sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XLI-XLII ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XLI-XLII ნაწილი)

- გაუღე, ნატ, გაუღე, მოვიდა, - პირველი ელენე წამოხტა ფეხზე. მე კარის გაღებას არ ვჩქარობდი. დაბნეული ვიყავი და ვცდილობდი, აზრი მომეკრიბა და გული საგულეში ჩამდგარიყო. ვიდრე კართან მივიდოდი, ვიღაცამ საკეტს გასაღები გარედან მოარგო და გადაატრიალა. კარი გაიღო და ზურა გამოჩნდა. ჯერ გარედან შემოიხედა, მერე დერეფანში შემოვიდა. შევეგებე. მომეხვია და გულში ჩამიკრა. ლოყა თავზე დამადო და მკლავები ისე მომიჭირა, რომ სუნთქვა შემეკრა. მერე დაიხარა და ტუჩები ყურთან მომიტანა.

- მარტო ხარ? - ჩამჩურჩულა და თან, ცხელი ტუჩები ლოყაზე მომადო.

- არა, ელენეა, - ჩურჩულით ვუთხარი მეც. მერე თვალებში შევხედე და ქვემოდან შევცინე.

- ისევ გიყვარვარ? - მკითხა ზურამ.

- ისევ ვგიჟდები. - საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი.

- მეც! - მითხრა, ხელი გადამხვია და ლამის იღლიაში ამოჩრილი შემიყვანა ოთახში. ძლივს დავიძვრინე თავი მისი მკლავისგან. თმა გამჩეჩოდა და ყალყზე მედგა. ელენემ რომ დამინახა, სიცილი აუტყდა.

- გამარჯობა, გილოცავთ, მრავალს დაესწარით, - ხელი გაუწოდა ზურამ ელენეს. - თუ არ ვცდები, თქვენ ელენე უნდა იყოთ.

- დიახ, ელენე ვარ... თქვენც გილოცავთ, - სიცილ-სიცილით შეაგება ხელი ელენიკომ.

- ნატ, სადარბაზოში რაღაც დამრჩა, შემოიტანე, - მომიბრუნდა ზურა. იქ მოზრდილი ცელოფანის პარკი იდო, რომელშიც ათასგვარი ტკბილეული და სასმელი იდო. პარკი ძლივს მივათრიე მაგიდასთან და ამოლაგება დავიწყე.

- აბა, რას დალევთ? - იკითხა ზურამ, ფუთაში ჩაყო ხელი და კონიაკის ბოლთლი ამოიღო. - ნატას კონიაკი უყვარს, ხომ, ნატ?

- კი, მაგრამ ახლა ვერ დავლევ, - ვიუარე მე.

- ისე დალევ, რომ მზე მაღლა იქნება...

- მზე მაღლა დილით იქნება და მეც დილით დავლევ... - ყალბად გავჯიუტდი, რადგან ვიცოდი, რომ ზურასთან უარის თქმა არ გამივიდოდა.

- მოდი, მომიჯექი გვერდით, - დივანზე დაატყაპუნა ხელი ზურამ. მის ბრძანებას დავემორჩილე. - ამ ჭიქით იმ ახალი წლის ღამეს გაუმარჯოს, როცა მე ნატას ხელი ვთხოვე, არ მახსოვს მერამდენედ და როგორც იქნა, მისგან დადებითი პასუხი მივიღე.

- საიდან მოიტანე, რომ თანახმა ვარ?

- ნატა, ნუ მაბრაზებ... 2007 წელი ჩვენი შვილების წელი იქნება და ჩვენი "გასამებისაც".

- ეგ რას ნიშნავს? - შევიშმუშნე, ვითომ ვერ მიხვვდი, რას გულისხმობდა.

- ეგ იმას ნიშნავს, რომ მე და შენ პატარა ბიჭი ან გოგო გვეყოლება და "გავსამდებით"...

- ოოო, ეგ მაგარი სადღეგრძელოა... - აიტაცა ელენემ მისი ნათქვამი და ჭიქას წამოავლო ხელი.

- გაგვიმარჯოს! - ვთქვი ხმადაბლა და კონიაკი ოდნავ მოვსვი, მაგრამ ზურამ თავი არ დამანება, ვიდრე ჭიქა ბოლომდე არ გამოვცალე.

მესამე სადღეგრძელოზე მივხვდი, რომ სასმელი მომეკიდა და დალევაზე სასტიკი უარი განვაცხადე. ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. ნომერს დავხედე, ნინო იყო.

- ბატონო! - ვუპასუხე, ავდექი და სამზარეულოში გავედი.

- გილოცავ, ნატალი! გძინავს? - "გილოცავ, გილოცავ!" - ტელეფონში ჩაყვიროდა ირაკლიც.

- არა, არ მძინავს, სტუმრები მყავს...

- მე და ირაკლის გვინდა მოსვლა. ვინ არიან შენთან?

- მოდით, რა, აუცილებლად მოდით... - გამიხარდა, ჩემთან სტუმრობას რომ აპირებდნენ.

- ალბათ, შინაურები იქნებიან, ხომ? - ნინო ცდილობდა, დაეზუსტებინა ჩემი სტუმრების ვინაობა.

- მოდი და ნახავ, - განგებ არ ვაკმაყოფილებდი მის ინტერესს.

- კარგი, 20 წუთში მოვალთ.

ნინომ ყველაფერი იცოდა, რაც ჩემსა და ზურას შორის მოხდა. იმ დღეებში, როდესაც მე და მისი ძმა არ ვკონტაქტობდით, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩემთან. მამშვიდებდა, მეუბნებოდა - ზურა აუცილებლად დაგიბრუნდებაო. ახალი ამბავი ჯერ არ იცოდა და ახლა ზურას დანახვა ძალიან გააკვირვებდა. როდესაც ოთახში შევბრუნდი, ზურას ეჭვიან მზერას გადავაწყდი. ალბათ, ინტერესით კვდებოდა, ვის ველაპარაკებოდი. მე ისეთი სახე მივიღე, ვითომ ვერ მივხვდი, და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

- უარი ხომ არ უთხარი სტუმრებს მოსვლაზე? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

- არა, რატომ უნდა მეთქვა უარი? ცოტა ხანში მოვლენ.

- მე წავალ, - აიწურა ელენე. ზურა ეხვეწა, დარჩენილიყო, მაგრამ ვერ გადაათქმევინა, ამიტომაც ტაქსი გამოიძახა და ელენე გააცილა. ეზოდან გაყინული ამოვიდა, ოთახში ხელების ფშვნეტით შემოვიდა. მე სამზარეულოში ვიყავი და კერძს ვაცხელებდი, რომ სტუმრებისთვის ცხელ-ცხელი მიმერთმია. ზურაც იქ შემოვიდა, თავისკენ შემატრიალა და ჩამეხუტა. გამეცინა, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა. კარგა ხანს ვეფერებოდით ერთმანეთს. მისი კოცნისა და მოფერების სურვილს კი ვერ ვიკმაყოფილებდი. "ნატალი, მიყვარხარ... ნატალი, ჩემი სიცოცხლე ხარ... ჩემი ცხოვრება... ჩემი პატარა... ჩემი ვნებათაღელვა... ჩემი სულელი... როგორ გნატრობდი... როგორ მსურდი... როგორ მაკლდი..."- ჩურჩულებდა ზურა და ამით მეტად მაგიჟებდა. ლამის კერძი დავწვი.

- დამაცადე, ხანძარი არ გავაჩინოთ...

- რა დროს სტუმრებია ახლა? მოდი, ვითომ შინ არ ვართ... მარტო მე და შენ ვიყოთ, რააა...

- ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, რომ ეგ ტყუილი არ გაგვივა, - გამეცინა მის წინადადებაზე.

- ვინ არიან ასეთი? შენი და და სიძე, ხომ არა? - მკითხა თუ არა, კარზე ბრახუნი გაისმა.

- გააღე და ნახავ, ვინც არიან.

- მიდი, შენ გააღე, მე ხომ ჯერ სიძე არ ვარ? - თქვა და სარკეში ჩაიხედა. როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. ამასობაში, კიდევ ერთხელ დააკაკუნეს.

- გააღე, ცუდი არაფერი იფიქრონ... - შეწუხდა ზურა.

- ნატალი, გააღე, ჩვენ ვართ! - მოისმა გარედან ნინოს ხმა.

- ერთი ამას უყურე! ნინო ყოფილა... - შვებით ამოისუნთქა ზურამ და კარისკენ წავიდა.

- ვა, ზურა! - არც თუ ისე გაიკვირვა ნინომ და და-ძმა ერთმანეთს გადაეხვია. მერე ნინო ჩემკენ წამოვიდა, ხოლო ზურამ და ირაკლიმ ერთმანეთს მიულოცეს ახალი წელი და ზურა მას "ზალაში" შეუძღვა.

- გოგო, როგორ მოხვდა აქ ეს "აბდალა"? - შეთქმულივით მკითხა ნინომ. მე მარჯვენა ხელი გავუწოდე, რომლის არათითზეც ზურას ნაჩუქარი ბეჭედი მეკეთა.

- ვააუ! - აღფრთოვანდა ნინო და ლოყაზე მაკოცა. მერე, ცხელი კერძით სავსე თეფში ჩამომართვა და ორივენი ოთახში გავედით. დავჯექი თუ არა, თავი ცუდად ვიგრძენი და ძალზე სწრაფად გამოვედი ოთახიდან. აბაზანაში შევედი და უნიტაზში თავით ჩავეყუდე. გული მერეოდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. უეცრად, შუბლზე ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი. მივხვდი, ნინო იყო. როგორც იქნა, წელში გავიმართე და ცივი წყლის ონკანი მოვუშვი. კბილები გავიხეხე, პირიც დავიბანე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნინო უხმოდ მადევნებდა თვალს. იქიდან სამზარეულოში გავედი. გამომყვა.

- ყავას დალევ? - ვკითხე და თვალი ავარიდე მის დაჟინებულ მზერას.

- კი, დავლევ, - მიპასუხა მრავლისმთქმელი ტონით და იქვე, მაგიდასთან დაჯდა. - შენ ის მითხარი, რა დაგემართა? - მკითხა და ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა. აქაოდა, ვერაფერს გამომაპარებო.

- აქ რა ხდება? ცუდად ხარ? ცოტა უნდა დაგელია... - ღიმილით წამოგვადგა თავზე ზურა, ეს რამდენიმე ფრაზა მგვიგდო და საპირფარეშოში შევიდა. იქიდან გამოსული პირდაპირ ირაკლისკენ წავიდა, ჩვენთვის ყურადღება აღარ მოუქცევია.

- ვითომ იმის ბრალი იყო, რომ ბევრი დალიე? - ისევ მომიბრუნდა ნინო.

- ჰო, ალბათ, - ისევ ავარიდე თვალი.

- ნააატააალიიიი... ეს ის არის, რასცა მე ვფიქრობ?

- ჰო, - თავი დავუქნიე.

- აუუუ, რა მაგარიააა... - ტაში შემოჰკრა სიხარულით. - ზურამ იცის?

- არა ჯერ არ ვაპირებ თქმას. ხომ არ ეტყვი? სულ 2 კვირით შეინახე საიდუმლო.

- შენ როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი, - მიპასუხა და თვალი ჩამიკრა.

ზურა და ირაკლი დილის 7 საათზე მორჩნენ ქეიფს. ორივე ისეთი მთვრალი იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა. ჩემს დიდ საწოლზე ერთად დავაწვინეთ, მე და ნინომ კი სუფრა ავალაგეთ და დივანზე მოვთავსდით. დღის 4 საათი იყო, როცა ირაკლის ხმამ გაგვაღვიძა. ბურტყუნ-ბურტყუნით დადიოდა, რა დრო გასულაო, - ამბობდა. წამოვიშალეთ. ძლივს გამოვფხიზლდი. თვალების ფშვნეტით ავდექი და საერთო სალამი ვთქვი. ზურა უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდა და მაცივრის კარს ახმაურებდა. დანარჩენებმა მისი მიპატიჟება არ მივიღეთ და მარტომ ისადილა (თუ ისაუზმა). მერე ნინო და ირაკლი წავიდნენ, მე და ზურა კი, როგორც იქნა, მარტო დავრჩით.

- ნატალი, ამ საღამოს ჩემს მეგობართან ვარ მიწვეული. მინდა, რომ შენც წამოხვიდე, რას იტყვი?

- ვიცნობ?

- არა, ჯერ არა.

- აბა, მაშ, როგორ წამოვიდე? რას ეტყვი, ვინ არის ეს ქალიო?

- შენ მაგაზე ნუ იდარდებ, ეგ საქმე მე მომანდე.

- შენ თუ ფიქრობ, რომ უნდა წამოვიდე, მაშინ წამოვალ...

ძალზე ლამაზ და კარგ ოჯახში ვიყავით სტუმრად. იქ ცოლ-ქმარი და 2 ბავშვი დაგვხვდა. ცოლ-ქმრის ურთიერთობას რომ ვუყურებდი, ძალზე მომწონდა. ეტყობოდათ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ჩემს წარდგენაზე ბევრი არ უწვალია ზურას. - გაიცანით, ეს არის ნატალიო, - თქვა და მორჩა. უკან რომ ვბრუნდებოდით, დაინტერესდა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე მასპინძლებმა. რასაც ვფიქრობდი, გულახდილად ვუთხარი. კარგა ხანს ჩუმად იყო.

- მთელი ცხოვრება ასეთ თბილ და ტკბილ ოჯახზე ვოცნებობდი, - დაარღვია სიჩუმე ბოლოს. ხმა არ გავეცი. - შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შეძლებს, ოცნება ამიხდინოს, - გააგრძელა ცოტა ხნის შემდეგ.

- ზურა, მე აუცილებლად უნდა წავიდე სონასთან.

- ვიცი, ნატ, წადი... ისიც ვიცი, რომ აუცილებლად დაბრუნდები. ჩემთან დაბრუნდები და ჩვენი ცხოვრების გზები მერე საბოლოოდ შეიყრება. ვიცი, რომ ძალზე ჯიუტი ხარ. ჩემთან ურთიერთობისას კი ამას არ ამჟღავნებ. რატომ? რატომ არ მეჯიუტები? - შეცვალა საუბრის თემა.

- იმიტომ, რომ მიყვარხარ და მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ იტყვი.

- რატომ არაფერს მთხოვ? ხომ იცი, რომ ბევრი რამ შემიძლია?

- რა უნდა გთხოვო ისეთი, რასაც თვითონ ვერ გავუკეთებ საკუთარ თავს?

- საიდან გაქვს ის თანხა, რითიც ამერიკაში აპირებ წასვლას? - მკითხა და თან, თავზე ხელი გადამისვა.

- საჭეს მიხედე, ორ საქმეს ერთდროულად ვერ გააკეთებ... - მოვიშორე მისი ხელი. - ფული სონამ გამომიგზავნა.

- გასაგებია, - თქვა და სახლამდე ხმა აღარ ამოუღია.

- ამაღამ ჩემთან დარჩები? - მის გაოცებულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, ეს არ უნდა მეკითხა.

- უკვე გადამეჩვიე, არა? რა თქმა უნდა, დავრჩები და საერთოდ, არსადაც აღარ წავალ.

ის იყო, მანქანიდან გადმოვედი, სადარბაზოში შევდიოდი, რომ დამიძახა: მოიცადე, მობრუნდიო. - ისევ მანქანაში ჩამსვა და ეზოდან სწრაფად გავიდა.

- სად მივდივართ? - ვკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. მანქანა საბურთალოზე, ერთი ძველი, ლამაზი კორპუსის ეზოში შეიყვანა და გადავიდა.

- გადმოდი, რაღაც უნედა გაჩვენო, - მითხრა და ამ კორპუსის მესამე სართულზე ამიყვანა. კარი თავისი გასაღებით გააღო და ბინაში შემიძღვა. ეს უზარმაზარი სახლი იყო. ოთახებში სამშენებლო მასალები ეყარა. ყველაფერი ცემენტით იყო დასვრილი. აქა-იქ საღებავის კოლოფები ეწყო.

- ეს რა არის? - ვიკითხე გაოცებულმა.

- ეს ის სახლია, სადაც მე და შენ ვიცხოვრებთ.

- კი, მაგრამ როდის შეიძინე? - ვკითხე კიდევ უფრო გაოცებულმა.

- 2 თვის წინ. ახლა ძირფესვიანად ვარემონტებ. შავი სამუშაო უკვე თითქმის დამთავრდა. ახლა ის დროა, როცა კედლების ფერი უნდა შევარჩიო. ამას უკვე შენი გემოვნებით გავაკეთებ. მითხარი - სად, რა, როგორ გინდა და ისე იქნება, როგორც შენ იტყვი.

- კი, მაგრამ ბინას რომ ყიდულობდი, მაშინ რატომ არ მკითხე? იქნებ, უარს გეუბნებოდი ცოლობაზე?

- ნატალი, მე ვიცი, როგორ გიყვარვარ. თუ შენ ჩემთვის უარის თქმას გადაწყვეტ, მაშინ არ გყვარებივარ. სიყვარული ბრმაა. დედას შვილებს დაატოვებინებს. იქ, სადაც გონება წყვეტს საქმეს, სიყვარული არ არსებობს. ამიტომ ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, შენ მაინც თანახმა იქნები ჩემთან ცხოვრებაზე.

- ეს რა არის? - მივუთითე ჭერში გაკეთებულ ოთხკუთხედ ჭრილზე.

- იქ, ზევით, ჩვენი საძინებელია. აქ გაკეთდება კიბე, - მიმითითა იატაკის იმ ადგილზე, სადაც თვითონ იდგა. ზედა სართულზე ასასვლელი აქედან იქნება.

- კი, მაგრამ 2 ადამიანს ამხელა სახლი რაში გვჭირდება? - თავი გავაქნიე მე.

- ორნი ახლა ვართ... იმედია, ერთ ან ორ პატარა ნატალის გააჩენ და მერე, ბევრნი ვიქნებით. ჩემს გოგონას რომ დედამისი გამომატანდეს, მასაც აქ მოვიყვანდი და ერთად გავზრდიდით. ნეტავ, ხათუნა ისეთ კაცზე გათხოვდეს, რომელსაც მისი შვილი არ ენდომება. მაშინ კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. ხომ მიიღებ ჩემს გოგონას?

- ნუ სულელობ... დედამისს ჩასჩურჩულე ეგ ამბავი და რა დღეში ჩაგაგდებს, მერე ნახავ. ხათუნა ის გოგო არ არის, რომ კაცის და გათხოვების გულისთვის შვილი დათმოს.

- ჰო, მართალი ხარ, მაგრამ მაინც, ხომ შეიძლება, რომ ასე მოხდეს?

- არა, არ შეიძლება, ზურა... წავიდეთ ახლა, ძალიან დავიღალე. - უცებ დამთანხმდა და კიბეზე ხელგადახვეული ჩამომიყვანა.

იმ ღამით თითქმის არ მეძინა. მთელი ღამე ვფიქრობდი იმ მოვლენებზე, რომლებიც ბოლო 10 დღის მანძილზე მოხდა. ერთადერთი, რაც გარკვეული იყო, ის გახლდათ, რომ მე - 2 კვირაში აუცილებლად წავიდოდი ამერიკაში და იქიდან დავბრუნდებოდი... როდის? მაშინ, როცა ზურა ძალიან მომენატრებოდა. რომ ჩამოვალ, მერე? რა იქნება მერე? მზად არ ვიყავი ასეთ ცვლილებებისთვის... ბაჩო რომ გამოჩნდეს, მერე, რა ვქნა? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს.

მერე დღეს ბედობა იყო და ზურა მთელი დღე შინიდან არ გასულა. გვერდიდან არ მომშორებია, ერთად ყოფნა დაგვებედებაო... დანარჩენი დღეებიც უცებ გავიდა. ჩემს წასვლამდე 3 დღე რჩებოდა, როდესაც საღამოს ჩემი და მესტუმრა. წინასწარ არ გავუფრთხილებივარ, ისე მოვიდა. ზურა მის დანახვაზე უხერხულად შეიშმუშნა. ქეთინოც დაიბნა. როგორც ჩანს, არ ელოდა, რომ ზურა აქ დახვდებოდა. უხერხულოლბამ ცოტა ხანს გასტანა. ნახევარი საათის შემდეგ, ზურა და ქეთინო ისე გულითადად საურობდნენ და ხუმრობდნენ, რომ გეგონებოდათ, დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. მივხვდი, რომ ერთმანეთი მოეწონათ, რამაც ძალიან გამახარა. ქეთინო მე და ზურამ წავიყვანეთ შინ. მერე, ცოტა ხნით ქალაქში გავისეირნეთ და ბინაში დავბრუნდით. გზაში ზურამ ყვავილები მიყიდა. მანქანის წინა კარი გააღო და თაიგული კალთაზე დამიდო. ძალზე ლამაზი თაიგული იყო. ყვავილებს დავყნოსე თუ არა, მაშინვე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ყვავილები უკანა სავარძელზე დავდე, მაგრამ მანქანის სალონში დატრიალებული გეორგინების მწარე სუნი ცხვირში მაინც მიღიტინებდა. ძლივს მივაღწიე სახლამდე და სადარბაზოში შურდულივით შევქანდი. კიბე წამში ავირბინე. ზურა უნიტაზზე წახრილს წამომადგა თავზე.

- რა გჭირს, ნატალი? ხომ არ მოგწამლა რამემ? - ხელით ვანიშნე, რომ გარეთ გასულიყო. ძალიან მომერიდა მის წინ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა. გავიდა და კარი მოხურა. თუმცა, მივხვდი, რომ იქვე იდგა, რადგან ნაბიჯების ხმა არ გამიგონია. სააბაზანოდან გამოსულს ზურა კართან დამხვდა. ხელი კედელს მიაბჯინა და გზა გადამიკეტა. მკლავის ქვეშ გავუძვერი და საძინებელში გავედი, რადგან უკვე ღამის 2 საათი გამხდარიყო და ძილის დრო იყო. ზურაც შემომყვა. უცებ ჩავიცვი პიჟამა და საბნის ქვეშ შევძვერი. ვიცოდი, რომ ახლა ზურასთან ამ საკითხზე საუბარი გარდაუვალი იყო.

- აბა, პატარავ, ახლა მითხარი, რა ხდება შენს თავს? - მკითხა, როდესაც მკლავი თავქვეშ ამომიდო და მიმიხუტა.

- არაფერი.

- როცა არაფერი ხდება, მაშინ ქალებს გული არ ერევათ. ცუდად იმ შემთხვევაში ხდებიან, როცა ან მოიწამლებიან, ან დათვრებიან, ან ნაღველი აწუხებთ, ან...

- ან... რა?- ვკითხე, რადგან ბოლო "ან"-ის მერე დიდი პაუზა გააკეთა...

- ან როცა ორსულად არიან, - დაასრულა ფრაზა. - შენ რომელი "ან" გჭირს?

- ბოლო, - ისე ჩუმად ვთქვი, რომ ჩემი ხმა თვითონაც ძლივს გავიგონე. ხმა არ ამოუღია. მხოლოდ, უფრო მეტად მიმიკრა გულზე და თავზე მაკოცა: ნეტავ, ახლა თვალები დახუჭული აქვს-მეთქი? - გავიფიქრე. ცოტა ხანში საბანი გადამაძრო და მუცელზე დამხედა, რამდენჯერმე მაკოცა, ლოყით მომეხუტა.

- როდინდელი ამბავია? - მკითხა მერე.

- ამ დღეებში ექიმთან მივედი და მან მითხრა, რომ 7 კვირის ორსულობაა.

- მაშ, ბაკურიანამდე მომხდარა ეგ ამბავი... იქ რომ მივდიოდით, იცოდი?

- არა, არ ვიცოდი.

- აბა, როდის გაიგე?

- ხათუნა რომ იყო აქ, მაშინ, იმ დღეს გავიგე.

- იმიტომ იყავი ასე "გზააბნეული"? რას ამბობდი არ გაგეგებოდა... - გამეცინა. - და მე რომ შენთან არ დავბრუნებულიყავი, არ აპირებდი თქმას?

- შენ თუ ჩემთან არ დაბრუნდებოდი, მე ამერიკიდან აღარ ჩამოვიდოდი. რამ გადაგაწყვეტინა დაბრუნება?

- იცი, მე ვიფიქრე, რომ თუ ბაჩო გამოჩნდებოდა, მე ზედმეტი ვიქნებოდი. თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგეცი. მერე დავფიქრდი. მივხვდი, რომ თუ ბაჩო გამოჩნდებოდა, შენ ორივეს დაგვტოვებდი და ცხოვრებას მარტო გააგრძელებდი. მე კი არავისთვის მემეტები და მიმაჩნია, რომ ღმერთმა შენი თავი ჩემთვის იმიტომ გაიმეტა, რომ მე ამას ვიმსახურებ და შენს სიყვარულში ვერანაირი ბაჩო ვერ შემეცილება. ნატა, ახლა გაცილებით მეტად ვარ შენი წასვლის წინააღმდეგი. შენი ასე წანწალი არ შეიძლება. ახლა, 2 ადამიანი ერთად მომენატრებით. იქნებ, მართლა ჯობდა, რომ არაფერი მცოდნოდა შენს ჩამოსვლამდე.

მთელი ღამე საუბარში გავათენეთ. ის მიმტკიცებდა, რომ არ უნდა წავსულიყავი, მე ვუმტკიცებდი, რომ ჩემი წასვლა აუცილებელი იყო. ბოლოს, მაინც ჩემი გავიტანე და დავითანხმე იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი თვით წავიდოდი. მეორე დღეს ბარგის ჩალაგება დავიწყე. ზურა ვითომ მეხმარებოდა, მაგრამ მხოლოდ ხელს მიშლიდა. მთელი დღე მეგობრებთან ჩამოვლას მოვუნდი. ყველას დავემშვიდობე. გვიან ღამით სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ჩემს გასაცილებლად. ნინო და ირაკლი, ქეთინო (ოჯახის მთლიანი შემადგენლობით), ზურას მეგობარი, გოჩა, ელენე... ხმაურობდნენ, იცინოდნენ და აეროპორტში წამოსასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ ზურამ ყველას გამოუცხადა, რომ მხოლოდ მე და ის წავიდოდით. დაუჯერეს. ყველას გამოვემშვიდობე და ზურას მანქანაში ჩავბარგდი.

- ნატა, თავს მიხედე, ნატა, კარგად... - მომძახოდნენ გულშემატკივრები. რამდენიმე წუთის შემდეგ აეროპორტში მიმავალ გზას დავადექით.

- ნატა, ყოველდღე დაგირეკავ. ახლა ინტერნეტით ურთიერთობა უნდა გავიხსენოთ, - მთელი გზა ენას არ აჩერებდა ზურა. მე მხოლოდ თავს ვუქნევდი და ძალიან ვნანობდი, რომ მივდიოდი. ჩემმა ტელეფონმა დარეკა. სონა იყო.

- მომეცი, მე ვუპასუხებ, - გამომგლიჯა ტელეფონი ხელიდან. - ალო... - ჩასძახა მერე. - ჰო, მე ვარ... ხომ მაინც მიგყავს? მაჯობე? სონა, იცოდე, რომ გამიცნობ, მერე აღარ მეტყვი მაგას. კარგი, კარგი, არ გეჩხუბები, უბრალოდ, ვხუმრობ. ახლა აეროპორტში მიმყავს და მალე გამოვუშვებ შენთან. სონა! იცოდე, ჩემს სიცოცხლეს გაბარებ და თვალისჩინივით გაუფრთხილდი. კარგი, - თქვა ბოლოს და ტელეფონი გათიშა.

- რატომ არ დამალაპარაკე?

- რამდენიმე საათში იქ იქნები და მერე რამდენიც გინდა, ელაპარაკე, - მითხრა ზურამ და ხელი მომხვია.

გაფრენამდე ნახევარი საათი რჩებოდა. ერთმანეთს ისეთი თვალებით ვუყურებდით, ლამის მართლა გადავიფიქრე. ჩავეხუტე და გასასვლელში გავედი. თვითმფრინავის სალონში კი იცოცხლე, ავბღავლდი. მერე დავწყნარდი. - ახლა თუ არ წავედი, მერე ბავშვი მეყოლება და სულ ვეღარ მოვახერხებ. დავბრუნდები და სულ ზურასთან ერთად არ ვიქნები? - ვიმშვიდებდი თავს, მაგრამ გული მაინც დამძიმებული მქონდა...

სონას დანახვამ ყველაფერი დამავიწყა. როგორ მომნატრებია ამ 3 წლის განმავლობაში... გვერდით რობა ედგა. ჯერ სონას ჩავეხუტე, მერე რობას მივესალმე და მათი სახლისკენ გავემართეთ. მანქანის ფანჯრიდან ვუყურებდი უზარმაზარ ქალაქს და ინტერესით ვაკვირდებოდი ყველაფერს. სონა კი გაუთავებლად ლაპარაკობდა. ათას რამეს მეკითხებოდა. გაუაზრებლად ვცემდი პასუხს და თვალებდაჭყეტილი ვიყურებდი აქეთ-იქით. როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიეთ. რობა ჩვენს ქართულ ლაპარაკს ვერ იგებდა და მხოლოდ იღიმებოდა.

- შენ არ გეგონოს, რომ ნატალი სასტუმროში იცხოვრებს. ვიდრე აქ იქნება, ჩვენთან უნდა იყოს, - უთხრა სონამ. რობამ ორივე ხელი ასწია და "ნო პრობლემო" - გაიძახოდა კარგა ხანს... მე და სონა მთელი დღე, მთელი ღამე ვლაპარაკობდით... სონას პირველს ჩაეძინა. ჩემ გვერდით კნუტივით მოკეცილი იწვა და მშვიდად ფშვინავდა. მე კი ამდენი შთაბეჭდილებით დაღლილს, არ მეძინებოდა. ათას რამეზე ვფიქრობდი და თან, დაძინებას ვცდილობდი. ვფიქრობდი: უკვე ჩემს სონასთან ვარ... აქ ერთი თვე დავრჩები... მერე, ზურასთან დავბრუნდები... და ახალ სახლში ერთად ვიცხოვრებთ მე, ზურა და... ნეტავ, ბავშვს რა უნდა დავარქვათ? თუ ბიჭი იქნება, მინდა, რომ ზურას ჰგავდეს... ისე, სონა ამხელა ქალაქში ცხოვრებას ნეტავ, როგორ ეგუება? რობა მართლაც კარგი ტიპი ყოფილა... როგორი ყურადღებიანია... აშკარად ეტყობა, რომ სონა ძალიან უყვარს. სონა ისეთია, რომ შეუძლებლია, არ გიყვარდეს... ნეტავ, სიყვარულის გაზომვა რომ შეიძლებოდეს, რამხელა იქნებოდა ზურას სიყვარული? ჩემი? ბაჩოსი? ისევ ბაჩო... ბაჩო წარსულს ჩაჰბარდა... ახლა არსებობს მხოლოდ ზურა და ჩვენი შვილი... სონა და სონას შვილი... რობა... ზურას შვილი... ეს ჩემი ოჯახია... ჩემი საყვარელი ადამიანები... მგონი, მომავალი თანდათან გამოიკვეთა...

დასასრული

იხილე ნატალის ინტერვიუ

მარი ჯაფარიძე