შუშის პირამიდა უკვე უცვლელ ატრიბუტად იქცა ისტორიული ნაწილისთვის
პარიზის ლუვრის ისტორია 1200 წლიდან იწყება. თავიდან მას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ ძვირფასეულობებისა და არქივების შესანახად გამოიყენებოდა. XIV საუკუნეში შარლ V ბრძენად წოდებულმა ის ბიბლიოთეკად გადააკეთა. მოგვიანებით, ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილას რენესანსის ეპოქის შესაფერისი სასახლე ააშენეს, რომელიც ლუვრს მიუერთეს.
მრავალი წლის შემდეგ, მოხდა მისი მუზეუმად ჩამოყალიბება და 1793 წლის 10 აგვისტოს პირველად გაიხსნა, როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შეძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა. ლუვრში დღეს დაახლოებით 40 000 ნიმუში ინახება. მათ შორისაა სახელგანთქმული "ჯოკონდა" (მონა ლიზა) - ეს მხოლოდ მცირედი ინფორმაციაა "პალიტრა ლ"-ის მორიგი უნიკალური პროექტის "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიიდან, რომელიც მალე მკითხველთან შესახვედრად ემზადება. "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" 12 მსოფლიო მუზეუმისა და ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიის შესახებ მოგითხრობთ და შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ როგორც მოგზაურობისას, ისე ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების გაზიარებისა თუ შედევრების შესწავლის თვალსაზრისით. როგორც მხატვარი, გუგა კოტეტიშვილი აღნიშნავს, პროექტი მოყვარულებთან ერთად, ხელოვნებათმცოდნეებსაც დაეხმარება, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა აღმოაჩინონ:
- კარგ მუზეუმს კი შეუძლია, პიროვნების მსოფლმხედველობა შეცვალოს და ისეთ საკითხებზე დააფიქროს, რისთვისაც შესაძლოა, მანამდე ყურადღებაც არ მიუქცევია. მსოფლიო მუზეუმებს შორის ლუვრს საკუთარი მნიშვნელობითა და ღირებულებებით ობიექტურად ლიდერის პოზიცია - ის გამორჩეულია არა მხოლოდ მასში დაცული მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებით, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისითაც. სხვათა შორის, საფრანგეთში დიდხანს კამათობდნენ ლუვრის შესასვლელში თანამედროვე ტიპის შუშის პირამიდის დადგმასთან დაკავშირებით. არსებობდა არგუმენტი, რომ თანამედროვე არქიტექტურა ლუვრის ისტორიულ მნიშვნელობას დაამახინჯებდა, თუმცა საბოლოოდ, პირიქით აღმოჩნდა - შუშის პირამიდა უკვე უცვლელ ატრიბუტად იქცა ისტორიული ნაწილისთვის როგორც ფუნქციურად, ისე ვიზუალურადაც. მოგეხსენებათ, შუშის პირამიდა ცენტრალურ შესასვლელს წარმოადგენს და კომუნიკაციის თვალსაზრისით, სტუმრებისთვის მუზეუმის დათვალიერების პროცესს ამარტივებს. ვფიქრობ, ნებისმიერმა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს ლუვრის ისტორიისა და იმ შედევრების შესახებ, რომელიც ამ მუზეუმშია დაცული. სხვათა შორის, ლუვრში ყოფნისას ხშირად მინახავს ბაღის ასაკის ბავშვები როგორ მოჰყავთ ჯგუფებად. კარგი იქნება, თუ საქართველოშიც შევეცდებით ამ კულტურის ჩამოყალიბებას ბავშვობიდანვე და საკუთარი დამოკიდებულება გაგვიჩნდება როგორც ისტორიის, ისე ხელოვნების ნიმუშების მიმართ.
- თუ გეხმარებათ თქვენ ლიტერატურა კონკრეტული მუზეუმის დათვალიერებისას?
- რა თქმა უნდა, კარგი წიგნი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კარგ მუზეუმში უშუალო შეხვედრა შედევრებთან. სანამ ლუვრს პირველად ვეწვეოდი, უამრავ ლიტერატურას გავეცანი, თუმცა როგორც წესი, ქართულად გამოცემულ წიგნებში ხშირად ინფორმაცია გაფანტულადაა წარმოდგენილი. მუზეუმები კი დაინტერესებულ მკითხველს აწვდიან სრულფასოვან ინფორმაციას, რომ მომზადებული და გაცნობიერებული შევიდეს თუნდაც ლუვრში. ვისაც მოგზაურობის შესაძლებლობა არა აქვს, მისთვის კიდევ უფრო აუცილებელია საოჯახო ბიბლიოთეკაში მაღალი დონის პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემული წიგნი-ალბომი ჰქონდეს და ბავშვებსა თუ ოჯახის უფროს წევრებს მსოფლიო შედევრების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს. ხშირად მომისმენია, რომ ინტერნეტშიც შესაძლებელია მუზეუმების დათვალიერება. კი ბატონო, თუმცა წიგნის კითხვა და დათვალიერება სულ სხვა მდგომარეობაა - უშუალოდ ეხები ფოტოსა და ტექსტს და უფრო აღიქვამ მას, ვიდრე ეკრანზე უყურებ.
რუსუდან შელია