აბრაგ ზელიმხანის ქართველი შვილობილის შურისძიება
font-large font-small
აბრაგ ზელიმხანის ქართველი შვილობილის შურისძიება
XX საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც მაშინაც "რუსეთის დენთის კასრს" უწოდებდნენ, სახელი დიდად გაითქვა ჩეჩენმა აბრაგმა ზელიმხან გუშმაზაყაევმა.
ის წარმოშობით ბარის ჩეჩნეთის სოფელ ხარაჩოიდან იყო, თუმცა 1911 წლიდან ჯერ ინგუშეთს აფარებდა თავს, მერე კი მთიანი ჩეჩნეთის მელხისტის ანუ მითხოს თემს, რომელიც შატილს ესაზღვრება. ზელიმხანს ქართველებთან საკმაოდ ხშირად უწევდა ურთიერთობა - მას აქ ბევრი მეგობარიც ჰყავდა და მტერიც. ჩეჩენ აბრაგს მაშინდელი ქართული პოლიტიკური პარტიების მესვეურებიც კარგად იცნობდნენ, რადგან ზელიმხანი - რასაკვირველია, სოლიდური გასამრჯელოს საფასურად - პოლიტიკურ ტერაქტთა აღსრულებაზე უარს არასოდეს ამბობდა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აბრაგი ზელიმხანი მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად ჩეჩნეთის ბარში დათარეშობდა, გროზნოს ოლქის პლასტუნთა ასეულს ქართველი თავადი - ალმასხან მარღანია მეთაურობდა. როგორც წესი, პლასტუნებს ანუ კაზაკთა რეგულარულ შინაგან ჯარს იმხანად ჩეჩნეთში აბრაგების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა და აქედან გამომდინარე, ზელიმხანი და ალმასხანი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი - რუსების სამსახურში მდგარი ქართველი თავადი კარგა ხანს ნადირობდა ჩეჩენ აბრაგზე, თუმცა ვალში არც ის რჩებოდა. ზელიმხანი საყოველთაოდ ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი ძნელად მოსახელთებელი და ცხენოსნობის დიდოსტატი, რომელსაც სროლას ვერავინ დაასწრებდა. თავის მხრივ, ალმასხან მარღანიაც არანაკლები ვაჟკაცი გახლდათ - სამურზაყანოში აღზრდილმა, ცხენოსნობაც კარგად იცოდა და ტყვიასაც ტყვიაში აჯენდა. ჩეჩნურ ფოლკლორში ამ ორი ადამიანის დაპირისპირების შესახებ უამრავი ლექსი თუ გადმოცემა მოიპოვება.
GzaPressალმასხან მარღანიას მეუღლე, დოლეთხანი ყარაჩაელი იყო - ყრიმშამხალოვთა არისტოკრატიული საგვარეულოდან. ისინი 1908 წელს დაქორწინდნენ და დროებით ვლადიკავკაზში დასახლდნენ. ალმასხანს იმედი ჰქონდა, რომ ზელიმხანს დაიჭერდა და მერე საქართველოში დაბრუნდებოდა. პლასტუნთა ასეულის მეთაურმა აბრაგის დევნას ამაოდ შეალია კიდევ ერთი წელიწადი. თავის მხრივ, მარღანიას მოსაკლავად ზელიმხანიც ამაოდ დაშვრა და საბოლოოდ, იძულებული გახდა, ბარის ჩეჩნეთიდან ინგუშეთში გადასულიყო - ქართველი თავადის პლასტუნებმა მშობლიურ ადგილებში ძალიან შეავიწროეს და თანაც, მის გამო მშვიდობიან მოსახლეობასაც დაუკარგეს მოსვენება. ინგუშეთში გაქცევამდე, ზელიმხანმა სანდო კაცის მეშვეობით ალმასხანს რამდენჯერმე შეუთვალა კიდეც: - ნუღარ დამდევ, ქართველის სისხლში ხელის გასვრა არ მინდაო, მაგრამ თავადს ეს სიტყვები სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა და ამბობდა: "თუკი მისი ხანჯალი მჭრელია, ჩემიც არ არის ბლაგვი!"
1910 წლის დეკემბრის თვეში, როდესაც ჩრდილო კავკასიაში ანტიცარისტული გამოსვლები შეწყდა, პლასტუნები ინგუშეთში, მდინარე ასას ხეობაშიც გამოჩნდნენ და იქაური მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბიეს. ცხადია, ისინი ზელიმხანს ეძებდნენ, მაგრამ ინგუშებმა აბრაგი არ გასცეს. პლასტუნებს ალმასხან მარღანია არ ახლდა, მაგრამ ხმა დაირხა, რომ ზელიმხანის ასაყვანად ქართველი თავადი სულ მალე, თავად ავიდოდა ასას ხეობაში და თუ საწადელს ვერ მიაღწევდა, აღარავის დაინდობდა. ერთი სიტყვით, ინგუშებს ძალიან ეშინოდათ მარღანიასი, რომელიც იმ დროს ვლადიკავკაზში იმყოფებოდა და მართლაც აპირებდა მთებში გალაშქრებას, თანაც - არა მხოლოდ პლასტუნების, არამედ რეგულარული ჯარის თანხლებით. ასე რომ, ზელიმხანს რაღაც უნდა ეღონა.
1910 წლის 12 დეკემბრის დილას, ვლადიკავკაზის ცენტრში, მეჩეთთან ახლოს, სადაც იმხანად ალმასხან მარღანია ცხოვრობდა, მდიდრულად მორთული შავი ეტლი შეჩერდა. ცოტა ხანში იქიდან სამი შავნაბდიანი მამაკაცი გადმოვიდა და სადარბაზოსაკენ გაემართა, თუმცა მარღანიას ბინის კარზე მხოლოდ ერთმა - თვით აბრაგმა ზელიმხანმა დააკაკუნა. მასპინძელი სახლში მარტო იყო და სტუმარს კარი თავადვე გაუღო. "სალამ ალეიქუმ! - უთხრა დაუძინებელ მტერს აბრაგმა: - მე შენს მოსაკლავად მოვედი". ალმასხან მარღანია თავიდან დაიბნა, მაგრამ მერე გონს მოეგო და ხანჯალი იშიშვლა...
მეორე დღეს ვლადიკავკაზის საქალაქო პოლიციამ გროზნოს ოლქის პლასტუნთა ასმეთაური საკუთარ ბინაში, მუცელგამოფატრული იპოვა. გვამთან აღმოჩნდა ბარათი, რომელიც მკვლელს სამართალდამცველებისთვის დაეტოვებინა - "მე ვარ ზელიმხანი. ასმეთაური მარღანია მოვკალი იმიტომ, რომ მას მთიელთა სისხლი მართებდა". წერილში ამ სიტყვების გარდა არაფერი ეწერა, მაგრამ "გოროდოვოებისთვის" ესეც საკმარისი იყო. მოკლედ, ვლადიკავკაზის პოლიციამ ჩეჩენი აბრაგის თავი იმ დროისთვის საარაკო თანხად - 18 ათას მანეთად შეაფასა, ალმასხან მარღანია კი ქალაქის სამხედრო სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს. ერთი შეხედვით, ყველაფერი დამთავრდა, რადგან ზელიმხან გუშმაზაყაევის დამჭერი არავინ აღმოჩნდა და ცხადია, პლასტუნებმა ასას ხეობაში ასვლაც ვეღარ გაბედეს.
ალმასხან მარღანიას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. დოლეთხან ყრიმშამხალოვა ქმრის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსალოგინებლად ყარაჩაეთში, მამის ოჯახში გაემგზავრა და მეუღლის მკვლელობის შესახებ კარგა ხანს, არაფერი იცოდა - ფეხმძიმობის გამო ახლობლები ალმასხანის ამბავს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ ბოლოს, თავს დატეხილი უბედურების შესახებ გაზეთიდან შეიტყო და ნერვიულობისგან ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. 1910 წლის 22 დეკემბერს, დოლეთხან ყრიმშამხალოვამ ვაჟი შვა, მაგრამ სისხლდენა აუტყდა და ვეღარ გადაარჩინეს. მუსლიმანური ჩვეულების თანახმად, ის გარდაცვალების დღესვე - მზის ჩასვლამდე, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ალმასხან მარღანიას სიმამრი - თავადი მურათბი ყრიმშამხალოვი მართალია, რუსთა სამსახურში იდგა, მაგრამ მეამბოხე მთიელებთანაც ჰქონდა კავშირი და არ სურდა, სიძის გამო ზელიმხანთან ურთიერთობა გაჰფუჭებოდა. ამიტომაც, რაოდენ საკვირველადაც უნდა ჟღერდეს, ჩვილი შვილიშვილი ჩეჩენ აბრაგს მდინარე ასას ხეობაში გაუგზავნა - გინდ გაზარდე, გინდ მოკალი, მე ხელები დამიბანიაო. ზელიმხანმა, რომელსაც თავად ორი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, მტრის შვილი ოჯახში დაიტოვა და მაჰმადი დაარქვა. აბრაგი მას საკუთარი შვილებისგან არ არჩევდა და დიდად ანებივრებდა. გადმოცემით, ზელიმხანის მეუღლე ძიეზაგი ბავშვს "გურჯიელგს" (ჩეჩნურად - "პატარა ქართველი") ეძახდა და განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა. იმხანად, აბრაგის ოჯახი უკვე მელხისტის ანუ მითხოს თემს აფარებდა თავს.
1913 წლის 26 სექტემბერს, მოუხელთებლობით ცნობილი ჩეჩენი აბრაგი დაღესტნის პოლკის ოსმა პორუჩიკმა, ვინმე ქიბიროვმა სტანიცა შალისთან (ბარის ჩეჩნეთი) ახლოს, შემთხვევით მოკლა: მძიმედ დაჭრილი ზელიმხანი ერთ-ერთ მოკეთეს გროზნოსკენ ფორნით მიჰყავდა. გზაზე მდგარმა ჯარისკაცებმა ჩეჩენს გაჩერება უბრძანეს, მაგრამ მან პირიქით - ცხენებს მათრახი გადაუჭირა და გაქცევა სცადა. პორუჩიკმა აბრაგის მოკეთეს ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილ ზელიმხანს ზურგში ბრმა ტყვია მოხვდა და ფილტვი გაუგლიჯა. სახელგანთქმულმა აბრაგმა მაინც მოასწრო გასროლა - ერთი ჯარისკაცი დაჭრა და სულიც განუტევა. ქიბიროვმა გვამს გაცივებაც არ აცალა, ისე მივარდა და სურათი გადაიღო - აბრაგის მოკვლისთვის ჯილდოდ 18 ათასი იყო დაწესებული და ცხადია, მხოლოდ სიტყვაზე პოლიცია არავის ენდობოდა. ერთი სიტყვით, პორუჩიკმა ქიბიროვმა ზელიმხანის მოკვლისთვის 18 ათასი მანეთიც მიიღო და ჩინიც; მალე, მან ჟანდარმერიაში დაიწყო მუშაობა.
ზელიმხანის მკვლელობის გამო მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, რუსულმა ადმინისტრაციამ გუშმაზაყაევების საგვარეულოს ყველა მამაკაცი ცხელ კვალზევე დაატუსაღა, ხოლო უშუალოდ ზელიმხანის ოჯახის წევრები - მეუღლე ძიეზაგი, ოთხივე შვილი და შვილობილი მაჰმადი ჯერ სტავროპოლში გადაასახლეს, მერე კი ყუბანში და გვარად "ზელიმხანოვი" მიანიჭეს. 1916 წელს ხელისუფლებამ მათ სამუდამოდ აუკრძალა ჩეჩნეთში დაბრუნება, თუმცა ერთი წლის შემდეგ, როდესაც ნიკოლოზ II ტახტიდან ჩამოაგდეს, აკრძალვა თავისთავად გაუქმდა. აბრაგის ოჯახი მშობლიურ სოფელ ხარაჩოიში დაბრუნდა. იქ მათ ნათესავები აღარ დახვედრიან და ამიტომაც, დამკვიდრება ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ - ზელიმხანის საკარმიდამო ნაკვეთი უკვე სხვებს დაეკავებინათ და ძმებს საცხოვრებელი ადგილის ძებნა მოუხდათ. საბოლოოდ, ისინი სოფლის განაპირას დასახლდნენ და პატარა ხუტორიც კი მოაწყვეს. 20-იანი წლების ბოლოს, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში ის-ის იყო, კოლექტივიზაცია უნდა დაწყებულიყო, ძმები ზელიმხანოვები უკვე შეძლებულად ცხოვრობდნენ - მათ უამრავი ხარ-ძროხა, თხა, ცხვარი ჰყავდათ და საბჭოთა ხელისუფლებასთანაც კარგად იყვნენ: ზელიმხანის ქართველი შვილობილი - მაჰმადი სოფსაბჭოს აგიტატორი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივიზაციის დაწყებისთანავე, ზელიმხანოვებმა საკუთარი საქონლის უდიდესი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს მთავრობას და სოფელ ხარაჩოიში კოლმეურნეობა "ზელიმხანი" ჩამოაყალიბეს. მაჰმად ზელიმხანოვი მალე "ჩეკაში" შევიდა და შალის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსიც კი გახდა. სხვათა შორის, ზემდგომ ორგანოებში იცოდნენ, რომ მაჰმადი წარმოშობით ჩეჩენი არ იყო და ამიტომაც, მას უფრო ენდობოდნენ - იმხანად კავკასიელ მუსლიმანებსა და განსაკუთრებით, ჩეჩენ-ინგუშებს "ჩეკაში" ნაკლებად იღებდნენ, რადგან სტალინი მათ ალმაცერად უყურებდა. მაჰმად ზელიმხანოვმა თავადაც იცოდა, რომ ქართველი იყო - სრულწლოვანი გახდა თუ არა, დედობილმა უამბო, თუ როგორ მოხვდა ის აბრაგის ოჯახში, ოღონდაც, ცხადია, არ უთქვამს, რომ მამამისის მკვლელი ზელიმხანი იყო.
ამავდროულად, ზელიმხანის მკვლელი ქიბიროვიც "ჩეკაში" მუშაობდა - ის უკვე გამობრძმედილ მუშაკად მიიჩნეოდა და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში უდიდესი გავლენით სარგებლობდა. ჩეჩნეთში ყველამ იცოდა, რომ აბრაგი ზელიმხანი სწორედ მას ჰყავდა მოკლული, მაგრამ ვერავინ ვერაფერს უბედავდა - ქიბიროვი ლავრენტი ბერიას მეგობარი გახლდათ და მასთან დაპირისპირება, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი იყო. ასე მიილია 30-იანი წლები, დაიწყო მეორე მსოფლიო ომიც და გერმანელები ჩრდილო კავკასიაში შემოიჭრნენ. ამ დროისათვის ზელიმხანოვები კვლავ ხარაჩოიში ცხოვრობდნენ და შეძლებულ კოლმეურნეებად მიიჩნეოდნენ. 1941 წელს მათ ფაშისტური გერმანიის აგენტურა დაუკავშირდა და გადაიბირა კიდეც. მაჰმად ზელიმხანოვი კი, როგორც ქართველი, თანაც - "ჩეკისტი" აგენტების ინტერესების მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისად ამუშავდა "ჩეკაც" და ერთ მშვენიერ დღეს, ქიბიროვმა მაჰმად ზელიმხანოვი ვლადიკავკაზში გამოიძახა, კაბინეტში შესულს კი მაგიდაზე ძველი, გაცრეცილი გაზეთი დაუდო, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ მოკლა აბრაგმა ზელიმხანმა გროზნოს ოლქის პლასტუნთა ასმეთაური, ალმასხან მარღანია. გარდა ამისა, ქიბიროვს თან ჰქონდა 1937 წელს დახვრეტილი მურათბი ყრიმშამხალოვის ჩვენებაც, ზელიმხანის ოჯახში ძუძუთა ბავშვის გაგზავნის თაობაზე. ერთი სიტყვით, "ჩეკამ" მაჰმად ზელიმხანოვის წარსულის ყველა დეტალი იცოდა და ამას იმიტომ ამზეურებდა, რომ სურდა, აბრაგის შვილობილი და შვილები როგორმე დაეპირისპირებინა.
მაჰმად ზელიმხანოვმა წარმოდგენილი მასალები გადაიკითხა და გაოგნდა - მას რაღაც-რაღაცები ეცნო და დარწმუნდა, რომ ამ შემთხვევაში "ჩეკა" არ ტყუოდა. "აი, ხომ ხედავ, ვის გაუზრდიხარ? შენი ვალია, შური იძიო! - უთხრა მას ქიბიროვმა და დასძინა: - ზელიმხანის ღვიძლი შვილები გერმანელების აგენტები არიან... დახოცე ისინი და აიღე შენი ნამდვილი მამის სისხლი!.."
GzaPressეს ქიბიროვის უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა - მაჰმად ზელიმხანოვმა პისტოლეტი იძრო და მთელი მჭიდი დააცალა. სროლის ხმაზე კაბინეტში "ჩეკისტები" შეცვივდნენ და მაჰმადი დააკავეს. მას ტირილი აუტყდა და წინააღმდეგობა აღარავისთვის გაუწევია: "ვნანობ, რომ უფრო ადრე არ მოვკალი!" - თქვა ქიბიროვზე და უცებ, ისტერიული სიცილი აუვარდა.
მაჰმად ზელიმხანოვის სასამართლო აღარ გამართულა - იგი სულიერად მძიმედ დაავადდა და სიცოცხლე ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა. მისი ძმობილები და დობილები - აბრაგ ზელიმხანის ღვიძლი შვილები "ჩეკამ" 1941 წელს დააპატიმრა და ციმბირში გადაასახლა. იქიდან დაბრუნება 1960 წელს, მხოლოდ და მხოლოდ დებმა - მადი და ანისა ზელიმხანოვებმა შეძლეს, რომლებმაც აბრაგის ქართველი შვილობილის შურისძიების ამბავი პირველად გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ერთ-ერთ უცხოელ ენათმეცნიერს უამბეს.

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი "გზა", 2011 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
31.01.2015
დიდი მადლობა, მიხეილ. საოცარი ისტორიაა, ზელიმხანის ეს ამბავი ნამდვილად არ მქონდა გაგონილი. ცრემლები მომადგა... ყოველთვის ასეთ საოცარ ამბებს წერთ, მიხეილ და ძალიან მიხარია თქვენი არსებობა და მეამაყებით. მიხარია, პირადად რომ გიცნობთ.
თუმი დიშნი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი