ზღვარზე (XI ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XI ნაწილი)

ფეხმძიმობის ბოლო 3 თვე კიევში გავატარე, ჩემი შვილის მომავალი მშობლების სახლში. თან მყვებოდნენ. 55 წლის კაროლინა, რომელიც ექიმი იყო, მუცელზე მეფერებოდა და "ნანატრი შვილის" დაბადებას მოუთმენლად ელოდებოდა. ვიმშობიარე თუ არა, მაშინვე მოვითხოვე, რომ ჩვილი სანახავად არ მოეყვანათ...

ახლა ჩემი ბიჭი 10 წლის იქნება და ერთხელაც არ მომიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, სად შეიძლება მისი ნახვა...

ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რამ გამაბოროტა ასე, რომ საკუთარი შვილის დანახვაც არ ვინდომე და ვერასოდეს მივმხვდარვარ, რა მოხდა ასეთი ჩემს ფსიქიკაში, რომ მას შემდეგ დედობის დაშვებაც არ შემიძლია, რაც პირმშო მიწას მივაბარე და ვთქვი, რომ არასოდეს მეყოლებოდა სხვა შვილები, ისევ რომ არ განმეცადა მათი დაკარგვის შიში და ტკივილი...

ლევანს, რა თქმა უნდა, გაუკვირდა ქალაქიდან ჩემი რამდენიმეთვიანი გაუჩინარება. იცის, რომ არ მიყვარს დიდი ხნით სხვა ქალაქში ყოფნა. ყველაზე ძვირფას სასტუმროს მირჩევნია ჩემი სახლი და შეჩვეული გარემო.

მიუხედავად იმისა, რომ შვილი საკუთარი სურვილით უარვყავი და სინდისის ქენჯნას ამის გამო წესით არ უნდა შევეწუხებინე, მაინც ვერ ვიყავი მშვიდად. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ფეხზეც მალე დავდექი, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მძიმე ოპერაცია გადავიტანე და გულ-მუცელი ამომაცალეს. არავის დანახვა არ მინდოდა. ერთი კვირის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი. ლევანი იმავე საღამოს მოვიდა ჩემთან და გაოცებულმა შემომხედა:

- სხვანაირი ხარ, ნია, თითქოს რაღაც მძიმე ავადმყოფობა გადაგეტანოს. ხომ კარგად ხარ? - არ გამოჰპარვია ჩემი ცვლილება.

- ალბათ გადავიღალე, ბევრი საქმე მქონდა კიევში, დაძაბული გრაფიკით მიწევდა მუშაობა.

- რაიმე შარში ხომ არ გაყავი თავი? - ეჭვი გაუჩნდა, რადგან ჩემი საქმიანობა ნამდვილად არ იყო დამღლელი, რომ ასე გამოვეფიტე.

გამაღიზიანა მისმა ზედმეტმა ყურადღებამ და ალბათ იმის შეგრძნებამაც, რომ დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით, თავის მართლება მჭირდებოდა. უხეშად ვუთხარი:

- დაკითხვას მიწყობ?

- დაკითხვა რა შუაშია, არ მომწონს შენი ფიზიკური მდგომარეობა და მინდა დაგეხმარო, თუკი ეს შესაძლებელია...

- არ მჭირდება დახმარება და საერთოდაც, მარტო დამტოვე... დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. თანაგრძნობაც კი უკუღმა მესმის და მაღიზიანებს.

- მაინც არ მომწონხარ! - მითხრა ლევანმა და მივხვდი, გული ძალიან ვატკინე, მაგრამ მისი შეჩერება არ მიცდია. იმ წუთში ისეთ რამეს განვიცდიდი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საკუთარ თავსაც კი გავექცეოდი...

კიევში ახალშობილის დატოვება ალბათ კარგი გამოსავალი იყო ჩემთვის, რადგან ვერ ავიტანდი თბილისში ჩემი სისხლისა და ხორცის არსებობას, ჩემთან ახლოს და მაინც ასე შორს...

იმ ღამით უცნაური სიზმარი ვნახე: ორი ახალშობილი (გოგონა და ბიჭი) იდგა დედიშობილა, ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდებინათ. წესით ასეთ ჩვილებს ლაპარაკი არ უნდა შეეძლოთ, მაგრამ ისინი მეძახდნენ: - დედა, დედა, უშენოდ ცუდად ვართ, გვენატრები!.. გვჭირდები!

- ჩემი შვილები არ ხართ! - კატეგორიულად ვუთხარი და ვცადე, მათთვის ზურგი მექცია, მაგრამ არ გამომივიდა. პარალიზებულივით ვიდექი და განძრევას ვერ ვახერხებდი, შვილების მზერას ვერ ვემალებოდი, როგორ არ ვეცადე და ლამის ისტერიკა დამემართა:

- დამანებეთ თავი! ჩემი შვილები არ ხართ! ერთი შვილი დიდი ხნის წინ დავმარხე, მეორეს, ჩემზე ბევრად უკეთესი მშობლები მოვუძებნე...

- მჭირდები, დედა! - ჩემკენ გამოიწია ბიჭმა.

- უკვე გყავს დედა და აღარ მაქვს შენთან მოახლოების უფლება! - არ გავიკარე პატარა.

- მაშინ ჩემთან მოდი! - ახლა გოგონამ გამოსწია ჩემკენ ხელები.

- შენ მკვდარი ხარ! თავიდან მომწყდი! - ვუყვირე და როგორც ჩანს, მართლა ამოვიხავლე. ჩემმა ხმამ შემაშინა და გამაღვიძა...

სინათლე ავანთე. ძილში განცდილი გაღიზიანება რეალობაშიც გამომყვა...

თავისი სიზმრებით ლევანმა კიდევ უფრო გამაღიზიანა: რამდენიმე დღის შემდეგ რომ მოვიდა ჩემთან, დაღლილი სახე ჰქონდა, თითქოს ზედიზედ 2-3 ღამე გაეთენებინოს.

- ბევრი საქმე გქონდა თუ რატომ ხარ ასე გამოუძინებელი? - ვკითხე თანაგრძნობით.

- საქმე არა, მაგრამ რამდენიმე ღამეა, კოშმარები მესიზმრება და მერე ვეღარ ვიძინებ... ახალშობილი ბიჭი მესიზმრება და მეხვეწება: - მამა, შენ მაინც ნუ მიმატოვებო!..

ისე წამომახურა სახეზე, თითქოს სილა გამაწნეს, მაგრამ მაინც მოვახერხე, ხმაში აღელვება არ დამტყობოდა. ლევანს სახე მოვარიდე და რაც შეიძლება გულგრილად ვკითხე:

- რა სისულელეა და რას არ ნახავს ადამიანი ძილში?! საიდან უნდა იყოს შენი შვილი ახალშობილი და მით უმეტეს, შველას რატომ უნდა გეხვეწებოდეს?

- ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა ცოლმა აბორტი გაიკეთა! - თქვა მძიმედ. გაკვირვებულმა გავხედე და ახლა უკვე ირონიულად ვკითხე:

- ვა-ა, ცოლი გაგიბოზდა, ლევანჩო?

- კაი, რა, ნუ გაქვს მწარე ენა. ჯერ ერთი, ჩემს ცოლს ყველა სიგლახე რომ დავაბრალო, ბოზობას არ იკადრებს და თუ ერთ კაცს გაიჩენს და თუნდაც გათხოვდეს, ამისი სრული უფლება აქვს. მე თუ ვცდილობ ცხოვ¬რების თავიდან დაწყებას, იმას რატომ უნდა ავუკ¬რძალო მომავალზე ფიქ¬რი?!

- აბა! - უსიამოვნო წინათგრძნობა დამეუფლა და ლევანმა არ დამიმალა:

- ჰო, სექსი გვქონდა, ორჯერ... ბავშვების სანახავად რომ მივედი, შემ¬თხვევით მარტო დამხვდა... ჯანმრთელი, ახალგაზრდა ქალია და რა გასაკვირია, რომ მამაკაცთან ურთიერთობის სურვილი ჰქონ-დეს? ხელს ვერ ვკრავდი...

- არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მიღალატე! - ვერ დავმალე, რომ არ მესიამოვნა ცოლთან მისი სიახლოვის გაგება.

- სიმართლე გითხრა, მერე მეც ვინანე, რომ ასეთი რამ მოხდა და მანაც ინანა... იმის მერე ცდილობს, მარტო აღარ დამხვდეს. შვილების გარემოცვაშიც კი მარიდებს თავს...

- გითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და აბორტის გაკეთებას აპირებდა?

- არ უთქვამს, მაგრამ... რატომ მესიზმრება ახალშობილი და რატომ მთხოვს, არ მივატოვო?!

- სიზმრები რომ სისულელეა, ამას ეკლესიაც გვასწავლის და არ უნდა მიაქციო ყურადღება! - ვცადე, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაგვეგრძელებინა, მაგრამ ლევანი დათრგუნვილი იყო და სხვა რამეზე ფიქრი არ შეეძლო:

- ჩემი მესამე შვილი რომ დაიბადა, მეუღლე ცუდად იყო. ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ გვაძლევდნენ და მხოლოდ სასწაულს რომ ველოდებოდი, ეკლესიაში ხატების წინ დავიფიცე: - ოღონდ შვილის სიცოცხლე არ წაერთმიათ და ჩემი ცოლი ათჯერ რომ დაორსულებულიყო, ერთხელაც არ მივ-ცემდი აბორტის გაკეთების უფლებას, ყველას გავაჩენინებდი. არადა, ლიას საპირისპირო გრძნობა გაუჩნდა, - ისე შეაშინა შვილის დაკარ¬გვის საშიშროებამ, დაიფიცა, რომ მეტ შვილს აღარასოდეს გააჩენდა. ამიტომ ვეჭვობ, რომ თუ დაორსულდა, არ გამიმხელდა და ჩუმად გაიკეთებდა აბორტს. იცოდა, არ მივცემდი ამის ნებას.

- მაგის დადგენას რა უნდა, მით უმეტეს, შენი პროფესიის და კავშირების მქონე კაცისთვის? - მხრები ავიჩეჩე.

- საქმეც ის არის, რომ არ მინდა სიმართლის გაგება. გაფუჭებულ საქმეს ვერაფერს ვუშველი და სინდისის ქენჯნა გამაწამებს... არ უნდა მიმეტოვებინა ცოლ-შვილი და არ უნდა დამენგრია ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა აღარ შემეძლო ტყუილში ცხოვრება. მამაკაცს სხვა პასუხისმგებლობა აქვს შვილების წინაშე და პირადი გრძნო¬ბები ღრმად უნდა დამარხოს...

- იმედია, მე არ მადანაშაულებ ოჯახის დანგრევაში, - ისევ გაღიზიანებამ გამოჟონა ჩემს ტონში.

მოვიდა და მომეხვია:

- რა შუაში ხარ, ნიაკო... შენც რომ არ გამოჩენილიყავი, რაც მოსახდენი იყო, მაინც მოხდებოდა! - მერე კი შემეხვეწა: - შენ ხომ არასოდეს მომატყუებ და თუ დაორსულდები, შვილს ხომ არ მომიკლავ?

- არ დავორსულდები! - თავი გავითავისუფლე მისი მკლავებიდან და საქმე მოვიმიზეზე, ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე. მერე კი კარგა ხანს გავურბოდი და თავს ვარიდებდი. როცა ერთად ვიყავით, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ეს გრძნობა მტანჯავდა. მეჩვენებოდა, რომ ლევანი იყო ჩემს უბედურებაში დამნაშავე და ზოგჯერ მეზიზღებოდა კიდევაც...

გული და გრძნობები ისე მქონდა გაქვავებული, არავის სიყვარული არ შემეძლო, მათ შორის ლევანისაც, მაგრამ ზიზღს ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემგან და ესეც დანაშაულის გრძნობას მიჩენდა:

- უნდა დავშორდეთ! - მოვთხოვე კატეგორიულად გარკვეული ხნის შემდეგ.

- სხვა შეგიყვარდა?! - მკითხა და მივხვდი - ის წამოსცდა, რისიც ყოველთვის ეშინოდა.

- არა, ლევან, არავინ მიყვარს და კარგად იცი, თუ სხვა გაჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ამას მაშინვე შეიტყობ, რადგან თავის სამართლებელი არაფერი მჭირს არავის და მათ შორის, შენ წინაშეც... უბრალოდ, ცოლქმრულ ყოფას დაემსგავსა რაღაცით ჩვენი ურთიერთობა, რასაც ვეღარ ვუძლებ. დავიღალე, გესმის?!. მინდა, დამოუკიდებლობა და მარტოობა დავიბრუნო. კარგად იცი, არ ვარ იოლად ასატანი ადამიანი და არც ჩემს ცხოვრებაში შემიძლია, ვინმეს გამუდმებით ატანა... წადი და შენს გზას ეწიე, მე ჩემს მარტოობას დავიბრუნებ და თუ ოდესმე მომენატრები და შენც გექნება ამის სურვილი, ისევ დაგიბრუნდები...

გაგრძელება