მოსკოვს სიმღერის არ სჯერა!
font-large font-small
მოსკოვს სიმღერის არ სჯერა!
საშუალო და უფროსი ასაკის ქართველებს კარგად ემახსოვრებათ ის ფილმი, რომლის სახელწოდების ("მოსკოვს ცრემლების არ სჯერა") პერიფრაზიც დღევანდელი "პროვოკაციის" სათაურად შემოგთავაზეთ.
სხვათა შორის, კარგი ფილმი იყო და "ოსკარიც" დამსახურებულად მოიპოვა, როგორც იმ წლის საუკეთესო უცხოურმა ფილმმა და კარგი იქნებოდა, ზოგიერთ ახალგაზრდა ქართველსაც ჰქონოდა ნანახი, თუმცა, ნახვაც არ იყო საჭირო - მისი მრავლის მთქმელი სათაურისთვის ჰქონოდათ ყური მოკრული და პრაქტიკაში გაეთვალისწინებინათ (ამ "ახალგაზრდებში" ახალგაზრდა ქართველ მომღერლებს ვგულისხმობ), ან იმ "ძველგაზრდა" მომღერლებს (კარგი, რომ არ ეწყინოთ ასე ვიტყვი: "საშუალო ასაკის") მაინც ერჩიათ მათთვის, რომ მოსკოვს არც ცრემლების სჯერა, არც სიმღერის, არც დაფიცების და არც დაგინების!

მოსკოვი მოსკოვია და თუ გუშინ "ტეხავდა" და თუ გუშინ "ვი დონთ ვანა პუტინ", დღესაც "ტეხავს" და "დაჟე" უფრო მეტად ტეხავს, ვიდრე გუშინ "ტეხავდა" და საერთოდ: არ დაიჯეროთ, რომ ფულს სუნი არა აქვს! აქვს, თანაც ისე ყარს, რომ კიდევ სამი მთავრობა რომ გამოიცვალოს, ამ სუნს ვერ გაიცლით.

ამათი "ამყვავებელი" და "გამბლატავებელი" ყოფილი ხელისუფლების მეთაურთა ტვინებში რა ხდება, ეგ მაინტერესებს ძალიან - ბესელიას ინგლისურზე რომ ბჟირდებიან სიცილისაგან (ისე, მაგანაც რა "ჩაატარა"?!), ამათმა გამართული რუსულით ჭიკჭიკმა არ მოგჭრათ ყური?! Mმეც კიდევ, ისე ვკითხულობ, თითქოს პასუხს ველოდე ვინმესგან, - თავმოჭრილს ყურს რაღა მოჭრის?!

ამასობაში კი ახალი ხელისუფლება ახალ ბიუჯეტს განიხილავს და ისეთი პირი უჩანს, ესენიც "თავმოსაჭრელად" ემზადებიან: პენსიის მატება არ არის გათვალისწინებული პროექტშიო, - ეკონომიკის მინისტრმა ბრძანა! ატყდა ამბავი (რაც მართალია, მართალია - ჟურნალისტებმაც გამოვიღეთ ხელი) და ხადურმა ბრძანა: დაწყნარდით, არ იცოდა კვირიკაშვილმა, მე ვერ მკითხეთ? რადგან იყო დაპირება ორი წლის წინ, აუცილებლად იქნება 2015-ში პენსიის მატება, ორ თვეში გეტყვით, რამდენს მოვუმატებთ ზუსტადო... დღეს ონოფრიშვილი გამოვიდა და, ასე, 5-7 ლარით ალბათო! მაგარი სვლა იყო: ახლა თუ კიდევ გადაირევა ხალხი და მთავრობას ეტყვის, - 7 ლარს მარილი უყავით და ჯანში გაიკეთეთო, ისევ ხადური გამოჩნდება და განაცხადებს: - როგორ გეკადრებათ, ონოფრიშვილს ვინ ეკითხება? მერე რა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, რეალურად მხოლოდ კასპის მაჟორიტარია და მე ხომ დაგპირდით და გთხოვეთ ორი თვე? ჰოდა, მაცადეთ!

ორი თვის შემდეგ შეხედავენ, თუკი ხალხს ბრაზი გადავლილი ექნება, იმ 7 ლარს შემოაპარებენ, თუ არა და მოიფიქრებენ კიდევ რამეს...

...საერთოდ, ძალიან გაძნელდა საქართველოში ცხოვრება, ფასეულობათა და იდეალთა აღრევას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ტერმინოლოგიაც კი კარგავს თავის "მშობლიურ" მნიშვნელობებს - სიტყვა "თავისუფალი" თუ უარყოფით ასოციაციას გამოიწვევდა ჩემში, ვერსაოდეს ვიფიქრებდი. ალბათ ვერც თქვენ, არა? არ გჯერათ? ვცადოთ: "თავისუფალი ზონა" და "თავისუფალი თაობა"! ჰა, რას იტყვით? გესიამოვნათ? ისე, კარგია ახალგაზრდობა, ნიჭიერ და ნოვატორ ახალგაზრდას კი საერთოდ არაფერი სჯობს - აგე, ამ ორმა "დამოუკიდებელმა" ორგანიზაციამ დასცხო ერთმანეთს და კვერცხ-პომიდვრების შემდეგ (ეს ძველი "იარაღებია") წყლით სავსე პრეზერვატივები სტყორცნეს მომხვდურებმა დამხვდურებს!..

...ეჰ, რა ვიცი, გადაცემაში მყავდა სტუმრად მაგ "თავისუფალი თაობის" ლიდერი და რა რუსეთი, რის ბელორუსია, არავინ გვაფინანსებს, გროშ-კაპიკი არ გვაბადიაო ("ვისაც სჯერა, გავატარებ") - მერე და, შე დალოცვილო, ახალგაზრდა ხალხი ხართ, ათასი შიდსი, ებოლა და ჯანდაბაა მოდებული ქვეყანაზე, თუ ფული არა გაქვთ, აიღე ეგ პრეზერვატივი და დანიშნულებისამებრ გამოიყენე, ხაბაზისგან რა გინდა?!

თუ არა და, წადით აეროპორტში და მოსკოვის რეისი რომ ჩამოფრინდება, დახვდით გამოსასვლელში ზოგიერთს და გინდ წყლით სავსე ესროლეთ და გინდაც, ქუდად დაახურეთ - ორივე ალალია!..

P.S. ამ დღეებში ორი საქმე აღიძრა პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტებზე: ერთი თბილისში ("ერისთავის საქმე") ნარკოტიკის სავარაუდო ჩადებასთან დაკავშირებით, მეორე კი, - ქუთაისში, პატრულის მიერ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის გამო.
ცხადია, ორივე ცუდი ფაქტია, მაგრამ მაინტერესებს (თქვენი აზრიც მაინტერესებს და კომენტარებს ველი კვირისპალიტრა.გე-ზე და გზაპრესს.გე-ზე): ეს ორი ფაქტი რომ მოხდა, ხელისუფლებას მინუსად დავუწეროთ, თუ ორივეზე საქმე რომ აღიძრა და პოლიციელები რომ დაისჯებიან - პლუსად?
პროვოკატორი
ბეჭდვა