ქაღალდის რელიკვია (II ნაწილი) - გზაპრესი

ქაღალდის რელიკვია (II ნაწილი)

დღეს ოლიმპიადა ჩატარდა. ისე კარგად ვიცეკვე! უნდა გენახათ, რა ოვაციები გამიმართეს. სცენაზე სამჯერ გამიწვიეს. როგორ მიხაროდა! წინა რიგში ჩემი მეზობელი ბიჭი იჯდა, რევაზი, რომელსაც ამწეკრანიანი მანქანა ჰყავს და რომელიც ყველა შეხვედრაზე იმ თავისი "დრანდულეტიდან" მიყვირის ხოლმე: "ნატოჩკა, ლასტოჩკა, ლამპოჩკა!" ახლაც სწორედ ამ სიტყვებს მესროდა დარბაზიდან. სიხარულს სიცილით გამოვხატავდი. ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი. ლელა მასწავლებელი ტიროდა. ჩემამდე, ვინ იცის, რამდენი სკოლის გუნდი გამოვიდა, მაგრამ ისეთი უღიმღამო ნომრები ჰქონდათ, მაყურებლებს ტაშის დაკვრა ეზარებოდათ. ზრდილობის გულისთვის თუ შემოჰკრავდა ვინმე აქა-იქ ტაშს. ერთი სიტყვით, გავიმარჯვეთ. ჩემი პარტნიორი ფრიდონია, ჩემივე კლასელი. ძალიან საყვარელი ბიჭია. შესანიშნავად ცეკვავს, მაგრამ ძალიან მორცხვია. ამიტომ ლელა სულ უბრაზდება - ასწიე, ბიჭო, თავი, გაუღიმე გოგოს, რა დაბღვერილი ცეკვავ. შეხედე, რა ქალი გიდგას გვერდითო. ჩვენ სიცილით ვიჭაჭებით ხოლმე, ის კი მოხარშულ კიბორჩხალას ემსგავსება, ისე წითლდება. რა ქნას, ეგეთია.

როცა ყველაფერი დამთავრდა, გოგონები გასახდელში გავვარდით. იყო მოლოცვები და ერთი ამბავი. კოცნას და მადლობის თქმას ვერ ავუდიოდი. ზოგი გულწრფელად მილოცავდა წარმატებას, ზოგიც შურით მაყოლებდა მზერას. რა არიან ეს ქალები! რატომ უნდა შურდეთ სხვისი? მეც ქალი არა ვარ? რატომ არ მემართება მსგავსი რამ? როგორ მიხარია ხოლმე, ვინმეზე კარგ ამბავს რომ გავიგებ. ზოგი რანაირია!

როგორც იქნა, საცეკვაო ფორმა გამოვიცვალეთ და ჩვენ-ჩვენი ტანსაცმელი ჩავიცვით. ამ დროს კარზე ვიღაცამ მოურიდებლად დააკაკუნა.

- მობრძანდით! - გასძახა ლელა მასწავლებელმა.

კარი გაიღო და პატარა ბიჭი გამოჩნდა ვარდისფერი მიხაკებით ხელში, გაოფლილი, სახეაჭარხლებული, ქოშინებდა. ალბათ, დერეფანში დარბოდა.

- ნატა რომელია? - სათითაოდ გადმოგვხედა ყველას ეშმაკური თვალებით.

- აი, ეს არის, - თამილამ ჩემზე ანიშნა.

- აჰა, დაიჭი, იმან გამომატანა, - დაჭყანული ღიმილით მითხრა და თაიგული ხელში მომაჩეჩა.

ვერც კი მოვასწარი, მეკითხა, ვინ იმან-თქო, რომ შურდულივით გავარდა. ყველამ მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა. დავიბენი.

- ალბათ, ბიძინამ, - დაასკვნა თამილამ და მხარზე ხელი შემახო გამხნევების ნიშნად.

ტუჩი ავიბზუე. მეეჭვებოდა, ბიძინას ამგვარი რამ მოეფიქრებინა, მითუმეტეს, არც გამბედაობა ეყოფოდა. გულმოდგინედ დავათვალიერე ბუკეტი, იქნებ სადმე ბარათი იყოს ჩადებული-მეთქი, მაგრამ ამაოდ. რას ვიზამდი. მიხაკები ფანჯრის რაფაზე შემოვდე, რომ ჩანთა ჩამელაგებინა. ამ დროს თამილამ იყვირა:

- ვაი, ნატა, შეხედე, ყვავილს რა აწერია?!

მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

- ვინ არის გეგა? - დაინტერესდნენ ჩემი გოგონები.

მეუხერხულა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მესიამოვნა. ხომ ვხვდებოდი, ბიძინასგან რომ არ იქნებოდა! არ შევიმჩნიე. სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე, არის ერთი-მეთქი და უმისამართოდ გადავაქნიე ნაწნავები.

შავი ფერის თმა მაქვს, თანაც ძალიან ხშირი, გრძელი, სწორი, წელამდე მწვდება. სილვა ბებია სულ მეუბნება, შვილო, თმა არ შეიჭრა, შენი მშვენება ეგ არისო. ვერ ვიტან ამ ნაწნავებს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ან კი ვინ შემაჭრევინებს! ხომ მომკლავს ცალკე მამიდაჩემი, ცალკე კიდევ ბებიაჩემი.

გარეთ ამოვედით. კვლავ მესმის რევაზის ხმა: "ნატოჩკა, ლასტოჩკა, ლამპოჩკა!" და თავისი ამწესავით გრძელი, კეხიანი ცხვირითა და ღიმილისაგან ყურებამდე ჩახეული პირით ჩემკენ მოიწევს. უცებ ხელში ამიტაცა და დამატრიალა:

- "ნასტაიაშჩი გეროი" ხარ, მასახელე ხომ, მეზობელი? მალადეც! ასე უნდა! - თან ყვირის.

ძლივს გავაშვებინე ხელი. მრცხვენია. ამდენი კაცი მე მიყურებს. რა საძაგელია! არაფრის ერიდება. ყველას გააგებინა, რომ მისი მეზობელი ვარ.

ერთი სული მქონდა, სახლამდე როდის მივაღწევდი. ჯერ ჩემებს უნდა ვახარო ჩემი გამარჯვება, მერე - გივი მასწავლებელს, ჩემს საყვარელ მასწავლებელს.

გივი რუსიძე კარის მეზობელია, ერთი ღობე გვყოფს. იგი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მას სხვანაირად ვერ მოიხსენიებ. ნახევარი საქართველო მაინც იცნობს, იმდენად კარგი სპეციალისტია. რომელი კუთხიდან არ მოდიან მასთან, რათა თემები დააწერინონ - ზოგს მისაღები გამოცდებისთვის სჭირდება, ზოგსაც - სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის. ორიგინალურ თემებს წერს. მე გამორჩეულად ვუყვარვარ. ბავშვობიდან მამეცადინებდა ქართულში. ისე გამომაწრთო, თვითონაც აღრფოვანებულია, შენ რომ გრამატიკა იცი, შენი ქართულის მასწავლებელს არ ეცოდინება ისეო. არადა, გაგეცინებათ. სკოლაში ქართულს მისი ქალიშვილი, მზია მასწავლის. ხომ არის სასაცილო? ამ დროს მზია დიდებული მასწავლებელია. წითელ დიპლომზე დაამთავრა ინსტიტუტი. ისედაც, შეხედავ - გესიამოვნება. გამხდარი, წელწვრილი, წაბლისფერთმიანი ლამაზი ქალი, მომხიბვლელი ღიმილით. თუმცა, რა ქალი - ჯერ მხოლოდ ოცდაშვიდი წლისაა. იგი პარალელურად კორესპონდენტად მუშაობს გაზეთში. ყველა იცნობს და პატივს სცემს. განა გივიმ არ იცის თავისი შვილის ამბავი, მაგრამ მე, რატომღაც, უნიკალურ მოსწავლედ მიმიჩნევს, როგორც მის "შექმნილ შედევრს". მოქანდაკე რომ ჩამოასხამს განსაკუთრებული ქმნილებას და მერე თავად ტკბება, აი ისე.

ამჟამად იგი არსად მუშაობს. შინ დაუდის აბიტურიენტები და ამეცადინებს. ჯგუფები ჰყავს. მე მისთვის, ასე ვთქვათ, "საჩვენებელი მაგალითი" ვარ. თავის მოწაფეებს ეუბნება ხოლმე: "აი, ნატამ, მაგალითად, ეს უკვე დიდი ხანია, იცის. თქვენ კი კიდევ დიდხანს არ გეცოდინებათ". ხანდახან, საღამოობით, როცა მორიგ გაკვეთილს ატარებს, მე დამიბარებს ხოლმე (დეიდამის ჟოზეს მიგზავნის. იგი ბებიაჩემის "დაქალოჩკაა"), ნატა მოვიდესო. ვიცი, ამ დროს რისთვისაც მეძახის. მოსწავლეებმა, როგორც ჩანს, წინადადება ვერ გაარჩიეს ვერც სინტაქსურად, ვერც მორფოლოგიურად და მე "კლასი უნდა ვუჩვენო". მერე ამაყად გადახედავს მათ და ნიშნისმოგებით ეტყვის:

- ეს ბავშვი ისრუტავს ცოდნის სურნელს, თქვენ კი არცერთს ყნოსვის შეგრძნება არა გაქვთ, არც გექნებათ!

ასე ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეოთხე-მეხუთე კლასში ვიყავი. ასე გრძელდება დღემდე.

გარდა ამისა, რამდენ წიგნს მაკითხებს! ალბათ, არ არსებობს ლიტერატურა - ქართული, რუსული თუ უცხოური, წაკითხული არ მქონდეს, გივის წყალობით. ამდენი წიგნი შენი სკოლის არცერთ პედაგოგს არ ექნება წაკითხულიო, კმაყოფილი ღიმილით მეტყვის ხოლმე. ასეთი შედარება უყვარს. ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თვითონ არის ძალიან დიდი. მართლაც ასეა, ძალიან დიდია, დიდი კი არა - დიადი.

21 თებერვალი

სკოლის ჭიშკარი დიდი სიამაყით შევაღე. ვიცი, ყველა აღფრთოვანებული იქნება ჩემით.

- ჰა, ჩვენო შტერაია გოგოა, მიასიკვდილე ყველა, არა? - სიყვარულით მომქაჩა ნაწნავზე ელენე მასწავლებელმა, "ფიზიკამ".

"ფიზიკას" "ბიოლოგია" მოჰყვა, ზიზა მასწავლებელი. მან ფარული კმაყოფილებით გამომხედა. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებით მომეალერსა: "კარგი ხარ, კარგი, მაგრამ ბიძინა რომ გიყვარს, მაგას ვერ გაპატიებ". მის სათქმელს ყოველთვის უსიტყვოდ ვხვდები. თვალებით ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს.

სკოლის დირექტორიც კი გამომეგება, ბატონი გიორგი. ჯერ ხელი ჩამომართვა, მერე გულში ჩამიკრა, ბოლოს მადლობა გადამიხადა, სკოლა რომ ვასახელე. ამ კაცს ძალიან უხდება ღიმილი. რომ გაიცინებს, ასე მგონია, ცა იხსნება, სხვა დროს ისეთი მკაცრია. გაღიმებისას ოქროს კბილი გამოუკრთება ხოლმე.

აი, გეოგრაფიის მასწავლებელიც გამოჩნდა. როგორც ყოველთვის, ოფიციალურად შემხვდა, "მასწავლებლურად". თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:

- ბევრმა ქებამ თავში ავარდნა იცის. იმედია, ასე არ მოგივა!

რა უნდა ამ ქალს, რა დავუშავე! უაზროდ გავიღიმე და კლასში შევედი. რომ იტყვიან, "ეიფორიაში" ვარ. არცერთი საგანი არ მომიმზადებია წუხელ. წესით, არ უნდა გამომიძახონ. ხუმრობა ხომ არ არის, გუშინ იმდენი "კონკურენტი" დავამარცხე! ასეც მოხდა. დღეს არცერთ მასწავლებელს ნატა, როგორც გამოსაძახებელი მოსწავლე, არ "გახსენებია". ბოლო ზარი რომ დაირეკა, შვებით ამოვისუნთქე.

როგორც იქნა, დრო ვიხელთე, ბიძინასთან განვმარტოვდი. დღეს ხომ კინოს დღე გვაქვს. კლუბში შევხვდი. ხელზე ხელი მომიჭირა და თვალებში შემომხედა. ორივენი გავწითლდით.

- დღეს ზიზაა მორიგე, ამიტომ შენს გვერდით ვერ დავჯდები, - თითქმის ჩურჩულით მითხრა.

უსიტყვოდ დავუქნიე თავი. კვირაში ერთხელ, ყველა სეანსზე, თითო მასწავლებელი მორიგეობს ხოლმე, რამე რომ არ მოხდეს და დარბაზში ხმაური რომ არ იყოს. დღეს "ბიოლოგია" მორიგეობს. ზიზას ბავშვები ჟანდარმს ეძახიან. იგი ძალიან მკაცრია. მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებს ადამიანი.

ამ მხრივ ყველაზე "ჰუმანური" მზია მასწავლებელია. ჯერ ერთი, ყველაზე ახალგაზრდაა პედაგოგებს შორის, ამასთან, ყველაზე თანამედროვე. კარგად ესმის მოსწავლეების. მეგობრობს ჩვენთან. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი. თვითონაც ხომ იყო ჩვენი ხნის. ამიტომ გვიხარია, როცა ის არის მორიგე. არავის არაფერს უშლის. ბიძინაც თამამად ჯდება ჩემს გვერდით. იგი არ გვიკრძალავს ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ არც მას მოსწონს "ბიძო" და ჩემს ტოლად სულაც არ მიაჩნია. მიგებს, ასე ვთქვათ. თანაც ლიზა მამიდას უახლოესი მეგობარია, ამასთან, კარის მეზობელი და ჩვენი ოჯახის წევრივითაა. ოღონდ, სკოლაში სულაც არ მაგრძნობინებს ამას. იქ მასწავლებელია, მორჩა და გათავდა. შინ კი სულ შენობით ველაარაკები. შენობით კი არა, ერთად დავძრომიალობთ ხოლმე ზაფხულობით ხეებზე, განსაკუთრებით, ბალი როცა შემოდის. ჩემზე უფრო ახტაჯანაა. ისე სწრაფად მოექცევა ხოლმე ხის კენწეროს, ვერც დაიჯერებ, რომ მასწავლებელია. ხელში გამუდმებით ცხვირსახოცი უჭირავს. სულ გაციებულია, სულ "თხიპინებს" და ცხვირს იხოცავს. ბავშვები ეხუმრებიან ხოლმე, მასწ, ამდენი მოხოცვით ცხვირი დაგიგრძელდებათ და მერე რა გეშველებათ, ცოლად არავინ გითხოვთო. ამაზე გიჟებივით ვიცინით. თვითონაც ეცინება. არადა, მართლა ძალიან ლამაზია, თანაც ყოველთვის მოდურად აცვია, ნაირ-ნაირები, ყოველდღე სხვადასხვა. ამ ბოლო დროს, მგონი, შეყვარებულიცაა. ჯერ ზუსტად არ ვიცი. ტაროსთან ერთად ვნახე რამდენჯერმე. ტარო რედაქციაში მუშაობს, რედაქტორის დისშვილია. მას "06" ჰყავს და ჟურნალისტებს დაატარებს ხოლმე მასალებზე. მეც ვიცნობ. იგი ჩემი ინგლისურის რეპეტიტორის, ლორას გვერდით ცხოვრობს და ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ვინ იცის, რამდენჯერ წამომიყვანა შინ მანქანით. იქიდან ხომ გვიან მოვდივარ, შეღამებულზე. კარგა გვარიანი მანძილი მაქვს გამოსავლელი. სულ მეხუმრება, მამაშენს უთხარი, ხელფასი დამინიშნოს, ასე რომ გემსახურებიო. კარგი ბიჭია ძალიან. გამიხარდება, თუკი შეუღლდებიან. ღმერთმა ქნას. კარგი წყვილი კი გამოვა, აი!..

დღესაც ინდური ფილმი გადიოდა, "ჰამრაზი". ტევა არ იყო კლუბში. უცხოებიც შემოვიდნენ, თითქოს მოსწავლეებისთვის კი არა, მთელი მოსახლეობისთვის ყოფილიყო სეანსი განკუთვნილი. ასეთ ხალხს თვით ზიზაც ვერ უმკლავდება. ძნელია, იმხელა ბიჭებს შეეწინააღმდეგო. ამიტომაც უკვე აღარავინ უშლის მათ ფილმზე დასწრებას.

სურათი, როგორც ყველა ინდური ფილმი, ორსერიიანი იყო. გვიან დამთავრდა. მაინცდამაინც არ მომეწონა. ამას "ავარა" და "მე მასხარა მქვია", ათი თავით სჯობს. რა ვქნა ახლა, რაც არის, არის, ყველა ფილმი კარგი ხომ არ იქნება. თუმცა, ინდური ფილმის სიკარგე ვინ გაიგონა. თანაც, რა ცუდი ფინალი ჰქონდა!..

ბიძინამ გამომაცილა. გზაში თითქმის არ გვისაუბრია. მხრებით შევეხებოდით ხოლმე ერთმანეთს და ორივეს ელეთმელეთი მოგვდიოდა. ნეტავ სანამდე გაგრძელდება ასე? ან რა მოხდება, სკოლას რომ დავამთავრებთ? შემირთავს ცოლად? თუ ჯერ უნდა ჩავაბაროთ? ამაზე არაფერს ამბობს. არასდროს. საინტერესოა, რას ფიქრობს, მაგრამ ხომ არ ვკითხავ. ისე, საკმაოდ თამამი ბიჭია, მაგრამ ჩემთან - ძაან მორიდებული. ერთი წელია, ერთმანეთი გვიყვარს და ჯერ არ უკოცნია. რა ვიცი, უნდა ეკოცნა? ნეტავ სხვა, ჩემი ტოლი შეყვარებულები როგორ იქცევიან? მაგას ვინ მეტყვის. ყველა ყველაფერს მალავს. ჩემ კლასში თითქმის ყველა შეყვარებულია, მაგრამ კოცნაზე არავინ ლაპარაკობს - არც თამილა, არც ფრიდონი, არც ბაჩანა... სხვათა შორის, არც ნინო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უახლოესი დაქალია. ლალიზე არა მაქვს ლაპარაკი. იგი, მგონი, ერთადერთია კლასში, ვისაც არავინ უყვარს. წარჩინებული "კომკავშირელოა", მოწინავე, კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სამაგალითო, თითით საჩვენებელი და რა ვიცი... უამრავი "კომუნისტური" ეპითეტით შეიძლება მისი დახასიათება. არა, სწავლით ჩემსა და ნინოზე უკეთესად ვერ სწავლობს, მაგრამ მაინც ჩვენ სამი ვართ საპატიო დაფაზე გამოჭიმული. არა, შემეშალა, ჩვენი კლასიდან მეოთხეც "კარგოსანია", ზვიადი, სკოლის ალენ დელონი. ძალიან ჰგავს. მთელი სკოლის გოგონები მასზე არიან შეყვარებული, ჩემს გარდა. ჩემი ძმაკაცია. თვითონ, მგონი, არავინაც არ უყვარს. სად სცალია მაგისთვის. თავი სულ წიგნებში აქვს ჩარგული. კითხულობს და სწავლობს, კითხულობს და სწავლობს...

1 მარტი

ცუდი ამინდია. მერამდენე დღეა, წვიმს. ჯერ იყო და, ქარებმა წაგვიღო, ახლა კი წვიმამ გაგვიჭირა საქმე, გადაღებას არ აპირებს. მაინც მიხარია. გაზაფხულის პირველი დღეა, რაც უნდა იყოს. თანაც, დღეს გეგამ დამირეკა. იმ ყვავილების გამოგზავნის მერე არ შემხმიანებია. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა შევშფოთდი. რაღაც მოუკლო დარეკვას. მე კი ყოველ საღამოს დარჭობილი ვარ ტელეფონთან, იქნებ მოიფიქროს და დამირეკოს-მეთქი, მაგრამ, ნურას უკაცრავად. დავავიწყდი რატომღაც. არ უნდა და ნუ უნდა! ანკი ვინ ეხვეწებოდა თავიდან, დამირეკეო. საკუთარი ინიციატივით გამეცნო და უკვე ისე დამიალოვდა, შევეჩვიე მასთან საუბარს. თითქოს მოთხოვნილებად გადამექცა. ეს საშკა ხომ საერთოდ "აორთქლდა". არც მაინტერესებს. კარგა ხანია, გადამიარა პირველმა "აღფრთოვანებებმა".

რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე ვიყავი მთელი დღე, თითქოს რაღაცას ველოდი. ბიძინა არ გამოცხადდა დღეს სკოლაში, სიცხე ჰქონია. ნანამ მითხრა, ჩემმა პარალელურმა კლასელმა. იგი ბიძინას უახლოესი მეგობარი, დედამისის "დაქალი" და მესაიდუმლეა. ეს მისგან ვიცი ხოლმე, რას ლაპარაკობს "სადედამთილო" ჩემზე, ჭორებს მაწვდის. ნანა მაგარი მეტიჩარა გოგოა. "სვეტსკი" ოჯახშია გაზრდილი და ყველასთან არ კადრულობს მეგობრობას. მე გვერდი ვერ ამიარა. ჯერ ერთი, მისი ძმაკაცის შეყვარებული ვარ და მეორეც, ყველა მიცნობს გარშემო, ყველას ჩემი სახელი აკერია პირზე - მე ხომ ყველაფერში პირველი ვარ. ამასთან, მამაჩემი საკონსერვო ქარხნის დირექტორია, ბაბუა კი, მამის მამა, ცნობილი იურისტი. ასე რომ, "საპატიო" პიროვნება ვარ და ნანასთვისაც, რა თქმა უნდა, სამეგობროდ მისაღები.

მართალია, ბიძინა ვერ ვნახე, მაგრამ რატომღაც კარგ გუნებაზე ვიყავი. შინ მოსულს გივიმ კვლავ ჟოზე გამომიგზავნა, შენი "მეგობარი" გიბარებსო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. შუადღეს არ ჰყავს ხოლმე მოსწავლეები. ღობეს გადავევლე და რამდენიმე წამში მასთან გავჩნდი.

- როგორ ბრძანდები, ამხანაგო გივი? - ხელის აქნევით მივესალმე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობაა, შენობით მივმართავთ ერთმანეთს. მიმაჩვია, რა ჩემი ბრალია. "უფროს მეგობარს" მეძახის. თქვენობით მიმართვა უიდურეს შემთხვევაში გამოიყენე ხოლმეო, მეუბნება.

- შენ იცი, რომ საქართველოში ოდითგანვე თვით მეფეებსაც კი შენობით ელაპარაკებოდა ხალხი, ყველაზე მდაბიონიც კი, - თითის აწევით მიმტკიცებს ყოველთვის, - ხოლო ინგლისელებს "თქვენ" და "შენ" ერთი და იგივე ფორმით აქვთ გამოხატული. ეს ისე კი არ ხდება, არის მასში გარკვეული კანონზომიერება.

რა კარგი ადამიანია! ამქვეყნად არავის მიმართ ამხელა მოწიწება არ გამაჩნია, თვით მამაჩემის მიმართაც კი. მიუხედავად იმისა, რომ...

გივი მასწავლებელს ერთი დიდი ნაკლი აქვს - პათოლოგიური სიმთვრალე. თუ სმა დაიწყო, მტრისას! დღეში ათჯერ თვრება და თვეობით გადააბამს ხოლმე. მერე აწვენენ სანატორიუმში, გაუკეთებენ რაღაც ნემსს, თუ ჯანდაბას და დროებით "გადააჩვევენ" დალევას. ასე მეორდება ექვს თვეში ერთხელ. მენანება, მაგრამ მე რას გავაწყობ. ერთხელ კი შევაპარე:

- გივი, რატომ სვამ, ამხანაგო, ამდენს? ხომ იცი ხალხის ამბავი, იტყვიან, ლოთიაო, - ვთქვი და კართან ავიტუზე, ზედმეტი სითამამისთვის გარეთ არ მომისროლოს-მეთქი.

- ეეჰ, ჩემო უფროსო მეგობარო. შენ არ იცი, რომ ამქვეყნად ყველა გენიოსი ლოთი იყო? თვით გალაკტიონიც კი. სხვანაირად იგი ამ გენიალურ ლექსებს ვერ დაწერდა.

ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ ამ თემაზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია...

...ხმაურზე თავი ასწია.

- ოჰ, ნატას გაუმარჯოს! - შემომღიმა და ხელი ჩამომართვა.

მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ნიკოტინისაგან ჩაყვითლებული აქვს. ოთახშიც პაპიროსის საშინელი სუნი ტრიალებს. გივი მხოლოდ მშობლიურ "პრიმას" ეწევა და არავითარ შემთხვევაში სხვა სიგარეტს. ეს არის ნაღდი თუთუნიო, იტყვის ხოლმე.

- რაშია საქმე, ამხანაგო, რამე ახალი წიგნი გამომიძებნე? - მეგონა, ასეც იქნებოდა.

- ო-ო-ო! შენ თუ იცი, რას ნიშნავს "ვარსკვლავეთის ომები"? - გამომცდელად შემომხედა.

დავიბენი. არ ვიცოდი. შემრცხვა.

- არა, არ ვიცი.

- აბა, დაფიქრდი!

ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ჩავფიქრდი. შთაგონებული სახეც მივიღე, ტვინიც ბევრი "ვიჭყლიტე", "თავიც გავანძრიე", როგორც ლიზა მამიდა შემომძახებს ხოლმე, მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა.

- არ ვიცი, აზრზეც არა ვარ, - დავყარე ფარ-ხმალი.

- შენმა ისტორიის მასწავლებელმა თუ იცის? - ისე საზეიმოდ შემომხედა, თითქოს ჩემი ისტორიის მასწავლებელი, ეს-ესაა, უვიცობაში გამოიჭირაო.

- ვერ გეტყვი, - ავიჩეჩე მხრები.

არადა, ისტორიას დირექტორი მასწავლის. მაგას როგორ არ ეცოდინება! ჭკვიანი კაცია.

- არ ეცოდინება! - თითქოს მიმიხვდაო, დაბეჯითებით თქვა, - თუ გინდა, ხვალ სკოლაში რომ მიხვალ, შეეკითხე, აბა რას გეტყვის, - თავისი "აღმოჩენით" კმაყოფილმა ხელები მოისრისა.

- რას ნიშნავს? - უკვე ძალიან დავინტერესდი.

- მერე გეტყვი, ჯერ იმის პასუხი მომიტანე, - დირექტორის მისამართით თქვა გივიმ, - შენ კი აი, ეს წაიკითხე. ამას ვერსად ნახავ, აკრძალული ლიტერატურაა.

- ვისია? - ხელი გავიწვდინე საქაღალდეში ჩადებული ხელნაწერი თაბახებისკენ.

- ერთი კარგი პოეტის ლექსებია. მიხეილ ქვლივიძე გაგიგია?

- პირველად მესმის, - ვთქვი და ჩამოვართვი. მივხვდი, რაღაც განსაკუთრებულს მაძლევდა. როგორც განძი, ისე ეჭირა ხელში.

- ჩვენ დროში ამისთანა რამის თქმა გმირობის ტოლფასია, - მითხრა, - წაიკითხე, ისწავლე და შენთვის შეინახე, არავის უთხრა. მოვა დრო და გამოგადგება, - მხოლოდ ეს თქვა და ხელით მანიშნა, თავისუფალი ხარ და წასვლა შეგიძლიაო.

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია