ზღვარზე (XXII ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XXII ნაწილი)

- კიდევ რა საიდუმლოს მალავ? - გაბედა კითხვის დასმა.

- შენგან შვილი გავაჩინე და ისე გავაშვილე, ერთხელაც არ დამიხედავს მისთვის. არც სახელი მიმიცია, არც გვარი და არც მისამართი დამიტოვებია მისი მშვილებლებისთვის, რომ შემთხვევით ჩემი მოძებნა არ ენდომებინათ...

ლევანს თითქოს ყელში წაუჭირეს ხელები, ისე გაუფართოვდა გუგები და უაზროდ დაიხრიალა...

- შეგიძლია, ტყვია დამახალო! - ვთქვი უემოციოდ. - შეიძლება, უკეთესიც იყოს ახლა ჩემთვის ასეთი დასასრული და გამოსავალი.

- ტყვიით სიკვდილი ახლა შენთვის "ბაირამობაა"! - ისეთი სიძულვილით შემომხედა ლევანმა, დუმბაძისეული მურტალო გამახსენდა. - ძაღლიც კი არ იმეტებს თავისი ნებით შვილს ასე იოლად, წმინდა აღარაფერი დაგრჩა?

- ძალიან გთხოვ, მორალის კითხვას ნუ დამიწყებ...

- გეთქვა ჩემთვის და თუ შენ არ გინდოდა ის ბავშვი, ჩემთვის მოგეცა, მამის სითბოსა და სიყვარულს მაინც არ დავუკარგავდი, არაფერს მოვაკლებდი, და-ძმებს გავაცნობდი...

- ნუ ცდილობ იმის დამტკიცებას, რომ ჩემზე უკეთესი ხარ! - მიღალატა ნერვებმა. - თუ ასეთი სანიმუშო მამა ხარ, საკუთარ შვილებს არ გაექცეოდი და არ მიატოვებდი.

- მე შვილები არ მიმიტოვებია! - გამოსცრა კბილებში. - მაგრამ შენ ამას ვერასოდეს გაიგებ ალბათ, რადგან შენნაირებს ასეთი რამეების გაგება არ შეუძლიათ. უდიდესი ეგოისტი ხარ და გინდა, რომ სამყარო შენ ირგვლივ ტრიალებდეს...

- ეგოისტებს საკუთარი თავი უყვართ, რასაც ჩემზე ვერ იტყვის ადამიანი.

- არც ამაში უქნიხარ ღმერთს, მართალი ხარ, თორემ იქნებ სხვების სიყვარულიც შეგძლებოდა...

- ჩემ გასალანძღავად მოხვედი? - ისევ ავუწიე ხმას.

- კარგად იცი, რისთვისაც მოვედი, მაგრამ შენი აღსარებით მთლად ამიბნიე თავგზა... იცი მაინც, ვის დაუტოვე შვილი?

- რა თქმა უნდა. ისეთ ოჯახშია, არაფერს გაუჭირვებდნენ და მოაკლებდნენ, უბედნიერესი ბიჭი იქნება...

- რა ხნისაა ბავშვი?

- უკვე 10 წლის იქნება.

ლევანმა ისევ დაიგმინა:

- და ამ საიდუმლოს 10 წელი ინახავდი?

- არც ახლა გავამხელდი, რომ არა საბედისწერო ავადმყოფობა.

- ჰოდა, მადლობა ღმერთს, რომ თუნდაც ასეთი მძიმე დიაგნოზის ფასად გაიძულა გონზე მოსვლა და სიმართლის გამხელა... ისე, შვილზე რომ უარი თქვი, რატომ გგონია, რომ მის გარეშე რაიმე აზრი ჰქონდა შენს ცხოვრებას?

- არ მინდა ამაზე ლაპარაკი!

- შენ შეიძლება არ გინდა, მაგრამ მოგიწევს.Mმე ჩემი შვილი უნდა ვნახო! - კატეგორიულად განმიცხადა კაცმა.

- ბავშვის გამზრდელებმა შეიძლება არც მოგცენ მასთან მიახლოების ნება, მიუხედავად იმისა, რომ სულგრძელი და ალალი ხალხია. როცა ბავშვს ვტოვებდი, ნება დამრთეს, მაშინ დავბრუნებულიყავი მის ცხოვრებაში, როცა ამისი სურვილი გამიჩნდებოდა, მაგრამ 10 წელია გასული და არ არის გამორიცხული აზრი შეეცვალათ. თანაც, ჩემს მდგომარეობაში მყოფი როგორ ვეჩვენო შვილს. - იმედი გავუჩინო და მერე ჩემი სიკვდილით მეტი ტკივილი მივაყენო?

- ვერც რამეს გირჩევ და ვერც რამეს დაგავალებ. როგორც გინდა, ისე მოიქეცი და რაც გინდა, ის აკეთე - მე კი შვილს აუცილებლად მოვძებნი და იმედი მაქვს, გამზრდელები უარს არ მეტყვიან მასთან ურთიერთობაზე. თუ საქმე გართულდა, ათას სასამართლოს მივმართავ, მაგრამ მაინც მოვიპოვებ მამობის უფლებას. მთავარია, შენ არ გამიჯიუტდე და მითხრა, - ვის ჰყავს ჩვენი შვილი?

არ ვიცი, რატომ დავნებდი ასე ადვილად კაცს. ჩემს კაბინეტში შევედი და წარსულში გულდაგულ ჩაკეტილი კიდევ ერთი უჯრა გავხსენი, რომ ჩემი შვილის უკრაინული ოჯახის კოორდინატები მომეძებნა... ადვილად ვიპოვნე. ამ მხრივ მოწესრიგებული ვარ, - ქაოსს ვერ ვიტან. თუ რამე მჭირდება, თავის ადგილს მივუჩენ და რაც არ მჭირდება, დაუნანებლად გადავუძახებ ნაგავში...

სხვათა შორის, თავის დროზე, ბევრი ვიორჭოფე, არ ვიცოდი, უნდა შემენახა ჩემს შვილთან დამაკავშირებელი მონაცემები, თუ მომეშორებინა თავიდან, მაგრამ მაინც შევინახე და თავი იმით ვიმართლე, რომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მათ არსებობას - თუ ოდესმე შვილის ნახვას მოვინდომებდი, მისი ადგილ-სამყოფლის დადგენას სულ მოვახერხებდი. ბოლოს და ბოლოს, მისი გამზრდელები ხომ ცნობილი ექიმები იყვნენ კიევში?

ლევანმა საბუთებს ჩახედა და მერე ისე ჩაიკრა გულში, თითქოს ქაღალდები კი არა, უკვე დაბრუნებული შვილი ყოფილიყო. მერე ადგა და რაღაცნაირად დაღლილ-დაქანცულმა მითხრა:

- წავედი, ნია და თუ გინდა, აღარასოდეს დავბრუნდები შენს ცხოვრებაში, აღარაფრით შეგახსენებ თავს და არც ჩვენი შვილის ამბებს გეტყვი, თუ თავად არ შემეხვეწები და არ გენდომება...

- ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, ლევან! - ვუთხარი ის, რასაც ვგრძნობდი, - არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა, მაგრამ რაღაც იცვლება ჩემში და ისეთ რამეებს ვგრძნობ, რაც აქამდე უცხო იყო ჩემთვის. შვილის ამბავიც ამიტომ გითხარი და საფლავში არ ჩავიყოლე ეს საიდუმლო. წადი და თუ მივიჩნევ, რომ უნდა შევხვდეთ, თავად მოგძებნი გარკვეული დროის შემდეგ. ერთს შეგეხვეწები: - უხეშად ნუ იმოქმედებ, ნუ აწყენინებ ჩვენი შვილის გამზრდელებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი პატარა ბედის ნებიერად იქცეოდა მათ ხელში. მით უფრო, ბავშვს ნუ ატკენ გულს, ფრთხილად იმოქმედე...

აღარაფერი უთქვამს, ისე წავიდა. ჭიშკრამდე მივაცილე და არც იმისი დაფიქსირება გამჭირვებია, რომ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ერთხელაც არ მოუხედავს უკან, ისე დაძრა მანქანა. თითქოს ეჩქარებოდა და მე რატომღაც მშვენივრად მესმოდა მისი...

სახლში შებრუნებულმა ვიტირე. წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება გაგრძელებულიყო, შვილზე უარი რომ არ მეთქვა და თვითონ გამეზარდა. ალბათ, არ ვიქნებოდი ცუდი დედა. ან იქნებ პირიქით - ვერაფერს მოვუხერხებდი ჩემს ეგოისტურ ბუნებას და შვილსაც დავუნგრევდი როგორც ფსიქიკას, ასევე ცხოვრებას - ჩემნაირი თავაშვებული დედები ხომ დიდი ვერაფერი მაგალითები არიან შვილებისთვის და დედის არეული ცხოვრებით გაღიზიანებულები, ხშირად საბედისწერო შეცდომებსაც უშვებენ - ზოგი ნარკომანი ხდება და ზოგიც არასრულწლოვანი ხვდება ციხეში? მაგრამ, არც ის იყო გამორიცხული, რომ შვილის გამო საკუთარი თავი და ცხოვრება დამევიწყებინა და უკეთესობისკენაც შევცვლილიყავი?

მიუხედავად იმისა, რომ სულიერი ბრძოლები დამეწყო და ვგრძნობდი, მჭირდებოდა სულიერი მოძღვრის დარიგება, ეკლესიაში დაბრუნებას მაინც არ ვჩქარობდი, თითქოს მეშინოდა კიდევ ერთი შეცდომა არ დამეშვა...

ბექასთან ერთად მივედი შიდსის პრევენციის ცენტრში. კიდევ ერთი გამოკვლევა ჩამიტარეს და მკურნალობის კურსი დამინიშნეს: წამლებით სავსე პარკი გადმომცეს შესაბამისი ინსტრუქციებით და თითქოს იმ წუთში მივხვდი, რომ მართლა მძიმე ავადმყოფი ვიყავი, წამლებზე დამოკიდებული და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მიწაზე დაჩოქებული: "ნეტავ, კიდევ რამდენი დრო მაქვს შეცდომების გამოსასწორებლად?" - გამიელვა ამ დროს ფიქრმა...

ბექამ "შიდსიანთა საზოგადოების" წევრებიც გამაცნო, რომელშიც ოცდაათამდე ადამიანი იყო გაერთიანებული. უკვე შეგუებოდნენ თავიანთი ყოფის მძიმე რეალობას და ახლა ისე საქმიანად ლაპარაკობდნენ თავიანთ პრობლემაზე, ისე ეძებდნენ ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს, ვითომ საკუთარ სიკვდილზე კი არა, სხვების მოსალოდნელ აღსასრულზე საუბრობდნენ. ისიც გაეცნობიერებინათ, რომ სიკვდილი გარდაუვალია და ყოველთვის სხვები არ მოკვდებიან, როგორც ეს ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იციან კაცთა მოდგმის მოკვდავი ბუნების შესახებ... იცოდნენ, მაგრამ მიმხვდარიყვნენ, რომ სიკვდილიც არის და სიკვდილიც - იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა რამდენად ღირსეულად იცხოვრებს და მოკვდება ადამიანი?

საკუთარი პრობლემები გუგა ბიწაძის ინციდენტმა დამავიწყა: ერთხელაც ისევ გაუბრუებია თავისი შეყვარებული ძილის წამლით და როგორც ჩანს, მძინარეს ეფერებოდა. მერე კი, ისე მოხდა, რომ თავადაც ჩაეძინა და მასზე ადრე დათო ისაკაძემ გაიღვიძა. როცა აღმოაჩინა, რომ საწოლში სრულიად შიშველი იწვა ასევე დედიშობილა გუგასთან ერთად, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, სამზარეულოდან პურის საჭრელი დანა გამოიტანა და მანამდე საუკეთესო მეგობარს, რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა მიაყენა. ეგონა მოკლა და პოლიციას ჩაბარდა, აღიარა მკვლელობა, მაგრამ მიზეზად სხვა რამ დაასახელა, ვითომ საერთო ბიზნესი ვერ გაიყვეს, გუგამ უღალატა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ბიჭი დედიშობილა იწვა სისხლის გუბეში, მაშინვე მივხვდი, რაც მოხდებოდა...

საბედნიეროდ, გუგა გადარჩა. რამდენიმე მძიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სიკვდილს მაინც დაუძვრა...

დათო ისაკაძე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოვინახულე და პირდაპირ მივახალე, რომ ვერ მომატყუებდა:

- გუგა ჩემი მეგობარია და შენგან განსხვავებით მე ვიცოდი მისი განსხვავებული ორიენტაციის შესახებ. ისიც, რომ სიგიჟემდე უყვარდი...

მეგონა, ისტერიკას დაიმართებდა და ჩემკენაც გამოიწევდა მოსაკლავად, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. იჯდა თავდახრილი და კარგა ხანს ვერ გაბედა ჩემთვის თვალებში შემოეხედა. მერე კი, როცა ბოლოს და ბოლოს მზერა გამისწორა, შევცბი, რადგან მის თვალებში ცრემლი დავინახე. სანამ რამეს იტყოდა, ვიგრძენი, რომ ძლივს გადაყლაპა ყელში მობჯენილი ცრემლების ბურთი:

- თქვენ არ გიცნობთ და არც ის ვიცი, როდის მოასწარით გუგასთან დამეგობრება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შეუძლებელია ჩემზე მეტად გიყვარდეთ... არ მინდა, ვიცნობდე ისეთ გუგას, რომელზეც თქვენ მელაპარაკებით - უსქესოს და პატივაყრილს. ამიტომ მერჩივნა მომკვდარიყო და ვაჟკაცის სახელით ჩასულიყო საფლავში...

გაგრძელება იქნება