იისფერი ჰორტენზიები (13) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (13)

კვირის ბოლოს იამ ფული მოუტანა - ხუთასი ლარი. სალი გაოცებული დარჩა, ამდენი რატომ გამოგატანესო. დუდუს ლმობიერება გამოუჩენია, ჩემ გამო დარჩა ის გოგო უმუშევარი და კომპენსაცია ეკუთვნის, სანამ ახალ სამსახურს იშოვისო.

- ისე თბილად მოგიკითხა, გამიკვირდა კიდეც. დაჟე სკაზალ, სამუშაოს მოძებნაში დავეხმარებიო, - მოუტანა დაქალმა ახალი ამბები.

- არ მინდა, კატეგორიულად უარს ვამბობ მის დახმარებაზე, ასე გადაეცი. არ მინდა კიდევ ახალ შარს გადავეკიდო და მაგის ცოლის ყბაში ხელმეორედ ჩავვარდე.

- კაკაია ჟენა, მიატოვა ცოლი, სრაზუ! - ბეჭედი დაუსვა იამ თავის ნათქვამს.

- მართლა? რაღაც არ მჯერა, ეგ ქალი მას ასე ადვილად არ მოასვენებს.

- ნეტ, ნეტ, უკვე ყველაფერი დამთავრდა. დუდუ ერთხელ რომ იტყვის, ვსიო, გათავებული ამბავია!

- იმედია, მე არ მაბრალებენ მათ დაშორებას, - სალის ისე უხაროდა ამის მოსმენა, რომ ერთ ადგილზე ცქმუტავდა.

- და ნეტ, შენ რა შუაში ხარ. ანი ვსეგდა ტაკ სსორილი. ნენავიდიატ დრუგ დრუგა. გიგი როდის უნდა ნახო?

- არ ვიცი, ჯერ სოფელში მინდა წასვლა, დედაჩემი უნდა ვინახულო.

- ა კაკ ანა?

- არ ვიცი, თითქმის სამი თვეა, არ მინახავს, უსინდისო ქალი ვარ. რამდენიმე დღით წავალ, რამეში მაინც მოვეხმარები, ფულსაც დავუტოვებ.

- ი პრავილნა დელაეშ. ვსიო ტაკი... მან გაგზარდა.

- მართალი ხარ, ცუდად ვიქცევი, - ისე ამოიკვნესა სალიმ, გულიც თან ამოაყოლა...

 

***

რა ქნას, ისეთი ცხოვრება გამოიარა, საკუთარ თავთანაც კი უჭირს წარსულზე ფიქრი, ბავშვობის და ახალგაზრდობის გახსენება... აბა, ვის უთხრას სალიმ, რომ ბავშვთა სახლში გაიზარდა? რომ ღვიძლ მშობლებს არ იცნობს და მათ შესახებ არაფერი იცის? რომ შვიდი წლის ასაკში ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა აიყვანა და სადღაც, მიყრუებულ სოფელში გაიზარდა? არა, სალის საყვედური ნამდვილად არ ეთქმის, უპატრონოთა თავშესაფარს თუნდაც ღარიბ ოჯახში ცხოვრება სჯობდა, მაგრამ... იქნებ ნამდვილი მშობლების ხელში უკეთესი მომავალი ჰქონოდა? ვინ იცის... თუმცა ნანულის და შალვას მისთვის არაფერი დაუშურიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესშიც კი ჩააბარებინეს. პირველ კურსზე იყო, შალვა რომ ინფარქტით გარდაიცვალა. მერე ნანულიმ აიღო მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე. უჭირდა, მაგრამ მთელ შემოსავალს მაინც ერთადერთ აყვანილ შვილს ახმარდა, რომ ობლობა და სიღარიბე არ ეგრძნო - ხან დაფნას აბარებდა, ხან ციტრუსს, რომ სტუდენტ გოგონას შეძლებისდაგვარად ჰქონოდა საარსებო წყარო. ახლა მოხუცდა ნანული, ძველებურად აღარ მოსდევდა ჯანი, დაავადმყოფდა, მუხლებიც აღარ ერჩოდა ძველებურად. რა ექნა სალის? სოფელში ვერ დარჩებოდა, რა უნდა ეკეთებინა იქ? დარჩა თბილისში, ბინა იქირავა და როგორც შეეძლო, ისე გაჰქონდა თავი. ხანდახან იმის საშუალებაც არ ჰქონდა, ბინის ქირა გაესტუმრებინა, მაგრამ როგორღაც ახერხებდა, იაც ეხმარებოდა. მერე გათხოვდა, მაგრამ არ გაუმართლა. წელიწადიც არ იყო გასული, ქმარს რომ გაშორდა. კვლავ მარტო დარჩა. თავის გატანა ძალიან გაუჭირდა, ბინა რომ ხელახლა ექირავებინა, რითი გაესტუმრებინა ქირა? სოფელში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. კვლავ დედა დაეხმარა, გამოძებნა ვიღაც მამის ნათესავი, რომელმაც ეს დანგრეული ბინა დაუთმო დროებით საცხოვრებლად, რადგან თვითონ ის კაცი ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. ის როდის ჩამოვა, კაცმა არ იცის, სალისთვის კი მადლია, ბინის ქირა მაინც არ აქვს გადასახდელი. იქამდე რაღაც იქნება, მთლად როგორ გაწირავს ღმერთი. ეჰ, კარგი იქნებოდა, სამსახური შეენარჩუნებინა, ერთხელ მაინც გაუმართლა ცხოვრებაში, ერთხელ მაინც გაუღიმა ბედმა და თავისი დაუფიქრებლობით ყველაფერი გააფუჭა.

აი, ეს იყო სალის ის დიდი საიდუმლო, რის გამხელასაც ასე უფრთხოდა. ვისთვის ეთქვა, ბავშვთა სახლში გავიზარდეო? ზედაც არ შეხედავდა არავინ. გამუდმებით იმას ცდილობდა, საგულდაგულოდ დაემალა თავისი წარსული, რომ გარშემომყოფთა ქილიკის ობიექტი არ გამხდარიყო. სტუდენტობის პერიოდშიც ხომ ერიდებოდნენ ჯგუფელები მასთან მეგობრობას, რაღაცნაირად თავს არიდებდნენ. მხოლოდ ია არ თაკილობდა მასთან ურთიერთობას. მწარე დღეები გამოიარა სალიმ, არასდროს დაავიწყდება ის სიმწარე, რაც იმ პერიოდში გადაიტანა. როგორც უცხოს, უთვისტომოს, ისე უყურებდნენ... უმძიმს სალის ამის გახსენება, მაგრამ არა უშავს, იგი, ერთხელაც იქნება და, დაამტკიცებს, რომ არავისზე ნაკლები არ არის, რომ მასაც აქვს ბედნიერების უფლება, რომ მისი შეყვარებაც შეიძლება...

 

***

ერთი კვირა დარჩა სოფელში. ნანული პატარა ბავშვივით იყო გახარებული, ქალიშვილი რომ ეწვია, თითქოს ხელმეორედ დაიბადა. ყველანაირი ტკივილი დაავიწყდა, თავს ევლებოდა სალის, არ იცოდა, რითი ესიამოვნებინა მისთვის... სალი თითქოს მოწყდა რეალობას. ახლა მხოლოდ სოფლის ცხოვრებით ცხოვრობდა, ერთადერთი, რაც თბილისურ სამყაროსთან აკავშირებდა, გიგი იყო. ის ყოველდღე ურეკავდა ქალს, მოიკითხავდა, შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ სალი უარზე იყო, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, ცოტა უნდა დავისვენოო. გიგიმ არც იცოდა, სალი თუ ქალაქში არ იმყოფებოდა. იაც სასტიკად გაარფხილა, გიგისთან არ წამოგცდეს, დედაჩემის სანახავად რომ მივდივარო. იამ პირობა პირნათლად შეასრულა.

...ეზოში იისფერი ჰორტენზიები ძველებურად ყვაოდა. სალი მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გახედავდა ხოლმე ყვავილებს, ჩემი მთავარი "იარაღი" ახლა ესენი არიანო, ფიქრობდა გულში. წამოსვლის წინ ხომ სწორედ ასეთი შინაარსის მესიჯი დაუტოვა შეყვარებულს: "ერთი კვირით გავდივარ ქალაქიდან. მართალია, წერილს ვერ მოგწერ და ვერც თვალს შეგავლებ, მაგრამ როგორმე მოვითმენ. სამაგიეროდ, შენს სურნელს იისფერი ჰორტენზიები მომაგონებს, რომელიც მრავლად ყვავის ჩემს ეზოში, შენს მაგივრობას ისინი გამიწევენ დროებით"...

კვირის ბოლოს გამზრდელს თვალცრემლიანი გამოემშვიდობა, ცოტაოდენი ფულიც დაუტოვა და კვლავ თბილისში დაბრუნდა. ბინაში შესულმა პირველად იგრძნო, რომ მარტოსული იყო, ეული, ქალი, რომელიც არავის ახსოვდა, არავის სჭირდებოდა... ამის შეგრძნებამ გული მოუკლა, ცრემლები მოაწვა თვალებზე, ცივ ლოგინზე დაემხო და ხმამაღლა აქვითინდა...

დილით, დათქმულ დროს, ჩავიდა ინტერნეტკაფეში და გულისფანცქალით აფრინა პირველი მესიჯი: "მე დავბრუნდი, ახლა კვლავ შენთან ვარ, ისევ ისე ვგრძნობ შენს სიახლოვეს. ძალიან მომენატრე, ჩემო სიხარულო, გამიჭირდა უშენოდ. დღეს, რომ დაგინახავ, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება". ღმერთო, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე უნდა იაროს ამ დასაწვავ სარდაფში წერილის გასაგზავნად? კომპიუტერი მაინც ჰქონდეს. არა, სხვა გზა არ არის, გიგის წინადადებას უნდა დათანხმდეს. საარსებო მინიმუმი ხომ სჭირდება, დამოუკიდებლად რა უნდა ქნას, სად იშოვოს სამსახური? დამლაგებლად ნამდვილად ვერ იმუშავებს. მორჩა, საბოლოოდ გადაწყვიტა, როგორც კი დაურეკავს ყოფილი დირექტორი, მაშინვე შეხვდება.

... და შეხვდა კიდეც. საღამოხანს, "ნიკალასთან" დაიბარა მამაკაცი. ერთად ივახშმეს. გიგი ბრწყინვალე ფორმაში იყო, არც სალი გამოიყურებოდა ურიგოდ. შუადღეს თმა ბიჭურად აიჩეხა, წაბლისფრად შეიღება და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. ისედაც ლამაზი თვალები კიდევ უფრო მკვეთრად გამოუჩნდა მოკლე თმის ფონზე. გიგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

- თვალს ვერ გაშორებ, ძალიან ლამაზი ხარ, - ვინ იცის, მერამდენედ უმეორებდა ქალს.

- გმადლობ, შენც შესანიშნავად გამოიყურები, - არც სალიმ დაიშურა კომპლიმენტი.

- დაისვენე?

- კი, შეძლებისდაგვარად. რაც მთავარია, დავმშვიდდი.

- კარგი სამსახური გიშოვე, სალი.

- მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ იქნებ მითხრა, სად და რა უნდა ვაკეთო?

- ერთი ფირმაა, ჩვენი დამკვეთი, კომპიუტერული სასწავლო ცენტრი აქვთ, ბავშვებს ასწავლიან საოფისე პროგრამებს. მასწავლებლის ადგილია. თითოეულ მოსწავლეზე თავიდან 25 ლარს გადაგიხდიან.

- მასწავლებლის? მერე მე მაგ საქმის რა მესმის? - შეშინდა სალი, მაგრამ გულში მაინც გაუხარდა, რადგან დუდუსთან კონტაქტის გაგრძელების კარგი შანსი ეძლეოდა.

- ჯერჯერობით რაც იცი, იმას ასწავლი, მერე კი ნელ-ნელა სხვა პროგრამებსაც აითვისებ. არ გაგიძნელდება, დამიჯერე, - დიდი მონდომებით არწმუნებდა გიგი, - ხვალ დილით მივალთ, იქ ყველას ვიცნობ. კარგი ხალხია, სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მენდე, გთხოვ.

- კარგი, რადგან არ იშლი, რა გაეწყობა, დილით შევხვდეთ ერთმანეთს, - მოულოდნელად დათანხმდა სალი მამაკაცს და მაცდურად გაუღიმა...

 

მეორე დღეს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. სალი ამჯერად უფრო გამომწვევად გამოიყურებოდა. გიგის ეს არ გაკვირვებია, ქალების ბუნებას კარგად იცნობდა. ახალ გარემოში ყველა ქალი ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას. შეუმჩნევლად ჩაიღიმა, თან ესიამოვნა, რომ მისი თანმხლები მანდილოსანი სასურველ ეფექტს მოახდენდა მისთვის უკვე კარგად ნაცნობ კოლექტივში.

კომპიუტერული ცენტრი ფეშენებელური ნამდვილად არ გახლდათ, ორ პატარა ოთახში იყო შეყუჟული ექვსიოდე ადამიანი. სალიმ დაკვირვებით შეათვალიერა ჯერ შენობა, შემდეგ ცნობისმოყვარედ მომზირალი თვალები. აქ სულ ქალები იყვნენ - ორი ახალგაზრდა, სამი დაახლოებით ორმოც წელს გადაცილებული. მამაკაცის ჭაჭანება არსად ჩანდა. თითქოს გულიც კი დაწყდა, ასეთ რამეს ნამდვილად არ მოელოდა. გიგიმ თბილად ჩამოურა სუყველას, ზოგი გადაკოცნა, ზოგს ხელი ჩამოართვა, მოიკითხა, მერე სალის ხელი ჩაჰკიდა და გეზი ხის კარისკენ აიღო, სადაც, სალის აზრით, ვინმე ავთანდილი ელოდებოდათ. ყოფილმა უფროსმა დაუკაკუნებლად შეაღო კარი.

- შეიძლება დავიდოვიჩ? - რიხიანად იკითხა და ქალი წინ გაატარა.

- ო-ო-ო! გიგის ვახლავარ, გიგის! მოიყვანე, არა? - შავტყავგადაკრული სავარძლიდან დაბალი, მსუქანი, მელოტი კაცი წამოდგა, რომელსაც გაქონილი სახე და კოტიტა თითები ჰქონდა. სალის უსამოვნო ჟრუნატელმა დაუარა. "ღმერთო, რას ჰგავს", - ზიზღით გაიფიქრა, მაგრამ ზრდილობის გულისთვის ღიმილი არ დაიშურა ახალი შეფისთვის.

- მოვიყვანე, მოვიყვანე და საკუთარი თავივით გაბარებ, ჩემი ახლოებელია, იცოდე, - თითი ხუმრობით დაუქნია გიგიმ დამხვდურს.

- რას მაშინებ, შე კაცო, რომელი მექალთანე მე მნახე.

- არა, დავიდოვიჩ, რას ბრძანებ, ეგ არც მიფიქრია, მაგას როგორ გაკადრებ. უბრალოდ, ცოტა მორიდებული გოგოა, არავის იცნობს და ხომ იცი... ვინმემ არ დამიჩაგროს, - გამოასწორა გიგიმ, - გაიცანი, სალომე, ძალიან კარგი გოგონა.

- ფრიად სასიამოვნოა, ჩემო ბატონო, ფრიად სასიამოვნო, - გაქონილმა კაცმა ხარბად აათვალიერა სალი და მზერა ყველაზე ხანგრძლივად მის მოღეღილ მკერდზე შეაჩერა, ვნების აღმძვრელად რომ მოუჩანდა ქალს წითელი მაისურიდან.

სალიმ ავთანდილის ოფლიან თითებს თავისი გრძელი, თხელი და ნატიფი თითები შეაგება და სიწითლემ გადაუარა სახეზე, რადგან მამაკაცმა ხელი საჭიროზე მეტად მოუჭირა და შუათითით ხელისგულზე "წაეთამაშა".

"უნამუსო, როგორც ჩანს, ამან არც ახლობელი იცის, არც ნაცნობი და არც ძმაკაცი", - სიბრაზე მოეძალა სალის, მაგრამ რა უნდა ექნა, ვერაფერს გააწყობდა.

- ნინიკოს მივაბარებ, ძალიან ყოჩაღია, ერთ კვირაში ყველაფერს ასწავლის. პრობლემა არ იქნება, შენ მაგაზე არ იდარდო, - შეპირდა დავიდოვიჩი გიგის და სტუმრებს დაჯდომა შესთავაზა.

- ნინიკოს მეც ველაპარაკე, ჩემზე იყოს პატივისცემა, ხომ იცით, ჩემთან არ დაგეკარგებათ, - თქვა გიგიმ და სალისთან ერთად კაბინეტში მდგარ დივანზე ჩამოჯდა.

- რას ამბობ, გიგი, არა გრცხვენია, რა პატივისცემაზეა ლაპარაკი, საუკუნეა ერთმანეთს ვიცნობთ, ეგ მეორედ არ გაიმეორო, იცოდე. ერთადერთი, თუ მართლა გინდა პატივი მცე, ერთი-ორი კომპიუტერი გამიხერხე შეღავათიან ფასებში და ეგ იქნება. ხომ იცი, როგორ დეფიციტს განვიცდი, მით უმეტეს ახლა, როცა კიდევ ერთი მასწავლებელი შევიძინე ჩვენი სალომე სახით, - ფარისევლური ღიმილი აღებეჭდა მამაკაცს სახეზე.

გიგი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ სალისთვის სამუშაო გამოეძებნა და საყვარელი ქალი უმუშევარი არ დარჩენილიყო. შეჰპირდა, ორ დღეში ორ კარგ კომპიუტერს ჩემი ხელით მოგიტან და ფული მერე ნელ-ნელა გამისტუმრეო.

კარგა ხანს ისაუბრეს, პირობებზეც ადვილად შეთანხმდნენ. სალი ცალი ყურით უსმენდა მამაკაცებს, ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა ეს ფამილარობა და როდის დატოვებდა ამ უსიამოვნო ოთახს.

"აუდიენცია" დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ავთანდილს თვალი არ მოუშორებია სალისთვის, განსაკუთრებით მისი მკერდი ჰქონდა სამიზნეში ამოღებული. ამან სალი ცოტათი დააფიქრა. ახლა დავიდოვიჩმაც რომ დაუწყოს "კურკური", რა ეშველება, როგორ მოიცილოს თავიდან. ნუთუ გიგი ვერაფერს ამჩნევს? იქნებ ამჩნევს კიდევაც, მაგრამ რას ეტყვის, ჩემს მოყვანილ ქალს მკერდზე ნუ უყურებო? რა თქმა უნდა, ასე არ გამოვა. არა უშავს, სალის არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონაც მშვენივრად დაიცავს საკუთარ თავს.

ბოლოს დირექტორმა ორივე დიდ დარბაზში გამოიყვანა და ნინიკოს დაუძახა. წითელპომადიანი, დაახლოებით ოცდაშვიდი წლის ნინიკო, სახეზე პუდრი "ტონობით" რომ ჰქონდა წასმული, ქუსლების პაკაპუკით მოვიდა და კეკლუცად გაუღიმა... გიგის.

- შენი ნათესავია? - ჰკითხა.

- არა, ახლობელია და შენ გაბარებ. შენ იცი და შენმა ქალობამ. დანარჩენი მე ვიცი. იმედი მაქვს, დამეგობრდებით, - გიგიმ მხარზე ხელი მოხვია ნინიკოს და ჩაიხუტა.

- ვიცი, ვიცი, - ორაზროვნად თქვა ქალმა და მხოლოდ ახლაღა შეათვალიერა ახალმოსული, - რამე შეხება მაინც თუ გქონიათ კომპიუტერთან?

- როგორ არა, "ექსელი" და "ვორდი" ვიცი, - თამამად უპასუხა სალიმ.

- ძალიან კარგი. მაშინ საოფისე პროგრამებს უცებ ავითვისებთ. როდის დავიწყოთ?

სალის უნდოდა ეთქვა, ხვალიდან ვივლიო, მაგრამ გიგიმ დაასწრო.

- დღესვე დაიწყეთ, საქმის გადადებას რა აზრი აქვს.

სალის კინაღამ გული გაუსკდა ამის გაგონებაზე, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.

- აბა შენ იცი, მერე დაგირეკავ, - გადაუჩურჩულა გიგიმ სალის, ნინიკოს ხელკავი გამოსდო და კარისკენ გაიყოლა.

სალი შუა დარბაზში მარტო დარჩა. გიგი და ნინიკო კარგა ხანს საუბრობდნენ. სალისთვის უცნობი იყო მათი საუბრის თემა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ "ორთა დიალოგი" სწორედ მას შეეხებოდა. ბოლოს გიგი ყველას დაემშვიდობა, სალის ხელი დაუქნია და წავიდა, ნინიკო კმაყოფილი სახით შემოტრიალდა დარბაზში, სალის გაუღიმა და ანიშნა, გამომყევიო. ოთახის განაპირას, ფანჯარასთან მდგარ კომპიუტერთან მიიყვანა და უთხრა.

- აი, აქ იქნება შენი სამუშაო ადგილი. დღეს მოსწავლეები არ გვყავს, ამიტომ შეგიძლია დაჯდე და რაღაცები გაიხსენო. ცოტა ხანში მეც მოვალ და დავიწყოთ მეცადინეობა, კარგი?

- კარგი, - სალიმ მეგობრულად გაუღიმა მასწავლებელს და კომპიუტერს მიუჯდა.

როცა ნინიკო თვალს მოეფარა, მალულად გახედა სხვა ქალებს. რატომ არავინ გააცნეს? თვითონ ხომ არ იტყვის, მე ეს და ეს ვარ, თქვენ რა გქვიათო, ვიღაცას ხომ უნდა მოეფიქრებინა? გიგი, როგორც ჩანს, დაიბნა და ამიტომაც გამორჩა მხედველობიდან ეს "პროცედურა", მაგრამ ნინიკო? იმას რატომღა დაავიწყდა? რაც არის, არისო, გაიფიქრა გუნებაში და ინტერნეტი გამოიძახა. სანამ ის "კეკლუცა" მოვა, იქნებ ერთი მესიჯის გაგზავნა მაინც მოასწროს დუდუსთან. როგორ მოენატრა, ერთხელ მაინც თუ ნახავს ოდესმე? სალის ამის იმედი უკვე აღარ ჰქონდა.

"მენატრები, მენატრები, მენატრები", - მხოლოდ სამი სიტყვა დაწერა, გაგზავნა და სასწრაფოდ "ექსელის" პროგრამა გამოიძახა, რადგან მისკენ მომავალ ნინიკოს მოჰკრა თვალი.

- უხერხულად ხომ არ ხარ? - ქალი თავზე დაადგა სალის.

- ისე რა. ჯერ მაინც უცხო გარემოში ვარ, არავის ვიცნობ...

- ჰო მართლა, გოგოებს გაგაცნობ, სულ გადამავიწყდა. მანანა, მოდით აქ, ახალი თანამშრომელი გაიცანით, - გასძახა ნინიკომ ქალებს და სალის გვერდით დაჯდა.

მანანა, ირა, რუსიკო და მედეა - ეს იყო ახალ კოლეგათა "მწირი" ჩამონათვალი. მათგან გათხოვილი მხოლოდ მედეა გახლდათ, დანარჩენთაგან ზოგი შინაბერა იყო, ზიგიც ჯერ კიდევ გასათხოვარი. სწორედ ასე წარუდგინა ნინიკომ ქალები სალის.

- არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახივით ვგრძნობთ თავს, ერთმანეთის ყველამ ყველაფერი ვიცით, - ამ წინადადებით დაამთავრა გაცნობის სცენა ნინიკომ.

- მხოლოდ ქალები მუშაობთ? - მორიდებით იკითხა სალიმ.

- ორი კაცი გვყავს, მაგრამ რად გინდა, არც ერთი არ უქნია ღმერთს, - ქალებმა სიცილი ატეხეს.

- კარგი, თქვენ-თქვენს საქმეს მიხედეთ, თორემ ავთო გამოვარდება და ერთ ამბავს ატეხს, - თქვა ნინიკომ და სალის მხარზე დაადო ხელი, - ჩვენც შევუდგეთ საქმეს, ცოტა წავიმეცადინოთ, რას იტყვი?

- მე მზად ვარ, - სალი წელში გასწორდა და ხელები მუხლებზე მოსწავლესავით დაიწყო.

მეცადინეობა ერთ საათს გაგრძელდა. ნინიკო კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა, ისე დაწვრილებით უხსნიდა სალის ყველაფერს, რომ ჩაწერაც არ სჭირდებოდა არაფერს, ზეპირად სწავლობდა თითოეულ ოპერაციას.

- მშვენივრად ითვისებ, სულ არ გეტყობა, რომ კომპიუტერი არ იცი, - შეაქო ნინიკომ, - გათხოვილი ხარ?

- კი, - აქაც იცრუა სალიმ და კვლავ გაწითლდა.

- შენი ქმარი სად მუშაობს? - თითქოს დაკითხვას უწყობდა "კეკლუცა".

- არსად, - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა და თავი ჩაღუნა.

- გიგის დიდი ხანია იცნობ? - არ ასვენებდა ახალი მასწავლებელი.

- კი, დიდი ხანია, - ისევ ტყუილის თქმა დასჭირდა სალის, აბა რა ექნა, არ იცოდა, გიგის რა ჰქონდა მისთვის ნათქვამი.

- მაგარი კაცია გიგი, სიგიჟემდე მომწონს. ცოლიც შესანიშნავი ჰყავს, - აგრძელებდა ნინიკო, - იცნობ ქეთის?

- არა, არ ვიცნობ, - ოფლმა დაასხა სალის.

- არაჩვეულებრივი გოგოა, მოდელი გეგონება, ისეთი ტანი აქვს, - ცერა თითი გაბზიკა ნინიკომ მოწონების ნიშნად, - თუმცა გიგი ჯობია, ასეთი მამაკაცი დღეს იშვიათობაა, უკეთესის მოყვანა შეეძლო, მაგრამ რას იზამ, კაცებს ხომ იცი, თვალები სადა აქვთ, - ხამამღლა გაიცინა და წამოდგა, - დღეს შეგიძლია წახვიდე, ხვალ თერთმეტი საათიდან მოხვალ, ხვალ მოსწავლეებიც გვეყოლება. ისე, რამე რომ იყოს, შეძლებ გაკვეთილის ჩატარებას?

სალი შეიშმუშნა.

- არ ვიცი, არა მგონია. ჯობია, ჯერ სხვებს შევხედო, როგორ ასწავლიან და მერე ვნახოთ.

- ასე იყოს. აბა, მე დროებით დაგტოვებ, - ნინიკომ ისევ გაუღიმა, დაემშვიდობა და ავთანდილის კაბინეტისკენ გასწია...

 

გაგრძელება