ექსტრიმი ასწორებს!
font-large font-small
ექსტრიმი ასწორებს!
სააკაშვილი ბაქოში ყოფილა ჩასული. ახალ ამბავს გეუბნებით, დღევანდელს. ეგ არაფერი - სააკაშვილი იმის სააკაშვილია, რომ ხან ბაქოში იყოს, ხან ბუდაპეშტში, ხან ვაშინგტონში და ხანაც - კიევში, მაგრამ აქ საქართველოს ხელისუფლების რეაქციაა ყველაზე საინტერესო:
აზერბაიჯანელებს შეუთვალეს, ეგ კაცი ჩვენ მიერ იძებნება, დააპატიმრეთ და გადმოგვეცითო!

აპრუწუწუნ! ახლა, მე რომ აზერბაიჯანის მთავრობა ან სულაც, იქაური მოქალაქე ვიყო, ძალიან შეურაცხყოფილი ვიქნებოდი: შე ვითომ მთავრობავ, ამ ჩემის ნაპრეზიდენტალმა მოიარა მთელი მსოფლიო, თქვენი ახალი პრეზიდენტის გვერდით იჯდა სტრასბურგში ტრიბუნაზე, ინტერვიუებს არიგებს და "ფრონტის წინა ხაზზე" თავისი ცნობილი ცრემლის დემონსტრირებას ახდენს და ვერავის გაუბედეთ თქმა, - დააპატიმრეთო და მე რა დაბალი ღობე მნახე?!

წადით, რა, საქმე ნახეთ, თორემ გადაგიკეტავთ გაზს და მიყურეთ მერე შორიდან...

გარემოს დაცვის მინისტრს, ელგუჯა ხოკრიშვილს უცებ გაახსენდა, რომ ოჯახი გერმანიაში ჰყავს და რაც მთავარია, ეს ოჯახი მონატრებია! ადგა და გადადგა (ვაჰ, მშვენიერი ალიტერაცია გამოვიდა). ახლა ეს ამდგარ-გადამდგარი მინისტრი კი გვიმტკიცებს, რა ვქნა, ვერ გავუძელი მონატრებასო, მაგრამ ეჭვიანი კაცი ვარ მე და ამიტომ, ცუდი "დამთხვევა" მგონია ხოკრიშვილამდე რამდენიმე დღთ ადრე შავლიაშვილის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტის ასევე ნებაყოფლობითი დატოვება - მას "მოსანატრებელი" არავინ ეგულება გერმანიაში, ყველა აქ, საქართველოში ჰყავს და რაღა ექნა?! ადგა (ესეც "ადგა") და ავადმყოფობა მოიფიქრა. დაახლოებით ისე, მე რომ ბავშვობაში რადიატორზე ვადებდი თერმომეტრს და მხოლოდ ცხონებული ბებიაჩემის მოტყუებას ვახერხებდი. ოღონდ, მე მაშინ მესამე კლასში ვიყავი, ეს კი ზრდასრული კაცია.

მოკლედ, ერთი მინისტრიც და გავდივართ! გავდივართ კი არა და... პრინციპში, სწორედაც - გავდივართ. ჰო, ერთი კაცი და გავდივართ მომსახურების ზონიდან. როგორც იცით, ხოკრიშვილი მეექვსე იყო, შვიდი მინისტრის შეცვლა კი ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას.

რა გააწყალე გული, ამ ქვეყანას მთავრობისა თუ ცალკეული მინისტრების მოხსნა-გაკარუსელებით ვერ გააკვირვებო, - იქნებ მითხრათ, მაგრამ აქ მე სხვა რამის მოლოდინში ვიფშვნეტ ხელებს: კონსტიტუციის მიხედვით, ახალი მთავრობა და პრემიერი პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს! მაგარი სცენა იქნება, მარგველაშვილი რომ ისევ ღარიბაშვილს წარადგენს პრემიერად (არ მჯერა, რომ ვინმე სხვაზე შეაჩერებს არჩევანს "ის კაცი"...).

"იმ კაცზე" გამახსენდა: დღეს "ნაციონალები" ივანიშვილს მიუვარდნენ სოლოლაკის სასახლესთან და რაღაცები მოითხოვეს. რაღაცებს იმიტომ ვამბობ, რომ მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ საინტერესო ამბავი იქაც მოხდა: ნაფტალინიდან ირაკლი წერეთელი გამოჩნდა, ახლაგაზრდობა გაიხსენა და შიმშილობა გამოაცხადა - უგულავა, ახალაია და მერაბიშვილი გამოუშვითო! პოლიტპატიმრებიო! ეჰ, ირაკლი, ირაკლი... ისე, ორიგინალური სულ იყო ეს კაცი. შეიძლება, ახლაც ღადაობს.

ამ "ნაციონალების" რა მიკვირს, იცით? ასეთი რა ფული და რესურსი აქვთ, რომ რიცხობრივი მატების არარსებობის მიუხედავად (აბა, ერთი კაცი გაიხსენეთ თქვენს ირგვლივ, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში "განაცდა"), მაინც ამდენს და ასე ენერგიულად ყვირიან: აგერ, ზუგდიდში ბესელიასა და ვოლსკის მოუწყვეს ბასტი-ბუბუ; იქით გურიაში გადაკეტეს გზები და ა.შ.

მუშაობენ, ძმაო. მუშნი ზარანდიას რომ ჭორების გავრცელების სამსახური ჰქონდა, იმდაგვარიც აქვთ: უსუფაშვილი და ხიდაშელი სააკაშვილს შეხვდნენ კიევში, "კანიაკი" სვეს და "ოცნების" ჩამოგდება დაგეგმესო.

ხალხი ვიცი, ვინც ეს ამბავი დაიჯერა.

ამასობაში კი, თბილისში კიდევ რამდენიმე ათეული ხე მოჭრეს! ელისაშვილი, რატომ იშლი ნერვებს?! ხომ ხედავ, აზრი არა აქვს. დაბრუნდი ჟურნალისტიკაში და აქედან იგინე, თორემ დეპუტატისთვის ცოტა არასოლიდურია...

....უჰ, გამიხარდა: რუმინეთის კულტურის მინისტრი ჩვენებზე უარესი ყოფილა. უარესი კი არა, კარგა მაგრად წაუბრიყვებს:Lსერვანტესი და ჰამლეტი გენიალური მწერლები არიანო!!!

P.S. დებილი ეძახე შენ რუმინელ მინისტრს და აყვედრე შექსპირის არცნობა - ჰამლეტი და ოფელია არ იჭმება და არ ისმება, ხოლო რუმინული ლეი (ვალუტაა მაგათი) დგას ერთ ადგილზე კარგა ხანია (ყოველ შემთხვევაში, ევროსთან მიმართებაში), ჩვენი კლასიკური განათლების მქონე მთავრობის ხელში კი, დღეს 2.3-ს გადაცდა დოლარი და გაჩერებასაც არ აპირებს...

სამაგიეროდ, ჩვენთან უფრო საინტერესოა ცხოვრება! ექსტრიმი ასწორებს!
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2518 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი