sheabi.ge პარალელურ სამყაროში (I-II ნაწილი)
font-large font-small
sheabi.ge პარალელურ სამყაროში  (I-II ნაწილი)
ცოლიანი მამაკაცისა და გასათხოვარი ქალის ვირტუალურად დაწყებული რომანი
(რეალურ ფაქტებზე აგებული ამბავი)



რომანი, რომლის კითხვასაც ახლა შეუდგებით, შემთხვევის წყალობით დაიწერა. ახალგაზრდა ქალბატონი დამიკავშირდა და მითხრა: ჩემი და ერთი მამაკაცის ურთიერთობა ვირტულაურ სამყაროში დაიწყო და საინტერესოდ ვითარდება. მომავალ კვირაში დაბადების დღე აქვს და მინდა, სიურპრიზი გავუკეთო - თუ შეიძლება, ჩვენი ურთიერთობის შესახებ ჩემთან ინტერვიუ ჩაწერეთ და გამოაქვეყნეთო. შევხვდით... ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ უფლება მომცა, მათი მიმოწერაც წამეკითხა. მათ საუბარს შინ ჩავუჯექი და მთელი ღამე გავათენე კითხვაში. ბოლოს მივხვდი, საინტერსო ამბის დაწერას შევძლებდი გაგრძელებებით და ნატალის ჩემი იდეა შევთავაზე. დამთანხმდა, ოღონდ ერთი პირობით: მამაკაცის შესახებ ისე დამეწერა, რომ ვერავის ამოეცნო, რადგან ის ცოლიანი იყო:
- წარმოდგენა არა მაქვს, რა მოჰყვება ამას. ალბათ, მომავალი გვიჩვენებს... ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც უცხო ადამიანთან ინტერნეტში გასაუბრება გადავწყვიტე, ძალზე ბანალურია და ის გახლდათ, რომ შვებულება ქალაქში გავატარე და ძალიან მოვიწყინე. სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, თუ ამ გართობას რაიმე საინტერესო ნაცნობობა მოჰყვებოდა. ახლა კი ყველაფერი საჯარო განხილვის საგნადაც გადაიქცევა... თუმცა, შიში არ მაქვს. მკითხველის კრიტიკასა და შეკითხვებს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ჩვენი ნაცნობობა კი, ზურას ინიციატივით დაიწყო, რომელმაც ჩემი "პროფილი" წაიკითხა და მოეწონა. ვირტუალურ სივრცეში პანდორას სახელით ვიყავი დარეგისტრირებული.

მაშ ასე, დავიწყოთ:

14 აგვისტო, ორშაბათი, 22:43
ზურა: გაიხარე, ჩემო კარგო, შენი ფოტო მომეწონა, ანკეტაც ჭკვიანურად შეგიდგენია. ზოგიერთმა შენმა ფრაზამ კი, ჩემი წარსულიც გამახსენა. თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუ მიპასუხებ :)))

23:44
პანდორა: თქვენი მესიჯი ისეთ დროს ვნახე, რომ საიტზე უკვე აღარ ხართ, მაგრამ მაინც გპასუხობთ, რადგან მომეწონეთ.

15 აგვისტო, სამშაბათი, 23:56
ზურა: აი, როგორც იქნა, ერთდროულად ვართ საიტზე. შენი ნამდვილი სახელი მითხარი, რომ მოგმართო.

პანდორა: ნატალი.

ზურა: მე ზურა ვარ, როდის შეიძლება, რომ უფრო ახლოს გაგიცნო? მაპატიე, თუ ასე ვჩქარობ.

პანდორა: იჩქარე ნელა! :))) უფრო ახლოს გაცნობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მითხარით, რატომ დაინტერესდით ჩემით?

ზურა: პირველ რიგში, სურათი მომეწონა, მეორეც, უცნაურმა სახელმა მიიქცია ჩემი ყურადღება. რატომ დაირქვი პანდორა? იცი, რას ნიშნავს ეს სახელი? თანაც, შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს "შენობით" მივმართავთ, კარგი? :)))

პანდორა: თანახმა ვარ! პანდორას პირდაპირი თარგმანია - "ყველასგან დასაჩუქრებული". ისე კი, ეს გახლავს მითური, მაცდური, ციური ქალი, პირველი დედაკაცი. ის მიწისა და წყლისგან შექმნა ჰეფესტომ, რომელსაც ათენაც ეხმარებოდა, მერე, ყველა ღმერთმა თავისი საჩუქარი უბოძა - ხმა, სილამაზე, მომხიბვლელობა, რათა პრომეთეს ძმა, ეპიმეთე მოეხიბლა და კაცთა მოდგმის დამღუპველი, "საჩუქრებით" სავსე "პანდორას ყუთი" ჩამოეტანა დედამიწაზე, პრომეთეს მიერ მოტანილი ცეცხლისათვის სამაგიეროს მისაგებად. აფროდიტემ მას ციური მიმზიდველობა უბოძა, ჰერმესმა - მზაკვრობის, ცბიერებისა და ლამაზი მეტყველების უნარი, ჰორებმა ყვავილებით შეამკეს, ათენამ სამოსი მოუქსოვა, ზევსმა კი, მისცა ყუთი, რომელშიც იყო ყველა მიწიერი უბედურება, ჭირი და კაეშანი. შურისმგებელი ზევსის ასეთი საჩუქრით მიადგა ეპიმეთეს, რომელმაც ძმის, პრომეთეს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა, ქალი მიიღო და ცოლადაც შეირთო. შემდეგ, ცნობისმოყვარე პანდორამ ყუთს თავი ახადა, იქიდან ყველა უბედურება წამსვე ამოფრინდა და მთელ დედამიწაზე გაიფანტა. შეშინებულმა ქალმა ყუთს თავი დაახურა და შიგ დარჩა მხოლოდ იმედი, ყველა საზრუნავის სამაგიერო, რომელიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს.

ზურა: და ამით იმის თქმა გინდა, რომ ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, მაცდური, მზაკვარი და შენც კაცთა მოდგმისთვის უბედურება მოგაქვს? :)))

პანდორა: არა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ყუთში მხოლოდ იმედი "გდია".

ზურა: იმედი ბევრს ნიშნავს, ჩემო კარგო... ნატალი, მოდი, შენ შესახებ მომიყევი, ვინ ხარ, რას საქმიანობ, რით სუნთქავ?..

პანდორა: იქნებ, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ?

ზურა: რატომ?

პანდორა: იმიტომ, რომ ახლა უკვე გვიანია, საათი ღამის 2-ს უჩვენებს და მეძინება. მაპატიე, უნდა დავიძინო. :)))

ზურა: გული მწყდება, მაგრამ როგორც შენ იტყვი, ისე იყოს. მე კი, ჩემ შესახებ ორიოდე სიტყვას გეტყვი, იქნებ, შენც გაიხსნა. ვარ 36 წლის, მყავს ცოლი და ერთი შვილი. ვმუშაობ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ძალზე სოლიდურ სახელმწიფო ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ. ვარ აქტიური და მხიარული ადამიანი. მაქვს იუმორის გრძნობა და სიამოვნებით ვიმეგობრებდი ჭკვიან და ლამაზ ქალთან, ისეთთან, როგორიც შენ ხარ.

ზურა: წახვედი? :((( არ დაელოდე ჩემს პასუხს?.. ეჰ, კარგი, მეც წავალ...

ზურა: ნატალი, ძალიან მომეწონეეეეე! მომავალ შეხვედრამდე!

16 აგვისტო, ოთხშაბათი, 20:50
ზურა: ნატალი, სად ხარ, სიხარულო? დღეს რატომ არ გამოჩნდი? ჩემი წერილები არც კი გაგიხსნია. გელი, როდის მოხვალ?

17 აგვისტო, ხუთშაბათი, 22.12
ზურა: ნატალი, ძალიან ვნერვიულობ, რომ არ ჩანხარ. ხომ მშვიდობაა? მოდი, მოოოდიიიი!

23:24
პანდორა: მოვედი! გამარჯობა! :)))

ზურა: იცი, როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა? სად იყავი? მომენატრე!

პანდორა: ესეც ახალი ამბავიიი!

ზურა: რა არის ახალი ამბავი, რომ მომენატრე? შენ ის მითხარი, სად დაიკარგე მთელი 2 დღე?

პანდორა: მეგობარი ისვენებს წყნეთში, ბავშვებით და მასთან ვიყავი, მოსანახულებლად.

ზურა: იქ კარგი იქნება, ალბათ, გრილა. რატომ არ დარჩი?

პანდორა: ვერ გავჩერდი, ჩემს სახლში მირჩევნია.

ზურა: რატომ არ მეუბნები, სად მუშაობ? დასასვენებლად რატომ არ მიდიხარ? თუ ჩემსავით სამსახური არ გიშვებს?

პანდორა: პროფესიით "მალიარი" ვარ და ვინაიდან ახლა რემონტების სეზონია, ბევრი საქმე მაქვს… :)))

ზურა: მერე რა მოხდა? მშვენიერი პროფესია გქონია. ვგიჟდები, "მალიარებზე"! :))) მეც მაგით დავიწყე და ხომ ხედავ, სადამდე მოვედი?

პანდორა: მე კი, "სანტეხნიკობით" დავიწყე და უკვე მაღალკვალიფიციური "მალიარი" ვარ! ე.ი. "მალიართან" ურთიერთობაზე თანახმა ხარ?

ზურა: კი, ჩემო პატარავ. არავითარი სურვილი არ მაქვს შენი დაკარგვის!

პანდორა: ხედავ, რა ნიჭიერი ვარ?! ჩემი ადგილი "გოროდშია".

ზურა: პატარავ, შენ სოფლელობის არაფერი გეტყობა, კარგი "გაქექილი" ჩანხარ! :))) ისე კი, ხუმრობა იქით იყოს და, მართლა მაინტერესებს, რას საქმიანობ.

პანდორა: პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ვმუშაობ კერძო კლინიკაში, ჩემი სპეციალობით და კერძო პრაქტიკასაც მივდევ.

ზურა: ოოო, ეს საკმაოდ კარგი და საჭირო პროფესიაა. იქნებ, მეც გავხდე შენი პაციენტი.

პანდორა: სიამოვნებით დაგეხმარები. თუ მხოლოდ ფსიქოლოგი გჭირდება და არა - ფსიქიატრი. :)))

ზურა: არც ეგ არის სიმართლისგან შორს. ჩემი საქმის გადამკიდეს, მალე მართლაც დამჭიდება ფსიქიატრი. გინდა, გამოგიარო და სადმე გაგასეირნო?

პანდორა: შენ როგორ ფიქრობ, ახლა, ღამის 2 საათზე, შენთან შესახვედრად გამოვალ? უიიი, მანამდე არაფერი ჭამო შენ!

ზურა: ქალაქგარეთ გავიდოდით და გავგრილდებოდით. მოიფიქრე, ურიგო წინადადება არ არის!

პანდორა: მეძინება, კარგად!

ზურა: არ წახვიდე, რაააააა...

ზურა: უი, მაინც წახვედი? რა გაეწყობა. მეც წავალ სახლში, "დავეგდები" და დავიძინებ...

18 აგვისტო, პარასკევი, 11:23
ზურა: მალე მოდი, რა, უკვე მენატრები...

15.45
ზურა: სად ხარ, გოგო, უკვე ისე მომენატრე, რომ უშენშოდ ვეღარ ვძლებ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გიცნობ. ვნანობ, რომ ტელეფონის ნომერი არ გამოგართვი... ნააა-ტაააა-ლიიიიი!

20:32
პანდორა: აი, მოვედი!

ზურა: ჰოდა, რა მითხარი, როდის შევხვდეთო?

პანდორა: ახლა წავედი, ჩემო კარგო, არ მცალია, წუთით "შემოვიხედე".

ზურა: არ წახვიდე რააა, არ წახვიდეეეეე!

21:40
ზურა: აკი წავედი, არ მცალიაო? შენ კი, ისევ აქ ხარ! სხვებს ელაპარაკები?

პანდორა: რა შენი საქმეა, მე რას გავაკეთებ? როცა მინდა, წავალ, როცა მინდა - მოვალ!

ზურა: შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ! გელოდები, ჩემო "მალიარო"!

პანდორა: სად მელოდები?

ზურა: ორღობეში...

პანდორა: ბნელში?

ზურა: კი, ბნელში...

პანდორა: ვაი, მერე?

ზურა: რაღა მერე? ავდგები და იმ ბნელ ორღობეში გაკოცებ...

პანდორა: აბა, ახლა "მიაყე", როგორც კახელები იტვიან ხოლმე!

ზურა: რატომ, სიხარულო, ასეთი რა გითხარი?! გაკოცებ-მეთქი, სხვა ხომ არაფერი მითქვამს!

პანდორა: მოკლედ, წავედი, კარგად!

ზურა: აუუუუ, გეწყინა? მაპატიე, რაააა! აღარ გეტყვი, გეფიცები... არ წახვიდე!


19 აგვისტო, შაბათი, 17:32
ზურა: ვააა, მოხვედი? იმედია, აღარ მიბრაზდები!

პანდორა: ცოტა კიდევ ვარ გაბრაზებული...

ზურა: მაპატიე, არ მინდოდა... მართლა...

პანდორა: კარგი, დავივიწყე... გაპატიე...

ზურა: გეეე-ნაც-ცა-ლეეეე...

პანდორა: ისევ დაიწყე?

ზურა: არა, არა! ვიცი, რომ შენც გიჟდები ჩემზე...

პანდორა: ჰო, სულ მაგას არ გეუბნებოდი - ოცნება ხარ, ჯემალ, და მიყვარხარ, შიოლა-მეთქი?!

ზურა: :)))

პანდორა: რატომ იცინი?

ზურა: მერე, მე რომ ჯემალი არა ვარ?

პანდორა: ჩემი ხათრით, იყავი, რააააა!

ზურა: კარგი, შენი ხათრით ვიქნები, ჩემო ნატალი...

პანდორა: მე წავედი, საღამოს შევხვდებით...

ზურა: საღამოს აქ შევხვდებით თუ პაემანს მინიშნავ?

ზურა: წასულხარ... ალბათ, ისევ აქ შევხვდებით...

22:35
ზურა: ძლივს არ გამოჩნდი? სხვათა შორის, დღეს შაბათია, ვისვენებ და შენი გულისთვის ვზივარ აქ შუაღამემდე... შენ კი ძლივს მოხვედი.

პანდორა: მე არ მითხოვია, დამელოდე-მეთქი!

ზურა: აჰა, რა უმადურია... ხვალ ცოლ-შვილი მიმყავს დასასვენებლად. ბათუმამდე ჩავაცილებ, მერე ისინი თურქეთში წავლენ, მე კი საღამოს უკან
გამოვბრუნდები. თუ გინდა, ჩემს მძღოლს ვეტყვი, რომ შენც წამოგიყვანოს ბათუმში. ცოლ-შვილს ჩემი მანქანით წავიყვან და რომ გავაცილებ, მე და შენ ზღვის ნაპირზე გავისეირნოთ, თბილისში კი სამშაბათს დავბრუნდეთ.

პანდორა: როგორ ფიქრობ, მაგაზე რა პასუხს მიიღებ?

ზურა: :))) მივაყენო - როგორც კახელები იტვიან?..

პანდორა: შენც ნიჭიერი ყოფილხარ!

ზურა: ე.ი. უარს მეუბნები ჩემს წინადადებაზე?

პანდორა: გინდა, ერთ ამბავს მოგიყვები?

ზურა: მინდა!

პანდორა: შარშან შემოდგომაზე, ჩემთან დედა-შვილი მოვიდა. გოგონა 24 წლის იყო. დედაც ძალზე ახალგაზრდა ჰყავდა - 42 წლის. ერთიმეორეზე უკეთესად
გამოიყურედნენ. ერთმანეთს მტრებივით უბღვერდნენ; როდესაც დაჯდომა შევთავაზე, ერთმანეთისგან შორს მდგარი სკამები აირჩიეს.

ზურა: ისინი შენთან, როგორც პაციენტები, ისე მოვიდნენ? თუ ახლობლები იყვნენ?

პანდორა: მათ პირველად ვხედავდი. წინასწარ დამირეკეს და მიღებაზე ჩაეწერნენ.

ზურა: შემდეგ? გააგრძელე...

პანდორა: მათი საქციელიდან გამომდინარე მივხვდი, რომ დედა-შვილს შორის კონფლიქტი იყო. შევთავაზე, რომ ცალ-ცალკე დაველაპარაკებოდი, მაგრამ ერთად საუბარი არჩიეს. დედა შედარებით მშვიდი იყო. გოგონა კი ღელავდა, სკამზე წრიალებდა, ადგილს ვერ პოულობდა და საუბარიც სწორედ მან დაიწყო. პირველი, რაც მითხრა, ის იყო - დედა მკვლელობაში უნდა ვამხილოო...

ზურა: რას მეუბნები?! მერე?..

ზურა: სადა ხარ, ნატალი, რატომ აღარ მწერ?

პანდორა: მაპატიე, ზურა, სტუმარი მომივიდა და ცოტა მოგვიანებით გავაგრძელოთ...

ზურა: ვაჰ, როგორ გაქრები ხოლმე, რა! მცირე დოზებით მაქვს შენთან ურთიერთობის სიამოვნება... სურათი, ნატალი? სურათი რომ უნდა მეთხოვა შენთვის?! კარგი, მერე იყოს, გკოცნი...

21 აგვისტო, ორშაბათი, 10:35
ზურა: გამარჯობა, ჩემო პატარავ, როგორ ხარ? იცი, როგორ მომენატრე? გუშინ მთელი დღე ვერაფერი მოგწერე, გზაში სულ შენზე ვფიქრობდი... ახლა კი ჯერ დილაა და ალბათ გძინავს ან დილის საქმით ხარ დაკავებული. მე კი გულმა არ მომითმინა და გწერ და გწერ... ერთი სული მაქვს, როდის მოხვალ... ისე, მეგონა, გუშინ ერთ მესიჯს მაინც დამიტოვებდი... გავხსენი ფოსტა და... არაფერი... კარგი, დღეს ორშაბათია, თათბირი უნდა ჩავატარო და ასე, ერთ საათში დავამთავრებ. იმედია, აქ დამხვდები...

13:02
პანდორა: გამარჯობა, როგორ იმგზავრე?

ზურა: ვააა, მოხვედი? როგორ იყავი, უჩემოდ?

პანდორა: კარგად... :)))

ზურა: გოგო, სულ მცირე შებრალების უნარი მაინც არ გაქვს? ისე, ტყუილად მაინც მითხარი, რომ მოგენატრე...

პანდორა: ტყუილი გირჩევნია?

ზურა: სიმართლე მირჩევნია, მაგრამ გულის გასახარად ტყუილიც შეიძლება. თანაც, ხომ გაგიგონია, შეძახილმა ხე გაახმოო და ხშირად რომ მეტყვი, მიყვარხარ და მომენატრეო, მართლა შეგიყვარდები...

პანდორა: რა მეოცნებე ხარ! გჭირდება, მერე, ცოლშვილიან კაცს, ჩემი სიყვარული?

ზურა: "მე რომ განგებას სულთნად დავესვი,
მეყოლებოდა, ჯარი ურიცხვი,
გავილაშქრებდი, საქართველოზე,
სწორედ ასეთი ქალის გულისთვის...
ვერ ამიბამდა ვერც თვალს, ვერც ჭკუას,
მე სხვა საუნჯე, გურჯთა ქვეყნიდან,
შენი სულ ერთი წარბის მოღუშვაც,
საჰარის თავზე ღრუბლებს შეყრიდა...
აი, გიყურებ, ქალო და ვლამობ,
გადავაცილო, ხვაშიადს მტვერი,
იქნებ შენგვარი ქალების გამო,
ქართლს ფუტკარივით ეხვია მტერი..."

პანდორა: ოჰო! როგორი რომანტიკული ყოფილხარ!

ზურა: ახლა ჩემს ოთახში, მაგიდის გარშემო 6 ადამიანი ზის და 12-მილიონიან პროექტს განვიხილავთ… მე კი ამ დროს ისეთი სერიოზული სახით გწერ ლექსებს, რომ ყველას ჰგონია, ვმუშაობ...

პანდორა: გინდა, მოვიდე მანდ და ყველაფერი თავდაყირა დავაყენო?

ზურა: უყურე შენ! მე სერიოზული ქალი მგონიხარ და შენ თვალი ცელქობისკენ გიჭირავს?

პანდორა: შენ გესაუბრები და თან სიმღერას ვუსმენ... "ბესამე მუჩო"-ს... რაღაც, სევდიან განწყობილებაზე დამაყენა... იცი, რას ნიშნავს, "ბესამე მუჩო"?

ზურა: ვიცი! ეს ნიშნავს - "მაკოცე მაგრად". ჰოდა, როცა გნახავ, იმდენს გაკოცებ, რომ ვერ დათვლი... ახლა ისევ არ გამიბრაზდე... გეხუმრე, არისტოფან, გე-ხუმ-რე!

პანდორა: ბუტე-ბუტე, გაგებუტეეეე...

ზურა: კარგი ვინმე ხარ! ჩასაყლაპი...

პანდორა: ნუ მომკალი, სიცილით...

ზურა: რა, არა? ჩასაყლაპი ხარ, აბა არ ხარ?

პანდორა: თითქოს ჭკვიანი და მიამიტი ადამიანი ჩანხარ, მაგრამ ეტყობა, მაგარი შემბმელი ხარ...

ზურა: ნატალი, ნუ მიხურებ, რაააა... იცი, რა მაინტერესებს?

პანდორა: ვიცი...

ზურა: იცი? აბა, მითხარი, რა იცი...

პანდორა: შენ გაინტერესებს, ჩემი ოჯახური მდგომარეობა...

ზურა: ვა! შენ როგორც ჩანს, პროფესიონალი ფსიქოლოგი ხარ... როგორ მიხვდი?

პანდორა: მე ის მიკვირს, რომ მთელი კვირაა, ერთმანეთს ვიცნობთ და აქამდე არ მკითხე.

ზურა: შენთან ურთიერთობა იმდენად საინტერესოა, რომ თითქოს მნიშვნელობაც კი არ აქვს, ვინ ხარ... მითხარი შენ შესახებ... ანკეტაში გიწერია, რომ 32 წლის
ხარ. მართალია? თუ იტყუები?

პანდორა: მართლა 32 წლის ვარ. მყავს და, რომელიც გათხოვილია და უკვე შვილიშვილიც ჰყავს. მშობლები არ მყავს. დედა და მამა გაშორებული იყვნენ. მამა რუსეთში ცხოვრობდა... ვინაიდან ჩემი და უკვე 47 წლისაა, შესაბამისად, ჩემზე მთელი 15 წლითაა უფროსი. ჩემი დაბადება სრულიად შემთხვევით მოხდა. მამა რუსეთიდან ჩამოსულა, რამდენიმე თვით. დედას უფიქრია, რომ თუ მეორე შვილს გაუჩენდა, ის აღარსად წავიდოდა, მაგრამ ჩემს დაბადებასაც კი არ დაელოდა, ისე გაიქცა. მე მამა თვალითაც არ მინახავს. მას შეატყობინეს, რომ მეორე გოგო შეეძინა, მაგრამ სურვილი არ გამოუთქვამს, რომ ვენახე. დედა ამ დროს უკვე 40 წელს გადაცილებული იყო. 6 წლის ვიყავი, როცა ის კიბოთი გარდაიცვალა. ჩემმა დამ გამზარდა. დედის გარდაცვალების წლისთავზე ქეთინო გათხოვდა და რა თქმა უნდა, მე "მზითვში" ვერგე. ძალზე კარგი ოჯახი შეხვდა. მისმა დედამთილმა დედობა გამიწია, ქმარმა - ძმობა... სკოლაში მან მიმიყვანა. ისე კარგად მახსოვს... ჩემი სიძე ამბობდა ხოლმე: შვილის სიყვარული ნატალისგან ვისწავლეო... ჩემი დისშვილი ჩემზე 7 წლითაა უმცროსი. მასაც, ჩემი სიყვარულით, ნატალი დაარქვეს. ასე ვიზრდებოდით, მე და პატარა ნატალი, ერთად. ეს ადამიანები, ვისზეც ახლა გიყვებოდი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან... მათ გარდა მყავს მეგობრებიც, მათზე სხვა დროს გიამბობ...

ზურა: ძალიან ლამაზი და თანაც, ცოტა სევდიანი ამბავია. ჩემო პატარავ, ახლა გათხოვილი ხარ, ალბათ და ქმრის ოჯახში ცხოვრობ, ხომ?

პანდორა: მაგას როგორ მაკადრებ? :)))

ზურა: ვაი, დავაშავე, რამე?

პანდორა: გათხოვილი რომ ვიყო, უცხო კაცს დაგიწყებდი ტლიკინს?

ზურა: მერე რა?

პანდორა: მერე ის, რომ მიმაჩნია, რომ ქალს თუ ქმარი ჰყავს, მას უნდა მიხედოს და როგორი ცუდიც უნდა იყოს, უფლება არა აქვს, რომ სხვა კაცებს ელაპარაკოს, თუნდაც, ინტერნეტით... მე მგონია, რომ ეს იქნებოდა ღალატი... რა ვიცი, შეიძლება, ვცდები კიდეც...

ზურა: შემოგევლე, ჩემო პატარავ, შენ ნებისმიერი მამაკაცისთვის საოცნებო ქალი ხარ. :))) გამიმართლა, რომ ამდენ ქალს შორის გიპოვე და ამოგარჩიე... უკვე მიყვარხარ... ახლა ისევ შენი დის ოჯახში ცხოვრობ?

პანდორა: არა, მე ჩემი მშობლების დანატოვარ ბინაში ვცხოვრობ, მარტო.

ზურა: გათხოვილი არ ყოფილხარ?

პანდორა: არა :(((

ზურა: ესე იგი, გინდა თქვა, რომ...

პანდორა: ჰო, მინდა ვთქვა, რომ...

ზურა: ქალწული ხარ?

პანდორა: ქალწული არა, მორიელი ვარ... :)))

ზურა: მგონი ხვდები, რომ ზოდიაქოს ნიშანს არ ვგულისხმობდი...

პანდორა: მაგ კითხვას უპასუხოდ ვტოვებ... სხვა დროს ვილაპარაკოთ მაგაზე. კარგი?

ზურა: როგორც გინდა, ჩემო სიხარულო... ნატალი, იცოდე, რომ ჩემი ხარ და სისულელე არაფერი ჩაიდინო... აქ აღარავის დაელაპარაკო, იცოდე. ყველა
მოიშორე და უთხარი, რომ უკვე შეყვარებული ხარ. სასწრაფოდ უნდა გნახო, პატარავ, რომ მოგხიბლო და აღარსად გამექცე...

პანდორა: ზუუუ-რიიიიი-კოოოოო...

ზურა: :))) რა იყო, "მივაყენო"?

პანდორა: :))) მიყვარს მიხვედრილი ხალხი.

ზურა: ნატალია, ნატალია, შენი კოცნა წამალია...

პანდორა: რაღაც, ვეღარ გაჩერებ!

ზურა: აწი ვეღარ გამაჯერებ, ჩემო ნატალი... ხმამაღლა ვიყვირებ და ყველას გავაგებინებ, რომ მიყვარხარ...

პანდორა: წავედი, უკვე მთელი 6 საათია, ვლაპარაკობთ. საკმარისია.

ზურა: როგორც კი თბილ სიტყვებს გეტყვი, მაშინვე გამირბიხარ... მომიშვი ახლოს, გთხოვ... ნატა, შენი პაციენტი დედა-შვილის ამბავს რომ მიყვებოდი, გახსოვს? მაინტერესებს, რა მოხდა შემდეგ...

პანდორა: ზურა, ხვალ ბათუმში მივდივარ, 2 კვირით. ახლა უნდა მოვემზადო, ბარგი ჩავალაგო... საღამოს, გვიან შემოვალ და თუ აქ იქნები, მოგიყვები.

ზურა: რაააააა???? შენ ბათუმში მიდიხარ და მე არაფერი ვიცი? ნატალია, გაგიჟდი? რა გინდა ბათუმში უჩემოდ? ახლა გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები!

პანდორა: ბორწეულის ოყნა გიშველის. წავედი, ძვირფასო. ასე, 11 საათზე ისევ მოვალ.

ზურა: ახლა საღამოს 7 საათია. რა გაძლებს ღამის 11-მდე?! ახლა სახლში მარტო ვარ და სახლის კომპიუტერიდანაც შემიძლია, დაგელაპარაკო... დროებით, გელი...

ზურა: ნატალი, გკოცნი... ახლა, გინდ გაბრაზდი და გინდ - არა!

22:45
ზურა: 15 წუთი დარჩა. იმედი მაქვს, პუნქტუალური ხარ და დათქმულ დროს არ გადააცილებ...

22:51
ზურა: 9 წუთი დარჩა. გელი...

23:00
ზურა: სად ხარ, გოგო? მენატრები, ნატალი...

23:06

ზურა: მთელი 6 წუთი გადააცილე, ჯერჯერობით... ნაააა-ტაააა-ლიიიი... მოდი, გოგო, მოდი!

23:14
ზურა: :(((

23:17
ზურა: :))) როგორც იქნა, გამოჩნდი... გული მისკდებოდა, რომ არ მოსულიყავი, გავგიჟდებოდი.

პანდორა: ვიცოდი, რომ გადაირეოდი და იმიტომ შემოვედი, თორემ ნამდვილად არ მეცალა.

ზურა: ნატალი, რით მიდიხარ ხვალ ბათუმში და ვისთან ერთად?

პანდორა: მე და ჩემი მეგობარი მივდივართ, მატარებლით.

ზურა: იმედია, ის შენი მეგობარი გოგოა და არა - მამაკაცი. :(((

პანდორა: შენ რა, ეჭვიანობ?

ზურა: ვაღიარებ, რომ - კი!

პანდორა: აბა, რა გითხრა? ეგ შენი პრობლემაა...

ზურა: ნატა, ხვალ ჩემს მძღოლს გამოგიგზავნი და ბათუმში ის წაგიყვანს. უარი არც კი გაბედო.

პანდორა: რას ამბობ? არავითარ შემთხვევაში! მატარებლის ბილეთები უკვე გვაქვს. ჩემი "ხოდით" წავალ.

ზურა: ასეთი არაფერი მინახავს. გოგო, მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობ. მითხარი, რომელ საათზე მოვიდეს და გამოვგზავნი. თუ ოდნავ პატივს მცემ, მომეცი ნება, რომ სულ პატარა სამსახური გაგიწიო. ნუ გეშინია, მე არ გამოვყვები. თუ მაგიტომ იხევ უკან, რომ ჩემთან შეხვედრა არ გინდა, გპირდები, რომ მხოლოდ მძღოლი იქნება და სხვა - არავინ. ნუ გერიდება, ეს ჩემთვის არაფერია და გამიხარდება, თუ პატივს გცემ...

პანდორა: მოვიფიქრებ.

ზურა: კარგი, სანამ ჩვენ ვისაუბრებთ, მანამდე მოიფიქრე, რომ ამაღამვე ვუთხრა გოჩას და მოემზადოს შორი გზისთვის. ისე, ჩემთან შეხვედრა რატომ არ გინდა?

პანდორა: ბათუმიდან რომ ჩამოვალ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.

ზურა: კარგი, როგორც შენ იტყვი. კიდვ მომიყევი, რა, რამე, შენ შესახებ! როგორ უნდა გავძლო უშენოდ? ტელეფონის ნომერი მომეცი, რააა! დაგირეკავ მაინც,
რომ შენი ხმა გავიგონო.

პანდორა: ტელეფონის ნომერსაც მერე მოგცემ. გპირდები, რომ ყოველ საღამოს ინტერნეტში შემოვალ და დაგელაპარაკები.

ზურა: მაშინ მოვილაპარაკოთ, რომ ზუსტად საღამოს 10 საათზე, ყოველღამ, აქ შევხვდებით ერთმანეთს.

პანდორა: გპირდები...

ზურა: ჭკვიანი გოგო მყავხარ. შეეე-მოოო-გეეევ-ლეეეე...

პანდორა: ზუუუუ-რიიიი-კოოოო...

ზურა: კარგი, ჰო, კარგი... მომიყევი იმ ამბის გაგრძელება. ხომ შემპირდი!

პანდორა: კარგი. ჰო, იმას გეუბნებოდი, რომ გოგონამ მითხრა, დედაჩემი მკვლელობაში უნდა ვამხილოო. მე თვალები დავჭყიტე. ვთხოვე, რომ თავიდან ბოლომდე, დაწვრილებით მოეყოლა ყველაფერი. ახლა მე პირველ პირში მოგიყვები, რომ უფრო იოლი იყოს.

ზურა: კარგი, მთელი ყურადღებით გისმენ.

პანდორა: მოკლედ, გოგონა ასეთ ამბავს მომიყვა: დედაჩემი და მამაჩემი უკვე დიდი ხანია, გაშორებული არიან და მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. 2 წლის წინ, მაშინ 22 წლის ვიყავი, დედამ დასასვენებლად გამიშვა, ჩემს ერთ მეგობართან, შოვში, სხვა მეგობრებთან ერთად. იქ გავიცანი ჩემზე 14 წლით უფროსი მამაკაცი. ის უცოლო გახლდათ. ერთმანეთი პირველსავე შეხვედრისას მოგვეწონა. უფროსი ასაკის მამაკაცები არასოდეს მომწონდა, მაგრამ ამ კაცით უცებ მოვიხიბლე. იქვე დავიწყეთ შეხვედრები. ერთმანეთს მდინარის პირას ვხვდებოდით და ძალზე რომანტიკულ საღამოებს ვატარებდით. მეგობრებთან ერთად ტყეში, პიკნიკზე მეპატიჟებოდა, სოკოს საკრეფადაც დავდიოდით და ერთმანეთს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით. ჩემი თბილისელი შეყვარებული აღარც მახსოვდა. ის ჩემი ასაკის გახლდათ და როდესაც მათ ერთმანეთს ვადარებდი, აშკარა სხვაობას ვგრძნობდი. ერთი სიტყვით, სახლში უკვე ყურებამდე შეყვარებული დავბრუნდი. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ურთიერთობა თბილისშიც გავაგრძელეთ. მე და დედა ვმეგობრობდით და ბუნებრივია, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით ხოლმე. არც მამუკას გამოჩენა დამიმალავს. დედა ძალიან შეშფოთდა, როდესაც მისი ასაკი გაიგო. ჭკუას მარიგებდა, მეუბნებოდა, არ მოტყუვდე, ის გამოცდილი კაცია, შენ კი ჯერ ბავშვი ხარ და იოლია, შენი შეცდენაო. მამუკა ხშირად მირეკავდა შინ. ერთხელ, სწორედ ისეთ დროს დაურეკავს, როცა შინ არ ვიყავი. დედაჩემს უკითხავს, ვინ იყო და როდესაც გაუგია, რომ მამუკა იყო, უთხოვია, ჩვენთან შინ მოსულიყო ისეთ დროს, როცა მე არ ვიქნებოდი და თან ჩემთვის ამის შესახებ არაფერი ეთქვა.

ზურა: მერე?

პანდორა: მერე ხვალ საღამოს გავაგრძელოთ. ახლა უკვე გვიანაა და დავიძინოთ...

ზურა: რა კარგად თქვი ეს სიტყვა... დავიძინოთ... ნეტავ, თუ დავიძინებთ, ოდესმე, ერთად?

პანდორა: ზურა, გთხოვ...

ზურა: კარგი, მორჩა, ახლა მითხარი, რომელ საათზე მოგაკითხოს მძღოლმა და სად მოვიდეს?

პანდორა: მაინც არ იშლი შენსას?

ზურა: რას მეუბნები? მითხარი... შენ ის კი არ იფიქრო, რომ მე ყველას ასე ვექცევი...

პანდორა: ხვალ, დილით, 9 საათზე, ბუკიას ბაღთან მოვიდეს.

ზურა: შევთანხმდით. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ, ამაღამ კი, გადარეულ სიზმრებს :))) მითხარი, რომ მკოცნი...

პანდორა: მორჩა, წავედი ისე, რომ არ გკოცნი...

ზურა: ოოო, რა ჯიუტი ხარ! მე კი გკოცნი... ძილი ნებისა...

22 აგვისტო, სამშაბათი 11:00
ზურა: აი, ახლა 9 საათია და მე განგებ გწერ მესიჯს, რადგან შენ ახლა ჩემს მძღოლს ელი და არ გეგონოს, რომ შორიახლოს ვარ და გიყურებ. კარგი, ნატალი,
იმედია, არ დაგავიწყდება, რომ საღამოს, 10 საათზე პაემანი გვაქვს ინტერნეტში. კეთილი მგზავრობა.

15:22
ზურა: როგორ ხარ, ნატალი? უკვე ძალიან მომენატრე... წეღან მე დავურეკე მძღოლს და ვკითხე, როგორ მგზავრობდით. ალბათ, მიხვდი, ხომ? ქალების ხმა მესმოდა... ერთი უფრო ნაზი ხმა იყო, მეორე კი, ცოტა ჩახლეჩილი, სექსუალური... ნეტავ, რომელი ხარ შენ? ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება გოჩა უკან, რომ გამოვკითხო ყველაფერი... გკოცნი და 10 საათზე გელოდები...

22:03
ზურა: ყოჩაღ! როგორ პუნქტუალურად მოხვედი! სად ხარ? მანდ ბევრი ხალხია?

პანდორა: ეს 2 კვირა ჩემი მეგობრის დეიდასთან ვიქნებით. ახლაც აქ ვართ.
ზურა: ვაშააააა! ამ ეტაპზე მაგაზე მეტით ვერაფრით გამახარებდი. გაუმარჯოს მეგობრის დეიდას! როგორ იმგზავრეთ?

პანდორა: კარგად ვიმგზავრეთ. გოჩას მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მხოლოდ აუცილებელ ფრაზებს ამბობდა: ხომ არ გავაჩერო? გცხელათ? არ მოგერიდოთ, თუ რამე გინდოდეთ, მითხარით და გავაჩერებ და ა.შ.

ზურა: ასეთი სიტყვაძუნწია და იმიტომაც მუშაობს ჩემთან... ნახევარი საათის წინ ჩამოვიდა. იცი, რა მითხრა?

პანდორა: რაო?

ზურა: რაო და... ნატალი ისეთი ლამაზი და მშვენიერი გოგოა, რომ შენ რომ ეგ იცოდე, აქ კი არ გაჩერდებოდი, დღესვე მასთან წახვიდოდიოოოოოოო...

პანდორა: ზურა, ამ ზაფხულს და ამ დასვენებას თუ არ ჩამამწარებ, კარგს იზამ...

ზურა: არ ჩამოვალ, კარგი, მაგრამ გოჩამ მართლა ძალიან შეგაქო. თანაც, მობილურით გადაღებული შენი სურათიც მაჩვენა... მართლა ასეთი ლამაზი ხარ?

პანდორა: ყველაფერი შეფარდებითია...

ზურა. თუ ასეთი კარგი ხარ, უფრო ვნერვიულობ, რომ მანდ არავინ გადაგიბიროს და თავი არ შეგაყვაროს...

პანდორა: დაწყნარდი...

ზურა: ძალიან მინდა, რომ მანდ ვიყო... შენთან... ისე მენატრები...

პანდორა: რა ძველი შეყვარებულივით მელაპარაკები?

ზურა: რა ვიცი, მეც ასე მგონია. რაღაცნაირად, შეგეჩვიე, მგონი, ცუდი არაა...

პანდორა: წინასწარ ვერ გავაკეთებ პროგნოზს, კარგია ეს თუ ცუდი...

ზურა: წინასწარ არც არაფერს გთხოვ. უბრალოდ, შენი "რეალში" გაცნობა მინდა... ვირტუალურად უკვე მიყვარხარ.

პანდორა: ასე იოლად გიყვარდება? მეც შეგეჩვიე, მაგრამ ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ...

ზურა: მე ვირტუალურ სიყვარულზე გეუბნები, ჯერჯერობით. რა ვქნა, ასეა და ვერ მოგატყუებ. რომ გნახავ, შეჩვევა მერე ნახე...

პანდორა: ჩემს ჩამოსვლამდე არ მიღალატო, იცოდე... :))) ასე არ ეუბნებიან ხოლმე შეყვარებულები ერთმანეთს?

ზურა: ჰო, ჩემო სიხარულო, არ გიღალატებ... შენც ჭკუით იყავი მანდ, არ მანერვიულო! კარგია, ხომ, ზღვაზე? მე კი ვიხუთები თბილისში. მანდ საღამოობით თუ გრილა, არ გამიცივდე...

პანდორა: გეეე-ნაააა-ცაააა-ლეეეე!

ზურა: ამას რას ვეღირსე! ეს რა წამოგცდა! ახლა ისე მინდა შენი ნახვა, რომ ლამის წამოვიდე.

პანდორა: არც გაბედო! არა! არა!

ზურა: კარგი, ვხუმრობ, სად მცალია მანდ წამოსასვლელად, ქვეყნის საქმე მაქვს. ხომ იცი, მშრომელი კაცის ამბავი.

პანდორა: კარგი, ჩემო სიხარულო, წადი. გკოცნი ბევრს...

პანდორა: :)))

23 აგვისტო, ოთხშაბათი
12:54

ზურა: საიტზე ყოფილხარ და არაფერი მომწერე? ცოტა არ იყოს, მეწყინა... სხვებს ელაპარაკები? იცოდე, თუ გავიგე, რომ კიდევ ვიღაცასთან გაქვს მიწერ-მოწერა, ძალიან ცუდი ამბავი მოხდება... ახლა კი საქმეზე გავდივარ და 2 საათში დავბრუნდები... დროებით!

16:03
ზურა: მობრძანდი? როგორ ხარ?

პანდორა: კარგად. რატომ მეჩხუბები?

ზურა: არ გეჩხუბები. რატომ არ დამიტოვე ამბავი?

პანდორა: აქ ვერ ვარ ისე, როგორც მინდა. ხანდახან 5 ადამიანი ჩაჰყურებს კომპიუტერის ეკრანს და ვერ მოგწერ იმას, რაც მინდა.

ზურა: გაიხარე, ჩემო სიცოცხლევ, მე კი მაგრად ვინერვიულე და... სხვათა შორის, მომენატრე, თანაც ძალიან! ჩააა-მოოო-დიიიი!

პანდორა: ხომ იცი, რომ ვერ ჩამოვალ? რატომ იხარჯები ტყუილად?

ზურა: ვიცი, რომ ვერ ჩამოხვალ... ასეთი რაღაცეები არ მეშლება... ხომ იცი, რომ "სვეტსკი" ტიპი ვარ! ისე, რა არეულ-დარეულად ვლაპარაკობ. გაუმარჯოს 23
აგვისტოს, უაზრო ლაპარაკის დღეს!

პანდორა: "სვეტსკი" რომ ხარ, ვიცი. მთავარია, ორიენტაცია არ გქონდეს არეული, "სვეტსკად". :)))

ზურა: რას ამბობ? ხომ არ გადარეულხარ, დედაკაცო? :))) არავის არაფერი შეეშალოს! სრულყოფილი მამაკაცი ვარ და ასეთი რამ მეორედ აღარ მითხრა, იცოდე, თორემ მეწყინება...

პანდორა: რა იყო, გაბრაზდი? გეხუმრე! ბევრი პაციენტი მყოლია ასეთი გადახრით და არც ისე ცუდი ხალხია... :))) კარგი, ჰო, ნუ ბრაზობ... მითხარი, რომ მკოცნი და არ მიბრაზდები...

ზურა: არა, სიხარულო, არ გიბრაზდები, რა სისულელეა! ძალიან ბევრს გკოცნი, ჩემო პატარავ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?

პანდორა: ვიცი? არა, არ ვიცი! უბრალოდ, შენ მეუბნები მაგას...

ზურა: ასე იქნება, დამიჯერე! შენ კი თავს გაუფრთხილდი, იცოდე!

პანდორა: კარგი, მჯერა... თავს კი გავუფრთხილდები, მხოლოდ იმიტომ, რომ შენამდე უვნებელი ჩამოვიდე. :)))

ზურა: აბა, რა! კარგად უნდა დამიბრუნდე, რადგან ისე მენატრები, თითქოს, დიდი ხნის შეყვარებულები ვიყოთ. მენატრები და რა ვქნა?

პანდორა: მდააა... საინტერესოაააა... რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები? ვირტუალური ურთიერთობისთვის მანძილს ხომ მნიშვნელობა არ აქვს? მიხარია, ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ. უფრო სწორად, ვკითხულობ... ახლა კი წავედი, უკვე 7 საათია და პლაჟზე უნდა გავიდე... დროებით...

ზურა: კარგი, კარგად! იცოდე, არ მაეჭვიანო და სხვა კაცებს არ აეკიდო.

პანდორა: არ გრცხვენია?

ზურა: ვხუმრობ, სიყვარულო... ვიცი, რომ ჩემი ერთგული ხარ...

პანდორა: ახლა უკვე კარგი საყვარელივით მელაპარაკები...

ზურა: მგონი, ასეც იქნება...

პანდორა: რაღაც, ძალიან იმედიანად ხარ... დარწმუნებული ხარ, რომ სწორ არჩევანს აკეთებ?

ზურა: ვინც იმედიანად არ არის, ის ცხოვრებაში წინ ვერ წავა. დარწმუნებული კი იმაში ვარ, რომ შენთან ურთიერთობა მსიამოვნებს და თავს კარგად ვგრძნობ. ნატუშკები, რომ იცოდე, როგორ მენატრები, ჩამოხვიდოდი...

ზურა: წახვედი? ეს რა ჩვევა გაქვს? ისე მიდიხარ, რომ არც კი მემშვიდობები...

23:01
პანდორა: შენ რა, ისევ აქ ხარ? როგორც ჩანს, სხვებიც გენატრებიან, რადგან ამდენი ხანი საიტზე ხარ...

ზურა: ნუ მსაყვედურობ, ჩვენ დავთქვით, რომ 10 საათზე აქ უნდა ყოფილიყავი... რატომ დააგვიანე? მე კი ერთგულად გელოდი აქ და კიდევ მე ვარ, დამნაშავე? ისე, მიხარია, რომ ეჭვიანობ. ეს უკვე ბევრს ნიშნავს... :))) ნუ მეჩხუბები, გოგო!

პანდორა: აფერისტებს ბავშვობიდან ვერ ვიტან... შენ გამონაკლისი ხარ! :)))

ზურა: :))) გეე-ნა-ცა-ლეეეე... დედას გეფიცები, არც მე მიყვარს, აფერისტი ხალხი. ეს რა "გავარდნები" გაქვს? მგონია, აქ ხარ და უცებ, აღარ ხარ! ინტერნეტი ურევს?

პანდორა: ინტერნეტი კი არა, მე ვურევ, მგონი... :))) ეს "გე-ნა-ცა-ლე" ძალიან გიყვარს, ეტყობა.

ზურა: კი, მიყვარს, იმიტომ, ძალიან თბილი ვარ და მიყვარს, რცა ვინმეს ვეფერები. რა თქმა უნდა, ისიც მიყვარს, როცა მე მეფერებიან. :))) მინდა, ყურში რაღაც ჩაგჩურჩულო...

პანდორა: მაინც, რააააა?

ზურა: ის, რომ მიყვარხარ... შენ კი ახლა არ მეჩხუბო...

პანდორა: აბა, რა ვქნა?

ზურა: ფისოსავით უნდა გაიტრუნო და აკრუტუნდე... :)))

პანდორა: მგონი, ზედმეტი მოგდის. შენ ასე არ ფიქრობ?

ზურა: პირიქით, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ცხოვრება ხარ... ვერ ხედავ, რომ ვეღარ გეშვები?

პანდორა: ეჰ, დაღუპული კაცი ხარ, მინდა, გითხრა...

ზურა: რატომ, სიხარულო? ახლა არ გადამრიო...

პანდორა: რატომ და არც ისე იოლია, ჩემი სიყვარული... გული არ გიგრძნობს?

ზურა: გული იმას მიგრძნობს, რომ კარგი, ძალიან კარგი გოგო გავიცანი და მისი სიყვარულის გულისთვის არაფერზე დავიხევ უკან...

პანდორა: ხომ არ გავიწყდება, რომ ცოლიანი ხარ?

ზურა: არა, არ მავიწყდება და არც ის მავიწყდება, რომ შენ გასათხოვარი ხარ და ჩემს თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მომიწევს.

პანდორა: მაგაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუ ჩემს პროფესიულ ინსტინქტს დავეყრდნობი, ოჯახური ბედნიერებით არ უნდა იყო განებივრებული...

ზურა: სწორად მიხვდი, თუ გინდა,მოკლედ გეტყვი, სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე ჩავირიცხე უნივერსიტეტში და სტუდენტობის პირველსავე დღეს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ეს კი საკმაოდ კურიოზულად მოხდა. ნატალი, აქ ხარ?

ზურა: ნააა-ტააა-ლიიიი!

ზურა: გოგო, ნუ გადამრიე, მე ასეთ საკითხზე ვლაპარაკობდი და შენ დაუმშვიდობებლად წახვედი? გული ცუდს მიგრძნობს, სად ხარ?

02:25
ზურა: ნატალი, რა ხდება? რატომ აღარ გამოჩნდი? ისე ვნერვიულობ, ლამის ამ შუაღამისას წამოვიდე... იქნებ, რამე გიჭირს? სიხარულო, არ მიმატოვო...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე


რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (42)
22.07.2015
აუ ვისაც არ მოგწონთ ნუ კიტხულობთ რა ....არ წაიგეს ტვინიიიიი
რურუკუნა
22.07.2015
სად არის ამ რომანის გაგრძელება?
რურუკუნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი