ზღვარზე (XV ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XV ნაწილი)

დედა ბევრს მეფერებოდა და მებოდიშებოდა თავის ჩანაწერებში: "როცა გაგირბი, პატარა ანგელოზო, ამით ჩემს წარსულს ვემალები. იმ წარსულს, რომლისაც მეშინია. მამაშენმა ჩემს სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი, როცა ძალადობით დაეუფლა ჩემს სხეულს და კარგა ხანს მეგონა, რომ სიყვარულის კი არა, სიძულვილის ნაყოფი იყავი, რომელსაც მზის ქვეშეთში არსებობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არაფერ შუაში იყავი... ამ დღიურებს იმიტომ ვწერ, რომ მინდა იცოდე, რაც მეტად გაგირბოდი, მეტ სიახლოვეს ვგრძნობდი შენთან, მალევე ვცადე შენი დაბრუნება, მაგრამ დავაგვიანე და ალბათ, არც არის გასაკვირი - დედაშვილობაში ხომ ყველა წამს განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს?.. თუკი რამ ცუდია შენში, ვხვდები, მხოლოდ ჩემი ბრალია და ამის გამო საშინლად ვიტანჯები, მაგრამ ვეცდები, გამოვისყიდო შენ წინაშე ჩადენილი დანაშაული და თუ ასე არ მოხდა, ვერ მაპატიე, იცოდე, ჩემი სიცოცხლე აზრს დაკარგავს".

დედა ძირითადად ზოგადი ფრაზებით მელაპარაკებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემ წინაშე დანაშაულის შეგრძნება სტანჯავდა... დამნაშავე იყო, რადგანაც ჩემზე, უსუსურ ბავშვზე იყარა ჯავრი, მერე რა, რომ ძალადობის ნაყოფი ვიყავი და ჩემი დაბადებაც მხოლოდ ტკი¬ვილთან და შეურაცხყოფასთან იყო დაკავშირებული?! ჩემთვის რომ ეკითხათ, არც ასეთ დაბადებას ვისურვებდი და არც ასეთი მშობლების ყოლას...

არ ვიცი, სადამდე მიმიყვანდა ფიქრი, უეცრად ჩემი შვილი რომ არ გამხსენებოდა, - ჩემი ბიჭი, რომელზეც ისე ვთქვი უარი, ერთხელაც არ დავხედე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მისი ნახვა არავის აუკრძალავს. ალბათ, ბევრად სასტიკად მოვექეცი მას, ვიდრე თავის დროზე, დედა მომექცა მე. მან საკუთარ მშობლებთან მაინც დამტოვა და დასაკარგავად არ გავუმეტებივარ...

"დედის ბედი შვილს კალთადო"... - ამომიტივტივდა გონებაში სად¬ღაც გაგონილი. გამოდის, მართლაც არსებობს ბედისწერაც და მოვლენების განმეორების ალბათობაც, თა¬ნაც მეტი სასტიკი გამოვლი¬ნე¬ბით... უეცრად მივხვდი, რომ იმწუთას ძალიან მაინტერესებდა, როგორი ბიჭი გაიზარდა ჩემი შვილი, ვის დაემსგავსა - მე თუ ლევანს? მაგრამ იქვე იმასაც მივხვდი, რომ აღარ მქონდა მისი ნახვისა და მის ცხოვრებაში შეჭრის უფლება. რომ მნახოს, გამიცნოს და მერე შიშით დაზაფროს იმის გააზრებამ, რომ ცოცხლად ვლპები ცოდვებით დახუნძლული და სიცოცხლეშივე ჯოჯოხეთში მოხვედრილი?!

ფიქრი კარზე ბრახუნის ხმამ გამაწყვეტინა. შიშით გამაცია, - ჩემს სახლს ირგვლივ უზარმაზარი გალავანი აკრავს და სახლის კარამდე ვინც მოაღწია, წარმომიდგენია, როგორ უნდოდა ჩემი ნახვა.

- ნია-ა! - მომესმა ლევანის ღრიალი.

ფანჯარას მივვარდი და გამოვაღე. ცოცხალი და უვნებელი რომ დამინახა, თვალებში მრისხანება ჩაუდგა და მოურიდებლად მიყვირა:

- ნორმალური ხარ? მეგონა, რაღაც დაგემართა და ცოცხალს ვეღარ გნახავდი. "სახანძრო ბრიგადა" გამოვიძახე, რომ ეზოში შემომეღწია...

სასწრაფოდ ჯინსი ამოვიცვი, მაისურიც ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავირბინე, კარი რომ გამეღო. ლევანმა მეხანძრეებს ფული მისცა, დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გაუშვა. ამის შემდეგ ჩემთვის მოიცალა:

- რას მიკეთებ, ნია, გინდა, გამაგიჟო?.. ტელეფონები მაინც რატომ გამორთე? - კედელზე მიმაგრებული ტელეფონი მოგლიჯა და სადღაც მოისროლა.

სხვა დროს ალბათ იქით შევუტევდი, მაგრამ ახლა ამის სურვილი არ გამჩენია და მესიამოვნა კიდევაც, რომ ჩემი სიცოცხლე თუნდაც ერთ ადამიანს აღელვებდა.

- არაფერს მეტყვი? - უცებ მოეშვა ლევანიც.

- მაპატიე... ჩემს თავთან მარტო ყოფნა მინდოდა. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრებულიყავი.

როგორც ჩანს, ჩემი ხმის ტონალობაში უცხო ჟღერადობა დაიჭირა და გაკვირვებულმა შემომხედა:

- რაიმე ისეთი ხდება, რაც არ ვიცი?

- არა.

არც ლევანს უნდა სცოდნოდა ჩემი საიდუმლო და არც არავის მთელ ქვეყანაზე, მაგრამ... ვაითუ, ისიც დაინფიცირებულია, მე ხომ მასთან ყოველთვის დაუცველი სექსი მქონდა და ხომ აქვს სიმართლის ცოდნის უფლება და სიცოცხლისთვის ბრძოლაც გააგრძელოს იქნებ - ყველა ჩემსავით და დედაჩემივით თვითმკვლელობაში ხომ არ ხედავს ერთადერთ გამოსავალს?

დარწმუნებული ვიყავი, ისმაილისგან დავინფიცირდი და თუ ლევანი ჩემი სენის შესახებ შეიტყობდა, მაშინ ისიც უნდა გამემხილა, ვისგან და რა ვითარებაში ავიკიდე ეს მომაკვდინებელი ვირუსი და იქნებ ამ ჩემს სიმართლეს უფრო გაეჩინა თავის მოკვლის სურვილი?

- ლევან, უნდა დავშორდეთ! - მოულოდნელად ვუთხარი.

- რა-ა? - გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ უკან აღარ დავიხიე:

- უნდა დავშორდეთ... მივხვდი, რომ არ მიყვარხარ და არც არასოდეს მყვარებიხარ... დავიღალე შენი სიყვარულით და არაფერში მჭირდება ასეთი გრძნობა...

- ნუ მაფიქრებინებ, რომ არც არასოდეს ყოფილხარ სიყვარულის ღირსი! - გულდაწყვეტილი მზე¬რით შემომხედა კაცმა.

- სწორედ მაგის თქმას ვცდილობ... წადი, რა, წადი, შენს გზას ეწიე!..

ლევანმა თითქოს შეკამათება დააპირა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია, წაიდუდღუნა: - უარესის ღირსი ვარო და გარეთ გავარდა...

ისევ ჩავკეტე ალაყაფის კარი, მერე სახლის კარი და ვცადე, საკუთარ გრძნობებში გავრკვეულიყავი, - უნდა მენანა თუ არა ლევანის ჩემი ცხოვრებიდან გაძევება, მაგრამ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატებოდა, რადგან მეგონა, ჩემთვის აზრი დაკარგა მომავალზე ფიქრმა...

ტელეფონები ჩავრთე.

უამრავი გამოტოვებული ზარი იყო როგორც ერთ, ისე მეორე მობილურ ტელეფონზე. სამსახურიდანაც დაურეკავთ, მაგრამ არავის და არაფრის თავი მქონდა. მით უმეტეს, იქით დამერეკა და ვინმე მომეკითხა. ამიტომ, ტელეფონები კაბინეტში ჩავ¬კეტე, რომ თუ და¬ძინებას შევძლებდი, თავისი წკრიალით ძილი ჩემთვის არ დაეფრთხო, მაგრამ კარი გამოვიკეტე თუ არა, მაშინვე მომიხდა უკან შებრუნება, რადგან ერთ-ერთი აწკრიალდა და ზარის მიხედვით მივხვდი, რომ მელისა რეკავდა. შეშფო¬თებული ხმა ჰქონდა:

- რატომ გქონდა ტელეფონები გამორთული? კიდევ რომ არ გეპასუხა, სამაშველო სამსახურს გამოვიძახებდი და კარს შემოგიმტვრევდი. ვიცი, რომ ცუდად იყავი და სხვა რა უნდა მეფიქრა, - იქნებ უპატრონოდ მოკვდა-მეთქი?

- მაპატიე, მელ, მართლა ცუდად ვიყავი და ყველაფერი მაღიზიანებდა. მარტოობაში კარგად გამოვშუშდი და იმიტომაც ჩავრთე ახლა ტელეფონები.

- რა გჭირდა?

- ალბათ მოვიწამლე, სიცხეც მქონდა...

- ანალიზები რატომ არ გაი¬კეთე?

- ახლა კარგად ვარ და თუ ისევ ცუდად გავხდი, ყველაფერს გავიკეთებ... ხვალ გნახავ, ახლა ისევ დაძინებას ვაპირებდი.

- კარგი, გელოდები! - მითხრა უკვე დამშვიდებულმა და ტელეფონი გავუთიშე...

მეორე დღეს სამსახურშიც შევიარე. ახალი ჯგუფები ტურისტულ კრუიზებში იყო გასაშვები, რაც ჩემი ხელმოწერების გარეშე არ ხდებოდა. თათბირიც ჩავატარე, რომ თანამშრომლებისთვის ახალი დავალებები მიმეცა. ყველაფერს რომ მოვრჩი, კარგად დაღლილი ვიყავი, თან, მთელი დღის მშიერიც. მელისას დავურეკე და სადილზე რესტორანში დავპატიჟე. უარი არ უთქვამს და სამსახურში მივაკითხე.

ჩამიჯდა თუ არა მანქანაში, ეჭვით შემომხედა:

- რაღაცას მიმალავ, ნია, არ მომწონს შენი სახის გამომე¬ტყვე¬ლება... რაღაცას მიმალავ...

- კარგი, ჰო, ლევანს დავშორდი, ვიკამათეთ. ბუნებრივია, ვინერვიულე! - თავი იმით ვიმართლე, რაც პირველი მომივიდა აზრად და რაც, ასე თუ ისე, სიმართლესაც შეეფერებოდა.

- არ არის კარგი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ შენგან ის მიკვირდა, ამდენ ხანს რომ შეძელი ერთი კაცის ატანა და შენარჩუნება. დაშორების მიზეზი რა იყო?

- სწორედ მაგ მიზეზით, რომ ბუზღუნა ქმარს დაემსგავსა და თავი მომაბეზრა... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ადრე თუ გვიან, ჩვენი ურთიერთობა ალბათ ასე უნდა დამთავრებულიყო, - ასეთ სიტუაციაში მეც მსგავსი განცდა გამიჩნდებოდა. შვილიც ვერ ავიტანე ჩემ გვერდით, როცა მის მიმართ ვალდებულება ვიგრძენი, რომ პირველ რიგში, მასზე უნდა მეფიქრა და არა საკუთარ სურვილებზე. არც კი ვიცი, რა ჰქვია ჩემნაირ ქალს, მაგრამ ასეთი ვარ და თავს ხომ ვერ მოვიკლავ?

უდარდელად აიჩეჩა ჩემმა მეგობარმა მხრები და გამეღიმა, რადგან საოცრად ვგავდით ერთმანეთს. ასე ალბათ საკუთარი დედმამიშვილებიც არ დაემსგავსებიან...

ამასობაში, რესტორანსაც მივუახლოვდით და მანქანა სადგომზე დავაყენე.

დარბაზში ბევრი ხალხი არ იყო და ოფიციანტმა მაშინვე მოგვაქცია ყურადღება. სანამ შეკვეთილ კერძებს მოგვიტანდა, ღვინო მოგვართვა.

- რისი დავლიოთ, თავისუფლების? - შემომხედა მელისამ, როცა ბოკალი ხელში აიღო.

- არა, თავისუფალი სულ ვიყავი და ვიქნები, მაგას ლევანი კი არა, მთელი არმია რომ შემოესიოს ჩემს სახლს დასაპყრობად, მაინც ვერავინ წამართმევს. სიცოცხლის დავლიოთ, ყოველი დღის, რომელსაც განგება გვჩუქნის...

- როდის მერე გახდი მორწმუნე? - ეჭვი გაჩნდა ჩემი მეგობრის თვალებში. - კარგად ხარ?

- კარგად ბევრი რამის გამო ვერ ვიქნები... დედაც მომენატრა! - უეცრად მშობელს დავაბრალე ჩემი პრობლემები. თუმცა, არც ვიტყუებოდი და მგონი, ცხოვრებაში პირველად მენატრებოდა დედა...

გაგრძელება