sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXXI-XXXII ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXXI-XXXII ნაწილი)

- გავაცილებ და დავბრუნდები, - ვუთხარი ზურას და ნინოს გავყევი. ის და გოჩა დერეფანში ჩურჩულებდნენ. ჩემს დანახვაზე გაჩუმდნენ. ნინო აღელვებული ჩანდა.

- რა მოხდა? - ვკითხე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს სულაც არ ყოფილიყო ჩემი საქმე. მათ ერთმანეთს გადახედეს.

- ვიღაცას ზურას მანქანა დაუწვავს, - მითხრა ნინომ.

... გაოცებულმა შევხედე გოჩას. თითქოს დამნაშავის ვინაობას, მანქანის დაწვის მიზეზსა და ყველაფერი დანარჩენის ახსნას მისგან მოველოდი.

- მეტი არაფერი ვიცი, - დამნაშავესავით თქვა გოჩამ, თითქოს ჩემი აზრი ამოიკითხაო. - მე ზურას დავალებით ფოთში ვიყავი. რომ ჩამოვედი, მაშინვე სამსახურში მივაკითხე და იქ მითხრეს, რომ საავადმყოფოში დაუწვენიათ. მაშინვე აქეთ გამოვიქეცი. მერე, ხან ხათუნა მოვიყვანე, ხან საქმეზე გამგზავნეს. მხოლოდ ერთი საათის წინ გავიგე, რომ თურმე, მისი მანქანა ვიღაცას დაუწვავს...

- ნეტავ, ზურამ იცოდა? ეს ხომ არ იყო გულის შეტევის მიზეზი? - იკითხა ნინომ.

- არ ვიცი, არ ვიცი... ზურა ისეთი ადამიანია, რომ არ მეგონა, თუ ვინმე ასე დაუნდობლად მოექცეოდა, - თავს აქნევდა გოჩა.

- ნატ, შედი ზურასთან, თორემ ინერვიულებს, ამდენი ხნით რომ დაიკარგე. იმედია, გავარკვევთ, რა მოხდა სინამდვილეში. - ნინომ გადამკოცნა და წინ წასულ გოჩას დაედევნა. ზურას უკვე მოუთმენლობა ეტყობოდა.

- სახლამდე მიაცილე?.. - მკითხა, როგორც კი პალატის კარი შევაღე.

- აბა, "მულს" მარტო ხომ არ გავუშვებდი! - ნაძალადევად ვიხუმრე მეც.

- ისე, ეგ მართლაც, შენი მული უფროა, ვიდრე...

- ვიდრე სხვების, არა? - მივეხმარე წინადადების დასრულებაში და "სხვები" განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოვთქვი.

- ეჭვის "ბუკეტი" ხარ, ნამდვილი ოტელო...

- "ილოცე, ძილის წინ დეზდემონა?" - ვკითხე და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ხმაურზე პალატის კარი ექიმმა შემოაღო, სათვალის ზემოდან გადმოგვხედა და ზურას ჰკითხა:

- ჯერ ვერ გაისტუმრე მნახველები?

- ნატა ამაღამ აქ რჩება, - უპასუხა ზურამ და საწოლზე წამოჯდა. ექიმი ოთახში შემოვიდა, კარი მიხურა და საწოლს მიუახლოვდა. ზურას მაჯა აიღო და კარგა ხანს მის გულისცემას უსმენდა.

- თუ ეს ქალი გიყვარს, წესით, აქ არ უნდა დაგეტოვებინა, - უთხრა ბოლოს.

- რატომ? - თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ზურამ.

- იმიტომ, რომ მთელი ღამე ფეხზე მოუწევს ყოფნა, სად დააწვენ?

ზურამ გამომხედა, მე კი მტკიცედ ვთქვი:

- არ გამიჭირდება, გავძლებ.

ექიმმა თავი გადააქნია და გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, ორმა სანიტარმა "ტაფჩანი" შემოიტანა და ზურას ლოგინის გვერდით დადგა.

- ხედავ, როგორ შეეცოდე ექიმს! - მითხრა ზურამ. - ახლა უკვე დასაწოლი ადგილიც გაქვს.

- უკვე პირველი საათია, დაიძინე, შენთვის გადაღლა არ შეიძლება, - ვუთხარი და საბანი ამოვუკეცე.

- ძილის წინ არ მაკოცებ? - პატარა ბავშვივით გამომიშვირა ტუჩები. ორივე ლოყა დავუკოცნე და მისი ხელებისგან ძლივს დავიხსენი თავი.

- გინდა, ზღაპარს მოგიყვები?

- მინდა, მინდა!.. - აღფრთოვანდა ზურა. ჩემი საწოლისკენ გადმობრუნდა, ერთი ხელისგული ლოყის ქვეშ ამოიდო და მოსასმენად მოემზადა. - კომბლეს ზღაპარი მინდა! - ჭირვეული ბავშვის ხმით მითხრა.

მოყოლა დავიწყე და ვიდრე იმ ადგილამდე მივიდოდი, სადაც კომბლე დათვს ეუბნება - კბილები დაკრიჭე, ჩიჩია ხომ არ გაქვსო? - ზურა უკვე მშვიდად ფშვინავდა.

მიყვარს მისი ყურება, როდესაც სძინავს. ძალიან მშვიდი ძილი სჩვევია, უხმაურო. წელში მოხრილი, თითქოს ჩანასახის პოზას იღებს. თვითონ ჰქონდა ნათქვამი, რომ ცხოვრებაში სიზმარი არასოდეს უნახავს. სახეს ახლოს მივუტან ხოლმე და მის სუნთქვას ვუსმენ. როცა სძინავს, ის ამ დროს არც სამსახურზე ფიქრობს, არც ოჯახზე, არც საქმეზე და მეგობრებზე. ამ დროს ის მხოლოდ ჩემია და მეტი არავისი...

ახლა ვიჯექი და თვალმოუშორებლივ ვუყურებდი. ძალიან მომინდა, რომ სულ ოდნავ შევხებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. მის გაღვიძებას მოვერიდე. მარტო შორიდან გავუღიმე მძინარეს და თვალები დავხუჭე.

დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ჩემი საწოლი ისეთი ხმელი და მოუხერხებელი იყო, რომ გვერდები მეტკინა. კარგა ხანს ვიწრიალე და ფანჯარაში ცის ფონი ოდნავ რომ გაღიავდა, მერეღა ჩამეძინა.

ძალიან ცოტა ხანი მეძინა. ისე გამეღვიძა, თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა. თვალები ერთბაშად გავახილე. ზურას ისევ მშვიდად ეძინა. უკვე კარგად იყო გათენებული. საათს დავხედე - 9-ის ნახევარს უჩვენებდა. მოთენთილი და უღონო ვიყავი. უძილო ღამემ ცუდად იმოქმედა ჩემზე. ამ დროს ზურამაც გაახილა თვალები.

- დილა მშვიდობისა, პატარავ! შენ რა, მთელი ღამე არ გეძინა?

- ცოტა მეძინა, დანარჩენი დრო შენ გდარაჯობდი, რომ არ გაპარულიყავი, - ვუთხარი და გემრიელად დავამთქნარე.

- არ გადამყლაპო, - გაიცინა ზურამ. - გოჩა არ გამოჩენილა?

- არა, ჯერ არ ჩანს.

ზურა ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიბა.

- გოჩა, 8 საათზე რომ უნდა მოსულიყავი, დაგავიწყდა?.. კარგი, გელოდები... მალე მოვა, გაემზადე, - მომიბრუნდა მე. მივხვდი, ჩემს წასვლას ჩქარობდა. ამ დროს სარკესთან ვიდექი და კეფაზე თმის მოგროვებას ვცდილობდი. გული რაღაცნაირად ჩამწყდა: თითქოს ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობდა... მწარე რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ კბილებში თმის სამაგრი მქონდა გარჭობილი და ამის გამო ვერ ვუთხარი... 2 წუთში კი, უკვე გადავიფიქრე რამის თქმა და გადავწყვიტე, გოჩას არ დავლოდებოდი. ქურთუკი მოვიცვი და კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში.

- ჯერ ნუ ჩაიცვამ ქურთუკს, გარეთ რომ გახვალ, შეგცივდება. გოჩა ჯერ არ მოსულა, - მითხრა ზურამ და თვალი ამომაყოლა.

- არა უშავს, ჩემით წავალ. ჩემ გამო ნურც თქვენ შეწუხდებით და ნურც გოჩას შეაწუხებთ, ბატონო ზურა, - ეს სიტყვები ისეთი მანჭვა-გრეხით წარმოვთქვი, როგორც ჩანს, ზურამ ხუმრობად მიიღო. თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩემთვის. ამან უფრო დამწყვიტა გული.

- შარვალი მომაწოდე...

- გაცილება არ მინდა, ჩემით გავიგნებ გზას და არც უკან მოვბრუნდები, - ისევ წავიმწარე ენა, მაგრამ სკამზე გადაკიდებული შარვალი მაინც მივაწოდე. ზურამ 2 ოცლარიანი კუპიურა გამომიწოდა.

- ტაქსით წადი.

- წუხანდელი ღამის საფასურს მიხდი? - სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადამიარა.

- არა, უბრალოდ, გზის ხარჯს ვიხდი.

- სხვა დროს ასე არ მოქცეულხარ, ახლა კი თავს ვალდებულად თვლი, რადგან ღამე აქ დავრჩი, სიხარულო? - მაინც დავინდე და ბოლომდე არ ვუთხარი სათქმელი. - ტაქსი 40 ლარი არ ღირს. მე კი ჯერჯერობით საკუთარი ხარჯის ანაზღაურება შემიძლია. ბოლო-ბოლო, რემონტს ხომ არ ვაკეთებ?!.

- კარგი, ნატალი, ალბათ უძილობის ბრალია, რომ ხასიათზე ვერ ხარ... დღეს ალბათ გამწერენ, მაგრამ მხოლოდ ხვალ შევძლებ შენს ნახვას.

- როცა გენებოთ, ბატონო ზურა... თქვენს სამსახურში მიგულეთ, - ვთქვი და კარის სახელურს მოვეჭიდე. გამოვაღე თუ არა, ზურას ხმა მომესმა.

- ისე წახვალ, ერთხელაც არ მაკოცებ? - მაგრამ ეს ფრაზა, ჩემ გარდა, ღია კართან მდგარმა ხათუნამაც კარგად გაიგონა. მართალია, მისი დანახვა ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ დავბნეულვარ.

- მობრძანდით, - გვერდზე გავდექი და გზა დავუთმე, თან, ზურას გადავხედე. ის დაბნეული აფახულებდა თვალებს და უხერხულობისგან არ იცოდა, რა ექთვა.

- ვიცი, ჩემთან დალაპარაკება გენდომებათ, ქალბატონო ხათუნა, მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება. თანაც, ჩემი მორიგეობა უკვე დამთავრდა. "სმენა" გადაიბარეთ. მე კი სამსახურში უნდა გავიქცე, რადგან პაციენტები მელოდებიან. - თან, ზურას გავხედე და დაგვიანებული პასუხი გავეცი: - ახლა ალბათ უხერხული იქნება, რომ გაკოცო. სხვა დროს იყოს, როცა მარტო დავრჩებით. - ვთქვი და უკანმოუხედავად დავტოვე ოთახი.

- "ნაგლი"! - მომესმა ხათუნას ხმა, როდესაც კარს ვხურავდი, მაგრამ უკომენტარდ დავტოვე. გული ყელში მებჯინებოდა. ცოტაც და ავღრიალდებოდი. ამიტომ, კიბე ისე სწრაფად ჩავირბინე, რომ ქვევიდან მომავალი გოჩა ვერც შევნიშნე.

- ნატალი, სად გარბიხარ? - მხოლოდ მაშინ შევჩერდი, როცა ხმა შემომესმა.

- სად ხარ, გოჩა, სად? - ვკითხე სასოწარკვეთილმა, თვალზე მომდგარ ცრემლს გზა მივეცი და კიბეზე დავეშვი. გოჩა უკან მომყვა. ეზოში წამომეწია და მკლავზე მომქაჩა. მის ნებას დავყევი და მანქანაში მის გვერდით მოვთავსდი.

- მოვიდა? - შეთქმულივით მკითხა გოჩამ, როდესაც გასაღები გადაატრიალა და ძრავა აამუშავა, თუმცა, ადგილიდან დაძვრას არ ჩქარობდა.

- კი, მოვიდა, - თავი დავუქნიე და ცრემლი ხელისგულებით მოვიწმინდე.

- დილას, უთენია დამირეკა და ბაზარში გამგზავნა. თვითონ კი აქეთ წამოსულა. ეტყობა, რაღაც იყნოსა და დილაუთენია დაგადგათ თავზე, თორემ როდის იყო, ხათუნა ასე ადრე ადგომით იწუხებდა თავს?.. ანდა, უჩემოდ ფეხსაც არ დგამს და ახლა რა ბზიკმა უკბინა?!

- ჰო, ალბათ იყნოსა... - ვთქვი ანგარიშმიუცემლად, რადგან ჩემი ფიქრი ახლა ერთ რამეს დასტრიალებდა: რას არ გავიღებდი, რომ გამეგო, რა ხდებოდა ახლა იმ ოთახში, სადაც ზურა და ხათუნა იყვნენ. მათი საუბრის მოსმენაში ახლა სიცოცხლის ნახევარსაც მივცემდი. - წავიდეთ, გოჩა... - სალონში სიჩუმე იყო. არც ერთი არ ვიღებდით ხმას.

- ზურას უყვარხარ, - დაარღვია გოჩამ სიჩუმე. გაოცებულმა შევხედე.

- ხათუნა არ უყვარს? - ვერ შევიკავე თავი და სწორედ ის კითხვა დავსვი, რომელიც დიდი ხანია, მაწვალებს.

- არა, - მოჭრილად მიპასუხა.

- შენ რა იცი?

- მე ზურას ბავშვობიდან ვიცნობ და ამიტომ კარგად ვიცი, ვისზე რას ფიქრობს, როდის რას განიცდის... მისი ქორწინება უიღბლოა.

- რატომ მეუბნები ამას? - მართლა გამიკვირდა, რადგან გოჩა ძალზე სიტყვაძუნწი ადამიანია და ახლა ასე უეცრად, ღიად ალაპარაკდა.

- შენ კარგი გოგო ხარ, ნატალი... ძალიან კარგი... ვიცი, ქალს ყოველთვის ტანჯავს ერთი ფიქრი - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ... მე კი მინდა, არ დაიტანჯო და იცოდე, რომ ნამდვილად უყვარხარ. მენდე, ასეა.

რა თქმა უნდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ მომეფინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დამიამა ტკივილი.

- დარწმუნებული ვარ, ახლა ხათუნასთან თავს იმართლებს და უმტკიცებს, რომ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ ის უყვარს, მე კი უბრალოდ, გულის გადასაყოლებლად ვუნდივარ...

- არ გცნობია კარგად შენი ზურა... - მხოლოდ ეს მითხრა გოჩამ და ხმა აღარ ამოუღია, ვიდრე სახლამდე არ მიმიყვანა. ყავაზე დავპატიჟე, მაგრამ თავაზიანი უარი მივიღე.

შინ შესულმა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ცხელი წყლის აბაზანამ თითქოს გამომაცოცხლა, მაგრამ სამსახურში წასვლა ვერ შევძელი და გადავწყვიტე, შინ დავრჩენილიყავი და გამომეძინა. ბალიშს ზურას სუნი ჰქონდა... სახე ბალიშში ჩავრგე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე. მერე ბალიშს ლოყით მივეკარი და ფიქრი დავიწყე: თურმე, მე ვუყვარვარ და ხათუნა - არა... მერე რა? დღეს საავადმყოფოდან გაწერენ და მე იქ არ ვიქნები. იქიდან შინ წავა, მე კი ყოველთვის უნდა ვიმალებოდე... საკუთარი მღელვარების დასაფარავად უნდა "ვინაგლო" და უნამუსოდ, იქით უნდა შევუტიო, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენოს იმ ქალმა, რომელსაც "ოფიციოზი" ჰქვია და, უყვარს ქმარს თუ არ, მაინც მიღებულია მის ნათესავებში, მეგობრებსა და ახლობლებში. ყველა მოწიწებით უყურებს, რადგან ზურას ცოლია... მას აქვს უფლება, ყველგან ქმრის გვერდით იყოს. მე კი მხოლოდ სიყვარულის უფლება მაქვს და ამ სიყვარულის გამო საყვედურს ვიღებ ჩემი ახლობლებისგან. ზურას რას ვერჩი? ჩემი ბრალია. თავიდანვე მშვენივრად ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობას. ხომ დავხუჭე თვალი თავიდან! ახლა რატომღა მაქვს პრეტენზიები?.. - ვკიცხავდი საკუთარ თავს. - არც ერთი ადამიანი არ გამამართლებს. სონაც, უბრალოდ, შეეგუა ჩემს მდგომარეობას და წინააღმდეგობას არ მიწევს, თორემ, არც ის იწონებს ჩემს საქციელს. სონა... ის არის ჩემი ერთადერთი ხსნა. უნდა წავიდე მასთან! - გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ამერიკაში წასასვლელად საბუთების შეგროვება. - ჰოდა, ახლა აღარ გადავდებ წასვლას! - ეს სიტყვები უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი და საწოლიდან სწრაფად წამოვდექი. ბლოკნოტი მოვძებნე და ამერიკის საელჩოს ნომერი ავკრიბე. დაწვრილებით გამოვკითხე, რა საბუთები მჭირდებოდა და საგულდაგულოდ ჩავიწერე. საწოლში აღარ დავბრუნებულვარ. ტანისამოსი გამოვიცვალე და სახლიდან იმისთვის გავედი, რომ იმ დღესვე ყველა საჭირო საბუთი გამეკეთებინა.

მთელი დღე დოღის ცხენივით ვირბინე და თითქმის ყველა საბუთი გავამზადე. მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვიყავი და ზურას ზარს ველოდი. ვფიქრობდი - დარეკავდა და შემატყობინებდა, რომ უკვე შინ იყო, მაგრამ ზურა დუმდა. ბოლოს, მოთმინების ძაფი გამიწყდა და გვიან - ასე, 11 საათზე დავუმესიჯე. "კარგად ვარ, შინ ვარ, მიყვარხარ". მოკლე პასუხი გამომიგზავნა. გაბრაზებულმა, ტელეფონი დაუდევრად მივაგდე და გულში გვარიანად შევუკურთხე კიდეც. - დიახაც, წავალ! - ვთქვი ისევ ხმამაღლა და ხასიათი უმალ გამომიკეთდა.

მეორე საღამოს უკვე უკლებლივ ყველა საბუთი მზად მქონდა. ზურას ზარს კვლავ ამაოდ ველოდი, მაგრამ ამჯერად არც მე დავეკონტაქტე. მოგვიანებით კი, კომპიუტერს მივუჯექი და სონას მივწერე. ის ხაზზე არ იყო. ამიტომ, დავურეკე.

- ნატალია, როგორ ხარ, საყვარელო? - მომესმა მისი მხიარული ხმა. გულში სითბო ვიგრძენი და ღმერთს მადლობა შევწირე იმისთვის, რომ სონა მაჩუქა...

- შენ როგორ ხარ, გოგო?

- კარგად ვარ, კარგად... ახლა ვერ გელაპარაკები. ერთ საათში შინ ვიქნები და წყნარად ვისაუბროთ, კარგი?

- კარგი, გელოდები...

სონას გამოჩენამდე, ჩემი და ზურას ძველ მესიჯებს გადავხედე.

ზურა: ძლივს არ გამოჩნდი?! სხვათა შორის, დღეს შაბათია, ვისვენებ და შენი გულისთვის ვზივარ აქ, შუაღამემდე... შენ კი ძლივს მოხვედი.

პანდორა: მე არ მითხოვია, დამელოდე-მეთქი!

ზურა: აჰა, კიდევ უმადურია!..

ეს ჩვენი ურთიერთობის მესამე დღეს ხდებოდა...

ვკითხულობდი ჩვენს ინტერნეტდიალოგს და მეღიმებოდა. მართლაც, მაგარი იყო ის დრო...

ზურა: ვააა, მოხვედი? როგორ იყავი უჩემოდ?

პანდორა: კარგად... :)))

ზურა: გოგო, სულ მცირე შებრალების უნარი მაინც არ გაქვს?.. ისე, ტყუილად მაინც მითხარი, რომ მოგენატრე...

პანდორა: ტყუილი გირჩევნია?

ზურა: სიმართლე მირჩევნია, მაგრამ გულის გასახარად, ტყუილიც შეიძლება. თანაც, ხომ გაგიგონია - შეძახილმა ხე გაახმოო, - და ხშირად რომ მეტყვი, მიყვარხარ და მომენატრეო, მართლა შეგიყვარდები...

პანდორა: რა მეოცნებე ხარ! გჭირდება მერე, ცოლშვილიან კაცს, ჩემი სიყვარული?

კარგი კითხვა დამისვამს... როგორც ჩანს, გული წინასწარ მიგრძნობდა, რაც მოხდებოდა...

პანდორა: ხვალ საღამოს გავაგრძელოთ. ახლა კი, უკვე გვიანია და დავიძინოთ...

ზურა: რა კარგად თქვი ეს - დავიძინოთ. ნეტავ, თუ დავიძინებთ ოდესმე, ერთად?..

აი, ხომ აგიხდა სურვილი, ჩემო ზურა და ერთად გვძინავს, მაგრამ რა მერე?!. - გავიფიქრე და ისევ გამეღიმა აშკარად ვგრძნობდი, რომ მაშინ გაცილებით უკეთ ვიყავი.

ზურა: ჰო, ჩემო სიხარულო, არ გიღალატებ... შენც ჭკუით იყავი მანდ, არ მანერვიულო! კარგია, ხომ, ზღვაზე? მე კი ვიხუთები თბილისში. მანდ საღამოობით თუ გრილა, არ გამიცივდე...

პანდორა: გეეე-ნააა-ცააა-ლეეეე!

ზურა: ამას რას ვეღირსე! ეს რა წამოგცდა! ახლა ისე მინდა შენი ნახვა, რომ ლამის წამოვიდე.

... ნეტავ, ახლა რატომ აღარ ვენატრები? მაშინ, ერთი საღამო რომ გასულიყო ისე, რომ არ დამლაპარაკებოდა, მართლა ჩამოვიდოდა ბათუმში. ახლა რაღა დაემართა? მაშინ ხომ ნანახიც არ ვყავდი!...

პანდორა: ვინ მოგცა იმის უფლება, რომ არჩევანის საშუალებას არ მაძლევ?!

ზურა: ჩემო გოგნავ, რაღაც, სხვანაირად ალაპარაკდი და არ მომწონს შენი ჭიკჭიკი. რაშია საქმე, რამ შეგცვალა?

პანდორა: სულაც არა! მე თავიდანვე ასეთი განწყობილებით ვიყავი. საქმე ისაა, რომ შენ მისაკუთრებდი და ახლაც ამას ცდილობ. ხომ არ ფიქრობ, რომ ცოლიანი მამაკაცისა და გასათხოვარი ქალის ურთიერთობა ძალზე რთული იქნება?.. 32 წლის როცა ხარ, ქალი გათხოვებაზე ფიქრობ და არა საყვარელზე. შენ რას მთავაზობ?

ზურა: ეგ ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც კი ოდესმე დაუსვამთ ჩემთვის. პასუხის გაცემა მიჭირს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ შენი დაკარგვა არ მინდა.

პანდორა: მაშინ, ახლა მე წავალ, ცოტას გავისეირნებ და მერე დავიძინებ. შენ კი მოიფიქრე, რა გინდა და ხვალ მითხარი. თუ ერთი ღამე არ გეყოფა მოსაფიქრებლად, როცა შენ გენდომება, მაშინ მითხარი პასუხი.

ზურა: ახლა ვზივარ და გული მაქვს გახეთქვაზე. ეს რა მითხარი?! სიტყვებიც არ მყოფნის იმის გამოსახატავად, რასაც განვიცდი. ეს არის ერთმანეთში არეული: სინანული, სიყვარული, შური, აღფრთოვანება, აღშფოთება, გაოცება, სევდა და დარდი... ახლა ჩემს მეგობარს დავურეკავ, სადმე წავალ, ცოტა ტვინს "გავანიავებ", ცოტას დავლევ და მთვრალ გონებაზე უფრო კარგად გადავწყვეტ, რა გავაკეთო. დროებით, ხვალამდე!

არ უშველა არც სიმთვრალემ და არც სიფხიზლემ... დღემდე არ იცის, რა უნდა...

პანდორა: იცი, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ შენზე და ჩვენს ურთიერთობაზე და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ილუზიით ვცხოვრობთ. ჩვენი ურთიერთობა ერთი პატარა, ლამაზი სიზმარია, რომელიც სულ მალე გაქრება. გამოღვიძებულები კი, ყოველთვის გავიხსენებთ იმას, რაც რეალობად არასოდეს იქცევა...

ზურა: არ ველოდი ასეთ სიტყვებს... ნატალი, ძალიან სასტიკი ხარ...

პანდორა: სასტიკი მე კი არა, ცხოვრებაა... შენი ნათქვამი თბილი სიტყვები გასაღებივით მოერგო ჩემს სულს და გახსნა რაღაც, დიდი ხნის წინ გადამალული. სიტყვას სიტყვა მოჰყვა... ჩემი და შენი სიტყვები... ეკრანზე მოფრინავდნენ ნაზი, ტკბილი და თბილი სიტყვები, რომლებიც საპნის ბუშტებს ჰგავდნენ. ჩვენ შორის დიდი მანძილი და ღამის მარადიულობა იდგა... ჩვენ კი ერთმანეთს ვწერდით სიტყვებს, რომლებიც გვაღელვებდა, გვაშფოთებდა და ლამაზ სურათებს ხატავდა. ვსაუბრობთ ყველაფერსა და არაფერზე... მთავარია, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ. თემას მნიშვნელობას არ ვანიჭებთ... ერთმანეთთან ურთიერთობით ვტკბებით. როცა გესაუბრები, შენს სითბოს ვგრძნობ... ეს ჩვენი სამყაროა, ვირტუალური სამყარო... მხოლოდ ჩემი და შენი და აქ თავს კარგად ვგრძნობთ - თბილად, მყუდროდ, მშვიდად... რეალურ ცხოვრებაში ასე მშვიდად ვერ ვიქნებით: ყველაფერი დაინგრევა... სხვები ჩაერევიან... ჩვენ ვოცნებობთ და ვფიქრობთ ხვალეზე, მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ "ჩვენი ხვალე" არ მოვა... დადგება მხოლოდ "შენი ხვალე" და ჩვენ ძალიან კარგად ვიქნებით. თუ ხვდები, რომ შენ ახლა მე სიყვარულში გამომიტყდი?.. ბედნიერი ვარ, ჩემო სიცოცხლევ!.. ამ სიტყვებს ყურშიც ჩაგჩურჩულებ ძალიან ტკბილად... ნატალი, ამოიგდე თავიდან სისულელეები და მომენდე. მერწმუნე, ჩემთან კარგად იქნები.

პანდორა: მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, თუ გვინდა, რომ ყველაფერი არ გავაფუჭოთ.

ზურა: მე კი მგონია, მაგაზე ლაპარაკი უკვე გვიანია. ჩვენი ურთიერთობის დანგრევა არც ისე ადვილია. უკურნებელი სენივით შემეყარა და ამას ვერაფერი განკურნავს. ჩემო პატარავ, ძალიან დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია და უფლებას არ მოგცემ, რომ უბედური გამხადო. რატომ მკრავ ხელს? მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარხარ და გიყვარვარ?

პანდორა: არა, იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს.

ზურა: აქვს, დამიჯერე, აქვს... მე შენ მიყვარხარ, შენ კი - მე და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. ნუ ეწინააღმდეგები შენს თავს. მიუშვი გრძნობა და ვნება თავის ნებაზე. შენ მხოლოდ მომენდე - ყველა შენს პრობლემას ჩემს თავზე ავიღებ. ვიცი, შენი უკან დახევის მიზეზი - ჩემი ოჯახია.

კითხვა აქ შევწყვიტე და დავფიქრდი. თურმე, რა სწორად ვმსჯელობდი!.. ჩვენი ურთიერთობის დანგრევა არც ისე ადვილიაო? ვნახოთ... ახლავე დაგიმტკიცებ, რომ ძალზე იოლია, - გავიფიქრე, ტელეფონს დავწვდი და ზურას ნომერი ავკრიბე...

ნომერი კი ავკრიბე, მაგრამ ვიდრე ზარი გავიდოდა, ტელეფონი გავთიშე და კარგად დავფიქრდი, რომ სათქმელი დამელაგებინა. - რის გამო უნდა ვუსაყვედურო? დავიწყებ იმით, რომ საავადმყოფოდან გუშინწინ გამოვიდა და მხოლოდ ერთხელ მომწერა სამსიტყვიანი მესიჯი, ისიც მას შემდეგ, რაც მე თვითონ შევეხმიანე. ახლა ის თავის ოჯახში მშვიდად გრძნობს თავს; ალბათ, დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებს, გვერდით ხათუნა უზის და ვინ იცის, იქნებ, ჩემზეც კი ლაპარაკობენ. ბავშვიც იქვე ზის და მეცადინეობს... - ვფიქრობდი და თან, ნათლად წარმოვიდგინე მათი ოჯახური იდილია. გული ლამის გამისკდა. არა, არასოდეს ვყოფილვარ ბოღმიანი და არც ახლა მშურდა, მაგრამ ეს ფიქრები არ დამტანჯავდა, ზურას რომ დაერეკა ჩემთვის და მოვეკითხე; მაშინ აღარ ვიგრძნობდი თავს გამოუსადეგარ ნივთად და მშვიდად ვიქნებოდი. ამ ყველაფრის წარმოდგენამ კიდევ უფრო გამაღიზიანა და ხელახლა ავკრიბე ზურას ტელეფონის ნომერი: ზარი გავიდა, მაგრამ რამდენიმე ზუმერის შემდეგ, გაითიშა. ამან მთლად გამომიყვანა მდგმარეობიდან და სასოწარკვეთილმა აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ტელეფონი იქვე მივაგდე, ფეხები სავარძელზე ავიკეცე, თავი უკან გადავაგდე და ფიქრებში ჩავიძირე: ნუთუ, საავადმყოფოში მის თვალწინ მომხდარმა ჩემი და ხათუნას შეხვედრამ რაღაც გადაწყვეტილება მიაღებინა? ნეტავ, რას ფიქრობს? რატომ იქცევა ასე?.. ფიქრები ერთმანეთში ირეოდა და ასე მეგონა, თავი გამისკდებოდა. თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე, თითქოს დაგროვილი ფიქრების გამოყრას ვლამობდი. ისე, ცოტათი მიშველა კიდეც და "დაცარიელებულ" თავში ახალი აზრი მომივიდა - ძალიან მომინდა, ზურასთვის რაღაც ცუდი გამეკეთებინა, რომ მასაც ისევე სტკენოდა გული, როგორც ახლა მე მტკიოდა. ისევ გავაქნიე თავი და ისევ ახალი აზრი მომივიდა: თუმცა, იმაზე მეტი რაღა უნდა ეტკინოს, გულის შეტევით საავადმყოფოში ხომ მოხვდა-მეთქი, - გავიფიქრე და ბრაზი სიბრალულის გრძნობამ შეცვალა.

გამახსენდა ზაფხული, ჩვენი ურთიერთობის სასიამოვნო მომენტები, ბათუმში ჩვენი პირველი შეხვედრა, ღამით არაგვზე წასვლა... ისიც გამახსენდა, ერთხელ რომ ჩამეხუტა და ყელი ყელზე გადამაჭდო, მითხრა: ასე ლეკვები ეხუტებიან ხოლმე ერთმანეთსო. მაშინ გულიანად გამეცინა. მერე, როცა ხუმრობით მეტყოდა - "ლეკვები გავაკეთოთო", - უკვე ვიცოდი, რომ კისრით კისერზე უნდა ჩავხუტებოდი. ეს ძალზე სასიამოვნო შეგრძნებაა, ვერაფერი შეედრება იმას, რასაც ასეთ დროს განიცდი. საათობით შემიძლია, მასთან ასე ჩახუტებული ყოფნა. ამაზე რომ ვფიქრობდი, გამეღიმა. თითქოს, სხვა თვალით დავინახე ზურა, წყენამ გამიარა და აღარ მქონდა სურვილი, რომ მისთვის რაიმე მევნო. სამაგიეროდ, მასთან დალაპარაკების სურვილი მომეძალა, მისი ხმის გაგონება უზომოდ მომინდა. მერე გამახსენდა, ტელეფონი რომ გამომირთო და ისევ გავბრაზდი. ხელახლა დავრეკე მასთან იმ მიზნით, რომ მაგრად ვუსაყვედურებდი, ენას წავიმწარებდი და გულს მოვიოხებდი. თუ მისგან უხეშ პასუხს მოვისმენდი, სამუდამოდ ავუკრძალავდი ჩემთან დარეკვას და მასთან ყოველგვარ ურთიერთობას გავწყვეტდი. ამჯერად, ზურამ ჩემს ზარს უპასუხა:

- ნატალი, კარი გააღე, კიბეზე ამოვდივარ. - სრულიად მოულოდნელი იყო ეს პასუხი. წინასწარ მომზადებული ტექსტი დამავიწყდა, წყენამ წამში გამიარა და კარს რომ ვაღებდი, ბედნიერებისგან უკვე თავბრუ მქონდა დახვეული. ღია კარში ზურას კისერზე ჩამოვეკიდე და სიხარულისგან ისე ვჭყლოპინებდი, როგორც პატარა ბავშვი, კანფეტის დანახვისას.

- ნელა, ნელა, არ წამაქციო, - გაღიმებული მომეხვია ზურაც. ასე კისერზე ჩამოკონწიალებული შემომიყვანა დერეფანში, კარი ხელუკუღმა მიკეტა და ჩამიხუტა. ჯერ ლოყა მომადო თავზე, მერე ცხვირი ყურის ძირში "მომიცაცუნა" და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თან, მთელი ძალით მიჭერდა მკლავებს. ვიგრძენი, რომ მოვნატრებოდი. მე ხომ ამის მეტი, არც არაფერი მინდოდა. თავდავიწყებით ვკოცნიდი ზურას და მისი ტუჩებიდან ჩემში თითქოს მაცოცხლებელი ძალა გადმოდიოდა; სიცოცხლის წყურვილით ვივსებოდი და როგორც უწყლობით თავჩაქინდრული ყვავილი ცოცხლდება მორწყვის შემდეგ, სწორედ ასე ვცოცხლდებოდი მეც. კარგა ხნის შემდეგ დავიხსენი მისი მკლავებისგან თავი, ქურთუკი ჩამოვართვი, იქვე, საკიდარზე დავკიდე და ზურას ოთახში შევყევი. გვერდით მივუჯექი და ისევ მივეხუტე.

- ასე მოგენატრე? - ხელი მომხვია და თვალებში ჩამხედა. მის მზერაში სიყვარული დავინახე. არა, არ მომეჩვენა, ნამდვილად დავინახე და ამან უფრო ბედნიერი გამხადა.

- რომ იცოდე, როგორ უნდა გამელანძღე! - არ დავუმალე ჩემი განზრახვა.

- ვიცი, გულმა მიგრძნო, - გაიღიმა ზურამ. - ხომ ვიცი, შენი ამბავი. ალბათ, ბოღმისგან გაიბერე, არა? რატომ ფიქრობ ყოველთვის ცუდს?

- კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას და იმიტომ... არ იყავი ჩხუბის ღირსი? ორი დღეა, არ გაგხსენებივარ.

- სიურპრიზის მოწყობა მინდოდა.

- ჰოოოო... მართლა? პირველად რომ დავრეკე, რატომ არ მიპასუხე? აი, ნამდვილი სიურპრიზი მაშინ იქნებოდა.

- რას აპირებდი?

- მაგას არ გეტყვი. სხვა დროისთვის შევინახავ ჩემს სიურპრიზს. მე შენ გეტყვი და, არ მომეცემა საშუალება თუ რა?

- მაშ კარგი, თუ გინდა, შევეჯიბროთ, ვინ უკეთეს სიურპრიზს მოიფიქრებს.

- სამსახურში იყავი? - თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს.

- დიახ, ვიყავი. - ზურას უხასითობა არ ეტყობოდა. არადა, თუ სამსახურში იყო, თავისი მანქანის შესახებ სიმართლე უნდა გაეგო. ნეტავ, მანქანაზე რატომ არაფერს ამბობს? - ვფიქრობდი, მაგრამ კითხვის დასმას ვერ ვბედავდი.

- რითი მოხვედი? მანქანის ხმა არ გამიგონია, - ირიბად დავსვი კითხვა.

- ჩემი მანქანით მოვედი და აქვე, ეზოში დავაყენე. - წარბი არ შეუხრია, ისე მიპასუხა. ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე. მისი მანქანა მართლაც იქ იდგა. რომ შემოვბრუნდი, როგორც ჩანს, ძალზე დაბნეული სახე მქონდა.

- შენც გაიგე, უბედური შემთხვევის ამბავი? - მკითხა ზურამ, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ "უბედური შემთხვევის" თვითონაც არ სჯეროდა.

- ჰო, გავიგე, გოჩამ მითხრა... უფრო სწორად, მე და ნინოს გვითხრა...

- გუშინ საავადმყოფოდან რომ გამოვედი და შინ მივედი, მაშინ მითხრა ხათუნამ, მანამდე არ ვიცოდი.

- მანქანას რომ არაფერი ეტყობა? - საბოლოოდ ვერ დავფარე გაოცება.

- ეს ახალია, დღეს ვიყიდე. ჩემი მანქანის "ტყუპისცალია". ზურას ყოველთვის ის მანქანა ჰყავს, რომელიც მოსწონს და უნდა. - თავმომწონედ თქვა ბოლო სიტყვები.

- და ქალებიც, არა? - ისევ დავიბოღმე.

- ნატ, გინდა, მანქანა გიყიდო?

- არ მინდა! -ვთქვი კატეგორიული ტონით.

- რატომ? - გაკვირვებისგან წარბები ასწია ზურამ.

- მანქანა რომ მინდოდეს, მეყოლებოდა. შენ ლიკაში ხომ არ გერევი? - გაღიზიანებული ტონით ვთქვი და ფეხზე ავდექი.

- მე მინდოდა, შენთვის მესიამოვნებინა, შენ კი - გეწყინა. ვერასოდეს ვიგებ, რა გინდა. სხვა ქალებისგან განსხვავებული რეაქცია გაქვს ყველაფერზე. - ქვევიდან გაოცებული მზერით ამომხედა.

- მაგალითად, რაზე მაქვს განსხვავებული რეაქცია? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში იქვე, სავარძელში მოვკალათდი.

- როცა გითხარი, ჯვარი დავიწეროთ-მეთქი, უარი მტკიცე, ცოლად გამომყევი-მეთქი, კვლავ უარი მივიღე. მანქანას გიყიდი-მეთქი და გეწყინა. სხვები სამივე წინადადებას სიხარულით შეხვდებოდნენ, შენ კი...

- მე კი ვბრაზობ, არა? - დავასრულე მისი წინადადება - ზურა, სიმართლეს გეტყვი, ამჯერად, როგორც ფსიქოლოგი და არა - როგორც შეყვარებული ქალი. შენ მთელი ცხოვრება არ გიმართლებდა ქალებში. მე ხათუნას არ ვიცნობ, მაგრამ შენგან ვიცი, რომ შეყვარებული იმიტომ მიატოვა და შენ გამოგყვა ცოლად, რომ სოფელში გაზრდილ გოგოს სიმდიდრემ მოსჭრა თვალი. კიდევ ვისაც ვიცნობ, ეს ლიკაა და ისიც, შენგან გამორჩენას ელოდა. დანარჩენი ქალების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ შენ თავად კარგად ხარ ინფორმირებული და თუ დაფიქრდები, ალბათ, იმასაც მიხვდები, რომ მათი უმეტესობისთვის შენ კარგი, მსუყე "ნაჭერი" ხარ თუ იყავი, რომლის დათრევაც, დიდი ხნის განმავლობაში "მუცლის ამოყორვას" ნიშნავს. სარკეში ჩაიხედე და კარგად დააკვირდი შენს თავს. საკმაოდ ლამაზი მამაკაცი ხარ, მიმზიდველი, უნაკლო გარეგნობით, ინტელექტით, თანამდებობით, რომანტიკული ბუნებით, მაგრამ შენი დაკარგვის შემთხვევაში, არც ერთი ქალი არ მოგტირის ისე, როგორც მამაკაცს... ისინი ისე განიცდიან შენს დაკარგვას, როგორც მათხოვარი, რომელმაც შემთხვევით "მსუქანი" საფულე იპოვა და ვიდრე ფულის დახარჯვას მოასწრებდა, ისევ დაკარგა... სიმართლე ეს არის. - დავამთავრე მონოლოგი და მის რეაქციას დავაკვირდი.

- შენ? შენ რა გინდა? - მკითხა აბსოლუტურად უემოციო გამომეტყველებით.

- იმას ნუ იფიქრებ, რომ ვინმეზე უკეთესი მინდა გამოვჩნდე. კარგად ვიცი, ჩემი და შენი ურთიერთობის მანკიერი მხარე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თავიდანვე ვხვდებოდი, რა სირთულეებს წავაწყდებოდი, როცა ცოლიან მამაკაცს საყვარლობაზე ვთანხმდებოდი. ჩემი გრძნობა შენ მიმართ მანამდე წარმოიშვა, სანამ გნახავდი. მე შემიყვარდა ვიღაც ზურა, რომლის შესახებ ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი. ვხედავდი მხოლოდ მის მიერ მოწერილ სიტყვებს და ხარბად ვშთანთქავდი მათ. გამიმართლა, რომ ის გარეგნულად სწორედ შენნაირი აღმოჩნდა. შეხვედრამ მხოლოდ გააღრმავა გრძნობა, მაგრამ მერწმუნე, ვიდრე გნახავდი, მე ყველაზე უარესისთვისაც კი მზად ვიყავი. რა მინდა შენგან? - სითბო, სიყვარული და ადგილი შენს გულში...

- ასე ცოტა?

- ეს ცოტაა?

პასუხად ზურამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - ზურა, რა გითხრა ხათუნამ, როცა მე პალატიდან გამოვედი?

- ეს ჩემი და მისი საქმეა. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ნუღარ შემეკითხები, კარგი?

- კარგი, - ამოვიოხრე. - უკვე გვიანია, ხომ არ დავიძინოთ? რჩები?

- არ გინდა, რომ დავრჩე? როგორ ფიქრობ, ახლა რომ გამაგდო, წავალ? - გაიღიმა და წამოდგა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდდება ყოველღამ, 12:00 საათზე