ქაღალდის რელიკვია (VI ნაწილი) - გზაპრესი

ქაღალდის რელიკვია (VI ნაწილი)

5 აპრილი

ოთხშაბათია. გეგამ არა და არ დარეკა. მე კი გამალებით ველოდები მის ზარს. ვიფიქრე, იქით დავურეკავ-თქო, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე. მეორე დღეა, ვყოყმანობ. არა, კი დავრეკე, მიპასუხა კიდეც, მაგრამ ხმა არ გავეცი. არ გავუთიშე, სანამ თვითონ არ დამიკიდა ყურმილი. მერე ველოდებოდი, იქნებ მიხვდეს და გადმომირეკოს-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად. არ მაღირსა "მისმა ბრწყინვალებამ". ეგეც ერთგვარი მეთოდია. თავი უნდა მომანატროს, რომ მერე თბილად შევხვდე და საყვედურებით არ ავავსო - არიქა, რაღამც დარეკა, როგორ შეიძლება ჩხუბიო. ალბათ, ასე ფიქრობს. მე მგონი, სწორადაც. ოღონდ შემეხმიანოს და ეშმაკსაც წაუღია ნანა და მისი "გამოყენებები". ჯერჯერობით რას ვაგებ - რომელ პაემნებზე მე ვხვდები, რომ, ბებიაჩემისა არ იყოს, სადმე ბნელ კუთხეში შემიტყუოს? რა ვქნა, ძალიან მენატრება. საოცრად კარგი მოსაუბრეა. "ნაკითხი, განათლებული, ექიმი", - მეზობლები რომ იტყვიან ხოლმე სასურველ სასიძოზე.

მართალია, გეგა არ რეკავს, მაგრამ სამაგიეროდ ბიძინა "აქტიურობს", ოღონდ არა ჩემთან, არამედ ნანასთან. იმ სულელმა, მგონი, მართლა დაიჯერა. ორი დღეა, ტვინი გამიბურღა. ბიძინამ ასე შემომხედა, ასე მითხრა, ასე მომექცა, იქ გამაცილა, აქ გამომყვა და ა.შ. არ შეუყვარდეს ამ ოხერს! ბიძინასაც რომ დაუჯდეს ჭკუაში? მერე რა ვქნა? ვითომ მეწყინება? ამის გაფიქრებაზე ვიგრძენი, როგორ აღვშფოთდი. როცა მეგონა, რომ ბიძინას "გადართვა" გამიხარდებოდა გეგასთან ურთიერთობის გამო, პირიქით მოხდა. ეჭვიანობამ გამკენწლა. ნანას, როგორც ვატყობ, უხარია ჩემი შეყვარებულის ასეთი მოჭარბებული ყურადღება. შტერი! ჰგონია, რომ ბიძო მართლა მასზეა გადარეული. რა სულელი გოგოა. ისეთ დეტალებს მიყვება, უკვე გულზე ვსკდები. აი, ხვალ მივალ სკოლაში და ბიძინას შავ დღეს დავაყრი. მგონი, ზედმეტი მოსდის. მართლა ხომ არ მოუვიდა თვალში? აჰა, მე უკვე ვეჭვიანობ და ძალიან "მწარედაც". მაგრამ გეგაზეც რომ ვფიქრობ? რაო, ნატა, არცერთი გეთმობა? ორივესთან გინდა ურთიერთობის გაგრძელება? ეგრე სად არის! - შემოვუძახე ჩემს ორეულს. საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. არა, უნდა ვუთხრა ნანას, რომ მოვატყუეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

გაკვეთილებზე უყურადღებოდ ვიჯექი. ბიძინა ვერ მოვიხელთე დილიდან სალაპარაკოდ. არა უშავს, დღეს "კინოს დროა" და იქ შევხვდები. ვნახოთ ერთი, რას მეტყვის.

- აფიშა ნახე? - მიჩურჩულა მათემატიკის გაკვეთილზე ბაჩანამ.

- არა, რა ფილმი გადის? - ჩურჩულითვე ვკითხე.

- "ბობი".

- აუჰ! არ აგვიკლეს ამ ინდური ფილმებით? ამოვიდა ყელში.

- მაგარი ფილმია, თანამედროვე.

- მეეჭვება. რაც უნდა იყოს, ინდურია, - ტუჩი ავიბზუე.

- ძიძიგურო! გაგიცივდა პატრონი! გამომსევრდი ერთი დაფასთან და გაიმეორე, რაც ავხსენი, - ისე მოულოდნელად იკივლა ლუბა მასწავლებელმა, შიშისაგან შევხტი. ნირწამხდარი გავედი დაფასთან. მგონი, ფერი აღარ მადევს სახეზე. ის იყო, თქმას ვაპირებდი, არაფერიც მომისმენია თქვენი ახსნილი გაკვეთილიდან-თქო, რომ ზარიც დაირეკა. შვებით ამოვისუნთქე. გადავრჩი...

კლუბში ცოტა დაგვიანებით მივედი - კატუშას მაღაზიაში შევიარე, სამელნე და ჩინური კალმის წვერი უნდა მეყიდა. ეს ჩინურები ახლა გამოვიდა. მომრგვალებული წვერი აქვს. რბილად წერს, არ დღაბნის ასოებს. შუშის სამელნეც შევარჩიე. კარგია გამჭვირვალე, მეცოდინება მაინც, მელანი სადამდე ასხია. ჩვენს სკოლაში ჯერ კიდევ არ გვაძლევენ პასტით წერის უფლებას. ახირებული კაცია ჩვენი დირექტორი. ყველაფერში ორიგინალობა სურს. სხვა სკოლებში გოგონებმა კაბებიც კი დააგრძელეს წვივამდე, ბატონი გიორგი კი ჩვენ ამის უფლებასაც არ გვაძლევს - მოსწავლე ბავშვურად უნდა გამოიყურებოდესო. ბაფთის გარეშე ხომ არავის უშვებს. საცოდავი თამილა! ბიჭურად შეიკრიჭა თმა და კინაღამ მოკლეს - სადაც გინდა, იქ დაიბნიე ბაფთა, თუ არადა, სკოლაში მოსული არ გნახოთო, ცალკე დამრიგებელი უჩიჩინებდა, ცალკე სასწავლო ნაწილი. სხვა რა გზა ჰქონდა - ააცვა ბაფთა ძაფზე, გაუყარა სარჭი და კინკრიხოზე დაიმაგრა. ეჰ, რა ეშველებათ ამ კონსერვატორებს. ამათ რა "გაათანამედროვებს"...

...დარბაზი გადაჭედილი იყო. თვალი მოვავლე უკანა რიგებს. ჩემი კლასელები, როგორც ყოველთვის, ბოლოსწინა რიგში ისხდნენ. ბიძინას დავუწყე ძებნა. უცებ გავშრი... ნანას გვერდით იჯდა. კინაღამ გული შემიღონდა. იმანაც შემამჩნია. ეტყობა, ჩემი მზერა იგრძნო. ნაძალადევად გავუღიმე. არა, დალაპარაკება შეუძლებელია. თანაც, დღეს ციცო მასწავლებელია მორიგე, ჩვენი დამრიგებელი. არ ღირს. ხვალ ნოტაციების კითხვას დამიწყებს. უარესად გამიფუჭდა ხასიათი... შუქი ჩაქრა და სეანსიც დაიწყო. გულგასიებული დარბაზიდან გამოვედი და შინისკენ გავსწიე.

6 აპრილი

დღეს გაერთიანებული ფიზკულტურა გვქონდა. ეზოში ჩაგვიტარდა. ნორმატივები უნდა ჩაგვებარებინა. ხელსაყრელი მომენტი შევარჩიე და ნანას რომ წამზომი ჩაურთო აჩი მასწავლებელმა ასმეტრიან დისტანციაზე, ბიძინას გადავულაპარაკე:

- მგონი, თქვენ უჩემოდაც მშვენივრად ეწყობით ერთმანეთს, - თან ელეთმელეთი მომდიოდა.

- მე შენს დავალებას ვასრულებ, ჩვენში რომ დარჩეს. ხომ არ დაგავიწყდა? - მწყრალად შემომხედა.

- ნამეტანი მონდომებით ასრულებ, რაღაც. არ მითხრა, აზარტში შევედიო, - სიბრაზე უკვე ყელში მომებჯინა, - ისიც კარგად გიჟუჟუნებს თვალებს, არა? შემთხვევით ხომ არ შეგიყვარდა?

- შენს ირონიას საზღვარი არა აქვს... რაზე შემატყვე, რომ შემიყვარდა! - თვალებში შემომხედა. მზერა ავარიდე.

- რა ვიცი, გუშინ კლუბში გუგულებივით ერთად კი ისხედით და...

- ეგ ჩემი ბრალი არ არის. იდეა შენი იყო. ნანასთან რა გინდა, რა შუაშია. იქით ატყუებ და კიდევ ამრეზით მოიხსენიებ? - მისაყვედურა.

- ჰოდა, გყავდეს მანდ! მშვენივრად უხდებით ერთმანეთს! - ტირილნარევი ხმით მივაძახე და ზურგი შევაქციე.

უცებ ვიგრძენი, როგორ შემეხო ზურგზე მთელი ტანით. მხრები გამითბა. ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩურჩულით მითხრა.

- მე შენ მიყვარხარ მხოლოდ, სხვა არავინ. გესმის?

როგორ მესიამოვნა! თითქოს ტკივილი დამიამაო.

- გესმის? - გაიმეორა.

- მესმის, - ძლივს გასაგონად ვუპასუხე.

- გჯერა?

თავი დავუქნიე და ოდნავ განზე გავდექი, ვინმეს რომ არ შეემჩნია მისი სიახლოვე. ფრთხილად გადავხედე კლასელებს... ბაჩანას მრავლისმეტყველ მზერას წავაწყდი...

მთელი საღამო ბიძინაზე ვფიქრობდი. რა კარგია, გამოდის, ვუყვარვარ. სულ ტყუილად მეშინოდა. ნანაზე კი ახია. შეუყვარდეს. უარესის ღირსია. წარმომიდგენია, როცა ყველაფერს გაიგებს, რა სახე ექნება!

ათი საათი ხდებოდა, რომ დარეკა, გასტრონომთან გელოდები და გამოდიო. ასეთ დროს როგორ მოახერხა შინიდან გამოსვლა? რა უნდა ნეტავ? რამე ხომ არ მოხდა? ათასი კითხვა მიტრიალებდა გონებაში, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ გავპარულიყავი შეუმჩნევლად. ვერ მოვახერხებდი. სხვა რამე უნდა მეღონა. ბოლოს "ვიღონე". ბებიაჩემს გავძახე, გივისთან გადავალ ხუთი წუთით, წიგნი უნდა გამოვართვა-მეთქი და ოთახიდან გავვარდი.

მაღაზიის უკან ძლივს დავლანდე ბიძინას სილუეტი. ახლოს მივედი.

- ბიძინა, შენა ხარ? - ხმადაბლა დავუძახე.

- მე ვარ, მოდი, - უფრო ბნელი კუთხისკენ გაიწია.

მივუახლოვდი. სხეული მითრთოდა. "ღამის პაემანზე" პირველად ვიყავი.

- ასე გვიან რამ მოგიყვანა? - ჩურჩულით ვკითხე.

პასუხის ნაცვლად უცებ წელზე მომხვია ხელი და მკერდზე მიმიკრა. გავიტრუნე. რაღაც დაბნეულობასაც ვგრძნობდი. ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთთან. მსგავსი რამ პირველად ხდებოდა მთელი წლის მანძილზე. შევხედე. მთვარის შუქზე თვალები უბრწყინავდა. სახე ახლოს მომიტანა. უნებურად თვალები დავხუჭე... ტუჩებში მაკოცა. ჩვეულებრივად, ბავშვურად. ეს არ იყო ფილმებში ნანახი კოცნა.

- გიყვარვარ? - ჩურჩულით მკითხა, თან ჩაბღუჯული ვყავდი.

- კი.

- პირობას მომცემ, რომ სხვას არ გაჰყვები ცოლად?

ახლა კი ვიკადრე თვალების გახელა.

- პირობას? - უცნაურად მეჩვენა მისი წინადადება, - ისე მელაპარაკები, თითქოს აკვნიდან დანიშნულები ვიყოთ, - მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე. არ გამძალიანებია, ადვილად "შემელია".

- შენი თავის იმედი არა გაქვს?

- არა, მაგაში არ არის საქმე, უბრალოდ, არ ველოდი ეგეთ რამეს. რა ვიცი, თუ საჭიროა... პირობას გაძლევ, - ვთქვი და მივხვდი, ვიჩქარე. ვიჩქარე და იმწუთშივე ვინანე.

კვლავ დამიპირა კოცნა. მსწრაფლ დავუსხლტი ხელიდან და წასასვლელად გავემზადე.

- ჩემებმა არ იციან, გამოსული რომ ვარ, სასწრაფოდ უნდა გავბრუნდე, რა ვქნა, - ვიმართლე თავი, გამოვემშვიდობე და სირბილით დავუყევი ქუჩას.

- მოხვედი, ნატა, - ბებია შემომეგება კარის ზღურბლთან, - ახლა ვაპირებდი შენთან წამოსვლას, არ შეეშინდეს-თქო.

- ჰო, მოვედი, - ძლივ გასაგონად ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი.

- წიგნი?

- რა წიგნი? - ვერ მივხვდი.

- გივის წიგნი არ გამოართვი?

- ჰოო! გამოვართვი და მაგიდაზე დამრჩა.

იჭვნეულად გამომხედა. რაღაც არ მოეწონა ჩემს ნათქვამში, თუმცა არაფერი უთქვამს.

ჩემს ოთახში გავედი. ლოგინში ჩავწექი. სასიამოვნო მოთენთილობას ვგრძნობდი. ცოტა ხანში ბებიაც შემომყვა.

- მართლა, რა უნდა მეთქვა, ვიღაც ბიჭმა დარეკა და გიკითხა, - მითხრა და თან ჩემი ტანსაცმლის დაკეცვას შეუდგა.

- ბიჭმა? ვინა ვარო, არ თქვა? - გული შემიქანდა.

ამ წუთამდე გეგა საერთოდ არ გამხსენებია.

- კლასელი ვარო.

- რომელი კლასელი, სახელი არა მაქვსო?

- გოგა თუ გიგა, რაღაც ასეთი, ვერ გავიგონე წესიერად.

სუნთქვა შემეკრა.

- არა უშავს. ხვალ სკოლაში ვნახავ, - ჩავიბურტყუნე და საბანში ჩავიმალე, ვითომ ძალიან მეძინებოდა.

ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა საძინებლიდან. ტელეფონი უნდა შემომეტანა. გეგა აუცილებლად დარეკავდა. გული მიგრძნობდა. სილვა ბებია გასვლას არ ჩქარობდა. ახლა მოუნდა მაინცდამაინც ჩემი ტანსაცმლის დაკეცვა და წიგნების მილაგება. კარგა ხანს იტრიალა.

- შუქი ჩაგიქრო, ბებო? - როგორც იქნა, დაამთავრა.

ხმა არ გავეცი. თავი მოვიმძინარე.

- გენაცვალოს ბებია, - ჩურჩულით თქვა, დაიხარა და თავზე მაკოცა. მერე საბანი შემომიკეცა გულმოდგინედ, შუქი ჩააქრო და კარი ფრთხილად გაიხურა. ცოტა ხანს მივაყურადე. როგორც კი ფეხის ხმა მიწყდა, სასტუმრო ოთახში გავვარდი, ტელეფონის აპარატს ხელი დავავლე და საძინებლისკენ გავაქანე. ზარი, რაც შეიძლებოდა, დაბალ ხმაზე დავაყენე. ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენოდა. კინაღამ ჩამთვლიმა. ჩამთვლიმა კი არა, სიზმრის რაღაც ნაწილის ნახვაც მოვასწარი, სანამ გეგა დარეკავდა.

- ალო! - პირველსავე ზარზე დავეტაკე ყურმილს. ვიცოდი, ამგვარი საქციელით ჩაჭრილი ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. შემეშინდა, ტელეფონის წკრიალს ჩემები არ გაეღვიძებინა, თუმცა ხმა ჩაწეული მქონდა.

- გავაგრძელოთ ჩვენი შეწყვეტილი დიალოგი? - გეგამ ისე დაიწყო საუბარი, თითქოს ორიოდე წუთის წინ დავცილდით ერთმანეთს.

- ... - დავიბენი.

- რა იყო, ნატა, პასუხის ღირსადაც არ მთვლი?

საბანი თავზე წავიფარე ხმის დასახშობად.

- პირველ აპრილს რომ დავიწყეთ... იმედია, დღეს მაინც დამეჯერება. რას იტყვი? თუ საერთოდ აღარ დამეჯერება?

- არ ვიცი.

- ვინ იცის, აბა? ვის ვკითხო?

- არც ეგ ვიცი...

- გამოდის, ჩვენი საუბარი ვერ შედგება? ჰა? - რაღაც სიცივე დაეტყო ხმაში.

გული შემიქანდა. ახლა ამან ყურმილი რომ დამიკიდოს, აღარასოდეს დარეკავს და ალბათ, სამუდამოდ დავკარგავ. მერე? მაწყობს? არამც და არამც! არც მისი დაკარგვა მინდა.

- კი მაგრამ, ეს საუბარი არ არის? ვერ გავიგე, რა არ შედგა, - ვიპოვე გამოსავალი.

პაუზა გააკეთა. რამდენიმე წამი და კვლავ ალაპარაკდა.

- იცი, ახლა რა ვქენი? - ისევ "დაუთბა" ხმა.

- რა? - საბნის ქვეშ უკვე აღარ მყოფნიდა ჰაერი. ცხვირი გარეთ გავყავი, რომ სუნთქვის საშუალება მომცემოდა.

- შვებით ამოვისუნთქე, - გაიცინა.

- რატომ?

- ყურმილი რომ არ დამიხეთქე, იმიტომ. ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება რომ ისურვე, იმიტომ. უფრო მეტსაც გეტყვი, გინდა?

- მითხარი, აბა?

- მე შენ მოგწონვარ.

- მომწონხარ?

- თანაც როგორ. სულ ჩემზე ფიქრობ.

- დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე.

- რატომ, სიმართლე რომ გითხარი, იმიტომ?

- შენ ხომ მე არ მიცნობ. საიდან გამოიტანე ასეთი დასკვნა?

- შენმა ხმამ გაგცა. არც მეტი, არც ნაკლები, - კვლავ გაიცინა.

- რა ხმა მაქვს ამისთანა? ახლაც ისე გელაპარაკები, როგორც სხვა დროს.

- არა. შენი ხმის ტემბრს მონატრება ზოლად გასდევს. ეს მაშინვე ვიგრძენი. ასე არ არის?

გავჩუმდი. რა მეთქმოდა, სიმართლეს ამბობდა. მენატრებოდა კი არა, ლამის იყო, ყურმილში ჩავმძვრალიყავი.

- მეც მაგ დღეში ვარ, - თქვა მოულოდნელად.

- რა დღეში? - გავოგნდი, ნუთუ ნაფიქრს მიმიხვდა?

- მეც მომენატრე. შენ ვერ მატყობ ხმაზე?

- ვერა.

- ვერც სიტყვებზე? სხვანაირად როგორ დაგაჯერო? მითხარი მაინც, როგორ მოვიქცე.

ვერაფერიც ვერ ვუთხარი. ერთადერთი, რისი სურვილი მქონდა, დიდხანს ესაუბრა ჩემთან, რაც შეიძლება დიდხანს. არც შუაღამე მადარდებდა, არც დილა და არც სწავლა...

- ჰა, ნატა, მეტყვი?

- რას? - მიბნედილი ხმით ვკითხე.

- სხვანაირად როგორ დაგაჯერო?

- არ ვიცი. კაცი შენ ხარ, ქალის შებმა შენ დაგავალეს და მე მეკითხები, როგორ დამაჯერო შენს გრძნობებში? - მწარედ ვუკბინე.

- აუ! ნუღარ მიმეორებ მაგ სისულელეს, რა! ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია! - ტონი შეიცვალა გეგამ.

- აჰა, ეგეც მე ვარ? თეთრზე მეუბნები, შავიაო. არ ვიცოდე მაინც, რა გაქვთ ჩაფიქრებული შენ და ნანას.

- ნანას? ნანა ვინ არის, ეგეთს საერთოდ არ ვიცნობ, - ისე სხარტად მიპასუხა, მივხვდი, მატყუებდა.

- ამ ქალაქში უამრავი ნანაა. დავიჯერო, ერთსაც არ იცნობ? -უკვე გამოჭერაზე ვიყავი.

- როგორ არ ვიცნობ, მაგრამ...

- მაგრამ იმ ნანას არ იცნობ, ვიზეც მე გესაუბრები, არა?

- წარმოდგენა არა მაქვს, ვინა გყავს მხედველობაში, - ჯიუტად იდგა თავისაზე.

- შენს სინდისზე იყოს, გეგა. მე მეტს აღარაფერს გეტყვი.

- ძალიან კარგს იზამ, თუ არ მეტყვი. არ გვინდა ეს სისულელეები. თუ გინდა, შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ ყველაფერი. კარგი?

- არა, დიდი მადლობა. ვერ ვხედავ მაგის საჭიროებას, - რაღაც განხიბვლა ვიგრძენი.

- რატომ, არ მენდობი? ხომ არ გეშინია ჩემი?

- შენ რა ბებიაჩემივით მელაპარაკები! - სიცილი ვერ შევიკავე.

- რაო, ბებიაშენი რას ამბობს?

- რაო და გეგას ერთ სიტყვაზეც არ ენდოო, - ნიშნისმოგებით ვთქვი.

- ერთ სიტყვაზე, თუ ერთ ნაბიჯზეო?

- ეგ ერთი და იგივეა.

- ვითომ?

- ვითომ.

- ერთი სიტყვით, შენთან მოსასვლელი ყველა გზა მომიჭერი, არა?

გავჩუმდი. მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე. არც გეგა იღებდა ხმას. ყურმილის მილს დავუწყე წვალება...

- კარგი, ტუხა, რადგან ასეა, რა გაეწყობა. შენც კარგად იყავი და მეც, - ერთი ღრმად ამოიხვნეშა და ყურმილი დაკიდა.

გული მომეწურა. საუბრის ასეთ დამთავრებას არ ველოდი. მაინც გავაბრაზე. რომ იტყვიან, "ცხვირი ჩამოვუშვი". ალბათ, აღარ დარეკავს. იქნებ ასე სჯობდეს? ხომ ვგრძნობ, როგორ ვაშავებ ბიძინასთან. რომ დაუფიქრდე ადამიანი, მოტყუებული რჩება ჩემგან. რაღაც ძალიან ინტრიგებში გავეხვიე. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის ჩემს ასაკში? რა ცუდი ვარ! სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებსო, უთქვამთ. მე კი ამ სიყვარულის გამოისობით მთლად გავბოროტდი. თვითონაც არ ვიცი, საითკენ მიმყავს ჩემი ცხოვრების სცენარი. მგონი, ბლომად შეცდომას ვუშვებ...

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია