ზღვარზე (XX ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XX ნაწილი)

- ნუ შეეცდები ჩემს დამშვიდებას. სასწაულების არ მჯერა და სიმართლე გითხრა, ამ სიცოცხლემაც ისე დამღალა, რომ...

- რა სისულელეა...

- ვიცი, რომ სისულელეა და მით უფრო, შენს ასაკში... არ მეტყვი, რატომ ფიქრობ თვითმკვლელობაზე? - შევაწყვეტინე.

- კაცი მხოლოდ გარეგნულად ვარ...

გაკვირვებულმა შევხედე...

- ჰო, შინაგანად ქალი ვარ, მაგრამ ამას ვერავის ვუმხელ - ვერც ოჯახის წევრებს, ვერც მეგობრებს, რომლებიც ჩემგან ვაჟკაცობას მოითხოვენ... ბევრ გოგოს ვუყვარვარ და მზად არიან, თავიანთი უმანკოება, თუნდაც ერთი ღამით და ერთჯერადი სექსით შემომწირონ. მე კი ეს არ მსურს, რადგან მამაკაცი მიყვარს... არადა, ვინც მიყვარს, მას ჩემს საუკეთესო მეგობრად მოაქვს თავი და ვაჟკაცი ვგონივარ, საქმეების გასარჩევადაც კი დავყავარ. შეიძლება ტყვია დამახალოს, რომ გაიგოს, რის გამო ვტრიალებ გამუდმებით მის გვერდით... როცა მისი მოფერება მინდება, სასმელში ძილის წამალს ვუყრი და გათიშულს ვეფერები.  ექიმობა შემთხვევით არ გადამიწყვეტია. პლასტიკური ქირურგი ვარ. მინდოდა, თეორიულად ყველაფერი მცოდნოდა იმ ოპერაციების შესახებ, ჩემნაირებს სქესის შეცვლაში რომ დაეხმარება. საზღვარგარეთ მინდა საცხოვრებლად წასვლა, კიდევ უკეთესი პრაქტიკა რომ გავიარო და საკუთარ თავსაც ვუშველო, მაგრამ ამისთვის კავშირი უნდა გავწყვიტო ოჯახთან. მათ ეს რომ გაიგონ, დაიხოცებიან...

- მძიმე სიტუაციაა, მაგრამ იქნებ გაგებაც შეძლონ, რას იკლავ წინასწარ თავს... თან, თუ თავს მოიკლავ, გგონია, ამით უკეთ იქნებიან?

- ჩემებს რომ იცნობდე, ასე აღარ ილაპარაკებ და მიხვდები, რომ ურჩევნიათ, მკვდარი მიხილონ, ვიდრე ოპერაციის შედეგად - სქესშეცვლილი...

- არადა, შემიძლია დაგეხმარო და საზღვარგარეთ გაგიშვა, საუკეთესო კლინიკა გაპოვნინო, სადაც სქესსაც შეგიცვლიან და შეიძლება, როგორც ექიმი, მიგიღონ და დაგასაქმონ, ისეთი სააგენტო და კავშირები მაქვს, - მოკლედ მოვუყევი საკუთარი საქმიანობის შესახებ.

გაკვირვებულმა დაუსტვინა:

- ახლა ლამის დავიჯერო, რომ ადამიანებს მართლა არ ახვედრებს განგება შემთხვევით და მადლობა უფალს, რომ ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები. არ ვიცი, მომავალში როგორ უშველი ჩემს გაჭირვებას, მაგრამ ჩემი რომ გესმის, ესეც რამდენს ნიშნავს და ბოლოს და ბოლოს, ვიღაცის ძმაკაცი და მფარველი კი არა, დაქალიც შემიძლია ვიყო...

- სიმართლე გითხრა, მერჩივნა, კაცის ტყავში დარჩენილი მენახე. დასანანია, რომ ბუნება ასეთ შეცდომებს უშვებს და ფაქტობრივად, საუკეთესო გენოფონდს ანადგურებს...

გვიანობამდე შევრჩით რესტორანში, მიუხედავად იმისა, რომ არც ჭამის თავი გვქონდა და არც დაგვილევია, სახლში დაბრუნების და მარტო დარჩენის მეშინოდა, ვერ წარმომედგინა, ნატოს გარეშე როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. გუგას მოკლედ ვუთხარი, ვინ იყო ნატო ჩემთვის და რატომ განვიცდიდი ასე მის წასვლას.

- გინდა, ამაღამ შენთან დავრჩე? - შემომთავაზა და გამიხარდა:

- მერე, სახლში არ ინერვიულებენ?

- ვეტყვი, რომ საავადმყოფოში ვარ მორიგე. ასეთ რამეს მიჩვეულები არიან ჩემგან! - უდარდელად აიჩეჩა მხრები.

როცა ჩემი სახლი დაათვალიერა, აღიარა, რომ შეშურდა ჩემი:

- ნეტავი, მეც შემეძლოს ასე ჩემს გემოზე მარტო ცხოვრება, ახლობლებისგან შორს. მართლა დამღალეს. განა მათ წინაშე პასუხისმგებლობას გავურბი, ან რაიმე მენანება თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარი სურვილების რეალიზებას რომ ვერ ვახერხებ, ეს მაგიჟებს...

- და რა გინდა?

- თუნდაც ქალურად გამოპრანჭვა...

მივუხვდი, რასაც გულისხმობდა, ამიტომ ჩემს საძინებელში შევიყვანე და კარადები გამოვაღე:

- შეგიძლია, ჩემი სამოსიდან ყველაფერი მოისინჯო, თუ მოირგებ...

თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბოლომდე არ მესმოდა მისი. მიკვირდა, როგორ შეეძლო ჩემს კაბებში გამოწყობილს ასეთი ბედნიერი სახით ეტრიალა სარკის წინ და მხოლოდ იმაზე დასწყვეტოდა გული, რომ ის კაცი არ უყურებდა, ვისზეც ასე თავდავიწყებით იყო შეყვარებული:

- ახლა რომ დათო მიყურებდეს, ნეტავ, არ მოუნდებოდა ჩემთან სექსი?

გამახსენდა ანა, ჩემი ლესბოსელი პარტნიორი:

- მეც მაქვს ერთსქესიანი სიყვარულის გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ გამოკვეთილი ლესბოსელი არასოდეს ვყოფილვარ, მენატრება ჩემი პარტნიორი. ქალებმა სხვანაირი სიყვარული იციან...

- არ გამაგიჟო. ქალებს ვერ ვიტანო და როგორ შეგიძლია, ასეთი რამის თქმა! - უკმაყოფილოდ შემაწყვეტინა გუგამ.

- საბედნიეროდ, შენ ჩემს დონეზე გარყვნილი არ ხარ, როგორც ჩანს! - გამეღიმა სევდიანად...

მინდოდა, გუგასთვის საძინებელში ცალკე გამეშალა საწოლი, მაგრამ შემეხვეწა:

- ერთ საწოლში დავიძინოთ როგორც დაქალებმა და ვიჭორაოთ. იცი, რამდენი რამე მაინტერესებს ქალებზე, რასაც სხვა გოგოებს ვერ ვკითხავ...

ამ სიგიჟესაც ავყევი და გვიან ღამემდე ვჭორაობდით. გუგას პირველს ჩაეძინა და უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემდა სამწუხაროდ, ძალზე იოლად ვაღიარე მდედრად...

დილით, როცა მიდიოდა, ნაზად მომეხვია:

- შეიძლება, სხვა დროსაც მოვიდე ხოლმე შენთან?

- როცა გაგიხარდება, ოღონდ, წინასწარ შემითანხმე, რადგან  როგორც ხედავ, არც ისე დალაგებული პირადი ცხოვრება მაქვს. არ მინდა, ერთმანეთის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

- იმაზე ვიზრუნებ, საუკეთესო მკურნალობის კურსი შეგირჩიონ, რომ ცხოვრება ისე განაგრძო, როგორც ამას შიდსით დაავადებამდე ახერხებდი.

სანამ გუგა მოიფიქრებდა რამეს, მანამ ბექამ მოახერხა ჩემი დარწმუნება, რომ აღრიცხვაზე დავმდგარიყავი და მკურნალობა დამეწყო...

ბექა მაშინვე დამიკავშირდა, როგორც კი ლევანთან ერთად წავედი, მაგრამ ვთხოვე, სანამ თავად არ დავურეკავდი, ჩემი მოძებნა აღარ ეცადა. დავამშვიდე, რომ ცუდი არაფერი მომხდარა და რომ მე და ლევანი სიმართლის გარკვევის შემდეგ, მშვიდობიანად დავშორდით. ნამდვილად არ ვაპირებდი იმის მოყოლას ბექასთვის, როგორ დამამცირა ყოფილმა საყვარელმა.

- არ ველოდი, რომ ასე მშვიდობიანად მოხდებოდა თქვენი დაშორება! - მაინც არ მიჯერებდა ბექა მონაყოლს.

- იმიტომ არ გჯერა, რომ არ მიცნობ და არ იცი, რომ ჩვეულებრივი ქალი არ ვარ, რომელსაც მამაკაცი ადვილად ატარებს თავის ჭკუაზე და რაიმე პრეტენზიას წაუყენებს. მართალია, ერთად ვიყავით, მაგრამ მას არაფერს დავპირებივარ, მათ შორის არც ერთგულებას, რომ უფლება ჰქონდეს მიკარნახოს, ვისთან ვიმეგობრო და ვისთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდეს და ასე იქნება ნებისმიერ კაცთან, ვინც ჩემთან დაახლოებას მოინდომებს.

- არასოდეს გქონია სურვილი, ჩვეულებრივი ქალივით გეცხოვრა და ოჯახი გქონოდა? - დანანებით შემომხედა ბექამ.

- როგორ არა და ბევრიც ვიბრძოლე ჩემი ოჯახის გადასარჩენად ჯერ კიდევ სრულიად ბავშვმა, მაგრამ უფალმა არც შვილი შემარჩინა და არც ქმარი. არც კი ვიცი... მან მაშინ მიმატოვა, როცა მართლა არავის შეეძლო მის გარდა ჩემი შველა და გადარჩენა...

- ასე ნუ უპირისპირდები ღმერთს! - შემეხვეწა ბექა. - ის ერთადერთი და ბოლო იმედია ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უფრო, ჩვენს მდგომარეობაში მყოფისთვის და თუ ამ რწმენას უარყოფ, მერე მართლა ეკარგება აზრი ყველაფერს, მათ შორის, გადარჩენისთვის ბრძოლასაც... სანამ შიდსის ცენტრში მივალთ, ჩემს მოძღვართან უნდა მიგიყვანო! - შემაწყვეტინა ბექამ. - გეხვეწები, დაელაპარაკე და გპირდები, რომ შვებასაც იგრძნობ და აზრსაც შეიცვლი. როცა უფლის რწმენას დაიბრუნებ, მერე თუნდაც მაშინვე მოკვდე, სულად ქცეულიც კი იგრძნობ ბედნიერებას...

ბექას კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი და არ მივყვებოდი ეკლესიაში. ალბათ ვერც დამითანხმებდა, რომ არა უცნაური სიზმარი, თუ ხილვა: გარდაცვლილ დედაჩემს ულამაზესი ჩვილი გოგონა ეჭირა ხელში. გვირილებით მოფენილ მინდორში იდგა და ბედნიერი ანანავებდა ბავშვს... რომ დამინახა, გაუკვირდა და ჩემკენ გამოიწია, მაგრამ თითქოს უხილავ მინის კედელს შეასკდა და მეც იგივე განცდა დამეუფლა, - ჩვენ შორის არსებულ მანძილს ვერაფერს ვუხერხებდი, გადაულახავ ბარიერად მექცა და ამიტომ შორიდან დავუძახე, ეგ ბავშვი ვისია-მეთქი?

- შენი შვილია! - მაღლა ასწია და ისე დამანახვა ულამაზესი პატარა.

- ნუ მატყუებ, ჩემი შვილი ავადმყოფი და ულამაზო იყო! - ვუსაყვედურე დედას, რადგან კარგად მახსოვდა ჩემი ავადმყოფი შვილის დეფორმირებული სახე.

- ღმერთს ნუ სცოდავ, ნია, ულამაზო პატარები არ არსებობენ და თუ შენ ამ სილამაზეს ვერ ხედავ, იმიტომ, რომ შორს დგახარ უფლისგან. მხოლოდ ღმერთის გვერდით შეიძლება, სილამაზის დანახვა.

- თქვენ ღმერთთან ხართ?

- სამწუხაროდ, ჩვენც შორს ვართ მისგან, რადგან თვითმკვლელობის ცოდვა მაქვს გამოსასყიდი, ჩვენი პატარა კი მოუნათლავი წამოვიდა აქეთ, მაგრამ ვნანობ და გულით ვინანიებ მომხდარს, ამიტომ, ჯოჯოხეთიდან ამომიყვანა უფალმა და ჩვენი საბოლოო გადარჩენა შენ შეგიძლია, - ღმერთს სიცოცხლეშივე უნდა დაუახლოვდე. საკუთარი ცოდვები უნდა მოინანიო და ჩვენთვისაც ილოცო, რომ სამუდამო ტანჯვისგან გვიხსნა. აქეთ მომავალი გზა ეკლესიაზე გადის და სანამ უფალს არ დაუახლოვდები, ვერც ჩვენთან მოახლოებას შეძლებ! - მითხრა დედამ და გაქრა. მე კი მაშინვე გამეღვიძა და რატომღაც შემეშინდა. საათს გავხედე. ღამის 3 საათი იყო, თორემ შეიძლება მაშინვე გავქცეულიყავი ტაძარში. ძილი გამიტყდა და რას არ მივცემდი, იმ წუთში ნატო რომ მყოლოდა გვერდით. ძალიან მაკლდა, მაგრამ დაბრუნებას ვერ ვაიძულებდი, თავად თუ არ გაუჩნდებოდა ამის სურვილი...

გაგრძელება