ვინ წარმოიდგენდა, გუბაზი უკრაინაში მიშას თუ ეწვეოდა, ანუ ქართველთა სათხოვარი უფლის წინაშე
font-large font-small
ვინ წარმოიდგენდა, გუბაზი უკრაინაში მიშას თუ ეწვეოდა, ანუ ქართველთა სათხოვარი უფლის წინაშე
პროვოკატორის ბლოგი

ამას წინათ მოვთქვამდი, უფლის გზებზე უფრო უცნაურია ქართველი პოლიტიკოსების გზები-მეთქი. ვინ წარმოიდგენდა, გუბაზი უკრაინაში მიშას თუ ეწვეოდა? ან ბოკერია-ინაშვილის ერთად დასხდომას წარმოიდგენდით? ან კიდევ, ხილული სასწაული არაა, უსუფაშვილი-ხაზარაძის პოლიტიკური ალიანსის გაფიქრებაც კი?

და მაინც, სად მარხია ძაღლის თავი? არ გვინდა ახლა ირონია და არავინ თქვას, ეგ თავი ვაშინგტონშია ან მოსკოვშიო. აქვეა, ჩვენთან. ვის ვირჩევთ, რას ვირჩევთ, რატომ ვირჩევთ, ჩვენს თავს დავუსვით ეს შეკითხვა? ამომრჩეველშიც რომაა პრობლემა, ამიტომაა არჩეულშიც ასეთი უპასუხისმგებლობა.
გინდა მაჟორიტარულად ავირჩიოთ, გინდაც - პროპორციულად ან თუნდაც შერეულად, გერმანულ-ბრიტანულ-გვატემალურად, რა მნიშვნელობა აქვს? მედიის უმეტესობა ვიღაცებისაა, ამ ვიღაცების ან მათიანებისაა ბიზნესები, ბანკები, მიწები, პარტიები, შავი მიწა და შავი წყალიც!

ეს შავი ფერი მაინც რა მაგარი ყოფილა, თან პარასკევს! გვაბოლებენ, გვაშავებენ
და გვატყუებენ. ამას წინათ შევცდი და ერთი მცირე ბინის ფართობზე დავაზუსტებინე ფასი სამშენებლო კომპანიას, ინვოისი მაინც მოვითხოვე, ბანკი ისე არ გასცემდა იპოთეკურ სესხს, თავისთავად ცხადია. თვალსა და ხელს შუა 4 ათასით მეტი აღმოჩნდა გადასახდელი... აი, ბატონო, აქაო, ელექტრო და გაზის მრიცხველი უნდა დაგიყენოთო! უფალო, შენ მოუსპე მაგათ "სტოჩნიკების" ბიზნესი, ამოდენა ფასი ღირს ეგა? მართალია, ის ინვოისი ქარს გავატანე, მაგრამ იმას ვდარდობ, რად გავაცდინე დრო, არ უნდა მცოდნოდა ამოდენა კაცს, ბიზნესი და პოლიტიკა ორივე მატყუარა რომაა ამ ქვეყანაში?

გასულ შაბათს თუ კვირას, არც მახსოვს კარგად, პოზიციისა და ოპოზიციის ბობოლები შეხვედრიან ერთმანეთს. ეს კი ვიცოდი, რასაც შეიტანდნენ, იმასვე გამოიტანდნენ ამ შეხვედრიდან ერთი და მეორე მხარეც. ვაშაძე ალბათ ულვაშებს ააცქმუტურებდა (საიდან მოვიფიქრე ეს სიტყვა, ესეც არ ვიცი), უსუფაშვილი კოხტად შეკრეჭილ წვერზე ხელს ჩამოისვამდა და ოჰ-ოჰო იტყოდა და ამასაც ინანებდა ლუდოვიკო მეთოთხმეტესავით, თაკო ჩარკვიანიც თუ იყო იქა, აუ, რამდენი ვართო, დაიკივლებდა და დიღმელაშვილი ვერც ვერაფერს იზამდა ერთი მიზეზის გამო - არ მიუწვევიათ იმ შეხვედრაზე. აბა, ეს ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი ვის რაში ესაჭიროება? "მოქესტეს" ეს კაცი! ქვეყნის ბედზე მდარდებელთა არმიაში კმარა ენძელა და გუგული, სარიშვილი და წილოსანი, ლომჯარია და ჯანეზაშვილი, თალკვაძე და მდინარაძე (ეგებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს, გენდერულ ჭრილში როგორი ჩამონათვალი "მივეცი"? ქალები მეტი, კაცები ნაკლები!)

არჩევნები რისთვის ტარდება, ხალხო, ვიცით, არა? ხელისუფლების წყაროა ხალხი და ჩვენი არჩევანით ვქირაობთ გუნდს, რომელიც მოგვემსახურება. სინამდვილეში სურათი კატასტროფულად სხვა რამეს გვეუბნება: არჩევნები ტარდება იმისთვის, რომ სამასიოდე კაცს (ხელისუფლებას) მრავალტანჯული სახე ჰქონდეს ვითომც დიდი შრომის გაწევის გამო, ამ სამასიოდეს კიდევ, ათი ამდენი ოპოზიციაში უდგება და კინკლაობით მოიპოვებენ პურს! აბა, სააკაშვილი, ბურჯანაძე, უსუფაშვილი, თუნდაც გუბაზი - არ იყვნენ ხელისუფლებაში? იყვნენ. რა ჯანდაბა აკეთეს? ათიოდე წლის წინ არაფერი ღირებული შეუქმნიათ და ახლა რას მოგვიოოქროებენ? ჰო, ის არ დაგვავიწყდეს, ბოქლომიადა რომ დავიწყეთ - მიშისტები ბიძინისტებს უკიდებენ კარზე კლიტეებს, ბიძინისტები - "ნაციონალებს" აგინებენ, თან ბოქლომებთან ერთად ცოცხებს ურჭობენ ოფისის კარზე... ასე გააგრძელეთ და ეკონომიკას გიგი უგულავას ვანში მოყვანილი კარტოფილი ააყვავებს, ან კიდევ - სალომეს სალობიედან განდევნა!

პ.ს. ღმერთთან მიდის "ნაციონალი" და "ქოცების" ამოწყვეტას სთხოვს; "ქოცი" "ნაცების" გაჟუჟვას სთხოვს. აი, ვისთვისაც თითქმის ერთი და იგივეა ორივე პარტია, ის კიდევ იმას სთხოვს, რომ ორივეს სურვილი აუსრულოს ღმერთმა...

ბეჭდვა