sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXVII-XXVIII ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXVII-XXVIII ნაწილი)

მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა და ნერვიულობისგან მუხლები ამიკანკალდა. კაბინეტის კარი მორიდებით შევაღე და დაბალი ხმით ვკითხე: "შეიძლება"?

- მობრძანდით, ქალბატონო...

- ნატო... შევახსენე ჩემი სახელი და ხელი ჩამოვართვი.

- თქვენ რა საკითხზე ხართ?

- დამიბარეთ და გეახელით, - ვუპასუხე და თვალი მაგიდასთან მჯდომ სამ მამაკაცს მოვავლე.

- ააა, თქვენ ის ფსიქოლოგი ხართ, ჩვენს პატიმარს რომ ემსახურებით, არა? - მომეჩვენა, რომ სიტყვა "ემსახურებთ" სულ სხვა მნიშვნელობით წარმოთქვა. თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ მომეჩვენა...

- დიახ, - ვთქვი წყნარად, მაგრამ ამ რამდენიმე ასოში ისეთი ტონი ჩავაქსოვე, რომლითაც ვეუბნებოდი, არაფერი შეგეშალოთ, ბატონო ციხის უფროსო, თორემ საკადრის პასუხს მიიღებთ-მეთქი.

- ჰოოო... - გაწელა, სკამის საზურგეს ნებიერად მიაწვა და თვალმოჭუტულმა მითხრა: მინდოდა თქვენთვის რამდნიმეწუთიანი დოკუმენტური ფილმი მეჩვენებინა, მაგრამ მანამდე, რამდენიმე კითხვა მაქვს... რასა იქმს ჩვენი პატიმარი?

- იქნებ, ჯერ სკამი შემომთავაზოთ?

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, დაბრძანდით! - წამოდგა მაგიდასთან მჯდომი ერთ-ერთი მამაკაცი და თავისი სკამი დამითმო. მაგიდას შემოვუარე და თავისუფალ სკამზე დავჯექი.

- ახლა, გისმენთ! - ვთქვი ხელები მაგიდაზე დავალაგე.

- პირდაპირ საქეზე გადავიდეთ, - ეს უკვე ის მამაკაცი გახლდათ, რომელიც ჩემ პირდაპირ იჯდა და აქამდე ხმა არ ამოუღია. - იმედია, გახსოვთ ის შეთანხმება, რომელიც მაშინ დავდეთ, როდესაც პატიმართან პირველად შეგიშვით.

- კონკრეტულად, რას გულისხმობთ? - აშკარად დავიძაბე და ეს სახეზეც შემეტყო.

- კონკრეტულად იმას, რომ თქვენ უნდა მიგეღოთ მისგან აღიარებითი ჩვენება და ეს დიქტოფონზე ჩაგეწერათ.

- მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც ბაჩოსთან ვმუშაობ, მაგრამ მან ჯერჯერობით, მხოლოდ წარსულზე ილაპარაკა. იმ კონკრეტულ დანაშაულზე კი, რის გამოც დააკავეთ, არაფერი უთქვამს.

- ძალიან დიდხანს ხომ არ გაგიგრძელდათ ჭუკჭუკი? - მკითხა ციხის შეფმა. - იქნებ, ცოტა დაგეჩქარებინათ?

- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. - ვთქვი მტკიცედ.

- ხელს ნუ დააფარებ, მაგას ისეთ საქმეს გავუხსნით, რომელიც ჩადენილი აქვს, მაგრამ მაშინ ვერ მოვიხელთეთ. ეგ არის, იმ საქმეზე პატარა "სროკი" ექნება. "პაჟიზნენი" უნდა მიიღოს იმ სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა.

- მას ალიბი აქვს... - ვთქვი მტკიცედ. ჩემმა სიტყვებმა უფროსი აშკარად კარგ გუნებაზე დააყენა.

- გოგო, შენთვის ადვოკატობა არავის დაუვალებია. შენი მოვალეობაა, დაეხმარო მას ამ დეპრესიის დაძლევასა და კოშმარებისგან თავის დაღწევაში, რომელიც მკვლელობის ჩადენის შემდეგ უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს. ამასთან, დაწვრილებით მოაყოლო, როგორ ჩაიდინა დანაშაული... - ბოლო რამდენიმე სიტყვა გაღიზიანებული ტონით წარმოთქვა. ახლა მე დავდექი კარგ გუნებაზე.

- როგორ ზრუნავთ საკუთარ ტუსაღებზე, ბატონო ციხის უფროსო... ძალიან ჰუმანური ადამიანი ბრძანდებით...

- ჰმდ... კარგი, მაშ, გადავიდეთ ჩვენი შეხვედრის ძირითად ნაწილზე...

- ანუ მეორე განყოფილებაზე? - ვთქვი და გავიღიმე.

- ნუ იქნებით ირონიული, ქალბატონო ნატო. დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახლა უნდა ვნახოთ, საკმაოდ ეროტიკულია. როგორ ინებებთ ყურებას? მარტო, ჩემთან ერთად თუ დამსწრე საზოგადოებაც დავტოვოთ? - გულმა რეჩხი მიყო. მუცელში თითქოს ცივმა გველმა გაისრიალა.

- როგორც გენებოთ, - აშკარა მოტეხილი ხმით წარმოვთქვი. მან პულტი მოიმარჯვა და ტელევიზორი ჩართო. ეკრანზე ბაჩოს საკანი გამოჩნდა. მერე, ისიც დავინახე, ოთახში ბნელოდა, მაგრამ თითოეული ნივთი და ბაჩოს სახის ნაკვთებიც მკვეთრად ჩანდა. მაგიდაზე მინდვრის ყვავილების თაიგული რომ გამოჩნდა, მივხვდი, კასეტაზე ჩემი და ბაჩოს ურთიერთობის ყველა ინტიმური დეტალი იყო ჩაწერილი. სახეზე სისხლი მომაწვა, ალმური მომედო.

- გამორთეთ... - ვთქვი ჩახლეჩილი ხმით. მონიტორი ჩაქრა.

- არ გინდოდათ, ბოლმდე გეყურებინათ?

- რისთვის გინდათ ეს ჩანაწერი? შანტაჟის მოწყობა არ გამოგივათ... ვერ ვხვდები, რაში უნდა გამოიყენოთ ეს კადრები.

- იმედი მაქვს, ამის განმარტება არ დამჭირდება და თვითონ მიხვდებით. ალბათ, იმასაც მიხვდებით, რომ თქვენმა ბაჩომ ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა. მან იცის, რომ შესაძლოა, თქვენ ჩვენთან თანამშრომლობთ და იმის შემდეგ, რაც მისი საყვარელი გახდით, მის წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებთ. თქვენ მის დაგებულ მახეში გაებით და შეეგუეთ იმ აზრს, რომ გამოგიყენეს.

- ეს თქვენი საქმე არ არის. ჩემი პირადი ცხოვრება არ გეხებათ. თქვენთან თანამშრომლობაზე თანხმობა არც თავიდან მითქვამს და არც ახლა. - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.

- ჩვენი საუბარი ჯერ არ დამთავრებულა. ერთ კვირას გაძლევთ, ქალბატონო ნატო, - გაღიზიანებული ხმით მითხრა უფროსმა და ჩემკენ გადმოიხარა.

- რისთვის მაძლევთ ერთ კვირას?

- იმისთვის, რომ პატიმარს დაწვრილებით მოაყოლოთ მკვლელობის დეტალები. იმედია, ხვდებით, რომ საკანში თქმული თქვენი თითოეული სიტყვა იწერება და იმდენ გონიერებას გამოიჩენთ, რომ ბაჩოს ამის შესახებ არაფერს ეტყვით.

- თუ არ დაგეზარებათ, იქნებ, ტექსტი დამიწეროთ, რომელსაც დავიზეპირებ და ბაჩოს ვეტყვი?

- თქვენი დამცინავი ტონი სრულიად უადგილოა. არასწორი რეაქცია გაქვთ ჩემს ნათქვამზე. სრულიად გაწონასწორებული ადამიანი მგონიხართ და იმედია, სწორ დასკვნებს გამოიტანთ.

- თქვენ სკოლაში ფიზიკას სწავლობდით? - სრულიად მოულოდნელი კითხვა დავსვი და მგონი, დავაბნიე ბატონი ციხის უფროსი.

- დიახ... ვსწავლობდი...

- მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ბუნებაში არსებობს 2 სახის წონასწორობა: როდესაც ბურთულა დევს ჩაღრმავებულ ზედაპირზე, ის ერთი წერტილით ეხება მას. ზედაპირის ნებისმიერი მოძრაობისას, ბურთულა ყოველთვის საწყის მდგომარეობას უბრუნდება - ამას მდგრადი წონასწორობა ჰქვია. ხოლო თუ ბურთულა დევს ამობურცულ ზედაპირზე, ამ შემთხვევაშიც, ის ერთი წერტილით ეხება მას, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მის დასაგორებლად სულის შებერვაც საკმარისია და ის საწყის მდგომარეობას არასოდეს დაუბრუნდება. ეს კი, არამდგრადი წონასწორობა გახლავთდ. ჩვენ შორის ის განსხვავებაა, ბატონო ჩემო, რომ მე, მდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში ვარ და ნებისმიერი "ცხოვრებისეული რყევის" შემდეგ, კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდები. თქვენთვის კი სულის შებერვაც საკმარისია, რომ სამუდამოდ გამოეთხოვოთ თანამდებობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ვერასოდეს დაუბრუნდებით მას. ასე რომ, აწონ-დაწონეთ, გიღირთ თუ არა ჩემთან ბრძოლა.

- წონასწორობის შესახებ ლექციას რომ მიტარებთ, გასაგებია, მაგრამ მემუქრებით კიდეც? - გაოცებისგან წარბები ისე ასწია, რომ ლამის შუბლს ააშორა და მის შემხედვარეს, გამეცინა.

- მე თქვენ აუცილებლად დაგხატავთ ისეთს, როგორიც ახლა წარმოგიდგინეთ. - ვთქვი და აშკარად გაოცებული საზოგადოება ნაზი ღიმილით დავტოვე...

ფიქრი აქ გავწყვიტე და ზურას შევხედე. ძალაუნებურად, ის და ბაჩო ერთმანეთს შევადარე. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩოც საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ზურას მას გარეგნობით აშკარად სჯობდა. ზურამ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და თითქოს, ფიქრიც ამოიკითხაო:

- ნატ, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ცხოვრებაზე ყველაზე მეტად გყვარებია?

- სონა.

- მამაკაცებს ვგულისხმობ.

- მხოლოდ ორჯერ მიყვარდა ცხოვრებაში და ახლა სწორედ იმაზე ვფიქრობდი, რომელი გრძნობა უფრო ძლიერია. რაღაც რომ გითხრა, გეწყინება?

- გინდა მითხრა, რომ ის უფრო მეტად გიყვარდა?

- არა, მაგის გაზომვა ალბათ, შეუძლებელია. იმის თქმა მინდდა, რომ მის სიყვარულში გაცილებით მეტად ვიყავი დარწმუნებული. - ამას რომ ვამბობდი, სახეზე დაჟინგებით ვუყურებდი. არ მინდოდა, მისი რეაქცია გამომპარვოდა.

- ჩემში ეჭვი გეპარება?

- ხანდახან მჯერა, რომ ქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარვარ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ გატაცებული ხარ ჩემით და დღეს თუ ხვალ, მოგბეზრდები...

- ამ ჭკვიანურ დასკვნებს როდის აკეთებ ხოლმე? დილაობით?

- ასეთ დასკვნებს მაშინ ვაკეთებ, როდესაც ლიკა მახსენდება. კაცს რომ წლების განმავლობაში ასეთ ქალთან ექნება ურთიერთობა, მისთვის მე დიდი მონაპოვარი ვარ, მაგრამ შესაძლოა, ეს მხოლოდ ახალი სათამაშოთი ბავშვის გატაცებას ჰგავდეს.

- მოდი, ნუ ვიფიქრებთ მომავალზე. ბოლომდე შევიგრძნოთ ის, რაც დღეს გვაქვს. კიდევ, რაზე ფიქრობ?

- კიდევ, იმაზე ვფიქრობ, რომ შენ ჩემთვის ის წიგნი ხარ, რომლის კითხვაც ახლა დავიწყე, მაგრამ ფინალი უკვე ვიცი. ამიტომ ვერ გავრკვეულვარ, განვაგრძო კითხვა თუ წიგნი დავხურო და სუუულ ზემო თაროზე შემოვდო. - ამ სიტყვებზე გული ამიჩუყდა და ბოლოს, ლამის ტირილიც დავიწყე.

- ბოლო თაროზე შემოსადები კაცი ვარ? შენ ასე ფიქრობ? ნატა, ნანობ, რომ ჩემთან ხარ? მიყვარხარ, პატარავ... ეს დაიმახსოვრე და ამ თემაზე არასოდეს ვისაუბროთ, კარგი? ალბათ აუცილებელია, რომ ყოველთვის ვილაპარაკო ჩემს განცდებზე და იმაზე, თუ რა ხდება ჩემს გულში. შენ გგონია, მამაკაცისთვის იოლია ყველაფრის გაძლება? გინდა, დავქორწინდეთ? - მართლაც მოულოდნელი იყო მისი წინადადება.

- ამაზე არ მიფიქრია. უცებ ვერ გიპასუხებ.

- და რომ გითხრა, ან ახლა, ან არასდროს-მეთქი?

- მაშინ გამოდის, რომ არასოდეს...

- მოსაფიქრებლად რამდენი ხანი გეყოფა? ისე, შენი ოჯახის წევრებს რატომ არ მაცნობ? დას, სიძეს, დისშვილს... მიგაჩნია, რომ არა ვარ ღირსი, მათ წარვუდგე? - ამ თემაზე ზურა პირველად ალაპარაკდა. წინათ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი, რომ ჩემი ოჯახის წევრები გაეცნო.

- და რა ვუთხრა მათ? როგორ წარვუდგინო შენი პერსონა? ვუთხრა, რომ ჩემი საყვარელი ხარ?

- ეგ სიტყვა არ მიყვარს... ჩემთან მიმართებაში ნუ გამოიყენებ, გთხოვ.

- გიყვარს თუ არა, ეს არის სიმართლე და თუ სირაქლემასავით თავს მიწაში ჩარგავ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საყვარელი არ ხარ... ახლა დავიძინებ, დავიღალე. - ვთქვი და ავდექი. ზურაც უკან მომყვა.

დილით, ვიდრე ის ადგებოდა, საუზმე გავაწყვე, სარეცხი მანქანიდან მისი პერანგი ამოვიღე და უთოობას შევუდექი. შემდეგ, შარვალი გავუწმინდე და ორივე, სკამზე გადავკიდე. ფეხსაცმელიც გავუპრიალე და ისიც იქვე დავდე. მერე კი აბაზანაში შევედი. კარგა ხანს ვინებივრე შხაპის ქვეშ. ამასობაში, ზურას ტანსაცმელი ჩაუცვამს და უსაუზმია კიდეც. ყავა მოვუდუღე და სკამზე ჩამოვჯექი. ზურა წინ დამიჯდა.

- შენ კიდევ გიკვირს, რატომ მიყვარხარ? - გაკვირვებულმა შევხედე - 2 დღის წინ ვთქვი, რომ თაფლი მიყვარს და დღეს, მაგიდაზე დამხვდა. რაც დედა გარდაიცვალა, პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი ტანისამოსი გამზადებული მხვდება და ქალის მზრუნველი ხელი ატყვია. გმადლობ, ნატა, მაგრამ დაიმახსოვრე, ამის შემდეგ არასოდეს გაბედო ჩემი ფეხსაცმლის გაწმენდა. თვითონ გავაკეთებ, გესმის, პატარავ? - თავი უსიტყვოდ დავუქნიე და წამოვდექი.

კიბეზე ჩასვლის დროს მეზობელი, მარინა შეგვხვდა და ძალზე დემონსტრაციულად, თითქმის რევერანსით მიესალმა ზურას... ზურამ ჯერ მე მიმიყვანა სამსახურში. ვთხოვე, გზაზე გაეჩერებინა, მაგრამ პირდაპირ ეზოში შევიდა და მანქანა საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელთან გააჩერა. მეორე სართულის ფანჯარას თიქმის ყველა თანამშრომელი მოადგა. ვიცოდი, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და უკვე დიდი ხანია, ამ თემაზე ჩურჩულებდნენ, მაგრამ მაინც, ძალიან მომერიდა. ამ დროს, მანქანას ვიღაც მამაკაცი მოუახლოვდა. ზურა მის დანახვაზე გადმოვიდა და გადაკოცნა. მე უსიტყვოდ შევედი შენობაში. უკან რომ მოვიხედე, დავინახე, ის კაცი ჩემს ადგილას დაჯდა და მანქანა უკუსვლით გავიდა ეზოდან. კაბინეტში შევედი თუ არა, თავი ელენემ შემოყო. ეს ის ელენე გახლდათ, მცხეთაში რომ მახლდა.

- გოგოოო... რა მაგარი ტიპი ყოფილა ეგ შენი ზურაააა, - თქვა და სკამზე ჩამოჯდა. მაგიდას იდაყვით დაეყრდნო და ჩემკენ გადმოიხარა - იცი, სალომემ რა თქვა?

- ელენე, ნუ "დამგრუზავ", რა...

- პირიქით, გოგო, პირიქით, სალომემ თქვა, ასეთ "კრასავჩიკზე" ნატალი კი არა, მეც ვერ ვიტყოდი უარს. თანაც, რა ჯიპი ჰყავს, ეტყობა, ფულს კი არ თვლის, ზომავსო...

- ვინ ჰკითხავს სალომეს, ზურა ფულს დაითვლის თუ გაზომავს? თავის საქმეს მიხედოს! - შევუღრინე ელენეს.

- იცი, კიდევ რა თქვა? მანქანის ნომერი დავიმახსოვრე, ჩემს ძმას ვეტყვი და ყველაფერს დაწვრილებით გავიგებ მაგ კაცზეოოოო... მისი ძმა კი ხომ იცი, სადაც მუშაობს? აუცილებლად გაიგებს...

- მერე, რა? გაიგოს...

- მერე ის, რომ ისედაც შენი ბოღმა კლავს და არაფერი გავნოს... - თავი გადავაქნიე, ვითომ არც მაინტერესებდა, მაგრამ გულში შიში შემეპარა. ელენე კი არ ისვენებდა:

- გახსოვს, მაშინ რა "გიპოდლა"? - ის ამბავი შემახსენა, როდესაც ჩვენს ავადმყოფთან სანახავად მოსულ ერთ ქალბატონს თავისი მდიდარი და შეუხედავი შვილისთვის საცოლედ მოვეწონე. მან ჩემ შესახებ რაღაცები სალომეს ჰკითხა. მან კი დაუფარავად მოახსენა: ციხეში საყვარელი ჰყავს და თქვენს შვილზეც არც იფიქრებსო. მაშინ არ აღვშფოთებულვარ იმის გამო, რომ სიმართლე თქვა. უბრალოდ, იმ ფაქტმა გამაოცა, რომ ეს არ დამალა. მე ხომ მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი.

- ჭორიკანა ხარ, - ვუთხარი ელენეს და უჯრიდან ამოღებულ სარკეში ჩავიხედე.

- ჰმ... სარკევ, სარკვ, მითხარი, ვინ არის ჩემზე ლამაზი? რაო, რა გითხრა სარკემ?

- რაო და თუ ელენე ენას არ გააჩერებს, მოხვდებაოოოო...

- ნატ, არც ისე ბედნიერი სახე გაქვს. რატომ?

- ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ დავტკბე ბედნიერებით, სადარდებელი არ დამელია. როგორ ფიქრობ, ზურას ცოლად უნდა გავყვე? - დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები ელენეს.

- მაგას კითხვა უნდა? შენ ჩემი რჩევა რაში გჭირდება? უნდა გაჰყვე, აბა, რა... არ დაიწყო ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ სინდისი გქენჯნის მისიცოლისა და შვილის გამო, რომ სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას ვერ ააგებ: ეს არის გაცვეთილი ფრაზები, რომლეიც შეყვარებულმა ადამიანმა არ უნდა გაიმეოროს, - მომეჩვენა, რომ ელენე სიმართლეს ამბობდა. - უკვე შემოგთავაზა? - დაასრულა და კითხვაზე პასუხის მოსასმენად მოემზადა, მაგრამ კარი პაციენტმა შემოაღო... დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან, გულში ავად გამკენწლავდა ხოლმე ის ამბავი, რომ სალომე ასე დაინტერესდა ზურას პიროვნებით. ვიცოდი, რომ შეეძლო, ჩვენი ურთიერთობისთვის ზიანი მოეტანა. არა მარტო სალომე, არამედ მისი ძმაც დღემდე ვერ მპატიობდა, რომ საყვარლობაზე უარი ვუთხარი და და-ძმა ხელიდან არ უშვებდა მომენტს, რომ ჩემთვის რაიმე ევნოთ. სამსახურიდან წამოსვლის წინ ზურას დავურეკე. ვერ მოვიცლი, შენ მიდი სახლში და მეც მალე მოვალო, - მითხრა. რადგან ზურა ჯერ არ მოდიოდა, მეც დამეზარა შინ მარტო ყოფნა და გადავწყვიტე, ჩემს დასთან შემევლო. თანაც, დიდი ხანია, მასთან საჭორაოდ არ მივსულვარ, მხოლოდ წუთით თუ შევირბენდი ხოლმე და ეგ იყო. თავს ვარიდებდი, რადგან ვიცოდი, აუცილებლად ჩამოაგდებდა ზურაზე ლაპარაკს და არ მინდოდა, მის მიერ კონკრეტულად დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გამეცა. ახლა კი, როცა ზურა მისი გაცნობის სურვილს გამოთქვამდა, ამისთვის წინასწარ უნდა შემემზადებინა. ტაქსის მძღოლს მისი მისამართი ვუთხარი და გზაში ის ტექსტიც მოვამზადე, რომელიც უნდა მეთქვა.

კარი ღია დამხვდა. შევედი თუ არა, ქეთინოს შვილიშვილმა, პატარა ნინუცამ დაიყვირა - ნატო მოვიდაო! თვითონ პატარა ლეკვივით მირბენდა გარშემო და იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ ხელში ამეყვანა და მეკოცნა. როგორც იქნა, დავიჭირე და გაფუებული ლოყები დავუკოცნე. ბებიამისი სამზარეულოდან გამოვიდა, გადამკოცნა და მსუბუქად მისაყვედურა კიდეც:

- კიდევ კარგი, მისამართი გახსოვს... სად დაგვეკარგე, გოგო?

- ხომ ხედავ, არ დავიკარგე და მოვედი, - ბავშვი დავსვი და ქეთინოს სამზარეულოში შევყევი. - მარტო ხართ?

- ჰო, მარტო ვართ, მაგრამ ხალა უკვე ყველანი მოვლენ. როგორ ხარ, არ იტყვი? - ამხედ-დამხედა დოინჯშემოყრილმა.

- კარგად.

- ჩვენც კარგად. გშია? - ჯერ უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ შემოსვლისას შემწვარი კარტოფილის სუნი მეცა და გამახსენდა, როგორ გემრიელად წვავდა კარტოფილს ქეთინო. თავპატიჟი აღარ დავიდე და წინასწარ ნერწყვიც კი გადავყლაპე.

- კი, მშია, - ქეთინომ წინ კარტოფილი დამიდო და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.

- მოყევი, რა ხდება შენს თავს. სანამ დანარჩენები მოვლენ, მოვასწროთ, თორემ მერე ლაპარაკს აღარ დაგვაცდიან.

- ზურაზე მეკითხები? - მის პირდაპირ შეხედვას მოვერიდე და სადღაც, მის თავს ზემოთ გავიხედე.

- რა თქმა უნდა, ზურაზე. სხვაც თუ ვინმეა, ეგეც თქვი, არ დამიმალო... - ხმაში ბრაზი და ირონია ერთად გაურია. როგორც ჩანს, თვეების განმავლობაში დაგროვილ სიბრაზეს გზა მისცა.

- ქეთო, ნუ ბრაზობ, რააა...

- როგორ ფიქრობ, ახლა თამაშისა და გართობის ასაკი გაქვს? ჭკუა ვერ ისწავლე, მერამდენედ უშვებ შეცდომას ამხელა გოგო? მსგავსი შეცდომები 19-20 წლის ასაკში არ დაგიშვია. რა გემართება, ნატო? - როცა ქეთინო ნატოს მეძახის, ვიცი, რომ მაშინ ძალიან გაბრაზებულია. ლუკმა ყელში გამეჩხირა. მისგან მხარდაჭერას ველოდი და პირიქით მოხდა.

- მეორედ ვუშვებ შეცდომას, - ალალად ვაღიარე ჩემი დის წინაშე.

- ცოტაა, ხომ? თან იმასაც ხვდები, რომ შეცდომას უშვებ, მაგრამ მაინც არ იშლი და განგებ ვარდები უფსკრულში? სონა რას ამბობს?

- სონა არ მეჩხუბება...

- გადამრევთ მე თქვენ! - ხელები გაშალა აღშფოთების ნიშნად. ორი სულელი რომ ერთმანეთს ჭკუას დაარიგებს, უარესს უნდა ველოდეთ. ერთი, გამაცანი ის ვაჟბატონი, რომ აზრზე მოვიყვანო და 1-2 "სმეშნოი" სიტყვა ვუთხრა.

- სხვათა შორის, მასაც უნდა შენი გაცნობა.

- ნებართვა უნდა? ეტყობა, ისე ყელში არ გადასდის მშრალი ლუკმა. ის მაინც რამ მოგაფიქრა, საკუთარი სისულელის შესახებ მთელ ქვეყანას რომ მოსდე და ჟურნალში გამოჭიმე შენი "ქსელში გახვეული წყვილის სასიყვარულო თავგადასავალი, გაგრძელებებით"?

- ნახე?- მარტო მე ვნახე? ვინ აღარ დამირეკა, ეს ნატალი იქნება, მისი ბიოგრაფია ვიცანითო. სამკურნალო შენ თვითონ ხარ და სხვებს როგორ უნდა უმკურნალო? როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? ის სონაც გამაგიჟებს. ერთი შეწვი, მეორე წაუსვი - ასე ხართ შენ და დენი დაქალი. - ამ დროს, ჩემმა მობილურმა დარეკა. ზურა იყო.

- ალო, ნეტალი ხართ?

- დიახ, ვუპასუხე გაოცებულმა, რადგან ხმა არ მეცნო.

- ზურამ მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ დღეს აღარ დაურეკოთ და ნურც თქვენთან დაელოდებით.

- თვითონ სად არის? ალო, ალო, ჩავძახე ყურმილში, მაგრამ იქიდან მხოლოდ წყვეტილი "ზუმერი" ისმოდა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე