იისფერი ჰორტენზიები (დასაწყისი) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (დასაწყისი)

ისინი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კვლევითი ინსტიტუტის შენობას არიან შეფარებულნი. თუმცა რატომ შეფარებულნი, იჯარით აქვთ აღებული 200 კვ.მ. ფართობი, ანუ რვა ოთახი. ეს კერძო სექტორია, შპს "დუგი". ანუ კომპიუტერული სერვისის სადილერო ბაზა. სწორედ ამ ოფისიდან გააქვთ სხვადასხვა მაღაზიაში კომპიუტერები და მონიტორები, კლავიატურები და პროცესორები, პრინტერები და სკანერები... საკმაოდ დიდი ქსელია, თითქმის ნახევარ საქართველოს ამარაგებს. "დუგი" რას ნიშნავს? ბანალური აბრევიატურაა - დუდუსა და გიგის სახელების პირველი მარცვლები. იკითხავთ, ალბათ, ესენი ვინღა არიანო? ახლავე მოგახსენებთ, ძმაკაცები არიან, ბავშვობის მეგობრები. დუდუ სერვისცენტრის პრეზიდენტია, გიგი - აღმასრულებელი დირექტორი. ასე დაინაწილეს მეგობრებმა თანამდებობები.

მოდით, ჯერ გიგის გაგაცნობთ. იგი 32 წლისაა, ჩაპუტკუნებული, საშუალოზე ოდნავ მაღალი ქერა მამაკაცი, თაფლისფერი თვალებით. ძალიან საყვარელი, თბილი პიროვნება, ცოლშვილიანი, ჰყავს ქალ-ვაჟი და ულამაზესი მეუღლე ქეთი. რაც ყველაზე მთავარია, იგი სანდო ადამიანია, ერთგული, საქმის მოყვარული, დუდუს გულისთვის თავს დადებს.

რაც შეეხება დუდუს, ისიც 32 წლისაა, მაღალი, გამხდარი, შესაშური აღნაგობის შავგვრემანი, ნაცრისფერთვალება "ტიპი". გამოირჩევა მაღალი ინტელექტით, ხიბლავს მოგზაურობა და სპორტი, ძველი წყალბურთელია. სუსტი წერტილი - მანქანები და ქალები. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცოლშვილიანია, ჰყავს ქალიშვილი ელენე და მეუღლე ნათია, კარგი ქალებისკენ მაინც გაურბის თვალი. რატომ? ჯერ ერთი, ბუნებით არის ასეთი და იმიტომ; მეორეც - როგორც ამბობენ, მისი ცოლი ნამდვილი "სტერვა" ყოფილა, ნევრასთენიკი, ჭირვეული და რა ვიცი, კიდევ როგორი ეპითეტებით არ ამკობენ ნათიას. თუმცა ამაზე მოგვიანებით...

დუდუ პროფესიით ექიმია, მედიკების დინასტიის თუ არა, დიდი ოჯახის წარმომადგენელი, საკმაოდ სოლიდური და ელიტური საზოგადოებით გარშემორტყმული. თუმცა იმასაც ამბობენ, "შავი სამყაროს" გავლენიან წარმომადგენლებთანაც მეგობრობს და მათი მფარველობის ქვეშ იმყოფებაო. ვინ იცის...

დავუბრუნდეთ ქალების თემას. მავანნი და მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ცოლ-შვილის დიდი სიყვარულისა, პირადი ცხოვრება ვერა და ვერ აიწყოო. ვის მიუძღვის ამაში ლომის წილი, არავინ უწყის. ფაქტი ერთია: დუდუს თვეში ერთხელ თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც უწევს კიევში გამგზავრება. იქაც ბიზნესი აქვს აწყობილი - კერძო კლინიკა, სადაც პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებენ. ასე რომ, აქაც და იქაც ფეხი კარგა მყარად აქვს მოკიდებული. ალბათ ამიტომაც აგორდა ისეთი "ბოროტი" ჭორი, როგორიცაა - დუდუს კიევში "მაგარი ნაშა" საყვარელი ჰყოლიაო. უკრაინელი ქალების ამბავი ხომ იცით, მათი სლავური სილამაზე მარტო ქართველებს კი არა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მამაკაცს უბრმავებს თვალს.

ახლა ცოტა რამ ოფისის შესახებ: "დუგიში" დაახლოებით ათამდე ადამიანი მუშაობს და თავიდან ბოლომდე დუდუს სახსრებით ფინანსდება. თუმცა, რაც მართალია, მართალია, გიგისაც დიდი წვლილი მიუძღვის მეგობრის ბიზნესის აღორძინებაში, მაგრამ არა ფულადი, არამედ "გონებადი" შესაძლებლობებით, გენიოსი "ტვინიკოსია". ასე შეარქვა მას დუდუმ.

ოფისი, გულახდილად რომ ვთქვათ, რაღაცნაირად "საძმოს" პრინციპებზე "მუშაობს". დუდუმ ყველა თავისი ახლობელი, ამასთან - უკიდურესად გაჭირვებული მეგობრები თუ ნათესავები შემოიკრიბა გარშემო. მათი ეკონომიური მდგომარეობის შესამსუბუქებლად უფრო გახსნა ეს ცენტრი, ვიდრე ფულის საკეთებლად. მაგრამ კარგად დაგეგმილმა ბიზნესმა თავისი ქნა და სერიოზულ მოგებაზე სულ რაღაც ექვს თვეში გავიდა.

გაინტერესებთ, ვინ არის ის ათიოდე კაცი? ახლავე, რა პრობლემაა! მამუკა, ცოლშვილიანი უსაქმური, რომელსაც გაურკვეველი თანამდებობა უჭირავს და დღემდე ვერავის გაურკვევია, რას აკეთებს "დუგიში". გია ერთი პატიოსანი ბიჭია, 22 წლის, მძღოლად მუშაობს. ია - მთავარი ბუღალტერი, ნახევრად რუსი, წესიერი, წყნარი გოგოა, 24 წლის, როგორც თანამშრომლები ახასიათებენ, გადასარევი და კარგი რეპუტაციის მანდილოსანი. იაკობი - წარმოშობით ებრაელი, დილერი, დიდი მამაძაღლი და ეშმაკი კაცი, თუმცა ვაჭრობაში დახელოვნებული და თავისი საქმის პროფესიონალი, 35 წლის. მერაბი - დუდუს ცოლის ნათესავი, გაიძვერა და ქვეშქვეშა ადამიანი, 26 წლის, წმინდა წყლის ხონელი. ქალბატონი თამარი, შუახნის ქალი, რომელიც დამლაგებლად მუშაობს, გიგის შორეული ნათესავი; ნარგიზა - უწესიერესი ქალბატონი, საქმეთა მმართველი, თავისი საქმე ხუთიანზე იცის. იგი გიგის დეიდაა, 47 წლისაა და ბოლოს ზაზა - მეორე დილერი და მძღოლი, ჯიგარი ბიჭი, მარჯვე და ენასხარტი, დიდი იუმორის მქონე გურული, დუდუს გარე ბიძაშვილი. ჯერჯერობით სულ ეს არის... მაშ ასე, დავიწყოთ...

 

***

გიგი, დუდუ და მათი "არმია" სულ ორი დღეა, რაც ამ შენობაში გადმოვიდნენ. ამიტომაც დირექტორმა მეორე დღესვე მოინდომა აღენიშნა "ახალსახლობა". დილიდანვე გაუკეთა ორგანიზება ამ საქმეს, მძღოლი, ანუ გია გაუშვა ბაზარში იასთან ერთად და როცა ორივენი "ხელდამშვენებულები" დაბრუნდნენ, კმაყოფილებისგან ტაში შემოჰკრა, თანამშრომლებიც ასეთი უნდაო. მერე ადგა, კაბინეტიდან ერთი ყუთი შამპანური გამოიტანა და მაგიდაზე დადო. ქალები სუფრის გაშლას შეუდგნენ. დუდუ ისევ გავიდა.

- მამუკა, იყავი ფეხბურთზე? - ჰკითხა ზაზამ მამუკას.

- კი, მარა რად გინდა, მკვდრები არიან ეს შობელძაღლები, მასეთ ფეხბურთს სამი წელია, თავი დავანებე, თორემ მეც კი ვთამაშობდი. ფეხბურთელები ან უნდა გაზარდო, ან უნდა იყიდო, ამას ყველაფერს კი ფული უნდა, ჩემო ზაზა.

- აბა, უფულოდ ამ დროში კატებიც აღარ იძლ...ნო, ხომ გაგიგია?

ატყდა ხორხოცი.

- გაგიხმეს ენა, რა მყრალი ლაპარაკი იცი, - ქოქოლა მიაყარა ზაზას ქალბატონმა ნარგიზამ და ჭიქების დალაგება გააგრძელა.

ამ დროს ისევ გამოჩნდა დუდუ ღიმილით.

- აბა, ბიჭებო, დავაი, ყველას დამიძახეთ, თუ ქეიფია, ქეიფი იყოს.

მამუკა სხვების დასაძახებლად გავიდა.

- ზაზა, იყავი ფეხბურთზე? - ახლა დუდუ დაინტერესდა ქართველების თამაშის ბედით.

- ოჰ, მაგათი!.. თუ ძმა ხარ, მაგ თემაზე არ მელაპარაკო, ხასიათს ნუ გამიფუჭებ. აგერ, ჯობია ეს გამომართვი, - და პურით სავსე პარკი მიაწოდა, თან წაუღიღინა, - ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანს... ყველი დავჭრა?

- აბა რა უნდა ქნა, შე უქნარა, შენა, გაინძერი ცოტა, - დაუცაცხანა ნარგიზამ.

ამ დროს მერაბი შემოვიდა და შამპანურის ბოთლების დანახვაზე უშნოდ გაიკრიჭა.

- აგი რაია, ბიჯო, წუხელ დაწურეთ, თუ?

- ჰო, აბა, შაქარი არ ეყოთ თურმე და მეტი არ გამოვიდა. შენ რა, სუნი გეცა ამ დილაადრიან თუ რაფერაა შენი საქმე, ძამია? რამ მოგიყვანა, ვერ მეიცადე პაწა?

- მე იქ ვარ, სადაც შამპანურია! - პათეტიკურად წარმოთქვა მერაბმა და დუდუს თვალი ჩაუკრა.

პრეზიდენტმა ღიმილი ვერ შეიკავა. იამ ამდენი ვეღარ მოითმინა და დუდუს მიუბრუნდა.

- რა ხდება, უფროსო, დღეს, კაკოი პოვოდ, არ მეტყვით?

- აბა, უყურე ახლა ამას! შენმა მზემ, ჯერ ბეზ პოვოდა არ დაგილევია, რა. გირჩევნია, ეგ ნამცხვარ-ხაჭაპურები დაჭრა და გადაანაწილო თეფშებზე. "შამპანსკი" არის, ასე რომ, მოემზადეთ დილის ა-ლა-ფურშეტისთვის, მაგრამ ყავას რომელი მომიდუღებთ ახლა? როდემდე უნდა გეხვეწოთ სათითაოდ, ერთი კარგი მდივანი მომიყვანოთ. რა, არ მეკუთვნის, თუ?

- ფეხები კისრიდან უნდა ეწყებოდეს თუ მხრებიდანაც შეიძლება, ზახარიჩ? - გაიკრიჭა ზაზა.

- წელიდანაც არა უშავს, თუ კაი ფეხები ექნა. ისე, დუდუჯან, შენ ნახევარჯერ მაინც კიევში ხარ და ამიტომ აჯობებს, ქალი ჩვენ ამოვარჩიოთ.

- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. მე მდივანი მინდა, წესიერი და სუფთა გოგო, ყავა მომიდუღოს და ტელეფონზე უპასუხოს, სხვა რამეების პრობლემა მე არ მაქვს, ძმაო, - და ხმამაღლა გაიცინა.

- სუფთა უნდა იყოს, აბა პირდაუბანელი და ცხვირმოუხოცავი არც ჩვენ გვინდა, ცოტა რაღაცების გამოცდილება უნდა ჰქონდეს, - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ოთახში შემობრუნებულმა მამუკამ და ახარხარდა.

- თქვენთან ქეიფი კი არა, ლაპარაკიც არ შეიძლება, უზრდელები ხართ, - კოპები შეკრა იამ.

- იაკო, ოღონდ შენ არ გაბრაზდე და ამ "შანტრაბას" სულ გავყრი აქედან. მამუკა, ბიჭო, გააჩერე ეგ ენა, მიხედე სიტუაციას, თორემ დავრჩით მთავარი ბუღალტრის გარეშე, - დუდუმ ძმაკაცს თვალი ჩაუკრა და გააგრძელა, - არ დაუძახე ყველას?

- გია ახლავე შემოვა, კიტრს და პომიდორს რეცხავს, იაკობი ჯერ არ მოსულა, მეტი ვიღა ვართ...

- გიგი სადაა?

- ნახევარ საათში მოვა, ცოლმა დაურეკა და გავიდა.

- რა ხდებაო?

- სალონში გავიყვანო, დაიბარა, თან ერთი გემრიელად შეუკურთხა,- გაიცინა მამუკამ.

ბოლოს ყველანი სუფრას შემოუსხდნენ.

- დამლაგებელიც არ არის? - გაახსენდა დუდუს.

- დღეს მეორე ცვლაშია, საღამოს მოვა, - თქვა ნარგიზამ.

- აბა, ამას ვინ აალაგებს?

- ჩვენ აქ არა ვართ, თუ ჯერ არ აგვილაგებია, პატივცემულო? - გაიღიმა ნარგიზამ.

- მაპატიეთ, ქალბატონო ნარგიზა, დამნაშავე ვარ. აბა, შეავსეთ სასმისები და მომისმინეთ. ამ ჭიქით, მოდით, უფალს მადლობა შევწიროთ, რომ ჭამა-სმის და ერთად ყოფნის ხასიათზე ვართ, გაგიმარჯოთ და შემოგევლოთ ჩემი თავი სუყველას, - ბიჭებს მიუჭახუნა დუდუმ და დალია.

- დილით შამპანურს ან დეგენერატები სვამენ, ან არისტოკრატები, - გაიხუმრა ზაზამ.

- თქვენი არ ვიცი, ბატონო, მაგრამ ჩემს ძარღვებში ნამდვილად ჩქეფს ცისფერი არისტოკრატიული სისხლი. თუ არ გჯერათ, აგერ ცხვრიზე და ფეხზე შემომხედეთ, - სიცილით თქვა მამუკამ და თავის მრუდე ფეხებსა და მოღუნულ ცხვირს მორიგეობით მიადო საჩვენებელი თითი.

.ყველას გაეცინა მის ხუმრობაზე.

- არისტოკრატობას რაც შეეხება, ჩემი გვარი ნაღდად არ უნდა იწვევდეს ეჭვს, ბოლოს და ბოლოს, გურიელი ვარ, მაგრამ მამაჩემს რომ ჰკითხოთ, პაპაჩემი, მამაჩემი და მე გლეხები ვართ, მარა აი ჩემი შვილი კი უნდა იყოს თავადიო, ამბობს, ისე თავადურად უყვარს ცხოვრებაო. ჰოდა, ამხელა კაცს, თანაც პროფესორს, ტყუილიც კი დაეჯერება ხანდახან და ამიტომ კი მეკუთვნის ერთი ჭიქა შამპანური, - გაიხუმრა დუდუმ, - ზაზა, მიდი, გააგრძელე.

- ახლა, ჩემო კარგებო, მამუკას და დუდუს გამოსვლის შემდეგ ძალიან ძნელია ჩემს არისტოკრატობაზე ლაპარაკი, ამიტომ ჩუმად დავლევ, ჯობია, - თქვა ზაზამ.

კვლავ სიცილი გაისმა.

- მოიცათ, მოიცათ, ბოდიში, ჩემო ზუზუ (იგი სიყვარულით ასე მიმართავს ხოლმე ზაზას), მაგრამ ჩემი ყავა სად არის, ხალხო? ბოლოს და ბოლოს, მომიძებნით თუ არა ერთ ნორმალურ გოგოს? იცოდეთ, წავალ კიევში და აღარ ჩამოვალ კარგა ხანს. მერე ია რა ხელფასებსაც დაგირიგებთ, იმასაც ვნახავ, - დუდუს მხიარულმა ხმამ საერთო ხმაური გადაფარა.

- მისტერ პრეზიდენტ, - სიტყვით გამოვიდა ია, - მე ვიცნობ ერთ კარგ გოგოს, ვ მესტე უჩილის, ჭკვიანია, წესიერი. ოღონდ ერთი პირობით, ხელი არ ახლოთ, იცოდეთ, ეჭვიანი ქმარი ჰყავს და...

- იაჩკა, თვითონ თუ არ მახლებს, მე რა, მგელი კი არ ვარ, კაცო, ვ კანცე კანცოვ! - დუდუმ თვალი ჩაუკრა ბიჭებს.

- ძალიანაც კარგი, ხვალვე მოვიყვან. ხელფასზეც დაგავარიმსია, არა? დუმაიუ, მოგეწონებათ.

- ოჩენ ხარაშო. რაც შეეხება ხელფასს, ვისთვის დამიწყვეტია გული, ჩემო იაჩკა? მოიყვანე და რეშიმ ვაპროს.

- ერთი წამით, ერთი წამით... - წამოხტა გია, - როცა ის გოგო აქ გვიანობამდე დარჩება, ხომ მე უნდა წავიყვანო სახლში? მერე? ქმარი თუ ეჭვიანი ჰყავს, თავს არ გამიხეთქავს, ეს ვის დაჰყავხარო? რატომ მაგდებთ შარში? ის არ მეყოფა, კიდევ ერთი უფულო "პასაჟირი" რომ დამემატება? სად ცხოვრობს, ია, ის შენი მეგობარი, თუ საიდუმლო არ არის?

- ვ გლდანი, გენაცვალე, ვ გლდანი, - ნიშნისმოგებით მიახარა იამ ახალგაზრდა მძღოლს.

- ზახარიჩ, მე აქედანვე წინააღმდეგი ვარ, თუ ძალიან ლამაზი არ იქნება და რამე ინტერესი არ გამიჩნდა. ხომ უნდა მიღირდეს მაინც თავის გატეხვა, - ეშმაკურად გაიღიმა გიამ.

- ბიჭო, შენ რავა დაუბადებელ ბავშვს აბრამს რომ არქმევდნენ, ისე გემართება. ის გოგო ჯერ არ მოსულა და არც შენთვის უთხოვია ვინმეს მისი წაყვან-წამოყვანა, ჯერ ერთი. მეორეც, ასეც რომ იყოს, როგორ გგონია, შენ ჩემს კაბინეტში დამელოდები და მე წავიყვან, თუ როგორაა შენი საქმე? მით უმეტეს, გლდანში ცხოვრებაში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ათი წლის წინ და ნაღდად ვიცი, რომ წავიდე, გზას უკან ვერ გამოვიგნებ, - დუდუმ რატომღაც, მამუკას გადახედა.

- ჰოდა, შენც იქ დარჩი ღამე და დილით ისევ ის გამოგაგნებინებს, გლდანსაც საფუძვლიანად შეისწავლი და მერე ჩვენც აგვიხსნი რა და როგორ, არ ჯობია? - გაიცინა მამუკამ.

- ჩემი თავი გინდა დააბრედიო იმ ეჭვიან კაცს? არ გამოვა მაგ საქმე, ძმაო, მე პას! გლდანში ხომ არ გადავსახლდები, ჯობია, ისევ გიამ წაიყვანოს! - დუდუმ ხელები გაასავსავა.

ისევ სიცილი ატყდა.

- ისე, უფროსო, ქალს გააჩნია, თორემ გლდანში კი არა, უკაცრიელ კუნძულზეც გადასახლდება კაცი სიყვარულის გულისთვის. ასე რომ, რა იცი, რა გელოდება, - ბრძნული აზრები დააფრქვია ზაზამ.

- მანამდე არაფერი ეტკინოს ჩვენს ძმობას, სანამ ეგ არ მოხდება, ჩემო ზუზუ.

ამ დროს გიგი შემოვიდა ოთახში.

- რა ღრეობაა, "პახმელიას" ხომ არ ებრძვით? - ღიმილით მიმოიხედა.

- ჩვენი გადმოსვლისა დავასველეთ, დირექტორო, შემოგვიერთდი, - დაეჯღანა ზაზა.

- ო, ეგ გადასარევი მიზეზია, მაგრამ ამ დილაუთენია რა დამალევინებს, ლოთი კი არ ვარ, - გიგიმ სკამი ხმაურით გამოსწია და დაჯდა, - რა სუფრაა, ბიჭო, რა სუფრა! მგელივით მშია.

- მიდი, შეჭამე რამე და მერე დალიე, დაგელოდებით.

- არა, არა, ვერ დავლევ, დღეს ორი შეხვედრა მაქვს, არ გამოვა, - იუარა გიგიმ და ხაჭაპური გადაიღო.

- ისე კი, იაჩკა, როდის უნდა გაგვაცნო ეგ შენი დაქალი და ჩემი საპატარძლო? - დუდუ იას მიუტრიალდა ღიმილით.

- ვოტ... ს პერვა მდივანი, ა პატომ პატარდზალი. ნეტ! არ გამოვა ეგ საქმე, პერედუმალა ია, - გაიბუსხა ია.

- როგორც გამოვა, ისე გამოვა, ოღონდ ჯერ მოიყვანე, გლავნი ბუღალტერო, - შესძახა ზაზამ.

- ვიზე ლაპარაკობთ? - დაინტერესდა გიგი და საჭმლით გამოტენილი პირით დუდუს მიაჩერდა.

- ჩემს მომავალ მდივანზე.

- ვაჰ, დაგადგა საშველი?

- ეგ იაჩკაზეა დამოკიდებული. ხომ ხედავ, უკვე უარით გვემუქრება.

- ია კარგი გოგოა, გადაიფიქრებს, - გაიღიმა გიგიმ, - არა, ია?

- პადუმაიუ, - თავი დაიფასა იამ.

პურისჭამა კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა, შემდეგ კი ქალებმა სუფრა აალაგეს და ყველა თავ-თავის საქმეს მიუბრუნდა.

 

გაგრძელება