sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XVII-XVIII ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XVII-XVIII ნაწილი)

20 სექტემბერი, სამშაბათი

12:46

ნატალი: წუხელ ყოფილხარ საიტზე და ჩემთვის 2 სიტყვა დაგიტოვებია. ნეტავ, რა გააკეთე ისეთი, რომ მეუბნები - ცუდად მოვიქეცი და შენი კოცნის ღირსი არა ვარო?.. საინტერესოა, რა მოიფიქრე ამჯერად?.. როდის ჩამოხვალ?

22:12

ნატალი: გამარჯობა.

ზურა: გაგიმარჯოს. როგორ ხარ?

ნატალი: კარგად. როგორ ისვენებ?

ზურა: ვერ ვისვენებ, წამოსვლა მინდა. ზეგ წამოვალთ.

ნატალი: ბავშვი როგორ არის?

ზურა: აქაური ჰაერი მოუხდა. კარგად გრძნობს თავს. გმადლობ, რომ დაინტერესდი.

ნატალი: რატომ ხარ ასეთი ოფიციალური? მოხდა რამე?

ზურა: არა, გეჩვენება, ჩემო კარგო. ძალიან მენატრები და შენთან მინდა. ნატალი, უჩემოდ როგორ ხარ?

ნატალი: არაჩვეულებრივად. მე მიჩვეული ვარ შენთან ვირტუალურ ურთიერთობას და ამიტომ არ მიჭირს. აქ, ვირტუალურ სამყაროში არ იგრძნობა დრო და მანძილი. დედამიწის ნებისმიერი წერტილი იქვეა, ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე. ლათინური ასოებით ყველაფრის გამოხატვა შეიძლება - სიყვარულის, სიძულვილის, ლტოლვი,ს ვნების, ტკივილის, მონატრებისა და ნებისმიერი სხვა გრძნობის. ცუდია, რომ ამ საიტს ქართული შრიფტი არა აქვს.

ზურა: რატომ? ქართული ასოებით გაცილებით უკეთ გამოხატავდი?

ნატალი: რა თქმა უნდა.

ზურა: მაინც, რისი გამოხატვა გსურს?

ნატალი: მაგალითად, შენ მიმართ სიყვარულის.

ზურა: :))) მერე, მიდი, სიამოვნებით მოვისმენ.

ნატალი: კი არ მოისმენ, წაიკითხავ...

ზურა: საკმაოდ ბევრი მოგიწერია ამ დღეებში. არასოდეს გამოგიხატავს ამდენი სითბო ჩემ მიმართ, როგორც ახლა, რაც შენ სიახლოვეს აღარ ვარ. ნატა, ეჭვიანობ?

ნატალი: სიმართლე თუ გინდა, კი, ვეჭვიანობ.

ზურა: მიყვარხარ...

ნატალი: გუშინ რაღაც იდუმალებით სავსე მესიჯი მოგიწერია. რა მოხდა გუშინ?

ზურა: გუშინ საღამოს ცოტა დავლიე. სასმელმა გონება დამიმძიმა და სუფთა ჰაერზე მარტო გასეირნება გადავწყვიტე. ფეხით გავუყევი გზას და სულ მალე, ქალაქის განაპირას გავედი. იქ პატარა სკვერია. მართალია, განათებულია და კეთილმოწყობილიც, მაგრამ მაინც არის ისეთი ადგილები, სადაც შეყვარებულ წყვილს უცხო თვალისგან მიფარვა და განმარტოება შეუძლია. ვიდრე უკან მოვბრუნდებოდი, ერთ ნაკლებად განათებულ ადგილას მდგარ მერხზე ჩამოვჯექი. ჩემ უკან მაღალი ბუჩქნარი იყო. იქიდან ქალისა და მამაკაცის ლაპარაკი შემომესმა. როგორც ჩანს, იქაც მერხი იდგა. თურქულად ლაპარაკობდნენ. რაღაცაზე ხმადაბლა დაობდნენ. ორივე ცდილობდა, რომ ხმისთვის არ აეწია. მივხვდი, რომ მამაკაცი რაღაცას აძალებდა, ქლალი კი - უარობდა. უეცრად, ერთ-ერთის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. "შე ბოზო, გამიჩალიჩე, არა? - მომესმა ქაელის ქართული ლაპარაკი. ყურები ვცქვიტე, - ამას არ შეგარჩენ, ვის ვალს მახდევინებ, შე ჩათლახო, ჩემი ხორცით გინდა, ვალის გასტუმრება?!" მერე ცოტა ხანს გაჩუმდა. როგორც ჩანს, მოსაუბრეს უსმენდა. "ფულს არ იხდის ეს ნაბოზარი, მოდი, წამიყვანე, თორემ სად წახვალ? ხვალ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს!" - ისევ ჩასძახა ყურმილში. ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ცხოვრებამ ფსკერზე ჩაითრია. როგრც კი ლაპარაკი დაამთავრა, ძიძგილაობის ხმა მომესმა. მივხვდი, რომ მამაკაცი ძალაობდა. მისი ხვნეშის ხმა სწვდებოდა ყურს. ამ ხმამ ჩემი ბავშვობა გამახსენა. მაშინ 6 წლის ვიყავი. ჩვენს მეზობლად კერძო სახლში ერთი მარტოხელა კაცი ცხოვრობდა. ასე, 40-45 წლის იქნებოდა. იქვე ახლოს, მაღაზიაში ხორცს ყიდდა. უშველებელი ფაშვი ჰქონდა და მუდამ ოფლიანი და ცხიმიანი სახე. ეზოს ბავშვები ერთმანეთს მასზე უამრავ საშიშ ამბავს ვუყვებოდით და ჩვენვე ვიჯერებდით ჩვენს ნათქვამს. სულ მეგონა, რომ ის საქონლის სისხლს სვამდა, რომლის ხორცსაც ყიდდა. სიზმარშიც კი მინახავს, როგორ იყუდებდა სისხლით სავსე ჯამს პირზე... მოკლედ, ამ კაცის, ყველა ბავშვს ეშინოდა. მის ეზოში უამრავი ხელილი იდა. ერთხელ, გაზაფხულზე გადავწყვიტეთ, მისი ალუჩა მოგვეპარა, მაგრამ ვინ ითავებდა ამას? მე, როგორც ყველაზე გულადმა, გამოვთქვი სურვილი მეშინოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ღობეზე გადავძვერი. როდესაც უცხო ეზოში მოვხვდი, დავინტერესდი, რა ხდებოდა მის სახლში და მართლა დამხვდებოდა თუ არა მის მიერ გამოცლილი, სისხლიანი ჯამები. ის კაცი (სახელი დღესაც არ ვიცი) წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო. ამიტომ, როდესაც კარს მივაწექი და ღია აღმოჩნდა, შიგნით შესვლა გადავწყვიტე. თან მუხლები მიკანკალებდა. ერთ-ერთი ოთახიდან ხმაური შემომესმა. კარს მივუახლოვდი და ღრიჭოში შევიხედე. საწოლზე ჩვენი მეზობელი - ასე, 15-16 წლის მანანა იწვა, შიშველი, ზემოდან კი, ეს ქონიანი და ოფლიანი კაცი დასწოლოდა და ხვნეშოდა. მეგონა, რომ ის მანანას ახრჩობდა. ახლაც კი მახსოვს, როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში. იქიდან ძლივს გამოვედი და თავი სამშვიდობოს დავიგულე თუ არა, ხმამაღლა ტირილი და ყვირილი ავტეხე. მთელი უბანი შეიყარა. რა თქმა უნდა, მანანას გადარჩენა მინდოდა და ნანახი დაწვრილებით მოვყევი. საშინელი ამბავი ატყდა. დედამ სახლში წამიყვანა. მეორე დღეს კი, უფროსების ლაპარაკს მოვკარი ყური და გავიგე, რომ ორივენი მოკვდნენ. თურმე, მანანას მამა შევარდნილა და შვილიც და ის კაციც ნაჯახით მოუკლავს... ეს ამბავი ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის. მთელი ცხოვრება მომყვება და მაწვალებს. ასე მგონია, რომ მათ სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი... აქ, მერხზე მჯდარს, სწორედ ეს გამახსენდა. მინდოდა, ავმდგარიყავი და მეშველა იმ ქართველი გოგოსთვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი. უხილავი ხელი ჯიუტად ატრიალებდა წარსულის "ჩანაწერს" და მანანა მახსენდებოდა. როგორც იქნა, ავდექი და ბუჩქებს გარს შემოვუარე. ერთი ადგილიდან კარგად ჩანდა, თუ რა ხდებოდა იქ. ქალი ბალახზე გულაღმა იწვა, კაცი კი, სვავივით, გაწაფული ხელით ჯიჯგნიდა, ვინ იცის, მერამდენედ გათელილ სხეულს. ქალი წინააღმდეგობას აღარ უწევდა. როგორც ჩანს, ბედს შეეგუა. თვალები დახუჭულიდა მინაბული ჰქონდა. ეს რომ დავინახე, უკან გამოვბრუნდი. ჩემს ჩარევას აზრი არ ჰქონდა. თუმცა, გული მეუბნებოდა, რომ იმ თურქისთვის სიფათი მიმესწორებინა. ამის მიუხედავად, უკანმოუხედავად წამოვედი იმ ადგილიდან. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ჩემს ყურს ქალის კვნესაც მოსწვდა... ტაქსიში ჩავჯექი და სასტუმროში დავბრუნდი. დანაშაულის შეგრძნება მქონდა. განვიცდიდი, რომ არ ჩავერიე და მოძალადეს თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოვაყვანინე. მთელი ღამე ვბორგავდი. დილით თითქოს გამიარა.

ნატალი: შენ დამნაშავე არ ხარ. ვერაფერს უშველიდი იმ ქალს. ასე რომ, ტყუილად ნერვიულობ.

ზურა: დილით უკვე ისე აღარ განვიცდიდი. წუხელ კი, ეტყობა, სასმელიც დამეხმარა და მაგრად ვინერვიულე... ახლა შენზე მომიყევი რამე. სამსახურში რა ხდება? როგორ მიგიღეს თანამშრომლებმა შვებულების შემდეგ?

ნატალი: კარგად მიმიღეს. მე ყველას ვუყვარვარ და ვენატრებოდი კიდეც თანამშრომლებს. ამიტომ, ყველამ თბილად მომიკითხა, მე კი ურცხვად ვატყუებდი.

ზურა: რას ატყუებდი?

ნატალი: როდესაც მეკითხებოდნენ - როგორ ხარო? - ურცხვად ვეუბნებოდი - კარგად-მეთქი.

ზურა: ... და ცუდად რატომ ხარ?

ნატალი: იმიტომ, რომ შენ გაგიცანი, იმიტომ, რომ მთელი შვებულება ნერვუილობაში და კომპიუტერთან გავატარე და კიდევ იმიტომ, რომ ახლა უზომოდ მენატრები.

ზურა: მეც ძალიან მენატრები, სიხარულო, მაგრამ 2 დღეში შენთან ვიქნები და მერე სულ შენთან ვიქნები. გულში მენატრები და სულში მენატრები. შენ? შენ სად გენატრები?

ნატალი: მონატრებიათ ქარაფებს

თეთრი, ფუმფულა ნისლები,

ვარდს ენატრება ბუმბული,

მეც მონატრებით ვივსები,

ცას ენატრება წვიმა,

ნისლს დაუსველდა ფრთები,

ტყეს ენატრება სიო და...

მეც მონატრებით ვკვდები,

ლოთს მოენატრა ღვინო და

შეხვედრის ეშხით ლოთობს,

მონატრებისგან გულწასულს,

ნამი მიჰკვრია ფოთოლს.

ზურა: და შენც ასე, ფოთოლივით გულწასული ხარ, მონატრების გამო?

ნატალი: შეიძლება, გულწასული - არა, მაგრამ "ტვინწართმეული" კი ვარ.

ზურა: ახლა შენ ტვინი და ჭკუა აღარ გჭირდება, ჩემო პატარავ. შენ გჭირდება დიდი გული, რომ მე დამიტიო.

ნატალი: შენი აზრით, ჭკუა აღარ მჭირდება?

ზურა: შენ ამის შემდეგ მაინც ჩემი ჭკუით უნდა იარო და იცხოვრო. შენი რაღად გინდა?!.

ნატალი: მტერმა იარა შენი ჭკუით! რაც დაგიჯერე, იმასაც ვნანობ.

ზურა: აბა, ახლა ეგეთები არ გამაგონო! ჭკუით იყავი, თორეეემ...

ნატალი: ჭკუა აღარ გჭირდებაო და...

ზურა: გეხუმრე :(((

ნატალი: წავედი ახლა, თორემ, დაგვათენდა თავზე. ძილი ნებისა, ჩემო სიხარულო. მალე ჩამოდი.

ზურა: კარგად. ღამე მშვიდობის. თუმცა, რაღა ღამეა?! უკვე თენდება კიდეც. ერთი სული მაქვ,ს როდის გნახავ.

ზურა: ისევ წასულხარ. ვერ მოგარჯულე, ვერა! სულ ცოტაც მაცალე და მოგამტვრევ მაგ პატარა რქებუნებს. გკოცნი.

21 სექტემბერი, ოთხშაბათი

11:14

ნატალი: ჩემს რქებუნებზე ლაპარაკობ? არ გრცხვენია? ჯიუტი შენ ხარ, თორემ, მე ისეთი დამყოლი ხასიათი მაქვს, ვერ წარმოიდგენ. დღეს სონას დაბადების დღეა. მიულოცე, გაუხარდება.

22:35

ნატალი: გამარჯობა, სონა. როგორ ხარ? დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო კარგო. ულევ სიყვარულს გისურვებ!

სონა: ნატალია, როგორ ხარ? გაიხარე, ბუმბულის "კრაოტზე"! შენთვისაც მალე მომელოცოს.

ნატალი: რა უნდა მომილოცო, დაბადების დღე? მე ხომ ზაფხულში მქონდა, დაგავიწყდა?

სონა: დაბადების დღე კი არა, გათხოვება და კაი ამბები... გაისადაც მოვა დაბადების დღე და არ უნდა მოგილოცო? აბა, რა ხდება შენკენ ახალი?

ნატალი: მნიშვნელოვანი არაფერი. ძველებურად ვარ.

სონა: ზურა ჩამოვიდა?

ნატალი: რა ეჩქარება?! ისვენებს ჯერ.

სონა: შენ, რა თქმა უნდა, ისევ სამგლოვიარო განწყობილება გაქვს მაგის გამო. გამოვიცანი?

ნატალი: ვერ გამოიცანი. ალბათ შევეგუე კიდეც, რადგან აღარ განვიცდი ისე ძალიან. უბრალოდ, მენატრება და ეგ არის.

სონა: ძალიან გენატრება თუ ისე რა?

ნატალი: ძალიან, ძალიან...

სონა: საწყალო...

ნატალი: დავანებოთ ზურას თავი. დაბადების დღეს აღნიშნავ?

სონა: არა, არ აღვნიშნავ. მე და რობა წავალთ სადმე და გავისეირნებთ. შენ რომ აქ იყო, იცოცხლე, მოვაწყობდით ჩვენებურ ქეიფს.

ნატალი: ჰო, მაგრამ მე აქ ვარ, შენ - მანდ, ხოლო შუაში დიდი ოკეანე "ჩამოგვიდის". ამიტომ, ვერაფერს გავაწყობთ.

სონა: ნეტავ, იმ დროისთვის აქ იყო, როცა ბავშვს გავაჩენ!..

ნატალი: ჩამოვალ, სონა, მაგ დროისთვის ჩამოვალ, თუ საკონსულომ გამომიშვა.

სონა: რატომ არ უნდა გამოგიშვან, მაგათი დედა ვატირე? რომელი რეციდივისტი და ტერორისტი შენ ხარ?! ჩამოხვიდოდი 1-2 თვით და დაბრუნდებოდი მერე უკან.

ნატალი: ეჰ, რა ვიცი, აბა. ჩემი ბედის ამბავი ხომ იცი?! ციდან ამერიკაში წასასვლელი ვიზები რომ ცვიოდეს, მე თავში "უარი" დამეცემა.

სონა: გულს ნუ გაიტეხ, გენაცვალე, ყველაფერი კარგად იქნება. მგონი, გეძინება. კარგი, ჩემო

ნატალია, დაიძინე. დროებით.

ნატალი: რითი მატყობ, რომ მეძინება? ნუთუ ნაწერზე მეტყობა?

სონა: გეტყობა. თანაც, მე საქმე მაქვს და უნდა წავიდე. ამ ბოლო დროს ძალიან ჩვილი გული გაგიხდა და ყველაფერი იოლად გწყინს. იმედია, არ გამინაწყენდები. გკოცნი.

01:25

ნატალი: ზურა, ისე მენატრები... სულელივით ვზივარ და წერილს გწერ. როგორ ხარ? რა გაძლებს ხვალამდე?! ერთხელ დავიძინებ, გავიღვიძებ და მერე მოხვალ?.. ინტერნეტში მარტო ყოფნა იგივეა, რომ საკუთარ თავს პენალტს ურტყამდე, მაგრამ ვითომ წერილს გწერ და მტრედს ვატან. ჩემს ბავშვობაში წერილის წერას ასე ვიწყებდით ხოლმე: ხელში ვიღებ საწერ-კალამს და გულითადს გითვლი სალამს... - და მერე მოჰყვეოდი, თუ რამე ახალი იცოდი, ბოლოს მოიკითხავდი დიდი ხნის უნახავ ადამიანებს და დაასრულებდი: პასუხს ველი, როგორც მგელი... რა სასაცილოა, არა? რომელი მგელი ელის საპასუხო წერილს?!. ყველაფერი შეიცვალა. ახლა კომპიუტერთან დაჯდები და მისწერე და მოგწერს... უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ ვერ ვიძინებ. რა უნდა გავაკეთო?.. აქ რომ იყო, ცოტას ვიჭორავებდით. მოდი, გავაგრძელებ ჩემი ამბის მოყოლას. უფრო სწორად, ბაჩოს ამბის. იქიდან გავაგრძელებ, სადაც გასანამ ბაჩოს ბევრი ფული მისცა. ამდენი ფული სად უნდა წაეღო! შინ ვერ მიიტანდა, რადგან მობლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევდა, ბანკში ვერ შეიტანდა, რადგან არასრულწლოვანი იყო, ვერც სხვას მიაბარებდა. ისევ გასანას მიადგა და სთხოვა, მისი ფული შეენახა. იმ წელს ბაჩო სკოლას ამთავრებდა და სასწავლებლად რუსეთის დედაქალაქში აპირებდა წასვლას. ჰოდა, ეს ფულიც სწორედ მაშინ გამოადგებოდა. დასტიდან 500 მანეთი აიღო, ჯიბეში ჩაიდო და გასანას დაემშვიდობა. იმ საღამოს შინ მთვრალი მივიდა. დედამისი გულგახეთქილი დახვდა. ღამით ცუდად ეძინა, სასმელი მოსვენებას არ აძლევდა, გულ-მუცელი უხურდა და გონება ებინდებოდა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. პირი უშრებოდა და პირველი, რაც თავში მოუვიდა და თვალწინ წარმოუდგა, ეს იყო "ორჯომი". საწოლიდან აიზლაზნა, ჩაიცვა და ჯიბეები მოიჩხრიკა. ყველა ჯიბე ცარიელი ჰქონდა. უცებ გამოფხიზლდა ბოლმდე. კარგად ახსოვდა, რომ სულ 200 მანეთის დახარჯვა მოახერხა, დანარჩენი წესით, ისევ ჯიბეში უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამაოდ იჩხრეკდა ჯიბეებს. - ნაბოზრები!.. - კბილებში გამოცრა იმათი მისამართით, ვინც გუშინ ღირსად ჩათვალა, საქეიფოდ დაპატიჟა და ბოლოს, ჯიბეები ამოუსუფთავა. დედას მანეთიანი სთხოვა და კიბეზე დაეშვა. ვიდრე ბიჭებს მოძებნიდა, გახურებული გული "ბორჯომით" გაიგრილა. მასთან უბნელი ბიჭი მივიდა, რომელსაც რევაზიჩს ეძახდნენ და ბავშვობიდან ვერ იტანდა. იმან ქვემოდან შესცინა და უთხრა: გინდა, შენი სასიძო გაგაცნოო? - ბაჩოს სისხლი თავში აუვარდა. სახეზე წამოწითლდა. მას ერთადერთი და ჰყავდა, რომელიც უკვე მესამე კურსის სტუდენტი იყო, მაგრამ ბაჩოს ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ის გათხოვდებოდა, ამის გაფიქრებაც კი აცოფებდა... მისი შიშით, ვერავინ ბედავდა შორენასთვის ხმის გაცემას. ახლა კი ეს რა უთხრეს - სასიძოო?!, თანაც - ვინ უთხრა?! ამას გულში ფიქრობდა, გარეგნულად კი სიმშვიდე შეინარჩუნა და ამ ღლაბუცა ბიჭს სრულიად მშვიდი ხმით უთხრა – გამაცანი, ვნახოთ ერთი, რა ბიჭიაო. - ამ საღამოს 7 საათზე სკოლასთან "დავსტრელოთ", მოგიყვან და გაგაცნობო. ბაჩომ თავი დაუქნია, "ბორჯომი" მოწრუპა და ნაბიჯი იმ მიმართულებით გადადგა, საითაც იყურებოდა. მისთვის სულერთი იყო, სად წავიდოდა, მთავარი იყო იმათი პოვნა, ვისთან ერთადაც წინადღეს იქეიფა. სკოლის ხსენებაზე, უსიამოვნოდ გასცრა ტანში, რაგან უკვე 2 კვირაზე მეტი იყო, სკოლაში არ დადიოდა და იცოდა, დღეს თუ ხვალ დამრიგებელი დედამისს შეატყობინებდა ამ ამბავს და სახლში სერიოზული სკანდალი ატყდებოდა. გუნებაში ხელი ჩაიქნია, აქაოდა ფიქრადაც არ ღირსო და სახლის კუთხეში გაუჩინარებულ ერთ-ერთ თანამესუფრეს ხმამაღლა დაუძახა. რამდენიმე წუთში, ყველა ბიჭმა მოიყარა თავი. ყველა უარობდა ფულის მოპარვას. ბაჩო დარწმუნებული იყო, რომ ქურდი არ გამოტყდებოდა, ამიტომ ლაპარაკისას მათ ქცევებსა და თვალებს აკვირდებოდა. 2 მათგანი მოეჩვენა საეჭვოდ, მაგრამ არც ერთს არ აგრძნობინა და გადაწყვიტა, ცოტა მოეცადა. იქიდან წამოსული, ისევ გასანასთან მივიდა და ყველაფერს მოუყვა. შენ რა ხიფათიანი ვინმე ხარ, ბიჭო?! გუშინ, ფული რომ მიგქონდა, უნდა მეთქვა 1-2 სიტყვა, მაგრამ მერე შეგეშვი, ვიფიქრე - ჯობია, თვითონ გააკეთოს საიჭრო დასკვნებიდა საკუთარ შეცდომაზე ისწავლოს-მეთქი; ყველა ძმაკაცი, ძმაკაცი არ არის, ისევე, როგოც ყველა შარვლიანი ვერ იქნება კაცი, პირში რომ გიცინის, პირს უკან სამარეს გითხრის; შენ არ იცი, რომ ქვეყანა ბოზებითაა სავსე? მაგ ფულს ალბათ, ვერ იპოვი, მაგრამ 300 მანეთად კარგი რჩევა მიიღე ყველაზე ბრძენისგან, რასაც ცხოვრება ჰქვია... ბაჩო საღამომდე დარჩა გასანასთან და კიდევ ბევრი მსგავსი დარიგება მიიღო. საღამოს 7 საათისთვის კი, დათქმულ ადგილას მივიდა. იქ მხოლოდ ძველი ნაცნობი დახვდა. ბაჩო გაჩუმებული იდგა- ხმას არ იღებდა და იმ ადამიანის გამოჩენას ელოდა, ვინც გაბედა და მისი დის საქმრო უწოდა თავს. მალე სკოლის კუთხიდან მათკენ ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი გამოემართა. ბაჩო კარგად დააკვირდა. მოდის, - აუწყა რევაზიჩმა და ყოველი შემთხვევისთვის, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ეს არის? - ბაჩო გაოცებული და პირდაღებული უყურებდა მათკენ მომავალ ბიჭს, რომელსაც გაოცებისგან ბაჩოზე მეტად გაჰფართოებოდა თვალები...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე