ზღვარზე (IX ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (IX ნაწილი)

- ლევანი მოვიდა, ნასვამია... ვუთხარი, რომ გეძინა, მაგრამ არ წავიდა, - ან ახლა უნდა დაველაპარაკო, ან არასოდესო...

- აქ ამოიყვანე! - ვუთხარი ჩემი სახლის დიასახლისს, რომელმაც კარგად იცოდა, რა ურთიერთობაც გვქონდა მე და ლევანს...

ჩაცმა არც მიფიქრია და პიჟამაში გამოწყობილი შევეგებე საყვარელს:

- გამარჯობა! - მითხრა დარცხვენილმა და საწოლზე ჩამოჯდა.

- გაგიმარჯოს! - გულგრილად ვუპასუხე სალამზე და მოთმინებით დაველოდე, რას მეტყოდა...

- თითქოს მომაჯადოვე, ნია... ასე რომ არ იყოს, ახლა აქ არ უნდა ვიყო, რადგან თავმოყვარე კაცი იმ ორგიის შემდეგ, რაც ვნახე, შეგიძულებდა...

- და რატომ არ მოიქეცი ასე?! - გაღიზიანებულმა შევეპასუხე. ვაგრძნობინე, რომ მისი საყვედურების ატანას არ ვაპირებდი.

- მიყვარხარ და შენი დაკარგვა არ მინდა... მეტიც, ახლა შენს წინაშე რომ ვდგავარ და ამას ვაღიარებ, თავი მეზიზღება, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი უშენოდ, მირჩევნია, ასე დავიმცირო თავი, ოღონდ გვერდით მყავდე...

- იმაზეც ხარ თანახმა, ჩემს ლესბოსურ მიდრეკილებებს შეეგუო?! - უკვე ზიზღით ვკითხე, რადგან აუტანელი იყო ასე დამცირებული მამაკაცის ცქერა...

- ვიცი, რომ ანა წავიდა...

- თუ მოვინდომებ, სხვა მოვა. ხომ იცი, მოძებნა არ გამიჭირდება!

- ამაზე არაფერი მითხრა, რადგან ვერასდროს შევეგუები შენი სიყვარულის სხვასთან გაყოფას... შევეცდები დაგარწმუნო, რომ ჩემსავით არავის ეყვარები... შენგან წასვლის შემდეგ ურთიერთობა უამრავ ქალთან ვცადე, რამაც მეტად დამარწმუნა, რომ სხვის ჯიბრზე არც სიყვარული შეიძლება და არც სიძულვილი... თან, ერთსაც მივხვდი, - ჩემთვის იმაზე მეტი ხარ, ვიდრე უბრალოდ ქალი, რომელთანაც პირველ რიგში სექსი გინდა. ისე, არც უმაგისობაა, მაგრამ სექსი მაინც ბოლო ადგილზეა იმ ყველაფერთან, რაც შენში მიზიდავს, - შენ ჩემი ნახევარი ხარ, ნია და მხოლოდ შენთან შემიძლია გამთლიანება...

- გვიანია, წადი ახლა! - ვუთხარი ყველაფრის საპასუხოდ.

- ვერ წავალ, შენთან უნდა დავრჩე... პირობას გაძლევ, არ შეგაწუხებ, უბრალოდ, მინდა, ჩემ გვერდით გიგრძნო...

- მანქანა ჭიშკართან არის? - ვკითხე, რადგან არაფერი მქონდა საწინააღმდეგო, თუ დარჩებოდა.

- ტაქსით მოვედი. ნასვამი არ მივუჯექი საჭეს.

- იმედია, როცა გამოფხიზლდები, არ იტყვი, - ალკოჰოლმა სისულელე ჩამადენინა, აქ რა ჯანდაბამ მომიყვანაო?! - ვუთხარი, წამოვდექი და ნატოს გავძახე: ამაღამ ლევანი ჩემთან რჩება. ჩაკეტე ჭიშკარიც და შენც დაისვენე.

- ძილი ნებისა! - მივიღე პასუხად.

- შხაპს მივიღებ! - მთხოვა ლევანმა.

კარადის უჯრა გამოვაღე და სუფთა პირსახოცი მივაწოდე...

იმ ღამეს ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ეგ კი არა, მძინარეც ვგრძნობდი, როგორ ეფერებოდა ლევანი ჩემს ზურგს, ბეჭებს, რადგან მისგან ზურგშექცევით ვიწექი...

დილით, როცა გამოფხიზლდა, თვალს ვერ მისწორებდა და მომეჩვენა, რომ ნანობდა ბოდიშებით მოსვლას. ამიტომ, სანამ იტყოდა რამეს, და¬ვასწარი და გავა¬ფრთხილე:

- თუ მიგაჩნია, რომ არ უნდა მოსულიყავი და მით უმეტეს, მოსაბოდიშებელი არაფერი გქონდა, წადი და სამუდამოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, ვინმე ჩემზე ღირსეული და დამთმობი ქალი იპოვე. ანდა, სულაც ცოლს შეურიგდი, შენი შვილების დედას, რომელიც, არა მგონია, ადვილად შეგიცვალოს ვინმემ, რადგან მასავით ერთგული და მომთმენი ქალები ახლა იშვიათად არიან...

კარგა ხანს უხმოდ მისმენდა. მერე კი, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, სიგარეტს მოუკიდა და როცა სანახევროდ ჩაიფერფლა, მერე მითხრა:

- არც კი ვიცი, რას ვნანობ, ნია... უშენოდ რომ არ შემიძლია ცხოვრება, ამაში დარწმუნებული ვარ და ადრე თუ გვიან, ვერ შევძლებდი თავის შეკავებას, ფხიზელი თუ მთვრალი მოვიდოდი და შენს დაბრუნებას შევეცდებოდი... თუ რამე უნდა ვინანო, ალბათ უფრო ის, რომ გაგიცანი და შემიყვარდი, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ვარ მთლად ჩვეულებრივი და ნორმალური ფსიქიკის პატრონი, რომ დალაგებულ ცხოვრებას და სიმშვიდეს, შენნაირ ქალთან ურთიერთობა ვარჩიე, მაგრამ აწი უშენოდ ვეღარ ვიცოცხლებ... ცოლად გამომყვები? - მერე მოულოდნელად მკითხა და გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ მაშინვე უარი ვუთხარი:

- რა თქმა უნდა, არა! ერთხელ უკვე გითხარი, რომ არც ვინმეს ცოლი გავხდები და არც დედა. უფალს რომ ჩემი ჩვეულებრიობა ნდომოდა, გათხოვილიც ვიყავი და შვილიც მყავდა...

- ასე ბევრს ემართება, მაგრამ რეალობას ეგუებიან და ცხოვრებას თავიდან იწყებენ...

- ჩემს გადარწმუნებას ნუ შეეცდები! - შევაწყვეტინე მკაცრად. - დროს დაკარგავ და არაფერი შეიცვლება...

- კარგი, ნუ გავაგრძე¬ლებთ, თორემ შეიძლება, ჩხუბი შემოგვეპაროს. დრო ყველაფერს დაალაგებს და გვიჩ¬ვენებს, როგორ უნდა მოვიქ-ცეთ... ახლა კი ერთი მნიშვ¬ნელოვანი საქმე მაქვს შენთან: - ახალშობილი გვჭირდება და თურქეთიდან არა¬ფერი ისმის ბოლო ხანებში?

- არა. იმ შემთხვევის შემდეგ ხომ იცი, უარი ვთქვი ახალშობილებით ვაჭრობაზე...

- მდიდარი ოჯახია და მილიონსაც გადაიხდის, ოღონდ ჯანმრთელი ახალშობილი ვუშოვოთ. ცოლ-ქმარს რაღაც ვირუსი აქვს. ქალი რამდენჯერმე დაორსულდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მკვდარი შობა... ამით ისეთი სტრესი მიიღო, სიგიჟის ზღვარზეა. ექიმებმაც ურჩიეს, "ექსპერიმენტებს" თავი დაანებონ და სხვისი პატარა იშვილონ, რაც არცთუ ისე იოლია. თანაც, მაინცდამაინც ახალშობილი სჭირდებათ. ახლობლებსაც არ უნდათ გააგებინონ, რომ ბიოლოგიურ შვილს არ ზრდიან...

სწორედ ორი დღის წინ დამირეკა ჩემი ბავშვობის მეგობარმა, გინე¬კოლოგმა მელისა ჩიხლაძემ, რომელიც ზოგჯერ ისეთ ქალებსაც უკეთებს აბორტს, სხვა ექიმები ნაყოფის სიდიდის გამო უარს რომ ამბობენ:

- ანგელოზივით გოგოა 6 თვის ორსული და აბორტის გაკეთებას მთხოვს. სტუდენტია. მშობლები სოფელში ჰყავს და რომ გაუგონ, მოკლავენ იმის გამო, რაც დაემართა, მაგრამ იმდენად დიდია ნაყოფი, რომ მეც ვერ ვბედავ აბორტის გაკეთებას და სხვა მით უფრო არ მოჰკიდებს ხელს. ამიტომ, ნია, შენ გამახსენდი, ვიცი, რომ შეგიძლია კარგ ოჯახში გააშვილებინო ბავშვი. იქნებ დაეხმარო, ცოტა ფულს მასაც ვაშოვნინებთ და ჩვენც მოვითბობთ ხელს...

უარი ვუთხარი: ხომ იცი, ასეთ საქმეებს შევეშვი-მეთქი!

მე და მელისა ბოლო 2 წელიწადი სკოლაში ერთად ვსწავლობდით. ისიც ჩემსავით უცნაური იყო და ალბათ, ამიტომაც დავახლოვდით. თვითონაც აყვანილი ბავშვი იყო და იცოდა კიდეც ამის შესახებ. 4 წლის იყო მელისა, შვილი რომ გაუჩნდათ მის გამზ¬რდელებს, მაგრამ მას ამით არც ყურადღება მოჰკლებია და არც პატივი. 14 წლისას ვიღაც უნამუსომ გაუმხილა, აყვანილი ბავშვი რომ იყო და როგორც გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს ემართებათ, მასაც ისტერიკა დაემართა, ნამდვილი მშობლების პოვნა მოინდომა, რაც იოლი ნამდვილად არ აღმოჩნდა. მისი მშობ-ლები ეროვნებით რუსები ყოფილან და საქართველოდან დიდი ხნის წინ წასულან...

რადგან ბიოლოგიურ მშობლებს ვერ მიაკვლია, გამზრდელებთან დარჩა, მაგრამ ცუდად ექცეოდა მათ, თითქოს რამე მათი ბრალი ყოფილიყო. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ბინა უყიდეს და საცხოვრებლად ცალკე გაუშვეს. ძალიან ნიჭიერი იყო და სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა. პირველ კურსზევე გათხოვდა, მაგრამ ვერც დედამთილ-მამამთილის ატანა შეძლო და ქმრის ოჯახიდან წამოვიდა. ქმარმა მშობლებს არ აწყენინა და მათთან დარჩა. მელისამ შანტაჟი სცადა: - ემუქრებოდა, რომ შვილს არ ანახვებდა, თუ მახო მშობლებზე უარს არ იტყოდა, მაგრამ ბიჭმა, რომელიც ცოლის ისტერიკებით დაიღალა, გულგრილად შემოუთვალა: აღარც შენ მინდიხარ და აღარც შენი შვილი. რაც უფრო შორს წახვალ ჩემი ცხოვრებიდან და გაქრები, მით უკეთესი იქნებაო...

მელისა რომ ქმარს გაშორდა, მისი შვილი თვეების იყო. მელისას მალე მოჰბეზრდა მარტოხელა დედობა, ჩვილისთვის ღამის გათენება. ჰოდა, შვილიც გაიმეტა და დედამთილს მიუყვანა:

- რაც გინდათ, ის უყავით, - გინდათ, გაზარდეთ და გინდათ, უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეთ, მაგისი გამზრდელი არ ვარო! - და მართლა აღარ მოუკითხავს შვილი, რომელიც ქმრის მშობლებმა გაზარდეს და არც მახოს მეორე ცოლს გაუპროტესტებია გერის არსებობა, - ბავშვს თავი შეაყვარა და მიუხედავად იმისა, მელისას არსებობა არასოდეს დაუმალავთ მისთვის, დედას მაინც დედინაცვალს ეძახის...

მელისას დიდად არც ეს ადარდებს. ჩემი არ იყოს, შვილის ხსენება აღარ უნდა და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე საყვარელი გამოიცვალა და ორსულდებოდა კიდეც, აბორტებს დაუფიქრებლად იკეთებდა...

ლევანი მელისას კარგად იცნობდა, რა თქმა უნდა, ჩემგან...

- მელისას იმ ექვსი თვის ფეხმძიმე გოგონას დახმარებაზე უარი კი ვუთხარი, მაგრამ ჰკითხე იმ შენს მდიდრებს, იმ გოგოს მშობიარობამდე თუ არჩენენ და ფულსაც გადაუხდიან, დავაკავშირებ. ოღონდ, წილს მელისაც მოითხოვს.

- უფულოდ არც მე და შენ დავრჩებით! - ლევანმა მობილური ტელეფონი ამოიღო და "დამკვეთებთან" დარეკა...

რა თქმა უნდა, დათანხმდნენ. ოღონდ, თვითონ არ უნდოდათ მომავალი შვილის ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა, - ეშინოდათ, ოდესმე თუ ინანებდა ბავშვის დათმობას და გაშვილებას, მათი დევნა-შევიწროება არ დაეწყო. ამიტომ, ჩემთან ინდომეს შეხვედრა და საღამოს მე და ლევანი რესტორანში მიგვიწვიეს.

ვიცანი კაცი. ზუსტად არ ვიცი, რომელ სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობდა, მაგრამ მაღალი თანამდებობა რომ ჰქონდა, ვიცოდი. ტე¬ლევიზორშიც ბევრჯერ დამინახავს. დებატებისას ყოველთვის მთავრობის ინტერესებს იცავდა ხოლმე, მაგრამ ამის შესახებ მისთვის არაფერი მითქვამს, არც მიგრძნობინებია, რომ ვიცანი...

გაგრძელება