იისფერი ჰორტენზიები (18) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (18)

ნინიკო არსად ჩანდა. არც აინტერესებდა, სად იყო. ბოლოს და ბოლოს, ხომ გამოჩნდებოდა? გამოჩნდა კიდეც. ორიოდე წუთი არ გასულა და იგი ბოსის კაბინეტიდან გამოვიდა. სალიმ ზურგს უკან მისი განმგმირავი მზერა იგრძნო, ზურგი აეწვა, მაგრამ არ მიტრიალებულა.

ქუსლების ბაკუნის ხმა გაისმა, ეს ხმა სალის უახლოვდებოდა. სალი დაიძაბა და ბრძოლისთვის მოემზადა.

- მაგარი შტუკები ჩაატარე გუშინ, - კბილებში გამოსცრა ნინიკომ.

სალიმ მშვიდად ახედა, ნინიკოს სახე აჭარხლებოდა.

- როგორც ვხედავ, შენ ეს ძალიან განერვიულებს. რაშია საქმე? გეგმები ხომ არ ჩაგიშალე?

- ახლაც ხომ არა გაქვს დიქტოფონი ჩართული? ჩემთან საუბარსაც ხომ არ იწერ შემთხვევით?

- არა, არ მჭირდება. შენნაირ პაიკებს მე მნიშვნელოვან ფიგურებად არ ვთვლი.

- გგონია, შეგრჩება ის, რაც გუშინ გააკეთე?

- მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, თანაც ასი პროცენტით, - სარკასტულად გაუღიმა სალიმ მის წინ მდგარ ქალს.

- შენ აქ დიდხანს ვერ იბოგინებ, ამის პირობას გაძლევ, - დაემუქრა ნინიკო.

- არც ვაპირებ, მხოლოდ რამდენიმე დღე და ჩემი ნებით წავალ აქედან. იქამდე კი ხმასაც ვერ გამცემს ვერავინ უბატონოდ, - მუქარას მუქარა დაახვედრა სალიმ.

- მაგასაც ვნახავთ, - კვლავ კბილებში გამოსცრა ნინომ და გატრიალდა.

- ვნახავთ, - მრავალმნიშვნელოვნად თქვა სალიმ და თავი გადაქნია.

- ვახ! ეს ვინ მოსულა, გიგი, როგორა ხარ, სიხარულო? - მოესმა ამ დროს სალის ნინიკოს მხიარული შეძახილი.

კინაღამ შეხტა სკამზე. იცოდა, იმ დღეს გიგი აუცილებლად რომ მოვიდოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის მამაკაცის ვიზიტი.

- თავად როგორ გიკითხოთ, ლამაზების პრეზიდენტო? რა ხდება თქვენთან ახალი, ხომ მშვიდობაა? - სალის ნემსებივით ესობოდა გიგის ნათქვამი თითოეული სიტყვა, ცახცახმა აიტანა.

გუშინ მძიმე რაუნდი მოიგო, ახლა კი შეიძლება მისმა გამოჩენამ სერიოზული დამარცხება აწვნევინოს და პირველ რიგში, ნინიკოს მოფხანოს გული მოსალოდნელმა სკანდალმა. გადაწყვიტა, თამაში წამოეწყო, გიგი როგორმე გარეთ გაეყვანა და "ბრძოლის ველი" იქ გადაეტანა. გადაწყვეტილება უცებ მიიღო, ამაყად წამოიმართა ადგილიდან და ტანის ნარნარი რხევით დაიძრა მამაკაცისკენ, მაცდუნებელი ღიმილი აიფარა სახეზე.

- ასე ადრე არ გელოდი, მეგონა, საღამოს გამომივლიდი, - კეკლუცად შეანათა თვალები გიგის.

მამაკაცს გაოცება გამოეხატა სახეზე. წუხანდელი საუბრის შემდეგ ასეთ შეხვედრას არ მოელოდა.

- პრივეტ, - ჩურჩულით თქვა სალიმ და ნაზად აკოცა გიგის ლოყაზე.

დაბნეულმა დირექტორმა მექანიკურად უპასუხა კოცნაზე კოცნით და გამჭოლი მზერა ესროლა ქალს. ნინიკოს ამ სცენის დანახვაზე სახე მოექცა, ქვედა ტუჩი აუკანკალდა სიმწრისგან.

- ოც წუთში გაკვეთილი მეწყება. იქამდე ხომ არ გავიდეთ გარეთ? - იმავე ტონით გააგრძელა სალიმ ლაპარაკი.

- გავიდეთ, - უარესად დაიბნა გიგი და გაოცებული მზერა ახლა ნინიკოზე გადაიტანა.

- წამო, - სალიმ ხელი გაუყარა მამაკაცს და კარისკენ უბიძგა.

- გიგი, მობრუნდები? - მიაძახა ნინიკომ, შექმნილი სიტუაციით გაწბილება რომ შეენიღბა.

- აუცილებლად გნახავ, - თავი მოაბრუნა გიგიმ და თვალი ჩაუკრა.

გარეთ სასიამოვნოდ აცხუნებდა მზე. ცხელი ნიავი თმაზე ელამუნებოდა სალის.

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - სიჩუმე პირველმა გიგიმ დაარღვია, - ასე უცებ რამ შეგცვალა?

- აბა რა გეგონა, იმათი თანდასწრებით სცენებს გაგიმართავდი ან შენ მოგცემდი ამის უფლებას?

- გველურად ნუ იქცევი, სალი, თორემ ინანებ.

- რას ვინანებ, რა გინდა ჩემგან? შეიძლება ძალად ურთიერთობა? რა ფასი ექნება ჩვენს ერთად ყოფნას, როცა არ მიყვარხარ? რატომ არ გინდა გაიგო?

- შეგიყვარდები, ამაში ეჭვიც არ მეპარება. იმ ღამეს ყველაფერი ისე კარგად გამოვიდა, რომ... შენ არ იყავი, სიამოვნებისგან რომ კრუსუნებდი? აუცილებლად შეგიყვარდები, თუ მოინდომებ.

- გეყოფა, გიგი, პატარა ბავშვივით იქცევი. შენი ხომ გაისწორე, ხომ მიაღწიე იმას, რაც გინდოდა, ახლა თავი დამანებე, შემეშვი. მე წესიერი ქალი ვარ და საყვარლის გაჩენას არ ვაპირებ. მე ქმარი მინდა მყავდეს, შვილი გავაჩინო, ოჯახი შევქმნა...

- მერე რა, ეგეც იქნება, ოღონდ ცოტა მაცალე.

- მოიცა, მოიცა, ზღაპრებს ნუ მიყვები, თუ კაცი ხარ! რომელი ოჯახის დამნგრევი შენ ხარ? მშვენივრად გაქვს აწყობილი ყველაფერი, მოსიყვარულე ცოლი გყავს, შვილები... ხომ ვიცი, რომ ქეთი ქვეყანას გირჩევნია და მის წინ მე არასდროს დამაყენებ. არც მინდა, რომ იცოდე. არანაირი სურვილი არა მაქვს. მე ჩემს გზას როგორმე ვნახავ, შენ შენსას მიხედე. ბოლოს და ბოლოს, თუ საყვარელი გინდა გყავდეს, ხომ ხედავ, ის ქალი რა დღეშია შენს დანახვაზე, ვენებს იჭრის. ჰოდა, იყოლიე, გადასარევად ააწყობთ ურთიერთობას.

- ვინ ქალზე მელაპარაკები, ნინიკოზე? გესმის, რას ამბობ? სალი, ნუ მაბრაზებ და მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ. ცხოვრებაში სხვა ქალზე არ მიფიქრია. ცხოვრებაში ქეთის გარდა არავისთვის შემიხედავს სხვანაირად. შენ კი... შენ არ ვიცი, რითი დამაბი ასე, მაგრამ ის ვიცი, რომ მსგავსი არაფერი განმიცდია, ქეთისთანაც კი.

- ქეთისთანაც კი... - გამოაჯავრა სალიმ, - ძალიან კარგადაც განგიცდია, მაგრამ უკვე დაგავიწყდა, რადგან მე შენთვის ახალი ხილი ვარ და ახლებურად მოგეძალა ვნებები, მაგრამ ამას გულის კარნახით არ აკეთებ, ეს მხოლოდ გატაცებაა და სხვა არაფერი. გავა დრო და ამაში თავად დარწმუნდები. მერე კი მიმატოვებ და ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდები. ეგ ყველაფერი კარგად ნაცნობია ჩემთვის.

- შენ რა იცი, მე რას განვიცდი და რა იქნება ხვალ და ზეგ? რატომ გგონია, რომ ვნებათაღელვა მამოძრავებს მხოლოდ? ადამიანთა გრძნობების მთავარი სამიზნე გულია. ჰოდა, მეც გულმა მიკარნახა შენი სიყვარული, ვნება აქ არაფერ შუაშია. დარჩი ჩემთან და ნახავ, სანამდე გაგრძელდება ჩემი სიყვარული.

- ვერა, ვერ დავრჩები, გამორიცხული ამბავია. ძალით შეყვარება არ შეიძლება, გიგი, ხომ გითხარი, სხვა მიყვარს-მეთქი. რად გინდა, შენს გვერდით ვიწვე და სხვა მამაკაცზე ვფიქრობდე? შენ ეს გაგიხარდება?

- ესე იგი, დუდუ გიყვარს, არა? ესე იგი, არ მოგიტყუებივარ მაშინ? აკი...

- არ მომიტყუებიხარ, მიყვარს და მის გარდა სხვას ვერ შევიყვარებ. რა ვქნა, გულს ხომ ვერ ვუბრძანებ, რა გიყო, მითხარი.

- მერე? იმან იცის?

- არა, არ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს ალბათ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შეიძლება მთელი ცხოვრება გიყვარდეს ვიღაც, შენთვის იდეალს წარმოადგენდეს, მაგრამ ვერასდროს შეწვდე. ილუზიური სიყვარულიც ხომ არსებობს?

- ილუზიური... ადრე ამას პლატონურს ეძახდნენ.

- პლატონური სხვაა, ერთმანეთში ნუ აურევ. პლატონური სექსს ფიქრებშიც კი გამორიცხავს, ილუზიური კი - არა. ამ დროს ყველაფერი მოსულა, იმაზე მეტიც კი, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს.

- კარგი, დავუშვათ, გაიგო დუდუმ შენი სიყვარულის ამბავი და იმასაც გაუჩნდა შენ მიმართ გრძნობა. მერე სად მიდიხარ? როგორ გგონია, ჩვენს ამბავს რომ გაიგებს, მოუნდება შენთან ურთიერთობა? ხომ არ გავიწყდება, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ? ძმაკაცის ქალთან დუდუ რომანს არ გააბამს, ეს იცოდე!

- გიგი, მე შენთან ჩემი ნებით არ დავწოლილვარ, ხომ ასეა? ჩვენ სექსი სიყვარულით არ გვქონია, შენ შენი სიძლიერით ისარგებლე. ამას ვერ უარყოფ. ამიტომ მე შემიძლია თავის მართლება, თუმცა სულაც არა მაქვს იმის იმედი, რომ მე და დუდუ ოდესმე ერთად ვიქნებით. ეს ილუზიაა და მეტი არაფერი.

- იცოდე, თუ მსგავსი რამის მცდელობა მაინც იქნება, მე ჩავშლი თქვენს ერთიერთობას, - თითქმის იყვირა გიგიმ.

- შენ ამას ვერ იზამ და თუ დააპირებ, იცოდე, ოჯახს დაგინგრევ. მივალ ქეთისთან და ყველაფერს ვეტყვი. გასაგებია?

- მემუქრები?

- არ გემუქრები, გაფრთხილებ. მე ძალიან საშიში ქალი ვარ, - თითი ცხვირწინ დაუქნია სალიმ მამაკაცს, - ახლა გატრიალდი და წადი ისე, რომ უკან არ მოიხედო. ნინიკოს ნახვა თუ გინდა, დაურეკე და მერე შეხვდი, იქ მიბრუნება არც იფიქრო. მე წავედი, - მედიდურად თქვა სალიმ, დემონსტრაციულად შებრუნდა და ოფისისკენ გაემართა...

 

 

ბოლო ხანებში დუდუს ხასიათი შეეცვალა. ამის მიზეზი გიგისთან მისი ურთიერთობის გაფუჭება იყო. ვერ ხვდებოდა, რას ერჩოდა ძმაკაცი, რატომ გაირბინა მათ შორის შავმა კატამ. რამდენჯერმე სცადა დალაპარაკებოდა, მაგრამ გიგი გაურბოდა მასთან საუბარს. ერთ მშვენიერ დღეს კი გამოუცხადა, ჩემს წილს ავიღებ და ცალკე გავალ, დამოუკიდებლად მინდა ბიზნესი ვაწარმოო.

- ანუ ერთმანეთის კონკურენტები უნდა გავხდეთ? რას ნიშნავს გიგი, ეს ყველაფერი, რა ხდება ჩვენ შორის? - დაინტერესდა დუდუ.

- არაფერი ისეთი, უბრალოდ, მომბეზრდა სხვის კმაყოფაზე ცხოვრება, მინდა საკუთარ თავს თვითონ მივხედო, - გიგი მეგობარს თვალს ვერ უსწორებდა.

- არა, ასე არ გამოვა. ვხვდები, რომ რაღაცაზე დაბოღმილი ხარ. იქნებ რამეს ისე ვერ ვაკეთებ. იქნებ სადმე შეცდომას ვუშვებ და ვერ ვხვდები. რა საჭიროა ასეთი მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი? სხვის კმაყოფაზე ცხოვრებაში რას გულისხმობ? რატომ ხარ სხვის კმაყოფაზე, მე რამით გზღუდავ? რამეს გიმალავ? შემოსავალი არ გყოფნის? იქნებ გგონია, რომ მე ჯიბეში ზედმეტ მოგებას ვიდებ?

- არა, ძმაო, რა ეჭვები გაწუხებს, ასე ერთი წამითაც არ მიფიქრია. ხომ მაქვს უფლება, ჩემთვის ვიყო, როგორც გამიხარდება ისე მოვიქცე, რა არის ამაში საწყენი?

- არც არაფერი, პირიქით, იქნებ უკეთესიც იყოს შენთვის. ეგ შენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, არ მომწონხარ ამ ბოლო დროს, ასე მგონია, ჩემზე ნაწყენი ხარ. თუ რაღაც ხინჯი არსებობს ჩვენს ურთიერთობაში, ჯობია გაირკვეს და მერე არ გახდეს სალაპარაკო. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ... რატომღაც ძველებური ურთიერთობა არა გვაქვს, მიზეზს კი ვერ ჩავწვდი. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ. იქნებ რამის ახსნა არის საჭირო?

- არა, არაფერი. ერთადერთი ის არის, რომ მე შევიცვალე. თუ არის საშუალება, ჩემი წილი მივიღო, მომეცი და საქმიდან გავდივარ. თანახმა ხარ?

- კარგი, შენი ნებაა. რა უფლება მაქვს, რამე დაგიშალო. დღესვე ვეტყვი იაკოს, წლიური ანგარიში მოიტანოს, დავაჯამოთ რაც გვიკეთებია და... მერე შენ იცი, - მხრები აიჩეჩა დუდუმ.

გიგიმ ცივი მზერა ესროლა ბავშვობის მეგობარს, ორივე ხელი ასწია დამშვიდობების ნიშნად და კაბინეტიდან გავიდა. დუდუ ფიქრებს მიეცა. სადღაც, გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ეს პრობლემა სალის უკავშირდებოდა, მაგრამ თუ სალის დაეჯერებოდა, მათ შორის არაფერი ხდებოდა. თუნდაც ასე ყოფილიყო, რა შუაში იყო დუდუ? მას ხომ სალისთან არც რომანი ჰქონდა და არც სიახლოვე? მხოლოდ ერთხელ ნახა და ერთხელაც დაურეკა, სულ ეგ იყო. მაშინ რატომ გაჩნდა ბზარი მეგობრებს შორის? ისინი ხომ ღრმა ბავშვობიდან მოდიან ერთად, როგორც იტყვიან, ერთი თეფშიდან ჭამდნენ, ერთად იზრდებოდნენ, სკოლა, ქუჩა, ინსტიტუტი, სამსახური, მშობლები, ცოლები... ყოველთვის კეთილგანწყობა სუფევდა მათ შორის. ახლა რა შეიცვალა? ან კი... შეიძლება ქალის გამო მამაკაცებმა ერთმანეთი დაკარგონ? მით უმეტეს, ისეთი ქალის გამო, რომელთანაც დუდუს თითქმის არაფერი აკავშირებს? მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ გიგი ეჭვიანობს? ხელჩასაჭიდი ხომ არაფერი აქვს? ეს ხომ ბავშვობაა, პატარა ბიჭებიც კი არ იქცევიან დღეს ასე. დაიჯეროს დუდუმ, რომ გიგი ამ დონეზეა შეყვარებული? თან ამისთანა ცოლის პატრონი? ქეთი ნათიას კი არ ჰგავს, არაჩვეულებრივი ადამიანია. არა, ხვალ, როცა საქმიან ლაპარაკს მოამთავრებენ, აუცილებლად დაელაპარაკება. სანამ უნდა გაგრძელდეს ასე?

მეორე დღეს, საღამოხანს, იამ ყველა საბუთი გამზადებული შეუტანა დუდუს და ანგარიშიც "ჩააბარა". პრეზიდენტმა გიგი დაიბარა და საქმის კურსში ჩააყენა. არსებული ვითარებით, დირექტორს სერიოზული თანხა ერგებოდა, მოგებას ძმაკაცები თანაბრად იყოფდნენ.

- თუ არის ამ თანხის გატანა შესაძლებელი, მირჩევნია, დღესვე მოვხსნა ანგარიშიდან და წავიდე, მხოლოდ ერთი რამ მინდა იცოდე, შენი კონკურენტი არ გავხდები, მე სულ სხვა ბიზნესის გაკეთებას ვაპირებ, - დამნაშავესავით თქვა გიგიმ.

- ეს შენი უფლებაა, ძმაო, რაც გაგიხარდება, ის აკეთე, მე ვერ დაგიშლი, ძალიანაც რომ მოვინდომო. ამ საქმის წამოწყების იდეა ორივეს გვეკუთვნის, ამიტომაც შეგიძლია გააგრძელო, თუ სურვილი გექნება. მე ნაწყენი არ დავრჩები, რა სისულელეა. თანხას ალბათ ხვალვე ჩაგაბარებ, თუ ბანკმა არ გამიჯანჯლა. ერთად წავიდეთ და შენ თვითონ დაესწარი ყველა პროცედურას. რასაც ხელზე ვერ აიღებ, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და როცა იქნება, მაშინ წაიღო, ხომ იცი.

- გასაგებია, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, - გიგიმ წასვლა დააპირა.

- მოიცა, ერთი წუთით, სალაპარაკო მაქვს.

- კიდევ არის რამე?

- ჰო, არის და უფრო მნივშნელოვანი, ვიდრე ფულია. რა არის შენი გვერდზე გადგომის მიზეზი, პირველ რიგში ეს მაინტერესებს. სალის გამო ხომ არა? პირდაპირ მითხარი, არ დამიმალო.

გიგის ჩრდილმა გადაუარა სახეზე.

- სალი რა შუაშია? ვინ გითხრა, რომ ეს ყველაფერი მის გამო ხდება?

- არც არავინ, უბრალოდ, მე ვიფიქრე ასე. შენ მასთან თუ რამე გაკავშირებს, შემიძლია დაგამშვიდო. ეგ ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რაც აქედან წავიდა, მას შემდეგ არც მინახავს და არც მილაპარაკია, - ისე გულწრფელად წარმოთქვა დუდუმ, რომ თავისი ნათქვამი ტყუილი ლამის იყო, თვითონაც დაიჯერა.

- აბსურდია, რასაც ამბობ. არც მე მაკავშირებს მასთან არაფერი. დიდი ხანია, დავივიწყე ის ამბავი. ვიღაც მდივნის გამო შენი დაკარგვა არც მიფიქრია. გარდა ამისა, მე ცოლი მყავს და თავს მშვენივრად ვგრძნობ ჩემს ოჯახში. ხოლო რაც შეეხება გამრთობ ქალებს, როგორმე არ დავიკლებ, თუ მომინდება. მაგის მეტი რა არის, სურვილი იყოს, თორემ აქეთ შემომეხვეწებიან. არანაირი მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ, მინდა ჩემთვის ვიყო, მორჩა და გათავდა.

- აგაშენა ღმერთმა, მეც ეგ მინდა, სხვა არაფერი. როგორც გინდოდეს, გიგი, შენი ნებაა, მაგრამ თუ ოდესმე უკან დაბრუნება მოგინდეს, იცოდე, რომ მე ყოველთვის მიგიღებ, გეფიცები, - გულზე ხელები დაიდო დუდუმ და თბილად შეხედა მეგობარს.

- გაიხარე, დიდი მადლობა. ამის იმედი ყოველთვის მექნება, მაგრამ არა მგონია, ეგ ნაბიჯი გადავდგა.

მაინც ცივად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. გიგი გავიდა თუ არა, დუდუს გარშემო თითქოს სამყარო დაცარიელდა, იგრძნო, რომ რაღაც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი მოაკლდა, თითქოს ცხოვრების საუკეთესო ნაწილი წაართვეს, ამოუგლიჯეს გულიდან... საზურგეზე გადაწვა, ღრმად ამოიოხრა და თვალები ჭერს მიაპყრო შეფიქრიანებულმა.

 

***

სალი ძველებურად აგრძელებდა მუშაობას. თანამშრომლებთან თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი, გამარჯობა-ნახვამდის - ამით ამოიწურებოდა მისი ურთიერთობა ავთანდილთანაც და ქალებთანაც. სამაგიეროდ, გაათმაგებული მონდომებით მუშაობდა მოსწავლეებთან. ნინიკოს ზედაც არ უყურებდა, არც ესალმებოდა და არც ემშვიდობებოდა. ჩუმად იჯდა, თავისთვის, "ეკოლოგიურად დაბინძურებულ კუთხეში", მაშინაც კი, როცა გაკვეთილი არ ჰქონდა ჩასატარებელი და პროგრამებს არჩევდა კომპიუტერზე. რამდენიმე რუსული გამოცემა შეიძინა, რომ უფრო გაეფართოებინა ცოდნა და ნინიკოს დაკვალიანება არ დასჭირვებოდა. ერთი პერიოდი ისიც კი გაიფიქრა, დუდუს დავურეკავ და იქნებ ნისიად ერთი კომპიუტერი ვიყიდო მისგანო, მაგრამ ბოლო წუთებში თავი შეიკავა - შეიძლება ფული არც გამომართვასო და ამაზე ფიქრს დროებით შეეშვა.

დუდუსგან არაფერი ისმოდა, არც ურეკავდა და არც მესიჯებს უგზავნიდა. სალი ხვდებოდა, რომ მამაკაცი ამჯერად მისგან ელოდა ინიციატივას. მას კი ვერ გადაეწყვიტა, დაერეკა თუ არა მისთვის. მთავარი დაბრკოლება, რა თქმა უნდა, გიგი იყო. თუმცა იმ ბოლო შეხვედრის შემდეგ გიგი სალის არ შეხმიანებია. ახლოსაც არ ეკარებოდა, თითქოს სამუდამოდ ამოირეცხაო გულიდან. სალის ეს უხაროდა, მაგრამ მაინც ეშინოდა - არ იცოდა, როგორ მოუტრიალდებოდა გიგის დუმილი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული და როდის რას მოიმოქმედებდა. ავთანდილი? იგი სათოფეზე არ ეკარებოდა სალის, თითქოს არც არსებობდა, თითქოს არც მუშაობდა მის ოფისში. დილით რომ შემოვიდოდა, საერთო გამარჯობას იტყოდა, ცალი თვალით გადახედავდა თანამშრომლებს და თავის კაბინეტში შეიკეტებოდა. ისე, ბოლო ხანებში იშვიათად რჩებოდა ოფისში, თუ მოვიდოდა, მალევე ტოვებდა იქაურობას და შეიძლებოდა დღე ისე გასულიყო, არც მობრუნებულიყო უკან. სალის გულში ეცინებოდა, უფროსს რომ დაინახავდა. სძულდა იქაურობა, ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა აქედან, მაგრამ ჯერჯერობით ეს გამორიცხული იყო. ჯერ ერთი, აუცილებლად სხვა სამსახური უნდა ეშოვა, მეორეც - ახლა მისი წასვლა სრულ დამარცხებას ნიშნავდა, ამიტომაც აგრძელებდა მუშაობას. მის იქ ყოფნას მხოლოდ ერთი სიკეთე მოჰქონდა - ამ ხნსი განმავლობაში ცოდნა გაიღრმავა და ისეთ დონეზე დაეუფლა კომპიუტერს, ნებისმიერ ადგილას შეეძლო მუშაობის დაწყება. რამდენიმე "სივიც" გააგზავნა კომპიუტერულ საიტებზე გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე და პასუხსაც ელოდა, თუმცა ჯერჯერობით არ მოსვლია. მიუხედავად ამისა, სალი იმედს არ კარგავდა, თავისი იღბლიანობის იმედი ჰქონდა. მართალია, გამორჩეული ნიჭი არაფრის ჰქონდა, ყველაფერში საშუალო იყო, მაგრამ მისი მთავარი იარაღი ის ქალური ხიბლი გახლდათ, რითაც ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას შეძლებდა. ამიტომაც, თუ "სივებით" არაფერი გამოუვიდოდა, მერე პირადად გამოცხადდებოდა თითოეული ფირმის უფროსთან და თავისი მოხდენილობით შეეცდებოდა სამსახურის "დათრევას". დარწმუნებული იყო, რომ ამას ნამდვილად შეძლებდა.

 

გაგრძელება