გაჰყვა. იქ მისი ახსნა-განმარტებების მოსმენით თავი არ შეუწუხებიათ - ბორკილები დაადეს და სინდისის ზედმეტი ქენჯნის გარეშე, საპყრობილეში ჩააგდეს. “რასაკვირველია, ამისთანა კაცის დამორჩილება უსისხლოთ ძნელი იყო, იარაღით და ვაჟკაცურად რომ მისულიყვნენ იმაზე”, - წერდა ამის შესახებ ემრულას ძველი ნაცნობი, პუბლიცისტი სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი. მისი წერილი “ივერიაში” 1880 წლის 17 აგვისტოს დაიბეჭდა. სწორედ იმ დღეს, სახელგანთქმული ფირალი ემრულა მალქვაძე ბათუმის ციხეში ჩამოახრჩვეს.

P.შ. მაჭახლელი ფირალის დატუსაღების და ჩამოხრჩობის შემდგომ, მოულოდნელად გამოირკვა, თუ ვინ გაძარცვა ხებელი ბეგის ოჯახი ემრულას სახელით და ვინ დამალა ნაძარცვი მის თავლაში. ამის ჩამდენი ერთი არტანუჯელი ჩაფარი, ვინმე ხირალოღლი აღმოჩნდა. ემრულას რაზმელებმა - აჰმედ ხაილოღლიმ (ლორთქიფანიძემ), ილიასა ვაცაძემ და ნური გუნდარიძემ შური იმავე წელს იძიეს და ხირალოღლი არტანუჯში მოკლეს.

მიხეილ ლაბაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
18.10.2016
ვერაფრით ვერ ვხვდები ერთ რამეს, რომ დღეს თანამედროვე საქართველოში, რატომ რჩებიან მარავლი ქართველები მუსლიმებად ??? ადამიანს, სრული უფლება აქვს იყოს ის ვინც სურს, მაგრამ, შენ, რომ იცი ისტორია და ის ფაქტი, რომ თუ რამხელა შიშის და წნეხის ფასად უხდებოდად ქართველებს რჯულის შეცვლა...რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი დღესაც იზიარებდე მოძალადეების იდეოლოგიას ??? გამაგებინეთ ხალხო. არავის შეურაწყოფას არ ვცდილობ. უბრალოდ, მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიყო მუსულმანი დღეს და არ ვცე პატივი ჩემს წინაპრებს და კვლავ ვეზიარო მართმადიდებლობას ??? გთხოვთ ამიხსენით ვინმემ...
კაკი
13.01.2015
აჭარას მრავალი გმირები ყავდა,მაგრამ მათი სახელის უკვდაყოფა ვერ მოხერხდა,მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა ბათუმის საკრებულომ ნება არ დართო ემრულა მალაყმაძის სახელობის ქუჩის დაკანონებას.
nikoloz
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი