იისფერი ჰორტენზიები (11) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (11)

მართალია, დუდუ არწმუნებდა საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი სალისთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ, ყველა ყველა და, თავს ხომ ვერ მოიტყუებდა? არადა, ხედავდა, როგორ თანდათან შორდებოდა საუკეთესო მეგობარი, როგორ ნელ-ნელა გაუცხოვდა გიგი, თავს არიდებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონოდა მასთან. ყველა სიკეთესთან ერთად, დუდუს ოჯახშიც ჰქონდა უთანხმოება. ნათია ხან დედამისთან გარბოდა, ხან ისევ უკან ბრუნდებოდა. თითქმის ყოველდღე კონფლიქტი ჰქონდათ. ვერა და ვერ მორიგდა ცოლ-ქმარი. ჩხუბის მიზეზი არ ილეოდა. ნათია ყველა კაბიანზე ეჭვიტანობდა, მათ შორის სალიზეც, მიუხედავად იმისა, რომ საამისო საბაბი არ გააჩნდა. სულ ერთხელ ჰყავდა ნანახი მდივანი, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, რომ მისი სახით ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა საქმე. თანაც, ეს მეტოქე მისი ქმრის გვერდით მთელ დღეს ატარებდა. ეს კიდევ უფრო აცოფებდა...

 

ამასობაში სალი დროს ტყუილად არ კარგავდა. დუდუს ტელეფონი ყოველდღე ახალ-ახალი შეტყობინებებით "სუქდებოდა". "მე შემიძლია ყველა ქალი დაგავიწყო, ვისზეც ოდესმე გიფიქრია"... "ასე ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს"... "მე შენი ცხელი ტუჩების შეხებას ვგრძნობ, დუდუ"... "მიყვარხარ, როგორც არასდროს"... ეს "ბლიც-წერილები" პრეზიდენტს თან აღიზიანებდა, თან სიამოვნებდა. ერთი მხრივ, კარგიც იყო, ძალაუნებურად ფიქრობდა კიდეც იდუმალ შეყვარებულზე და მთელი ყურადღება ვერ გადაჰქონდა სალიზე, განსაკუთრებით საღამოობით, რადგან სწორედ ამ დროს იმატა მესიჯების რაოდენობამ. რას აღარ წერდა "უცნობი" დუდუს. კაცი, ლამის იყო, ჭკუიდან გადამდგარიყო.

სალი ცდილობდა, დუდუზე გვიან გასულიყო შენობიდან, რომ მისთვის მესიჯები "არ დაეშურა". საქმე ისედაც არ ელეოდა, ხან ბლანკები ჰქონდა დასამზადებელი, ხანაც - ხელშეკრულებები გასაფორმებელი, ამიტომ ეჭვს ვერავინ აიღებდა. დროსაც კარგად არეგულირებდა მდივანი - ხან რვაზე მიდიოდა სამსახურიდან, ხანაც - ცხრაზე, რომ მისი ერთსა და იმავე დროს ოფისიდან გასვლა ვინმესთვის თვალში მოსახვედრი არ ყოფილიყო. მისი ერთადერთი პრობლემა გიგი იყო. მამაკაცი მოსვენებას არ აძლევდა, ახლა უკვე არავის და არაფერს ერიდებოდა, თამამად უხსნიდა სიყვარულს. პირველ ხანებში სალიმ თითქოს ახლოსაც კი მიუშვა მამაკაცი, ისე, ფლირტის დონეზე, მაგრამ რომ შეატყო, გიგის მის მიმართ უფრო სერიოზული გრძნობა გაუჩნდა, სასტიკი უარი უთხრა ჯერ შინ მიცილებაზე, მერე - საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი აუკრძალა. მე გათხოვილი ქალი ვარ და ამ ნაბიჯს ვერ გადავგამო, გამოუცხადა.

სიტუაცია დაიძაბა. სალის უკვე ნერვებს უშლიდა გიგის ყოველი გამოჩენა. არც დუდუს სიამოვნებდა, გამუდმებით რომ ხედავდა მდივნის ოთახში მეგობარს, თუმცა თქმით არაფერს ამბობდა. სალის ეს არ გამოპარვია, გაუხარდა კიდეც, მიხვდა, რომ პრეზიდენტს გარკვეული სიმპათია გააჩნდა მის მიმართ, მაგრამ თვითონ ისე იქცეოდა, თითქოს სულ არ აინტერესებდა შეფი, როგორც მამაკაცი. როცა მასთან ხეშეკრულებები ან ყავა შეჰქონდა, საქმიან სახეს მიიღებდა. ეგ იყო და ეგ.

არავინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ასეთი ვითარება, რომ არა ის დილა, როცა...

დუდუ გვიან მოვიდა ოფისში. დილით უკვე ოთხი მესიჯი მიიღო: "დღეს მაგარ ფორმაში ხარ"... "ვნატრობ იმ დღეს, როცა ქრიზანთემებს მომიტან, იისფერ ქრიზანთემებს"... "ეს ყვავილი ჩემს ბავშვობას მახსენებს"... "როცა შემიყვარებ, ხომ მომიტან? ვიცი, რომ ასე იქნება"...

დუდუ უხალისოდ მიესალმა მდივანს და კაბინეტში შეიკეტა. ამჯერად ყავა არ მოუთხოვია. სალის ელდა ეცა. რა მოხდა? რატომ არის ასე უხასიათოდ? ცოტა ხანში უფროსმა ზარი დარეკა. სალი წამოდგა და გაუბედავად შეაღო ოთახის კარი.

- შემოდი, საქმე მაქვს, - დუდუს მშვიდი ხმა ჰქონდა.

სალის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. რა უნდა უთხრას? რამეს ხომ არ მიხვდა? ნომრის ამოცნობა ხომ არ სცადა? მერე რა, ამით ვერაფერს გაიგებს. სალის ისეთი ვინმეს ნომერი აქვს აღებული, ძალიანაც რომ ეცადოს შეფი, სალის კვალს მაინც ვერ მიაგნებს. მან ხომ წინასწარ გათვალა, რომ ეს მოსალოდნელი იქნებოდა. მაინც შეშინდა. მთელი სხეული უკანკალებდა, ძლივს იმორჩილებდა ფეხებს.

- დაჯექი, - ახლა უკვე ცივად გამოუვიდა შეფს.

სალი ჩამოჯდა.

- ერთი ეს მითხარი... - დაიწყო დუდუმ და პაუზა გააკეთა.

სალის ფერი ეცვალა სახეზე რაღაც საშინელების მოლოდინში.

- უცნაური რამ უნდა გკითხო, მაგრამ არ დამცინო, კარგი? - მოულოდნელად დუდუმ გაიღიმა.

- ქრიზანთემა იცი, როგორი ყვავილია? - გააგრძელა შეფმა.

სალის სუნთქვა შეეკრა, დაბნეულმა თვალები დააფახულა.

- მგონი, კი, რატომ მეკითხები? - გაბედა მდივანმა და დაკვირვებით შეხედა უფროსს.

- ისე, მაინტერესებს, რაღაც საქმისთვის მჭირდება. მგონი, თუ ნამდვილად იცი?

სალი დაფიქრდა. ხომ არ ცდის? იქნებ რაღაც იეჭვა? რომ უთხრას, დანამდვილებით არ ვიციო, რა მოხდება? არა, ჯობია უთხრას. მერე რა, ქალებმა თითქმის ყველა ყვავილი იციან, რა არის ამაში გასაკვირი?

- ვიცი, როგორ არა. მინდვრის ყვავილია, უფრო სწორად - ეზოს ყვავილი, სხვადასხვა ფერისაა, - ნერვიულობისაგან ხელის გულები გაუოფლიანდა ქალს.

- რა ფერისაა? - დუდუ დაჟინებით მიაშტერდა მდივანს.

- თეთრი, ყვითელი და... და ლილისფერი, - ბოლო სიტყვა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დაამატა.

- ლილისფერი?

- ჰო, იგივე იისფერი, ძალიან ლურჯი...

- ანუ შენი თვალების ფერი? - გაიღიმა დუდუმ.

- არა, უფრო მუქი და რაღაც წერტილები აქვს კიდევ შიგნიდან, თეთრ ფონზე, მოგრძო ფორმის ყვავილები აქვს, გადაშლილი, - "დაწვრილებით" დაახასიათა სალიმ ქრიზანთემა.

მაგის მეტი რა იცის, სოფელში, მის ეზოში, ათი ძირი მაინც ხარობს ყოველ გაზაფხულზე.

- მერე წამომყევი ერთხელ, ბაზრობაზე ხომ იქნება? უნდა ვიყიდო. ოღონდ ჯერ არა, როცა დამჭირდება. იმედია, არ დამზარდები, - კვლავ გაიღიმა დუდუმ.

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა სეზონი არ არის, ქრიზანთემა გაზაფხულზე ყვავის, - სალიმ შვებით ამოისუნთქა, რადგან მიხვდა, რომ დუდუმ მისი მესიჯების შესახებ არაფერი იცოდა.

- არა უშავს, გაზაფხულიც მოვა, სად წავა, - გაიცინა დუდუმ.

- მაგრამ არა მგონია, ბაზრობაზე იყიდებოდეს. ის უცებ ჭკნება, არ ვიცი, გაყიდვაში არასდროს მინახავს, - მხრებიაიჩეჩა ქალმა.

- კარგი, გაზაფხულამდე მაინც დიდი დროა. სულ ეს იყო. ახლა ყავა მომიდუღე და შემომიტანე.

სალი დამშვიდდა. ესეც ასე. როგორც ჩანს, მისმა წერილებმა იმოქმედა შეფზე, ჩააფიქრა კაცი. ძალიანაც კარგი. ახლა ყავას მოუმზადებს და კიდევ ერთ მესიჯს "აჩუქებს". რა მისწეროს?

სანამ ყავას მოადუღებდა, წერილის ტექსტიც მოიფიქრა. მერე ქაფქაფა სითხე ფინჯანში ჩაასხა, გვერდით დაიდო და ეკრანს მიუჯდა. "შენ მე ქრიზანთემას გამომიწოდებ და მეტყვი - ეს შენი ყვავილია. ეს ჩვენი პაროლი იქნება. ამით მე მივხვდები, რომ შენც გიყვარვარ". ის იყო, მესიჯი უნდა გაეგზავნა, რომ მოულოდნელად კაბინეტის კარი გაიღო და დუდუ გამოვიდა. სალი შეკრთა, იმდენი კი მოახერხა, რომ სწრაფად დაეხურა კომპიუტერის ფანჯარა, მაგრამ ამ არეულობაში ხელი უშნოდ გაიქნია, ფინჯანს გაჰკრა და... ყავა მკერდზე გადაეღვარა. ქალმა შეჰკივლა. დუდუ ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა, პერანგი ხელის სწრაფი მოძრაობით გადაუხსნა... ღილები იატაკზე მიმოიფანტა და დუდუს სალის სავსე მკერდი თვალწინ გადაეშალა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. "მინდა", - ამბობდა დუდუს თვალები. "მოდი", - იკითხებოდა ქალის გამოხედვაში. რამდენიმე წამის განმავლობაში თითქოს თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს. სალის ტკივილი გადაავიწყდა. დუდუ თითქოს გამოფხიზლდა, იქვე მდგარ წყლიან ბოთლს დაავლო ხელი და სალის მკერდზე დაასხა. მდივანმა კვლავ შეჰკივლა. დუდუმ ჯიბიდან ცხვირსახოცი დააძრო, გაშალა და მდივნის მკერდზე დააფინა. ამ შეხებამ სალის გონება დაუბინდა. სიამოვნებისა და ტკივილისაგან თვალები დახუჭა. გრძნობდა, როგორ მიიწევდა მამაკაცისკენ. დუდუმ თითების ფრთხილი მოძრაობით გაუწმინდა სალის სველი ადგილები, მაგრამ მისი მკერდიდან ხელის აღებას არ ჩქარობდა. მამაკაცს ვნება მოაწვა, ცდუნება დიდი იყო. ამ დროს... უცებ კარი გაიღო და ოთახში ნათია შემოვიდა, მას უკან გიგი მოჰყვებოდა. ყველანი ადგილზე გაშეშდნენ.

სიჩუმე პირველმა ნათიამ დაარღვია.

- აი თურმე, რითი ერთობა ჩემი ძვირფასი ქმარი სამსახურში, - პრეზიდენტის ცოლმა გიგის გადახედა მრავალმნიშვნელოვნად და თვალები დააკვესა.

- ეს ის არ არის, შენ რაც გგონია, - დუდუ საკუთარ ხმას ვერ ცნობდა.

- შენ რა იცი, მე რა მგონია! - ზიზღით ჩაილაპარაკა ქალმა და მისკენ დაიძრა, - მთლად გახვედი თავს, არა? ნაძირალა ხარ. უკვე აღარ მთვლი ცოლად, არა? გგონია, ასე ადვილად წავალ შენგან და ამ კახპას დავუთმობ ასპარეზს? - ნათიას ხმა უკვე კივილში გადაიზარდა.

სალიმ ძლივს აითრია წელი, ახლაღა იგრძნო, როგორ ეწვოდა გულმკერდი, სცადა, როგორმე დაეფარა სიშიშვლე, ფანჯრისკენ შებრუნდა და ყავით დასვრილი პერანგის კიდეებით სიშიშვლე დამალა.

ნათია გააფრთებული ეცა ქმარს. დუდუმ ცოლს მაჯებში ჩაავლო ხელი, ზურგს უკან გადაუგრიხა და კაბინეტისკენ უბიძგა. გიგი ადგილიდან არ დაძრულა. თავზარდაცემული შეჰყურებდა ამ სცენას. შუბლი ოფლით დაცვაროდა... დუდუმ ცოლი კაბინეტში ძალით შეიყვანა...

სალი და გიგი მარტონი დარჩნენ. არც ერთი ხმას არ იღებდა.

- იქნებ ამიხსნა, რას ნიშნავს ეს ყოველივე? - ხმადაბლა თქვა გიგიმ ცოტა ხნის შემდეგ.

- რატომ უნდა აგიხსნა? შენ ვინ ხარ? ქმარი ხარ ჩემი თუ საყვარელი? - სალი ჩაცმას შეუდგა.

- არც ერთი და არც მეორე. ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს.

- მაშინ ნუ მეკითხები. სულაც არა ვარ ვალდებული, ანგარიში ჩაგაბარო.

- ვალდებული ხარ, - იყვირა უცებ გიგიმ.

სალიმ გაკვირვებული მზერა მიაპყრო.

- ნუთუ ვერ ხვდები, რაც მოხდა? ნუთუ ასეთი ძნელი დასანახია, ყავა რომ გადმომესხა? კარგად შემომხედე, იქნებ ნათელი გახდეს შენთვის, რაშიც იყო საქმე? - ახლა სალი აყვირდა.

- რატომ, რატომ გადმოგესხა, სწორედ ეგ მაინტერესებს. რას გეუბნებოდა ისეთს, რას აკეთებდა ისეთს, რომ ყავა მაინცდამაინც მკერდზე გადმოგესხა? მითხარი, რა ხდებოდა აქ! - მამაკაცი ქალს მიეჭრა, მხრებში ჩაავლო ხელი და შეაჯანჯღარა.

სალიმ ცივად მოიშორა მისი ხელები, პალტო მოისხა, ჩანთას დაავლო ხელი და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა...

ხმაურზე ყველა თანამშრომელი მის ოთახს მოაწყდა. პირველმა იამ მოირბინა. იგი პირდაპირ ზღურბლთან შეეჩეხა სალის.

- ჩტო სლუჩილას? - იკითხა შეშფოთებულმა.

- არაფერი, - ყრუდ ჩაილაპარაკა სალიმ, დაქალს გვერდი აუარა, თანამშრომლების ცნობისმოყვარე თვალებს მზერა აარიდა, დერეფანში გავიდა, ხელები პალტოს სახელოში გაუყარა და ცრემლმორეული კიბეს სირბილით ჩაუყვა.

ქუჩაში გასულმა უაზროდ მიმოიხედა ირგვლივ. ცივი ჰაერი სახეში სცემდა. საით წავიდეს? რა ხდება ახლა იქ? ალბათ ყველა მასზე ლაპარაკობს. ეს რა დაემართა! არა, იქ უკვე აღარ დაედგომება. უნდა დაემშვიდობოს სამსახურს. რა საშინელებაა. ძლივს სამუშაო იშოვნა და თავისი დაუდევრობით როგორ დაკარგა. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. ერთი ხელის მოსმით დაკარგა ყველაფერი, ყველა ოცნება დაენგრა, ყველა მცდელობა, რომ ბედნიერება მოეპოვებინა. ახლა რა ქნას? ვის მიადგეს? ვისთან ჰპოვოს შვება? რა იქნება ხვალ? მთელი სხეული უთრთოდა - სიცივისაგან, ტკივილისაგან, შეურაცხყოფისაგან... ცრემლებმა ადვილად იპოვეს გზა მის ღაწვებზე... ტიროდა სალი, გულამოსკვნილი ტიროდა... ახლა მხოლოდ ეს ცრემლები გვრიდა შვებას...

 

ასეთი გაცოფებული დუდუ თანამშრომლებს ჯერ არ ენახათ, ლამის გასაკავებელი გახდა, მთელი ხმით ყვიროდა, ძლივს გამოგლიჯეს ცოლი ხელიდან. ეს ბოლო წვეთი იყო, დუდუმ თავის "ოჯახურ იდილიას" იმ დღეს დაუსვა საბოლოოდ წერტილი. ნათია რომ თავიდან მოიშორა, მაშინვე სალი მოიკითხა. როცა უთხრეს, წავიდაო, გიგი დაიბარა.

- წადი და ახლავე დააბრუნე, ის არაფერ შუაშია! - პრეზიდენტი მძიმედ სუნთქავდა.

- აბა ვინ არის შუაში, იქნებ ამიხსნა? - კუშტად ჰკითხა ძმაკაცმა.

- გიგი, მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის მამაკაცებს, სხვის ქალებზე რომ ნადირობენ. თუ შენ უნდიხარ, შენი იყოს, მე თქვენს ურთიერთობასთან არაფერი მესაქმება. იმიტომ კი არ გთხოვ, დააბრუნო, რომ რაღაც "ქვემიზნები" მაქვს, უბრალოდ, არ მინდა "ისტერიჩკა" ქალის გამო სამსახური დაკარგოს. სხვები რას იფიქრებენ მაშინ, როცა არაფერი მომხდარა?

- დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მომხდარა? სიმართლე მითხარი, დუდუ, ძმობას გაფიცებ! - გამჭოლი მზერა ესროლა გიგიმ.

- შენ ჩემგან რაიმეს ახსნა დაგჭირვებია ოდესმე?

- არა, დღემდე არა.

- ჰოდა, არც ახლა გჭირდება. წადი და ის გააკეთე, რაც უნდა გააკეთო! - თითქმის უბრძანა დუდუმ.

გიგი უსიტყვოდ გატრიალდა. იცოდა, სალის ვერ დააბრუნებდა და არც გასჩენია ამის სურვილი, ამიტომაც მშვიდად გავიდა კაბინეტიდან. მას ახლა სულ სხვა გეგმები ჰქონდა...

გაგრძელება