ზღვარზე (XVIII ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XVIII ნაწილი)

წადი და აღარასოდეს დაბრუნდე. მორჩა ჩვენ შორის ყველაფერი. მორჩა, გესმის და ჩემში ახლა სხვა კაცი კი არა, თავად სიკვდილი გეცილება!

- არანორმალური ხარ, შენი დედა...

- დედა არ შემაგინო! - ისტერიკულად ვიკივლე და როგორც ჩანს, ჩემმა ხმამ ნატოს საძინებლამდეც მიაღწია, რადგანაც სასტუმრო ოთახში შეშინებული შემოვარდა. კიდევ კარგი, ლევანმა შარვლის ამოცმა მაინც მოასწრო. მაგრამ, ძნელი მისახვედრი არ იყო, რა შეიძლებოდა, ცოტა ხნის წინ ჩვენ შორის მომხდარიყო, რადგან ისევ შიშველი ვიყავი...

- ხომ გითხარი, სანამ არ დაგიძახებ, შენი ოთახიდან არ გამოხვიდე-მეთქი! - ვუკივლე ისედაც დაზაფრულ ქალს და ბალიში ვესროლე...

ლევანმა უცებ წამოკრიფა თავისი ტანსაცმელი და ისე გავარდა გარეთ, თითქოს ცელმოღერებული სიკვდილი მისდევდა...

მეგონა, ფეხზე დადგომას ვერ შევძლებდი, რადგანაც მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი. ალბათ, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ისე შევედი სააბაზანოში, რომ მებანავა და ჭუჭყი ჩამომეცილებინა - ჭუჭყი, რომელიც სხეულზე კი არა, სულში კიდევ მეტი დამიგროვდა...

მერე კი დავეგდე და დილამდე ისე მეძინა, არათუ სიზმარი არ მინახავს, გვერდიც კი არ მიცვლია. თვალი რომ გავახილე და საათს გავხედე, უკვე ათი შესრულებულიყო, გამიკვირდა, ასე დიდხანს არასოდეს მძინებია...

ნატო, რა თქმა უნდა, ნაწყენი იქნება ჩემზე და ამიტომაც არ გამაღვიძა. თუ ვინმეს წინაშე ბოდიში მაქვს მოსახდელი, ალბათ ნატოა. ერთგული ძაღლივით მემსახურება და ამდენი წელია, გვერდიდან არ მომშორებია. და თუ ჩემს ცხოვრებაში ჩაერია, მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ ჩემი კარგად ყოფნა სურდა...

ისეთი შეგრძნობა მქონდა, თითქოს მანქანამ გადამიარა და ყველა ძვალი დამმსხვრეოდა. ამიტომ, ისევ დაწოლა დავაპირე, მაგრამ მივხვდი, ამისი უფლება არ მქონდა. ჩემი სისუსტე ღრმა დეპრესიით იყო გამოწვეული და თუ შიში დამიმორჩილებდა, შიდსიც უფრო მომერეოდა და იმაზე ადრე მომიღებდა ბოლოს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა, მომხდარიყო...

ნატო სამზარეულოში დამხვდა და მგონი, სადილის თადარიგი დაეჭირა. რაღაცებს ჭრიდა და ასუფთავებდა. მივედი და უკნიდან მოვეხვიე:

- მაპატიე... ვიცი, არაფერ შუაში ხარ და უმიზეზოდ გაწყენინე, მაგრამ მართლა ცუდად ვარ და ამ დროს ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა ჩემს ცხოვრებაში ჩარევას ცდილობენ, თუნდაც ჩემი კეთილდღეობის მიზნით...

შემობრუნდა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე:

- ძალიან მიყვარხარ, ნია, ზოგჯერ ჩემი შვილი მგონიხარ და ამიტომაც ვერევი შენს ცხოვრებაში. თითქოს შენს დაცვასაც ვცდილობ, არ მინდა, ვინმემ გაწყენინოს და რაიმე დაგიშავოს...

- ვიცი და ამიტომ უნდა მაპატიო. გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი. ლევანმაც ახლა მომინდომა საქმეების გარჩევა... ჩაი დამისხი, რა, ცუდად ვარ და იქნებ ძალები აღვიდგინო.

- ჩაისაც დაგისხამ და სადილსაც მოგიმზადებ, მაგრამ მერე უნდა წავიდე! - ქალმა თვალი მომარიდა.

- საქმე გაქვს? - ვკითხე ისე, სხვათა შორის, მაგრამ მერე ისე მომინდა მისი გულის მონადირება, მანქანით მომსახურება შევთავაზე, - გაგიყვან, სადაც გინდა...

- ვერ გამიგე, ნია, წასვლა გადავწყვიტე, სოფელში უნდა დავბრუნდე. მამისეული სახლის კარსაც გავაღებ და დაობლებულ დისშვილებსაც წავაშველებ ხელს, შევეცდები, დედობა გავუწიო. ჩემი სისხლი და ხორცი არიან და თუნდაც მაწყენინონ, ისე უმაქნისად მაინც არ ვიგრძნობ თავს, როგორც აქ, შენ გვერდით...

- კარგი, რა, ნატო, ხომ მოგიბოდიშე და მაინც გინდა, ასე სასტიკად დამსაჯო?

- გუშინდელი ამბავი ბოლო წვეთი იყო, ნია. წასვლა მანამდეც გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა შენთვის. გუშინ კი მივხვდი, რომ მეც ჩემი ცხოვრება მაქვს და ჯობია, მას მივხედო...

რომ ვერც წარმოვიდგენდი, ისე დამწყდა გული, მაგრამ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა და ღირდა კი ნატოს დარწმუნება მეცადა, რომ ჩემი მიტოვება ახლა არ შეიძლებოდა?

აღარ მქონდა ამდენის თავი:

- უშენოდ ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია! - ვთქვი ჩუმად - სხვანაირად არ შემიძლია აგიხსნა, ვინა ხარ ჩემთვის, მაგრამ თუ წასვლა გადაწყვიტე, არ ვიცი, როგორ დაგარწმუნო, რომ ჩემთან დარჩე... ერთს შეგეხვეწები, მთლად ნუ მომაყრი მიწას და თუ მიხვდები, რომ ისევ გენატრებით მეც და ეს სახლიც, რომელიც შენიც არის, დაბრუნდი...

მეორე დღეს კი თვითონ გავიყვანე სადგურზე და ნატო მშობლიური რაიონისკენ მიმავალ ავტობუსში ჩავსვი. ორივემ ვიტირეთ განშორებისას და სირცხვილია ალბათ ამისი აღიარება, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დედა ახლა დავკარგე...

ავტობუსი რომ დაიძრა და დასავლეთისკენ შეტრიალდა, ისე ამეწვა გულ-მუცელი, თითქოს სისხლი ამომაცალეს და უპატრონოდ მიმატოვეს მომაკვდავი. მანქანის საჭეს მივუჯექი და ისეთი სიჩქარით მოვწყვიტე ადგილს, მეგონა, ცოტაც და ჰაერში ავფრინდებოდი... არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ თავაშვებულ ჯირითს, უეცრად მობილურ ტელეფონს რომ არ დაერეკა. დავხედე. უცხო ნომერი იყო და არც კი ვიცი, რატომ ვუპასუხე. როგორც წესი, უცხო ნომრებს არ ვპასუხობ. მით უფრო, ასეთ გაძაღლებულ ხასიათზე მყოფი:

- გისმენთ!

- გუგა ვარ!

- ვინ გუგა? - ჩავძახე უკმაყოფილოდ. - რადგან არც ხმამ მითხრა რამე და არც სახელმა.

- აი, ის გუგა, ცოტა ხნის წინ რომ სახლამდე მიგიყვანეთ აღელვებული. როგორ ხართ და ყველა პრობლემა ხომ უკან დარჩა!

- ჰო, გუგა, გამახსენდა პატარა, ლამაზი ბიჭი. - იცი, რომ მეორედ გადამარჩინე და ახლა არანაკლებ გაძაღლებულ ხასიათზე ვარ?

- იგივე პრობლემებია?

- შეიძლება ითქვას, ჰო... იმ უსიამოვნო ფაქტის შედეგია ყველაფერი, რაც ახლა ხდება ჩემს თავს, მაგრამ ამ ყველაფერს ტელეფონით ვერ გეტყვი. თუ გცალია, მითხარი, სად ხარ და მოგაკითხავ, სადმე დავსხდეთ, არ შეიძლება ახლა ჩემი მარტო ყოფნა...

- სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ თუ დახმარება შემიძლია, ყველა საქმეს გადავდებ და მოვალ. ბოლოს და ბოლოს, მომავალი ექიმი ვარ და ადამიანების დახმარება ჩემი მოვალეობაა...

მითხრა სადაც იყო. არც ისე შორს ვიყავი იმ ადგილიდან და მალე მივაკითხე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი და დიდად არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება, როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. მართლა ლამაზი იყო და რატომღაც მომინდა, მისი მსგავსი შვილი მყოლოდა...

მანქანიდან გადმოვედი და ვთხოვე, საჭეს მისჯდომოდა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე მცხეთის გზას ვადექით და სწორედ იმ რესტორნისკენ მივდიოდით, სადაც ბოლოს დედასთან ერთად ვისადილე. არც კი ვიცი, რატომ მომინდა ახლა მაინცდამაინც იმ ადგილზე მისვლა. თითქოს დედის აჩრდილს დავდევდი და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი, წარსულს ვეღარ დავიბრუნებდი, უნებურად მაინც ვცდილობდი, მშობლის სიახლოვე მეგრძნო...

- შენზე მიამბე! - ვთხოვე ბიჭს, როცა ღია აივანზე გაშლილ სუფრას მივუსხედით და ოფიციანტმა შეკვეთილი სადილი მოგვიტანა.

- მეგონა, საკუთარ თავზე გინდოდათ დამლაპარაკებოდით! - ასაკისთვის უჩვეულო მზერით შემომხედა.

- ჩემზე ლაპარაკი ასე იოლი არ არის. შენ კი არც დასამალი გექნება ალბათ ბევრი...

- გააჩნია ვისთან და რა მაქვს სათქმელი, ან დასამალი. მეც საკმაოდ რთული ადამიანი ვარ და შეიძლება, ახლა ციხეშიც ვმჯდარიყავი, რადგან კაცი სასიკვდილოდ გავიმეტე და სასწაულმა გადაარჩინა.

- ვინ იყო ის კაცი?

- დედაჩემის საყვარელი, რომელიც მერე ქმარიც გახდა და იმ ახვრის გულისთვის მიგვატოვა დედამ მე და ჩემი უმცროსი ძმა. მაშინ 10 წლის ბიჭი ვიყავი და მიხვდები ალბათ, რას ნიშნავდა ჩემთვის უდედობა. მამა და ბებია-ბაბუა თან გვყვებოდნენ, მაგრამ მაინც დედა მენატრებოდა და მის გვერდით მინდოდა ყოფნა. მამა შევიძულე კიდეც, რადგან დედა ვერ შეაჩერა. მეგონა, რადგან სხვა კაცთან წავიდა, ის უკეთესი იყო, მეტი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა დედაჩემის.

- სინამდვილეში რა მოხდა?

- სიმართლე 17 წლისამ გავიგე, როცა დედას ქალაქში შემთხვევით შევხვდი. მანამდე ვიცოდი, რომ იმ კაცთან ერთად, რუსეთში იყო წასული საცხოვრებლად, რადგან საქართველოში არ ეცხოვრებოდათ. ნათესავის დაკრძალვა იყო და დედა იქ მოვიდა. მაშინვე ვიცანი, თვითონ კი ვერ მიცნო, უკვე დაკაცებული ვიყავი, შეცვლილიც. რომ დავინახე, თავიდან მისგან გაქცევა დავაპირე, მაგრამ მერე, ორი-სამი ჭიქა რომ დავლიე, სხვანაირი ფიქრი მოვიდა ტვინგახურებულთან: წასვლას აპირებდა, რომ დავეწიე და შევაჩერე. გაკვირვებულმა შემომხედა.

გაგრძელება