sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXIII-XXIV ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXIII-XXIV ნაწილი)

8 ოქტომბერი, კვირა

12:30

ნატალი: სონა, ჩემო საყვარელო, რომ იცოდე, როგორ მენატრები!..

სონა: მეც მენატრები, ჩემო კარგო. როგორ ხარ?

ნატალი: სონა, ხვალიდან მანდ წამოსასვლელი საბუთების შეგროვებას ვიწყე.

სონა: რა იყო, ისევ რაღაც მოხდა?

ნატალი: ისეთი არაფერი, უბრალოდ, შენთან მინდა.

სონა: მეც მინდა, რომი აქ იყო, მაგრამ ვგრძნობ, შენი წამოსვლის მიზეზი სხვა რამეა.

ნატალი: მაგაზე ამაღამ ვილაპარაკოთ. ახლა კი, გკოცნი და გეხუტები.

სონა: კარგად, ჩემო ნატალი. იცოდე, რომ შენ გვერდით ვარ და დაიმახსოვრე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნი.

- ზურა, არსად წასვლა არ მინდა, სახლში მინდა ყოფნა.

- კარგი, ნუ წავალთ. მეც მთელი დღე სახლში ვიქნები და შენთან ერთად მოვიწყენ.

- სახლში არ აპირებ წასვლას? - ვთქვი და მხოლოდ ამის მერე შევნიშნე, რომ შინ უკვე ნამყოფი იყო, რადგან სხვა ტანისამოსი ეცვა.

- არა, არ ვაპირებ. დღეს შენთან ერთად ვიქნები. მაგდებ?

- დღეს 2 პაციენტს ველოდები...

- მერე რა? როცა ისინი მოვლენ, მე საძინებელში გავალ და ხელს არ შეგიშლი. ან ჩემზე უთხარი, ვითომ მეც პაციენტი ვარ და ჩემი მკურნალობის მეთოდი ისაა, რომ სხვა პაციენტებს უნდა მოვუსმინო...

- კარგი, როგორც გინდა.

მესიამოვნა, რომ ზურა არსად წასვლას არ აპირებდა. გუშინდელი დღის შემდეგ, ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ მის ყოველ მოქმედებასა თუ სიტყვაში ვეძებდი გრძნობას ჩემ მიმართ. თითქოს ეჭვი შემეპარა მის სიყვარულში და ვცდილობდი, დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად ვუყვარდი. ამერიკაში გამგზავრებაზე კი, მასთან ლაპარაკი ჯერ ნაადრევი იყო. ვიცოდი, ერთ ამბავს ატეხდა. ამიტომ ვდუმდი და ვფიქრობდი - როდესაც ვიზა მექნებოდა, მას მხოლოდ ამის შემდეგ ვეტყოდი.

ოთახიდან გავედი, რომ ტანისამოსი გამომეცვალა. ამ დროს, სახლის ტელეფონმა დარეკა.

- უპასუხე! - გავძახე ზურას.

- ალო! - მომესმა მისი ხმა, მერე კი სიჩუმე ჩამოწვა. შევედი. ზურა გაფითრებული იდგა, ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა და აპარატს დაჰყურებდა.

- ვინ იყო? - ვკითხე გაოცებულმა.

- ბაჩომ დარეკა... 10 წუთში ისევ გადმორეკავს... - მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, ლამის ფეხქვეშ მიწა გამომეცალა...

- რა იცი, რომ ბაჩო იყო? - ისეთი ხმით ვკითხე, რომ ჩემი მღელვარება არ გამომემჟღავნებინა, მაგრამ ცუდი მსახიობი ვარ და ხმაში ხრინწი გამერია.

- მითხრა - ბაჩო ვარ და გადმოვრეკავო. შენ ხომ ამბობდი, ბაჩო უგზო-უკვლოდაა დაკარგული და მის შესახებ არაფერი ვიციო?

- მართლა არაფერი ვიცი... არ გჯერა?

- მაგრამ ბედნიერი ხარ, რომ გამოჩნდა, არა?

პასუხი აღარ გამიცია, მივბრუნდი და კვლავ საძინებელში გავედი. დაძაბული ვიყავი. 10 წუთი თითქოს საუკუნედ იქცა. როგორც იქნა, ისევ დარეკა ტელეფონმა. ნელი ნაბიჯით მივედი და ყურმილი რაც შეიძლება, მშვიდი სახით ავიღე.

- გამარჯობა, ნატალი, - მომესმა ნაცნობი ხმა და ერთბაშად დავმშვიდდი.

- გაგიმარჯოს, ბაჩო... - ვუპასუხე და ზურასკენ მთელი ტანით შევბრუნდი. ხელით ვანიშნე, რომ ჩემთან ახლოს მოსულიყო. მომიახლოვდა და წინ დამიდგა. ხელი მოვხვიე და ჩემკენ მივიზიდე. მომყვა და თვითონაც მომეხვია. მე კი ტელეფონზე ლაპარაკს განვაგრძობდი.

- კი, როგორ არა, ბაჩო, არსად წასვლას არ ვაპირებ, ოღონდ, ერთი პაციენტი 4 საათზე მყავს დაბარებული, მასთან ექვსამდე ვიმუშავებ. ექვსის მერე შეგიძლია, მოხვიდე - მერე დავემშვიდობე და ყურმილი დავკიდე.

- შე სულელო, ბაჩოს აჩრდილი დაგდევს თუ რაშია საქმე? მეც გული გამიხეთქე...

- მომესმა? ბაჩო არ იყო?

- კი, ბაჩო იყო, მაგრამ შენ რომ იფიქრე, ის ბაჩო - არა. ეს ჩემი პაციენტია, რომელიც 2 საათზე უნდა მოსულიყო და მხთოვა, რომ შეხვედრა საღამოსთვის გადამედო.

- კი, მაგრამ მე რა ვიცოდი, რომელი ბაჩო იყო? მე მეგონა...

- შენ გეგონა... შენ გეგონა... - გამოვაჯავრე და მე თვითონაც ვიგრძენი, როგორ მომეშვა გულზე. "რა იქნება, რომ ბაჩო გამოჩნდეს?" - ვფიქრობდი და ვერ წარმომედგინა, როგორ მოვიქცეოდი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზურას ვერ დავთმობდი. ზურა ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია და მასთან განშორება ჩემი გარდაცვალების ტოლფასი იქნებოდა.

ფიქრებიდან ზურას ხმამ გამომარკვია.

- ნატ, ის ბაჩო რომ ყოფილიყო, რას იზამდი? - მომეჩვენა, რომ ჩემს პასუხზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ გულწრფელი პასუხი ვარჩიე:

- არ ვიცი, ზურა, მართლა არ ვიცი...

- გიყვარს?

- არც ეგ ვიცი... საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ...

- პირველი მამაკაცი იოლი დასავიწყებელი არ არის... თანაც, ასე გიყვარდა... და კიდევ ერთი - რატომ ამოისუნთქე შვებით, როცა გაიგე, რომ ის სხვა ბაჩო იყო?

- ჩემი ცხოვრების ბოლო წლები ძალიან დაძაბული და მღელვარე იყო... ახლა, თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და დავმშვიდდი. ამ სიმშვიდის დარღვევა არ მინდა... შენთან თავს კარგად ვგრძნობ... მიყვარხარ... თან დავიღალე კიდეც...

- კარგი, პატარავ, კარგი... ამჯერად გადავრჩით... იმედი მაქვს, რომ ის კარგად არის, მაგრამ აქ, ჩვენთან არასოდეს გამოჩნდება. იცი, რა მინდა?

- რა? მითხარი, რა გინდა და გაუჩენარს გაგიჩენ. გშია?

- მშია, მაგრამ ახლა მაგაზე არ ვლაპარაკობ. მე მინდა, რომ ჯვარი დავიწეროთ...

გაოცებულმა შევხედე. ამას ნამდვილად არ ველოდი მისგან. დავიბენი და ვერაფერი ვუთხარი.

- რომ მიყურებ დასაკლავი ხბოსავით, ვერ გაიგე, რა გითხარი?

- გავიგე... მაგრამ...

- მაგრამ - რა? ჩემი ოჯახი? მე და ხათუნას ჯვარი არ გვაქვს დაწერილი. ჩვენ დავიწერთ ჯვარს და ვიქნებით ცოლ-ქმარი ღვთის წინაშე. ხალხის აზრი კი არ მაინტერესებს...

- თუ სწორად გავიგე, ვიქნებით ცოლ-ქმარი მხოლოდ ღვთის წინაშე, ხოლო ხალხის წინაშე კვლავ საყვარლებად დავრჩებით? - ვკითხე და თვალები ცრემლით ამევსო... ზურამ უხერხულად ჩაახველა. როგორც ჩანს, ჩემს ასეთ რეაქციას არ ელოდა. ალბათ ფიქრობდა, რომ სიხარულით ჭყლოპინს დავიწყებდი და ბედნიერებისგან გული წამივიდოდა...

- ჰო, დაახლოებით ასეა, - მიპასუხა ცოტა ხნის შემდეგ...

- არა, ზურა, მე ამაზე თანახმა არ ვარ. თანაც, ეს იქნება დიდი ტყუილი, რომელსაც სწორედ ღმერთი არ გვაპატიებს. ნებისმიერ მოძღვარს ჰკითხე, დაგწერს თუ არა ჯვარს. ოღონდ, იმის თქმა არ დაგავიწყდეს, რომ ცოლ-შვილი გყავს და ჯვრისწერას სხვა ქალთან აპირებ. ნუთუ ასეთი მიამიტი ხარ, რომ ვერ ხვდები, რას მთავაზობ ახლა?

- ვხვდები... მაგრამ მე ასე მინდა...

- შენი სურვილი კანონი არ არის... მით უმეტეს, ღვთისთვის... ახლა უბრალოდ, შეგეშინდა ჩემი დაკარგვის. ჯვრისწერით ცდილობ, ჩვენ შორის ურთიერთობის გამყარებას, მგარამ ეს არ არის კანონიერი და სწორი გზა. მე არ მითხოვია შენთვის, რომ ოჯახი დაანგრიო და ჩემთან მოხვიდე და არც არასოდეს გთხოვ ამას. რა საჭიროა მსხვერპლის გაღება? მე შენ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ და მეტს არ ვითხოვ...

- გავჩუმდი, მაგრამ მალევე დავამატე: - თუმცა, რატომაც არ ვითხოვ? ერთი თხოვნა მაქვს. ძალიან, ძალიან დიდი თხოვნა და უნდა შემისრულო, - ბოლო სიტყვა კატეგორიული ტონით წარმოვთქვი და თვალებში ჯიქურ შევხედე.

- მითხარი, ხომ იცი, შენი გულისთვის შეუძლებელსაც შევეჭიდები.

- შეუძლებელი არაფერია... ისე გააკეთე, რომ არც შენი ყოფილი, არც ახლანდელი, "მოქმედი" საყვარლები და არც შენი ცოლი ჩემთან არ მოვიდნენ. ეს სათხოვარი მაქვს სულ... - ერთი ამოსუნთქვით ჩავამთავრე სათქმელი, რომელიც გუშინდელის მერე თავში მიტრიალებდა და არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მისთვის.

- ნუთუ გეშინია მათი? - სრულიად მოულოდნელი კითხვა დასვა ზურამ...

- ჰო, მეშინია...

- კარგი, კარგი... ყველაფერს ვიღონებ საიმისოდ, რომ შენ არავინ შეგაწუხოს. ისე, კარგი დასანახავი კი იქნებოდა შენი და ლიკას საუბარი. ეჭვი არ მეპარება, მშვენივრად გაართმევდი თავს მის მასპინძლობას.

- ძალიან გთხოვ, ამ თემაზე ნუ ხუმრობ... მე კი ეჭვი შენს გემოვნებაში მეპარება...

- არ მოგეწონა ლიკა? - მკითხა და მომეჩვენა, რომ პასუხი ძალზე აინტერესებდა.

- ფერი - ფერს და მადლი - ღმერთს... ისე ხართ, როგორც ყველი და პური.

- კარგი, ნუ იკბინები, შეცდომა ყველას მოსდის... თანაც, კარზე აკაკუნებენ...

საათს შევხედე. უკვე 4 საათი სრულდებოდა და პაციენტის მოსვლის დრო მოსულიყო. ზურაც მიხვდა სტუმრის ვინაობას და ვიდრე მე კარს გავაღებდი, ის სამზარეულოში გავიდა. როგორც ჩანს, სეანსზე დასწრება გადაიფიქრა.

დილით ზურას ხმამ გამომაღვიძა. მისი ფეხის ნაბიჯები და ხმა სამზარეულოდან ისმოდა. ვიღაცას ხმამაღლა ელაპარაკბეოდა. მივხვდი, ხელქვეითს რაღაცის გამო საყვედურობდა. ძილს უკვე ვეღარ ვაგრძელებდი. ავდექი და ზურას თავზე დოინჯით დავადექი.

- კი, მაგრამ ოჯახში რომ ვინმეს სძინავს, დანარჩენები ვალდებული არ არიან, რომ ჩუმად იყვნენ და მათ ძილი არ დაუფრთხონ? - ვკითხე მას შემდეგ, როცა ტელეფონი გათიშა.

- სამსახურში წასვლის დროა, - თქვა და საათს დახედა, ტუჩები წინ წამოსწია და დაუსტვინა, აქაოდა, რამდენი დრო გასულაო... სწორედ ამ დროს დაუსტვინა ჩაიდანმაც და მე გულიანად ავხარხარდი...

- ხომ ხედავ, შენს ოჯახში ყველაფერთან როგორი ჰარმონიული ურთიერთობა მაქვს? შენ ვერ მიგებ მარტო...

- შენ რომ ჩაიდანივით ორთქლს ვერ უშვებ? საინტერესოა, მე რატომ ვერ გიგებ?

- იმიტომ, რომ სამსახურში მაგვიანდება, შენ კი ჩაისაც არ მისხამ... კარაქიანი და თაფლიანი პური მიყვარს დილაობით... - კატეგორიული ტონით თქვა, ნებიერა ბავშვივით და ამის გამო კიდევ ერთხელ გადავიხარხარე...

- იცი, სონაც ყოველ დილით კარაქიან და თაფლიან პურს ჭამდა... მე კი თაფლი არ მიყვარს და ამიტომ არც ვყიდულობ. ამჯერად მარტო კარაქს და ყველს უნდა დასჯერდე, საყვარელო... ვუთხარი და ვიდრე კიდევ რაიმეს იტყოდა, თვალის დახამხამებაში გავუწყვე საუზმე და სააბაზანოში შევედი.

- მე ნუ დამელოდები, კარგა ხანი დამჭირდება მოსამზადებლად. ჩემი "ხოდით" წავალ, - გამოვძახე იქიდან.

- ნატალი, მივდივარ... კარი გამიღე 2 წუთით, რომ დაგემშვიდობო...

- არ გინდა დამშვიდობება, ომში ხომ არ მიდიხარ?!

- კარგი, საღამომდე, - მომესმა მისი ხმა, რომელსაც მალევე კარის გაჯახუნების ხმა მოჰყვა. ერთ წუთში სახლის ტელეფონმა დარეკა. არ ვაპირებდი გასვლას, მაგრამ აღარ გაჩერდა და ვიფიქრე, რომ ალბათ შინაური რეკავდა და რაღაც უჭირდა, თორემ ასე დილაუთენია და ასე გამწარებით უცხო არ დარეკავდა. საპნიან ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი. მივედი თუ არა ტელეფონთან, მაშინვე შეწყდა ზარის ხმა. უკან დავბრუნდი და ისევ დარეკა. ისევ გამოვედი და ვერ მივუსწარი. გავბრაზდი. ცოტა ხანს დაველოდე, მგარამ ზარი აღარ განმეორდა და ის იყო, აბაზანისკენ უნდა წავსულიავი, რომ ჩემს ყურთან ვიღაცამ ჩაახველა. შიშისგან ხმამაღლა შევყვირე და იქითკენ შევბრუნდი, საიდანაც ხმა მომესმა. ჩემს ზურგს უკან გაღიმებული ზურა იდგა.

- აბა, რომ არ დამემშვიდობე და არ მაკოცე წასლვის წინ? - მივხვდი, რომ წასვლის სცენა გაითამაშა და მობილურით დარეკა. თავი გადავაქნიე და ასე, ქაფიანი ჩავეხუტე. ძლივს გაწმინდა პიჯაკი, კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა.

სულ მალე, მეც გავიჯახუნე კარი და სამსახურში წავედი. მეორე სართულზე მეზობელი დამხვდა, მარინა.

- ნატო, ხომ არ გათხოვდი, გოგო? - მკითხა და თან აშკარად გზა გადამიღობა.

- არა, მარინა, არ გავთხოვილვარ. ქორწილს ხომ არ გამოგაპარებდი!

- აბა, ის ლამაზი კაცი რომ მოდის, 50-ათასიანი ჯიპით, ვინ არის?

- მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა მეჩქარება, - ვუთხარი და ხელით გავწიე ყაჩაღივით გზაზე გადამდგარი მეზობელი.

მთელი გზა მარინაზე ვფიქრობდი და მეცინებოდა. ისიც კი იცოდა, ზურას ჯიპი რა ღირდა. "ალბათ რა ამბავია ახლა ჩემს სამეზობლოში!" - ვფიქრობდი და ვცდილობდი, გულთან ახლოს არ მიმეტანა ეს ამბავი.

სამსახურის საათებმა ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფომ დამირეკა და საღამოს შეხვედრაზე შემითანხმდა. როდესაც ყურმილი დავკიდე, ის დღე გამახსენდა, როცა მე და სოფო პირველად შევხვდით ერთმანეთს. მაშინ გავიცანი ბაჩოც, რომელიც წლების შემდეგ, ციხეში ვეღარ ვიცანი. ან კი როგორ უნდა მეცნო, როცა სულ ერთხელ მყავდა ნანახი.

... დილით მამაკაცმა დამირეკა და მიღებაზე ჩაწერა მთხოვა. დათქმულ დროს ახალგაზრდა გოგონა მარტო მოვიდა. ეს სოფო იყო. შეშინებული და დათრგუნვილი ჩანდა. შეცივებული წიწილასავით აბუზული იდგა კართან. კარგა ხანს ვერ იღებდა ხმას. როდესაც ფრთხილი კითხვებით ვცადე, მის პრობლემაში გავრკვეულიყავი, ხმამაღლა ატირდა. დავუყვავე, დავაწყნარე და იმ დღეს საერთოდ აღარ გვისაუბრია იმაზე, რაც მას ასე აწუხებდა. უბრალოდ, ვცდილობდი, ლაპარაკში ამეყოლიებინა. ვისაუბრეთ თეატრზე. ვკითხე:

- რომელმა სპექტაკლმა მოახდინა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება-მეთქი? - "კავკასიურმა ცარცის წრემო", - მიპასუხა. როდესაც მიზეზი ვკითხე, ისევ ატირდა. მივხვდი, რომ მისი საწუხარი შვილთან იყო დაკავშირებული. ეს სრულიად საკმარისი იყო ერთი დღისთვის. ჩვენმა საუბარმა სხვა, განყენებულ თემებზე, 3 საათს გასტანა. წასვლის დრო რომ მოახლოვდა, ტელეფონზე დარეკვა მთხოვა და ვიღაცას სულ 1 სიტყვა უთხრა: - მოდი. მართლაც, ცოტა ხანში ეზოდან მანქანის სიგნალის ხმა მოისმა. სოფოს წასვლიდან ხუთიოდე წუთის შემდეგ, კარზე კვლავ დააკაკუნეს. გავაღე. ისეთი აღნაგობის მამაკაცი იდგა, რომ ლამის კარს მთლიანად ავსებდა.

- მე სოფოს ძმა ვარ. შეიძლება?

- მობრძანდით, - ვუთხარი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

- ბაჩო... - ხელი მას შემდეგ გამომიწოდა, როცა ზღურბლს გადმოაბიჯა. ოთახში შევიპატიჟე. დაჯდა თუ არა, მაშინვე ლაპარაკი დაიწყო:

- სოფოს ძალიან დიდი პრობლემა აქვს.

- მივხვდი, მის გამოხედვაშიც კი იგრძნობა.

- მას ნარკომანი ქმარი ჰყავს... ჰყავდა... - ლაპარაკი უჭირდა, საუბრისას ყვრიმალის ძვლები უთამაშებდა და სახის კუნთები ეჭიმებოდა. - ერთი წლის წინ კი შვილიც შეეძინა. მისი ქმრის მდგომარეობის გამო ბიჭუნა ცერებრალური დამბლით დაიბადა და ამავე დროს, ბრმაც. - გული მომეწურა, ბავშვისა და დედის საცოდაობით. ბაჩო კი აგრძელებდა: - საქმე ის არის, რომ სოფოს ქმარი ძალიან ცუდად ექცეოდა. სცემდა და თან აშინებდა, რომ თუ ჩემთან რაიმეს იტყოდა, შვილსაც მოუკლავდა და მასაც მოკლავდა. - დავინახე, როგორ მომუშტა ხელები ამ დროს. თითქოს სიძე წინ ედგა და მის გასანადგურებლად ემზადებოდა. - მე შემთხვევით, დედაჩემისა და სოფოს ლაპარაკს მოვკარი ყური და ყველაფერი გავიგე. სოფო და ბავშვი ქმრის ოჯახიდან წამოვიყვანე. რამდენიმე ხნის მერე, მე ერთი თვით ქალაქიდან გავედი, იმ ნაბიჭვარს კი სოფოსთვის ბავშვი წაურთმევია. ვერც მამას მივაგენი და ვერც შვილს. ჩემი და კი ამის გამო ძალიან ცუდადაა და თქვენი დახმარებაც სწორედ ამიტომ სჭირდება.

- ახლა ყველაფერი გასაგებია ჩემთვის. ვეცდები, შევუმსუბუქო მდგომარეობა, მაგრამ ამაში ოჯახის წევრებიც უნდა დამეხმაროთ.

- ჩვენზე რაცაა დამოკიდებული, არაფერს დავიშურებთ ჩემი დისთვის. თქვენი იმედი მაქვს, - მითხრა და წამოდგა.

ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ამის შემდეგ ბაჩო აღარ მინახავს. რა ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. ის მხოლოდ ციხეში ვნახე. ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ ის სწორედ სოფოს ქმრის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, თუმცა, თვითონ ამტკიცებდა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია, მაგრამ არც იმას უარყოფდა, რომ გამალებით ეძებდა მას მოსაკლავად, მაგრამ ვიღაცამ დაასწრო. სოფო კი მთელი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან. ის ნელ-ნელა გამოკეთდა. დასძლია შიში, დეპრესია და ცხოვრება განაგრძო იმ იმედით, რომ შვილს აუცილებლად დაიბრუნებდა. ბაჩოსგან ვიცოდი, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ეს სოფომაც იცოდა. სწორედ ამიტომ აღარ ვკითხე სოფოს შვილის შესახებ არაფერი, როცა 2 დღის წინ ჩემთან მოვიდა.

საღამოს სოფო სამსახურთან დამხვდა. იქიდან ხელკავით წამოვედით და იქვე, ერთ მყდურო კაფეში შევედით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, სიჩუმე ჩამოვარდა. მივხვდი, სოფოს საუბრის დაწყება უჭირდა.

- მკითხე: სოფო, ვიცი, ბაჩოზე გინდა საუბარი.

- მე მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რაც პრესაში დაიწერა. თხრობა იქ შეწყდა, როცა ბაჩომ გაიგო, რომ ჩემს დას, შორენას საქმრო ჰყავდა და ის ბიჭი მისი თანამოსაქმე იყო.

- როდესაც ბაჩომ შენი დისა და ლევანის სიყვარულის შესხაებ გაიგო, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ არაფრით დაუშვებდა მათ ქორწინებას. თან ეცოდებოდა შორენა, რადგან ხვდებოდა, რომ ძალიან უყვარდა, მაგრამ როგორც კი ის ღამე წარმოუდგებოდა თვალწინ, როდესაც საქმეზე ერთად იყვნენ წასული, მაშინვე გული გამალებით უწყებდა ცემას და მზად იყო, ლევანი ნებისმიერი ხერხით ჩამოეცილებინა შორენასთვის. იმის შემდეგ, რაც მათ პირველი საქმე ერთად გააკეთეს, კიდევ რამდენიმე ძარცვა ჩაიდინეს. ლევანი და ბაჩო თითქოს გარეგნულად არ გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ აგრესიას და სიძულვილს, მაგრამ მათ შორის აშკარად დაძაბული სიტუაცია იყო. ამასობაში დედათქვენმაც გაიგო მისი გადაცდენის შესახებ და ოჯახში დიდი ამბავი ატყდა.

- ვიცი, მახსოვს ეგ დღე. დედა ჩხუბობდა, ბაჩო კი გაჩუმებული უსმენდა და ხმას არ იღებდა. დედამ ვერაფრით მიიღო პასუხი კითხვაზე: - სად იყო ბაჩო იმ დროს, როცა ის გაკვეთილებზე უნდა მჯდარიყო? საღამოს მამას დაწვრილებით უამბო ყველაფერი და მაშინ ბაჩო პირველად გაილახა, ქამრით. მეათე კლასამდე ხუთოსანი იყო ჩემი ძმა. მეათე კლასი კი სამებზე ძლივს დაამთავრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველსავე წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტში.

- ბაჩომ მითხრა, რომ როცა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ცოტა ხნით ჩამოშორდა კიდეც ძველ მეგობრებს და ეს გასანას დამსახურება იყო. ის ხშირად ამბობდა, რომ გასანა ეწინააღმდეგებოდა მის "გაფუჭებას". ცდილობდა, მაქსიმალურად შეეშალა ხელი, რომ ბაჩო გზას არ ასცდენოდა, მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ იზიდავდა ის სამყარო, სადაც ერთხელ შედგა ფეხი და ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი ცხოვრება ია-ვარდით არ იქნებოდა მოფენილი. ბაჩო ნელ-ნელა იმკვიდრებდა ადგილს შავ სამყაროში.

- მიუხედავად თავისი მცდელობისა, მან ვერ მოახერხა, რომ შორენასა და ლევანისთვის ხელი შეეშალა. ისინი დღესაც ცოლ-ქმარი არიან და ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბაჩო კი ისე დაიკარგა, რომ ლევანს არ ელაპარაკებოდა. ვერ შეურიგდა იმ აზრს, რომ მისი და მისსავე თანამოსაქმეს გაჰყვა ცოლად.

- თუმცა, ბაჩო ჩემთან საუბრისას ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ლევანი კარგი ქმარი და მამა დადგა და ძველ საქმიანობასაც მანამდე შეეშვა, ვიდრე დაიჭერდნენ. ახლა რას საქმიანობს ლევანი?

- ახლა მას კერძო საქმე აქვს. მართალია, დიდი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ ოჯახს არაფერს აკლებს. ნატა, ბაჩო როგორ გრძნობდა თავს ციხეში? გახდა? - სოფოს ამ სიტყვებზე გამეცინა. მან არ იცოდა, რომ ბაჩო ციხეში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი - წყალში და ის ფულიც, რომელიც ბაჩოს მეგობარს მათთან ყოველთვიურად მიჰქონდა და ეუბნებოდა, რომ ის, ბაჩოს ბიზნესის წილი იყო, ციხიდან ეგზავნებოდა.

- არა, კარგად გამოიყურებოდა. არაფერი აკლდა ბაჩოს. ოჯახი ენატრებოდა მხოლოდ და თქვენი დარდი ჰქონდა. ამბობდა, უამრავი დანაშაული მაქვს ჩადენილი, არასოდეს დავუჭერივარ, ახლა კი იმ დანაშაულისთვის უნდა ვაგო პასუხი, რომელიც არ ჩამიდენიაო.

- მე და სოფომ იმდენი ვილაპარაკეთ, რომ გვარიანად დაღამდა.

- ყველაფრის მოყოლა მაინც ვერ მოვასწარით, მაგრამ ალბათ უარს არ მეტყვი, რომ კიდევ შემხვდე.

- ჩემთან წამოდი სტუმრად, თუ გინდა, დარჩი კიდეც, - შევთავაზე სოფოს, მაგრამ თავაზიანი უარი მივიღე. მივხვდი, რომ ზურასთან შეხვედრას ერიდებოდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენი საფიქრალით დამძიმებულები შინისაკენ გავემართეთ. ჩემთვის იოლი არ იყო ბაჩოზე საუბარი. თითოეული ამბის მოყოლის დროს თვალწინ ის მომენტი მედგა, როგორ მიამბობდა მას ბაჩო. როგორ იჯდა, როგორი სახის გამომეტყველება ჰქონდა...

შინ მისულს არაფრის ხალისი არ მქონდა. ის-ის იყო, გავიფიქრე - ნეტავ, ზურა არ მოვიდეს-მეთქი, რომ ჩემმა ტელეფონაც დარეკა. ზურა იყო.

- ნატალი, ნახევარ საათში შენთან ვიქნები და თანაც სიურპრიზი მაქვს შენთვის!

- იმედია, სასიამოვნო სიურპრიზი იქნება... - ჩავძახე ტელეფონში.

- კი, ნამდვილად სასიამოვნო. ისეთი ადამიანი მომყავს შენთან სტუმრად, რომ შესაძლოა, სიხარულისგან გული გაგიჩერდეს.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე