იისფერი ჰორტენზიები (16) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (16)

- რომელი ხარ? - ყასიდად მაინც იკითხა.

 

- მე ვარ, - დახშული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.

- ახლა გვიანაა, გიგი, ვერ გაგიღებ, - ცოტათი შეშინდა სალი.

- გამიღე, სალაპარაკო მაქვს, - გიგიმ კვლავ ძლიერად დააბრახუნა.

სალის შეეშინდა, ნასვამმა მეზობლები არ გამიღვიძოსო და გასაღები გადაატრიალა. გიგის თვალები ამღვრეოდა. კარგა გვარიანად შემთვრალიყო.

- სხვა დრო ვერ გამონახე სალაპარაკოდ? - სალიმ კარი ჩაკეტა და ოთახში შეტრიალდა, გიგი უკან მიჰყვა.

- რატომ, ღამის იდილია დაგირღვიე? ვინმე ხომ არ გყავს შემთხვევით?

- ამაღამ არა, - ორაზროვნად უპასუხა სალიმ, დივანზე ჩამოჯდა და შიშველი ფეხები აიკეცა, რომ გრძელი ხალათის კალთებით დაეფარა.

- ალბათ ხვალ გეყოლება, არა?

- მორჩი ამ უაზრო ლაპარაკს. ვიცი, რომ ამის გასაგებად არ ხარ მოსული. თქვი, რისი თქმაც გინდა.

- მე ახლა ნინიკოსგან მოვდივარ, - დაიწყო გიგიმ.

- იმასთანაც დადიხარ? - ჩაიცინა სალიმ.

- არა, იმასთან არ დავდივარ, უბრალოდ, როგორც მეგობარი, რესტორანში დავპატიჟე.

- მერე? მგონი მწარე ვახშამი გამოგივიდათ, არა? მე რა, დესერტის "პონტში" შემიგულე თუ როგორ არის შენი საქმე?

- რა უთხარი იმ გოგოს ამისთანა, ასე რომ გაამწარე?

- არაფერი, რა უნდა მეთქვა, ის ვუთხარი, რაზეც შენ დიდი ხანია, ოცნებობ. ჩვენ საყვარლები ვართ-მეთქი. რა, არ უნდა მეთქვა?

- რატომ მოატყუე?

- იმიტომ, რომ დაიმსახურა. შენ რა, ეს არ გინდა? - სალი აშკარად იწვევდა მამაკაცს.

- შენ არ იცი, მე რა მინდა, - ლამის იყო, ატირდა გიგი და მაგიდას მუშტი მძლავრად დაჰკრა.

- ცოტა ჩუმად, მეზობლები არ შემიყარო. იქნებ უფრო წყნარად მითხრა, რა გინდა?

- სიკვდილი მინდა, - თქვა გიგიმ და ქალისკენ დაიძრა.

სალიმ შუბლი შეკრა. დაკვირვებით ახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს, რომელსაც მხრები უთრთოდა.

- ოღონდ მას შემდეგ, ერთხელ მაინც რომ გამოვცდი შენთან დაწოლის სიამოვნებას. ოღონდ შენთან სექსი განმაცდევინა და მერე თუნდ მოვკვდე, არ ვინანებ, სიკვდილთან ასეთ გარიგებას სიამოვნებით დავდებ, - გიგიმ ხელი წაატანა სალის.

ქალი ფეხზე წამოიჭრა და განზე გახტა.

- არ მომეკარო და საერთოდ... ნუ იქცევი ასე! - მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი.

- როგორ ასე?

- ნუ ვაჭრობ, არ გიხდება.

- ვვაჭრობ? რას ნიშნავს, ვვაჭრობ?

- რასაც შენ აკეთებ, იმას. სიკვდილს არ ევაჭრებიან.

- სიკვდილს? ეს რაღაც ახალია. რაზე შეიძლება ევაჭრო სიკვდილს? - გიგიმ კვლავ გადადგა სალისკენ ნაბიჯი, სალიმ კვლავ უკან დაიხია.

- რაზე და... სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ოღონდ ჩემთან დაგაწვინოს და მზად ხარ მოკვდე. და რას სთავაზობ სამაგიეროდ? ვერც ვერაფერს, ამიტომაც არ ღირს მასთან ვაჭრობა. გასაგებია?

- დღეს რაღაც განსაკუთრებულად მსჯელობ. საიდან ამდენი მჭევრმეტყველება?

- კარგი მასწავლებლები მყავდა, - ნიშნის მოგებით აღნიშნა ქალმა.

- მაგრამ ალბათ უგულოები, შინაბერები, სიყვარული რომ არასდროს განუცდიათ ისეთები, არა? ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეა.

- ვითომ რატომ?

- იმიტომ, რომ თანაგრძნობა არ შეგიძლია, შენისთანა უგულო ქალის მნახველი არა ვარ. რატომ მტანჯავ?

- მე გტანჯავ?

- აბა ვინ? მიყვარხარ-მეთქი გეუბნები და ჩემს გრძნობას უპასუხოდ ტოვებ, უპასუხოდ კი არა, დასცინი კიდეც, არ გებრალები? ერთხელ მაინც მომეცი უფლება, მოგეფერო, გულში ჩაგიკრა, სულ ერთი წამით, ნუთუ არ შეიძლება? შენ ხომ ჩემი სექსისფერი ქალი ხარ, - გიგი ქალს ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

- ეს რას ნიშნავს? - სალის ხმა თანდათან ეკარგებოდა.

- ესე იგი, შენ არ იცი, რას ნიშნავს ფრაზა სექსისფერი ქალი?

- ახლა უკვე ვიცი.

- ჰოდა, მინდიხარ, ამიტომაც ვარ აქ.

სალი მანამ იხევდა უკან, სანამ კედელს არ მიუახლოვდა. ახლა კი დაფრთხა და აიწურა.

- ეს აუცილებლად მოხდება, გიგი, ოღონდ არა ამაღამ, მოდი, ხვალისთვის გადავდოთ. არ მინდა, ეს ყველაფერი მაშინ მოხდეს, როცა მთვრალი ხარ, - ხმა აუკანკალდა სალის.

- ვიცი, როცა ასე ამბობ, იტყუები, - თავი გადააქნია გიგიმ.

- მართლა?

- მართლა, ეგ შემოწმებულია, ეგ ტექსტი ძველი სიმღერიდანაა. იცი? აქ იმისთვის მოვედი, რომ მეჩხუბა შენთან, საყვედური მეთქვა, მაგრამ არ გამომდის. როცა შენთან ახლოს ვარ და გხედავ, როცა შენს სუნთქვას ვგრძნობ, გონება მებინდება. ასეთ მომენტში მხოლოდ ის მინდა, შეგეხო, მოგეფერო და ჩემს მკლავებში მოგიმწყვდიო. არ მითხრა უარი, დამიჯერე და გაგისწორდება, აი ნახავ. მე ვიცი, როგორ გასიამოვნო.

- მე შენ არ მიყვარხარ, გიგი, - სალის მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა, გრძნობდა, რომ ჩიხში იყო მომწყვდეული და ცდილობდა, იოლი გამოსავალი ეპოვა ამ სიტუაციიდან.

- ესეც ძველი სიმღერიდანაა, დიდი ხანია ვიცი, - მამაკაცი კვლავ წაეპოტინა ქალს, ხელები დაუჭირა, უკან გადაუგრიხა და ტუჩებით მის ყელს დააკვდა.

- მე დუდუ მიყვარს, შემეშვი, - ჩურჩულით თქვა სალიმ, სხვა რომ ვერაფერი გააწყო.

გიგის თითქოს მდუღარე გადაასხესო, მოულოდნელად ხელი შეუშვა ქალს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თვალებში ჩააშტერდა, მერე უცებ არაადამიანური ხმა აღმოხდა.

- არა, არა, ოღონდ ეგ არაააა! - განწირული ხმით ღრიალებდა მამაკაცი.

- წადი ჩემი სახლიდან, აქ შენი ადგილი არ არის, - მშვიდად წარმოთქვა სალიმ და ხალათის გულისპირი გაისწორა.

- ყველაფერს გაპატიებ და ამას - არასდროს, - გიგი სიმწრისგან ქშინავდა, პირმოკუმული, ხელებმომუშტული უკან-უკან იხევდა გასასვლელისკენ, - მოვკლავ, ჯერ იმას მოვკლავ და მერე შენ.

- შენს ცო-შვილს მიხედო, ის გირჩევნია. რაც გაქვს, ის შეინარჩუნე, სხვის ბუდეში ნუ ეძებ ბედნიერებას, - სალის საკუთარი სიმშვიდე აოცებდა, მიუხედავად იმისა, რომ შიშისგან მთელი სხეული უცახცახებდა.

- არ გაბედო, ჩემი ცოლ-შვილის ხსენება არ გაბედო, შე... მე ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. ძალიან მალე, აგერ ნახავ! - დაიქადნა ბოლოს, გასაღები გადაატრიალა და გარეთ გავარდა.

სალიმ კართან მიირბინა და ის იყო, უნდა ჩაეკეტა, რომ გიგი მთელი ძალით მოაწვა გარედან და კვლავ ბინაში შემოიჭრა. ქალმა შეჰკივლა, მაგრამ უკვე გვიან იყო... ორთა ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, სალი კარგა ხანს იგერიებდა ვნებამორეულ მამაკაცს, სახეს არიდებდა მის ტუჩებს, მკლავებიც დაეღალა... როცა მიხვდა, რომ ძალა გამოეცალა და ვეღარ ერეოდა გახელებულ გიგის, ღონემიხდილი მიესვენა მის მკლავებზე...

მამაკაცმა ქალი დივანზე წამოაქცია, სალიმ კვლავ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამჯერად უფრო სუსტად, სხეული აღარ ემორჩილებოდა. გიგის გონება იმდენად ჰქონდა ამღვრეული, ვეღარ საზღვრავდა, რას აკეთებდა. ხალათი კი არ გახადა, შემოახია ქალს, შორს მოისროლა და ოსტატურად ზემოდან მოექცა. სალი ერთხანს მინებდა, თითქოს თავის ნებაზე მიუშვა გამძვინვარებული გიგი, მაგრამ მერე კვლავ ასხმარტალდა, ახლა უკვე შიშველი. მაინც ვერაფერი გააწყო, მამაკაცი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მას ეგონა. დაუძლურებულმა ბოლოს თავი გვერდზე გადააგდო, ერთიანად მოეშვა და ბედს დაემორჩილა. მამაკაცი ხვნეშოდა, გამალებული კოცნიდა ქალს ყველგან, სადაც მოუხვდებოდა. თავიდან სალი მხოლოდ ზიზღს განიცდიდა, მაგრამ მერე და მერე, როცა ორი სხეულის შერწყმა "აქტიურ ფაზაში" გადავიდა, მოდუნდა, ესიამოვნა კიდეც დაკუნთული მკლავების თარეში მამაკაცის ალერსს მოწყურებულ მკერდზე და... ნეტარების კვნესაც აღმოხდა...

 

***

კარგა ხანს ორივენი გარინდულები იწვნენ. სალის შესცივდა კიდეც შიშველ სხეულზე. გიგი წამოდგა და უხმოდ შეუდგა ჩაცმას. სალიმაც მოიცვა ხალათი.

- არ დარჩები? - ისეთი ხმით ჰკითხა სალიმ, თითქოს დიდი ხნის საყვარლები ყოფილიყვნენ.

- არა, უნდა წავიდე, ქეთი მელოდება, - ცივად თქვა მამაკაცმა.

- მიაღწიე შენსას არა? კმაყოფილი ხარ?

- კი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ერთხელ მაინც ვაჯობე იმას.

- ვის, იმას!

- შენ რომ გიყვარს, იმას, - არ დაუთმო გიგიმ.

- დუდუს გულისხმობ? რა მიამიტი ყოფილხარ, მე მოგატყუე, რომ იცოდე, - ახალი თამაში წამოიწყო სალიმ.

გიგი შეცბა, გაშტერდა, გაოცებულმა შეხედა ქალს.

- რა თქვი?

- მოგატყუე-მეთქი, რა ვერ გაიგე?

- რატომ, რაში დაგჭირდა?

- იმაში, რომ არ მინდოდა ჩვენი პირველი ღამე ასეთ ვითარებაში შემდგარიყო.

- ვერ მიგიხვდი, რა ვითარებას გულისხმობ?

- შენ მთვრალი ხარ, მე კი არ მინდოდა მთვრალ კაცთან სექსი. ახლა ხომ მიხვდი?

- ანუ სხვა შემთხვევაში წინააღმდეგი არ იყავი?

- არა, რა თქმა უნდა.

- მატყუებ, როგორც ყოველთვის. არ გინდა, მე ამას არ ვჭამ, კარგად გიცნობ.

- როგორც გინდა, ისე იფიქრე, - მხრები უდარდელად აიჩეჩა სალიმ.

- გინდა გითხრა, ასე რატომ იქცევი?

- მინდა. რატომ?

- იმიტომ, რომ გეშინია, არ მიგატოვო. რადგან ყველაფერი მოხდა, გინდა, რომ გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა. ნუ გეშინია, შენზე უარის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ დაიმახსოვრე, იოტისოდენას არ გაპატიებ.

- დავიმახსოვრე.

- ხვალაც მოვალ, ზეგაც და ყოველთვის, როცა მომინდება.

- როცა მე მომინდება, შენც დაიმახსოვრე, - თითი მუქარის ნიშნად დაუქნია სალიმ, - ახლა კი წადი, ცოლი გელოდება.

- ვიცი და ამიტომაც მივდივარ, მაგრამ...

- წადი! - საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა სალიმ, - და მაშინ მოხვალ, როცა მე მექნება ამის სურვილი...

გიგი არ შეპასუხებია, უსიტყვოდ გატრიალდა კარისკენ და... წავიდა.

სალიმ ღრმად ამოიოხრა. რაც არის, არის, უნდა შეეგუოს "ახალ" მდგომარეობას, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია, არა იმიტომ, რომ მართლა ეშინია, გიგიმ არ მიატოვოს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ნინიკოზე იძიოს შური, რომ საბოლოოდ დაუმტკიცოს მას, როგორ უყვარს გიგის, რომ უპირატესობა მას ეკუთვნის, როგორც ერთადერთ სასურველ ქალს... მაგრამ დუდუ?..

 

დილით ძალიან გვიან გაეღვიძა სალის. კიდევ კარგი, შაბათი იყო და სამსახურში არ უწევდა წასვლა, თორემ, პირველ რიგში, ავთანდილის რისხვა არ ასცდებოდა. გაეღვიძა, მაგრამ... საშინელ ხასიათზე. წინა ღამის "ორომტრიალი" თვალწინ დაუდგა, რამაც კიდევ ერთხელ აუფორიაქა გულიც და სულიც. ეს რა ქნა, რა ჩაიდინა, როგორ დანებდა გიგის, როგორ! არა, ამას ვერასდროს აპატიებს საკუთარ თავს, ვერც გიგის. ყველა გზა მოიჭრა დუდუსთან დასაახლოებლად. მორჩა, ეს ღამე ბოლო წვეთი იყო, მისი უიღბლობის წვიმა ნიაღვრად ქცეულიყო და მოახერხა კიდეც. ახლა კი ნამდვილად უნდა დაემშვიდობოს დუდუს სიყვარულზე ოცნებას. აბა რომელი ჭკუათმყოფელი მამაკაცი აპატიებს ქალს ბავშვობის მეგობართან კოტრიალს? არ არსებობს ასეთი მამაკაცი. იქნებ სჯობს მომხდარს შეეგუოს და იმით დაკმაყოფილდეს, რაც ბედისწერამ არგუნა? გიგი არც ისეთი ცუდი ვარიანტია. მართალია, ცოლად ვერ გაჰყვება, მაგრამ საყვარლად რა უჭირს? რაც მთავარია, მამაკაცი ყურებამდეა შეყვარებული. თვითონ რომ არ უყვარს? არა უშავს, ამასაც აიტანს, ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, განსაკუთრებით ქალი. სამაგიეროდ, კარგი ცხოვრების გემოს გაიგებს ერთხელ და სამუდამოდ. რასაც მოისურვებს, ყველაფერი ექნება. მერე რა, რომ ბუთხუზაა? ცოტას ანერვიულებს და გახდება, სალის ეხერხება ასეთი რამეები. განა ცოტას უნერვიულია მის გამო! სამაგიეროდ, ნინიკოს გაუხეთქავს გულს, მასზე მაინც იძიებს შურს. ო, რა დაემართება, წუხანდელ ამბავს რომ გაიგებს?! მაგრამ როგორ გაიგებს? როგორ და ჩვეულებრივად, როცა საჭირო გახდება, სალი თავად გახსნის კარტებს. ე! მაშინ უნდა ნახო იმ "კეკელკა" ნინოს სახე, სიმწრისგან გვერდზე რომ მოექცევა. ჯანდაბას, რადგან ასე მოხდა, მიჰყვება სალიც დინებას, ნახოს, რომელ ნაპირზე გარიყავს უეცარი ტალღა...

ძლივს აითრია წელი საწოლიდან. საშინლად ტკიოდა კუნთები, ზუსტად ისე, დიეტის დასაცავად ვარჯიშის დაწყება რომ უწევდა ხოლმე "ღრმა" ახალგაზრდობაში. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის ასკილოიან კაცს ეჭიდავებოდა მთელი ნახევარი საათი, იქნებ უფრო მეტიც, აღარ ახსოვს სალის ახლა. გული დაუმძიმდა, გრძნობდა, რომ რაღაც აწუხებდა, ისიც იცოდა, რომ ის "რაღაც" გიგისთან გატარებული ღამე იყო, მაგრამ მომხდარს უკვე ვეღარაფერს უშველიდა. გადაწყვიტა, მცირე ხნით იასთან გასულიყო, იქნებ გული გადაეყოლებინა, თან ახალ ამბებსაც გაიგებდა.

ჩაიცვა. სარკეში ჩაიხედა, სახე ჩათეთქვოდა, თვალის უპეები ამოღამებოდა, ეს უძილობის ბრალი იყო ალბათ. გვაინ კი გაეღვიძა, მაგრამ გვიანაც ჩაეძინა, თითქმის თენდებოდა. არ ეყო ძილი. ეს ბუნებრივიცაა. თან ძილიც არის და ძილიც. ისე შფოთავდა, ისე წრიალებდა საწოლში, თითქოს ეკლებზე იწვა. არც ეძინა და კიდევაც ეძინა. რაღაც კოშმარებიც კი ესიზმრებოდა, თუმცა კონკრეტულად აღარ ახსოვს, რა. ეჰ, ჯობია, დროზე გაეტიოს სახლიდან, თორემ ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე, შეიძლება გაგიჟდეს კიდეც, ისევ წუხანდელ ღამეზე რომ იფიქროს...

 

გაგრძელება