იისფერი ჰორტენზიები (19) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (19)

იმასაც ამბობდნენ, გიგის მადა გაეზარდა და მეგობარს წილის გაზრდა მოსთხოვაო. თავდაპირველად დუდუ ამაზე ბრაზდებოდა, მაგრამ მერე და მერე ხელი ჩაიქნია, არაფრის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერავის ვერაფერში დააჯერებდა. იმის გამო, რომ თანამშრომლებს კიდევ ახალი ჭორი არ გამოეცხოთ, დირექტორის თანამდებობა საერთოდ გააუქმა და მარტომ გააგრძელა საქმეების მართვა. ახლა უფრო ნაკლებად რჩებოდა თავისუფალი დრო, მეტწილად ოფისში უნდა ყოფილიყო, რომ ყველა დეტალისთვის სათანადო ყურადღება მიექცია. გვიან ღამით ამთავრებდა მუშაობას და შინ დაღლილ-დაქანცული მიდიოდა. იქაც, გამოკეტილ სახლში, არავინ ხვდებოდა. ცოლს საბოლოოდ გაშორდა, მისი სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა. კვირაში ერთხელ თუ ავიდოდა ნათიას მშობლებთან, რომ ბავშვი ენახა, ჩამოიყვანდა, რამდენიმე საათით გაასეირნებდა და ისევ უკან მიჰყავდა. რა თქმა უნდა, ფინანსურად ეხმარებოდა ცოლ-შვილს, ამაში ფული არც არასდროს ენანებოდა.

ერთ დღეს, როცა მორიგი საქმიანიშეხვედრიდან ბრუნდებოდა, სანაპიროზე ყვავილების მაღაზიას მოჰკრა თვალი. უცებ რაღაც გაახსენდა, დაამუხრუჭა მანქანა, ცოტათი უკან დახია და ზედ იმ მაღაზიას მიაყენა. შუშის კარს მიღმა ათასნაირი ლამაზი ბუკეტი იყო გამოფენილი.

- გისმენთ, რით დაგეხმაროთ? - სანდომიანი სახის ახალგაზრდა გოგონა შესასვლელთან შეეგება.

- ერთი შეკითხვა მაქვს, თუ თავს არ შეგაწყენთ, - მომბილავად გაუღიმა დუდუმ გოგონას.

- მითხარით, აქ ამისთვის ვართ, - გოგონამ მაღაზიის სიღრმეში ყვავილებთან მოფუსფუსე ქალისკენ გაიხედა, რითაც დუდუ მიახვედრა, რომ მარტო არ იყო.

- ჰორტენზიები თუ გაგიგიათ, გოგოებო? - იკითხა დუდუმ და ჯიბეში ხელჩაყოფილმა გასაღებების აცმა ააჩხრიალა.

- როგორ არ გაგვიგია, თქვენ რისი გაგება გნებავთ?

- გაქვთ აქ ასეთი ყვავილი?

- იცით... ახლა არა გვაქვს, იმიტომ, რომ ჰორტენზია ივნისის ბოლოს იწყებს აყვავებას, თუმცა... ერთი წუთით მოიცათ, ნუცა, ნუციკო! - გასძახა გოგონამ მეორე ქალს, - ის ქოთნის ჰორტენზია რომ გვქონდა, გაიყიდა?

ნუცამ პასუხი დააყოვნა, ყვავილებს თავი დაანება და ნელი ნაბიჯებით გამოემართა მოსაუბრეებისკენ.

- რომელი, თეთრი?

- ჰო, თეთრი. რაღაც არ მახსოვს, გაყიდულიყო, მაგრამ თვალშიც არ მომხვედრია.

- მგონი, დაბლა უნდა იყოს, სარდაფში. ვნახო?

- თუ არ შეწუხდებით, გოგონი, დიდად დამავალებთ, - შეეხვეწა დუდუ.

ნუციკო გატრიალდა, დუდუმ კი იატაკზე მიმოფენილ ლარნაკებს დაუწყო თვალიერებდა, რომლებშიც ნაირ-ნაირი, ბრჭყვიალა ქაღალდებში გახვეული ულამაზესი თაიგულები იწონებდა თავს.

- სიმართლე გითხრათ, ბევრი ყვავილი არც ვიცი. ვარდი გამიგია, მიხაკი, ტიტა, იები და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ჰორტენზიები არ ვიცი რომელია და მომკალი, თუ გინდა. რას არ მოიგონებთ ეს ქალები.

- მეუღლისთვის გინდათ?

- არა, ცოლი არ მყავს. ერთი ლამაზი ქალბატონისთვის მინდა. მაინცდამაინც ჰორტენზიები მომართვიო, აუჩემებია, თანაც იისფერს ითხოვს. გაფიცებ ყველაფერს, როგორი ყვავილია, იქნებ ამიწერო მაინც? - უცებ შინაურულად მიმართა დუდუმ გამყიდველს.

- როგორ გითხრათ, ფუმფულა ყვავილია, ბუჩქივით იზრდება, სულ დაახლოებით სამი ფერისაა - იისფერი, ვარდისფერი და თეთრი, შერეული შეფერილობისაც არსებობს. აი, ასეთი ბურთივით ფორმა აქვს, - გოგონამ ოდნავ გაშლილი თითები ერთმანეთს მიადო და ასე მოხაზა ყვავილის ფორმაც და ზომაც.

- თქვენთან იყიდება ხოლმე?

გოგონამ ტუჩები მომუწა ყოყმანის ნიშნად.

- სიმართლე გითხრათ, უცებ ჭკნება და ამიტომ ვერიდებით მის შემოტანას. ისე, თუ შეგვიკვეთავენ, უარს არასდროს ვეუბნებით კლიენტს. მისი ჩამოტანა პრობლემა არ არის, თუ ამის სურვილი ვინმეს ექნება.

- ანუ ივლისის დასაწყისში რომ მოვიდე თქვენთან და შეკვეთა მოგცეთ, არ გამაწბილებთ? - ეშმაკურად გაუღიმა დუდუმ.

- რას ამბობთ, კლიენტის სურვილი ჩვენთვის კანონია, გაუჩენელს გაგიჩენთ, - არც გოგონა დარჩა ვალში და მანაც კეკლუცად გაიღიმა.

მეორე გამყიდველი მალე გამოჩნდა. ხელში თიხის ქოთანში ჩარგული თეთრი ყვავილი მოჰქონდა.

- აკი ბურთის ფორმა აქვსო? ეს რაღაც პატარა მეჩვენება, - გაკვირვება ვერ დამალა დუდუმ.

- ეს ქოთნისაა, სპეციალურად გამოყვანილი ჯიშია. მინდვრის პირობებში დარგული და ველური ჯიშები სულ სხვანაირია. ეს სასათბურე ვარიანტია, როგორც ჰოლანდიური ტიტები. ხომ ხვდებით, რომელზეც გეუბნებით?

- კი, როგორ არა. ამასაც არა უშავს, მე მგონი, უფრო მდიდრულიც არის. ყოველი შემთხვევისთვის, შევიძენ, იმას თუ არ მოეწონება, ჩემს ბინას მაინც ხომ დაამშვენებს, - გაიცინა დუდუმ და ყვავილს ოდნავ შეეხო. ნაზი, ხაოიანი მცენარე იყო, სასიამოვნოდ პრიალებდა.

- რა ღირს ეს სიამოვნება?

- თქვენთვის ოცი ლარი, - ისევ გაეკეკლუცა გამყიდველი.

- მეტი არა, კაცო? რატომ ასე იაფად? - გაიშაყირა დუდუმ და ჯიბეზე გაიკრა ხელი, - ვიყიდი, რა თქმა უნდა.

- ოცდაათ ლარზე ნაკლებად არ გაგვიყიდია, ბევრი გვქონდა. ამასაც იმიტომ გაძლევთ ასეთ ფასში, რომ ეს ბოლოა, მეტი აღარ გვაქვს, - ახლა ნუციკომ გამოიდო თავი.

დუდუმ ჩაიცინა, მისთვის ნაცნობი იყო ასეთი ფრაზები, ბევრჯერ გაუგია გამყიდველებისგან. ალბათ მას აქვს მდიდარი კაცის გამოხედვა, ისეთის, ფული რომ არ ენანება არაფერში, რომელსაც შევაჭრება არც უყვარს და არც შეუძლია. ორმოცდაათლარიანი მიაწოდა ნუცას.

- ვაიმე, ამის ხურდა რომ არ მაქვს? ახლახან ჩავაბარე ფული. ცოტა ხანს დამელოდეთ, გავალ და დავახურდავებ, ახლავე დავბრუნდები, - ნუცა თითქმის სირბილით გავიდა მაღაზიიდან.

- საიდან მოგაქვთ ეს ყვავილები? - ჰკითხა დუდუმ მეორე გამყიდველს.

- ძირითადად ჰოლანდიიდან, - თვალიც არ დაუხამხამებია გოგონას, ისე უპასუხა.

- კაი ახლა, დედას გაფიცებ, არ მომატყუო, - თვალები მოხუჭა დუდუმ და ისე გახედა გოგონას.

გამყიდველი გაწითლდა, მაგრამ წარბი არ შეუხრია.

- არ გატყუებთ, მართლა ასეა. აქაც არის მეურნეობები, თბილის ზღვაზე, ისინიც გვამარაგებენ, მაგრამ აი, უცხოს რასაც ხედავთ, ნამდვილად ჩამოგვაქვს.

- თუმცა რა, ისეთი ფასები ადევს, დაუჯერებელი არც არაფერია, - დაეთანხმა დუდუ.

ამასობაში ნუციკოც დაბრუნდა და ოცდაათი ლარი ჩაუთვალა კლიენტს.

დუდუ ღიმილით დაემშვიდობა ორივეს და შეიპირა, რომ ივლისის დასაწყისში აუცილებლად მისცემდა მაღაზიას იისფერი ჰორტენზიების შეკვეთას.

 

***

სალიმ ბევრი იყოყმანა, ძალიან ბევრი, მაგრამ ბოლოს მაინც არ მოუთმინა გულმა და მესიჯი გაუგზავნა დუდუს.

"როგორ ხარ?"

გვიანი ღამე იყო, დუდუ ტელევიზოს უყურებდა სავარძელში თბილად მოკალათებული. დიდი ხანია, ამ მესიჯს ელოდა, სიმართლე რომ ითქვას, მოუთმენლადაც ელოდა. უკვირდა კიდეც, რატომ აჭიანურებდა უცნობი ქალი წერილის გამოგზავნას და პასუხიც არ დააყოვნა.

"მე კარგად, მაგრამ შენ სად დამეკარგე?"

სალი: "რა ვიცი, ხომ გამაფრთხილე, სანამ მზად არ იქნები, არ შემეხმიანოო?"

დუდუ: "მერე? რა გადაწყვიტე, მზად ხარ?"

სალი: "არა, მაგრამ ვერ გავძელი. იმედია, მაპატიებ".

დუდუ: "ამჯერად გაპატიებ, რადგან არ ვარ შენგან უყურადღებობას მიჩვეული. გარდა ამისა, მინდა გითხრა, რომ შენი საყვარელი ყვავილი შევიძინე".

სალი: "რომელი ყვავილი?"

დუდუ: "ჰორტენზია, რა თქმა უნდა".

სალი: "მატყუებ. ჰორტენზია ახლა არ ყვავის".

დუდუ: "ეს ოთახის ჰორტენზიაა, სპეციალური ჯიში. როგორც ჩანს, გამიმართლა, რომ ასეთიც არსებობს. ხომ ხედავ, მაინც ვიშოვე, მაგრამ თეთრია, იისფერი არ არის".

სალი: "და ამით რისი თქმა გინდა, რომ მე შენთვის რაღაცას წარმოვადგენ?"

დუდუ: "რომ დაგირეკო, მიპასუხებ? არ ჯობია, ერთმანეთს ადამიანურად დაველაპარაკოთ?"

სალი: "არა, არა, გთხოვ. ჯერ არა, ასე მირჩევნია".

დუდუ: "რატომ, რატომ? მე შენ მართლა გიცნობ, როგორც ვატყობ, თორემ ამაზე უარს არ იტყოდი. ასეა?"

სალი: "არ არის ასე, ცდები".

დუდუ: "მაშინ რა გვიშლის ხელს?"

სალი: "მაქვს მიზეზი, ახლა ვერ გეტყვი, ცოტა კიდევ უნდა მაცალო".

დუდუ: "მგონი აჯობებს, ცოტა დააჩქარო, თორემ შესაძლებელია, სხვა შემიყვარდეს. გაიგე? იმას ვიცნობ მაინც, შესახედავად ვიცი როგორიცაა, შენ კი აჩრდილივით მივლი გარშემო. ხანდახან მგონია, ვირტუალური ქალი ხარ, გამოგონილი და სადღაც კოსმოსიდან მიგზავნი სიგნალს".

სალი: "არ გამცვალო სხვაში, მე ამას ვერ გადავიტან".

დუდუ: "მაშინ დამენახვე. იქნებ ძალიან მახინჯი ხარ?" - და დუდუმ ღიმილის ნიშანიც მიაყოლა მესიჯს.

სალი: "მერწმუნე, როცა მნახავ, აუცილებლად მოგეწონები, იმიტომ, რომ მე ვიცი შენი გემოვნების ქალი როგორიცაა. ის ვიღაცა არ ვიცი, როგორია, მაგრამ გული მიგრძნობს, ჩემზე უკეთესი ვერაფრით იქნება", - და სალიმაც გაუგზავნა ღიმილის ნიშანი.

დუდუ: "უფრო და უფრო მაგდებ ინტერესში, მაგრამ იცოდე, ბევრს არ მოგითმენ. კიდევ ერთ კვირას გაცლი, თუ არადა, შენი გრძნეული მესიჯები ძალას დაკარგავს. ავდგები და იმ "ვიღაცას" ავუხსნი სიყვარულს. ის უკვე ელოდება ჩემგან ამას და რომ იცოდე, მგონი მეც მზად ვარ ამის გასაკეთებლად".

სალი: "ის როგორია?"

დუდუ: "ძალიან ლამაზია, უაზროდ ლურჯი თვალები აქვს. შენ გაქვს ასეთი თვალები?"

სალი: "მაქვს... უკეთესი".

დუდუ: "სანამ არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ. მაშ ასე, ზუსტად ერთ კვირაში დამიმესიჯე და მითხარი, სად გნახო. ახლა გემშვიდობები. გაუფრთხილდი შენს "უკეთეს" თვალებს, სხვას არ შეანათო მანამ, სანამ მე არ ვნახავ".

სალი: "ის მხოლოდ შენთვის ანათებს და მხოლოდ შენთვის არის ასეთი უაზროდ ლურჯი. ძილი ნებისა, სანატრელო", - სალიმ მესიჯი გააგზავნა და უცებ შეჰკივლა - მიხვდა, რომ ბოლო მესიჯით საკუთარი თავი გაყიდა...

 

 

სალი აცახცახებული ელოდა დუდუს პასუხს. ამაოდ. შვებით ამოისუნთქა. "როგორც ჩანს, ვერ მიხვდა, ალბათ არც ჩაუფიქრდა, რა მივწერე", - სალიმ ღამის სიბნელეს კმაყოფილმა გაუღიმა და მობილური გამორთო, რათა სიმ-ბარათი გამოეცვალა. ცოტა ხანში დაურეკავს ყოფილ უფროსს და მოიკითხავს, თან სათხოვარიც აქვს, უმიზეზოდ ხომ არ შეაწუხებს "ხელმწიფის ტოლ" კაცს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიან იყო, მაინც დარეკა, თან ხმა, როგორც შეეძლო, გაინაზა.

- გამარჯობა, დუდუ.

- ო-ო-ო! სალის გაუმარჯოს, სალის! როგორ გვყავს ჩვენი ლურჯთვალება ლამაზი მდივანი? უკაცრავად, ახლა უკვე მასწავლებელი? - სიცილი გაისმა მობილურიდან.

- არა მიშავს, თავად როგორ გიკითხო? - სალის ღიმილი გადაეფინა სახეზე კომპლიმენტის მოსმენისას.

- ვუძლებთ, ჩემო კარგო, ვუძლებთ. რას მივაწეროთ შენი ზარი, როგორ წაგიცდა ხელი?

- რა ვიცი, ვიფიქრე, მოვიკითხავ-მეთქი, თან... ერთი პატარა სათხოვარი მაქვს, - შეყოყმანდა ქალი.

- ათი იყოს, ხომ იცი, შენი გულისთვის ცეცხლში გადავვარდები, - აშკარად კარგ ხასიათზე იყო "დუგის" პრეზიდენტი, - აბა, მითხარი რამ შეგაწუხა?

- რა მინდა და... კომპიუტერის ყიდვა გადავწყვიტე. ძალიან გთხოვ, სხვანაირად არ გამიგო, მაგრამ რაღა სხვასთან შევიძინო, როცა თქვენი ფირმა აქვეა?

- არა გრცხვენია? ჩათვალე, რომ ხვალ კომპიუტერი უკვე გექნება, რაზეა ლაპარაკი.

- ოღონდ ერთი პირობით.

- აბა, ახლა ზედმეტები არ გამაგონო! პირობებს აქ მე ვადგენ, იცოდე! - მამაკაცმა სალის სიტყვა შეატყვეტინა.

- არა, არა, შენ ვერ გამიგე. იცი? მე იმდენი საშუალება არა მაქვს, ამხელა ფული ერთბაშად გადავიხადო, ამიტომ ნელ-ნელა...

- გოგო, რას მეუბნები, უფიქრდები? შენ კომპიუტერი გინდოდეს და მე ფული გადაგახდევინო? რატომ მაყენებ შეურაცხყოფას?

- სხვანაირად არ მინდა, არავითარ შემთხვევაში! - კატეგორიულ უარზე დადგა ქალი.

- ნუ მაბრაზებ, თორემ იცი, რას ვიზამ? - უცებ იდუმალი ხმა გაუხდა დუდუს.

- რას? - სალიმ ვნების მოზღვავება იგრძნო.

- რას და... ყურზე გიკბენ, იცოდე... თანახმა ხარ? - ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა დუდუმ.

- მიკბინე, - ჩურჩულით აღმოხდა მიბნედილ ქალს.

წამიერი დუმილი ჩამოვარდა. როგორც ჩანს, დუდუსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სალის სიტყვები.

- სადა ხარ? - სიჩუმე დუდუმ დაარღვია.

- სახლში, შენ?

- მეც და ტელევიზორს ვუყურებ. ახლა ამწუთას რას ვინატრებდი, თუ იცი?

- არ ვიცი.

- აქ რომ იყო, ჩემ გვერდით. და იცი, რას ვიზამდი?

- ყურზე მიკბენდი, - კეკლუცად გადაიკისკისა სალიმ.

- მართალი ხარ, ჯერ ყურზე გიკბენდი, მერე კი... შიშველ კისერზე გაკოცებდი, თმის ძირას.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. "მოდი მერე, ვინ გიშლის", - გაიფიქრა ქალმა.

- რა იყო, ხომ არ გეწყინა? - ფრთხილად იკითხა დუდუმ.

- არა, უბრალოდ, წარმოვიდგინე.

- მერე?

- შენი სუნთქვაც კი ვიგრძენი. ვიცი, ამ დროს როგორ სუნთქავ, - ისევ ჩურჩულზე გადავიდა სალი.

- საიდან იცი, ერთი მითხარი, ეს რაღაც ძალიან საინტერესოა.

- იქიდან, ყავა რომ გადმომესხა... - გაახსენა მამაკაცს საბედისწერო შემთხვევა.

- ჰო-ო-ო... ის მართლაც ტკბილ-მწარე დღე იყო, არ დაგიმალავ. თუმცა ახლა მხოლოდ სასიამოვნოდ მაგონდება, რომ იცოდე.

- მეც.

- შენ კარგი გოგო ხარ, სალი, ძალიან კარგი და მაგრად მევასები, თუ დამიჯერებ.

- მჯერა.

- არ გინდა შევხვდეთ ერთმანეთს? კომპიუტერის საკითხიც ბარემ შეხვედრის დროს მოვაგვაროთ, ვივაჭროთ, რა. ხომ უნდა იცოდე, რამდენად მოგყიდი, რამდენს გადაგახდევინებ... - გაიხუმრა მამაკაცმა.

- რა ვიცი, რატომაც არა.

- როდის შეძლებ?

- როცა შენ იტყვი, შენთვის ყოველთვის მცალია.

- ხვალ რომ იყოს?

- კი ბატონო, იყოს, ოღონდ სამსახურის შემდეგ.

- აკი ყოველთვისო? გინდოდა გეთქვა, ყოველთვის სამსახურის მერე, არა?

- ჰო, დაახლოებით, - სალის გაეცინა.

- ვინმეს ხომ არ ვაწყენინებთ ამ შეხვედრით? - ჩაკრა ყოფილმა შეფმა.

- არა, არავის.

- კარგი, ასე იყოს, ჩემო თვალებხატულავ, ხვალ ხუთისთვის დაგირეკავ და იქვე, სამსახურთან ახლოს დაგიდარაჯდები სადმე, გამოსასვლელთან. თანახმა ხარ?

- თანახმა ვარ. კარგი მაშინ, აღარ შეგაწუხებ.

- როცა გაგიხარდება, მაშინ შემაწუხე. შენნაირი შემწუხებელი ღმერთმა მიმრავლოს. აბა, გკოცნი...

სალიმ მობილური გათიშა და კმაყოფილებისგან გაბრუებული საწოლზე გადაწვა. " როგორ მითხრა? გკოცნიო? რა კარგია", - სალი ვნებიანად გაიზმორა. ესეც ასე, პაემანიც დანიშნულია. რა ჩაიცვას? "როგორც ჩანს, დუდუ ვერ მიხვდა, მესიჯი მე რომ მეკუთვნოდა, თორემ რაღაცით მაინც მიმანიშნებდა. რა ჩავიცვა? ლურჯი კაბა თუ შარვალი და მაისური? არა, კაბა ჯობია. თუ რაღაცა და... უფრო მოხერხებულად მომეფერება..." ღიმილით გაიფიქრა და კვლავ გაიზმორა, მერე კი მკლავები საკუთარ მხრებს მოხვია, თითქოს ვიღაცას ეხუტებაო...

 

გაგრძელება