იისფერი ჰორტენზიები (4) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (4)

- როგორა ხარ, სიცოცხლევ? - ნაზად მოიკითხა ცოლმა.

 

- არა მიშავს, თქვენ რას შვრებით?

- მაღაზიებში მინდა გავიარო, ელენეს ფეხსაცმელს ვუყიდი, თუ რამე შემხვდა ნორმალური, ხომ დაგვაფინანსებ?

- მარტო ბავშვის შემყურე ნუ დარჩები, ქალბატონო, ცოდო ხარ, იქნებ შენთვისაც გენახა რამე, გული არ დაიწყვიტო, - ირონიულად ჩაიცინა დუდუმ.

- ჰო, ამომადინე ახლა ყელში სახლიდან გასვლა, რამე კარგი რომ მითხრა, არ შეგიძლია?

- კი ბატონო, როგორ არ შემიძლია. გიგზავნი მანქანას და სამას დოლარს. ამაზე კარგი რა გითხრა, ჩემო კარგო, რით გაგახარო? გინდა, კიდევ უფრო სასიხარულო ამბავი გითხრა? დღეს ახალი გოგო მივიღე სამსახურში. მალადაია, კრასივაია...

- სპარტსმენკა, კამსამოლკა, არა?

- დაახლოებით. ჩემი პირადი მდივანი იქნება. კარგი გოგო ჩანს. ამბობენ, ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები მდივნის კანდიდატურას ცოლებს უთანხმებენო... ხომ არ მიბრაზდები, რომ არ შეგითანხმე? - ხმამაღლა გაიცინა დუდუმ.

- ჰოდა, ძალიანაც ცუდი, თუ არ შემითანხმე. ერთი გამოვიარო "პაკუპკების" მერე, შევხედო, ვინ არის და შემდეგ მოგახსენებ ჩემს აზრს.

- მე მეშინოდა, მანამდე არ გამოიაროს-მეთქი, თორემ შენ რომ გიცნობ, "პაკუპკების" მერე ისეთ ხასიათზე იქნები, მდივანი კი არა, მეორე ცოლი რომ დაგახვედრო აქ, იმასაც აიტან! ისე კი, მაინცდამაინც ნუ მოიკლავ თავს აქ მოსვლით, უშენოდაც შევაფასებთ შავს და თეთრს. მოკლედ, გია ნახევარ საათში თქვენთან იქნება და არ ალოდინოთ ის ბიჭი, ისედაც სულ გადარბენაზეა, - თქვა დუდუმ, ცოლის პასუხს არ დაელოდა და ყურმილი დაკიდა.

 

***

შუადღემ მოატანა. სალის ბიჭებმა კომუტატორი დაუდგეს, ქსელი გაუყვანეს და წარმატებული სამუშაო დღეები უსურვეს.

დუდუს მოშივდა. კაბინეტიდან გამოსულმა ახალი მდივანი თავის ადგილას რომ ვერ შეამჩნია, გეზი ბუღალტერიისკენ აიღო. კარი შეაღო და რას ხედავს - ია, სალი, მამუკა და ზაზა მაგიდას შემოსხდომიან და რაღაცაზე გულიანად ხორხოცობენ.

- რა თავყრილობა გაგიმართავთ უჩემოდ? ახალმა ქალბატონმა უკვე წამართვა მეგობრები, თუ რა არის? გაიცანით უკვე, არა? ჰოდა პრაშუ ლუბიტ ი ბალავატ.

სალი ოდნავ გაწითლდა, ფეხზე წამოიჭრა და სუფთა რუსული აქცენტით წარმოთქვა.

- ჭ პოლქწენა, ბოლქშოე სპასიბო ვსემ ზა ტეპლთღ პრიემ, - გაჩუმდა და კვლავ დაჯდა.

დუდუს თვალები გაუფართოვდა, გაკვირვებული ხან სალის მისჩერებოდა, ხანაც მოღიმარ თანამშრომლებს, ბოლოს წამოიძახა.

- უყურე შენ ამას! რა რუსულით ბაზრობს! თუმცა, რა გასაკვირია, იასთან თუ სწავლობდა, გამოდის, რუსული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ეს კარგია, ძალიან კარგი. რუსულის ცოდნა ბევრ რამეში გამოგვადგება.

"მაგარი გოგოა, რა უკანალი აქვს?! - გაიფიქრა პრეზიდენტმა, მაგრამ "შავ-ბნელი" ფიქრები მალევე უკუაგდო, - "რა ხამივით ვიქცევი, თითქოს ქალის უნახავი ვიყო, რა მინდა, რას ვერჩი, გაუმარჯოს თავის ამბავში. მორჩა, მე ჩემი ქალებიც მეყოფა". აქ დუდუმ მდივნის "ინტიმურ" საკითხსსაბოლოოდ დაუსვა წერტილი, თანაც იმდენად მსხვილი, რომ შემდეგ და შემდეგ თვეები დასჭირდა მის წაშლას.

- რაზე გეცინებოდათ, ზუზუ ბატონო? - ცოტათი დაბნეული "მისტერ პრეზიდენტი" ზაზას მიუბრუნდა.

- რაზე და... რა ვიცი, ვთქვა თუ... არ ჯობია, თვითონ მამუკამ ილაპარაკოს? ვერ მოვაცილეთ, ბატონო, ამ ოთახს, უფრო სწორად - იას.

- რატომ, ამისთანა რა მოხდა, მამუკჯან, იაჩკა დღეს პირველად ნახე, თუ?

- პირველად რავა ვნახე, უფროსო, მაგრამ მაგის მოკლე კაბამ მიმიზიდა ნამეტნავად. მე კი არა, ეკლესიაში ყოფილა დილით და მღვდელს თვალები აუტრიალდა თურმე, რომ დაინახა.

.ყველას გაეცინა.

- საზიზღარი ვინმე ხარ, ბალვან! - აჭარხლებულმა იამ მამუკას მტრულად გახედა.

- ისე, რა იას ბრალია, იმ დალოცვილ მღვდელს უთქვამს, ეკლესიაში შარვლით სიარული არ შეიძლებაო. ჰოდა, ჩვენმა იაკომაც გაიხადა შარვალი და ჩაიცვა "იუბკა". მართალია, ცოტა მოკლე კია, მაგრამ, სამაგიეროდ, ეკლესიაში სიარული შეიძლება, - იანგლა ზაზამ.

თანამშრომლები სიცილით იგუდებოდნენ.

- იაჩკა, მღვდელმა მართლა თუ გნახა ასე და რა გითხრა, გაფიცებ, სიმართლე მითხარი, - დუდუ სატირლად გამზადებულ ბუღალტერს მიუბრუნდა.

- კი, როგორ არა, მნახა და არაფერიც არ უთქვამს, - სრულიად სერიოზული სახით უპასუხა იამ.

- ასეა, ჩემო იაკო, მღვდელიც ადამიანია და რას გეტყოდა ასეთი მშვენიერების შემხედვარე? სამაგიეროდ, ჩვენი მამუკა აღარ არის ადამიანი შენი ფეხების შემყურე და, თუ გიყვარდე, ერთი რამ დამიჯერე: ეკლესიაში იარე მაგ კაბით, ხოლო სამსახურში იმ შარვლით, ეკლესიაში რომ არ გიშვებენ. ჩვენც წყნარად ვიცხოვრებთ და ის მღვდელიც, კარგი? - "დამოძღვრა" დუდუმ ია.

უფროსის ხუმრობაზე ღიმილი იამაც ვერ შეიკავა.

- კარგი, ახლა გეყოფათ ლაყბობა, დატოვეთ ეს გოგოები და გამოდით ჩემთან, - კილო შეიცვალა დუდუმ და კარისკენ გატრიალდა.

ბიჭები უკან მიჰყვნენ.

- ზახარიჩ, რას იტყვით ახალ გოგოზე? - დაინტერესდა მამუკა, სანამ დუდუს კაბინეტში შევიდოდნენ.

- მართლა კარგი გოგო უნდა იყოს, ყველა სიტყვაზე ისე წითლდება, თითქოს ბატონები სჭირსო. მე უკვე დავუძმაკაცდი, - წაიტრაბახა ზაზამ.

- "კანეჩნა", დაუძმაკაცდებოდი, შენი ამბავი რომ ვიცი. მგონი, გლდანის გზის ათვისებას შენ უფრო დაიწყებ, ვიდრე გია ან მე, - გაიცინა დუდუმ, კაბინეტის კარი შეაღო და ბიჭები წინ გაატარა.

- ახლა სერიოზულად მომისმინეთ, - ხმას დაუწია დუდუმ, - ამ გოგოსთან დაკავშირებით უშნო ხუმრობა და ზედმეტი ლაპარაკი არ გამაგონოთ. გათხოვილი ქალია, როგორც გაიგეთ, ეჭვიანი ქმარი ჰყავს. ხომ გესმოდათ, იმ დღეს რა თქვა იაჩკამ? ისედაც, უწესოსი არაფერი უგავს, ტაქტიც ეტყობა და ინტელექტიც. ყველას გთხოვთ, ხელი შეუწყვეთ. ჩემი ამბავი ხომ იცით, არ მიყვარს არაფრის დამალვა, მაგრამ ამჯერად სალი, როგორც ქალი, არ მაინტერესებს. ის ჩემი პირადი მდივანია და მდივნებთან რომანის გაბმას არ ვაპირებ. არ მხიბლავს სამსახურებრივი რომანები. გასაგებია? ძალიან გთხოვთ, ეს თქვენც გაითვალისწინოთ. ცოლი რომ ცოლია, იმასაც არ ვამუშავებ ჩემთან, იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ზედმეტი პრობლემები და ინტრიგები არ მჭირდება არც მე და არც თქვენ. სხვა მხრივ კი, ვნახოთ, რა "ფრუქტია", როგორ გამოიჩენს თავს. რაც მთავარია, პირველ ეტაპზე ყავაც გვექნება და მხიარულებაშიც ერთით მეტი ვიქნებით.

- უფროსო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი და როგორც ჩვენ გაგვიხარდება. ერთი კარგი გოგო ვერ უნდა შევინახოთ, ბოლოს და ბოლოს? მგონი, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ოჯახი და არც სხვისი ოჯახის პატივისცემა გვეშლება, ასე არ არის ჩემო მამუკ? - ზაზა მამუკას მიუტრიალდა.

- აბა რა, აბა რა, რაზეა ბაასი, მაგრამ ძველ თემასაც მინდა დავუბრუნდე, ხალხო. ერთხელ გამოვნახოთ თავისუფალი დრო და იმ ეკლესიაში შევიაროთ, ია რომ დადის.

- იქ რაღა გინდა, შე კაცო? - ზაზამ გაიოცა.

- რა და... ის მღვდელი გავიცნოთ, ერთი. არ გაინტერესებთ, იაკოს შემხედვარე, ლოცვებს როგორ კითხულობს? იქნებ ეშლება სიტყვები იმ საცოდავს და ჩვენი დახმარება სჭირდება? - მამუკამ თავი გადააქნია.

სამივეს გაეცინა.

- დიდი ოხერი და მამაძაღლი ხარ შენ, მამუკ, ვინც არ გიცნობს. რაღაც უშნოდ დაადგი თვალი იაჩკას. შეეშვი, გირჩევნია. მაგ გოგო მე ჩამაბარა პატრონმა და ჭკვიანად მოიქეცი, თორემ ჩემი ოფოფების ამბავი ხომ იცი, თუ ავუშვი... - მრავალმნიშვნელოვანი მზერით გახედა დუდუმ თანამშრომელს.

- გასაგებია, ზახარიჩ, ვიხუმრე, მეტი კი არაფერი.

- მორჩა, ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ. დღეს სტუმრები ჩამომდის უკრაინიდან. ახლა ორივე წახვალთ და რესტორან "რანდევუში" ხუთკაციან მაგიდას შეუკვეთავთ. ჟორას უთხარით, ჩემგან რომ ხართ. ჩიტის რძე არ დააკლოს სუფრას. სადღაც, რვა საათისთვის მოვალთ. შეიძლება უფრო ადრეც. გაიგეთ?

- კი ბატონო, ახლავე ავორთქლდებით, - ჯარისკაცივით გაიჯგიმა ზაზა და უფროსს მხედრული სალამი აუწია.

- დავიშალოთ, მაშინ. მეც გავივლი სახლში, ჩემს ელენიკოს მოვეფერები, თან ჩემი სამასი დოლარის ამბავსაც გავიგებ. გამყვლიფა ჩემმა ცოლმა. თუ რამე იყოს, სახლში დამირეკეთ, კარგი?

დუდუმ კაბინეტის კარი ჩაკეტა, ბიჭებს ხელი დაუქნია და ინსტიტუტის გრძელ ტალანს დინჯი ნაბიჯებით გაუყვა. იმწუთას არაფერი ახსოვდა, არც აინტერესებდა, მხოლოდ საღამოს სტუმრებსა და ხვალინდელი ყავის გემოზე ფიქრობდა...

 

მოსაღამოვდა, სამუშაო საათები დამთავრდა. სალი და ია უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, რომ ოთახში ვიღაც ქერათმიანი ქალი შემოიჭრა შეშლილი თვალებით.

- სად არის? - იკითხა მოსულმა.

- გამარჯობა, ნათია, ვ ჩემ დელა, მოხდა რამე? - გაკვირვებით შეხედა იამ.

სალი მიხვდა, რომ უცნობი ქალბატონი დუდუს ცოლი იყო.

- აქ არის? - მისალმება უპასუხოდ დატოვა სახეარეულმა ქალმა და საჩვენებელი თითი ქმრის კაბინეტისკენ გაიშვირა.

- ნეტ, დავნო უშიოლ... წავიდა, მგონი აე...

- შეხვედრა ჰქონდა ბატონ დუდუს და ბატონ გიგის, ერთად გავიდნენ, - იას სიტყვის დამთავრება არ აცალა სალიმ.

- არ უთქვამს, სად მივდივართო?

- წარმოდგენა არა მაქვს, - თავი გადააქნია იამ.

- შენც არ იცი? - უტიფრად შეხედა ნათიამ სალის.

- არა, ქალბატონო, არაფერი დაუბარებიათ, - სახე აელეწა მდივანს.

- შენ ხარ ახალი თანამშრომელი, არა? - ზიზღნარევი ხმით გამოსცრა ბოსის ცოლმა.

- დიახ, მე ვარ, - სალი მოიბუზა.

- გასაგებია, - ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და ოთახიდან ისარივით გავარდა.

სალიმ და იამ ერთმანეთს გადახედეს.

- კლიანუს, თუ გიჟი არ იყოს, დუდუს სულაც არ ვამტყუნებ, ასეთი ვამპირი რომ უზის სახლში, ჩისტაია კალდუნია, - თქვა იამ.

- როგორ შემეშინდა, მეგონა, ქვეყანა იქცეოდა.

- ანა ნი ვ სვაიომ უმე, სავსემ გარეკა, დურა ნესჩასტნაია, - არ ცხრებოდა ბუღალტერი.

- ჩემგან რა უნდოდა?

- ზნაეშ, კაკაია რევნივაია, ახლოს არ გაეკარო მაგ კაცს, თორემ... ვიდიშ, გიჟია.

- წავედით, წავედით, რაში მჭირდება სხვისი ქმარი, რა სისულელეა, - მხრები აიჩეჩა იამ, უჯრა დაკეტა და კარისკენ გაემართა.

 

გაგრძელება