გამყრელიძის "ატრიადი", გამურული გაბუნია და კორონა, ანუ რა ურჩია ბიძინას და მიშას ერთმა კეთილის მსურველმა?
font-large font-small
გამყრელიძის "ატრიადი", გამურული გაბუნია და კორონა, ანუ რა ურჩია ბიძინას და მიშას ერთმა კეთილის მსურველმა?
პროვოკატორის ბლოგი

გასაოცარია, მაგრამ ჯანდაცვის საკითხებიც კი "ფეისბუკით" განვიხილეთ. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო წარმოუდგენლად ყოჩაღად დაუხვდა ამ განსაცდელს და უკვე განკურნებაც დაიწყეს კორონათი დაავადებულებმა. ორთოდოქსმა "ნაციონალებმაც" კი აღნიშნეს, რომ გამყრელიძის "ატრიადი" დიდი პროფესიონალიზმით მიუდგა პრობლემას. თვით დიდ ნიკა გვარამიასაც კი უთქვამს რაღაც კარგი, თუმცა გიორგი გაბუნიას გაუმურავს სახე, რის გამოც, კიდევ ერთხელ მიაწებეს პოპულისტის იარლიყი.

მაინც საიდან გვაქვს ამ ნეგატივების გაძლების დიდი უნარი? სავარაუდოდ, გეოპოლიტიკური მდებარეობა ხასიათში აისახა და ვუძლებთ თურქ-სელჩუკებს, არაბებს, სპარსთა და რუსთა! ჰო, "მოქალაქეთა კავშირსაც" გადავურჩით, "ნაციონალებსაც" და "ქოცებსაც" გავუძლებთ! უბრალოდ, ის მაინტერესებს, ჩვეულებრივი მოქალაქეები რატომ ცდილობენ, რომ მეტი საშინელება დაგვატყდეს თავზე? ერთი ახალგაზრდა კაცის დაკვირვებით ჩვენ და ნიდერლანდებს ერთ დღეს გვქონია პირველი დაინფიცირების შემთხვევა. ჩვენთან რომ დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, 5 წუთის შემდეგ დაფიქსირდა ნიდერლანდებშიც. დღეს იქ 1135 შემთხვევა აქვთ, ჩვენ 35-ზე ოდნავ მეტი. ეს როგორ თქვიო? - დაესივნენ საბრალოს. სად ნიდერლანდელთა რაოდენობა და სად ჩვენი, თანაც იქ უამრავი ტურისტი ჩადის და ეგ არ უნდა გაითვალისწინოთო? ან კიდევ, ორიოდე თვის მერე ნახეთ, ქართველები გაწყვეტილები ვიქნებით, ისინი კიდევ ისევ, მილიონებით იქნებიანო... იყვნენ, განა რა უნდა შეგვიჭამოს ატლანტის სანაპიროზე მცხოვრებმა ერმა? ან ჩვენ რატომ უნდა გავწყდეთ, ეს ვერ გავიგე და მწარედ გამეღიმა! ისე, თუ დააკვირდებით, არაერთს ფარულად უნდა კიდეც, რომ კორონამ ხელი დაგვრიოს და უმართავი გახდეს სიტუაცია, მაგრამ ვერ მივართვით - კარგი ხალხი დგას სადარაჯოზე!

ყველაზე მეტად ორმა ფაქტმა გამაოცა ამ "კორონიანობის" დროს - ბანკების მიერ შეღავათების გამოცხადებამ და პროდუქტების მარაგებზე დოღმა. სწორი გითხრათ, იმდენად არ ვენდობი საბანკო სექტორს, რომ მაგათი გამოცხადებული საშეღავათო აქცია ღიმილში გავატარე. ჯერ სად გინახავთ, ბანკებს ისეთი რამე გაეკეთებინოთ, რომელიც ხალხს წაადგებოდა? ვიღაცებმა დაწერეს, უარეს დღეში ჩაცვივდებიან მომხმარებლები, სამი თვე მოითმენენ ბანკები და მერე ერთბაშად ამოიღებენ ამოსაგებსო... ვნახოთ, ვნახოთ...

ახლა კი პროდუქტების მარაგებზე ვილაპარაკოთ. შენახვის ვადა სოდის გარდა, ყველაფერს აქვს და მაღაზიებიდან გატანილმა მაკარონის, ზეთის, რძისა და ტუალეტის ქაღალდის ოდენობას რომ შევხედე, მივხვდი, თუ გადაურჩნენ ეგ მგროვებელი ხალხი კორონას, კუჭის ანთება ან ვადაგასული პროდუქტები მაინც მოუღებს ბოლოს! თუ ამათაც გადაურჩნენ, მაშინ ტუალეტის ქაღალდის მოხმარებით მაინც არ დაადგებათ კარგი დღე... ისე, ერთმა ჰუმანისტურმა აზრმაც გამიელვა, ეგებ ეგ ხალხი შეჭირვებულთათვის ყიდულობენ და ჩუმად არიგებენ ღამით! იცით, რატომ, ღამით? უბრალოდ, სიკეთის კეთება ისაა, როცა მარჯვენის ნამოქმედარი არ იცის მარცხენამ, თორემ ტელეკამერებმა ხომ არ უნდა იცოდეს და არ უნდა იცოდეს...

პ.ს. ბიძინას და მიშას ერთმა კეთილის მსურველმა ურჩია, რომ მსუქანი ადამიანები არ დაიმეგობრონ, რადგან ისინი კეთილგანწყობას მოიპოვებენ და ყველაფერს შეუჭამენ. გამგები კი გაიგებს, საითაც ვისვრი კენჭებს...

ბეჭდვა