sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXXV-XXXVI ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXXV-XXXVI ნაწილი)

- რა იყო, რა მოხდა? - ვკითხე შეშფოთებული ხმით.

- 2 რამ მაქვს შენთვის სათქმელი: ერთი - კარგი, მეორე - ცუდი...

- ცუდით დაიწყე... - ვუთხარი გულდამშვიდებულმა, რადგან მისი ხმის ინტონაციით მივხვდი, რომ კატასტროფა არ გველოდა.

- ხომ გახსოვს, რომ შეგპირდი, ახალ წლამდე ერთი კვირით ბაკურიანში წავალთ-მეთქი?

- მახსოვს. მერე?

- ჰოდა... მე ვეღარ მვდივარ. შენ და ნინოს ჩაგიყვანთ და დაგტოვებთ. ან სულაც, გოჩა წაგიყვანთ. მერე კი, მე ჩამოგაკითხავთ და უკან ერთად დავბრუნდებით. თუ შევძელი, ერთი ღამით მეც დავრჩები.

- რა აუცილებელია?! ჩვენც არ წავალთ. შენ როცა მოიცლი, ერთად წავიდეთ. დაჯექი, დიდხანს უნდა იდგე ფეხზე? გშია? - დავაყარე კითხვები.

- არა, თქვენ წადით! - ისეთი ხმით თქვა, მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა. - კი, მშია... - დაამატა ბოლოს, მაგიდას მიუჯდა და ჩემი ერბო-კვერცხი მიიდგა.

- ეგ უკვე ცივი იქნება, ახალს შეგიწვავ, - შევთავაზე, მაგრამ უარი მივიღე.

- შენთვის შეიწვი, ამას მე გეახლები... - უკვე მადიანად ილუკმებოდა.

მაცივარი გამოვაღე, რომ კვერცხი გამომეღო, მაგრამ თითქოს შიმშილმა გადამიარა. გადავიფიქრე და კარი ისევ მივხურე. ზურას ჩემი საქციელი არ გამოეპარა.

რა იყო, გეწყინა, შენი ულუფა რომ მივისაკუთრე?

- არა, მადა დამეკარგა. მითხარი მეორე, კარგი ამბავი, იქნებ, მიშველოს?

ზურამ ჭამა შეწყვიტა, მაგიდაზე დადებული ხელსახოცებიდან ერთი ამოაძრო, ტუჩებზე გადაისვა და თითით თავისთან მიმიხმო.

- გინდა, კარგი ამბავი გითხრა?

- კი, ძალიან მინდა...

- შემეხვეწე!

- გეხვეწები... გთხოვ... ძალიან გეხვეწები... ცისოდენა და ზღვისოდენად გეხვეწები...

- აბა, ახლა მაკოცე! - მიბრძანა და თითი ლოყაზე მიიდო. თხოვნა აღარ გავამეორებინე. მუხლზე ჩამოვუჯექი, ხმაურით ვაკოცე და თვალებში ჩავხედე.

- ხომ გაკოცე! ახლა მითხარი... ცუდი რომ უცებ მომახალე, კარგზე რატომ მაწუწუნებ?

- კარგი და გასაგიჟებელი ის არის, რომ მიყვარხარ...

- სულ ეგ არის? - გავიბუსე მე.

- რა, ცოტაა? - გულწრფელად გაუკვირდა მას. - იცი, რამდენი ქალი ოცნებობს, რომ ჩემგან ეს სიტყვები მოისმინოს?!..

- გულიანად გადავიხარხარე, ქოჩორი მოვუჩეჩე და მის პირდაპირ დავჯექი. მაგიდას ორივე იდაყვით დავეყრდენი, ნიკაპი ხელებზე ჩამოვდე და მივაჩერდი.

- და... ვინც არ ოცნებობს?..

- იმას გემოვნება ღალატობს ან... არაფერი იცის ჩემი არსებობის შესახებ... - ამას ისეთი გამომეტყველებით ამბობდა, რომ მგონი, თვითონაც სჯეროდა...

- იცი, რამდენიმე წლის წინ, ერთი პაციენტი მყავდა. საკმაოდ ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო... ჩემო სიხარულო, იცი, რატომ დასჭირდა ფსიქოლოგი?

- რატოოომ? - დაიჭყანა, თვალები დააელმა და გაწელა ეს სიტყვა. მიხვდა, რომ რაღაც "ისეთი" უნდა მეთქვა.

- თავისი ასაკის მიუხედავად, ბიძია ლევანი ძალზე კარგად გამოიყურებოდა. მაღალი, ახოვანი, წელში გამართული და მხრებში გაშლილი დადიოდა. ჭაღარა თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი და თვალებს არწივივით აბრიალებდა. გული და თვალი კი, ახალგაზრდა ქალბატონებისკენ ძველებურად გაურბოდა. ჰოდა, შენსავით, ახალგაზრდობაში ქალების ყურადღებას მიჩვეული გახლდათ და ახლა, ძველებური პოპულარობით რომ ვეღარ სარგებლობდა, სიბერის შიში შეეპარა და საშინელი დეპრესია ჰქონდა. თანც, თურმე იმ პერიოდში, ასევე ხანში შესული, ქვრივი ელიჩკასთვის დაუდგამს თვალი. რუს-ქართველა ელიჩკა ულამაზესი ქალი ყოფილა ახალგაზრდობაში. ისე შევეფერებოდით ერთმანეთს, როგორც ყველი და პურიო, - ამოიხვნეშებდა ხოლმე ბიძია ლევანი, - მაგრამ პატიოსანი ქალი იყო, ქმარს არ ღალატობდა და ახლოსაც არ მიკარებდა; ახლა, ამ სიბერეში მაინც "გამაკვრევინა კბილიო", - ნატრობდა.

- მართლა? - გამაწყვეტინა ზურამ და ჭერში ვიღაცას გაუღიმა.

- ჰო, მართლა, მართლა... ვის უღიმი?

- არავის. ჩემი თავი წარმოვიდგინე ლევანის ადგილას და გამეღიმა. მეც ასე ვიქნები ნეტავ, 70 წლის ასაკში?.. მერე? უშველე ბიძია ლევანს?

- ჰო, ვუშველე. მართალია, უცნაური მეთოდით, მაგრამ მაინც...

- რას ჰქვია, უცნაური? შოკური თერაპია ჩაუტარე?

- თითქმის. მასთან ფლირტი გავაჩაღე და ისე ვიქცეოდი, თითქოს მომწონდა, მიყვარდა და ვერ ვუმხელდი. უნდა გენახა, როგორ გამოცოცხლდა, სეანსებზე სულ "ფრენით" მოდიოდა, ხან შოკოლადი მოჰქონდა, ხან - ბატიბუტი, ხანაც - მინდვრის ყვავილები... მერე ისე მოვაწყვეთ, რომ მე და ლევანი, ხელკავით, ელიჩკას დავენახვეთ. იეჭვიანა ქალმა და გაებუტა ლევანს. მათი შერიგება კი ლოგინით დამთავრდა და ლევანის დეპრესიასაც საბოლოოდ დაესვა წერტილი.

- უყურე შენ! მაინც, არა?.. - მომუჭულ მარცხენაზე გაშლილი მარჯვენა ხელის გული დაჰკრა ზურამ.

- ჰო, მაინც... - გავიმეორე მისი ჟესტი.

- ოჰ, რა ხართ ეს ქალები: მთელი ცხოვრება ქმრის ერთგული იყო და სიბერეში, მკვდარს უღალატა... უჰ, თქვენი! - თვალები მოჭუტა და ეჭვიანი მზერით გამომხედა. - მერე? ხომ არ დაქორწინდნენ გუგულები?

- მერე? ლევანს ცოლი ჰყავდა. ეს ელიჩკა იყო ქვრივი, თორემ, ლევანის ცოლი ისეთი "მამალი" ქალი იყო, ცხენს გახედნიდა, რომ მოენდომებინა. მერე ის მოხდა, რომ ეს ჩვენი ბიძია ლევანი კარგა ხანს დაძვრებოდა ელიჩკასთან მალულად, რადგან ცოლის ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელიჩკა იქვე, გვერდით კორპუსში ცხოვრობდა, ლევანი მანქანით მიდიოდა ხოლმე, შორაიხლოს, "პროფილაქტიკაში" დატოვებდა და მერე ჩუმად იპარებოდა გულის ვარდთან. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ელიჩკას დაბადების დღე გათენდა. ლევანმა საჩუქარი უყიდა, ყვავილების თაგულიც არ დაივიწყა და საღამო ხანს ელიჩკას სადარბაზოში შეიპარა. ცოტა ეუცნაურა ბევრი ხალხის დანახვა და ქოთქოთი კიბეზე, მაგრამ გზა განაგრძო. მესამე სართულზე ასულს, ელიჩკას კარი ღია დახვდა და კართან მოგროვილმა ხალხმა ყვავილებით მიმავალ კაცს გზა დაუთმო. იმანაც, შეაბიჯა ოთახში და რას ხედავს?! გაჭიმულა ელიჩკა შუა "ზალაში" ტახტზე და სამუდამოდ დაუხუჭავს თვალები... ლევანმა "ობოლი" ცრემლით, უხმოდ დაიტირა საყვარელი ქალი, დაბადების დღისთვის ნაყიდი ყვავილები გულზე დააწყო და გულდამძიმებული წამოვიდა. ხანდახან სტუმრად მოდიოდა ხოლმე ჩემთან და როდესაც ელიჩკას იხსენებდა, ამოოხვრით იტყოდა ხოლმე: ეჰ... რა ქალი იყო, რა ქალი!... იმის მერე ჩემს გულს აღარავის გავუხსნიო... - დავამთავრე ამბის თხრობა, თავი გვერდზე გადავწიე და ზურას შევხედე.

- ასე რატომ მიყურებ? იცი, პუდელს ჰგავხარ... - უცებ შეცვალა საუბრის თემა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, ლევანს რომ შევადარე.

- ეს ახალი აღმოჩენაა?

- არა, დიდი ხანია, მინდოდა მეთქვა, რომ როცა თმა გაშლილი გაქვს და კულულები - სახეზე ჩამოყრილი, პუდელის ლეკვს მაგონებ ხოლმე... ფუმფულას, საყვარელს, ცელქს... ოღონდ, ლეკვებს ცხვირი მუდამ ცივი აქვთ, შენ კი - ცხელი...

- ამის მერე, რომ მოხვალ, "პედიგრი" გამოაყოლე ხელს, რომ ხალისიანი ვიყო და თანაც, ბალანი სულ მიბზინავდეს... - ისე გავხალისდი, რომ სულ აღარ მახსოვდა გამგზავრება და ვიზა...

ცოტა ხანში გამახსენდა, მაგრამ გუნება არ გავიფუჭე და სხვა დროისთვის გადავდე ზურასთან ამ თემაზე საუბარი.

მოგვიანებით ნინომ დარეკა და ხან მე მელაპარაკა, ხან - ზურას. ბოლოს უჩემოდ გადაწყვიტეს რომ ერთი დღის შემდეგ მე და ნინო დასასვენებლად წავიდოდით. რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ საჭირო იქნებოდა, სამსახურისთვის რაიმე რეალური და დამაჯერებელი მიზეზის მოგონება. ისე, რაც ზურა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სამსახურზე გული ავიცრუე... ახლაღა გამახსენდა სამსახური. ჩემი თავი 15 წლის გოგონას მაგონებს - პირველი სიყვარული რომ ეწვევა და სწავლა რომ ეზარება. ხუთოსნობიდან სამოსნობაზე რომ ჩამოვარდება... ჯერ იყო და, ამდენი გავაცდინე, ახლა კიდევ, წასვლას რომ ვაპირებ, ამაზე სულ გადაირევიან. მაგრამ აბა, რა ვქნა?.. უფ, ერთი!.. - ხელი ჩავიქნიე გუნებაში.

ისე, ზურასთან ურთიერთობამ ერთი კარგი თვისება შემძინა: გულთან ახლოს აღარაფერი მიმაქვს და ისიც ვისწავლე, როგორ უნდა შევუშვა სხვისი ნათქვამი ერთ ყურში და მეორიდან - გამოვუშვა... ამას რომ ვფიქრობდი, უნებლიეთ გამეღიმა. ზურას შევხედე. მას ხელში ტელევიზორის პულტი შერჩენოდა და დივანზე ჩასძინებოდა. ალბათ, ძალიან იღლება... ნეტავ, მის ადგილზე მამყოფა სულ რამდენიმე წუთი: გავიგებდი, რას ფიქრობდა ჩემზე და საერთოდ, რა ედო გულში...

დილით სამსახურში ზურამ მიმიყვანა. ჩემი ოთახის კარი შევაღე თუ არა, ელენიკოც შემომყვა და სკამზე ისეთი გამომეტყველებით დაჯდა, რომ მივხვდი, მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას აპირებდა. საკიდრიდან თეთრი ხალათი ჩამოვიღე და ჩაცმა დავიწყე. ველოდი, როდის დაიწყებდა ლაქლაქს ელენე, მაგრამ ის ტუჩებმოკუმული იჯდა და დუმდა. როდესაც ხალათის ბოლო ღილიც შევიკარი, მაშინღა ვუთხარი:

- ჰე, დაიწყე!

- გოგო, იცი, აქ რა ამბები ხდება?!. - უცებ ალაპარაკდა.

- არა, არ ვიცი. აბა, მითხარი! - შევაგულიანე მე.

- ისეთი შემცირება მიდის საავადმყოფოში, რომ დედა შვილს არ აიყვანს. თანამშრომლების ნახევარს უშვებნ.

- მერე? შენ რა ბედი გეწევა?

- არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა ელენემ. - საავადმყოფო იყიდება, ვიღაც უცხოელი ინვესტორის ხელში გადავა, ის კიდევ რას გააკეთებს, ღმერთმა უწყის... იცი, იმასაც ამბობენ, რომ თურმე განყოფილების გამგეებისთვის შეუთავაზებიათ, თუ თავად იყიდით განყოფილებებს, უცხოელს არ შემოვუშვებთო. დირექტორსა და მთავარ ექიმს დანა კბილს არ უხსნით... ჩააშხამეს ახალი წელი... ყველა დაბოღმილი დადის და ახლა ნახე, როგორ დაჭამენ ერთმანეთს. აქამდე ხომ ზურგს უკან უთხრიდნენ სამარეს ერთმანეთს და ვინ ვის ასწრებდა მთავარ ექიმთან ამბის მიტანას, ვერ გაიგებდი. ახლა კი დადგა დრო, საქვეყნდ დაერიონ და მოურიდებლად დაკბინონ კონკურენტები. - ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა ელენემ.

- შენი განყოფილების საქმე როგორ იქნება?

- არ ვიცი, - ისევ აიჩეჩა მხრები და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა - ძალიან ძვირი დაჯდება, თორემ მე ვიყიდდი...

- მაგდენ ფულს სად იშოვი? - გამეღიმა მე.

- ვერ ვიშოვი და საქმეც ეგ არის... - საცოდავად ამოიოხრა. - ნატ, მოდი, ავდგეთ და კერძო კლინიკა გავხსნათ მე და შენ. სილამაზის ცენტრი, ქალებისთვის. გასახდომი ვარჯიშები და რამე...

- შენ ფიქრობ, რომ მე და შენ აქედან - "პაკააა" - გაგვიშვებენ?

- რა ვიცი, გოგო. "პრავდა, ტი ედინსტვენნი პსიხოლოგ ნა ვსიუ ბალნიცუ, ნო ვსიო რავნო ესტ რისკ ასტატსია ბეზ რაბოტი". - რატომღაც ჩაურუსულა ელენემ.

- არა უშავს, გადავიტანთ რამენაირად. სონასთან მივდივარ! - ისე მოულოდნელად ვთქვი, რომ ელენე შეხტა.

- რააა? მართლა?! - წამოხტა, მომეხვია და ჩამკოცნა. - აუუ, რა მაგარია! ვიზა მიიღე? როდის მიდიხარ? სონამ უკვე იცის? - დამაყარა შეკითხვები. - ჰოდა, აბა, შენ რაში გენაღვლება, წახვალ და სამსახური რაღად გინდა?!. მერე, ზურა?.. - გაახსენდა უცებ.

- ზურა? აი, ეგ კი ძალიან მძიმე საკითხია, ჩემო ელენე.

- არ გიშვებს?

- არ იცის!

- აუფ, რა მაგარია! შენ გინდა, ამერიკაში ისე წახვიდე და ჩამოხვიდე, რომ ზურამ ვერ გაიგოს?

- კარგი, დამანებე თავი, - ვუთხარი და ხელი ჩავიქნიე. ელენე, აბა, რის ელენე იქნებოდა, თუ მანამდე მომეშვებოდა, ვიდრე ყველაფერს დაწვრილებით არ გამომკითხავდა?

ვუამბე, როგორც იყო საქმე. ის ცოტა დაფიქრდა, მერე საჩვენებელი თითი ჭერისკენ ასწია და თქვა:

- მე ვიცი, როგორ უნდა მოიქცე.

- როგორ? - მართლა დავინტერესდი.

- როგორ და ზურას ეტყვი, რომ საავადმყოფო გიშვებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შენ არც კი იცოდი, ისე დაგახვედრეს გამზადებული მიწვევა კონგრესზე ან კონფერენციაზე...

- გავიწყდება, რომ ზურა ყველა საქმის კურსშია და წინასწარ ისიც კი იცის, ხვალ რა მოხდება ქვეყანაში. მაგას "ჭამს"?! - ისევ ჩავიქნიე ხელი.

- ჰო, მართალია, - უცებ დამეთანხმა ელენე და კვლავ ჭერს მიაპყრო მზერა, ახალი გამოსავლის მოსაძებნად. თუმცა, მალევე დაბრუნდა მიწაზე: - რა ვქნა? ტყუილების გუდაში მეტი არაფერი მაქვს... შენი გუდა უნდა გახსნა. - ორივეს სიცილი აგვიტყდა. - ხედავ, რა ძნელია, ზურასნაირ, "ყოლიფერში ჩახედინებულ" კაცთან ურთიერთობა? - ცრემლნარევი სიცილ-ტირილით მითხრა ელენემ. - მაგას ერთი კარგი "მალიარი" ან "სანტეხნიკი" გეშოვა, არ სჯობდა?

ელენეს სიტყვებმა ჩემი და ზურას გაცნობის პირველი დღე და ინტერნეტდიალოგი გამახსენა.

ზურა: რატომ არ მეუბნები, სად მუშაობ? დასასვენებლად რატომ არ მიდიხარ? თუ ჩემსავით სამსახური არ გიშვებს?

პანდორა: პროფესიით "მალიარი" ვარ და ვინაიდან ახლა რემონტების სეზონია, ბევრი საქმე მაქვს... :)))

ზურა: მერე რა მოხდა? მშვენიერი პროფესია გქონია. ვგიჟდები "მალიარებზე"! :))) მეც მაგით დავიწყე და ხომ ხედავ, სადამდე მოვედი?

პანდორა: მე კი სანტექნიკოსობით დავიწყე და უკვე მაღალკვალიფიციური "მალიარი" ვარ! ე.ი. "მალიართან" ურთიერთობაზე თანახმა ხარ?

ზურა: კი, ჩემო პატარავ. არავითარი სურვილი არ მაქვს, შენი დაკარგვის!

პანდორა: ხედავ, რა ნიჭიერი ვარ? ჩემი ადგილი "გოროდშია".

ზურა: პატარავ, შენ სოფლელობის არაფერი გეტყობა, კარგი გაქექილი ვინმე ჩანხარ! :))) ისე კი, ხუმრობა იქით იყოს და, მართლა მაინტერესებს, რას საქმიანობ.

პანდორა: პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ვმუშაობ კერძო კლინიკაში, ჩემი სპეციალობით და კერძო პრაქტიკასაც ვეწევი.

ზურა: ოოო, ეს საკმაოდ კარგი და საჭირო პროფესიაა. იქნებ, მეც გავხდე შენი პაციენტი.

პანდორა: სიამოვნებით დაგეხმარები. თუ მხოლოდ ფსიქოლოგი გჭირდება და არა - ფსიქიატრი. :)))

ზურა: არც ეგ არის სიმართლისგან შორს. ჩემი საქმის გადამკიდეს, მალე მართლაც დამჭირდება ფსიქიატრი. გინდა, გამოგიარო და სადმე გაგასეირნო?

პანდორა: შენ როგორ ფიქრობ, ახლა, ღამის 2 საათზე, შენთან შესახვედრად გამოვალ?! უიიი, მანამდე არაფერი ჭამო!...

ზურა: ქალაქგარეთ გავიდოდით და გავგრილდებოდით, მოიფიქრე, ურიგო წინადადება არ არის!

პანდორა: მეძინება, კარგად!

ზურა: არ წახვიდე, რაააა...

ზურა: უი, მაინც წახვედი? რა გაეწყობა, მეც წავალ სახლში, დავეგდებიდა დავიძინებ...

გამეღიმა. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ ჩემი და, შემთხვევით ინტერნეტში "შემოხეტებული" ამ კაცის დიალოგს ასეთი გაგრძელება ექნებოდა?!.

იმ დღეს მთელი საღამო ტანისამოსის ჩაბარგებას მოვუნდი. ჯერ მე ვურეკავდი ნინოს და ვეკითხებოდი - "თბილი ჟილეტი წამოვიღო? ოთახის ჩუსტები?.." მერე ნინო მირეკავდა - გოგო, ფენი მე წამოვიღო თუ შენ წამოიღებ?

- მე წამოვიღებ.

- კარგი, ახლავე ჩადე ჩანთაში, რომ არ დაგავიწყდეს.

მერე, ისევ მე დავურეკავდი და ასეთ გაწამაწიაში ვიყავი, როდესაც ზურა მოვიდა. ახლა იმას შევუჭამე ტვინი შეკითხვებით.

- გოგო, პირველად ხომ არ მიდიხარ, რა გჭირს? - შემეკითხა ღიმილით, ასეთი აფორიაქებული რომ დამინახა.

- შენ წარმოიდგინე, პირველად მივდივარ. მთაში ზამთარში არასოდეს ვყოფილვარ.

- მართლა?! - გაუკვირდა ზურას.

- ჰო, მართლა. ზაფხულობით ზღვაზეც დავდიოდი და მთაშიც, მაგრამ ზამთარში - არა. - ზურას გაოცებული მზერა რომ დავიჭირე, დავამატე: - მაშინ "სპონსორი" არ მყავდა!

- ახლა გყავს?

- კი, ახლა მყავს! - ეშმაკურად გავიცინე.

- ვერც შენთან ავცდი მაგ "თანამდებობას", არა?..

- ჩემი "სპონსორი" - სონაა... შენ კი, ჩემი ცხოვრება და სიხარული ხარ! - ვუთხარი და ჩავეხუტე. - არ გეგონოს, რომ შენს იმედად მოვდივარ ბაკურიანში, - დავამატე მერე.

- ჰო, ჩემს იმედად რატომ უნდა წამოხვიდე? ნება იბოძე და საკუთარი ხარჯი თავად გადაიხადე. მე კი ჩემს დაიკოს "დავასპონსორებ". ნატ, იცი, რგორ მიყვარს? ჩემი ნინოს გარეშე მე არ ვივარგებ...

- ისიც მაგას ამბობს შენზე.

- შენ კი უფრო მეტად იმიტომ შემიყვარდი, რომ მას ასე კარგად გაუგე და შეიყვარე. ხომ ხედავ, როგორი ხასიათი აქვს? ნინოს რომ ადამიანი ვერ გაუგებს, იმას საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობა არ შეუძლია.

იმ ღამით ზურა შინ წავიდა, რომ თვითონაც მოწესრიგებულიყო. როცა დილით მოვიდა, ნინო უკვე მანქანაში იჯდა და სადარბაზოდან გასული რომ დამინახა, პირი ყურებამდე გაეხა. ზურას დასცინოდა, რომელიც ჩემს 2 უზარმაზარ ჩანთას ძლივს მოათრევდა. ჩანთები საბარგულში მოათავსა და საჭესთან რომ დაჯდა, ნინომ ორლარიანი გაუწოდა: - კურტნის მუშა ახლა ამდენი ღირსო, - თავის ქნევით უთხრა...

მთელი გზა მხიარულად ვიარეთ. ნინო ძალზე დაინტერესდა და დაწვრილებით გამოჰკითხა ზურას, როდის აპირებდა უკან დაბრუნებას. ისე შეაწუხა შეკითხვებით, რომ მკაცრად უთხრა:

- თავი დამანებე, როცა მინდა, მაშინ წამოვალ უკან. აღარაფერი მკითხო, თორემ, თქვენც უკან წამოგაბრძანებთ და მერე დამრჩებით უბაკურიანოდ!..

ნინომ მოკეტა, მაგრამ მომიბრუნდა და ყურში ჩამჩურჩულა:

- აუუუ, ისეთი სიურპრიზი გველის იქ და ისეთ ამბავს გაიგებ, რომ გაგიჟდები. ნეტავ, ზურა არ დარჩეს...

- რას ჩურჩულებთ, ჭორიკანებო?.. - სარკეში გამოგვხედა ზურამ.

- თუ ჭორიკანა არ ხარ, ქალების საქმეში რატომ ერევი? - შეთქმულივით გამკრა იდაყვი ნინომ. აქაოდა, ხომ კარგად ვუთხარიო. ზურამ თავი გადააქნია, კიდევ ერთხელ გამოგვხედა სარკეში და სიჩქარეს მოუმატა.

- ძურიკო, გენაცვალე, არსად გადაგვყარო, მშვიდობით მიგვიყვანე, რააა! - ენა მოვუჩლიქე მე.

- რა იყო, ბიჭო, გვიმეტებ? - ამყვა ნინოც.

- მტერი ჩავარდა თქვენს ხელში. დიდი სისულელე გავაკეთე, როცა თქვენ ერთმანეთი გაგაცანით. - აბუზღუნდა ზურა.

- ისე, ცნობისთვის, ნუ გავიწყდება, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. რამდენი ხანია, ნატ? - მომიბრუნდა მე.

- 10 ან 12 წელია.

- გაიგე? - ახლა ზურას მიუბრუნდა.

- ჰოდა, თუ არ გაჩუმდებით, ჩამოგსვამთ ამ შუა გზაში ძველ ნაცნობებს და "პაპუტკას" გაჰყევით მერე. - დაგვემუქრა დიდი ამბით ზურა.

- უფფ, დიდი ამბავი... ახალი ნაცნობობა კარგია. გამოივლის ვინმე 2 ძმაკაცი, ვინც დასასვენებლად მიდის ბაკურიანში და გაგვაყოლებს... - ნინო აშკარად ანგლობის ხასიათზე იყო.

- ჰო, იქნებ, როგორმე გეღირსოს, გათხოვდე, პატრონს ჩაჰბარდე, კლიმაქსიც "გადააგორო", შინაბერას სიავემაც გაგიაროს და მეც დამანებო თავი - არ დაინდო ზურამ. ორივემ გადავიკისკისეთ ზურას სიტყვებზე. - ისე, შინაბერას სიმპტომები შენც გქონდა დაწყებული, დროზე გიშველე... მადლობელიც არ ხარ. - ახლა მე გადმომწვდა.

- ჰო, ჰო, შენ ცნობილი "კლიმაქსოლოგი" და შინაბერობის დიდი მკურნალი ხარ. თუ სადმე გასასაღებელი ქალია, შენ უნდა გაასაღო... - არ დამაცადა პასუხი ნინომ.

- მე ვარ გასასაღებელი? - აღვშფოთდი მე.

- ეგეც შენ! ეგეც შენი ნაქები და საყვარელი ნინო, - გახალისდა ზურა.

- არა, არა, შენ არა! ვაღიარებ, რომ ამ ბოლო დროს, ზურას გემოვნება დაეხვეწა, - ისევ გადაიკისკისა ნინომ. - ხომ არ გეწყინა, გოგო?

- მეწყინა. - გავბერე ტუჩები.

- არა უშავს, გაგივლის. - ხელი ჩაიქნია ნინომ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. თითოეული ჩვენგანი თავის ფიქრებში ჩაიძირა. ამასობაში ადგილზეც მივედით. ბაკურიანში მზიანი ამინდი იდგა და ძალიან ცოტა თოვლი იყო. ზურამ ერთ-ერთ სასტუმროში მიგვიყვანა, სადაც როგორც გაირკვა, წინასწარ ჰქონდა შეკვეთილი ნომერი. იმ დღეს ცოტა გავისეირნეთ და სასტუმროში დავბრუნდით. გვიანობამდე ვისხედით ტელევიზორთან და კარტიც ვითამაშეთ.

- მეძინება, - გამოაცხადა ბოლოს ნინომ.

- წამოდი, შენს ნომერში გაგაცილებ. - წამოდგა ზურა.

- რა, მარტომ უნდა დავიძინო? - გაპროტესტება სცადა ნინომ.

- თუ გინდა, შენ დარჩი ნატასთან და მე დავიძინებ მარტო, - არ გაუტეხა ხათრი ძმამ.

- არა, წავალ. თქვენ აქ დარჩით. შენ რომ წახვალ, მერე გადმოვბარგდები ნატასთან. ჩანთიდან საღამური და საჭირო ნივთები ამოალაგა, იღლიაში ამოიჩარა და ოთახიდან გავიდა. ზურაც უკან მიჰყვა.

დილით კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა. ნინო იყო. უკვე ჩაცმული გახლდათ. ქაქანით შემოიჭრა ოთახში.

- ადექით, საუზმე აქ 9-დან 11-ის ნახევრამდეა, თუ დროზე არ ჩაიცვით, სასადილოს დაკეტავენ და დავრჩებით მშივრები.

- ჰო... რაღა გვეშველება მერე? თუ აქ არ ვისაუზმეთ, მოვკვდებით შიმშილით, - დასცინა ზურამ.

- აქ ძილისთვის ჩამოხვედით? თბილისში გძინებოდათ, ამხელა გზა რომ არ გამოგევლოთ.

- აქ სუფთა ჰაერზე გვძინავს. - ახლა მე გავეპასუხე და წამოვდექი.

- ჰო, მე რომ არ წამოგყაროთ ფეხზე, თქვენ მთელი დღე ინებივრებთ, რა გიჭირთ, რა! - მანამდე იბუზღუნა, სანამ ორივე არ ავდექით და ჩაცმა არ დავიწყეთ.

საღამო ხანს ზურა გავაცილეთ თბილისში და ჩვენ სასტუმროში დავბრუნდით. ნინო ჩემს ოთახში გადმობარგდა და თავისი ნივთების დალაგებას შეუდგა. ვატყობდი, რომ მოუსვენრად იყო. მობილურის თითოეულ ზარზე არაბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. არ ვიმჩნევდი და არაფერს ვეკითხებოდი. გამახსენდა, გზაში რომ მითხრა, სიურპრიზი გელისო და მივხვდი, რომ ეს ღელვა და ფორიაქი სწორედ ამ სიურპრიზთან იყო დაკავშირებული. ველოდი, თავად როდის ამოიღებდა ხმას. ძილის წინ აბაზანაში შევედი. იქიდან გამოსულმა ნინოს სატელეფონო საუბრის ბოლო ფრაზებს მოვკარი ყური.

- კარგი, დილით დაგირეკავ... გკოცნი... შევთანხმდით... - ნინომ გამომხედა და ყურმილი დაკიდა.

- ვინ იყო? - ვკითხე, რადგან მინდოდა, ბიძგი მიმეცა, საუბრის დასაწყებად.

- მოგიყვები. - მოკლედ მომიჭრა და საბნის ქვეშ შეძვრა. მეც ჩემს საბანში გავეხვიე, მისკენ გადავბრუნდიდა ამბის მოსასმენად მოვემზადე.

- რასაც ახლა მოგიყვები ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ზურამ არ უნდა გაიგოს.

- კარგი, გპირდები.

- 17 წლის ვიყავი, როდესაც ერთი ბიჭი შემიყვარდა. ის ჩემზე 4 წლით უფროსი და ზურას მეგობარი იყო. მთელი 4 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მერე ისე მოხდა, რომ მის შესახებ ჩემმა ოჯახმა გაიგო. ერთადერთი, რასაც გარდაცვლილ დედას ვერ ვაპატიებ, ის არის, რომ ირაკლისთან დამაშორა. დედაჩემი მშვიდი, მუდამ ქმრის მორჩილი ქალი იყო, მაგრამ ჩემს შეყვარებულთან დაკავშირებით ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ მამაჩემიც კი გაოცებული დარჩა. მამა ამბობდა, როგორც უნდა, ისე მოიქცეს, თუ უყვარს, მე არ შევეწინააღმდეგები, მერე რა, თუ ღარიბი ოჯახიდან არის, ჩვენ საკმარისი ქონება გვაქვს, გვერდით დავუდგები სიძეს, გზაზე დავაყენებ, გარეგნობით, ნამდვილად არ დაიწუნება და მომავლის შექმნაში მე დავეხმარებიო. დედა კი ამის გამო სულ ცოფებს ყრიდა. ცალკე მამაჩემს ეჩხუბებოდა, ცალკე - მე. მაშინ ზურას უკვე ჰყავდა ცოლი, დედა ამბობდა: - ჯერ იყო, და ისეთი რძალი შემომივიდა ოჯახში, რომელიც არ მომწონდა, ახლა კიდევ, სიძეც ჩემი დაწუნებული უნდა იყოსო? დედაჩემის აზრი რძლის შესახებ ხათუნამაც იცოდა და შესაძლოა, ამიტომაც აიცრუა ოჯახზე გული. ალბათ ფიქრობდა, აქ დიდხანს მაინც არ გამაჩერებენ და სანამ დროა, რაც შეიძლება, მეტი გამოვძალოო. მერე კი ეს თვისება ჩვევაში გადაეზარდა.

- და დედაშენმა იმდენი ქნა, რომ შენ და ირაკლი ერთმანეთს დაგაშორათ? - არ მომეწონა, ხათუნაზე რომ ჩამოაგდო სიტყვა და ძველ კალაპოტში დავაბრუნე საუბარი.

- კი, ირაკლი ისე დაიბარა, რომ არავინ არაფერ იცოდა და დიდი ლექცია ჩაუტარა. შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თბილად და ტკბილად აუხსნია, რომ ჩემზე არ უნდა ეოცნება იმიტომ, რომ მე საქმრო მყავდა და გათხოვებას სხვაზე ვაპირებდი. ამის დასტურად, იმ ბიჭის ფოტოც უჩვენებია, რომელიც მართლა მოსწონდა სასიძოდ.

- და ირაკლიმ დაიჯერა?

- ჰო... სამწუხაროდ, დაიჯერა. ის ნელ-ნელა ჩამომშორდა, შეიცვალა, დამცინავი და ირონიული გახდა ჩემ მიმართ. ზურასაც ჩამოშორდა.

- ზურა რა აზრის იყო თქვენს ქორწინებაზე?

- ზურა იყო ჩემი მესაიდუმლე. მან თავიდანვე იცოდა ყველაფერი და არც არჩევანს მიწუნებდა, რადგან ირაკლისთან დიდი ხნის განმავლობაში ძმაკაცობდა; იცოდა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და მართლა ვუყვარდი. თუმცა, ვერც ზურა გახდა ვერაფერს დედაჩემთან ბრძოლაში.

- მერე? გააგრძელე, ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა...

- მერე ირაკლიმ უნივერსიტეტი დაამთავრა და დისერტაციის დასაცავად მოსკოვში გაემგზავრა. ამას საერთო ნაცნობებიდან ვიგებდი, თორემ ჩვენ ერთმანეთთან კავშირი აღარ გვქონდა და არც ის ვიცოდი, რომ ამ ყველაფერში დედაჩემი სახელი ერია. წლები ისე გავიდა, რომ ირაკლის შესახებ არაფერი გამიგია. ზურაც ერიდებოდა ჩემთან მასზე ლაპარაკს. დედაჩემის მოწონებულ სასიძოზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. იმის გარდა კიდევ ბევრი მამაკაცი დავიწუნე. ჩემ გაუთხოვრობის რეალური მიზეზი, მხოლოდ ზურამ იცოდა და ყოველთვის თანამიგრძნობდა. - ერთხელაც ვინმე შეგიყვარდება, აი, ნახავ, თუ ასე არ იქნებაო. მეტყოდა ხოლმე. ამ 2 წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს შინიდან გამოვედი და ჩემი კორპუსის გვერდით მდგარი მანქანა შევნიშნე, საიდანაც ვიღაც კაცი დაკვირვებით მათვალიერებდა. ძალიან დავიბენი, რადგან ეს კაცი ძალიან ჰგავდა ირაკლის. ლამის გული მკერდიდან ამომიხტა, მაგრამ თან თავს ვიმშვიდებდი - ირაკლი არ იქნება, რადგან ამ სახლში სულ 3 წელია, ვცხოვრობ და მისამართს ვერ დაადგენდა-მეთქი. შინაგანად კი მჯერდა და მინდოდა კიდეც, რომ ეს კაცი ირაკლი ყოფილიყო. გაჩერებაზე დავდექი. მინდოდა, უკან მომეხედა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ამ დროს ის მანქანა ჩემ წინ გაჩერდა, იქიდან მამაკაცი გადმოვიდა, მომიახლოვდა და სანამ რამეს მეტყოდა, კისერზე ჩამოვეკიდე. - "ირაკლი, შენ? აქ რა გინდა? როდის ჩამოხვედი?" - დავაყარე კითხვები. ის კი იდგა და მიცინოდა. მის მანქანაში მოვკალათდი, სულ დავიწყებული მქონდა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი და როდესაც გონებაში ჩვენს შესაძლო შეხვედრას წარმოვიდგენდი ხოლმე, ვფიქრობდი, რომ გულისწყრომას აუცილებლად გამოვხატავდი და არც კი გავუღიმებდი. ახლა კი გაბადრული ვიჯექი მის გვერდით და ენას არ ვაჩერებდი. როცა შეყვარებულები ვიყავით, სულ ვიმალებოდით ხოლმე. ამიტომ, ერთი მყუდრო ეზო გვქონდა ამოჩემებული, სადაც სკამზე ვისხედით ხოლმე და ვჩურჩულებდით. ახლა ირაკლიმ სწორედ იმ ეზოში შეიყვანა მანქანა. ჩვენი სკამი ისევ იქ იდგა. მისი მიპატიჟება არ დამჭირვებია, მანქანიდან გადავედი და სკამისკენ გავემართე. ირაკლიც გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. მერე პირველმა მან ამოიღო ხმა.

- რატომ არ გათხოვდი, ნინო? მე რომ მგონია, იმიტომ, თუ სხვა მიზეზი გქონდა?

- შენ რა გგონია?

- მე მგონია, რომ ისევ მე გიყვარვარ და იმიტომ არ გათხოვდი.

- შენ სწორად გგონია... ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ, - მაინც ვუკბინე.

- ჰო, ჭკვიანი რომ ვარ, იმიტომ მივხვდი მაშინვე, რომ დედაშენმა მომატყუა და არავითარი საქმრო არ გყავდა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რატომ მატყუებდა. არასასურველ სიძე ძალიან ძნელი ასატანია... ამიტომ, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და... - ძალიან გამაბრაზა მისმა მსჯელობამ. იმ საღამოს ბევრი ვიკამათეთ. ერთმანეთს ვუმტკიცებდით, რომ დამნაშავე არ ვიყავით, რომ ყველაფერი ბედისწერის ბრალია და ა.შ. იმავე საღამოს ერთმანეთს კვლავ ავუხსენით სიყვარული და ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ მოსკოვიდან საბოლოოდ გადმობარგდებოდა თბილისში და ჩვენ ერთად ვიცხოვრებდით ანუ დავქორწინდებოდით.

- არც მას მოუყვანია ცოლი?

- არა... არც მას... - მითხრა და გაჩუმდა. ცოტა ხანს ვაცალე ფიქრი, მერე კი ისევ ვკითხე:

- ახლა, ზურას აქ ყოფნა-არყოფნა რას წყვეტდა?

- ზურამ ყველაფერ იცოდა, მანამ, ვიდრე ირაკლი მოსკოვში გაემგზავრებოდა. ის ამბავი, რომ ჩვენ ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით, არ მითქვამს. ახლა, უკვე 1 კვირაა, რაც ირაკლი სულ დაბრუნდა. როდესაც გაიგო, რომ ბაკურიანში მოვდიოდით, მითხრა, რომ თვთონაც ჩამოვიდოდა. ზურასთან შეხვედრა კი ჯერ არ უნდა და არც მე მინდა... ახლა გზაშია, აქ მოდის, მაგრამ ამაღამ არ შეგვაწუხებს. დილით კი, აუცილებლად გაგაცნობ. ზურას ირაკლი ჯერ კიდევ მოსკოვში ჰგონია და წარმოდგენა არა აქვს, რომ ის სამუდამოდ ჩამოვიდა თბილისში, სამსახურიც იშოვა და საკუთარი საქმის დაწყებასაც გეგმავს. - მე თავს ვუქნევდი და მის ნაამბობზე ვფიქრობდი. ძალიან მაინტერესებდა, როგორ იყო ირაკლი და ვცდილობდი, ჩემს წარმოდგენაში მისი პორტრეტი დამეხატა.

დილით ნინოს საუბარმა გამაღვიძა. ტელეფონზე ლაპარაკობდა, როდესაც მობილური გათიშა, მე მომიბრუნდა:

- წამოდი, ვისაუზმოთ, ირაკლიც იქ არის. ჩვენს სასტუმროში დაბინავებულა და გველოდება.

უცებ გავემზადე და ორივენი სასადილოსკენ დავირაზმეთ. შევედი თუ არა, მაშინვე მოვავლე თვალი იქ მყოფთ. ერთი მაღალი, სიმპათიური მამაკაცი წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. ჯერ მე ჩამომართვა ხელი, მერე ნინო გადაკოცნა და მაგიდისკენ გაგვიძღვა. სასადილოში შვედური მაგიდა ჰქონდათ. საჭმელ-სასმელი კედელთან მიდგმულ მაგიდაზე იყო გაწყობილი და შენ თვითონ უნდა ამოგერჩია, რას შეჭამდი. იქ ცოტა ხანს დავყავით, მერე ირაკლი ყავაზე დავპატიჟეთ ჩვენს ნომერში. თითქოს დაძაბულები იყვნენ. ვგრძნობდი, რომ ჩემი იქ ყოფნა აკომპლექსებდათ. ნინომ საუბარი ჩემსა და ზურაზე ჩამოაგდო და ირაკლის ლამის დაწვრილებით მოუყვა ჩვენი რომანის შესახებ. ზურას ხსენებაზე ირაკლი თითქოს დაიძაბა.

- მოდი, გავისეირნოთ, - ისე თქვა, რომ მივხვდი, თემის შეცვლა უნდოდა. უკვე დილის 11 საათი იყო. გარეთ გასულს ძალიან მესიამოვნა თოვლის თავისებური სუნი და ზამთრის სუსხი. ირაკლი კომპლექსებისგან გათავისუფლდა, ხუმრობდა, იცინოდა, მეც მეხუმრებოდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა ჩემზე. ცოტა ხანში ზურამ დარეკა.

- როგორ ხართ?

- კარგად. შენ როგორ იმგზავრე?

- მშვენივრად ჩამოვედი. ახლა დავამთავრე თათბირი და დავრეკე. წუხელ ხომ არავინ შეგაწუხათ?

- არა, ვის უნდა შევეწუხებინეთ?

- რა ვიცი, ათასი გიჟი და გადარეული დადის. ნატ, ირაკლი დამალაპარაკე...

- რაა? ვინ? - პირი დამრჩა ღია, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე.

- ირაკლი...

- ეგ ვინღაა? - პირველ ჩვენებას ვაწვებოდი მე. - შენ მგონი ეჭვიანობისგან გაგიჟდები, ხომ იცი...

- კარგი, მაშინ ნინო დამლააპარაკე. - ტელეფონი ნინოს მივაწოდე და თან თვალით ვანიშნე, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნინო ვერ მიხვდა, რა ვანიშნე.

- ჰოუუ! - მხიარულად ჩასძახა ყურმილში და უცებ შეეცვალა სახე. - შშშენ ვინ გითხრა? საიდან იცი? - ბრინჯივით დაიბნა ნინო. - ირა, შენთან უნდა ლაპარაკი. - უთხრა შეშფოთებულმა და ტელეფონი მიაწოდა. ირაკლიმ მშვიდი სახით გამოართვა, მოშორებით გავიდა და კარგა ხანს ელაპარაკა ზურას. ჩვენ არ გვესმოდა მისი საუბარი. ნინო კი ძალიან ნერვიულობდა.

- გოგო, ხედავ, რა ოხერია? საიდან გაიგო, ნეტავ? აუუუუ... როგორ არ მინდდა, რომ ჯერ მის ყურამდე მისულიყო ეს ამბავი. - ოხრავდა გამწარებული - მოკლედ, ვერაფერს გამოაპარებ. ნამდვილი სატანაა.

- კარგი, ნუ ნერვიულობ, დარწმუნებულ ვარ, ზურა არ იქნება თქვენი შეხვედრის წინააღმდეგი. - ვამშვიდებდი მე და მართლა ძალიან მიკვირდა, საიდან უნდა გაეგო ზურას ირაკლის აქ ყოფნის ამბავი.

- ელაპარაკე, შენთან უნდა საუბარი. - მომიახლოვდა ირაკლი ცოტა ხნის შემდეგ და ტელეფონი მომაწოდა. სახე უცინოდა და განწყობილების გაფუჭება არ ეტყობოდა. ამიტომ მეც უცებ დავმშვიდდი.

- გისმენ, ზურა, - ისე ჩავძახე ტელეფონში, ირაკლისთვის თვალი არ მომიცილებია.

- დარჩით მარტო და ფრთები გაშალეთ, არა? ჩამოვალ 2 დღეში და ჩემს კანონებს დაგიმყარებთ. უყურე ამათ! - ბობოქრობდა ზურა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ გაბრაზებული არ იყო.

- ჩემს თავს გაფიცებ, მითხარი, საიდან მიხვდი, რომ ირაკლი ჩვენთან ერთად იყო?

- თქვენ მე რა უნდა გამომაპაროთ? გუშინ, თბილისში რომ ვბრუნდებოდი, გზაში მანქანა შემომხვდა. საჭესთან კი ეგ ვაჟბატონი იჯდა. მერე გამახსენდა ნინო დაჟინებით რომ მეკითხებოდა, როდის დავბრუნდებოდი უკან. ისიც გამახსენდა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და ყოველგვარ შემთხვევითობა გამოვრიცხე. მივხვდი, ირაკლის და ნინოს პაემანი ჰქონდათ დათქმული. მე იმის გამო ვბრაზობ, რომ დამიმალეს. ნუთუ ნინოს ეგონა, რომ მე ვერ გავუგებდი?

- აპირებდნენ თქმას, მაგრამ ვერ მოასწრეს. - ვცადე მათი გამართლება.

- კარგი, კარგი, შენც კარგი ოხერი ხარ... გკოცნი და ყურადღება მიაქციე... მაგ პროფესორამ ჩემი და მანდ რომ გაჟიმოს, პასუხს შენ მოგთხოვ... - გულიანად გამეცინა. წინ წასულმა წყვილმა ჩემკენ მოიხედა. რა ხდებაო? - ხელით მანიშნა ნინომ. ზურას დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. მერე ისევ გადავრეკე.

- კი, მაგრამ, რომ არ გითქვამს, რომ გენატრები? - ვკითხე ზურას.

- მენატრები, პატარავ, ძალიან მენატრები... მალე გნახავ... - ტელეფონი დამშვიდებულმა გავთიშე და ნინოს და ირაკლის წამოვეწიე. რა თქმა უნდა, კითხვები დამაყარეს. მე მათი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დავაკმაყოფილე.

- ისე, სიმართლე რომ გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე, - თქვა ირაკლიმ.

- ზურამ რომ ყველაფერი გაიგო, იმიტომ, ხომ? - შესცინა ნინომ, - მეც, მეც ამოვისუნთქე. - დაამატა მერე.

მშვენიერი წყვილი იყო. ერთმანეთს უხდებოდნენ და მეც მათთან ერთად მიხაროდა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყო.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე