ზღვარზე (VII ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (VII ნაწილი)

- იქნებ გადავიფიქრე?! - წინააღმდეგობის გაწევა ვცადე. მინდოდა ეფიქრა, რომ სანამ გაუჩინარებული იყო, მასზე ფიქრით თავი არ შემიწუხებია. მიმიხვდა ფარულ საყვედურს, მისმა პასუხმა კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჭკვიან კაცთან მქონდა საქმე:

- ნია, უმიზეზოდ არ დავკარგულვარ. სანამ შენთან მოვიდოდი, ეკლესიაში ვიყავი, სანთლები დავანთე და უფალს მადლობა შევწირე, ცოცხალი რომ ვარ და კიდევ შემიძლია ბედნიერებასა და სიყვარულზე ფიქრი... დაწვრილებით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ისეთ კრიმინალურ ბანდას დავუპირისპირდით და დავამარცხეთ, მიკვირს, ცოცხალი როგორ გადავრჩი... მათზე "ნადირობას" რომ დავთანხმდი, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენზე მოვაწერე ხელი... სხვათა შორის, უფალს იმასაც შევპირდი, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, აღარც თავს მოვიტყუებდი და აღარც სხვებს მოვატყუებდი...

- ამით რისი თქმა გინდა?!

- თუ საჭირო გახდება, შენი გულისთვის ოჯახსაც დავანგრევ, ცოლს გავეყრები, რადგან შემიყვარდი და მხოლოდ შენთან ერთად ვხედავ საკუთარ მომავალს...

- მგონი, უარი უნდა ვთქვა პარიზში წამოსვლაზე! - მხრები ავიჩეჩე.

- რატომ?!

- ასე ძალიან მე არ მიყვარხარ და არათუ ოჯახის შექმნა, ისიც არ ვიცი, თუნდაც ერთჯერადი სასიყვარულო ურთიერთობა მინდა თუ არა შენთან... სხვებს არ ვგავარ და გეტყვი, რომ მარტივი არ იქნება ჩემთან ურთიერთობა... არ მესმის, რატომ გიყვართ კაცებს საქმის გართულება?!

- აზრი არა აქვს ახლა რაიმის მტკიცებას და ლაპარაკს, ნია... წავიდეთ და ვნახოთ, რა გამოვა. მოძალადე არ ვარ და რაც შენ არ გენდომება, არ მოხდება! - აღარ გააგრძელა ლაპარაკი ოდიშარიამ...

პარიზში ჩასულები სასტუმროს სხვადასხვა ნომერში დავბინავდით, ასე ვისურვე და არ შემწინააღმდეგებია. პირველივე დღეს სიყვარულის ქალაქის ქუჩებში ბევრი ვიხეტიალეთ, თითქოს იმ დღეს აუცილებელი იყო ყველაფრის ნახვა მოგვესწრო. სასტუმროში ისეთი დაღლილები დავბრუნდით, საღამოს ვახშამზეც კი უარი ვთქვი:

- ახლა აბაზანის მიღებისა და ძილის მეტი არაფერი მინდა და ძალიან გთხოვ, ნურაფერს დამაძალებ!

- როგორც გენებოს! - მითხრა და ჩემს ნომრამდე მიმაცილა...

მეორე დღეს გვიან გამეღვიძა. გამიკვირდა, რომ ლევანმა ამდენ ხანს არ მომაკითხა. თავი მოვიწესრიგე თუ არა, მის ნომერთან მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე. კარგა ხანს არ მიპასუხა და ის-ის იყო, გამობრუნებას ვაპირებდი, რომ კარი გააღო. ძლივს ახელდა თვალებს...

- გაგაღვიძე?! - ჩემს ხმაში მობოდიშების ტონი იგრძნობოდა.

- ჰო. გამთენიისას დავბრუნდი სასტუმროში, თანაც ნასვამი და ვეღარ წავართვი ძილს თავი! - მითხრა უბრალოდ და შესასვლელი გამითავისუფლა. - შემოდი. შხაპს მივიღებ და აზრზე მოვალ. მანამდე საუზმე შეუკვეთე, რომ ნომერში ამოგვიტანონ. არ გივახშმია და ალბათ, მოშივებული იქნები...

სანამ ლევანი სააბაზანოში იყო, საუზმე მოიტანეს და შევეცადე, სუფრა ლამაზად გამეწყო...

- ზედმეტი მომივიდა დალევა, მაგარი კონიაკი აქვთ ამ ოხრებს...

- და მაგარი ქალებიც, ხომ?! - არც კი ვიცი, რატომ ვკითხე ასეთი რამ.

- არა, ქალები არ უვარგათ. ბევრი ვათვალიერე გუშინ, მაგრამ შენი შესადარი ერთიც ვერ აღმოვაჩინე. რაღაცნაირები არიან, ბოლომდე "აუწყობლები" თითქოს და სხვათა შორის, კაცები უფრო არ მოგეწონება. უმრავლესობა ლოთი და ნარკომანია და ალბათ, ამიტომ დარბიან ფრანგი ქალები აფროამერიკელებთან, ყოველ მეორეს შავკანიანი შვილი ჰყავს... მოკლედ, ქალებსაც და კაცებსაც თითქოს მარილი აკლიათ! - თქვა უემოციოდ, მაგიდას მიუჯდა და გემრიელად დაიწყო ჭამა. - მოდი, რაღას უცდი?! - მომმართა სხვათა შორის, რაზეც გამეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია...

ყველაფერი გავსინჯე, მაგრამ დიდად ნასიამოვნები ვერ დავრჩი:

- ვერც საკვები ჰქონიათ მაინცდამაინც გემრიელი, პურსაც კი არა აქვს გემო...

- ქართულს ვერ შეედრება! - მითხრა და შემომხედა. - დღეს სად მივდივართ?

- რა ვიცი, სანახავი, მგონი, ბევრი დაგვრჩა...

- ნამდვილად, მაგრამ თუ გუშინდელივით სიქა უნდა გამაძრო სირულით, მირჩევნია, ექსკურსიამძღოლი გიქირავო, მე კი...

- თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაქვს... - ვერ დავფარე წყენა.

- რა საქმე, აქ დასასვენებლად ჩამოვედი, წამოვწვები და რომელიმე რომანტიკულ ფილმს ვნახავ, ან სულაც პორნოს... შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, თან, რაღაც ისეთი რამ ვიგრძენი, რაც ჩემთვის უცხო იყო... ავდექი და სანამ ლევანი კიდევ რამეს იტყოდა, მის საწოლზე წამოვწექი:

- ჩართე ეგ შენი პორნო, ერთად ვუყუროთ! - ვუთხარი გამომწვევად. მანაც არ დაახანა: წამოდგა და მაისური გადაიძრო, მერე კი, სანამ ჩემ გვერდით წამოწვებოდა, ვითომ სხვათა შორის მკითხა:

- ძალადობაში ხომ არ ჩამითვლი?!

- ხომ გითხარი, ჯერ არ დაბადებულა კაცი, ვინც ჩემზე ძალადობას შეძლებს...

ვერ ვიტყვი, რომ გავითიშე და საკუთარ ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, მაგრამ მივხვდი, რომ მსიამოვნებდა ლევანის ალერსი და მისი ძლიერი ხელები ისეთ რაღაცას აღვიძებდნენ ჩემს სულსა და სხეულში, რაც ქმართან ყოფნისას არასოდეს მიგრძნია. მერე ისე ძალიან მომინდა ახალი შეგრძნებების ბოლომდე აღქმა, გავაქტიურდი და კაცს "სიგიჟეში" ავყევი. ხელი არ შეუშლია და მოქმედების თავისუფლება მომცა...

როცა ყველაფერი მორჩა, ლევანი მიხვდა, რომ ორგაზმი არ განმიცდია:

- ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქალიშვილთან ვიწექი... რაღაცის გეშინოდა, ნია და ამიტომ, ვერ ისიამოვნე სექსით...

- მართალი ხარ, მართლაც იმის მეშინოდა, რომ მამაკაცთან ყოფნას ვერ შევძლებდი და ვერ "გავითიშე!" - ვაღიარე და კაცს თვალი მოვარიდე, ზურგი ვაქციე...

- ნუ გრცხვენია, ცუდი არაფერი მომხდარა! - მაკოცა ბეჭის თავზე. - მივხვდი, რომ შენი ქმრის შემდეგ მართლა არავინ გყოლია და ძალიან მიხარია. შენ არ იცი, რამდენს ნიშნავს კაცისთვის იმისი ცოდნა, რომ ერთ-ერთი მრავალთაგანი კი არა, ერთადერთია ქალის ცხოვრებაში. პირობას გაძლევ, რომ სრულყოფილ ქალად გაქცევ...

დარჩენილი დღეები მართლაც ისე გავატარეთ პარიზში, როგორც ახალდაქორწინებულმა შეყვარებულებმა. დღისით ქალაქის დათვალიერებით ვიღებდით სიამოვნებას, ღამით კი ლევანი ცდილობდა, სრულყოფილ ქალად ვექციე და გამოუვიდა კიდევაც:

- მგრძნობიარე ქალი ხარ, ნია, შენნაირებზე კაცები ოცნებობენ და მიკვირს, რომ ჩემამდე ვერავინ შეძლო ამისი აღმოჩენა... სამი შვილი გვყავს მე და ჩემს ცოლს და მასთან არასოდეს განმიცდია ის, რასაც შენთან ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, არც ჩემს ცოლსა აქვს წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს მოყვარული ადამიანების "ერთ სულ და ერთ ხორც" ქცევა... ამან უფრო გადამაწყვეტინა, რომ ოჯახიდან წამოვალ და მხოლოდ შენი ვიქნები...

- მაგრამ, მე არა ვარ ამაში დარწმუნებული, ლევან და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. არ ვიცი, ოდესმე მენდომება თუ არა შენი ცოლობა და დედობა...

- თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები, ან მანამდე, სანამ შენს ცხოვრებაში სხვა კაცი არ გამოჩნდება, რომელსაც ჩემზე მეტად შეიყვარებ...

პარიზიდან დავბრუნდით თუ არა, ლევანმა მართლაც მალე წამოიწყო გაყრის პროცესი და არც ცოლი შესწინააღმდეგებია, მით უფრო, რომ ქონების გაყოფა და შვილებისთვის რაიმის წართმევა არც უფიქრია, ყველაფერი მათ დაუტოვა. თავად კი სამოთახიან ბინაში გადავიდა, რომელიც დაცოლშვილებამდე ჰქონია, მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული.

- ალბათ, ჩემამდე უამრავი ქალი გყოლია აქ ამოყვანილი! - ვიეჭვიანე, როცა პირველად დამპატიჟა თავის ბინაში ოდიშარიამ.

- შენ კიდევ არ მიცნობ, ნია... არ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ ცოლის გარდა ცხოვრებაში სხვა ქალი არ გამიჟიმავს, მაგრამ ჩემს სახლში შემოყვანის ღირსად არავინ ჩამითვლია, - ბოზებისთვის სხვა ადგილები არსებობს, სადაც არასოდეს წაგიყვან, არ გაკადრებ და იმიტომ... ეს მხოლოდ ჩვენი სახლი იქნება და არასოდეს არც ერთი ქალი არ გაათევს აქ ღამეს, მით უფრო, ჩემს საწოლში.

- და მაინც, მე მხოლოდ საყვარელი ვარ შენი და არა მგონია, ოდესმე ცოლობის სურვილი გამიჩნდეს, არც შვილს გავაჩენ აღარასოდეს...

- არასოდეს თქვა, არასოდეს! - გამახსენა ძველი სიბრძნე. - მე კი სიამოვნებით ვიყოლიებდი შენთან შვილს...

ასეთი ერთგულების გამო ალბათ მადლიერი უნდა ვყოფილიყავი ლევანის, მაგრამ თითქოს ეშმაკი შემიჩნდაო, რაც მეტად ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, მით მეტად მიჩნდებოდა მასთან დისტანციაზე ყოფნის სურვილი, მეშინოდა, რომ კაცზე გავხდებოდი დამოკიდებული და პასუხისმგებელიც ვიქნებოდი მის წინაშე. ამისთვის კი არ ვიყავი მზად. არავისთან შემეძლო დიდი ხნით ყოფნა. მით უფრო, როცა ურთიერთობები საყოფაცხოვრებო დონეზე დადიოდა და ყოველთვის უნდა მქონოდა პასუხები კითხვებზე: სად ვიყავი, რატომ დამაგვიანდა, ვის შევხვდი და ა.შ.

ლევანს კი სწორედ ეს სურდა - ჩემი თითოეული ნაბიჯის გაკონტროლება და იმისი ცოდნა, რას ვაკეთებდი მაშინ, როცა მასთან არ ვიყავი?! ამის საფუძველზე ზოგჯერ ისეთი ჩხუბი მოგვდიოდა, ჩემთან მოახლოებასაც კი ვუკრძალავდი და პოლიციაში ჩივილით ისე ვემუქრებოდი, ვითომ თავად არ ყოფილიყო ამ ორგანოს წარმომადგენელი; რომ მოენდომებინა, იქით დამიჭერდა და ცხოვრებასაც დამინგრევდა, მაგრამ თუ მითმობდა, ისევ და ისევ ცდილობდა, ჩემთვის ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები ესწავლებინა, რაც არ გამოსდიოდა, მაგრამ ვუყვარდი და ამიტომ არ ვეთმობოდი. ბევრჯერ გავუოცებივარ მის დამოკიდებულებას და ვეკითხებოდი: როგორ შეეძლო ასეთი რთული და აუტანელი ვყვარებოდი, რაზეც მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა:

- როცა ჩემსავით შეგეძლება სიყვარული, მიხვდები, რატომ შეუძლიათ ადამიანებს ხშირად მართლაც გასაოცრად ბევრის პატიება...

გაგრძელება