იისფერი ჰორტენზიები (6) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (6)

იცოდა, რომ მისი ქმარი ამ დღეებში "უშნოდ დაძვრებოდა" სადღაც, მაგრამ სად - თავი ვერ დაადგა, ვერ ამოხსნა მისი საიდუმლო. ამაზე უფრო ცოფდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დუდუს "უკრაინული ოდისეა" დამთავრდა და მოურჯულებელი ქმარი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.

ორშაბათ დილით კვლავ დინჯად გამოცხადდა სამსახურში, თბილად მიესალმა სალის, ყავის მოდუღება სთხოვა და კაბინეტში შეიკეტა. სალიმ ყავა გაამზადა და უფროსს ციმციმ შეუტანა ოთახში.

- რა ლამაზი ხარ, სალი? - ეშმაკურად გამოხედა პრეზიდენტმა.

- გმადლობთ, თქვენც შესანიშნავად გამოიყურებით, - სალიმ კეკლუცად გაუღიმა.

- რა სუნამო გასხია? რაღაც უცხო სურნელი აქვს, - შეუმჩნეველი არც ეს დარჩენია დუდუს.

- მე... ისეთი არაფერი, იამ მაჩუქა დაბადების დღეზე.

- მაინც, მაინც? - არ მოეშვა დუდუ.

- იტალიური სუნამოა, "ფერე".

- ოჰო! არ მეგონა, იტალიელებს ასეთი კარგი სუნამოები თუ ჰქონდათ. იას კარგი გემოვნება ჰქონია, უყურე შენ! - გაიღიმა მამაკაცმა.

- კი, ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს, - დაეთანხმა მდივანი.

- შენ?

- რა მე? - ვერ მიუხვდა ქალი.

- შენ როგორი გემოვნება გაქვს? - თვალი მოჭუტა პრეზიდენტმა.

- რა ვიცი... ჩვეულებრივი.

- და როგორია ეს "ჩვეულებრივი"?

- არ ვიცი, რა გითხრათ.

- რა და... მაგალითად, როგორი კაცები მოგწონს?

სალი შეყოყმანდა. ასეთ კითხვას არ ელოდა.

- ახლა არ მითხრა, ჩვეულებრივიო, თორემ გავგიჟდები, - გაეხუმრა დუდუ.

- ჭკვიანი კაცები, - გაუბედავად წარმოთქვა სალიმ.

- ეს მომწონს. ჭკვიანი კაცები... - თითქოს ჩაფიქრდა ბოსი, - კარგი ნათქვამია. მე იცი, როგორი ქალები მომწონს?

- ვიცი, - მოულოდნელად წამოცდა სალის.

- იცი? საიდან იცი? აბა, მითხარი, როგორი მომწონს?! - ყურები ცქვიტა უფროსმა.

- თქვენი მეუღლისნაირი, - გაწითლდა სალი.

- ჩემს მეუღლეს იცნობ? - თვალები შუბლზე აუვიდა მამაკაცს.

- დიახ, აქ იყო მოსული, გავიცანი.

დუდუს ხარხარი აუტყდა და სავარძელზე გადაწვა.

- წარმომიდგენია, როგორ შემოგხედავდა. რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდი, ხომ ასეა?

- დიახ, მგონი ასეა, - სალი დაიძაბა.

- არა უშავს, მაგან ასე იცის. ჩემ გვერდით სხვა ქალს რომ ხედავს, ალერგია ეწყება. ასე ჰგონია, ყველას მე ვუყვარვარ და ყველა ქალი ჩემს დათრევას ცდილობს.

- თუ თქვენ ცდილობთ? - ისევ გაექცა სალის ენა.

- ჰო, არც უმაგისობაა. ხან ასე ჰგონია, ხან ისე. შენს შემთხვევაში არ ვიცი, ჯერ რა ჰგონია. შენ რას იტყვი?

- მე-ე? რა უნდა ვთქვა?

- შენ როგორ გგონია, მე ვცდილობ შენს დათრევას?

- არა, რას ამბობთ, არც მიფიქრია.

- სულ ტყუილად, ჩემო კარგო, სულ ტყუილად, - თითი დაუქნია დუდუმ მდივანს და ყავა მოსვა, - როგორ ახერხებ ასეთი ყავის მოდუღებას, პირდაპირ მაოცებ.

- შეიძლება წავიდე? - განერვიულებული სალი ადგილს ვერ პოულობდა.

- რატომ, არ გსიამოვნებს ჩემთან საუბარი?

- არა, უბრალოდ... საქმე მაქვს.

- მე კი მსიამოვნებს, შენ რომ გიყურებ. კარგი საყურებელი ხარ, - დუდუმ გამომწვევად აათვალიერა ქალი, - არ გეწყინოს, მე პირდაპირი კაცი ვარ, სიმართლის თქმა მიყვარს, ამასთან - ლამაზი ქალებიც.

- მე არა ვარ ლამაზი, არ მაქვს ამის პრეტენზია, - სალის ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა.

- კარგი, კარგი, წადი, თორემ როგორც ვატყობ, მეჩხუბები. ერთი ვიქტორს შესძახე, შემოვიდეს, საქმე მაქვს, - სალი გავიდა თუ არა, დუდუ ყურმილს დასწვდა.

სალი გაწბილებული იყო. რა ეტაკათ ამ კაცებს, თითქოს აქამდე ქალი არ ენახოთ, რა ყველას მასზე დარჩა თვალი? არა, ასე რომ არ უჭირდეს, ერთი დღე არ დარჩებოდა აქ, მაგრამ ფულიც რომ სჭირდება? ამხელა ხელფასს სხვაგან ვინ გადაუხდის მდივნობაში? არადა, თავისი სპეციალობით სადღა იშოვის სამსახურს? ასე ადვილია დღეს კარგი სამუშაოს მოძებნა? არა, უნდა აიტანოს. მერე რა იქნება, ხვალინდელი დღე უჩვენებს. ისე, არც დუდუა მისთვის ცუდი ვარიანტი და არც გიგი, თუმცა დუდუ უფრო მოსწონს, როგორც მამაკაცი, მაგრამ ორივე რომ ცოლშვილიანია? მერე რა მოხდა? რომელიმეს საყვარელი რომ გახდეს, რა უჭირს? გათხოვება რა აუცილებელია? მით უმეტეს... არა, არა. არც ერთი ამათგანი მასზე შეყვარებული არ არის, ამაში სალი დარწმუნებულია. ერთჯერადი რომანები კი მას არ ხიბლავს. მეტი საქმე არა აქვს, ფულის გამო ჩაუწვეს რომელიმეს ლოგინში. ერთი-ორჯერ მოეფერებიან და მერე მობეზრდებათ კიდევაც. და სალის რა? მერე დარდისგან თავი უნდა დაიტანჯოს. რაში სჭირდება? სულ ასე ხომ არ იქნება. ერთხელაც გამოჩნდება ვინმე წესიერი, რომელიც შეიყვარებს, რომელიც ქალად აგრძნობინებს თავს და გათხოვდება კიდეც. რატომაც არა? არც ისეთი შეუხედავია, რომ ვიღაცას არ შეუყვარდეს. მარტო მოწონებას რა თავში იხლის? სექსი რომ უნდოდეს, აქამდეც იზამდა მაგ საქმეს. ცოტა კაცი კი არ ეტანება, გარეთაც ჰყავს თაყვანისმცემლები. მაგრამ არა. სალის ოჯახი უნდა, მოსიყვარულე ქმარი სჭირდება, შვილი... არა, უჭირს სალის ამ თემაზე საუბარი. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია მის ცხოვრებაში, ფიქრშიც კი არ ეხება ამ თემას. ეჰ, რომელიმე მათგანმა რომ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში მის პირად ცხოვრებაში, შეიძლება ზედაც არ შეხედონ. შეხედონ კი არა, სამსახურსაც დაატოვებინებენ ალბათ. სალიმ ღრმად ამოიოხრა და ვიქტორის დასაძახებლად გარეთ გავიდა.

გაგრძელება