ზღვარზე (XIV ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XIV ნაწილი)

მოჭუტული თვალებით გავხედე. წელს ზემოთ შიშველი შავკანიანი მამაკაცი იყო, რომელიც მაყვალივით შავი თვალებით ხარბად მათვალიერებდა და როცა ჩემი მზერა შენიშნა, ქათქათა კბილებით მომნუსხველი ღიმილი "შემომაფრქვია":

- ქალბატონი ძალიან ლამაზია! - მითხრა ესპანურად.

წამოვჯექი და ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა ინტერესით შევათვალიერე:

- შენც კარგი ხარ! - გავუღიმე, რადგან მისმა დაკუნთულმა უნაკლო სხეულმა ჩემში მხეცი გააღვიძა, სექსის აუტანელი სურვილი გამიჩნდა...

ბიჭმა ჩანთა გახსნა და ჭრელ-ჭრელი ნივთები ამოიღო:

- იაფად მოგყიდით! - და მართლაც ისეთი ფასი დაასახელა, ყველა რომ მეყიდა და სუვენირებად წამომეღო, ნახევარ თბილისს მოვიმადლიერებდი...

- ეგ არ მინდა, მაგრამ შემიძლია, კარგად გადაგიხადო, თუ საკუთარ თავს მომყიდი! - ვუთხარი მოურიდებლად და არ დამიჯერა:

- მდიდარ ქალბატონს ჩემნაირი ღარიბი რაში სჭირდება? არ მინდა, შარში გამხვიოთ და პოლიცია გადამკიდოთ...

პასუხად ჩანთიდან ორასი ევრო ამოვიღე და დავანახვე:

- თუ ამაღამ ჩემთან დარჩები, დილით ეს ფული შენი იქნება.

სიხარბემ სძლია:

- წამოვალ!

- რა გქვია?

- ისმაილი! - მითხრა მოკლედ და ჩემი სახელით არ დაინტერესებულა...

სანამ სასტუმროში ავიყვანდი, სადილზე დავპატიჟე. ისე ხარბად ჭამდა, მივხვდი, რომ ბიჭი ნახევრად ველური იყო, ავაზასავით უელავდა თვალები...

მერე ნომერში ვაბანავე... სააბაზანოდან შიშველი გამოვიდა. არ ჰქონდა მორიდების შეგრძნება და მეც დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე, - ჟინმა ისე შემიპყრო, ერთბაშად წაიშალა ჩემში ყველაფერი ადამიანური...

საწოლზე დავწექი და ვანიშნე, ჩემთან მოსულიყო. ისე დამაცხრა, თითქოს ქალს პირველად ხედავდა...

- რაიმე ისე არ არის? - ვკითხე შემცბარმა.

- თეთრი ქალები სხვანაირები ხართ...

- შავებზე უკეთესები? - მეგონა, კომპლიმენტს მეტყოდა.

- არა, შავები უფრო ძლიერები და მაგრები არიან! - მითხრა და ვერც მივხვდი ბოლომდე, რა იგულისხმა, მაგრამ შეკითხვის ისევ დასმა აღარ მაცალა... მეტყველების უნარი უეცრად დავკარგე... მერე კი, როცა საბოლოოდ დამეუფლა, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ქალწული ვყოფილიყავი და მაინც ბოლომდე განმაცდევინა სიამოვნება ნახევრად ველურმა ისმაილმა. ვაღიარე, რომ ასეთი მამაკაცი მანამდე არასოდეს მყოლია...

არ მეთმობოდა "ჩემი მხეცი":

- ამაღამაც თუ მოხვალ, კიდევ ორას ევროს მოგცემ.

- სიამოვნებით! - მითხრა ბიჭმა და მოსაღამოვდა თუ არა, სასტუმროს შესასვლელთან დამხვდა ატუზული...

ისმაილთან ერთად სამი გიჟური ღამე გავატარე და არც დავფიქრებულვარ იმაზე, რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ნახევრად ველურ კაცთან დაუცველ სექსს...

გული დამწყდა, რომ ისმაილს თან ვერ წავიყვანდი...

როცა ჩემგან საბოლოოდ ვუშვებდი, არც კი ვიცი, რატომ ვკითხე:

- როგორ შეგიძლია, ქალთან, რომელიც არ გიყვარს, ინტიმისას ასეთი ნაზი იყო?

- რატომ, დონა?- შემომხედა გაკვირვებულმა. - თუ მამაკაცი სექსისთვის მზად არის და აქტის ჩატარება შეუძლია, იმ წუთში მაინც ჰგონია, რომ უყვარს ის ქალი, რომელიც ბუნებამ მოუვლინა წყვილთა აუცილებელი შეჯვარების მომენტში! - ისეთი "ბრძნული" პასუხი მივიღე მისდგან, რომ ვერ წარმოვიდგენდი...

- მიხარია, რომ ჭკვიანიც ყოფილხარ...

- თქვენც ლამაზი ხართ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ჩვენი რასის ლამაზმანები უფრო მომწონს.

- თეთრკანიანს ცოლად არ შეირთავდი?

- ალბათ, არა. მე ჩემი ტრადიციები, შეხედულებები, მოვალეობები მაქვს ოჯახისა და ღმერთის წინაშე. ჩემი ცოლი ერთგული, მორჩილი და გამრჯე უნდა იყოს...

- ამით იმისი თქმა გინდა, რადგან ფულით ვიყიდე შენი სიყვარული, ჩემგან ერთგულება გამორიცხულია?

- ყოველ შემთხვევაში, ეჭვი ყოველთვის მექნება, რომ როგორც მიყიდეთ, ისევე ადვილად გამყიდით... არ გეწყინოთ. შემეძლო მომეტყუებინეთ, მაგრამ ეს ხომ არ გინდოდათ?

- ტყუილს სიმართლე მირჩევნია, როგორი მწარეც უნდა იყოს... შეიძლება, სურათი გადაგიღო?

- მაგაშიც ფულს გადამიხდით? - წუწკი მზერით შემომხედა ბიჭმა და ათი ევრო გადავუგდე...

ისმაილის სურათს, რომელიც ჩემს ტელეფონს შემორჩა, ხშირად დავხედავდი ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ გამიჩნდებოდა ამისი სურვილი, როცა ლევანი იმედებს გამიცრუებდა (და, არა მხოლოდ სექსში)... სადმე ახლოში რომ ყოფილიყო, შეიძლება მის გარდა სხვა კაცი აღარც ამეტანა ჩემ გვერდით, მაგრამ ის შორს იყო და დარწმუნებული ვიყავი, ჩვენი ისევ შეხვედრის ალბათობა, ნულის ტოლი იყო, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რამაც ტრაგედიად მიქცია მასთან ურთიერთობა და დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯი...

ისმაილისგან ფეხმძიმედ არ დავრჩენილვარ და კარგა ხანს არც რაიმე განსაკუთრებული მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რომ არა ბოლო დროს დაჩემებული სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება გამუდმებით, ოფლიანობა და ღამით გახშირებული გულისცემით გაღვიძება...

რა თქმა უნდა, მელისას მივაკითხე, როცა ჩემი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა:

- ორსულად ხომ არ იქნები? - დამისვა ბუნებრივი შეკითხვა.

- არა, ლევანთანაც კი არა მაქვს დალაგებული ინტიმი ბოლო ხანებში, თორემ სხვა მამაკაცი მით უფრო არ მყოლია! - ვთქვი დარწმუნებულმა.

- ისე, რომ იცოდე, რაც შენ ჩამოთვალე, ეგ სიმპტომები შიდსს ახასიათებს და როგორ ფიქრობ, დაინფიცირების შანსი ოდესმე თუ გქონდა?

- საიდან? - ავიჩეჩე მხრები. - ოპერაცია მე არ გამიკეთებია და არც სისხლის გადასხმა დამჭირვებია. ნარკომანი რომ არა ვარ, შენც იცი. არც გაუკონტროლებელი სექსუალური ურთიერთობები მაქვს! - ვთქვი, მაგრამ გონებაში მაშინვე ისმაილი ამოტივტივდა და შიშით გამაცია. - შიდსი ხომ შავკანიანთა დაავადებაა...

მელისას შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი განერვიულება და შეშფოთებულმა შემომხედა:

- რა გაგახსენდა?

- არა! - რატომღაც არ ვენდე მეგობარს და არ გავუმხილე სიმართლე.

- აბა, რას აჭარხალდი დანაშაულზე წასწრებულივით?

- ისეთი "დიაგნოზი" დამისვი, შეშინების უფლებაც არ მაქვს? - იქით გადავედი შეტევაზე გაღიზიანებული...

მელისამ ქაღალდები აიღო და მიმართვების წერას შეუდგა:

- ლაბორატორიაში გაგიშვებ, რამდენიმე ანალიზს აგიღებენ, მათ შორის, შიდსზეც. ყველაფერი უნდა გამოვრიცხოთ...

მიმართვები კი გამოვართვი, მაგრამ ლაბორატორიაში ჩასვლა არც მიფიქრია. არ მინდოდა, თუ მართლა რაიმე უბედურება მჭირდა, ამის შესახებ მელისას გაეგო. მართალია მეგობარია ჩემი, მაგრამ პირველ რიგში ქალია და ეჭვიც არ მეპარება, საიდუმლოს ვერ შემინახავდა და ახლობელ ადამიანებთან მაინც "წამოსცდებოდა". მე კი არასოდეს ვყოფილვარ ის ადამიანი, ვინც სიბრალულს და თუნდაც გულწრფელ თანაგრძნობას აიტანდა...

ძალიანაც არ მინდოდა, სიმართლის გაგება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და იძულებული გავხდი, კერძო კლინიკისთვის მიმემართა, სადაც ანონიმურობის დაცვა გარანტირებული მქონდა...

- თქვენ შიდსი გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს! - თანაგრძნობით მიცქერდა ახალგაზრდა ექიმი და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ აღარ მოვუსმინე:

- გმადლობთ! - გამოვართვი სამედიცინო დასკვნა და კაბინეტიდან გამოვედი. უფრო სწორად, გამოვიქეცი და პირველი, რისი სურვილიც გამიჩნდა, ის იყო, მანქანის საჭეს მივჯდომოდი და რაღაცას შევჯახებოდი, რომ ერთბაშად გამესწორებინა სიცოცხლესთან ყველა ანგარიში...

კლინიკის ეზოდან გამოსულმა რაც პირველად დავინახე, ეკლესია იყო და არც კი ვიცი, რატომ გამიწია იქით გულმა. ალბათ, ღმერთისთვის უფრო საყვედურის სათქმელად, რადგან ჩემზე ცოდვილი უამრავი ადამიანიც ვიცი, კაცის მკვლელის სახელს რომ ატარებს და მაინც ბედნიერი დააბიჯებს დედამიწაზე...

მღვდელმა რომ შემამჩნია და ჩემი თანაგრძნობა სცადა, ესეც კი უფლის ირონიად და დაცინვად მივიჩნიე და სიმშვიდის ნაცვლად, აგრესია დამეუფლა და არ ვიცი, როგორ გადავრჩი, რომ ტაძრიდან გამოქცეულმა ავარია არ მოვახდინე...

მერე იმ ლამაზ ბიჭს შევხვდი. ჰო, გურამი მქვიაო, გუგა და სახლამდე მან მომიყვანა. ჩავიკეტე და არც კი ვიცი, მერამდენე დღეა, გარეთ გახედვის სურვილიც არ გამჩენია. იმ წარსულზე ვფიქრობ მხოლოდ, რომლის გახსენებასაც ცეცხლივით ველოდებოდი სხვა დროს...

დედა გამახსენდა. ახლა მივხვდი რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, როცა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როგორც ჩანს, ისიც ჩემსავით ამაყი იყო და ვერ დაუშვებდა თუნდაც სიკვდილს შეგებებოდა დაჩოქებული. ამას ვერც მე შევეგუები და უახლოეს მომავალში ანუ მაშინ, როცა ვეღარ შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას და არსებობას, აუცილებლად დავუსვამ წერტილს სიცოცხლეს, უფრო სწორად, დამცირებულ ყოფას...

ამის გაფიქრებამ დედის "უკეთ გაცნობის" სურვილი გამიჩინა და ის დღიური მოვძებნე, რომელიც წლების განმავლობაში წაუკითხავად მეგდო უჯრაში...

გაგრძელება