ქაღალდის რელიკვია (XII ნაწილი) - გზაპრესი

ქაღალდის რელიკვია (XII ნაწილი)

15 ივნისი

ისე ვიყავი გადართული გამოცდებზე, დღიურისთვის არ მეცალა. არადა, რამდენი რამ დამიგროვდა მოსაყოლად...

შეგიძლიათ მომილოცოთ, სკოლა დავამთავრე. ხვალ პასპორტს ავიღებ და დამოუკიდებელი საბჭოთა მოქალაქე გავხდები. რა კარგია, არა? დღეიდან შემიძლია გავიპრანჭო, წამწამები შევიღებო, თმა გავიშალო ან შევიჭრა, ტუჩებზე პომადა წავიცხო, გრძელი კაბა თამამად ჩავიცვა და ა.შ. ვერავინ დამიშლის. თვის ბოლოს თბილისში წავალ. საბუთებს შევიტან უნივერსიტეტში და იქნებ სტუდენტობასაც გამოვკრა ხელი. აი, მაშინ კი მართლა საბოლოოდ ამოვისუნთქავ! ცოტა "სასიყვარულო ფრონტზე" გამიჭირდა, მაგრამ მერე ამასაც მოევლება, ალბათ. ჰო, მართლა, ამ "ფრონტის" ამბები კინაღამ გამომრჩა.

ბიძინა იმ დღიდან ახლოს არ მეკარება. უფრო სწორად, ზედაც არ მიყურებს. ქალების ამბავი ხომ იცით, მაინცდამაინც არ მსიამოვნებს მისი ასეთი უყურადღებობა, მაგრამ რომ დავუფიქრდები, ალბათ, ასე სჯობს - ხომ არ შეიძლება ერთდროულად ორი ადამიანი გიყვარდეს და ორივეს შენარჩუნებაზე ფიქრობდე? არა, ნამდვილად არ შეიძლება. ასეთ ქცევას უკვე სულ სხვა სახელი ჰქვია. ამიტომ ერთით ნაკლები თაყვანისმცემელი მომაქცევს ყურადღებას, თუ ერთით მეტი, მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო. მით უმეტეს, თუ მათგან ერთ-ერთი ძალიან გიყვარს, მეორეს კი მხოლოდ ვერ ელევი.

გეგას ერთხელაც არ დაურეკავს. მისი ასეთი ქცევა გულს მიკლავს. ისე მაინც არ უნდა დაინტერესებულიყო, საიდან, როგორ, რა გზით მომაგნო მისმა ქალბატონმა და როგორ აღმოვჩნდი მისი "წესის აგებაზე"? ვითომ ია მოუყვებოდა? მეეჭვება. მაშინ რატომ არ შემეხმიანა? გაბრაზებულია და სიამაყე არ ანებებს? ალბათ, ასეა.

სიამაყე არც მე მაკლია. სულაც არ ვაპირებ, თავი შევახსენო. რა, ვეხვეწო? თუ რამის გარკვევა უნდა, კეთილი ინებოს, მოვიდეს და მკითხოს. ნუთუ მაგდენი არ ესმის, რომ მე ჯერ კიდევ ბავშვი მეთქმის? რომ ჯერ ბევრი რამ უნდა ვისწავლო? არადა, ძალიან მენატრება. თითქმის ყოველდღე მესიზმრება. ერთი კვირაც და თბილისში მომიწევს გამგზავრება. როგორ გავაგებინო? დავიჯერო, არ გამაცილებს? იქნება აღარც აინტერესებს? შეიძლება უკვე განიხიბლა ჩემით. არ არის გამორიცხული. რეგვენივით რომ წავბოდიალდი შეხვედრაზე, არ უნდა მეფიქრა, რა მოჰყვებოდა ყოველივეს? უნდა მეფიქრა. ახლა უკვე გვიანია "თითზე კბენანი". დაველოდოთ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები.

17 ივნისი

წუხელ დარეკა, როგორც იქნა. ვინმე გოგი იკითხა. ხმაზე მაშინვე ვიცანი. არ შევიმჩნიე და მშვიდად ვუთხარი, ეს ძიძიგურის ბინაა და გოგი აქ არავინ ცხოვრობს-მეთქი.

- ნატა, შენა ხარ? - ვითომ ახლაღა მიხვდა.

- ჭეშმარიტად, - გავკენწლე.

- როგორც ჩანს, მექანიკურად ავკრიფე შენი ნომერი, სხვაგან ვრეკავდი.

- არა უშავს. იმედია, სხვა დროს არ შეგეშლება, - ჩემს ირონიას საზღვარი არ ჰქონდა.

- მეც ასე მგონია. უკაცრავად, - ცივად მომიბოდიშა და ყურმილი დამიკიდა.

გავცეცხლდი. როგორ მეწყინა. უკიდურესად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. როგორ დამამცირა! თითქოს ვიღაცა ვიყავი.

დღეს კლასელებმა "კულტგსეირნება" მოვაწყვეთ. კოლექტიურად წავედით კინოში, მერე სურათები გადავიღეთ და პარკში გავისეირნეთ. უკანა გზაზე "ბავშვთა სამყაროსთან" გამოვიარეთ. უცებ გეგას მოვკარი თვალი, ბიჭებთან ერთად იდგა. ფერ-ფური წამივიდა. თითქოს ცივმა ოფლმა დამასხა. იმანაც შემამჩნია. მომეჩვენა, რომ თვალი ამარიდა. სულ რაღაც ათიოდ მეტრში ჩავუარეთ გვერდით. რომ გავცდით, ფეხი ამერია. სმენა დავძაბე, იქნებ დამიძახოს და ვერ გავიგონო-მეთქი. არც იოცნებო! გონებაგაფანტული უაზროდ მივდიოდი. თამილა და ბაჩანა რაღაცაზე პაექრობდნენ, ნახევარი არ მესმოდა. ხიდს რომ მივუახლოვდით, მოულოდნელად ზურგიდან მანქანა წამოგვადგა და ზედ ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. შეშინებული განზე გავხტი. კოპებშეკრული მოვტრიალდი, რათა თავხედი მძღოლი გამელანძღა და... წინა სალონიდან გეგა გადმოხტა. სუნთქვა შემეკრა. გავწითლდი. ყველამ მას მიაპყრო მზერა.

- გამარჯობათ, - საერთო სალამი თქვა და მე მომიტრიალდა.

- ერთი წუთით გცალია?

თავი დავუქნიე დამუნჯებულმა. ფეხზე ძლივს ვიდექი, ისე მომეკვეთა მუხლები. კლასელებს თანდათან ჩამოვრჩი. დუმილი გაიწელა.

- გამოცდებს მორჩი? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო.

- კი, - უღიმღამოდ ვუპასუხე.

- ასე რატომ მპასუხობ? - მკლავში ჩამავლო ხელი, - რა ლამაზი რამე გაცვია, გიხდება, - მოულოდნელად თემას გადაუხვია.

მწვანე ხავერდის კაბა მეცვა, მოკლე და ტანზე მოტმასნილი.

- გმადლობთ, - დავიმორცხვე.

- ნამდვილი მოცეკვავის ტანი გაქვს, - არ გაჩერდა.

- კიდევ გმადლობთ, მაგრამ არა მგონია, ამის სათქმელად გამოქცეულიყავი იქიდან, - თავი "ბავშვთა სამყაროსკენ" გადავაქნიე.

- სწორად მიმიხვდი. ოღონდ ჯერ ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი.

- მე მგონი, ჩვეულებრივად გიპასუხე, - შევხედე.

- ჰო-ო? ალბათ, მომეჩვენა.

უცებ დაუსტვინა. გზის გადაღმა თეთრი "ფიატი" გაჩერდა.

- ახლავე მოვალ, - მომაძახა და გზა გადაჭრა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მოიხედა, ხელით მანიშნა, მოდიო და მანქანიდან გადმოსულ მძღოლს მხარზე დაჰკრა ხელი, თვითონ კი საჭეს მიუჯდა. წინიდან მოვუარე "ფიატს". გეგამ დამასწრო და კარი გამოაღო. ჩავჯექი.

- ცოტა გავიაროთ, სალაპარაკო მაქვს, - დახშული ხმით მითხრა.

კანკალმა ამიტანა. შემეშინდა. ნეტავ, სად მივყავარ? სამაგიეროს გადახდას ხომ არ მიპირებს? ახლა რომ სადმე ტყეში წამიყვანოს და... ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა.

- ხომ არ გეშინია? - თითქოს მიმიხვდა.

- არა, - ვთქვი, მაგრამ ვაი, იმ თქმას.

- ნუ გეშინია, არ ვიკბინები, - გაიცინა.

- ეგ უკვე ვიცი, - სამაგიეროდ მე "ვუკბინე".

- არც სხვა სადისტური ილეთებით ვხელმძღვანელობ. ჩემგან შეშინებული ქალი არ არსებობს, - თქვა და მეტი დამაჯერებლობისთვის ისე შემომხედა, თითქოს ვიღაც მეათეხარისხოვანი ვყოფილიყავი.

წყენა კი ჩავყლაპე, მაგრამ აშკარად განვიხიბლე. მანქანა კარგა ხანს მიჰქროდა გზატკეცილზე. მერე გეგამ მარჯვნივ გადაუხვია. "მდინარისკენ მივდივართ", - გამიელვა გონებაში და უარესად უარესად "დამსიცხა". ცოტა ხანში კვლავ მარჯვნივ გადაუხვია და მდინარის რიყიან ნაპირს დაუყვა.

ბორბლებქვეშ ქვები ახრაშუნდა. მაყვლის მაღალ ბუჩქებთან შეაჩერა მანქანა, ჩრდილში. ნერვიულობისგან პირი გამიშრა. ახლა რომ ვინმე ნაცნობმა დამინახოს! მეტიც არ უნდათ!

- ტა-აკ! - თქვა და ძრავა გამორთო.

- აქ რისთვის მოვედით? - ხმა ამიკანკალდა.

- სალაპარაკოდ.

- ლაპარაკი სხვაგან არ შეიძლებოდა? - წარბები შევჭმუხნე.

- აქ ხელს არავინ შეგვიშლის. დავიწყოთ?

- დავიწყოთ, - თვალებში შევხედე.

- რაში დაგჭირდათ იმ სცენის მოწყობა შენ და იას? - თითები საჭეზე აათამაშა და წინ გაიხედა.

- მე რა დამჭირდა, ეგ იმას ჰკითხე, ვინც მოგიწყო, - ავირიდე მისი საყვედური.

- შენც ხომ მიიღე მონაწილეობა? რაზე მოილაპარაკეთ? რა გინდოდათ მაგით დაგემტკიცებინათ?

უსამართლო ბრალდებებმა გაბედულება შემმატა თითქოს.

- მაგ კითხვით მარტო მე მომმართე, თუ "იმასაც" ჰკითხე? - დავესხი თავს.

- მაგასთან მე საქმე არა მაქვს. ეგ ქალი ჩემთვის არ არსებობს, დიდი ხანია. შენ რა წვლილი მიგიძღვის ამ ამბავში, ის მაინტერესებს, - არ ცხრებოდა გეგა.

- აბსოლუტურად არანაირი. მითხრა, წამოდი და ბევრ რამეს გაიგებო. თავად ნახავ, ვისთან გქონია საქმეო. ეგ იყო და ეგ.

- მერე? ნახე? რა დასკვნამდე მიხვედი, ვისთან გქონია საქმე?

- მატყუარასთან, - მივახალე.

- იმ შეხვედრაზე მარტო ამას მიხვდი? სხვა დასკვნა ვერ გამოიტანე?

- მეტი იქ მისახვედრი არაფერი იყო, - გავთამამდი.

- ესე იგი, მე გატყუებდი, არა? - კარი გამოაღო და სახე ცხელ ნიავს მიუშვირა.

- ასე გამოდის. თუ საყვარელი გყავდა, მე რას დამდევდი? - ხმას ავუწიე.

- შენც ხომ გყავს შეყვარებული, მე რატომღა დამყვებოდი? - მოულოდნელად ჩემკენ მოტრიალდა.

გავშრი. პირი გავაღე საპასუხოდ, მაგრამ თითქოს სათქმელი გამომელია.

მართალია ეს კაცი. მან ხომ არ იცის, ბიძინასთან ურთიერთობა რომ გავწყვიტე და სხვათა შორის, სწორედ მისი გულისთვის! თუმცა, ეგ რა შუაშია?

- მე შენთან ზედმეტად არასდროს მოვქცეულვარ. არც არაფერი დამიძალებია არასდროს. ვცდილობდი, ზომიერად მოვქცეულიყავი, რათა შენ თვითონ გარკვეულიყავი საკუთარ თავთან, რომელს აირჩევდი - მე თუ იმ შენს შეყვარებულს. თორემ ქალებს რა გამოლევს! შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

- გავაფუჭე თუ დავმარცხდი? - ხმა ჩამიწყდა.

- გააფუჭე, ჯერჯერობით. პარტია ჯერ არ დამთავრებულა. ვნახოთ, ვინ უკეთ გაართმევს თავს. ბიძინას კიდევ ხვდები?

- არა.

- დიდი ხანია?

- დიდი, - რაც შეიძლებოდა, ლაკონურად ვპასუხობდი, რადგან საშინლად არ მსიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.

- რატომ? - არ მომეშვა.

- ეგ ჩემი საქმეა.

- ჩემიც, სხვათა შორის.

ნერწყვი კინაღამ სასულეში გადამცდა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი სიტყვები.

- მიხდი, რისი თქმაც მინდა? - სარკეში შემომხედა.

- ვერა, - გავისულელე თავი. უფრო კონკრეტული მინიშნება მსურდა მოეცა.

ამოიხვნეშა. გულში გამეცინა. როგორ უჭირს თქმა.

- კარგი. როგორც ვატყობ, ჩვენ ვერ გამოვნახავთ საერთო ენას. შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ. მე ეს ვერ გავითვალისწინე. არა უშავს, ორ თვეში გაიზრდები. აი, წახვალ თბილისში და ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ. მერე მიხვდები ყველაფერს.

- მერე ალბათ, გვიან იქნება, არა? - სული შემეხუთა.

- გვიან...

***

ნატამ კითხვა შეწყვიტა. გარედან ხმაური შემოესმა. კედლის საათს გახედა. ოთხი ხდებოა. "ღმერთო ჩემო, რა დრო გასულა! ბავშვს ძილი როგორ დაუგვიანდა. სად წავიდა ეს კაცი ამდენ ხანს!" - შეშფოთებული სავარძლიდან წამოდგა, გაშლილ რვეულს ზემოდან სათვალე დაადო და ფანჯარას მიუახლოვდა. ამ დროს კარი გაიღო და ლუკა ჭყლოპინით შემოვარდა ოთახში.

- ბებო, ბებო-ოო! მოვედით, მოვედი-ით! - მუხლებზე შემოეხვია შვილიშვილი ბებიას.

- სადა ხარ, ადამიანო, შეხედე ერთი, რომელი საათია. არ გითხარი, დროზე მოდი-მეთქი? - დაუტატანა ქმარს.

- შენს შვილიშვილს ჰკითხე, ბატონო, შემიკლა ხელში. ვეღარ გამოვატყავე იქიდან! - მამაკაცმა ოფლიანი შუბლი ცხვირსახოცით მოიწმინდა, - უჰ, რა ცხელა, ბიჭო! რას შვრები შენ, კიდევ დღიურებს კითხულობ? არ მოგბეზრდა, ქალო? დაბერდი და მაინც წარსულით რომ ცოცხლობ? გაგასულელებს შენ ეგ შენი ჩანაწერები და ჩემი სამკურნალო გახდები მერე.

- კარგი რა, გეგა. სულ ნუ მსაყვედურობ. ხომ იცი, ეს დღიური ჩემთვის რასაც ნიშნავს, - თვალები აუწყლიანდა ნატას.

- ე-ეჰ, კარგი, კარგი. რაც გინდა, ის ქენი. წამო, ბაბუ, დავიძინოთ მე და შენ. დღეს ძალიან დავიღალეთ ორივენი.

- ხელები გადაიბანეთ, - დაადევნა ღიმილით ნატამ და კვლავ სავარძელში ჩაჯდა. სათვალე გაიკეთა, დღიური მუხლებზე დაიდო და დარჩენილი აბზაცი ჩაამთავრა:

"- გვიან არ იქნება, დროული იქნება. იმიტომ, რომ სწორედ მაშინ მიხვდები, როგორ უყვარხარ გეგას, როგორ ოცნებობს შენზე, როგორ ზრუნავს იმაზე, რომ მთელი ცხოვრება ხელისგულზე გატაროს, შენ გვერდით იყოს ღრმა სიბერემდე, შვილიშვილებითა და მათი შვილებით გარშემორტყმული... რას იტყვი, როგორია? მოგწონს ჩემი წინადადება? თუ მოგწონს, მხოლოდ შემომხედე!

შევხედე..."

დასასრული

სვეტა კვარაცხელია