sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XI-XII nawili) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XI-XII nawili)

02:32

სონა: გამარჯობა, ნატალია. მოკლედ, ადრე სულ გეხვეწებოდი, ღამით ისეთ დროს გაგეღვიძა, რომ ლაპარაკი შეგვძლებოდა და ვერ ახერხებდი. ახლა კი მადლობა ზურას, რომ როგორც იქნა, მისი წყალობით დაქალთან საუბარს ვახერხებ.

პანდორა: შენ მადლობას უთვლი, მან კი მოკითხვა შემოგითვალა...

სონა: ვააა, სასიძოს ვახსოვარ?

ნატალი: "ევასები" კიდეც... :)))

სონა: რა იცი?

ნატალი: შენი სურათი გავუგზავნე და გარეგნულად შეგაფასა. თან მითხრა: ვგრძნობ, კარგი გოგოა და გამაცანიოოო... ამერიკაში ჩავაკითხოთო...

სონა: მართლა? აუუ, რა მაგარია... კარგი ბიჭი ყოფილა ეგ შენი ზურა. ვიდრე აქ ჩამოხვალთ, მანამდე გამაცანი, ყველა შენი სუსტი მხარე უნდა გავაცნო და შენი გასაღებები ჩავაბარო. ერთი სიტყვით, ხეზე ცოცვა უნდა ვასწავლო...

პანდორა: იცის, უშენოდაც მშვენივრად ახერხებს კენწეროზე მოქცევას... შენ ვისი "ბიძაშვილი" ხარ?

სონა: შენი "ბიძაშვილი" რომ ვარ, იმიტომ ვამბობ ამას... ხომ იცი, რომ მასთან ურთიერთობა და მისი სიყვარულის მორევში გადაშვება გინდა... მიდი, დაუფიქრებლად, პირდაპირ თავით გადაეშვი.

პანდორა: სონა, გუშინ ბევრი ვიფიქრე და მგონი, მივიღებ შენს წინადადებას - შენთან ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

სონა: მერე ზურა?

პანდორა: ზურა? ისევე ვიცხოვრებ მის გარეშე, როგორც 32 წელი მიცხოვრია...

სონა: არა მგონია, რომ ეგ მოახერხო. შენ უკვე გღრღნის სიყვარულის ჭია და იმიტომ გინდა გამოქცევა... დაფიქრდი, მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. ჩემი ოცნებაა აქ, ჩემ გვერდით გიხილო, მაგრამ მერე არ ინანო... მართალია, ტასოს მეძახდი, მაგრამ ახლა უკვე გავიზარდე, დიდი გოგო ვარ და მეც დამეჯერება რაღაც. ჩემო ფსიქოლოგო... რა გეშველება, რა? ასეთი ხართ ყველა ფსიქოლოგი - სხვებს ჭკვიანური გამოხედვით კომპეტენტურ რჩევებს აძლევთ და სწორი გზისკენ მიუთითებთ, მაგრამ როგორც კი საკუთარ პრობლემას წააწყდებით, მთელი თეორია გავიწყდებათ და ბრინჯივით იბნევით... აქეთ-იქით ეხლებით და ბრმებივით ხელის ცეცებით ეძებთ ფონს... გაიხსენე, რაც 5 წლის განმავლობაში გისწავლია და ამ წლების განმავლობაში პრაქტიკულად გამოგიცდია. იქნებ, მაშინ მაინც გამოფხიზლდე ტკბილი სიზმრიდან... შენ შეყვარებული ხარ და მე ვიცი, როგორია შეყვარებული ნატალი - ჩაფიქრებული, ტუჩებგაბუსხული... ასეთი უნახავხარ, იმ შენს ზურას? ალბათ არა, თორემ უკვე გადაგყლაპავდა... გაიღიმე, გოგო...

პანდორა: :))) ვიღიმი...

სონა: არ მომწონს შენი ღიმილი...

პანდორა: ახლა ღიმილიც დამიწუნე...

სონა: მთავარია, ზურამ არ დაგიწუნოს. მე კი ისე მიყვარხარ, რომ... "დაჟე სლოვ ნეტ..." სხვათა შორის, ძალიან მენატრები. მანდ ვიდეოთვალი არ არის, რომ დამენახვო?

პანდორა: არა, არ არის...

სონა: დროზე წადი თბილისში. კომპიუტერი იმიტომ გიყიდე, რომ როცა მომინდება, მაშინ დაგინახო... როდის მიდიხარ?

პანდორა: კვირას.

სონა: მაშასადამე, ზეგ...

პანდორა: ჰო, ზეგ... ხვალ კი ზურა ჩამოდის...

სონა: ვაუ... ზურამ უნდა წაგიყვანოს?

პანდორა: კი... ასე ამბობს...

სონა: ნატალი, რაღაც მინდა გთხოვო...

პანდორა: მთხოვე.

სონა: ზურას მისამართი მომეცი, ინტერნეტის, რა თქმა უნდა...

პანდორა: რად გინდა?

სონა: მინდა, გავიცნო. შევაფასებ და ჩემს აზრს გეტყვი... მართალია, მე შენსავით "ველიკი" ფსიქოლოგი არა ვარ, მაგრამ მაინც მაინტერესებს...

პანდორა: შენ "ველიკი ხუდოჟნიკი" ხარ, ვიცი... კარგი, გეტყვი, მაგრამ იცოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს...

სონა: აბა, რას ამბობ? უბრალოდ, გავიცნობ... თუ თვითონ არ იქნება წინააღმდეგი, რა თქმა უნდა... ჰო, მართლა, ახლა გავალ და ფულს

გადმოვრიცხავ. დილით დაგირეკავ და კოდს ჩაგაწერინებ...

პანდორა: მაინც არ იშლი შენსას? მაქვს ფული...

სონა: შვებულებაში ხარ და პაციენტები არ გეყოლება. თბილისში რომ ჩახვალ, მშიერი ხომ არ დარჩები? თანაც, ერთი თხოვნა კიდევ მექნება...

პანდორა: რამდენი თხოვნა გაქვს? გისმენ.

სონა: 500 დოლარს გიგზავნი და მინდა, ხვალ ფულს რომ აიღებ, მაღაზიაში წახვიდე, რათა საუკეთესო კაბა და ფეხსაცმელი იყიდო... ფული გულიანად დახარჯე, ერთ კვირაში კიდევ გამოგიგზავნი. ზურას რომ შეხვდები, ისეთ ფორმაში უნდა იყო, რომ დაეცეს და ფეხზე ვეღარ ადგეს...

პანდორა: არა მგონია, რომ მაგას კიდევ მეტად უნდა გავეპრანჭო. თან ისიც არ ვიცი, ვნახავ თუ არა. ახლა პარასკევი თენდება. ის შაბათს ჩამოდის. შესაძლოა, ამაღამ მატარებლით წავიდე ისე, რომ მას არ ვუთხრა...

სონა: აბა, რას ამბობ? არ გრცხვენია? პატარა ბავშვივით იქცევი... ამხელა გზაზე უნდა ჩამოიყვანო და მერე უთხრა, რომ უკვე თბილისში ხარ? რა გემართება? მოკლედ, ფეხს ვერსად გაადგამ და როგორც გითხარი, ისე მოიქცევი...

პანდორა: ტანისამოსის მეტი რა მაქვს? შენ რომ ვერცხლისფერი კაბა გამომიგზავნე, იმას ჩავიცვამ. ძალიან მიხდება.

სონა: არა, მე მინდა, რომ ახალი გეცვას. ახლა კი დაიძინე. მე კი ბანკში წავალ. გკოცნი, ჩემო მშვენიერო. მიყვარხარ... შენზე ახლობელი ვინ მყავს?

პანდორა: ორივე ობლები რომ ვართ, ალბათ იმიტომ შევესისხლხორცეთ ერთმანეთს... მე და მაინც მყავს, შენ კი სუუულ მარტო ხარ. ახლა რობა გყავს და მშურს მისი...

სონა: მარტო რატომ ვარ? შენ ხომ მყავხარ. გკოცნი მაგ ლამაზ ცხვირზე. კარგად, ხვალამდე... ზურაზე ვეჭვიანობ... ჩემზე მეტად ხომ არ გიყვარს?

პანდორა: აბა, რას ამბობ? ყველას დავთმობ ქვეყნად და შენ კი არა... კარგად, მეც გკოცნი...

8 სექტემბერი, პარასკევი

11:02

ზურა: ოოოო, გაგითენებია, ჩემო ნატალი. 6 საათზე წასულხარ საიტიდან. ახლა ალბათ მშვიდად გძინავს... რა ილაპარაკეთ ამდენი? გამჭორეთ, არა? ნეტავ, როგორ გძინავს ახლა? მგონია, რომ გულაღმა წევხარ, ცალი ფეხი მოკეცილი გაქვს, მეორე გამართული, ხელები კი თავს ზემოთ გაქვს აწეული, კისერი გვერდზე მოღერებული, შენი ტალღოვანი თმა ბალიშზეა დაყრილი და თან, იღიმი. ხომ არ ხვრინავ, გოგო? არ გადამრიო... ხვალ გავიგებ მაგას. გკოცნი... უფფფ, როდის მოვა "ხვალ"?

13:45

ზურა: არ გამოჩენილხარ. ისევ გძინავს? მაშ, საღამომდე. ცოტა გვიან მოვალ ალბათ და დამელოდე, უჩემოდ არ დაიძინო... ვგიჟდები ასეთ სიტყვებზე...

სონა: გამარჯობა, ზურა!

ზურა: გაგიმარჯოს! სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენ ნატალის მეგობარი უნდა იყო...

სონა: კი, მე ვარ...

ზურა: თუ არ ვცდები, ახლა ნიუ-იორკში შუაღამეა... როგორ ხარ? ძალიან მინდოდა შენი გაცნობა...

სონა: მეც... ნატალიმ მომცა შენი მისამართი და მთელი საღამო გდარაჯობდი, რომ დამეჭირე. როგორც იქნა, გამოჩნდი.

ზურა: მე კი შენი დაქალის მესიჯებს ვდარაჯობ ხოლმე, მაგრამ ის როგორც ყოველთვის, უმოწყალოა. დღეს მთელი დღე არ გამოჩენილა... წუხელ დილამდე გიჭორავიათ.

სონა: ჰო, თითქმის გაათენა ჩემთან საუბარში.

ზურა: ჩვენ შენთან ჩამოსვლას ვგეგმავთ და ალბათ, ზამთარში ჩამოვალთ კიდეც...

სონა: კარგს იზამთ. ნატალი ძალიან მენატრება. სულ ვეუბნები - ფულს გამოგიგზავნი და ჩამოდი-მეთქი, მაგრამ ერთხელ უარი უთხრა საელჩომ და იმის მერე ვეღარ მივიყვანე იქამდე.

ზურა: გპირდები, კაცურ სიტყვას გაძლევ, რომ დაქალს უახლოეს მომავალში გაჩვენებ. მთავარია, თვითონ მოინდომოს.

სონა: შენ უნდა მოანდომო. მაპატიე, რომ "შენობოით" მოგმართავ...

ზურა: არა უშავს, ჩვენ მომავალი მეგობრები ვართ და გავშინაურდებით... რა გითხრა ნატალიმ ჩემზე?

სონა: სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი. უბრალოდ მითხრა, რომ მოსწონხარ და ისიც ვიცი, რომ ხვალ მასთან ჩასვლას აპირებ.

ზურა: კი, ვაპირებ და ჩავალ კიდეც. უკვე დროა, რომ ჩვენს ურთიერთობაში რაიმე შევცვალოთ.

სონა: ნატალი გაუკრვეველ სიტუაციაშია. მითხრა, რომ ჩემთან უნდა ჩამოსვლა. ვფიქრობ, ვერ გარკვულა, რა უნდა და ვერც შენთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ვგრძნობ, რომ შეყვარებულია... ალბათ მართლა კარგი ადამიანი ხარ, რადგან ასე შორიდან შეაყვარე თავი.

ზურა: ჩემო სონა, აქ, ვირტუალურ სამყაროში ძნელი სულაც არ არის ის, რომ ადამიანს თავი შეაყვარო. გაცილებით იოლია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით - ქალისთვის... 1-2 ლამაზ სიტყვას ეტყვი, შენს მამაკაცურ სიძლიერეს დაანახვებ და ჩათვალე, რომ შენია...

სონა: და ნატალიც წამოეგო მაგ ანკესს

ზურა: მისთვის ანკესი არ გადამიგდია. ჩვენ ყველაფერი თამაშით დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ თურმე ერთმანეთს ვეძებდით. მომწონდა მისი ხასიათი, სიჯიუტე, იუმორი. მასთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო, მაგრამ მე რომ ის ფიზიკურად არ მომწონებოდა, ალბათ ყველაფერი იქ დამთავრდებოდა. მისით მოვიხიბლე და მინდა, რომ ჩემი იყოს.

სონა: ის ნივთი არ არის, ასე ნუ ამბობ.

ზურა: სიტყვა "ჩემი" ნიშნავს იმას, რომ მე მეკუთვნოდეს ფიზიკურად, სულიერად. რომ მისი გული და გონება მხოლოდ ჩემით იყოს დაკავებული. ჩემი იყოს მისი სიხარულიც და მწუხარებაც. რაღაც ამბავს მიყვება, ვიღაც ბაჩოზე. ვხვდები, უჭირს ამ თემაზე საუბარი და მაინც დაწვრილებით ჰყვება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, მაგრამ უზომოდ ვეჭვიანობ.

სონა: ის კაცი წარსულს ჩაჰბარდა. იქ მისი ერთი სიცოცხლე დამთავრდა... შენთან კი მეორე სიცოცხლე დაიწყო.

ზურა: მიხარია, მაგას რომ მეუბნები. ხვალ ვნახავ შენს დაქალს და შენ მაგივრადაც ჩავეხუტები. :)))

სონა: ეს "ც" იმას ნიშნავს, რომ შენ მაგივრად ჩაეხუტები და მერე ჩემ მაგივრადაც?

ზურა: ვინ იცის, რა მოხდება, წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ვნახოთ...

სონა: კარგი, იმედია, თქვენ შესახებ მხოლოდ კარგ ამბებს გავიგებ. ახლა კი წავედი, თავს არ მოგაბეზრებ. დროებით.

ზურა: ძალიან გამიხარდა, რომ გაგიცანი. კარგად... ეს კი ჩემი ტელეფონის ნომერია. გქონდეს, ყოველ შემთხვევისთვის...

სონა: :)))

00:51

ზურა: როგორ ხარ, სიხარულო? ვხედავ, აქ ხარ და მელი...

პანდორა. აქ ვარ, კი... სად ბრძანდებოდი აქამდე?

ზურა: ხომ მოგწერე, რომ დამაგვიანდება-მეთქი? საქმეზე ვიყავი.

პანდორა: ქალებში, ხომ?

ზურა: ოოო, რა ეჭვის ბუდე ხარ! რა მინდოდა ქალებში, გოგო... ხვალ შენთან ვაპირებ ჩამოსვლას და დღეს ქალებში რა მინდოდა?

პანდორა: ჩემთან ჩამოსვლა რა შუაშია?

ზურა: იმ შუაშია, ჩემო ოცნებავ, რომ ამ დილით 6 საათზე გამოვალ თბილისიდან და შუადღისას მანდ ვიქნები. მთელ დღეს ერთად

გავატარებთ. საღამოს რესტორანში წავალთ და ჩვენი პირველი ღამის სადღეგრძელოს შევსვამთ. მერე კი დილამდე და კიდევ მეორე დილამდე ერთად ვიქნებით. ჰოდა, სწორედ ამიტომ სხვა ქალები აღარ მაინტერესებს... აი, ამ შუაშია...

პანდორა: ასეთი არაფერი მსმენია, რომ კაცი წინასწარ გითანხმდებოდეს ასეთ ინტიმურ საკითხზე...

ზურა: უბრალოდ მინდა, შეეჩვიო ამ აზრს და ჩუმად რომ ჩაგჩურჩულებ, ჩემი უნდა გახდე-მეთქი, გული არ წაგივიდეს...

პანდორა: მეც წინასწარ მინდა გითხრა, რომ მერე შენთვის მოულოდნელი არ იყოს და გული არ წაგივიდეს, რომ როცა შენ ყურში ჩამჩურჩულებ: ჩემი უნდა გახდეო, ეს სასაცილოდ არ მეყოფა და გეტყვი: ტყუილად აწყობ გეგმებს-მეთქი...

ზურა: კარგი, შენ იქამდე მიმიშვი, რომ ჩაგჩურჩულო და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. თანახმა ხარ?

პანდორა: ტვინი ნუ წაიღე, თემა შეცვალე, თორემ წავალ და დავიძინებ...

ზურა: არ შევცვლი თემას! უნდა მომისმინო... ჩვენ შორის რაღაც უნდა შეიცვალოს, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ვიტანჯები და ვგრძნობ, რომ შენც იტანჯები...

პანდორა: რამე უნდა შეიცვალოს? ამისთვის ლოგინი რა საჭიროა? დავშორდეთ ერთმანეთს-მეთქი, - გითხარი... ცვლილება არ იქნება?

ზურა: ნუ მიედ-მოედები რაღაცას და ისე ნუ იქცევი, როგორც სასიკვდილოდ განწირული, რომელმაც იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია და მაინც ფართხალებს, მისი კლანჭებიდან თავის დაღწევას ამაოდ ცდილობს... ჩვენ ერთად ვიქნებით და ეს საკითხი ამოწურულია. ხვალ და ზეგ თუ არა, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ მაინც... მე მზად ვარ, დაგელოდო... ასე მგონია, რომ ჩვენ შორის ის ბაჩო დგას და ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევს...

პანდორა: თუ 2 ადამიანს შორის ცარიელი, თავისუფალი ადგილი არ არის, იქ ვერავინ ჩადგება...

ზურა: ჰოდა, მეც მაგას ვცდილობ, რომ ეს ადგილი შევამცირო და საერთოდ გავაქრო. მინდა, შენზე ყველანაირი უფლება მქონდეს, რომ მასზე ფიქრიც კი აგიკრძალო. ისე ახლოს მინდა იყო, რომ ჩვენ შორის ჟანგბადის მოლეკულაც კი ვერ ჩაეტიოს.

პანდორა: ჩვენ შორის ბაჩოს გარდა კიდევ დგას რაღაც...

ზურა: ისევ ჩემი ოჯახი... ვერ მოგატყუებ, ჯერჯერობით მაგ მხრივ არაფერი შეიცვლება. ჯერ მზად არა ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ასე ძირფესვიანად შევცვალო. მომავალი კი ყველაფერს დაგვანახვებს. მენდე, ნატალი... მთელი არსებით მიყვარხარ... შენი გულისთვის სიცოცხლეს დავთმობ...

პანდორა: ზურა, მეძინება, უნდა წავიდე... თანაც საფიქრალიც ბევრი მაქვს... გმადლობ, რომ ასე გულახდილი იყავი. სხვა ალბათ ოცნების კოშკებს ამიგებდა... კარგად...

ზურა: მოიცადე, არ წახვიდე... ვგრძნობ, რომ ნაწყენი დარჩი... ტყუილი გირჩევნია, ნატალი? როგორ გითხრა, რომ ოჯახს მივატოვებ... უფრო სწორად, შვილს... ის უჩემოდ ვერ გაძლებს... ის ხომ ავად არის...

ზურა: მაინც წასულხარ... კარგი, რა გაეწყობა, ხვალამდე, ჩემო სიცოცხლევ...

02:03

სონა: რა იყო გოგო, რა ფეთიანივით მელაპარაკე? სიმართლე რომ გითხრა, შენს ზარს არ ველოდი... აბა, მითხარი რა დაგემართა, რატომ ტირი ამ შუაღამისას?

პანდორა: ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ხმამაღლა მინდა ვიტირო.

სონა: მოხდა რამე?

პანდორა: კი, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დიდი სისულელეა ეს ყველაფერი და წერტილი უნდა დავუსვა. ხვალ დილით თბილისში

მივდივარ...

სონა: რატომ? ზურა ვეღარ მოდის?

პანდორა: კი, მაგრამ მე არ დაველოდები... ყველაფერი დამთავრდა... თუმცა ეს მე გადავწყვიტე ასე და მან ამის შესახებ არაფერი იცის...

სონა: კარგი, დამშვიდდი, ნუ ინერვიულებ, გადაწყვიტე და გადაწყვიტე... როგორც შენ გინდა, ისე მოიქეცი. ახლა ტირი, ხომ? ისევ ისე, ხელის ზურგით იწმენდ ცრემლს? გკოცნი ცრემლიან თვალებში... ხვალ რითი მიდიხარ?

პანდორა: ალბათ "მარშრუტკით"...

სონა: ფული ხომ აიღე დღეს? ტაქსით წადი... იყიდე კაბა?

პანდორა: კი, ვიყიდე... მაგრამ რაღად მინდა?

სონა: სხვა დროს გამოგადგება... ნუ ტირი... ახლა დაიძინე, ხვალ კი დაგირეკავ და გავიგებ, რითი წახვალ. გკოცნი და გეფერები, ჩემო ტკბილო... გაიღიმე, ცხოვრება ხომ მშვენიერია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ შუაღამისას სიყვარულის გამო მოთქვამ... გკოცნი...

პანდორა: კარგად, ცოტა დავმშვიდდი... მეც გკოცნი...

03:17

სონა: ღამე მშვიდობის, ზურა, დილით ბათუმში წასვლამდე თუ წაიკითხავ ჩემს მესიკს, აუცილებლად დამირეკე......... ამ ნომერზე... თუ არადა, დილით მე დაგირეკავ... კარგად...

10 სექტემბერი, კვირა

02:05

პანდორა: გამარჯობა, სონა. როგორ ხარ?

სონა: მე კარგად, მაგრამ მოსაკითხი მგონი, შენ უფრო ხარ. დღევანდელი დღის გმირო, როგორ ხარ?

პანდორა: შენზე გაბრაზებული ვარ. უფრო სწორედ, ვიყავი...

სონა: რატომ, ჩემო სიხარულო? ახლა გაგიარა გაბრაზებამ? შენ მარტო ჩემზე კი არა, მთელ მსოფლიოზე იყავი გაბრაზებული. მათ შორის, შენს საყვარელ ზურაზეც. ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ყვველაფერს უფრო დაწვრილებით...

პანდორა: ისე ღირსი იქნები, რომ არ მოგიყვე...

სონა: ვინა, შენა? მე? არ მომიყვე? აბა, რას ამბობ? შენ თვითონ თუ გჯერა შენივე ნათქვამის? აბა, ჰე, დაიწყე!

პანდორა: არ მოგიყვები, არა! ტყუილად მელოდები...

სონა: მე რომ დაგირეკე, შენ უკვე "მარშრუტკაში" იჯექი და მითხარი, ბათუმიდან ახლა გამოვდეიო. მერე?

პანდორა: ბარგი წინა საღამოსვე ჩავალაგე. ჰოდა, დილით დავავლე ჩანთას ხელი და უთენია გავიქეცი, რომ 7-საათიანი "მარშრუტკისთვის" მიმესწრო. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მიანც ვიშოვე ერთი ადგილი და თანაც, მძღოლის გვერდით. ვიდრე "მარშრუტკა" დაიძვრებოდა, ხალხის ყაყანმა იმის საშუალება არ მომცა, რომ ჩემს ფიქრებში ჩავძირულიყავი, აზრი მეფანტებოდა. როგორც კი ადგილიდან დავიძარით, მაგრამ "დავიგრუზე", ბოღმა ყელში მეჩხირებოდა და ფეხები უკან მრჩებოდა.

სონა: მე რომ გელაპარაკე, მაშინ თავი ყოჩაღად გეჭირა და არ მიგრძნია, რომ ტიროდი...

პანდორა: არ გაგრძნობინე, რადგან შენი ამბავი რომ ვიცი, დამიწყებდი ჭკუის დარიგებას და დამშვიდებას, მე კი უფრო ხმამაღლა ავტირდებოდი. ვცდილობდი, მხოლოდ კარგზე მეფიქრა. ფიქრი ბაჩოზე გადამქონდა და გულში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ თბილისში ჩავიდოდი თუ არა, მის ძებნას შევუდგებოდი. მერე ფიქრი ისევ ზურაზე გადამქონდა და მის გახსნეებაზე, ცრემლი მახრჩობდა... "მარშრუტკის" ჯაყჯაყი გულს უარესად მიწვრილებდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიჭირდა თავის მოთოკვა და მალე ცრემლები წამომცვივდა. ჩემ გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელიც გაოცებული მიყურებდა. ალბათ ფიქრობდა, რომ საზაფხულო თავგადასავლის გამო ვიყვი გულმოკლული. რამდენჯერმე გამომელაპარაკებაც სცადა, მაგრამ მისთვის არ მცხელოდა. ასე ვიარეთ ქუთაისამდე. იქ კი, ქალაქის გასასვლელში საპატრულო პოლიოციამ გაგვაჩერა და ყველას სათითაოდ საბუთები შეგვიმოწმა. მათთვის არც შემიხედია, ისე მივაწოდე ჩემი პირადობის მოწმობა. "პასპორტს" დახედეს, მერე ამხედ-დამხედეს და მითხრეს: ქალბატონო ნატო, თუ შეიძლება ჩამობრძანდით, თქვენი ბარგი ჩამოიღეთ და სამორიგეოშში გამოგვყევითო. ჯერ გავოცდი, მერე გავწიწმატდი - არსადაც არ წამოვალ-მეთქი. მითხრეს: სადაც თქვენ ცხოვრობდით, იმ სახლის დიასახლისმა პატრულს შეატყობინა, რომ გაგიძარცვავთ და მისი ოქროულობა მიგითვისებიათო. ლამის გავგიჟდი. "მარშრუტკის" მგზავრები გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. მე კი ზურაც დამავიწყდა, ბაჩოც და საკუთარი თავიც. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თუ იმ ქალმა ოქროულობა მართლა დაკარგა, ჩემი უდანაშაულობა რითი უნდა დამემტკიცებინა. ამასობაში მძღოლი ჩამოვიდა, საბარგული გახსნა და ჩემს ჩანთაზე მიუთითა. ერთ-ერთმა პატრულმა ჩანთა ჩამოიღო და იქვე მდგომი "მერსედესის" საბარგულში ჩადო. მე კი უკანა კარი გამიღო და თავით მანიშნა, დაჯექიო. სავარძელზე რომ მოვთავსდი, მხოლოდ მაშინ შევხედე მძღოლს და ისტერიკა დამემართა - საჭესთან ზურა იჯდა და სარკიდან მიყურებდა. აღარ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა. ბოლოს, მაინც ტირილი ამივარდა. ვტიროდი იმიტომ, რომ რაღაც მიხაროდა, მაგრამ ვერ გეტყვი, რა უფრო გამიხარდა - ქურდობის გამო თავის მართლება რომ არ მომიწევდა თუ, ის, რომ ზურა დავინახე. ალბათ, უფრო პირველი. ხმაც არ ამოუღია და ჩემი ტირილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. მანქანა უსიტყვოდ დაძრა და უკან, ისევ ბათუმისკენ წამოვიდა. კარგა ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ტირილს რომ მოვრჩი, მანოქანა გააჩერა და მითხრა: ტაქსის მძღოლი ხომ არა ვარ, კლიენტივით უკან რომ ზიხარ, წინ გადმობრძანდი, თუ შეიძლებაო. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ სიმსუბუქეს ვგრძნობდი და ისეთ კარგ გუნებაზე ვიყავი, რომ მის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ შევასრულებდი.

სონა: ძალიან ჯიუტი ხარ... ბათუმიდან გაქცევა არ გინდოდა, მაგრამ რადგან თქვი, რომ უნდა წასულიყავი, უკან აღარ დაიხიე, თორემ როგორც ვხვდები, შენი ტირილის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცეოდი.

პანდორა: ალბათ, ასე იყო...

სონა: განაგრძე, მერე რა მოხდა?.. როგორც მივხვდი, პატრულს დახმარება მან სთხოვა.

პანდორა: ჰო, მერე მითხრა, ახლობელს ვთხოვე და ის დამეხმარაო... პირველი, რაც მკითხა, ის იყო: სად გარბოდიო? ვუპასუხე: სახლში-მეთქი. მკითხა: ხომ იცოდი, რომ მოვდიოდი და რატომ არ დამელოდეო? - ვჩქარობდი, მინდოდა, საკუთარი ციხესიმაგრისთვის შემეფარებინა თავი-მეთქი - ვუპასუხე... ჩემთვის არც ერთს არ გითქვამთ, რომ წინადღეს ერთმანეთი გაიცანით და ისაუბრეთ. ძალიან გამიკვირდა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ მე თბილისში მივდიოდი. ვერ წარმოვიდგინე, რომ მას შენ დაურეკავდი და ეტყოდი, რომ ბათუმიდან გამოვიქეცი. მერე ეგეც რომ გავარკვიე, ვთქვი: სონას მოვკლავ-მეთქი. გაიცინა. მაგას ჩემთან ამბობ, თორემ დარწმუნებული ვარ, მადლობას გადაუხდიო... თავის თავში ისეა დარწმუნებული, რომ მგონი, "ნარცისიზმი" სჭირს. ერთი სიტყვით, აღარც მახსოვდა, რომ ცოტა ხნის წინ ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი და თავს ტირილით ვიკლავდი. რომ დავმშვიდდი, საოცარი შიმშილი ვიგრძენი და ვუთხარი: მშია-მეთქი. დღისით ფენოვანი ხაჭაპურისა და ნაყინის მეტს არაფერს გაჭმევ, საღამოს კი რესტორანში წავალთო - მითხრა. გადავირიე... ის კი ძალიან სერიოზული სახით იჯდა და მეუბნებოდა, რომ ფეხით სიარული და ფენოვანი ხაჭაპურის ქუჩაში ჭამა მომენატრა და მაინცდამაინც დღეს უნდა აესრულებინა ეს ნატვრა. ბათუმში რომ ჩავედით, მითხრა: პირდაპირ სასტუმროში მივიდეთ და შენი ბარგი იქ მივიტანოთო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე: არა, იმ სახლში უნდა წავიდე, სადაც ვცხორვობდი-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა... სასტუმროში არ ავსულვარ, თვითონ აიტანა ბარგი და უკან დაბრუნდა. მე მხოლოდ პლაჟისთვის საჭირო ნივთები დავიტოვე ცელოფანის პარკით. გზაში თეთრი პერანგი და შავი, კლასიკური სტილის შარვალი ეცვა. ნომერში ასულს კი ტანსაცმელი გამოუცვლია და ჯინსის შარვლითა და მაისურით ჩამოვიდა. ისე უხდებოდა, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე. მანქანა სასტუმროს სადგომზე გააჩერა და ბათუმის ქუჩებს ფეხით გავუყევით.

სონა: ფენოვანი ხაჭაპური გიყიდა?

პანდორა: თვითონაც შიოდა. პირველსავე საცხობთან შეჩერდა და 6 ცალოი ხაჭაპური იყიდა. ისე მადიანად ილუკმებოდა, რომ მეც ავყევი. მერე სიმინდიც იყიდა და ისიც ქუჩაში ჭამა. თან გაიძახოდა, ადამიანურად ცხოვრება მომენატრაო... ასე, ჭამა-ჭამით ვიარე,თ პლაჟზე წასვლა კი საღამოსთვის გადავდეთ. ბევრი ვიწანწალეთ, მერე შევეცოდე და კაფეში შემიყვანა, სადაც ყავაზე და პიცაზე დამპატიჟა. იქიდან კი პლაჟზე წავედით. თვითონ უცებ გაიძრო ტანისამოსი და შეზლონგზე დაჯდა. მერე მითხრა: მიდი, გაიხადე, უნდა გიყურო, როგორ იხდიო. ამის გამო გავიბუტე, გავჯიუტდი და ქოლგის ქვეშ ჩაცმული დავჯექი. სიცილით კვდებოდა. მერე წყალში შევიდა და მეც გავიხადე.

სონა: შე გოიმო... შენს ადგილზე მისი თანდასწრებით ისე სექსუალურად გავიხდიდი, რომ სულ თავბედს ვაწყევლინებდი...

პანდორა: კარგი, რა, სონა! რომელი სტრიპტიზის მოცეკვავე მნახე? ნაპირთან მელოდა. მეც რომ შევედი წყალში, შემომთავაზა - შორს გავცუროთო. ვუთხარი: ყოფილი მოცურავე ვარ და ნუ შემეჯიბრები-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა. ისე შორს გავცურეთ, რომ ნაპირზე მყოფი ხალხი ჭიანჭველებივით მოჩანდა. მაშველები რუპორით გვიყვიროდნენ - გამოდითო. ერთი წამით დავიჭირე ზურას მზერა და შემეშინდა, რადგან თავში სულელურმა აზრმა გამიელვა: იქნებ, ჩემი დახრჩობა უნდა-მეთქი... რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ ერთი წამით ესეც კი დავუშვი და სასწრაფოდ დავიწყე ნაპირისკენ გამოცურვა. პლაჟზე რომ გამოვედით და თავი სამშვიდობოს დავიგულე, ჩემი ეჭვი მასაც გავუზიარე. სიცილისგან ლამის გაიგუდა. მერე მითხრა: ზღვაში დახრჩობის რა მოგახსნეო, მაგრამ ალერსით ნამდვილად დაგახრჩობო.

სონა: ახლა არ მითხრა, რომ მაგაზეც უარი უთხარი...

პანდორა: პლაჟიდან რომ წამოვედით, კარგა ხანი ბილიარდს ვთამაშობდით და მერე სასტუმროში მივედით, რომ ტანისამოსი გამოგვეცვალა. სასტუმროში, კიბეზე რომ ავდიოდით, ხელი მომხვია. მაშინვე არა, მაგრამ კართან რომ მივედით, ხელი გავაშვებინე. ვყოყმანობდი, შევსულიყავი თუ არა ნომერში, მაგრამ ჩემი ტანისამოსი იქ იყო და ძალიან ცუდად გამომივიდოდა, რომ მეთქვა: არ შემოვალ-მეთქი. შევნიშნე, რომ როდესაც კარს აღებდა, ხელი აუკანკალდა ე.ი. ნერვიულობდა. მისი ნერვიულობა მეც გადმომედო და კარი გააღო თუ არა, ოთახში პირველი შევიჭერი და ჩანთას ვეცი. ჩემი ახალი კაბა და ფეხსაცმელები ამოვიღე და გადავწყვიტე, სააბაზანო ოთახში გამომეცვალა. დავინახე, რომ ზურაც საწოლზე დადებულ მომცრო ჩანთაზე იყო დახრილი. ისე ავუარე გვერდი, რომ მეგონა, ვერც კი შემნიშნა. სააბაზანოს კართან მისი ხმა მომწვდა. მეძახდა. ოთახში რომ შევბრუნდი, ის დოინჯით იდგა, კისერი მოეღერებინა და მიყურებდა. მითხრა: ჩემთან მოდიო... ლამის გულმა დამარტყა. - დასაკლავი ხბოსავით ნუ მიყურებ, ახლოს მოდი, რაღაც უნდა გაჩვენოო... უცებ გამოვფხიზლდი - კაცმა რაღაც უნდა მაჩვენოს, მე კი სულ სხვა რაღაც ვიფიქრე-მეთქი. ახლოს რომ მივედი, ტანისამოსი ხელიდან გამომგლიჯა და საწოლზე დაყარა. მერე, აღარ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მის მკლავებში. მხოლოდ ის ვიცი, რომ მკოცნიდა და მე არ მინდოდა, რომ დამთავრებულიყო ის "ვარდისფერი ნისლი", რომელსაც მთელი სხეულით შევიგრძნობდი. ის მკერდზე ისეთი ძალით მიკრავდა, თითქოს ჩემი შესისხლხორცება უნდოდა. მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა. ჩურჩულებდა - ღმერთო, რა ტკბილი ხარო... საწოლზე დაყრილ ტანისამოსს ხელი დავავლე, ცელოფანის პარკში ჩავყარე და იმ საბაბით, რომ თმის დასავარცხნად სალონში უნდა წავსულიყავი, ოთახიდან გავედი. ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა: მე მანქანას გავარეცხვინებ, გასაღები დაბლა, პორტიესთან იქნება და შეგიძლია, ტანისაომსი მშვიდად გამოიცვალოო... ერთ საათში უკვე "პორტო ფრანკოში" ვისხედით - ეს მაღალი კლასის რესტორანია, გამსახურდიას ქუჩაზე. თავიდან საუბარი ვერ ავაწყვეთ. ჩემი ბრალი იყო. იმ ერთი კოცნის გამო დავკომპლექსდი. მერე უკვე ისევ გავშინაურდი. კარგად მოვილხინეთ. ცოტა დავლიე კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ დამიყოლია, რომ ღამე მასთან დავრჩენილიყავი. უარი რომ არ გამდიოდა, ავდექიდა ტირილი დავიწყე. არ მეტირებოდა, მაგრამ განგებ ვიტირე, რომ არ დაეძალებინა. ატირებული რომ დამინახა, გადაირია, ბოდიშები მიხადა. მერე კი შემრცხვა, მაგრამ აბა, რა უნდა მექნა?

სონა: რა უნდა გექნა და უნდა გაჰყოლოდი. მისთვის უნდა დაგეჯერებინა.

პანდორა: შენ ასე ფიქრობ? ისე, მეც ვნანობ, რომ არ დავუჯერე. სულ 2 საათის წინ დავშორდი და უკვე მენატრება.

სონა: დაურეკე, მოვა და წაგიყვანს...

პანდორა: არა, რას ამბობ? ჯერ იყო და ჩემს მასპინძელს თბილისში ვეგონე და შუაღამისას თავზე რომ დავადექი, ამაზე გადაირია (ხომ იცი, თავისი შვილიშვილისთვის მოვწონვარ, რომელიც ამჟამად თურქეთშია წასული). ახლა, ამ შუაღამისას გარეთ რომ გავიდე, რას იტყვის?

სონა: ნატალი, რით ვერ გაიგე, რომ სხვის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო? შენ უარს იტყვი საკუთარ სურვილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობ: რას იტყვის ჩემი მასპინძელიო?

პანდორა: ჰო, სონა, ხომ იცი, ის ჩემი მეგობრის, მაიკოს მამიდაა. აქ ერთად ჩამოვედით. მაიკო მხოლოდ ერთი კვირით დარჩა და თბილისში დაბრუნდა... ეს ქალი უცხო რომ იყოს, მართლაც დავურეკავდი ახლა ზურას...

სონა: და რას ეტყოდი?

პანდორა: ვეტყოდი: ძალიან მიყვარხარ, ვნანობ, უარი რომ გითხარი, შენთან მინდა, მოდი და წამიყვანე-მეთქი... მოიცა, მოიცა, ახლა შენ ისევ არაფერი იმაიმუნო... მაინც ვერ გავალ სახლიდან და ტყუილად არ დააფეთიანო...

სონა: არა, არა, ნუ ნერვიულობ, არ დავურეკავ...

პანდორა: დილით კი უთენია დავადგები თავზე მძინარეს და გავაღვიძებ...

სონა: სასტუმროში აპირებ მისვლას?

პანდორა: ჰო, რა, არ მივიდე? შენ ფიქრო, რომ არ უნდა მივიდე?

სონა: მე ვფიქრობ, რომ შენ ახლაც იქ უნდა იყო...

პანდორა: ჰოდა, დილის 7 საათზე დავადგები თავზე...

სონა: ჰოდა, ახლა დაწექი და დაიძინე, როდის შემატყობინებ ახალ ამბებს?

პანდორა: ხვალ, გვიან ღამით, რადგან საღამოს თბილისში მივდივართ...

სონა: უკვე? ზურა მანდ არ რჩება?

პანდორა: არა, ვერ დარჩება, რადგან მუშაობს და ორშაბათს დილით სამსახურში უნდა იყოს.

11 სექტემბერი, ორშაბათი

10:10

ზურა: ნატალი, ტელეფონი ჩართე და ბავშვივით ნუ იქცევი... მინდა, რაღაც გითხრა... მიყვარხარ...

12:56

ზურა: ნატა, ჩართე ტელეფონი, ნუ ჯიუტობ. მე ხომ მიყვარხარ, პატარავ...

16:45

ზურა: ნატა, ახლა უკვე ვბრაზობ. სერიოზულად მაღიზიანებს შენი სიჩუმე. მიპასუხე, ვიდრე მთლად არ გავგიჟებულვარ. შენ ჩემი გაბრაზება არ გინახავს... მიყვარხარ, გაიგე? სისულელეებზე ფიქრს თავი დაანებე და ხმა გამეცი.

20:33

ზურა: ჩემი წერილები წაგიკითხავს და პასუხი არ გამეცი? ნატა, ნუ ჯიუტობ, ხმა ამოიღე! მიყვარხარ! ახლა სახლში წავალ და იქიდან შეგეხმიანები. იმედია, საღამოს მაინც ინებებ პასუხის გაცემას. დროებით...

23:25

ზურა: აქ ხარ? როგორ ხარ, სიხარულო?

23:41

ზურა: პასუხს არ მცემ? რატომ ხარ საიტზე? ვის ელაპარაკები? ახალ სიყვარულს ეძებ? ხმა გამეცი, ნატა, სანამ გადამჭრელი ზომები არ მიმიღია...

00:18

პანდორა: მოხვედი?

სონა: ჰო, აქ ვარ. როგორ ხარ, საყვარელო? აბა, ვეღარ ვისვენებ, სანამ შენს ამბავს გავიგებ. ჰო, მართლა, შენ ხომ გუშინ უნდა დამკონტაქტებოდი? გირეკავდი. რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? ხომ მშვიდობაა?

პანდორა: ჰო, ისე, რა!

სონა: ნატალი, ისევ რაღაც მოხდა? გადამრევ შენ მე...

პანდორა: ამჯერად მართლა დამთავრდა ყველაფერი...

სონა: რა იყო, მითხარი, ნუ დამტანჯე... მიხვედი დილით?

პანდორა: კი, მივედი...

სონა: მერე? ამოღერღე, ნუ დამტანჯე!

პანდორა: როგორც გითხარი, დილით უთენია მივადექი. ვიფიქრე, რომ გაუხარდებოდა და ჩემი აზრით, სიურპრიზი მოვუწყვე. ისე მოხდა, რომ თივოთნ მომიწყო სიურპრიზი. კარზე კარგა ხანს ვაკაკუნე და არავინ მიღებდა. როგორც იქნა, გავიგონე გასაღების ხმა და კარი გაიღო. ზურამ თვალები მოიფშვნიტა და რომ დამინახა, ისე აღელდა, თავგზა აებნა. შიგნით არ მეპატიჟებოდა. მეკითხებოდა: აქ რა გინდაო? და კარს ლამის ცხვირწინ მიხურავდა. ვუთხარი: შენთან მოვედი, არ შემომიშვებ-მეთქი? აღარ იცოდა, რა ეთქვა. კარს ხელით მივაწები და ბოლომდე გავაღე. საწოლში ვიღაც შავთმიანი გოგო წამომჯდარიყო და კარისკენ იყურებოდა. ავკანკალდი. ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ სიკვდილს ვნატრობდი... ხმა არ ამომიღია, ისე წამოვდეი იქიდან...

სონა: თვითონ რა გითხრა?

პანდორა: არაფერი,სრულიად არაფერი. არც გამაჩერა. ნახევარ საათში დამირეკა. ალბათ, თავის მართლება უნდოდა, მაგრამ მე არ ვუპასუხე და იმის მერე ტელეფონი გამორთული მაქვს.

სონა: რატომ თავიდანვე არ გამორთე? რატომ დაელოდე მის ზარს?

პანდორა: მაინტერესებდა, დარეკავდა თუ არა...

სონა: ხომ ხვდები, ეგ რას ნიშნავს?

პანდორა: რას?

სონა: შენი პროფესიის ადამიანს არ უნდა გჭირდებოდეს ჩემი ახსნა. ეგ იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ამბისა, შენ მას აპატიებ და შეურიგდები.

პანდორა: არა, არავითარ შემთხვევაში!

სონა: კი, ასე იქნება... დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები... ძალიან ინერვიულე?

პანდორა: ცუდ დღეში ვარ... ნეტავ, ახლა აქ იყო...

სონაკ: კარგი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება...

პანდორა: ახლა საიტზეა და მესიჯს მესიჯზე მწერს, მე კი არ ვპასუხობ...

სონა: უპასუხე, მაინც ხომ უნდა შერიგდეთ? როგორ ფიქრობ, ვინ იყო ის გოგო?

პანდორა: არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს. მისი სამსახურის ფილიალია ბათუმში და ხშირად უწევს იქ ჩასვლა. შესაძლოა, ჰყავს ვინმე ბათუმელი მეგობარი...

სონა: არა მგონია... შენ რითი დაბრუნდი თბილისში?

პანდორა: დღეს დილით "მარშრუტკას" გამოვყევი. ჩემი ტანისამოსით სავსე ჩანთა კი მასთან ნომერში დარჩა. ვეტყვი, რომ მძღოლს გამოატანოს.

სონა: ჰო, უთხარი...

00:46

ზურა: სონა, გამარჯობა... ვიდრე პასუხს გამცემდე, ერთი სათხოვარი მაქვს: თუ ნატალი ახლა შენ გესაუბრება, ნუ ეტყვი, რომ დაგეკონტაქტე. სერიოზული საქმე მაქვს შენთან.

სონა: გაგიმარჯოს. ვხვდები, რა საქმე შეიძლება გქონდეს, მაგრამ მე ალბათ ვერ დაგეხმარები, რადგან ახლა ნატალი მწარედ ტირის და მეც ძალიან გაბრაზებული ვარ...

ზურა: ვიცი, რომ ძალიან განიცდის, მაგრამ ყვლეაფრის ახსნის საშუალებას არ მაძლევს.

სონა: მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: ვინ იყო ის გოგო?

ზურა: ის გოგო სასტუმროს "პეპელაა"... მეძავია, რომელსაც დილით ფული გადავუხადე და წავიდა. ქალი ხარ და ვიცი, ჩემი გაგება გაგიჭირდება, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი - ბათუმში უამრავი ნაცნობი მყავს. მათ შორის, ბევრი ქალია. შემეძლო, ნებისმიერთან დამერეკა და მეთხოვა, რომ ის ღამე ჩემთან გაეტარებინა, მგარამ ეს არ გავაკეთე, მეძავი ვარჩიე მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ღამის გათევას ღალატად არ მივიჩნევ.

სონა: არასწორად მსჯელობ...

ზურა: ვიცი, მაგრამ მიანც ასე მგონია, რომ 2 ვარიანტიდან ყველაზე ნაკლებად მტკივნეული ამოვარჩიე. თანაც, არ ვიცოდი, თუ ნატალი დილაუთენია დამადგებოდა თავზე? იმ საღამოს ვეხვეწე, რომ ჩემთან დარჩენილიყო, იტირა და ამიტომ აღარ დავაძალე.

სონა: ვიცი, მომიყვა და ძალიან ნანობდა, რომ არ გამოგყვა. ამიტომ გადაწყვიტა, დილით მოსულიყო...

ზურა: მივხვდი... კარზე რომ აკაკუნებდა, ვიფიქრე: სასტუმროს თანამშრომელი იქნება-მეთქი. მეგონა, იმ გოგოს ეძებდა, რომ სხვა კლიენტთან გაეგზავნა, მაგრამ ხელში ნატალი შემრჩა... ცხოვრებაში ასე არაფერი მინანია... მიშველე, სონა და შემარიგე ნატალიასთან...

სონა: მე ვერ გიშველი: ნატალი ამბობს: არავითარ შემთხვევაში არ შევურიგდებიო...

ზურა: აბა, რა უნდა ვქნა? მე ის მართლა მიყვარს...

სონა: რომ გყვარებოდა, ასე არ მოიქცეოდი...

ზურა: მისი საქციელიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ჯერ კიდევ კარგა ხანი დამჭირდებოდა საიმისოდ, რომ ნატალი შემჩვეოდა. მოვლენებს არ ვაჩქარებდი, მაგრამ კაცი ვარ და სექსის გარეშე ვერ ვიცხოვრებ...

სონა: აი, ეს არის სწორედ უბედურება...

ზურა: ასეა და რა ვქნა? ეს რეალობაა... მაგრამ როცა ნატალი ჩემს ცხოვრებაში ბოლომდე შემოვა, როცა ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვიქნებით, მაშინ ის ერთადერთი იქნება... სონა, დაელაპარაკე ნატალის... ვიცი, დაგიჯერებს...

სონა: არ იცი, რა ჯიუტია? მე ვეტყვი, მაგრამ არა მგონია, რომ დავითანხმო...

ზურა: ხომ არ გითქვამ, სპარალელურად მე რომ მელაპარაკები?

სონა: არა, არ მითქვამს... მისი ჩანთან შენთანაა, ხომ?

ზურა: კი, ჩემთანაა... წეღან მინდოდა, მის ნივთებს შევხებოდი და მოვფერებოდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე... იქნებ, რა აქვს ჩანთაში ისეთი,რაც მე არ უნდა ვნახო?

სონა: ჰოდა, ჩანთას რომ დაუბრუნებ, მაშინ სცადე და იქნებ შეგირიგდეს?\

ზურა: სონა, მისი მისამართი მითხარი...

სონა: არა, ვერ გეტყვი... არ შემიძლია, ნატალი მომკლავს...

ზურა: არ ვეტყვი, რომ შენ მითხარი... გეფიცები... მე სხვა არხებითაც შემიძლია გავიგო, მაგრამ მხოლოდ დილით.

სონა: შენ რა, ახლა გინდა მისვლა?

ზურა: კი, ახლავე...

სონა: კარგი, გეტყვი...

ზურა: ჯიგარი ხარ! კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს - ცოტ ახანი ლაპარაკში შეიყოლიე, რომ არ დაიძინოს და 10 წუთში მასთან გავჩნდები.

სონა: კარგი, რა გაეწყობა...

02:40

სონა: ნატალი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის გოგო ალბათ, ვიღაც მეძავი იქნებოდა... გადარიე კაცი და რა ექნა?

პანდორა: რას ჰქვია, გადავრიე? იქნებ, ისიც მითხრა, რომ მე თვითონ მივუყვანე და ლოგინშიც ჩავუწვინე? ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, მეძავი იქნებოდა თუ მისი საყვარელი. ქალი ქალია და მის ლოგინში იწვა. მორჩა, აქ ყველაფერი დამთავრებულია...

სონა: მაგას ნუ იტყვი, რადგან კაცს მსგავსი რაღაცები ეპატიება...

პანდორა: ჰოდა, ერთი შენმა რობამ გაგიკეთოს ასეთი რამ და როგორ აპატიებ, დავინახავ... ხვალიდან მართლა დავიწყებ ბაჩოს ძებნას...

სონა: ნატალი, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ შეცდომას უშვებ... ის რომ ცოცხალი იყოს, ამდენი წლის მანძილზე თავად მოგძებნიდა... ასე არ არის?

პანდორა: მოიცა, კარზე კაკუნია...

სონა: ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოს?

სონა: ნატალი, სად ხარ?

03:23

სონა: ნატალი, მიპასუხე...

03:54

სონა: ნატალი, მხოლოდ ერთი სიტყვა მომწერე, რომ კარგად ხარ და თავს დაგანებებ...

04:42

სონა: ნატალი, არ გესმის? მიპასუხე...

05:11 სონა: წავედი. იმედია, მშვდობაა... კარგად... ხვალ მომიყვი დანარჩენი...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე