იისფერი ჰორტენზიები (7) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (7)

 

- მაინტერესებს, მე უნდა წაგიყვანო სახლში თუ...

- არა, არა, დიდი მადლობა, ჩემით წავალ, ტრანსპორტი დადის, არ შეგაწუხებ.

- ზახარიჩმა დამავალა, ეგ გოგო შენ ატარე გლდანშიო.

- რას ამბობ, გია, გვიანობამდე ჯერ არ მიწევს დარჩენა და თუ მომიწია, მაშინ შეიძლება წამიყვანო. ასეთ დროს არ მჭირდება მანქანით მომსახურება, ჩემითაც წავალ, - გაუღიმა სალიმ.

- როგორც გინდა, ყოველი შემთხვევისთვის იცოდე, რომ მე მზად ვარ, - მხრები აიჩეჩა გიამ და გავიდა.

ამ დროს შიდა ტელეფონმა დარეკა. სალიმ ყურმილი აიღო.

- გისმენთ, - ნაზად ჩასძახა ყურმილში.

- სალი, მერაბი ვარ. როგორ ხარ?

- კარგად, თავად?

- რა ვიცი, ჯერ ისევ მოდაში ვარ, - გაიხუმრა მამაკაცმა, - ნახევარ საათში გლდანში მიწევს წასვლა, შემიძლია გაგიყოლო, თუ სხვაგან არ მიდიხარ.

სალიმ პასუხი შეაყოვნა. იქნებ სპეციალურად ეუბნება?

- გმადლობ, მერაბ, მაგრამ დღეს მეგობართან ვრჩები, სხვა დროს იყოს, - მოიფიქრა სათქმელი ქალმა.

- კარგი, ბატონო, სხვა დროს იყოს. აბა ჰე, - მერაბი პასუხს არ დაელოდა, ისე დაკიდა ყურმილი.

რა მარტის კატებივით ატყდნენ ეს კაცები, რა დაემართათ! სალი შეაწუხა ასეთმა "იერიშებმა", არ იცოდა, როგორ მოეგერიებინა ეს მამაკაცები. რა იქნება, ახლა დუდუ გამოვიდეს კაბინეტიდან და უთხრას, მე წაგიყვან გლდანშიო? აი, მაგას კი არ ეტყოდა უარს. გიგის? ალბათ არც გიგის. აბა მერაბმა რა დააშავა? ცუდი მისთვის არ უკადრებია და უბატონოდ ხმა არ გაუცია, რითია სხვაზე ნაკლები? რადგან დირექტორი და პრეზიდენტი არ არის? ალბათ ასეცაა. გაღლეტილი და ღარიბი თავისი თავი სძულს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეთი ვარიანტია. თუ წაყვანაა, არ ჯობია, ისევ მდიდარმა და ფულიანმა წაიყვანოს? ეჰ, მაგის ბედი სალის ვინ მისცა... ამ ფიქრებში იყო, რომ კვლავ დარეკა ტელეფონმა.

- გისმენთ, - უხალისოდ უპასუხა ქალმა ზარს.

- გიგი ვარ. არის შენთან ვინმე? - დირექტორს ფრთხილი ხმა ჰქონდა.

- არა, - ხმა აუკანკალდა სალის.

- რამდენ ხანში გახვალ?

სალის ტანში გაცრა.

- ალბათ ნახევარ საათში, შეიძლება უფრო გვიან, არ ვიცი...

- მე გაგიყვან, თუ წინააღმდეგი არა ხარ, კარგი?

- რა ვიცი, არ მინდა თქვენი შეწუხება.

- მეორედ მსგავსი რამ არც გაიფიქრო. სუპერმარკეტთან დაგელოდები. არ მინდა, აქ ვინმემ გაიგოს. ხომ იცი, ათას კუდს გამოაბამენ.

- იცით... არ ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა. ბატონი დუდუ ჯერ არ წასულა, - კანკალმა აიტანა სალი.

- არა უშავს, რამდენ ხანსაც არ უნდა იყოს, დაგელოდები. ჩემს მანქანას ხომ ცნობ?

- კი, როგორ არა.

- ჰოდა, გელოდები. არ იჩქარო, როცა გათავისუფლდები, მაშინ ჩამოდი. მე ჯერ მაინც არ გავდივარ. ერთი თხუთმეტი-ოცი წუთი დავრჩები, საქმეებს მოვამთავრებ. შევთანხმდით?

- კარგი.

სალიმ ყურმილი დაკიდა და თვალები დახუჭა. "რა ხდება? ღმერთო, ოღონდ დუდუმაც არ მითხრას, დღეს მე წაგიყვანო, თორემ ნამდვილად გავგიჟდები. არა, უნდა დავასწრო, სანამ გამოსულა". სალი ფეხზე წამოიჭრა და კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო.

- ისა... ბატონო დუდუ, მე გჭირდებით კიდევ?

- შენ მე ყოველთვის მჭირდები, ჩემო კარგო. რაშია საქმე? - დუდუს ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და ტელევიზორს უყურებდა.

- წავალ, თუ...

- რომელი საათია, რო?

- რვა დაიწყო.

- ჰო-ო. კარგი, თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე.

- გმადლობთ, ნახვამდის, - სალი უკუსვლით გამოვიდა კაბინეტიდან, კარი მჭიდროდ მიხურა და შვებით ამოისუნთქა.

კიდევ კარგი, ასე "უმტკივნეულოდ" რომ დამთავრდა აუდიენცია. ახლა უცებ გავა აქედან, ჯობია გარეთ დაელოდოს გიგის, სანამ კიდევ ვინმეს გასჩენია მისი გაცილების სურვილი. კოსმეტიკის ჩანთა გასხნა, სარკე ამოიღო, ჩაიხედა, მერე თმა გადაივარცხნა, პომადა გადაისვა ტუჩებზე და ბოლომდე რომ მოიწესრიგა თავი, კომპიუტერი გამორთო, უჯრა დაკეტა და ქურდული ნაბიჯებით დატოვა ოთახი...

 

სალი მარკეტის წინ გაჩერდა და გიგის გამოსვლას დაელოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დირექტორის მანქანაც გამოჩნდა, ნელი სვლით შეჩერდა მის წინ და კარიც გაიღო. სალიმ ჯერ ქურდულად გაიხედ-გამოიხედა, შემდეგ კი დამფრთხალი შეხტა სალონში.

- დიდი ხანია, მელოდები? - შეჰღიმა გიგიმ.

- არა, ეს წუთია, გამოვედი, - გაბზარული ხმით მიუგო მდივანმა.

- მაპატიე, მეგონა, უფრო გვიან გამოხვიდოდი.

- როგორც კი მომენტი ჩამივარდა, მაშინვე წამოვედი, - თქვა სალიმ და რატომღაც შვებით ამოისუნთქა.

- ხომ არ შეგეშინდა? - მიუბრუნდა გიგი.

- რისი?

- რა ვიცი, თუნდაც იმისი, რომ ვინმეს არ დაენახე.

- ჰო, ამის, ცოტა არ იყოს, მართლა შემეშინდა.

- მართალი ხარ, ადამიანებს გრძელი ენა აქვთ, შეუძლიათ კუდი გამოაბან რაღაც-რაღაცებს.

- ვიცი, - ყრუდ ჩაილაპარაკა სალიმ და მოხერხებულად გასწორდა სავარძელში.

- ცოტა რომ დააგვიანო სახლში, შეიძლება?

- გააჩნია ცოტას.

- მაგალითად, ერთი საათით?

- მ...მ...მ... რა ვიცი...

- სადმე შევიაროთ, ყავა დავლიოთ... ნამცხვარი, რამე-რუმე მივირთვათ. სიმართლე გითხრა, მომშივდა კიდეც. შენ?

- არა, ახლა ჭამის ხასიათზე ნამდვილად არა ვარ.

- ყავის ხასიათზე?

- ეგ შეიძლება.

- შენნაირ ყავას ალბათ ვერსად მოგვიდუღებენ, მაგრამ ვცადოთ. რას იტყვი? - გიგიმ კვლავ გაუღიმა.

- ნუ დამცინით, ბატონო გიგი, - გაწითლდა სალი.

- სულაც არ დაგცინი. დღემდე ვერ გამიგია, ასეთ გემრიელ ყავას როგორ ამზადებ? შემთხვევით თურქეთში ხომ არ ხარ ნამყოფი? - გაიხუმრა დირექტორმა.

- და ყავახანაში ხომ არ ვმუშაობდი ყავის მომდუღებლად, არა?

- ჰო, რა თქმა უნდა, ეგ თავისთავად ვიგულისხმე, - ორივეს სიცილი აუტყდა.

- არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს, უბრალოდ, ასეთი გამომდის, - გამხიარულდა სალი.

- სად წავიდეთ?

- ეგ თქვენ უკეთ გეცოდინებათ.

- აუ, სალი, ერთ რამეს გთხოვ, რა. შენობით მომმართე, არ მიყვარს, როცა თანამშრომლები ოფიციალურად მელაპარაკებიან. კარგი?

- მიძნელდება ასე უცებ მიჩვევა, არ გამომდის.

- გამოგივა, მთავარია სურვილი და მონდომება. აბა, თქვი, გიგი, შენ უკეთ გეცოდინება, სად შეიძლება კარგი ყავის დალევა.

სალის კისკისი აუტყდა.

- არა, არა, ვერა, ასე არაფერი გამომივა.

- მე ვიცი, როდის გამოგივა.

- როდის? - დაიძაბა სალი.

- როცა ერთ ჭიქა შამპანურს გადაჰკრავ. მერე, დარწმუნებული ვარ, გათამამდები.

- დალევა არ მიყვარს.

- რა გიყვართ გოგოებს ეს გაპრანჭვა. არ მიყვარს, არ ვსვამ, სასმელს არ ვეკარები... რომ სვამდე, რა, დაგიჭერენ? რატომ გგონიათ, რომ დალევა უზნეობაა?

- უზნეობა რა შუაშია, უბრალოდ, ალკოჰოლი მწამლავს, ამიტომაც არ ვსვამ.

- ალერგია გემართება?

- მგონი.

- კიდევ რაზე გემართება ალერგია?

- კიდევ?.. რა ვიცი, ზოგიერთ რაღაცაზე, - ქარაგმას ვერ მიუხვდა ქალი.

- კაცებზე როგორ ხარ? - ეშმაკურად გადაუკრა გიგიმ.

სალი ისევ გაწითლდა.

- კაცს გააჩნია, - ირონიას ირონიითვე უპასუხა.

- იმედია, ჩემზე არ იქნები აცრილი, - დაკვირვებით გამოხედა მამაკაცმა.

- ჯერ არა, მერე ვნახოთ, - ღიმილი ვერ შეიკავა მდივანმა.

- კარგი დასაწყისია...

კარგა ხანს ორივენი ჩუმად ისხდნენ. ამასობაში გაწვიმდა. წვიმის წვეთები ხმაურით ეხეთქებოდა მინებს.

- გინდა მაგნიტოფონი ჩავრთო? - ჰკითხა გიგიმ.

- არა, არ მიყვარს ასეთ დროს მუსიკის მოსმენა. წვიმის ხმა უფრო სასიამოვნოა.

- აუ, რა დაუშვა! მოდი, პეროვსკაიაზე ჩავალ, იქ კარგი რამეები იციან.

- იქნებ არსად არ წავიდეთ? - გაბედა სალიმ.

- აბა რა ვქნათ? - გაოცებულმა გიგიმ სვლა შეანელა.

- შინ წამიყვანეთ, ყავა სხვა დროისთვის გადავდოთ.

- სახლში გეჩხუბებიან ალბათ, არა?

- არ გამოვრიცხავ, ჩემს ქმარს არ უყვარს, როცა ვაგვიანებ, - იცრუა სალიმ.

- როგორც იტყვი. სანამ გლდანში ჩავალთ, მგონი მოვასწრებ ჩემი სათქმელის თქმას, - ჩაილაპარაკა დირექტორმა და მდივანს შეუმჩნევლად გახედა.

სალის ალმური წაეკიდა სახეზე. საინტერესოა, რას და როგორ ეტყვის, რა "დატვირთვა" ექნება მის შემოთავაზებას.

- ჩემი სურვილია, ყოველ საღამოს მე გატარო სახლში, თუ წინააღმდეგი არ იქნები, - დაიწყო მამაკაცმა.

- რატომ, რით დავიმსახურე? - მხრები აიჩეჩა ქალმა.

- იმით, რომ კარგი გოგო ხარ, მომწონხარ და მინდა გასიამოვნო, - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა დირექტორმა.

- ალბათ არ ღირს, ბატონო გიგი, - ხმა ჩაუწყდა სალის, თითქოს განიხიბლა.

- შენ რა იცი, ღირს თუ არა? შენ ხომ ჯერ არ მიცნობ.

- არა, მაგრამ...

- ესე იგი, ძმაკაცობაზე უარს მეუბნები?

- ძმაკაცობაზე - არა.

- აბა რაზე მეუბნები უარს?

ქალი სულ დაიბნა. არ იცოდა, რა ეპასუხა.

- ჰა, სალი, არ მეტყვი? - არ მოეშვა გიგი.

- რა გინდათ ჩემგან? - უმწეოდ დაიკნავლა გოგონამ.

- ჰა-ჰა-ჰა... რა უნდა მინდოდეს, როგორ ფიქრობ. შენი კარგად ყოფნა მინდა, სხვა არაფერი. მინდა ვიმეგობრო შენთან, კარგი ცხოვრების გემო განახვო.

სალი უფრო დაიძაბა. ასეთ შემოტევას არ ელოდა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა.

- მე არ ვუჩივი ჩემს ცხოვრებას, - ყრუდ ჩაილაპარაკა.

- ჰო-ო? აბა დაგვიანების რომ გეშინია? მე შემიძლია ისე მოგიწყო საქმე, რომ...

- თქვენ ხომ ცოლ-შვილი გყავთ, - გააწყვეტინა ქალმა, ბრაზი ყელში მოებჯინა.

- მერე რა? შენც ხომ გყავს ქმარი. ეს რა, მეგობრობაში ხელს შეგვიშლის? მუშაობს შენი ქმარი?

- არა.

- აი, ხომ ხედავ, ქმარი არ მუშაობს, ზის შინ და ეჭვიანობს, ჩემი ცოლი როდის დაბრუნდებაო. ამ დროს თვითონ კაპიკი არ შემოაქვს სახლში, ცოლს კი ამუშავებს.

- ბატონო გიგი, რადგან მდივანი ვარ, გგონიათ...

- რა მგონია?

- რა და...

- ნუ გერიდება, ცოტა გაბედულად თქვი.

- რომ ჩემი შებმა ადვილია?

- როგორ გეკადრება, ჩემო კარგო, მე შენ არ გაბამ! ღმერთმა დამიფაროს, ქალს ისეთი რამ გავაკეთებინო, რაც თვითონ არ უნდა. ერთი წუთითაც არ გაივლო გულში, რომ ცუდი განზრახვა მამოძრავებს. მე შენთვის სიკეთე მინდა.

- რატომ მაინცდამაინც მე?

- ხომ გითხარი, შენ ძალიან კარგი ხარ-მეთქი. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ შენგან, იშვიათად, ქალისგან ასეთი აურა წამოვიდეს. ძალიან სექსუალური ხარ, ლამაზი, თბილი...

- ჩემზე უკეთესებიც არიან.

- გეთანხმები, მაგრამ მე არ შემხვედრია. ჩვენთან ასეთები არ მუშაობენ.

- თქვენზე ამბობენ, ცოლი სიგიჟემდე უყვარს, ოჯახის ერთგული კაციაო.

- მართალი უთქვამთ, ეს ასეც არის. მერე რა? შენ გგონია, შენთან ურთიერთობა რამეს გააფუჭებს? მე აქამდე არ განმიცდია ის, რაც შენი ნახვით განვიცადე. ამიტომაც გეუბნები, განსაკუთრებული ხარ-მეთქი. არ გჯერა? მხოლოდ შენ მაფიქრებინე, რომ სხვა ქალი მჭირდება ცხოვრებაში. ხომ არის რაღაც, რაც ყველაზე საყვარელი ადამიანისგან გაკლია? შენც ხომ გაკლია ქმრისგან რაღაც? ჰოდა, ის რაღაც მინდა ორივემ ერთმანეთში დავინახოთ და სწორედ ის რაღაც მივცეთ ერთმანეთს. არ მეთანხმები?

სალი გაჩუმდა. არა, ასეთ მამაკაცზე არასდროს უფიქრია. კიდევ კარგი, არ იცის, რომ ქმართან გაყრილია, თორემ ალბათ აღარც მოეშვება. არა, სალის არ უყვარს ასეთი კაცები, პირდაპირ რომ გადადიან იერიშზე, ქალს ამოსუნთქვის და მოფიქრების საშუალებას რომ არ აძლევენ. მას ისეთები უფრო იზიდავს, თვითონ რომ "წამოაგებს ანკესზე", თვითონ რომ მიახვედრებს, მომწონხარო. ცოტათი მეტი "გარჯა" რომ დასჭირდება მამაკაცის მოსაჯადოებლად. მორჩა, გიგი გამოირიცხა. ეს ის არ არის, ვისაც სალი ეძებს. ისინი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ. სალის ქმარი სჭირდება და არა საყვარელი. თუმცა... ჯანდაბას, იყოს საყვარელი, მაგრამ ისეთი, როგორიც სალის შეიყვარებს, გულით შეიყვარებს, რომელსაც მარტო მისი სხეული არ ენდომება. ახლა რომ უთხრას გიგის, შენს წინადადებაზე თანახმა ვარო, სალი დარწმუნებულია, ამ წუთშივე ლოგინისკენ გააქანებს, არც დაფიქრდება, მაშინვე სექსზე ალაპარაკდება და შეიძლება აქვე, მანქანაშივე მოუნდეს ამის გაკეთება.

- მე ასეთი ურთიერთობისთვის მზად არა ვარ, იცით? - სალიმ უცებ მიიღო გადაწყვეტილება.

- გასაგებია, არც გთხოვ, ახლავე პასუხი მითხარი-მეთქი. იფიქრე ამაზე. არც მე მინდა ისეთ ქალთან ურთიერთობა, პირველსავე შემოთავაზებაზე რომ დაიწყებს გახდას. დრო ბევრი გვაქვს. ხვალ, ზეგ... როცა მზად იქნები, მაშინ მითხარი. თუ არ იქნები მზად, ისიც მითხარი. მხეცი კი არა ვარ, ადამიანი ვარ და გავიგებ. არც უარი შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებაში რამეს. შენ თავისუფალი ქალი ხარ და შენი გადასაწყვეტია, როგორ იცხოვრებ. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი - შენ თუ არ იქნები, სხვა ნამდვილად არ იქნება. მე ყველა შემხვედრს კი არ ვთავაზობ ჩემთან მეგობრობას. შენ გამონაკლისი ხარ. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დაგინახე თუ არა, მივხვდი, რომ ერთადერთი შენ მაკლიხარ ცხოვრებაში. მოგატყუებ, რომ გითხრა, შენნაირს ვეძებდი-მეთქი. ეს თავისთავად მოხდა. უბრალოდ, შემოგხედე და მხოლოდ მაშინ მივხვდი ამას, მეტი არაფერი. დანარჩენი შენ იცი.

სალის საბოლოოდ გაუფუჭდა ხასიათი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ეს კაცი გაიცნო და უკვე საყვარლობას სთავაზობს. თან ისე, არც იცის, ვინ არის, როგორი ადამიანია, შეძლებს კი პარტნიორობის გაწევას? მით უმეტეს, იცის, რომ გათხოვილია. რატომ არის ასე დარწმუნებული იმაში, რომ სალის ქმარი არ უყვარს? რა შეატყო ამისთანა? იქნებ ერთჯერად ურთიერთობას სთავაზობს? ერთხელ გაუსინჯავს გემოს და მორჩა, მერე კარგად იყავი! არა, სალი ამას არ დაუშვებს, თავს არავის მოატყუებინებს. მაგრამ... ხომ თქვეს, წესიერი კაცია, საყვარელი არასდროს ჰყოლიაო? ცოლი სიგიჟემდე უყვარსო? მაშინ რას მივაწეროთ მისი ასეთი საქციელი? იქნებ მართლა დაინახა მასში ის, რასაც სხვა ქალებში ვერ ხედავს?

- ეწევი? - თითქოს ახლა გაახსენდა დირექტორს.

- არა.

- არც არასდროს ეწეოდი?

- ერთხელ ვცადე, მაგრამ არ მომეწონა.

- რატომ, ახლა ხომ მოდაშია ქალი და სიგარეტი.

- ვისთვის როგორ. მე ალბათ ჩამოვრჩი მოდას.

- ალბათ ქმარიც გიშლის, არა?

- არ მიშლის, როცა გავყევი, მაშინაც არ ვეწეოდი.

- აჰა. გაუმართლა შენს ქმარს, შენნაირი ცოლი რომ ჰყავს, თუმცა ასეთ რამეს კაცები ან ვერ ხვდებიან, ან ძალიან გვიან ხვდებიან ხოლმე.

- რაში გაუმართლა, რომ არ ვეწევი?

- არა, ეგ რა შუაშია, ასეთი განსაკუთრებული ქალი რომ ჰყავს სახლში, იმაში გაუმართლა.

სალიმ თავი ჩაქინდრა, პასუხი არ გაუცია.

- ახლა საით? - იკითხა დირექტორმა.

- მარჯვნივ გაუხვიეთ და მესამე კორპუსთან შემიჩერეთ.

გიგიმ "ბრძანება" შეასრულა და კორპუსს რომ მიუახლოვდა, მკვეთრად დაამუხრუჭა.

- მოვედით, - თქვა და ქალს გაუღიმა.

- დიდი მადლობა. მაპატიეთ, თუ რამე ისე ვერ ვთქვი.

- არა, რას ამბობ, არაფერი ისეთი.

- კარგად იყავით, - სალიმ კარის სახელური გამოსწია.

- არ მაკოცებ?

ქალმა უხერხულად გაიღიმა და დირექტორისკენ გადაიხარა. მამაკაცმა მის ტუჩებს ტუჩები დაუხვედრა, მაგრამ სალიმ მოასწრო სახის შებრუნება და ლოყაზე შეეხო დირექტორს.

- ტუჩებში არ მაკოცებ? - გიგიმ მაჯა დაუჭირა სალის.

- არ არის საჭირო. მე მხოლოდ მაშინ ვკოცნი მამაკაცს, როცა მიყვარს.

- ესე იგი, არ გიყვარვარ?

- როგორც თანამშრომელი და როგორც ჩემი უფროსი, მიყვარხართ, მაგრამ როგორც...

- როგორც რა?

- როგორც სასურველი მამაკაცი - არა.

- მქონდეს ამის იმედი?

- ვერ შეგპირდებით, - მოკლედ მოჭრა სალიმ და მანქანიდან გადავიდა.

თავსხმა წვიმაში სწრაფად გადაირბინა ტროტუარზე და სადარბაზოში შევარდა. გიგი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა...

 

გაგრძელება