ქაღალდის რელიკვია (X ნაწილი) - გზაპრესი

ქაღალდის რელიკვია (X ნაწილი)

ოთახი უცებ განათდა. თვალი მოვავლე იქაურობას. ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი. ერთი კედელი მთლიანად წიგნის თაროებს ეჭირა. როგორც ჩანს, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. აქვე იყო პიანნინო, გიტარა, საწერი მაგიდა, ორადგილიანი არაბული ტახტი და ორი რბილი სავარძელი.

- დაჯექი, ალბომი დაათვალიერე. მე მანამ ყავას მოვადუღებ, - სავარძლისკენ მიმითითა გეგამ და გაუჩინარდა.

ალბომი გადავშალე. რამდენი გეგა იყო ერთად - გეგა დედასთან ერთად (ამას ჩემით მივხვდი), გეგა მეგობრების წრეში, გეგა ქალების გარემოცვაში... ესეც ვიღაც გოგონასთან ერთად... ალბათ, "ის" არის, მე რომ მამგვანებს. რა ლამაზია! ჩემთან შედარება როგორ შეიძლება! დიდხანს დავყურებდი ფოტო-სურათს. მერე შევატრიალე. "22 სექტემბერი, თბილისი" - წითელი ფანქრით იყო მიწერილი.

ამ დროს გეგაც შემოვიდა. ლანგარზე ორი ფინჯანი ყავა იდო. ალბომი სასწრაფოდ დავხურე.

- ინებე. სანუკვარ სტუმართ სურნელოვნი ყავა ბრაზილიის პლანტაციიდან, - თვალებგაბრწყინებულმა წარმოთქვა და ერთი ფინჯანი გადმომიდგა.

- გმადლობთ, - გავუღიმე.

- ნახე, შაქარი ხომ არ აკლია. მე ჩემი გემოვნებით მოვადუღე.

- მორთმეულ ყავას შაქარი არ გაესინჯება, - კეკლუცად ვთქვი.

ხმამაღლა გაიცინა.

- როგორც ჩანს, ანდაზების დიდოსტატი ხარ, - ხელები გაშალა და სავარძელში მოკალათდა.

- შენ სამაგიეროდ, ყავის მოდუღების დიდოსტატი ყოფილხარ, - დავუბრუნე ხურდა.

- მოგეწონა?

- ძალიან გემრიელია. ზუსტად ასეთი ყავა მიყვარს.

- მე კი ზუსტად შენნაირი ქალი, - მაგიდის უჯრა გამოაღო და სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

- ეწევი? - მკითხა.

- არა.

- რატომ?

- რა ვიცი. აუცილებელია?

- არა, აუცილებელი არ არის, მაგრამ ახლა ქალები აქტიურად ეწევიან, განსაკუთრებით შენი ტოლები.

- მაგაში არ გეთანხმები. ჩემი კლასელები არ ეწევიან.

- მართლა? არც ერთი?

- არც ერთი.

- უცნაურია. ისე, კარგია, რომ არ ეწევი. ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

- მაშინ რატომღა ეწევი?

- მე არ ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას, - კვლავ გაიცინა.

- გეგა, შეიძლება რაღაც გკითხო? - მოულოდნელად რაღაც გამახსენდა.

- მკითხე.

- შენსა და ნანას შორის რა გარიგება მოხდა?

თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში. მოიღუშა.

- ღირს ამ თემაზე საუბარი?

- ღირს.

- არ გინდა, ძალიან გთხოვ. თავიდან შეიძლება სხვანაირად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, სასიკეთოდ. დამიჯერე, ჩემი შენდამი დამოკიდებულება ყალბი არ არის, - გულწრფელობა შევატყვე ხმაში.

- ეგ ძნელი დასაჯერებელია, - ჯიუტად გადავაქნიე თავი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მე არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოვადგენ. ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე გოგონა ვარ. შენ კი - ჩამოყალიბებული პიროვნება, სიმპათიური, ჭკვიანი ექიმი მამაკაცი. შენნაირები სხვა სტილის ქალს ეძებენ.

- ვინ გითხრა ეგ სისულელე?

- არავინ, ჩემით მივხვდი.

- ცუდად მიმხვდარხარ. გინდა გითხრა, შენში რა მომწონს?

- შენს ყოფილ შეყვარებულს რომ ვგავარ, - ის.

- არა მარტო.

- აბა რა?

- ბავშვური რომ ხარ და ამასთან, ქალურიც - აი, ის.

არ დამაკმაყოფილა მისმა პასუხმა. იჭვნეულად შევხედე, რაც არ გამოპარვია.

- შენში ყველაფერი ერთადაა შერწყმული - ლამაზიც ხარ, მომხიბვლელიც, ჭკვიანიც, მხიარულიც და დინჯიც, ერთდროულად. არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ბევრი რამით ხარ გამორჩეული სხვებისგან. პირველად შენი ცეკვა რომ ვნახე, კინაღამ გავგიჟდი! მაშინვე ვთქვი - ეს ქალი ჩემთვინ მინდა! გჯერა ჩემი?

- არ ვიცი, - ვიგრძენი, როგორ გავწითლდი.

- მერე... შენ გგონია, რომ ნანამ დამირეკა და შენი შებმა დამავალა? გინდა გითხრა, როგორ იყო? ისე ვიყავი შენით აღფრთოვანებული, გადავწყვიტე, ვინმე საერთო ნაცნობი მომენახა. ნანა გამახსენდა. დავუკავშირდი და შენი კოორდინატები ვთხოვე. აი, სწორედ მაშინ დაემთხვა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს. რომ გაიგო, რასაც ვაპირებდი, მერე თვითონაც გამიმხილა გეგმები. ეგ იყო და ეგ. ასე რომ, ნანა თითქმის არაფერ შუაშია. მე ისედაც ვაპირებდი შენს გაცნობას. შეიძლება თავიდან ასე სერიოზულად არ ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაგრამ ახლა...

- ახლა რა?

- ახლა ბევრი რამ შეიცვალა.

"მითხარი, რისი თქმა გინდა, ბოლომდე მითხარი", - თვალებით გამოვხატე ჩემი სათქმელი.

- ყველაფერი რომ გაიგო, ადრე დაბერდები, - გაიცინა, - შემდეგ შეხვედრებზეც ხომ უნდა გელაპარაკო რაღაცეები? ასე არ არის?

- ალბათ, ასეა. კაცებმა უკეთ იცით, რა უნდა თქვათ და რა არა.

- მომწონს შენი ლოგიკა. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ.

- მე წავალ. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის.

- მზად ვარ, ღრმა სიბერემდე გიმასპინძლო, - გაიღიმა.

გეგამ გაჩერებამდე გამომაცილა. ავტობუსს აღარ დაელოდა და ტაქსი გამიჩერა.

- იმედია, ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება, ჩურჩულით მითხრა.

- იმედია, - მეც ჩურჩულით ვუპასუხე.

მოულოდნელად ხელი წამავლო, მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა. ზუსტად ისე, ფილმებში რომ კოცნიან ერთმანეთს. მსგავსი რამ არსდროს განმიცდია. მივხვდი, ჩემი ბავშვობა დამთავრდა. შემეშინდა...

22 მაისი

დღეს სკოლიდან დაგვითხოვეს. როგორც იქნა, მოვრჩი სწავლა-განათლებას! გამოცდებიღა დამრჩა. ამასაც მოვახრჩობ და ... უჰ, რას ამოვისუნთქებ! ნუთუ არსებობს ამქვეყნად მოსწავლე, სასწავლო წლის დამთავრება არ უხაროდეს? არ ვიცი, ასეთი არ მეგულება. რა ბედნიერი სახეები გვქონდა დღეს სუყველას. ბოლო ზარიც მშვენივრად ჩავატარეთ. რამდენი რამ გავიხსენეთ. ბაჩანამ ყველა მასწავლებელს მიბაძა ხმით და გამოაჯავრა. სიცილით იგუდებოდნენ დარბაზში.

ზეიმი გვიან მორჩა. ჩემი აჭრელებული თეთრი წინსაფრის გახდა არც მიფიქრია, თითქმის ასკინკილით გამოვედი სკოლის ეზოდან. ცალ ხელში ჩანთა მეჭირა, მეორეში - თამბაქოს კვამლით გაბერილი საჰაერო ბუშტი. ისე ვანცობდი, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და დღეიდან ანცობას ამიკრძალავდა ვინმე. სიმართლე გითხრათ, მენანებოდა კიდეც ბავშვობასთან განშორება. ქვეშეცნეულად გული მწყდებოდა.

მთელი ორი საათი, სანამ ზეიმი მიმდინარეობდა, ბიძინას მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა თვალებით, მე კი ვერ ვხვდებოდი. რა უცნაურია! სანამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მის ყველა გამოხედვას ზეპირად ვცნობდი, ვიცოდი, როდის რისი თქმა სურდა. ახლა კი? შესაძლოა, აღარ შემრჩა გამოცნობის სურვილი...

ის იყო, ჭიშკარი გავიჯახუნე, რომ უკნიდან მისი ხმა დამეწია.

- ნა-ტა!

შევჩერდი, მოვტრიალდი. თვალი თვალში გამიყარა.

- საით?

- შინისკენ.

- რა გინდა შინ? - რა სულელურ შეკითხვებს მაძლევს. გავბრაზდი.

- ბებო უნდა გავახარო! - გამომწვევად ვთქვი.

- სალაპარაკო მაქვს შენთან, - ხმას დაუწია, კენჭს დასწვდა და გვერდულად გაისროლა.

- გისმენ, - სმენად ვიქეცი.

შერიგება ხომ არ უნდა?

- თან გაგაცილებ, კარგი? - ნებართვა ითხოვა.

- მერე, არ გეშინია?

- რისი?

- რისი, თუ ვისი?

- ზოგ-ზოგიერთების, - ყველა ერთად მოვაქციე ამ სიტყვაში, მათ შორის - ნანა.

- არა, - ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი, ჩემი ირონია "კაკალ გულში" მოხვდა.

- ძალიანაც კარგი. მაშინ მთელი გულისყურით გისმენ, - ჩემს "აგრესიას" საზღვარი არ ჰქონდა.

დამუნჯდა. მგონი, გადაიფიქრა საუბრის გაგრძელება. რა ვქნა, კიდევ ვკითხო რამე? რა ჯანდაბა ვკითხო? თავში არაფერი მომდის!

- ვითომ გამოცდები მალე დაგვეწყება? - მეც რა "მაგარი" რამე მოვიფიქრე. ნამდვილი ბატი ვარ.

- ორში არა გვაქვს პირველი? - გაოცებით შემომხედა, ეს რა მკითხაო.

- ჰო, - ანგარიშმიუცემლად ვთქვი, ჩემი "ენამოუქნელობის" გამო ნირი წამიხდა.

- პირველი გამოცდა ქართულ წერაში გვაქვს, - "გამიშიფრა", თითქოს არ ვიცოდი. ეგეც მაგარი ვინმეა.

- ამის თქმა გინდოდა წეღან? - ვისარგებლე მისი "შიფრით" და გავკენწლე.

- არა, ეგ პროლოგისმაგვარი იყო, - ღიმილი ვერ შეიკავა.

- აჰა! გასაგებია! მზად ვარ შინაარსის მოსასმენად, - დაცინვას ვაგრძელებდი.

შეჩერდა. მე გზა განვაგრძე ისე, რომ ნაბიჯი არ შემინელებია. ცოტა ხანში წამომეწია.

- შენთან ნორმალურად დალაპარაკება შეიძლება? - უკვე ბრაზობდა ბიძინა.

ალმაცერად გავხედე. ჭარხალივით იყო გაწითლებული.

- შენ როგორ ფიქრობ!

- მგონი, არ შეიძლება.

- მაშინ რაღას მელაპარაკები? - კოპები შევკარი, მეწყინა მისი შენიშვნა, თუმცა აშკარად დავიმსახურე.

- იქნებ მიხვდე და ბოლოს და ბოლოს, მომისმინო, - კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა.

- გისმენ, ბატონო, გისმენ, - ხმას ავუწიე და ნაბიჯს ავუჩქარე.

გადამასწრო და წინ გადამიდგა.

- ოღონდ სიმართლე მითხარი, კარგი? - თვალები დაენისლა.

- კი მაგრამ, როდის მომიტყუებიხარ? - კი ვიკითხე, მაგრამ ვაი, იმ შეკითხვას. ახლა რომ გეგასთან დაახლოების ამბავი კარტის დასტასავით წინ გადმომილაგოს!...

- შენ გინდა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდეს?

ხომ მივუხვდი! შერიგება უნდა.

- მე-ე? მე რა შუაში ვარ! შენ თვითონ არ დაამთავრე ყველაფერი? თუ მომელანდა? იქნებ ვიგონებ რამეს? - სიბრაზისაგან ავილეწე.

- მიყვარხარ! - მითხრა უცებ და ისე აუწყლიანდა თვალები, მეგონა, იტირებდა.

ხმა ვერ ამოვიღე. ან რა უნდა მეთქვა? ისეთი საწყალობელი მზერა გაუხდა, გული დამეთუთქა.

- არ შემიძლია ასე. ნანამ ყველაფერი მიამბო. რატომ მაშინვე არ მითხარი?

სუნთქვა შემეკრა, ისე შევკრთი.

- რა გიამბო? - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.

- დედაჩემის გულის მოსაგებად რაც გააკეთა.

- ჰო-ო... - შვებით ამოვისუნთქე, - რა საჭირო იყო მაგის თქმა. მე ისედაც ცუდად მოვიქეცი. შენთვის უნდა შემეთანხმებინა.

- მოდი, დავივიწყოთ ეგ ყველაფერი. ვითომ არც ყოფილა, კარგი? - მკლავზე მომიჭირა ხელი.

პასუხი არ გამიცია.

- კარგი? - ბიძინამ კვლავ გამიმეორა შეკითხვა.

- რა აზრი აქვს, თუ გინდა, დავივიწყოთ, - მხრები ავიჩეჩე და ხელი გავაშვებინე.

- რატომ? - შეჩერდა.

- იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა. მე არ მსურს თავიდან დაწყება. მაინც აარფერი გამოვა, - მეც შევჩერდი.

- მიზეზი?

"აღარ მიყვარხარ", - გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ გამომივიდა.

- დასასრულს დასაწყისი არა აქვს.

საყვედური აღებეჭდა სახეზე. განზე გავიხედე.

- ესე იგი, აღარ გიყვარვარ?

- ალბათ. მაგაზე არ მიფიქრია, - ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე.

სათქმელი ითქვა. იმ წუთში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარ მიყვარდა. იქნებ არც იქამდე იყო სიყვარული? რა ვიცი. ბებიაჩემს რომ მოუსმინო, ქალს შეიძლება ბევრი მამაკაცი მოეწონოს და ეგონოს, რომ ურთიერთობის მანძილზე ყველა მათგანი უყვარს, მაგრამ როცა სიყვარული ნამდვილია, არასდროსშეცდები, რადგან იგი განშორების მერე არ ხუნდება. პირიქით, მონატრებას იწვევს. აი, ასე მსჯელობს სილვა ბებია და მიმტკიცებს, ცხოვრებაში სულ სამჯერ მიყვარდაო. პირველად - "ძველი ბიჭი", მეორედ - დირექტორი და მესამედ ჩემი ქმარიო. ჩამოთვლა არ მოგწონთ? თანაც, პირველი და მეორე სიყვარული დღემდე ენატრება, რომ ჰკითხო.

ასე რომ, შეიძლება ნამდვილი სიყვარული ჯერ არც მე მწვევია, როგორც წიგნებში წერენ ხოლმე.

- ეგ შენი ბოლო სიტყვაა? - დახშული ხმით მკითხა.

- უკანასკნელი, - მთლად გადავუწურე იმედი და გზა გავაგრძელე.

არ გამომყოლია. არც დამმშვიდობებია. მეც არ მივიხედე. არადა, ერთი სული მქონდა, მივტრიალებულიყავი და მენახა, რა ხდებოდა იქ, ჩემს ზურგს უკან, მაგრამ ვერ გავბედე...

25 მაისი

ბიძინასთან საუბრის მერე ძალიან დავმძიმდი. არა და არ გამომიკეთდა ხასიათი. ვგრძნობდი, რომ ძალიან ვატკინე გული და ამას ვერ ვინელებდი. ვერც მეცადინეობას დავუდე გული, ვერც შინიდან ვახერხებ გასვლას, რომ გეგა მაინც ვნახო. ლორა მასწავლებელს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ერთი კვირით გადაიდო ინგლისურის გაკვეთილები. რა უნდა ვქნა, ბუსავით მარტო ვზივარ შინ. ჩემი ერთადერთი შვება ტელეფონია. ზარის ხმაზე კისრისტეხით გავრბივარ ყურმილის ასაღებად.

დღესაც ასე მოხდა.

- გისმენთ, - მოუთმენლად ჩავძახე ყურმილში.

- უკაცრავად, ნატა მინდოდა?

- მე ვარ! - ვუპასუხე გაკვირვებულმა.

ქალის ხმა იყო, მაგრამ არ მეცნო.

- გამარჯობა, ნატა, - თავაზიანად მომესალმა უცნობი.

- გაგიმარჯოს. რომელი ხარ? - ცოტა არ იყოს, დავიძაბე. ვიგრძენი, უცხო ქალის ხმა კარგს არაფერს მიქადდა. ნეტავ ბიძინას დედა არეკინებს ვინმეს თუ გეგასი? - გამკენწლა გულში.

- მე შენ არ მიცნობ. ია მქვია. ხომ არ გწყინს, შენობით რომ გესაუბრები?

- არა, არა, გისმენთ, - ისე დავიბენი, თვითონ არ ვიცოდი, რას ვპასუხობდი.

- მე გეგას მეგობარი ვარ, დიდი ხნის მეგობარი. შენთან შეხვედრა მინდა, თუ არ დამზარდები.

ელდა მეცა. ისე მომეწურა გული, თითქოს ვიღაცამ ხელი წამიჭირა.

- ჩემთან შეხვედრა? გეგას მეგობარს ჩემთან რა საქმე გაქვთ, გეგას დაურეკეთ, - საკმაოდ ოფიციალურად მივმართე.

- მე გეგაზე უნდა გესაუბრო. მგონი, საკმაოდ ბევრი გვექნება სალაპარაკო, - აშკარად შეცვალა საუბრის კილო ვინმე იამ.

- ვითომ? მე გეგას არც ისე ახლოს ვიცნობ, რომ რამეში გაგარკვიოთ.

- მით უმეტეს. მაშინ მე გაგაცნობ. იცოდე მაინც, ვის ხვდები და რა მოჰყვება ამ შეხვედრებს.

ვერაფერი ვთქვი. ერთი ის იყო გასაგები, რისთვისაც მერჩოდა უცნობი ქალი. იგი აშკარად გეგას "კოლექციიდან" იყო, მაგრამ ჩემში ერთ "გალეულ მოსწავლეში" საშიში მეტოქე რატომ მოიაზრა, ამას ვერ ვხვდებოდი.

- თქვენ მგონი, მისამართი შეგეშალათ. მე გეგა სულ ორჯერ მყავს ნანახი. იქნებ სხვისთვის უნდა დაგერეკათ?

- რატომ, სხვა ნატაც არსებობს?

- ვინ მოგცათ ჩემი ნომერი? - უკვე შეტევაზე გადავედი.

- ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე შენთან საჩხუბრად არ დამირეკავს. არც იმ ასაკის ვარ, კაცის გულისთვის შენისთანა პატარა გოგონები თმით ვითრიო. უბრალოდ, მინდა რაღაც აგიხსნა და რაღაცაში გაგარკვიო.

- ტელეფონით რომ ვისაუბროთ, არ გამოვა?

- ტელეფონით? არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ შეხვედრა მაინც აჯობებდა. ანდა, კარგი, მე მოგიყვები ყველაფერს და დანარჩენზე მერე მოვილაპაარკოთ. მისმენ?

- გისმენთ, გისმენთ, - გულის სიღრმეში უცნაურ ბაგაბუგს ვგრძნობდი.

- მე ექიმი ვარ, თერაპევტი. მე და გეგა ორი წელია, ერთად ვმუშაობთ. პირველივე დღიდან დამიწყო შორიდან მოვლა. ხომ იცი, ადგილობრივი კაცებისთვის ჩამოსული ქალები ყოველთვის უფრო საინტერესონი არიან. თბილისელი ვარ. მით უმეტეს, თუ თმა ყვითლად აქვს შეღებილი და თანაც, ლამაზია. არ დაგიმალავ და მეც მაშინვე მომეწონა. გამოწვევა მივიღე. მერე თანდათან უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მერე - კიდევ უფრო. ივნისის დასაწყისში უკვე დაქორწინებას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად გამომიცხადა, ეგ საქმე შემოდგომისთვის გადავდოთო.

- ეგ როდის გითხრათ? - რელსებზე მიმავალი მატარებლის ბორბლებივით ბრაგუნობდა ჩემი გული.

- დაახლოებით ერთი თვის წინ. რატომ-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე. ჯერ მაგისთვის მზად არა ვარო. ძალიან გავმწარდი, მაგრად ვეჩხუბე, რა არ ვუძახე! პასუხი არ გაუცია. მეორე დღეს ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მომიტანა საჩუქრად - ამას გირაოდ გიტოვებ, რომ არ იფიქრო, თითქოს მოგატყუე და ჩემს სიტყვას გადავდივარო, გესმის? ძველად თამასუქის მაგივრად ულვაშს რომ უტოვებდნენ, ისე დამიტოვა. სადღაც მაინც მესიამოვნა. ვიფიქრე, რადგან ასეა, დავიცდი კიდევ სამ თვეს, სადაც ამდენი ვიცადე, ხომ არსად გარბის-მეთქი. თურმე, სადა ხარ! რა ჰქონია ჩაფიქრებული! - ია უცებ გაჩერდა.

- ალო! - ჩავძახე ყურმილში.

- ჰო, წყალი დავლიე, ნატა, პირი გამიშრა.

- მერე, მერე? - ძალიან დამაინტერესა ამ "ისტორიამ".

- მერე და საერთოდ ვეღარ იცლიდა ჩემთვის. სამსახურშიც კი - არ მცალია, მერე შემომიარე ან მერე გნახავო, მეუბნებოდა. მე გიჩვენებ შენ სეირს-მეთქი, გავიფიქრე და ჩავუსაფრდი, ვისთან ერთად გაივლ-გამოივლიდა. დაქალებსაც მივეცი დავალება, თუ სადმე ვინმესთან ნახოთ, სასწრაფოდ მომახსენეთ-მეთქი. არაფერი გამომივიდა. სხვა ქალი ვერ აღმოვაჩინე. ისევ დავიწყე ფიქრი. ავდექი და სხვა გზა მოვნახე. ატეესში ვიპოვე ნაცნობი. ვთხოვე გაეგო, ყველაზე ხშირად ვისთან რეკავდა ან ყველაზე დიდხანს ვის ელაპარაკებოდა ღამის საათებში. აქ კი გამიმართლა. კვალმა კი, გინდ დაიჯერე, გინდ არა და შენთან მომიყვანა.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ სრულიად შემთხვევით აღმომაჩინეთ და ჩემი ნომერი სხვას არ მოუცია თქვენთვის?

- არა, ჩემო კარგო, ტყუილად ნურავის დააბრალებ. მაცალე, ჯერ დამამთავრებინე. მერე გადავრეკე, გადმოვრეკე, თუკი ვინმემ შენზე რამე იცოდა, ყველაფერი გავიგე. ბოლოს გეგას ვუხსენე შენი სახელი. ასეთს საერთოდ არ ვიცნობო. აი, მაშინ კი მივხვდი, ცუდად იყო ჩემი საქმე. რომ ეთქვა, კი, ვიცნობ, როგორ არ ვიცნობ, ერთი მთლად ბავშვია და კარგი ვინმეაო, არ შემეშინდებოდა, მაგრამ რომ დამიმალა, ამით საკუთარი თავი გაყიდა. კრინტი არ დამიძრავს. ამ თემაზე მეტი არ წამომიწყია მასთან საუბარი. შემდეგ ის იყო, შენთან დარეკვა გადავწყვიტე.

ია კვლავ გაჩერდა. ალბათ, ისევ წყალი თუ დალია.

არ მეგონა, ასე თუ შეტრიალდებოდა საქმე. თავიდან ვიფიქრე, ბიძინამ ხომ არ გადაწყვიტა შურისძიება და სპეციალურად ხომ არ შეარჩია გეგას "კოლექციიდან" მსხვერპლი-მეთქი, მაგრამ ამაო გამოდგა ჩემი ვარაუდი.

არც ისე პატარა გოგონას ხმა ჰქონდა, მოვეტყუებინე, თანაც ისე დამაჯერებლად ყვებოდა თავის ამბავს, ძნელი იყო მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა. რა უნამუსო ვინმე ყოფილა! კაცი ჰქვია ახლა მაგას?

- შენ რაო, რას გეუბნებოდა, მიყვარხარო? - მკითხა იამ.

- ჰო, რა ვიცი, მგონი კი. არა, არა, არ მეუბნებოდა, - ისე დავიბენი, მტრისას! უკვე მივედ-მოვედებოდი.

- აბა, რას გირეკავდა, რა უნდოდა შენგან? - ჩამაჯინდა.

- ჩემმა დაქალმა სთხოვა ჩემზე, "შეაბი" და მაღარიჩი იქნებაო.

- მერე? შეგაბა?

წავუყრუე.

- ალო!

- კი, - ყრუდ ვთქვი. სმენა დამეხშო, ისე აგუგუნდა თავი. ასე მეგონა, სისხლმა ფეხებიდან პირდაპირ ტვინში იხუვლა.

ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა, არც გეგას გამართლებას. ან რატომ უნდა გამემართლებინა, როცა არ ვიცოდი, მე მატყუებდა თუ იას. თუმცა, როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ორივე მოტყუებულები ვრჩებოდით.

მაგრამ ერთი "დამამძიმებელი" გარემოებაც არსებობდა - მას ჩემთვის სიყვარული არ აუხსნია. არასდროს უთქვამს, მიყვარხარო. არც ოქროს მთებს და არც არაფერს შემპირებია. მაშინ რას ვერჩი? აშკარად ვეჭვიანობ.

- ვიცოდი, მასე რომ იქნებოდა. მაგას მსგავსი რამეები ადვილად ეხერხება.

- ია, შენ საიდან დაასკვენი, რომ ჩემთან მაინცდამაინც რომანი ჰქონდა? მერე რა, რომ მირეკავდა. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ, მეგობრები ვყოფილიყავით, - უკვე მეც "შენობითზე" გადავედი.

- თავიდან ასე ვიფიქრე. მაგრამ ეთრმა გარემოებამ დამაეჭვა. იცი, რა მითხრა? თერაპევტი ექიმი არ არისო. რატომ-მეთქი. ეგ მოგონილი ტიტულიაო. მთლად გადავირიე. თერაპევტი შინაგანი სნეულებების ექიმია-მეთქი, კრეტინივით დავუწყე მტკიცება. ყველა შინაგან სნეულებას საკუთარი ექიმი ჰყავსო და დამიწყო ჩამოთვლა: ქირურგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფტიზიატრი და რა ვიცი, არ დატოვა არცერთი. თერაპევტი კი არაფრის ექიმიაო. აი, მაშინ მივხვდი, რომ "აჩუს" მიკეთებდა.

- ეგ რას ნიშნავს?

- მოკლედ, ჩემი "მოტეხვა" უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმ საღამოსვე ატეესში გავჩნდი და მას შემდეგ ყველა თქვენს საუბარს ვისმენდი.

ამის გაგონებაზე კინაღამ გული ამერია. რა უნამუსობაა? როგორ მოუვიდა თავში აზრად?

- ეგ... ეგ ცუდი საქციელია, - ჩემს ჭკუაში, ვითომ დავსაჯე.

- ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ჩემს ადგილას შენც ასე მოიქცეოდი.

- ღმერთმა დამიფაროს! - წამოვიყვირე. უკვე ავპილპილდი.

- ასეა, ასე. სხვა სხვის ომში ყოველთვის ბრძენია. გაგვიგრძელდა საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

- კარგი, - ანგარიშმიუცემლად დავთანხმდი, მაგრამ თავად არ ვიცოდი, რაზე. დავემშვიდობე უცნობ ნაცნობს და ისე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, თითქოს ეს წუთია, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოვაწერე ხელი.

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია