ზღვარზე (XIII ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XIII ნაწილი)

- სულაც არა...

არ მინდოდა მისი წყენინება, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ტყუილის თქმა:

- არა, ლევან... არ შემიძლია ცოლობა და მერწმუნე, თუ სიმშვიდე და ბედნიერება გინდა, სხვა ქალი უნდა მოძებნო, ჩემზე ღირსეული და რაც მთავარია, ნორმალური...

- მხოლოდ შენ მინდიხარ, ნია, ისეთი, როგორიც ხარ!

- ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის!

- მას შემდეგ, რაც სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ დრო არ გვაქვს ადამიანებს და შორეულ მომავალზე ფიქრიც სისულელეა და ამიტომ, ახლავე უნდა მითხრა: - გამილამაზებ დარჩენილ დღეებს შენ გვერდით ყოფნით?..

პასუხს თავი ავარიდე და იმ დროს შვება იყო ჩემთვის პალატაში ლევანის ცოლყოფილისა და შვილების შემოსვლა. ბავშვები კარგად მიცნობდნენ და ამიტომ, თბილად მომიკითხეს, რაც ლევანის დამსახურება იყო; მათ თავიდანვე აუხსნა, რომ ოჯახის დანგრევა ჩემი ბრალი არ ყოფილა. ლევანს ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, შვილები ყველაფერს უჯერებდნენ, მათ ისიც კარგად გააცნობიერეს, რომ მისი საყვარელი ქალი ვიყავი და ჩემთვის პატივი უნდა ეცათ...

- მარტო დაგტოვებთ! - გავიწიე წასასვლელად.

- რა გეჩქარება? - ლევანს თვალებში შეეტყო, რომ არ ვეთმობოდი, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს. მაინც მოერიდა ცოლყოფილის გულის ტკენას და ემოციები მოთოკა.

- ხომ იცი, დღეს დავბრუნდი თურქეთიდან და ძალიან დაღლილი ვარ, დასვენება მჭირდება. დავისვენებ და ხვალ ისევ მოგაკითხავ.

- გელოდები! - მუდარა ჟღერდა კაცის ხმაში.

იმ ღამეს დიდხანს არ დამაძინა ლევანზე ფიქრმა, - ვგრძნობდი, მასავით არავინ შემიყვარებდა და თუ მსურდა, გვერდით საიმედო მამაკაცი მყოლოდა, სწორედაც რომ მის ცოლობას უნდა დავთანხმებოდი, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ არავისთვის შემეძლო ბედნიერების მინიჭება და ლევანი ცუდისთვის არ უნდა გამემეტებინა, რადგან მართლა ვუყვარდი...

საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, სახლში წამოვიყვანე. ცოლყოფილიც არ იყო წინააღმდეგი სრულ გამოჯანმრთელებამდე მასთან ყოფილიყო, რადგან მარტო თავს ვერ მოუვლიდა, მაგრამ რადგან შევთავაზე, ჩემთან ყოფნა არჩია...

თვეზე მეტი დასჭირდა მის გამოჯანმრთელებას და ის ერთი თვე ჩემს საძინებელში გაატარა. ღამით მთხოვ¬და ჩავხუტებოდი და მისთვის ხელი არ გამეშვა. თუ გვერდს ვიცვლიდი, რაც უნდა ღრმად სძინებოდა, მაშინვე ეღვიძებოდა და შეშინებული მეკითხებოდა: სად მივდიოდი? რაც ჩემთვის დამღლელი აღმოჩნდა, რო¬გორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო¬ლოგიურად. ვცდილობდი, ნაფიქრი არ გამემჟღავ¬ნებინა, მაგრამ ლევანი გულუბრყვილო არ იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, რასაც განვიცდიდი და ერთ დღესაც, მოწყენილმა მითხრა:

- ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის წავალ აქედან, ძალიან დაგღალე...

მინდოდა შევკამათებოდი, მაგრამ არ მომისმინა:

- ნია, ისეთი მიგიღე, როგორიც ხარ და მზად ვარ, უსასრულოდ გელოდო. შენ გარდა ჩემს ცხოვრებაში ვერც ერთი ქალი ვერ შემოაბიჯებს, მით უფრო, ჩემი ცოლის სტატუსით... ახლა უკვე შემიძლია, მარტომაც მივხედო თავს და ჩემს ბინაში გადავალ. დროა, სამსახურსაც დავუბრუნდე...

მართლაც, მეორე დღესვე გადავიდა საკუთარ ბინაში. სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი და პირველ დღეებში თითქმის ყოველდღე ვაკითხავდი. ერთი-ორჯერ ღამითაც დავრჩი, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მხოლოდ მე კი არა, ლევანსაც არ გასჩენია ინტიმის სურვილი. ღამით, ლამის უცოდველი ბავშვებივით გვეძინა. ამაზე არც ვლაპარაკობდით და არ ვიცი, რას ფიქრობდა ლევანი, მაგრამ გაორებული ვიყავი: თუ ერთი მხრივ ძალიანაც მაწყობდა მისგან "შორს ყოფნა", რაც სამშობიარო და შვილის დატოვების სტრესთან იყო დაკავშირებული, მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობა მკლავდა: - ხომ არ მოხდა რაიმე ისეთი, რამაც გულგრილი გახადა ჩემ მიმართ და შეეძლო, უჩემოდ უფრო მშვიდად და ბედნიერად გაეგრძელებინა ცხოვრება?

ვერ ვიტყვი, რომ ლევანის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა და თუ დავკარგავდი, ეს ჩემთვის ტრაგედია იქნებოდა, ან დავიბნეოდი და დამოუ-კიდებლად არსებობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მივხვდი, - ეგოიზმი მქონდა ხასიათში მოჭარბებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვერასოდეს შევეგუებოდი, ვინმეს ჩემი მიტოვება ნებით ეფიქრა. თუ ვინმესთან ურთიერთობას დავამ-თავრებდი, ამისი მოთავე ყოველთვის თავად უნდა ვყოფილიყავი...

- ხვალიდან აღარ მოვალ! - ერთხელაც ლევანს ეჭვებში გათენებული ღამის შემდეგ გამოვუცხადე.

- რატომ, რამე გაწყენინე? - გამომცდელად შემომხედა და მივხვდი, მასაც ტანჯავდა უპასუხო კითხვები, მაგრამ არ უნდოდა, პირველს დაეწყო ლაპარაკი. მეც გავჯიუტდი და არ ვიაქტიურე:

- არაფერი მომხდარა. უბრალოდ, კარგად ხარ და არ გჭირდება ვინმეს ზედამხედველობა, თვითონაც მშვენივრად მიხედავ თავს. ჩემი ხასიათიც ხომ იცი, - ვერასოდეს შევეგუები ოჯახურ ცხოვრებას და მირჩევ¬ნია, ჩემთვის ვიყო, ჩემს სახლში და ჩვეულ გარემოში. ერთმანეთის ნახვას კი როცა მოვინდომებთ, ისედაც შევძლებთ.

- ე.ი. არ გადაგიწყვეტია, ცოლად გამომყვები თუ არა?

- კი, როგორ არა, გადავწყვიტე და ზუსტად ვიცი, რომ არც შენი და არც არავისი ცოლი არ გავხდები... არ შემიძლია და უნდა გამიგო. ისეთი უნდა მიმიღო, როგორიც ვარ და თუ არ შეგიძლია, ჩემზე უკეთესი და კარგი ადამიანი მოძებნე...

ლევანმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ მოვუსმინე:

- ვერაფერში გადამარწმუნებ და აზრი არა აქვს. წავალ და ცალ-ცალკე ვიფიქროთ, როგორ და რანა¬ირად უნდა ვცადოთ ცხოვრების გაგ¬რძელება. თუ რაიმე ჭკვიანურს მოვიფიქრებთ, დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მომავალთან დაკავშირებული ყველანაირი სიტუაცია...

ალბათ ვაწყენინე. არ გამოვუცილებივარ და მთელი 2 კვირა ისე გავიდა, აღარც შემხმიანებია. 2 კვირის შემდეგაც ავტოგასამართ სადგურთან, ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. ერთდროულად მოგვიწია რიგში ჩადგომამ. ლევანი ჩემ უკან იდგა, მაგრამ ინიციატივა აიღო და ჯერ ჩემს მანქანას მიხედა, მერე - თავისას:

- მომენატრე! - მითხრა, როცა მანქანები გადავაყენეთ.

- მიხარია! - მეც ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე ვუპასუხე მის გრძნობას და ჩავეხუტე. მაგრამ, ამან სიხარულის ნაცვლად ისევ ეჭვებით ამავსო და მივხვდი, ვერასოდეს მომცემდა მასთან მშვიდად ყოფნის უფლებას ჩვენ შორის ჩამდგარი შვილის შორეული აჩრდილი: - ლევანი მოვატყუე და ისეთი რამ წავართვი ცხოვრებაში, ვინმეს ჩემთვის იგივე რომ გაეკეთებინა, ალბათ, სასიკვდილოდ გავიმეტებდი. შვილს კი არა, ვინმე ჩემგან უნებართვოდ კატის კნუტს ვერ წაიყვანდა. - ამ საღამოს შენთან მოვალ! - გამომაფხიზლა კაცის ხმამ.

- არა! - ისე წამოვიყვირე, მგონი, შევაშინე.

- რამე ხდება, ნია?

- არაფერი. უბრალოდ, ესპანეთში საქმიანი მივლინება მაქვს. რამდენიმე დღეში მივემგზავრები და ამიტომ, საფუძვლიანი დასვენება მჭირდება.

- დიდი ხნით მიდიხარ?

- ალბათ, მთელი თვით, თან, დავისვენებ. შეხვედრა საზღვაო ქალაქ ალიკანტეშია დანიშნული და ბარემ, დავისვენებ კიდევაც...

- მეც რომ წამოვიდე, არ შეიძლება?

- არა, მარტო უნდა წავიდე. იქ საიდი დამხვდება და შენთვის არ მეცლება. მირჩევნია, საქმეს დროზე მოვრჩე, რომ ისევ ჩასასვლელი მალე არ გავხდე.

- სამუშაოს რომ მორჩები და დასასვენებლად მოიცლი, შემეხმიანე და მოგვიანებით მაინც ჩამოვალ.

- ვნახოთ... თუ მეცლება, აუცილებლად შეგატყობინებ და ჩამოხვალ...

არც ამაზე გაუწევია წინააღმდეგობა და თუ მანამდე 90%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ არ მივიპატიჟებდი, ახლა მივხვდი, რომ გაუცხოების პერიოდი დაგვეწყო და ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, გარკვეული დროით თუ ერთმანეთს დავშორდებოდით.

ესპანეთში ჩემი წასვლა არც იყო აუცილებელი, რადგანაც რამდენიმე საბუთზე იყო ხელი მოსაწერი. ამიტომ, იმ შეკრებაზე რომელიმე ჩემს თანამშრომელს გავუშვებდი, მაგრამ რაკი ლევანს ვუთხარი, რომ ჩემი გამგზავრება იქ აუცილებელი იყო, იხტიბარი აღ¬არ გავიტეხე. თანაც, დასვენებაც არ მაწყენდა. ალიკანტე პატარა, მყუდრო ქალაქია, სადაც მშვიდად შეიძლება დღე¬ების გატარება... მაგრამ ერთი უარყოფითიც აქვს იქ ჩასვლას, - მეზობელი ქვეყნებიდან უამრავი წვრილმოვაჭრე გადმოდის, რომლებიც პლაჟებს არიან მოდებულები და გულს აწვ¬რილებენ ათასი უვარგისი პროდუქციის შემოთავაზებით. ძირითადად, შავკანიანები და ყვითელკანიანი აზიელები არიან, გაწაფული აფერისტები და ისე იტყუებიან, თვალის დაუხამხამებლად შემოგასაღებენ ოქროს ფასად რკინის ნაჭერს. ამიტომ, ყველანაირად ვარიდებ თავს მათთან ურთიერთობას. შოპინგომანია არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება. ძვირფას და ღირებულ მაღაზიებშიც კი აუცილებლობის შემთხვევაში შევდივარ, მაგრამ ყველაფერი ბედისწერაა ალბათ, რომელსაც ადამიანი ვერსად წაუვა და გაექცევა, როცა ამისი დრო მოვა. ისე, ყველაფერი ადამიანზეც არის დამოკიდებული, რამდენად გონივრულად მოიქცევა, რომ თავი არ წააგოს. მაგრამ ეს ალბათ არასოდეს გამოუდით ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც გონებას კი არა, გულსა და ემოციებს აყოლილები მოქმედებენ ხოლმე...

გაგრძელება