ქაღალდის რელიკვია (I ნაწილი) - გზაპრესი

ქაღალდის რელიკვია (I ნაწილი)

- ბებო-ო-ო! ჩვენ ჭავედი-ი-ით, - ოდნავ შეღებილ კარში ოთხიოდე წლის ბიჭუნამ შემოყო ქერა კულულებით "დახუნძლული" პატარა თავი და ფანჯარასთან მდგარ ლამაზ, შუახნის ქალს სირბილით მივარდა, ფეხებზე ხელები მოხვია და ჩაეხუტა.

- შემოგევლოს ბებია! - ქალმა ბავშვს ხელები გააშვებინა, ჩაიცუცქა და ქერა კულულები თითებით გადაუვარცხნა.

- ჭკვიანად მოიქეცი, ბებო გენაცვალოს, თორემ იქ შენნაირი მაიმუნები რომ არიან, თავისთან დაგტოვებენ, იცოდე. გესმის? ბაბუ არ გააბრაზო, - დაარიგა ქალმა შვილიშვილი.

- არა, კაჩო, რა უნდა გავაბრაჯო, ჩხოველებშ ვნახავ, მანქანებძე ვიკატავებ და მოვალთ. შენ არ მოიჭყინო, კარგი? - ენამოჩლექით ეტიტინებოდა ბიჭუნა და ფუნჩულა ხელს ლოყაზე უტყაპუნებდა ახალგაზრდა ბებიას.

- ჰე, არ მივდივართ? დაღამდა უკვე. ლუკა, ბაბუ, რას ელოდები? - კარის ზღურბლზე მაღალი, მხარბეჭიანი, 60-ოდე წლის მამაკაცი გამოჩნდა, - ნატა, დაბმული გყავს მაგ ბავშვი, თუ როგორაა შენი საქმე?

- ჭავედი-იით! - კიდევ ერთხელ დაიჭყივლა ლუკამ და ოთახიდან გავარდა.

- ორ საათზე აქ იყავით, იცოდე. ხომ იცი, მაგ დროს ძილი უწევს მაგას, - შეახსენა ნატამ შეუღლეს.

- ვიცი, ბატონო, ვიცი, რამდენჯერ უნდა შემახსენო. პატარა ბიჭი კი არ ვარ, უჰ! - ჭაღარაშერეულმა მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი და შვილიშვილს მიჰყვა.

ნატამ შეუმჩნევლად ჩაიღიმა. შეტრიალდა და ფანჯარაში გაიხედა. თვალი გააყოლა უკვე ქუჩაში გასულ ბაბუასა და შვილიშვილს - ასე იდგა გარინდული, სანამ ორივენი თვალს არ მიეფარნენ.

ცოტა ხნის შემდეგ შეირხა, თითქოს ღრმა ფიქრებიდან გამოერკვაო და მიმოიხედა. "რა ვქნა ახლა მე?" - გაიფიქრა და წელზე დოინჯი შემოიყარა, - "რა მინდოდა? რაღაც მინდოდა", - წარბები შეჭმუხნა და გონება დაძაბა. "ჰო, მართლა, გამახსენდა", - საჩვენებელი თითი ჰაერში შემართა და კარადისკენ დაიძრა. კარი გამოაღო და ზედა თაროს ყურადღებით დაუწყო თვალიერება. ლამაზად ჩაწიკწიკებულ დაუთოვებულ თეთრეულს შორის წითელი ატლასის ნაჭერს შეავლო ხელი. გადმოიღო, რამდენადმე გადაკეცილი ქსოვილი ფრთხილად გახსნა და შიგ ჩადებულ ყდაგაცრეცილ სქელ რვეულს სათუთად შეეხო. "დღიური" - გამოყვანილი ასოებით ლამაზად ეწერა ზედ. გული უჩვეულოდ შეუქანდა. ყოველთვის ასე ემართებოდა, ამ ხელნაწერების შეხებისას. თითქოს საკუთარი წარსული ეპყრა ხელთ. თითქოს კინოფირივით ოცდაათი წლით უკან აბრუნებდა თავის ცხოვრებას.

ღიმმორეულმა ხელი ხალათის ჯიბეში მოაფათურა, სათვალე ამოიღო, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, თვალები "შეიიარაღა", დღიურის პირველი გვერდი გადაშალა და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, კითხვას შეუდგა:

6 თებერვალი

დღეს ციალას დაბადების დღე იყო. მეც დამპატიჟა. ამ ბოლო ხანებში რატომღაც დამიდაქალდა. არ ვიცი, რა მოეჩვენა. სხვა დროს სულ ზემოდან დამყურებდა ხოლმე. რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. უარი არ მითქვამს. მართალია, დიდად არ მეპიტნავება, მაგრამ მაინც წავედი. უმეტესად თავისი კლასელები ჰყავდა. მათ ორი წელია, სკოლა დაამთავრეს და უკვე დიდ ადამიანებად მოაქვთ თავი. მე კი ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ. უცხოდ ვიგრძენი თავი. მით უმეტეს, ყველანი რუსულად საუბრობდნენ. ციალა ხომ რუსულენოვან სკოლაში დადის. "ნატა შენ კარგი გოგო... პაეტომუ კარტული ლაპარაკი გამოიკენეტ", - ჩიქორთულით აძლევს შენიშვნას "ნინა ნიკალაევნა", ციალას დედა თავის ქალიშვილს და ჩემსკენ ანიშნებს - ცოდოა ბავშვი, რუსულად ნუ საუბრობთო. "ცოდო" ნამდვილად არ ვიყავი, რუსული მშვენივრად მესმოდა, მაგრამ რა წესი იყო - ცხრა ბავშვიდან მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი რუსი დედით და მამით, დანარჩენებს ქართველი მშობლები ჰყავდათ. თუ არ ჩავთვლით ციალას, რომლის დედაც უკრაინელია. ეჰ, რუსული კი მესმის, მაგრამ რა გინდა - მე თვითონ საუბარი მიჭირს. არადა, გადასარევად ვსწავლობ. არც აქცენტს ვუჩივი, მაგრამ საუბარი მაინც არ შემიძლია. ენა მებმის ხოლმე. საერთოდ, მაგარი კომპლექსები მაქვს!

ციალას ამხანაგები ნაკლებად მაქცევდნენ ყურადღებას. შეიძლება იმიტომაც, რომ მათზე ორი წლით ვარ უმცროსი, ან იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის ჩუმად ვიყავი მიყუჟული კუთხეში და ხმას არ ვიღებდი. რას გაიგებ ამ "რუსაპეტა" ქართველებისას! ამგვარ ყოფაში კარგა ხანი გავიდა. რაღაც ვერ აეწყო ქეიფი. უცებ ერთი აჟიოტაჟი შეიქმნა. "საშკა მოვიდა, საშკა", - იყვირეს გოგონებმა და წამოიშალნენ. მართლაც, კარგი გაიღო და ვიღაც მაღალი ბიჭი შემოვიდა. ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი! თვალები ზედ დამრჩა! როგორ მომეწონა-ა-ა! ჩალისფერი სწორი, გრძელი თმა და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ძალზე მხიარული ტიპი ჩანდა. ყველა სათითაოდ გადაკოცნა და ბოლოს გამოაცხადა: "ეს ვანიკოა, ჩემი ძმაკაცი, გაიცანითო". ახლაღა შევამჩნიე მეორე, უფრო მაღალი ბიჭი, რომელსაც გრუზა შავი თმა და ასეთივე ფერის თვალები "უმშვენებდა" სახეს. არც ის იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ საშკა... საშკა სულ სხვა იყო.

ამასთან, ისე კარგად საუბრობდა ქართულად, სულ გადამავიწყდა, "განრუსებულ" საზოგადოებაში რომ მიწევდა ყოფნა.

ქეიფი კვლავ გაჩაღდა. საშკამ ხალისი შემოიტანა სუფრაზე. შევამჩნიე, ციალა როგორ ეკეკლუცებოდა. ცოტა არ იყოს, შემშურდა. სულაც არ არის საშკა მისი შესაფერისი. ჭორფლებით აქვს სახის კანი სავსე. ეს აპრეხილი ცხვირი კიდევ? არა, რომ არ მოგეწონება, ისეთი გოგოა. ტყუილად რას ეპრანჭება, ნეტავი გამაგებინა!

ჰოდა, მოხდა ისე, რომ ამ "არეულობაში" საშკამ პირდაპირ მე დამასო მზერა. გავწითლდი და თვალი ავარიდე. რა ჯანდაბამ გამაწითლა! "შეგამჩნიე, შეგამჩნიე", - თითქმის თვალებით მომახარა. უცებ, არც აცია, არც აცხელა და ჯიქურ მომადგა:

- შეიძლება ვიცეკვოთ? - ჯენტლმენურად თავი დამიკრა.

აუჰ! ამას ალმური კი არა, მგონი, ოხშივარი ჰქვია. ყაყაჩოსავით ავღაღანდი. კი-მეთქი, ძლივს დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად და მორცხვად ჩამოვულაგე ხელები მხრებზე. თვითონაც მომხვია მკლავები და დავტრიალდით. როგორ მიხაროდა! იმდენ ქალში რაღა მაინცდამაინც მე გამომარჩია? რატომ? ყველაზე უცნობი რომ ვიყავი, იმიტომ? ალბათ, მაგიტომ. არა უშავს. მაინც გამიხარდა. ამის შემხედვარე ციალა უცებ დაფაცურდა. ვანიკოს სტაცა ხელი და შუა ოთახში გამოათრია საცეკვაოდ. თან თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის. გამუდმებით ვგრძნობდი მის მზერას. პირდაპირ ზურგი ამეწვა. მერე ცეკვა-ცეკვით ახლოს მოიწია და ყურთან ჩამისისინა:

- ოსტოროჟნო, სტეკლო!

თავიდან ვერ მივხვდი, რა მითხრა, მაგრამ არ დავბნეულვარ. მისი სიტყვების აზრს რომ ჩავუკვირდი, ყველაფერი გასაგები გახდა. მეც არ დავახანე და ვაჯახე:

- ზაბივაეტსია ლეგკო!

ეგ იყო და ეგ. ხელი შეუშვა თავის პარტნიორს, სკამზე ჩამოჯდა და ცხვირი ჩამოუშვა. მივხვდი, ჩემი ასეთი საქციელით საბოლოოდ ჩავუშხამებდი დაბადების დღეს და ჩემი დაპატიჟებაც სანანებელი გაუხდებოდა. დაპატიჟება კი არა, მეზობლობაც კი.

ამასობაში საშკას დრო უქმად არ დაუკარგავს. ნელ-ნელა გამომკითხა ყველაფერი... ჯერ ჩემი სახელით აღფრთოვანდა - ნატა, ნატალია - სახელებს შორის ულამაზესიაო, მერე ჩემს მწვანე თვალებს გადაწვდა - ასეთი "მომნუსხველი და მომაჯადოებელი" ფერის თვალები ცხოვრებაში არ მინახავსო. ბოლოს ტელეფონის ნომერი მთხოვა. მაგას როგორ დავუჭერდი, მაშინვე ჩამოვურაკრაკე. არადა, თვითონ არ ვიცი, რაში მჭირდება ეგ ყველაფერი. მე ხომ უკვე მყავს შეყვარებული.

7 თებერვალი

დილით სკოლაში დამაგვიანდა. ისე გავრბოდი, ფეხებით შევაღე რკინის ჭიშკარი. პირველი გაკვეთილი გეოგრაფია გვქონდა. გულიკო მასწავლებელმა გამჭოლი მზერა მესროლა.

- ძიძიგური, ყოფილიყავი ჯერ, სად გეჩქარებოდა! - შურდულივით მესროლა საყვედური.

- ბოდიში მასწ, მეტს არ ვიზამ! - მოვიშველიე მრავალნაცადი, გაზეპირებული ფრაზა და ჩემს მერხს მივუჯექი. ბაჩანამ მრავლისმეტყველად გამომხედა.

- შენ ოჯახში არ იზრდები, ამხანაგო! - მომმართა უცებ გეოგრაფიის მასწავლებელმა საკმაოდ ცივი ტონით.

გავოგნდი. ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია მისი ასეთი გაგულისება.

- ფეხით კარის გაღება ვინ გასწავლა, დედამ თუ მამამ? - თავის "მომართვას" ფარდა ახადა გულიკომ.

- მაგვიანდებოდა, მასწ, თორემ მაგდენი კი მესმის, - თავის მართლება ვცადე.

- ეგ უზრდელობაა და მეტი არაფერი. სხვა დროს დაიმახსოვრე! - თითქოს ნიშნისმოგებით მითხრა, ჩემს გასაქილიკებლად საბაბი რომ იპოვა.

ამ ქალს რატომღაც არ ვეხატები გულზე. ვერ გავიგე, რა დავუშავე. ისე მივაღწიე მეათე კლასამდე, გეოგრაფიაში ოთხიანი არ მიმიღია. ამის ხელში კი ხუთიანი სანატრელი გამიხდა. რატომღაც, მოსვლის დღიდან ამითვალისწუნა. აფსუს? ნეტავ არ გასულიყო პენსიაში ძაბული მასწავლებელი!

ბრაზი მახრჩობდა. საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ხომ შეეძლო, ეგ შენიშვნა ცალკე მოეცა, შესვენებაზე. ამდენ მოსწავლესთან რომ არ მომხტომოდა. უტაქტო! თვითონ არ იცის ეთიკის ნორმები და მაგან სხვას რა უნდა ასწავლოს! - ვბობოქრობდი ჩემთვის.

უცებ კარი ოდნავ გაიღო, ბიძინამ შემოყო თავი და უცებვე გაიხურა. მივხვდი, ზარი უნდა დარეკილიყო. ასეც მოხდა. ბიძინას ახლა დათომ მიბაძა. არც ეგ გამკვირვებია. ბიძინა მე მზვერავს, დათო - თამილას. რას იზამ, ვუყვარვართ ბიჭებს... აბა! ეგრე კი არ არის.

დერეფანში გავედი. ბიძინა იქვე ატუზულიყო, ფანჯარასთან. თვალით მანიშნა. მივუხვდი, ფიზიკის კაბინეტის გვერდზე, შეწეულ დერეფანში უნდა შევხვედროდი. იქ მასწავლებლები ნაკლებად შეგვამჩნევდნენ. ქრესტომათიის წიგნი მექანიკურად გადავშალე და ვითომ კითხვა-კითხვით გავეშურე დერეფნის ბოლოსკენ. ბიძინა უკვე იქ მელოდა.

- რას კითხულობ? - სალაპარაკო მიზეზი იპოვა და ხელზე შემეხო. ჟრუანტელმა დამიარა.

- ვიმეორებ, - ჩურჩულით ვუთხარი და შევხედე. მეტი არაფერი გვითქვამს. უსიტყვოდ სახეში შევციცინებდით ერთმანეთს მანამ, სანამ ზარი არ დაირეკა...

ბიძინა, ანუ "ბიძო", როგორც მას ბიჭები ეძახიან, ჩემი პარალელური კლასელია. ერთი წელია, ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ გვიშლიან ურთიერთობას - ცალკე მასწავლებლები, ცალკე - ბიძინას დედა. მასწავლებლები ჩემს ინტერესებს იცავენ, დედამისი - თავისი შვილისას. მაგალითად, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელს - პატივცემულ ზიზას რომ ჰკითხო, ბიძინა რა ჩემი შესადარია - შეხედავ, წითურ ძაღლს მიუგავს ცხვირ-პირიო, მეუბნება ხოლმე. ამავე აზრისაა ფიზიკის მასწავლებელიც, ელენე მამალაძე. "შტერაია გოგო ხარ, შენ, თვარა, მაგი რავა უნდა მოგეწონოს ხუთოსან მოწაფესო", - მოუქცევს ხოლმე იმერული კილოთი და თავისი ლამაზი პირისახით ისე გაგიღიმებს, სული გაგინათდება ადამიანს. აბა, ერთი ახლა ბიძინას დედას ჰკითხეთ? მაგისნაირი ბიჭი მთელ რაიონში არ დადის - დედისერთა და მილიონერი. მე რა მაგის ტოლი ვარ - გაჩხინკული, ინდაურის წონა, ფეხები ასანთის ღერს რომ მიმიგავს.

თუმცა, მე და ბიძინას ეგ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, რომ გვიყვარს ერთმანეთი და სულ არ გვაღელვებს სხვების აზრი.

10 თებერვალი

სკოლიდან დაღლილი მოვედი. ცეკვის რეპეტიცია მქონდა და, რომ იტყვიან, ოფლში გავიხვითქე. ათ დღეში ზონალური ოლიმპიადა იწყება, ამიტომაც დიდის ამბით ვემზადებით. ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. ლელა მასწავლებელს ჩემი იმედი აქვს. "ქართულსა" და აჭარულში" სოლოს მე ვცეკვავ. თუ გავიმარჯვეთ, მერე თბილისში მოგვიწევს გამგზავრება, რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. ერთი სული მაქვს, როდის გაივლის ეს დღეები...

მშია. ბებიაჩემი სადილს მიცხელებს. ტანსაცმლის გამოცვლა მეზარება, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს. თეთრი წინსაფარი ისე დამესვარა, უნდა გავრეცხო. თუმცა, მე რა უნდა გავრეცხო, ბებაიჩემი მიხედავს მაგ საქმეს. ხელს არ მაკიდებინებს არაფერზე. ჭიქა წყალიც კი ლოგინში მოაქვს, ისე დამფოფინებს თავზე. შენ ოღონდ ისწავლე, ოღონდ წიგნი იკითხე და ყველაფერს მე გაგიკეთებო, მეუბნება ხოლმე. გადამყვა საწყალი ქალი. ყველანაირად ცდილობს, უდედობა არ მაგრძნობინოს. მამაჩემმა მეორე ცოლი რომ მოიყვანა, დედინაცვალს ახლოს არ გამაკარა - ბავშვი დამეჩაგრებაო. მამიდაჩემმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - რა დედინაცვალი, რის დედინაცვალი, სანამ პირში სული მიდგას, ნატას თავს არავის დავუთმობ გასაზრდელადო. ჰოდა, მეც ვარ ასე განებივრებული, აქეთ ბებია მემსახურება, იქით - მამიდა.

უცებ ტელეფონმა დარეკა. მაშინვე ყურმილს ვეცი - ბიძინა მეგონა.

- ნატა, გამარჯობა! - გაისმა მამაკაცის ხავერდოვანი ხმა.

მეუცხოვა. ნაცნობს არ ჰგავდა.

- გაგიმარჯოს. რომელი ხარ? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- ვერ მიცანი?

- ვერა?

- აბა, კარგად დაფიქრდი?

- საშკა, შენა ხარ? - რატომღაც მის ხმას მივამსგავსე, თანაც გამიხარდა, ასე მალე რომ გავახსენდი.

- როგორ მიცანი? - სიცილი აუტყდა.

- საერთოდ კარგად ვარჩევ ხმებს, - მოვიწონე თავი.

- როოგორა ხარ, ნატა? - საშკა კარგ ხასიათზე ჩანდა.

- არა მიშავს, შენ?

- მეც არა მიშავს. გცალია სალაპარაკოდ?

- მცალია. საიდან რეკავ, სახლიდან? - რატომღაც ამით დავინტერესდი.

- ჰო, სახლიდან. რა ხდება შენსკენ, ხომ არაფერი შეცვლილა?

- ყველაფერი ძველებურადაა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საღამოთი, - გავახსენე ციალას დაბადების დღე.

- ჰოოო... - რაღაც ყოყმანი დაეტყო ხმაში, - მეც, სხვათა შორის.

- ციალას ხომ არაფერი უთქვამს ჩემი წამოსვლის შემდეგ? - ფრთხილად ვკითხე.

- ა-რა, რა უნდა ეთქვა? - თითქოს დაიბნა.

- რა ვიცი, მგონი, არ ესიამოვნა, ერთად რომ ვცეკვავდით.

- ჰოოო, მაგას ვინ კითხავს.

- ვითომ? მე კი მგონია, რომ თქვენ... - აღარ გავაგრძელე, მაგრამ მივახვედრე, რისი თქმაც მინდოდა.

- მე შენ მომწონხარ, - მომახალა უცებ.

კინაღამ ვუთხარი, მეც მომწონხარ-მეთქი, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. რა დროს სხვისი მოწონებაა, მე ხომ შეყვარებული მყავს! მაგრამ რომ მომწონს? რა ჩემი ბრალია?

- არ გამოვა მაგ საქმე, - სულ საწინააღმდეგო რამ ვთქვი.

- რატომ?

- არის მიზეზი, - თითებით ყურმილის ბოლოს დავუწყე წვალება.

- მაინც, მაინც?

-.......

- გამოდის, რომ ერთმანეთს არ უნდა შევხვდეთ? - არ მეშვებოდა საშკა.

- არა, მაგის საჭიროებას ვერ ვხედავ, - უარზე დავდექი. არადა, ნამდვილად არ ვფიქრობდი ასე.

- აბა, ტყუილად ვიცეკვეთ ერთად? - ყურმილში სიცილის ხმა გაისმა.

- ციალას ეწყინება, - წამომცდა უცებ.

- ვი-ი-ის?

- ცი-ა-ლას, - დავუმარცვლე, რომ კარგად გაეგო.

- აი, თურმე რაშია საქმე. გინდა, ერთი რამ გითხრა?

- რა? - სმენად ვიქეცი.

- მე საშკა არა ვარ.

- საშკა არა ხარ? აბა ვინა ხარ? - ელდა მეცა.

- გეგა ვარ, ანთაძე. გეცნობა ჩემი სახელი?

- მატყუებ! - ვიყვირე.

გეგა მთელი რაიონის გოგონების "კრასავჩიკი" იყო. ქალები მასზე ფიქრში, რომ იტყვიან, ათენ-აღამებდნენ. ყველას პირზე ეკერა მისი სახელი. მეტი საქმე არ ჰქონდა, ჩემთან დაერეკა. ნეტავ ვინ არის და რატომ მატყუებს? თუ ჰგონია, გეგა ვარო, რადგან იტყვის, კისერზე ჩამოვეკიდები? ვერ მივართვი!

- არ გატყუებ, გეფიცები, - გულწრფელი მეჩვენა უცნობი.

- ჩემი ნომერი ვინ მოგცა? - დაკითხვა დავუწყე.

- ერთმა შენმა ნაცნობმა, - არ დააკონკრეტა.

- რომელმა? - არ მოვეშვი.

- რა მნიშვნელობა აქვს. მთხოვა, არ გამცეო.

- გოგომ თუ ბიჭმა?

- გოგომ და ბიჭმა, - თქვა და კვლავ გაიცინა, - არ გჯერა?

- ?

- არ გჯერა? - გამიმეორა.

- მაშინ თავიდან რატომ მითხარი, საშკა ვარო?

- რა ვიცი, მეგონა, შენ ასე გესიამოვნებოდა. ხომ არ გეწყინა? ალო, ნატა, რატომ გაჩუმდი, გეწყინა?

- არა, არ მწყენია, - ხმადაბლა ვთქვი. აშკარად განვიხიბლე. თანაც, არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა გეგას ველაპარაკებოდი, თუ არა.

- შეიძლება ხანდახან დაგირეკო? - მკითხა.

- რისთვის? - ავიჩეჩე მხრები.

- ისე, უბრალოდ. შენი ახლოს გაცნობა მსურს.

- არ არის საჭირო, - ოფიციალურად გამომივიდა ნათქვამი.

- რატომ ხარ ასე დარწმუნებული, შენ ხომ არ მიცნობ?

- ეგ არაფერს ცვლის, - მთლად წამიხდა ნირი.

- ჯერ არ ცვლის, მაგრამ მერე შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, - დაბეჯითებით თქვა.

- როდის, მერე? - ამრეზით ვიკითხე.

- როცა ერთმანეთს ახლოს გავიცნობთ. მე მომწონს, როცა შენ ცეკვავ. ბევრჯერ მინახიხარ სცენაზე.

პირი ღია დამრჩა. ნუთუ მართლა? დავიჯერო, ჩემი ცეკვა ნამდვილად ნანახი აქვს?

- კარგი, ნატა, რადგან ასეა, თავს აღარ შეგაწყენ. სხვა დროს დაგირეკავ. იმედია, ყურმილს არ დამიკიდებ, არა?

- ........

- შეხვედრამდე. არა, შეხვედრამდე კი არა, დარეკვამდე, - "შეასწორა" გეგამ და ტელეფონი გათიშა.

კარგა ხანს ვიდექი გარინდული. ვერ მივხვდი, თუ უცნობი მართლა გეგა იყო, რა მიზანი უნდა ჰქონოდა მის ზარს. მითუმეტეს, ჩემთვის კარგად იყო ცნობილი მისი "დონჟუანობის" ამბავი. მე რა ისეთი მზეთუნახავი მნახა? ბოლოს გაოგნებულმა მხრები ავიჩეჩე, ყურმილი დავკიდე და სამზარეულოში გავედი, სადაც მაგიდაზე ბებიაჩემის გაცხელებული სადილი მელოდა.

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია