სიცოცხლემისჯილი (II ნაწილი) - გზაპრესი

სიცოცხლემისჯილი (II ნაწილი)

- 25 ოქტომბერს, 17 წლის ნიკა ტატიშვილი შემთხვევით შეხვდა ზაზას დიდუბის მეტროსთან. ერთმანეთი მოიკითხეს. ნიკა კურდღლებზე სანადიროდ მიდიოდა და ზაზაც დაპატიჟა. ზაზას მანქანაში ჯუბა ჯიქურაული და ვიღაც გოგო ისხდნენ. გზაში გაირკვა, რომ თურმე, ნიკას სოფლელს და ნაცნობს, გიორგი სიხარულიძეს, რომელიც მწყემსი იყო და ფაქტობრივად ტყეში, ნახევრად მიწურ ქოხში ცხოვრობდა, ჰქონდა გაუფორმებელი სანადირო იარაღი. ნიკასგან გაიგეს ისიც, რომ იმ დროისთვის, გიასთან მისი მეგობარი, ნინო მეტრეველი იმყოფებოდა, რომელმაც გიას 2 ათასი დოლარი მიუტანა. ამ ნაბოზარმა ჩუთლაშვილმა გადაწყვიტა, რომ გია დაეშანტაჟებინა და მისთვის ეთქვა: თუ ფულს არ მომცემ, დაგიჭერო, მაგრამ როცა წინააღმდეგობას წააწყდა, გია და მისი მეგობარი ნინო მოკლა. მერე ნიკა, ჯუბა და მეგობარი გოგო გააფრთხილა, რომ არავისთან წამოსცდენოდათ მომხდარის შესახებ და იქიდან წამოვიდნენ. ამ ამბავს შეესწრო კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, პოლიციელი გოჩა ლაბაძე, რომელიც იმ დროს ტყეში საკუთარ ღორებს მწყემსავდა. მან გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა ზაზას ყვითელი ”ჟიგული”, - დაასრულა თხრობა ლაშამ.

- შენ რა, არ წერ? - მომიბრუნდა მე.

- როგორ დავწერო? - ვიკითხე დასუსტებულმა.

- როგორ და როგორც მოკალი, ისე...

- სურვილი მქონდა, რომ მისთვის ცხვირპირი დამესისხლიანებინა, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი, რადგან ჩემი მხრიდან დიდი სისულელე იქნებოდა აგრესიის გამოხატვა. ახლა ჩემთვის მთავარი იყო, სიცოცხლე შემენარჩუნებინა. რასაც მეუბნებოდნენ, ვწერდი. ძლივს გამომყავდა ასოები. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ ვინ მომცემდა დასვენების საშუალებას? რადგან დანაშაული ”ვაღიარე”, ახლა ვიდრე ბოლომდე არ დავწერდი, ვინ დამანებებდა თავს? ჰოდა, მეც ვწერდი, რაც მოვისმინე.

- სად გაიცანი ნიკა ტატიშვილი? - მკითხა ვაჟამ.

- არ მახსოვს... - მხრები ავიჩეჩე და ლაშას შევხედე იმ ოროსანი, დაფასთან გაძახებული მოსწავლესავით, მეგობრებისგან კარნახს რომ ელის.

- კონსტანტინოვიჩ, მკვლელობა ხომ 25 ოქტომბერს ჩაიდინა... ჰოდა, რამდენიმე დღით ადრე, ასე, 15 ოქტომბერს, ეს ვაჟბატონი თავისი ყვითელი მანქანით დიდუბის მეტროსთან მიდიოდა. ამ დროს ნიკა გზაზე გადადიოდა და კინაღამ ზაზას მანქანას შეუვარდა. ამან, - ხელი ჩემკენ გამოიშვირა, - დროულად დაამუხრუჭა და ნიკა გადარჩა. …ზაზა გადმოუხტა მანქანიდან, ჯერ შეაგინა, მერე ხელი ჩამოართვა, გაეცნო, დატუქსა და ჭკუაც დაარიგა... ასე არ იყო? - მომიბრუნდა. მე ისევ მხრები ავიჩეჩე. - ასე იყო, ასე და დაწერე, როგორ გაიცანი ნიკა ტატიშვილი... მერე, 25 ოქტომბერს ნიკა მეორედ შეხვდა დიდუბის მეტროსთან. ბიჭი ისევ გზაზე გადადიოდა. ზაზამ იცნო, გადმოვიდა და მოიკითხა. სწორედ მაშინ დაპატიჟა ნიკამ სანადიროდ, - როგორც ლაშა ჰყვებოდა, მეც იმავე თანმიმდევრობით ვწერდი. იმ ოთახის აღწერილობაც, სადაც მკვლელობა მოხდა, მისგან შევიტყვე.

- იქიდან როგორ წამოხვედი? - მკითხა ისევ ვაჟამ.

- მანქანა მოვაბრუნე და წამოვედი...

- შენ რა, არ გახსოვს? იქ მანქანის მოსატრიალებელი ადგილი სად არის? - თვალები დამიბრიალა ლაშამ.

- ჰო, არ არის... უკუსვლით წამოვედი. - დავუდასტურე მე.

- ”ზადნით” წამოვიდა და ცენტრალურ გზაზე რომ გამოვიდა, მერე მოაბრუნა მანქანა, - დააზუსტა ისევ ლაშამ.

ყველაფერი ისე დავწერე, როგორც მათ უნდოდათ. ”ძალა აღმართს ხნავსო”, - ალბათ, ამაზე სწორი გამონათქვამი არ არსებობს. მათ ხელში ვიყავი და მათივე კარნახით უნდა მეცხოვრა. თუმცა, იმედი არ მტოვებდა და სულ ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი ტანჯვა იყო და დღეს თუ ხვალ, ყველაფერი დამთავრდებოდა.

ვიდრე მე ჩვენებას ვწერდი, გათენდა. მზიანი დილა იყო. იმ პირქუშ ოთახში ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივები იატაკზე ეფინა, რაც ერთადერთ დასტურს წარმოადგენდა იმისა, რომ გარეთ ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა და მზეც, მთვარეც, ვარსკვლავებიც ჩვეულებრივად ანათებდნენ... მდინარე ისევ დაღმა მიდიოდა და დედამიწა ბრუნავდა... უამრავი ცოდვით დამძიმებული და უსამართლობით სავსე დედამიწა... 1996 წლის პირველი იანვარი გათენდა... იატაკზე დაფენილმა მზის სხივებმა ბავშვობა გამახსენა. დილაობით, მზე სწორედ ჩემს საწოლ ოთახს ადგებოდა და იატაკზე სწორედ ასეთ კვალს ამჩნევდა ხოლმე. რა ფილოსოფოსობა ამიტყდა ან რა დროს ბავშვობაა, მგონი, გავგიჟდი-მეთქი, - გავიფიქრე და ლაშას ხმაც გავიგონე.

- დღეისთვის საკმარისია... - ადგა და კარი გამოაღო. - სულაძე! გაიყვანე პატიმარი... - სულაძემ გამიყვანა. არა, უფრო სწორად, გამათრია ოთახიდან. ჩემზე გაცილებით დაბალი იყო და რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემეძლო, იღლიის ქვეშ შემომიძვრა, ჩემი მკლავი მხარზე გადაიდო და ქვეშ ამომიდგა, მაგრამ ვერ გაუძლო ჩემს სიმძიმეს და საშველად კიდევ 2 კაცს უხმო. მე იატაკს დავყურებდი და ვცდილობდი, ისეთი მოძრაობები არ გამეკეთებინა, რომელიც ტკივილს მომაყენებდა. 2 კაცი აქეთ-იქიდან ამომიდგა და დერეფანს გავუყევით. კუთხესთან რომ მივედით, გავჩერდი, რომ შემესვენა. წელში მოვიხარე და ხელებით მუხლებს დავეყრდენი.

- ზაზა, შვილო! - მომესმა განწირული ხმა. თავი ავწიე და დედა დავინახე. მეგონა, მომეჩვენა. თვალები მოვჭუტე, რომ კარგად დამენახა. არა, არ მეჩვენებოდა, ნამდვილად დედაჩემი იყო.

- ეს რა გიყვეს, ამ უღმერთოებმა? - იკივლა დედამ და ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ აბა, ჩემამდე ვინ მოუშვებდა? წინ 2 პოლიციელი გადაუდგა. დედა ყვიროდა, შველას ითხოვდა... უცებ, პოლიციელებს ხელიდან დაუსხლტა და ჩემკენ გამოიქცა, მაგრამ ერთ-ერთი პოლიციელი ერთი ნახტომით დაეწია და შეაჩერა. მე ვერ ვინძრეოდი, მხოლოდ მუშტებმომუჭული ვიდექი და კბილებს ვაღრჭიალებდი. დედა რომელიღაც ოთახში შეიყვანეს, მეც ჩამჭიდეს ხელი და ქვევით ჩამიყვანეს. საკანში შემაგდეს და კარი უმალ მომიხურეს. მივიხედ-მოვიხედე. ჩემი თანამესაკნეები აღარ დამხვდნენ. როგორც ჩანს, ციხეში გადაიყვანეს. ”ნართან” რის ვაი-ვაგლახით მივედი და დავჯექი. კარგა ხანს ვიჯექი ასე, გაუნძრევლად. დედის დანახვამ ძალზე იმოქმედა ჩემზე. გული მეკუმშებოდა. ვიცოდი, დედა გაგიჟებული იქნებოდა, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა... მერე, ნინო და ბავშვები გამახსენდა. ნეტავ, როგორ იყვნენ უჩემოდ? ნათია ღამით არ იძინებდა ხოლმე, ვიდრე მე არ მივიდოდი. ახლა? როგორ შეეგუა უჩემობას?

არც იმ ღამით და არც მეორე დღეს არავინ გამოჩენილა. არც საჭმელი და წყალი მოუტანია ვინმეს. ბედობის დღემ ისე ჩაიარა, ფეხზეც არ ავმდგარვარ, ძირითადად, მეძინა, საფიქრალი დროც ბევრი მქონდა, მაგრამ გეგმას წინასწარ ვერ დავაწყობდი. ყვითელი ”ჟიგული” იყო ძირითადი ხელმოსაჭიდი გამომძიებლისთვის საიმისოდ, რომ ჩემ წინააღმდეგ აღეძრა საქმე. თურმე, ვინმე პოლიციელს, გოჩა ლაბაძეს უნახავს ჩემი მანქანა. - ”კი, მაგრამ 25 ოქტომბერს თუ გოჩამ ყვითელი მანქანა ნახა, სროლის ხმაც გაიგონა და დახოცილებიც თავისი თვალით იხილა, რატომ არ განაცხადა პოლიციაში? ის ხომ პოლიციელი იყო? ვალდებულიც კი გახლდათ, რომ მოსულიყო და ეთქვა...” - ვფიქრობდი და იმდენ გარემოებას ვხედავდი, რომელიც ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებდა, რომ თანდათან ვმშვიდდებოდი. ის დღე გამახსენდა, როდესაც დამაყაჩაღეს და ჩემი მანქანა წაიყვანეს. 1994 წლის თებერვლის დასაწყისი იყო. შინ ვბრუნდებოდი. უკვე გვიანი იყო. მეტრო ”გურამიშვილთან” ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე. ეტყობოდა, რომ სციოდა. ქურთუკის საყელო აწეული ჰქონდა, ფეხს ფეხზე უბაკუნებდა, ხელები პირთან მიჰქონდა და იორთქლავდა. ეს ის პერიოდია, როცა ტრანსპორტი ქალაქში თითქმის არ მოძრაობდა. კერძო მანქანებიც კი იშვიათად ჩნდებოდნენ. ახალგაზრდამ დამინახა თუ არა, ხელი ამიწია. შემეცოდა და გავუჩერე. ვიფიქრე, თუ მუხიანში მოდიოდა, გავიყოლებდი. ის წინა სავარძელზე ისე მოთავსდა, არც უკითხავს, სად მივდიოდი. უეცრად, უკან ორივე კარი გაიღო და კიდევ 2 მამაკაცი ჩაჯდა სალონში. დავაპირე მიმეხედა, მაგრამ კისერზე ცივი საგნის შეხება ვიგრძენი.

- არ გაინძრე! – კბილებში გამოცრა ერთმა.

- მიდი, დაძარი მანქანა! - მიბრძანა ჩემ გვერდით მჯდომმა და გვერდიდან, წელის არეში გრძელი დანა, უფრო სწორად, ხანჯალი მომადო. - პირდაპირ იარე! - მითხრა მას შემდეგ, როცა მანქანა დავქოქე. ნურავინ იტყვის, რომ იარაღიან ხალხთან ვაჟკაცი იქნება და არ შეეშინდება. ძალზე შემეშინდა. თვალებში მიბნელდებოდა. გლდანში ამიყვანეს და მიბრძანეს, ქვესადგურის ეზოში შევსულიყავი. დავემორჩილე. როდესაც მოტორი გამოვრთე, ერთ-ერთი მანქანიდან გადავიდა. იარაღმომარჯვებული ყაჩაღები კი ადგილზე დარჩნენ. გარეთ გადასულმა მანქანას შემოურბინა და ჩემი კარი გამოაღო.

- გადმოდი! – მიბრძანა და მანქანაში მსხდომთ მიმართა: - ”ბაგაჟნიკში” ჩავაგდოთ?

- მოიცა, ნუ ჩქარობ... - უკანა კარი გამოაღო და გადმოვიდა მეორე ყაჩაღი. მე მანქანიდან გადავედი და მათ წინ მორჩილად გავჩერდი. ერთი მათგანი მოვიდა და ქამარი შემომხსნა. იქვე წაქცეული ელექტრობოძი იყო. იქამდე მიმიყვანეს და ქამრით ზედ მიმაბეს. ის, რომელსაც იარაღი ჰქონდა, ჩემ წინ, სამიოდე ნაბიჯის მოშორებით დადგა. იარაღი გადატენა და დამიმიზნა. თვალები დავხუჭე. გონებაში ათასმა აზრმა გამირბინა. უცებ, სროლის ხმა გავიგონე. კარგა ხანს ვერ გავახილე თვალები. ვიდექი და ველოდი, როდის ვიგრძნობდი ტკივილს. ხმამაღალი სიცილი მომესმა. თვალები გავახილე. სამივე ყაჩაღი გულიანად ხარხარებდა.

- შეგეშინდა, ბიჭო? - მკითხა პისტოლეტიანმა.

- გაზის პისტოლეტი იყო, ნუ გეშინია... - დამამშვიდა მეორემ. მერე, სამივენი მანქანაში ჩასხდნენ და უცებ მოსწყდნენ ადგილს. მე კი ისე, ბოძზე მიბმული დამტოვეს. ჩემს მანქანას გულდაწყვეტილმა გავაყოლე თვალი. სიმწრისგან ერთი ამოვიგმინე და ხელების გათავისუფლებას შევუდექი. მალე დავიხსენი თავი ტყვეობიდან და სირბილით გავემართე გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე პოლიციის ქვეგანყოფილებისკენ. ამასობაში, უკვე 2 საათი გამხდარიყო. კარზე დავაბრახუნე მორიგემ თვალების ფშვნეტით გამოიხედა.

- რა ხდება, რა ჩამოიღე კარი, ბიჭო? - მკითხა მთქნარებით.

- ჩქარა გააღე კარი, მანქანა წამართვეს, იქნებ, დავეწიოთ, - ვყვიროდი ხმამაღლა. ძლივს გააღო კარი მორიგემ. შიგნით 2 პოლიციელი დამხვდა: ერთი რიგითი იყო, მეორე – ოფიცერი.

- დამშვიდდი, რა მოხდა, რა დაგემართა? - მკითხა ოფიცერმა. უცებ მივაყარე სათქმელი. მერე ოპერმუშაკი გააღვიძა და ახლა მის კითხვებს გავეცი პასუხი. მან ერთი თანამშრომელი გამოიყოლა და თავისი მანქანით შემთხვევის ადგილზე მიმიყვანა. თურმე, იქვე ავტომატებით შეიარაღებული დაცვის ბიჭებიც იყვნენ, რომლებიც ჩემი დაყაჩაღების დროს არ შემიმჩნევია. ოპერმუშაკი მათ გაესაუბრა. ბიჭებმა დაადასტურეს, რომ სროლის ხმა ნამდვილად იყო... მე გაოცებული ვუყურებდი - თუ სროლის ხმა გაიგონეს, რატომ არ დაინტერესდნენ, რა ხდებოდა? იქიდან მალე წამოვედით.

- ახლა ის ყაჩაღები ვინ იცის, სად იქნებიან... ჩვენ მათ ვეღარ დავეწევით... - მომიბრუნდა გზაში ოპერმუშაკი.

- კი, მაგრამ რას ჰქვია, ვერ დაეწევით? ასე ეძებთ და პოულობთ მანქანებს? - ვიკითხე გაკვირვებულმა.

- იცი, რა? ”მერსედესი” რომ იყოს ან რაიმე სხვა, ძვირად ღირებული მანქანა, კიდევ შეიძლებოდა თავის შეწუხება. შენი დანგრეული ”ჟიგულისთვის” ამდენი ხალხი გაგვაღვიძე, დაგვაფეთიანე, ახლა კიდევ გინდა, რომ ყაჩაღებს გავეკიდოთ? ხვალ მოდი განყოფილებაში, განცხადება დაწერე და იქნებ, სადმე ვიპოვოთ შენი ”მერანი”.

- კი, მაგრამ ხვალ ის საქართველოში აღარ იქნება... - ვცადე გამეპროტესტებინა მისი საქციელი.

- არ იქნება და ნუ იქნება... თავს ხომ ვერ მოვიკლავთ? - მიპასუხა და მანქანა განყოფილების ეზოში შეიყვანა. რაღას ვიზამდი? ბედს შევეგუე და შინისაკენ ფეხით გავუყევი გზას.

ამ ამბის მერე 3 თვე გავიდა. ჩემი მანქანის დაკარგვას ის-ის იყო შევეგუე, რომ სოფლიდან მამაჩემი ჩამოვიდა და შემატყობინა ახმეტიდან გამომძიებელი მოვიდა და მითხრა, რომ ჩვენი მანქანა უპოვიათო. იმ დღესვე გავემგზავრე ახმეტაში. მანქანა პოლიციის ეზოში იდგა. მთლად გაძარცული იყო. ზოგიერთი ნაწილი გამომძიებლის კაბინეტში ეწყო, მეორე ნახევარი - კიბის ქვეშ. ყაჩაღებს ის ახმეტელი ახალგაზრდა მამაკაცისთვის მიუყიდიათ და რადგან მას მანქანის საბუთი არ ჰქონდა, ამის გამო მისი დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა განუზრახავს. როგორც მოგვიანებით გავიგე, ყაჩაღები დაუჭერიათ, მათგან ფული აუღიათ და გაუშვიათ. ჩემი დაშლილი მანქანა წამოვიყვანე და თელავის რაიონში, სოფელ აკურაში, მამიდაშვილის ეზოში გავაჩერე. მისი მეზობელი მანქანის ხელოსანი იყო, საბოლოოდ, მან ამიწყო და მანვე ”დაშპაკლა”. სწორედ ასეთი, ”შპაკლით” აჭრელებული მანქანით დავდიოდი, ვიდრე დამიჭერდნენ. ნეტავ, სულ არ მეპოვა ეს მანქანა. ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეში სწორედ ყვითელი ”ჟიგული” ფიგურირებს. როდესაც მაწამებდნენ, ჯალათები სწორედ იმას მეუბნებოდნენ: - აღიარე, რომ შენი მანქანა მკვლელობის მერე ”დაშპაკლე”, როცა 28 დეკემბერს ”გაზ-24-ს შეეჯახეო. ეს რომ გამახსენდა, გავიფიქრე, რომ ალბათ, ის შეჯახებაც ამათ მომიწყვეს იმის გამო, რომ საქმეში მხოლოდ ყვითელი ”ჟიგული” ფიგურირებს და არა - ”დაშპაკლული”, ხოლო თუ მას მკვლელობის მერე ”დავშპაკლავდი”, ეს მათთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა.

***

- ბატონო ვაჟა, შეიძლება? - იკითხა გამომძიებელმა ლაშა გულდედავამ და კარში მთელი ტანით გამოჩნდა.

- მოდი, - მოკლედ მოუჭრა ვაჟამ.

- ”ბორჯომი” წამოვიღე, გესიამოვნებათ... აუფ, რა ჩავიხრჩვით გუშინ! პახმელიაზე ხართ?

- დილით ხაშზე ვიყავი... - უპასუხა, მაგრამ ”ბორჯომისთვის” ხელი მაინც გაუწოდა - დაჯექი.

- კარგა ხანია, ამდენი არ დამილევია, - ხვნეშით დაეშვა სკამზე ლაშა, ვაჟამ ბოთლი გახსნა და მიიყუდა.

- იფ, იფ... კარგია... - გააგრძელა სიტყვა და სკამის საზურგეს მიაწვა. - ლაშა, ამ საქმიდან რამე გამოვა? - თვალით სქელ საქაღალდეზე მიანიშნა.

- რა ვიცი, კონსტანტინოვიჩ... აღიარებითი ჩვენება უკვე გვაქვს...

- ახლა ეგ დაიწყებს ჩივილს, - მაწამესო, ჩვენება ისე ჩამომართვესო... ამის საპასუხოდ გაქვს რამე?

- რამდენიც უნდა, იმდენი წეროს და იკითხოს საჩივარი... როგორ ფიქრობ, ექსპერტს მივუშვებ მაგასთან?

- არა? - ჩაიცინა ვაჟამ...

- კარგი, რა, კონსტანტინოვიჩ, ბავშვი ხომ არ ვარ?

- ნიკა ტატიშვილი ამოიყვანეს?

- ჯერ არა... თქვენს განკარგულებას ველი... მისი ძველი ჩვენებები აქ მაქვს, - თქვა ლაშამ და საქმე გადაშალა.

- ჩვენებების წაკითხვის თავი სად მაქვს, მოკლედ მითხარი, რას ამბობს.

- აი, ეს არის ის ჩვენება, რომელიც 27 ოქტომბერს მოგვცა, - წინ დაუდო რამდენიმე ფურცელი გამომძიებელმა. - მოწმე ამბობს, რომ გიორგი სიხარულიძემ მოკლა ნინო მეტრეველი და შემდეგ, თავი მოიკლა. იმავეს ამბობს 1-ელ ნოემბერს მოცემულ ჩვენებაში. ნინო მეტრეველი და ნიკა კოლეჯში ერთად სწავლობდნენ. სწორედ ნიკამ მიიყვანა ის გიასთან. აღმოჩნდა, რომ თურმე, ისინი ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს.

- ახლა კიდევ ერთხელ უნდა დაკითხო ნიკა.

- კი, აუცილებლად... ახლა გავალ და ვეტყვი, რომ ამოიყვანონ. 5 წუთში თქვენც შემოდით... - ვაჟამ ხელი აუქნია. აქაოდა, თავისუფალი ხარ და რაც დავალებული გაქვს, გააკეთეო.

***

იმ ოთახში, სადაც ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ზაზას აწამებდნენ, მაგიდასთან ნიკა ტატიშვილი იჯდა. სახეზე შიში აღბეჭდვოდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს, გასაქცევს ეძებდა. ოთახში 2 მამაკაცი შემოვიდა: ვაჟა ხუცურაული და ლაშა გულდედავა. მათ ახალგაზრდა ქალი შემოჰყვა, რომელიც შეშინებული და შეცბუნებული ჩანდა. ნიკას დანახვაზე ნაბიჯს აუჩქარა, მიუახლოვდა და გადაეხვია.

- როგორ ხარ? - ჰკითხა ძმას. მან პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - ხომ არ გცემეს?

- არა, - თავი გაქნია ბიჭმა.

- აბა, დავიწყოთ! - საქმიანი იერით გასცა ბრძანება ლაშამ და მაგიდასთან დაჯდა. ვაჟა ოთახში ბოლთას სცემდა.

- აბა, მითხარი, რა მოხდა 25 ოქტომბერს საგურამოს ტყეში? - ჰკითხა ლაშამ. ნიკა მაგიდის ქვეშ თითებს იფშვნეტდა და ხმას ვერ იღებდა. - თქვი! - ტონში სიმკაცრე გაურია გამომძიებელმა.

- მე და ნინო მივედით გიასთან.

- მერე?

- ისინი ერთმანეთს მიესალმნენ. გიამ მაშინვე იცნო ნინო. როგორ ხარო? - ჰკითხა. – მე რომ მინდოდა შენი ნახვა, ვერ გპოულობდი და აქ, შუაგულ ტყეში შენ როგორ მომაგენიო? - ნიკამ მომიყვანაო, - უთხრა ნინომ. - იმედია, სხვა დროსაც მოხვალ, რადგან ერთხელ მიპოვე, ახლა ნუღარ დავკარგავთ ერთმანეთსო. - რა თქმა უნდა, მოვალ, მაგრამ ახლა ძალიან ცუდ დღეში ვარ, ისევ საბერძნეთში უნდა წავიდე, რადგან სულ მთლად უფულოდ ვარ, კოლეჯში შესატან ფულზე 100 დოლარი დამაკლდა და თუ არ გადავიხადე, გამრიცხავენ... ერთოთახიანი ბინა მაქვს, იმასაც მოწყობა უნდა და რომ არ გავემგზავრო, აქ ვერაფერს გავაწყობ... გზის ფულიც კი არ მაქვს, აქ წამოსასვლელი ფულიც ნათესავმა მასესხაო... - ნიკა გაჩუმდა.

- მერე? - ისევ ჰკითხა ლაშამ.

- მერე მე წამოვედი, ნინო დარჩა. მეორე დილით გავიგე, რომ თურმე, ორივე მოუკლავთ.

- მართლა ასე იყო? - თვალები მოჭუტა გამომძიებელმა.

- კი, ასე იყო, - თავი დააქნია ბიჭმა.

- არაფერს მატყუებ?

- არა, არა... - შეშინებულმა თქვა და ფეხზე წამოდგომა დააპირა.

- დაჯექი! - მხარზე ხელი დაადო ვაჟამ. ნიკა დაემორჩილა და დაჯდა. - ისე, მე ამის მოკლული მგონია ორივე, - ახლა ლაშას მიუბრუნდა ვაჟა. ნიკას თვალებში შიში ჩაუდგა, ხმა ვერ ამოიღო.

- ჩემი ძმა ამას არ იზამდა... ის ჯერ ბავშვია, იარაღის ხმარებაც კი არ იცის... - გამოექომაგა და.

- თქვენ მხოლოდ უნდა უსმინოთ იმას, რასაც თქვენი ძმა იტყვის და თვალყური ადევნოთ აქ მიმდინარე მოვლენებს, ისიც იმიტომ, რომ ნიკა არასრულწლოვანია და უფროსის გარეშე მისი დაკითხვა არ შეიძლება. საუბარში ჩარევის უფლება კი არ გაქვთ.

- როგორ, ჩემი ძმა გუშინ დააკავეთ, შინ არ უშვებთ, საკანში ამყოფებთ და მე ხმის ამოღების უფლება არ მაქვს?

- არა, გენაცვალე, არ გაქვთ... მოკლედ, მოწმის სტატუსი ეჭვმიტანილის სტატუსით შევუცვალოთ... ვიდრე საქმეს ბოლომდე არ გამოვიძიებთ, აქ დარჩება. თუ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ნამდვილ მკვლელს ამოიცნობს, მაშინ გავუშვებთ, თუ არა და, 15 წელს მიუსჯიან... ისე, შესაძლოა, დახვრეტაც მიუსაჯონ, მაგრამ არასრულწლოვანია და ალბათ, ეს თუ უშველის... - ნიკამ შეშინებული თვალებით შეხედა დას, თითქოს, შველას მისგან ითხოვდა.

- როგორ, ნიკას შინ არ გამოუშვებთ? - იკითხა დამ.

- რას ბრძანებთ, ქალბატონო, მკვლელობის ყველა გზა ნიკასთან მიდის. ეს არის სამი ადამიანიდან ერთადერთი, ვინც ცოცხალი გადარჩა. წარმოიდგინეთ, მეტყევის ქოხში 3 ადამიანია, იქიდან 2 მკვდარია და ერთი ცოცხალი. ვინ მოკლა ის ორი? რა თქმა უნდა, მესამემ. ეს ხომ ძალიან მარტივია.

- არა, ჩემი ძმა ამას არ იზამდა. მან იარაღის ხმარებაც არ იცის. თანც, სულ მთლად ბავშვია, რატომ უნდა მოეკლა ის ადამიანები?

- ჩვენც მაგის დადგენას ვცდილობთ. რატომ მოკალი? - მიუბრუნდა ნიკას გამომძიებელი.

- მე არ მომიკლავს, მე ნინო მივიყვანე და უკან დავბრუნდი, - თვალები აუწყლიანდა ნიკას.

- აბა, ვინ მოკლა? გეკითხები, ვინ მოკლა-მეთქი? - კითხვა გაუმეორა ლაშამ და თვალებით გაბურღა ბიჭი. ნიკამ მხრები აიჩეჩა.

- ის კაცი თქვენი ქმარია, გუშინ ნიკასთან რომ იყო მოსული? - ჰკითხა ვაჟამ ქალს.

- დიახ, ჩემი ქმარია.

- დღეს 4 საათზე მოვიდეს, ნიკას შევახვედრებთ და იქნებ, მას უთხრას სიმართლე, - თქვა ვაჟამ და კარისკენ დაიძრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაკითხვა დამთავრდა.

- ქალბატონო, აქ მომიწერეთ ხელი და შეგიძლიათ, წახვიდეთ, - თითი დაუდო ლაშამ დაკითხვის ოქმის ბოლოში. შემდეგ კი დაიყვირა: - ასანიძე! ასანიძემ თავი შემოყო.

- გაიყვანე პატიმარი. ნიკა წელმოწყვეტილივით ადგა და ძალიან ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.

- თქვენი ქმარი აუცილებლად უნდა მოვიდეს, - თქვა მას შემდეგ, როცა ოთახში ქალთან მარტო დარჩა.

- დიახ, მოვა, ვეტყვი და აუცილებლად მოვა.

- თუ ნიკა დაგვიჯერებს, მაშინ შესაძლოა, მალე გავუშვათ შინ. თქვენმა ქმარმა ბიჭი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ჩვენ მისთვის ცუდი არ გვინდა. გასაგებია?

- კი, გასაგებია... - თავი დაუქნია ქალმა. – რა უნდა გააკეთოს ნიკამ?

- ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, თქვენს ქმართან ერთად. ახლა კი თავისუფალი ხართ, - ფეხზე წამოდგა ლაშა.

***

ყველაზე ნაკლებ ტკივილს მაშინ ვგრძნობდი, თუ მოვახერხებდი და ნარზე ჩანასახის პოზას მივიღებდი. მოხრილი და ცხვირთან მიტანილი მუხლები თითქოს, შვებას მგვრიდა. - ალბათ, სწორედ იმიტომ არიან პატარები დედის სხეულში ასეთ მდგომარეობაში, რომ დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს-მეთქი, - გავიფიქრე.

- ჩუთლაშვილი, გამოდი, დაკითხვაზე გეძახიან, - ფიქრი შემაწყვეტინა იმ სულაძემ, რომელმაც წინადღეს საკანში ჩამომიყვანა. - დაგეხმარო? - მკითხა შემდეგ, რადგან მიხვდა, რომ წამოდგომა გამიჭირდა. მეხუთე დღე იყო, მშიერი ვიყავი. ცალკე შიმშილმა დამასუსტა და ცალკე, წამებამ. სულაძე მომიახლოვდა, იღლიაში ხელი ამომდო და წამოჯდომაში მომეხმარა. თავბრუ დამეხვა. ცოტა ხანს ასე ვიჯექი. თავბრუსხვევამ რომ გამიარა, ნელა წამოვდექი, სულაძეს დავეყრდენი და ძალიან ნელი ნაბიჯით გამოვედი საკნიდან. ყველაზე მეტად კიბეზე ასვლა მიჭირდა, თითოეული საფეხურის ავლა საშინელ ტკივილს მაყენებდა.

როგორც იქნა, მივაღწიეთ დასაკითხ თუ საწამებელ ოთახამდე. ოთახში ღუმელი გუგუნებდა და სითბო იდგა. მესიამოვნა თბილ ოთახში შესვლა. იქ არავინ დამხვდა. სკამზე დავჯექი და მუხლებს ხელებით დავეყრდენი. ვფიქრობდი, რომ ისევ დაიწყებდნენ ჩემს წამებას. გარედან შემოსულ სულ პატარა ხმაურზეც კი, გული გალიაში დამწყვდეული ჩიტივით იწყებდა ფართხალს და გამალებით მიცემდა. - ადვოკატი უნდა მოვითხოვო ან აქამდე როგორ არ გამახსენდა? მე ხომ ადვოკატი მჭირდება! - გავიფიქრე და თითქოს შვება ვიგრძენი, რადგან ადვოკატი ჩემს მხსნელად წარმოვიდგინე. ამ დროს კარი გაიღო და იღლიაში საქაღალდეამოჩრილი გამომძიებელი გამოჩნდა. მას უკან ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა.

- მე ნანა ვარ, - ხელი გამომიწოდა ქალმა. მარჯვენა შევაგებე. ამ დღეების განმავლობაში ეს ერთადერთი ადამიანი იყო, ვისი მზერიდანაც კეთილგანწყობილება მოდიოდა. მე შენი ადვოკატი ვარ. დედაშენმა გადაწყვიტა, რომ შენი ინტერესები მე დავიცვაო, - მითხრა. თავი დავუქნიე.

- ზაზა, მითხარი, რა ხდება. საქმეს უკვე გავეცანი. აღიარებითი ჩვენება მიცემული გაქვს, სადაც ამბობ, რომ შენ მოკალი გიორგი სიხარულიძე და ნინო მეტრეველი.

მე ჯერ გამომძიებელს შევხედე. ირონიული ღიმილი ჰქონდა სახეზე გადაფენილი. მერე მზერა ნანაზე გადავიტანე.

- კი, მე მოვკალი, - დავუქნიე თავი.

- რატომ? - მიზეზი მითხარი, რატომ მოკალი? მკვლელობის მოტივი რა არის?

- მე მოვკალი. მოვკალი და მორჩა. არ მახსოვს, რატომ მოვკალი.

- ზაზა, სიმართლე უნად მითხრა. გაიხსენე ყველა დეტალი.

- მე მოვკალი! მე მოვკალი! მეეე, მე მოვკალი! - ბოლო სიტყვებს უკვე მთელი ხმით ვყვიროდი. ნერვები უკიდურესად მქონდა დაძაბული. წამების გახსენებაც თავისას შვრებოდა. აღარ მინდოდა, იმ წუთების განცდა. ამიტომ, შეშინებული, სულელივით ერთსა და იმავეს ვიმეორებდი და მე მოვკალი-მეთქი, - უაზროდ გავიძახოდი.

- ბატონო ლაშა, ნება მომეცით, პატიმარს ცალკე დაველაპარაკო, - მიუბრუნდა გამომძიებელს.

- მაგდენი სად მცალია, ქალბატონო ნანა. აგერ არის პატიმარი, აგერ ხართ თქვენც და ჰკითხეთ, რაც გინდათ. ეს საქმე ისედაც ხანჯალივით მადევს კისერზე, მესამე თვეა და დროზე უნდა დავამთავრო გამოძიება, - უპასუხა ლაშამ. თან, ნანას თვალს ვერ უსწორებდა და ფანჯარაში იყურებოდა.

- ზაზა, გცემეს? კვალი სახეზეც გატყვია, - ახლა მე მომიბრუნდა ნანა.

- კი, მცემეს. კი არ მცემეს, მაწამეს, - ისე შევჩივლე, პატარა ბავში დედას რომ მიუტანს ამბავს, მეზობლის ბავშვებმა მცემესო და მისგან თანადგომას და დამნაშავის დასჯას რომ ელის. თან ყველას გვარი ჩამოვთვალე, ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა.

- აბა, რას ამბობ, ბიჭო, როდის გცემეს? არ გრცხვენია, ტყუილს რომ ამბობ ამხელა კაცი? ტყუილად ადებ ხელს ჩემს თანამშრომლებს, - გააპროტესტა ლაშამ ჩემი ნათქვამი.

- თქვენ არ გრცხვენიათ, მკვლელობას რომ მტენით? არ გრცხვენიათ, წამებით რომ მიიღეთ ჩემი აღიარებითი ჩვენება? არ გრცხვენიათ, რომ მღუპავთ? - ავყვირდი ისევ.

ლაშა წამოდგა, მაგიდას შემოუარა და მომიახლოვდა. მე ვიჯექი, ის ფეხზე იდგა და მხოლოდ ახლა იყო ჩემი სიმაღლის. თვალები მოჭუტა, ჩამაშტერდა და კბილებში გამოცრა:

- არ უცემიხარ არავის, გაიგე? ჩვენ არ ვაწამებთ პატიმრებს. წამების კი არა, სიკვდილის ღირსი ხარ და დახვრეტაც ზედა გაქვს, მაგრამ ჩვენი კანონი ჰუმანურია და წამებას არ ითვალისწინებს.

- აბა, ეს მე თვითონ ვუქენი ჩემს თავს? - კბილებში გამოვცერი ეს სიტყვები, სვიტრი ავიწიე და დალურჯებული მუცელი, ზურგი გამოვაჩინე.

- ბატონო ლაშა, პატიმარი ნაწამებია. შუამდგომლობა უნდა დავაყენო პროკურატურის წინაშე, რომ ექსპერტიზა დანიშნოს და ზაზას წამების საქმე განიხილოს.

- პროკურატურის დავალებით მაწამეს და შუამდგომლობა ისევ მათთან უნდა დაწერო? - ვკითხე ნანას სასოწარკვეთილმა.

- რა ვქნათ, ზაზა, კანონი ასეთია.

- მაშ, ვინც მაწამა, ისევ მათ უნდა დაადგინონ, ნაწამები ვარ თუ არა? ეს ხომ დიდი სისულელეა? ვინ იტყვის: კი, ბატონო, ვაწამეთ და აგერ, ექსპერტის დასკვნა, რომ დამნაშავე ვართ და დაგვსაჯეთ, ჩვენ ამის ღირსი ვართო?

- კანონში ასე წერია. ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცევით. ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ, - ნანა ფეხზე წამოდგა, რადგან იცოდა, იმ დღეს ამაზე მეტს მაინც ვერაფერს გახდებოდა. მას გამომძიებელიც უკან მიჰყვა. ოთახში სულაძე შემოვიდა, ჩემს წასაყვანად. მორჩილად წამოვდექი და გავყევი. პირველ სართულზე, კიბის ბაქანზე შევჩერდი და შევისვენე, რადგან გული ამოვარდნაზე მქონდა. სულაძემ კედელზე მიმაყუდა, თვითონ კი სიგარეტს მოუკიდა.

- მოსწევ? - მკითხა და კოლოფიდან მეორე ღერი ამოაძვრინა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კვამლი ღრმად შევისუნთქე და სულაძეს მადლიერი მზერა მივაპყარი.

- ბიჭო, შენ მღებრიშვილთან მუშაობდი, არა? - თითქმის ჩურჩულით მკითხა. თავი დავუქნიე და სახეზე დავაკვირდი, რადგან ვიფიქრე, ალბათ, ერთად თუ ვმუშაობდით-მეთქი, მაგრამ მისი სახე არ მეცნო.

- მერე, იქ რომ მუშაობდი, ფილარმონიაში, კონცერტის დროს, დაცვაში არ იყავი ხოლმე? - ისევ ძალზე დაბალი ხმით მკითხა.

- კი, ვიყავი.

- მერე, გაიხსენე, 25 ოქტომბერს ”ივერიის” კონცერტი რომ იყო, იქ ხომ არ ყოფილხარ? - გონება გამინათდა. მადლიერი თვალებით შევხედე სულაძეს. - აქედან ”ზაპროსი” ჰქონდათ გაგზავნილი მღებრიშვილის უწყებაში და პასუხი მოუვიდათ. წეღან შემთხვევით შევესწარი, გამომძიებელი და ვაჟა რომ ლაპარაკობდნენ. იქნებ, რამეში წაგადგეს... ახლა წამოდი, თორემ თუ დაგვინახეს, მაგრად მომხვდება. თანაც, საკანში ახალი მეზობელი გელოდება.

კიბეზე ისე მსუბუქად ჩავედი, რომ თვითონაც გამიკვირდა. საკანში მართლაც ვიღაც დამხვდა, თუმცა, კაშკაშა სინათლიდან სიბნელეში შესულმა, მისი სახე ვერ გავარჩიე, მხოლოდ სილუეტს ვხედავდი.

- გამარჯობა! - ვთქვი და ჩემს ადგილს მივაშურე.

- გაგიმარჯოს! - მიპასუხა მან. საკანში სიჩუმე ჩამოვარდა. მე ახლა ლაპარაკის თავი არ მქონდა, რადგან კარგად უნდა გამეხსენებინა 25 ოქტომბერს მომხდარი ამბების ყველა დეტალი. წამოვწექი, კედლისკენ გადავბრუნდი, თვალები დავხუჭე და გონება დავძაბე. 25 ოქტომბერს დაიწყო ”ივერიის” კონცერტი და 3 დღე გაგრძელდა. წესით, 25-ში არ ვმუშაობდი, მაგრამ ჩვენი ჯგუფი სამსახურში მაინც გამოიძახეს. კონცერტზე ბევრი ხალხი არ მოვიდა. ფილარმონიის დარბაზში თითქმის ცარიელი იყო. ამიტომ, ვისაც იმ დღეს მუშაობა არ უწევდა, ისინი კონცერტის დაწყებისთანავე გაგვათავისუფლეს. ყველანი სამმართველოში მივედით, რადგან სპეცფორმა უნდა გამოგვეცვალა და იარაღიც ჩაგვებარებინა. გზაში ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა, ვასიკომ მთხოვა, მანქანით ერთ ადგილზე მიმეყვანა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. ტანისამოსი გამოვიცვალე, იარაღი ჩავაბარე და ვასიკოს მივაძახე, მანქანას გამოვიყვან და დაბლა გელოდები-მეთქი. როდესაც მანქანით გასასვლელთან მივედი, ვასიკოსთან ერთად, კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, ნიკა შევნიშნე, ორივენი მანქანაში ჩასხდნენ.

- საით წავიდე? - ვიკითხე.

- დღეს ჩემი ბავშვის დაბადების დღეა, სახლში სტუმრები მყავს, ახლა სამივე ჩემთან წავიდეთ და ვიქეიფოთ. - ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ 1-2 საათით მაინც წავედი. ნიკა დიღმის მასივში ცხოვრობდა. ეზოში რომ შევედით, აღმოჩნდა, რომ მის სადარბაზოსთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ იყო. იძულებული გავხდი, იქვე, ავტოსადგომზე გამეჩერებინა მანქანა. საღამოს 8 საათი იყო დაწყებული, კარი ნიკას დედამ გაგვიღო. პირველი, რაც ამ ქალბატონმა თქვა, ის იყო: მღებრიშვილთან სულ ასეთი მაღალი და დარჩეული ბიჭები მუშაობთო? სუფრასთან დაახლოებით 10 ადამიანი იქნებოდა და ეტყობოდა, რომ სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო. ისიც გამახსენდა, რომ სტუმრებს შორის ვასიკომ თავისი მოგვარე გოგონა აღმოაჩინა და გაიცნო. ცოტა ღვინო დავლიეთ, ბავშვი ვადღეგრძელეთ. ამასობაში 9 საათიც გახდა. ოთახში ნიკას დედა შემოვიდა და მიხთრა: შვილო, შენი მანქანა მეზობლის მანქანის დასაყენებელ ადგილზე გაგიჩერებია და იქნებ, ჩაირბინო, სხვაგან გადააყენოო. ახლავე-მეთქი, - ვთქვი და წამოვდექი. ნიკამ მარტო არ გამიშვა და თვითონაც გამომყვა. უკან მალევე ამოვბრუნდით. ამ ჯალათებს რომ დაუჯერო, ამ დროს თურმე, მე საგურამოს ტყეში ადამიანებს ვხოცავდი. სინამდვილეში კი, სუფრასთან ვიჯექი და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ვამბობდი. სტუმრობა ასე, 12 საათამდე გაგვიგრძელდა. იქიდან მე და ვასიკო ერთად წამოვედით. ის ღამის კლუბ ”ოსკარში” მოვიყვანე, იქ დავტოვე და მე შინ წავედი. აი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი 25 ოქტომბერს. ახლა უკვე ალიბი მქონდა და ამის დადასტურება ბევრ ადამიანს შეეძლო: თვითონ თემურ მღებრიშვილს, ნიკას და ვასიკოს, ნიკას სტუმრებს, ნიკას მეზობელ კაცს, რომელსაც ჩემი მანქანა უშლიდა ხელს, ნიკას დედას... ნუთუ, ამდენი ხალხის ნათქვამს არ დაიჯერებენ? - ვფიქრობდი და მჯეროდა, რომ ამ საქმიდან აუცილებლად დავიხსნიდი თავს. ხასიათი გამომიკეთდა. ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე, დავმშვიდდი კიდეც. ზურგზე დავწექი და ხელები თავქვეშ ამოვიდე. ხმაურზე ჩემმა თანამესაკნემ მოიხედა.

- კარგა ხანს გეძინა, - მითხრა და ჩემთან ახლოს დაჯდა. - დაკითხვაზე იყავი?

- ჰო, - თავი დავუქნიე. - შენ როდის მოგიყვანეს? - უცებ საუბრის ხასიათზე დავდექი.

- წუხელ დამიჭირეს. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავი. ახლა ჩამომიყვანეს აქ. არ მიყვარს საკანში მარტო ყოფნა. რომ ვნახე, არავინ იყო, სხვაგან შემიყვანეთ-მეთქი, - ვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს და დამამშვიდეს, ცოტა ხანში მკვლელს მოგისვამთ გვერდით, არ ინერვიულოო. შენ ხარ ის მკვლელი თუ კიდევ მოიყვანენ ვინმეს?

- ალბათ, მე ვარ, - ამოვიოხრე ხმამაღლა.

- გაბრალებენ, ხომ? - მკითხა მცირე პაუზის შემდეგ.

- როგორც ვატყობ, შენთვის პირველი ”სროკი” არ უნდა იყოს, არა? - თავი ავარიდე პასუხს.

- ჰო, მესამეა. რუსეთში ბანკის დაყაჩაღებისთვის ამიყვანეს.

- და ალბათ, შენ არ დაგიყაჩაღებია, არა? - ახლა მე დავუსვი იგივე კითხვა.

- როგორ არა, მე ვქენი ეგ საქმე. წუხელ ვაღიარე კიდეც, აბა, თავს ხომ არ ვაცემინებდი? ახლა, დიდი-დიდი, 7 წელი მომისაჯონ, დავჯდები ციხეში და პატიოსნად მოვიხდი ”სროკს”. სამაგიეროდ, გამოვალ და იმდენი ქონება დამხვდება გარეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხელის განძრევა არ დამჭირდება.

- კონფისკაციას არ გაგიკეთებენ?

- უფ... ჰო, კარადის უჯრაში მაქვს ჩაკეტილი და უცებ არ მიაგნონ. შენ როდის მოგიყვანეს?

- 29 დეკემბერს.

- და მას მერე აქ ხარ? - მკითხა გაოცებულმა - ციხეზე რატომ არ გადაგიყვანეს?

- ციხეზე როგორ გადამიყვანდნენ, სანამ დანაშაულს არ ვაღიარებდი? ვერ ხედავ, როგორი ნაცემი ვარ?

- მერე, შენი უჭკუობის ბრალია. მაშინვე უნდა გეთქვა, რომ შენ მოკალი და მორჩა.

- ტყუილი უნდა მეთქვა?

- მაინც ხომ გათქმევინეს და თავი რაღას აცემინე? შენ პოლიციელი ხარ, არა?

- ჰო, ვიყავი. ამათი დედაც, ამათი სისტემისაც და ამათი სამართლისაც...

- ძმაო, შენ რა, ციდან ჩამოფრინდი? როცა პოლიციაში იწყებდი მუშაობას, რა, მაშინ არ იცოდი, ვინ იყვნენ ესენი?

- რა ვიცოდი...

- ეეე... აბა, შენა ხარ, რა! შენ ციხეზე რომ გადაგიყვანენ, ”იმენნა” წითლების კამერაში ჩაგსვამენ. ”პრესტუპნიკებთან” არ შეგიყვანენ. მანდ ”ნასედკების” კამერა ცალკეა, ქურდების - ცალკე, თანამშრომლების კიდევ, ცალკე. თანამშრომლებისთვის ”დაჟე” ზონაც ცალკეა.აი, შენ წარმოიდგინე, გუშინ სამმა პოლიციელმა ამიყვანა. ”ვდრუგ”, რაღაც გააფუჭეს და ციხეში მოხვდნენ. ისინი რომ ჩემთან მოიყვანონ, ხომ იცი, რას ვუზამ?

- რას? - ვკითხე და გამეცინა.

- 2 დღეში ქათმების კამერაში გადაიყვანენ. ქათმები ხომ იცი, ვინც არიან? პატიმრები რომ ჟიმავენ, ქათმები ის კაცები არიან. ზონაზე მაგათთან ურთიერთობა სირცხვილია, მათი მოწვდილი არაფერი უნდა ჭამო და არც საჭმელი უნდა მოამზადებინო. მაგათ მარტო სარეცხი უნდა დააერცხვინო და ოთახი დაალაგებინო. გაიგე?

- გავიგე. იმედია, ჩემი საქმე ზონამდე არ მივა.

- ეეე... შენ მართლა არ იცნობ ამათ. აქ თუ მოხვდი, ”ვსიო”, სანამ არ გაგჟიმავენ, თავს არ დაგანებებენ. ციხეზე წითლების კამერები მეხუთე სართულზეა, ”დევიტ სემ, დევიტ ვოსემ, დევიტ დევიტ”.

- ეგ რას ნიშნავს?

- კამერის ნომრებია – 97, 98, 99, მაგრამ იქ ასე ეძახიან. ”ნასედკებს” მოერიდე, დიდი ”დედაარღნიანი” ხალხია, რას გაგიჩალიჩებენ, არ იცი. თავისუფლების სანაცვლოდ ყველაფერზე წავლენ, - კვალიფიციურ რჩევა-დარიგებას არ იშურებდა ჩემთვის თანამესაკნე.

იმ ღამით ყველაზე მშვიდად მეძინა. როგორც ჩანს, დაბეგვილი ადგილებიც მირჩებოდა უკვე და გულიც დავიმშვიდე, რადგან ისეთი ალიბი მქონდა, რომ ქვასაც კი გახეთქავდა.

დილით ისე ადრე გამეღვიძა, რომ ჯერ კიდევ ბნელოდა. ჩემი მეზობელი გულიანად ხვრინავდა. შიმშილმაც შემაწუხა. მუცელი ხერხემალზე მქონდა მიკრული და დროგამოშვებით ხმაურობდა. ცხოველურ ინსტინქტს თავისი გაჰქონდა და საკანში გამოკეტილი, უდანაშაულო ადამიანი ახლა თავისუფლებას კი არა, ცხელ კერძს ვნატრობდი. კარგა ხანს ვიყავი ასე, ჭერს მიშტერებული და გარინდებული. მერე მომაკითხეს და წამიყვანეს. ოთახში, რომელიც ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო, მხოლოდ ნანა დამხვდა.

- გამარჯობა, - გავუწოდე ხელი.

- როგორ ხარ? - მარჯვენა გამომიწოდა მანაც. მაგიდასთან, მის პირისპირ დავჯექი. - ზაზა, ამ საქმეში გენერალური პროკურატურაა ჩართული. იციან, რომ შენ არ გაჩერდები. მათ გვარებს ხომ ახლავე, ხმამაღლა გაყვირი. აქედან შენი გამშვები არავინაა, შენი სიმართლე სასამართლოზე უნდა დაამტკიცო.

- მე ალიბი მაქვს, - ვუთხარი და დაწვრილებით მოვუყევი, 25 ოქტომბერს რომელ საათზე სად ვიყავი.

- ახლა ესენი შეეცდებიან, რომ დრო გაწელონ და ყველა ის საქმე მოაგვარონ, რომელიც საქმეში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ნუ ნერვიულობ, შენს თავზე იფიქრე, დამშვიდდი, აზრები დაალაგე, გამომძიებელი რომ მოვა, ზუსტად უნდა იცოდე, რას ეტყვი. თუ დაკითხვაზე კიდევ გამოგიყვანენ, ადვოკატი მოითხოვე, ჩვენება ჩემ გარეშე აღარ მისცე, - ჭკუას მარიგებდა ნანა, მაგრამ მე მისი არ მესმოდა. - ზაზა, გარეთ დედაშენი და ნინო მელოდებიან, მისწერე მათ რამე, - მითხრა და სუფთა ქაღალდის ფურცელი დამიდო წინ. რამდენიმე წინადადება დავწერე და ნანასკენ მივაცურე.

- სულ ეს არის? - გაუკვირდა, ასე ცოტა რომ დავწერე.

- კი, მეტის წერის თავი არ მაქვს.

- სხვა ხომ არაფერი გინდა? კამერაში როგორ ხარ?

- მეექვსე დღეა, საჭმელი არ მიჭამია, მშია, - ჩუმად ვთქვი.

- დედაშენმა რაღაცები მოგიტანა, ახლა საკანში რომ ჩაგიყვანენ, მოგაწვდიან კიდეც, - მითხრა და მორიგეს დაუძახა, პატიმარი ჩაიბარეო.

საკანში ჩამიყვანეს და 1 საათში ცელოფანის პარკი გადმომცეს. პარკი გავხსენი და იქიდან ისეთი სურნელი ამოვარდა, ლამის წავიქეცი. დედას ჩემი საყვარელი კერძები მოემზადებინა. ყველაფერი კედელთან მიდგმულ რკინის მაგიდაზე ამოვალაგე, ჩემი თანამესაკნეც მოვიპატიჟე და მადიანად შევუდექი ჭამას. როგორც ჩანს, მასაც მოშივებოდა და ჩუმად ილუკმებოდა.

- მაგარი ”ვეშია” ჭამა, არა?

- უჰუ, - დავუქნიე თავი, რადგან პირი საჭმლით მქონდა გამოტენილი და ხმას ვერ ვიღებდი. როგორც იქნა, დავნაყრდი. თითქოს, გარშემო ყველაფერს უკეთესად ვხედავდი. ისევ ჩავყავი პარკში ხელი და სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე. ჭრაჭუნა ქაღალდი შემოვხსენი, ერთი ღერი კბილებით ამოვიღე.

- აუ, ძმურად, ნუ აჭრაჭუნებ, რა, ეგ ხმა ნერვებს მიშლის.

- აბა, შენ თვითონ როგორ ხსნი სიგარეტის კოლოფს? - ვკითხე გაოცებულმა და კოლოფი გავუწოდე.

- შენ ძალიან აჭრაჭუნებ, მე კი უცებ ვხსნი, - მითხრა და ერთი ღერი ამოიღო, პირში გაიჩარა. – მაგარია, არა? - მკითხა, როცა კვამლი გამოუშვა.

- სიგარეტი?

- სიგარეტი მართლაც მაგარია, მაგრამ ჭამის მერე მოწევა სულ სხვაა, მაგრად ასწორებს, - თქვა და გაიზმორა. გავჩუმდი. თუმცა, მის ნათქვამს გონებაში დავეთანხმე. - შენა, გინდა, ერთი მაგარი ამბავი მოგიყვე?

- მიდი! – შევაგულიანე მე.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე