იისფერი ჰორტენზიები (21) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (21)

- რისი, ყავის? - გაიცინა სალიმ, მკერდი აუთახთახდა.

 

- ყავის, არომატული ბრაზილიური ყავის, - დაეთანხმა მამაკაცი.

ორივეს გაეცინა. მოულოდნელად კარზე ბრახუნი ატყდა. სალი შეკრთა, არც დუდუს დაადგა უკეთესი დღე.

- ვინ უნდა იყოს? ელოდები ვინმეს? - დუდუმ საწოლში წამოიწია.

- არა, არავის, - ხმა ჩაუწყდა სალის, ცუდმა წინათგრძნობამ დარია ხელი, წამოდგა და კარისკენ გაემართა შიშველი, სათვალთვალოში გაიხედა...

გაიხედა და წინათგრძნობამაც გაამართლა... კართან თავჩაქინდრული გიგი იდგა...

 

 

სალის თავზარი დაეცა. "ღმერთო, ოღონდ ახლა მიშველე, ოღონდ ახლა ნუ გააფუჭებ ყველაფერს", - გაიფიქრა სასოწარკვეთილმა სალიმ.

ბრახუნი განმეორდა. ისედაც შემცივნებულს ერთიანად შეაკანკალა. მუხლებმოკვეთილი უკან გამობრუნდა და სიბნელეში ჩასაცმელს დაუწყო ძებნა, ძლივს მიაგნო ხალათს და შიშველი მკლავები კანკალით გაუყარა.

- ვინ არის? - მშვიდად იკითხა საწოლში წამოწეულმა დუდუმ.

- გიგია, - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა.

- ვი-ინ? ამ შუაღამეს? - აღმოხდა დუდუს.

- ჰო, - მოწყვეტით უპასუხა სალიმ.

- აქა რა უნდა, იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა, რა ხდება? - დუდუ ჩაცმას შეუდგა.

- არ ვიცი, თვითონაც გაოგნებული ვარ, - სალის ტირილამდე არაფერი უკლდა, ქვედა ყბა უკანკალებდა.

- მოიცა, მე გავაღებ, - თითქოს უბრძანა მამაკაცმა, მაგრამ სალი მაჯაში ჩააფრინდა.

- არ გინდა, გეხვეწები, არ გააღო. ხმას რომ არ გავცემ, წავა აბა რას იზამს, მთვრალია, მაგის ნერვები არ მაქვს, გთხოვ, - ემუდარებოდა ქალი.

დუდუმ ფრთხილად მოიშორა მისი ხელი.

- არ გინდა ჩემი გამოჩენა? თუ ეს პრობლემებს შეგიქმნის... თუ გიტყდება, მაშინ... იქნებ მე შემთხვევითი სტუმარი ვარ შენს სახლში, იქნებ... თქვენი მყუდროება დავარღვიე?

- არა, არა, ეგ რა შუაშია. მეშინია, რამე არ დაგვიშავოს, ხომ გთიხარი, მთვრალია-მეთქი, დღეს სამსახურში დაბადების დღე იყო და...

- დაგვიშავოს? ვინ, გიგიმ? დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, - თქვა დუდუმ და დინჯი ნაბიჯებით გაემართა კარის გასაღებად.

კარზე ბრახუნი, რომელსაც შიგადაშიგ ზარის ხმა ცვლიდა, არ წყდებოდა.

- ახლავე, - ხმამაღლა დაიძახა დუდუმ და სიბნელეში კედელს მოუფათურა ხელი, ჩამრთველს ეძებდა. როგორც იქნა, იპოვა და შუქი აანთო.

სანამ კარს გააღებდა, უკან მოიხედა. სალი გაფითრებული სავარძელში ესვენა, ხელებით ხალათის კიდეები ეჭირა და განწირული მზერით შესცქეროდა დუდუს.

მამაკაცმა გასაღები გადაატრიალა და კარი ნელა გააღო. გიგიმ ამღვრეული თვალები უაზროდ შეანათა მეგობარს. დუდუს დანახვით გაოცებულმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მერე საჩვენებელი თითი გაიშვირა ძმაკაცისკენ და ოთახის სიღრმეში გაიხედა.

- უკაცრავად, სალი სახლშია? - ენის ბორძიკით იკითხა, თითქოს გასაკვირი არაფერი მომხდარიყოს.

- აქ რა გინდა ამ შუაღამისას? - დუდუ თავს ძლივს იკავებდა, ყელში არ წვდომოდა საქმიან პარტნიორს.

- ეგ კითხვა შენთვის უნდა დამესვა, დამასწარი, - სარკასტულად გაიცინა გიგიმ.

- ჰოდა, რადგან დაგასწარი, გამეცი პასუხი, - დუდუ სიმშვიდეს მაქსიმალურად ინარჩუნებდა.

- ჩემი ქალის სანახავად მოვედი და კიდევ... მორიგი რაუნდის ჩასატარებლად, - გიგიმ ისევ გაიცინა.

- გაიმეორე, რა თქვი?

- ეგ იმას ჰკითხე, აქ რაც მინდა, მე უკვე გაგეცი პასუხი და ახლა გამატარე, - მამაკაცმა დუდუს გვერდი აუარა და შინაურივით შეაბიჯა ჰოლში.

აცახცახებულმა სალიმ გიგის დანახვაზე თავი ასწია.

- არ იშლი შენსას, არა? ბოლომდე გინდა გამანადგურო, ხომ? - ტირილნარევი ხმით იყვირა ქალმა.

- ხომ გახსოვს, რასაც შეგპირდი, ხომ გახსოვს?! დაგავიწყდა, რაც გითხარი? მოუყევი ამას, რაც მოხდა ჩვენ შორის? არა? არა? მაშინ მე ვეტყვი. იცოდეს, კარგ ხასიათზე დადგება, - გიგიმ ხმას აუწია და მოღერებული მუშტი ცხვირწინ დაუტრიალა სალის.

- დუდუ, მოდი, ძმაო, აქ! - ახლა მეგობარს მიუბრუნდა გიგი, - ეს ქალი შენც გატყუებს, მეც და საერთოდ, მთელ ქვეყნიერებას ატყუებს. აი ამ საწოლში, ახლა სადაც შენ ნებივრობდი, შენამდე მე ვიწექი და ზუსტად ამ თეთრეულში, რომ იცოდე! - გიგის ყველა სიტყვა ჩაქუჩის დარტყმასავით ხვდებოდა სალის.

დუდუ გახევებული იდგა, ადგილიდან არ იძროდა, თვალს არ აცილებდა გიგის.

- დაამთავრე? - ჰკითხა ბოლოს წყნარი ტონით.

- დავამთავრე, მერე?

- ჰოდა, დაახვიე ახლა აქედან, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, - ტონი არ შეუცვლია მამაკაცს.

- ხვალ არ იქნება. რაც სათქმელი გვაქვს, ახლავე ვთქვათ, ხვალ და ზეგ არ ვიცი მე, - ხელი უმისამართოდ გაიქნია გიგიმ.

- წადი სახლში, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ხვალ დაგირეკავ და შეგხვდები. ასე აჯობებს, დამიჯერე, - დამრიგებლური ტონით დაუყვავა დუდუმ და მხარზე შეეხო.

- გაწი ხელი, შენი... შენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება! - უხეშად მოიშორა გიგიმ ძმაკაცის ხელი, - კარგია ლოგინში, არა? მოგეწონა? ჰა? მოგეწონა-მეთქი? ჰო, მეც შენსავით მომეწონა. თავიდან კი მეჭიდავა, მაგრამ მერე გაუსწორდა, თანაც მაგრად გაუსწორდა. გაიგე?

- ბოლოს და ბოლოს, წახვალ თუ არა? - დუდუ უკვე წონასწორობას კარგავდა.

- კარგი, წავალ, ამჯერად ხელს არ შეგიშლით, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. არ გაპატიებ, იცოდე. კარგად დაიმახსოვრე, ძმაკუშ - ეს ქალი ან ჩემი იქნება, ან არავისი.

- მაგ ქალს არ ეკითხები, თუ ჯერ სრულწლოვანი არ არის? - ირონიულად ჩაიცინა დუდუმ.

- ნუ ღადაობ, თუ შეიძლება, გაიგე? მე მასთან ყველაფერი გარკვეული მაქვს, თანაც დიდი ხანია. ამის პატრონი მე ვარ, სხვა არავინ. ამის გამო ლამის არის, ოჯახი დავანგრიო, ოხ, ჩემი... - კბილები გააღრჭიალა გიგიმ და კარისკენ დაიძრა, ზღურბლთან მისულმა თავი მოაბრუნა და სალისკენ გამოიშვირა თითი.

- მოგკლავ, იცოდე, ორივეს მოგკლავთ! - თქვა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.

დუდუ მხოლოდ მაშინ გაინძრა, ლიფტის ხმა რომ მიწყნარდა. ღრმად ამოიხვნეშა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სალის გვერდით სავარძელში ჩაეშვა.

- აბა, რას მეტყვი? - არ შეუხედავს, ისე ჰკითხა ქალს.

სალის თავი ჩაღუნა, ჩუმად სლუკუნებდა.

- გესმის, რას გეკითხები?

- მესმის.

- მერე? პასუხი არ გაქვს?

- მაქვს.

- ჰოდა, გისმენ, - დუდუმ ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს მოუკიდა.

სალი წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, საფერფლე გამოიტანა, წინ დაუდგა დუდუს და კვლავ დაჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ისევ ასლუკუნდა.

- ჩემი ბრალი არ არის, დუდუ, არ არის ჩემი ბრალი, - ხმამაღლა ატირდა ქალი, - ვერ მოვერიე ამხელა კაცს, არ მეყო ძალა. ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა, გთხოვ, დამიჯერე, არ გატყუებ!

- მაგრამ მაინც მოხდა, ხომ მართალია?

სალიმ მოულოდნელად შეწყვიტა ტირილი, ცრემლიან თვალებში თითები ამოისვა, სივრცეს გახედა და გაირინდა.

- მართალია? - არ მოეშვა მამაკაცი.

- მართალია, - ჩუმად წარმოთქვა სალიმ.

- და გესიამოვნა, არა?

სალიმ ამოიოხრა.

- რატომ არ მცემ პასუხს, დუმილი თანხმობის ნიშანია?

- არა, არ მესიამოვნა, - ჯიქურ შეხედა სალიმ მამაკაცს და მზერა გაუსწორა.

- არ ხარ გულწრფელი! გიგიმ ტყუილი არ იცის, იმან სხვანაირად თქვა. სიმართლე მაინტერესებს.

- კარგი, რადგან გაინტერესებს, მიიღებ სიმართლეს. მეზიზღება, გესმის? მისი დანახვაც არ მინდა, მძულს, მეჯავრება! და იცი, რატომ? არც კი უკითხავს, მინდოდა თუ არა მასთან დაწოლა, მოვიდა და ისე დამეპატრონა, თითქოს მისი საკუთრება ვყოფილიყავი. რატომ არ გჯერა, რომ ვერ მოვერიე? როგორ უნდა გამეწია წინააღმდეგობა?

- ეგ უკვე გავიგე, მერე რა მოხდა, ის მითხარი.

- მერე... მერე ის მოხდა, რომ... იცი, რამდენი ხანია კაცთან არ ვწოლილვარ? სამი წელია. სურვილიც არ გამჩენია ამისი. რაც შენ გაგიცანი, ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩემს ცხოვრებაში. მთელი ღამე ვიწექი ლოგინში და შენზე ვფიქრობდი, შენს სიყვარულზე ფანტაზიებს ვაგებდი და ამით ვიყავი ბედნიერი. ის მეფერებოდა, მე კი მის მკლავებში შენ მოგიაზრებდი, შენ წარმოგიდგინე მის ადგილას, მაგრამ შენთვის ალბათ ძნელია ამის გაგება, კაცებისთვის ხომ ძალიან ბევრი რამის გაგებაა ძნელი. შენ ამას ვერასდროს მიხვდები.

დუდუ თვალს არ აშორებდა სალის, ნაკვთი არ შერხევია სახეზე. რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოვარდა.

- და ყველაფერ ამის შემდეგ მე რა შუაში ვიყავი?

- ხომ გითხარი, შენ ამას ვერ გაიგებ-მეთქი, - ამოიოხრა ქალმა.

- გამაგებინე მერე, ამიხსენი, "გამიიასნე", მე რატომ მოვყევი ამ გაუგებრობაში, - განმგმირავი მზერა ესროლა მამაკაცმა.

- არ შემეძლო შენთვის უარის თქმა, შენთან ყოფნა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.

- ჩემთან ყოფნა თუ ჩემთან სექსი?

- ეს ერთი და იგივეა.

- ჰო-ო? არ ვიცოდი...

- მოეშვი ირონიას, მე ჩემი მეყოფა. ბოლოს და ბოლოს, რა ჩავიდინე ამისთანა, ცოლობა ხომ არ მითხოვია?

- სხვა დანაშაულს ვერ გრძნობ თუ მამასხარავებ, ჰა, სალი? ამის მეტს ვერაფერს მეტყვი?

- არ ვიცი, როგორ აგიხსნა ან რა უნდა აგიხსნა. შენნაირ მამაკაცს არ უნდა სჭირდებოდეს ამის ახსნა.

- რას ნიშნავს ჩემნაირ მამაკაცს?

- იმას, რომ... შენ ქალებთან ახლო ურთიერთობას მიჩვეული ხარ. დავიჯერო, ყოველი მათგანისთვის შენ იყავი პირველი მამაკაცი?

- არ მესმის, რისი თქმა გინდა.

- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე შენამდე ვისთან მქონია ლოგინი, ჩვენ ხომ სერიოზული რომანი არა გვაქვს, ამის თქმა მინდა. შენ შენი მიიღე და მორჩა, ადგები და შენი გზით წახვალ, ხელის მოწერას ხომ არ ვაპირებთ!

- აჰ, ასეა? მე კი მეგონა, შენსა და ჩემ შორის სწორედ სერიოზული რამ მწიფდებოდა, რაღაც განსაკუთრებული, მეგონა, ეს ღამე ერთი ლამაზი სიყვარულის დასაწყისი იქნებოდა და არა წუთიერი გატაცება, არა ერთი ღამის თავგადასავალი.

- აქამდე მეც ასე მეგონა, - თავი ჩაღუნა ქალმა.

- რომ გეგონა, სწორედ ამიტომ გეკითხები, თუ ჩემს მეგობართან აქ, ამ საწოლში სექსი გქონდა, ჩემგან რა გინდოდა, არ იცოდი, რომ ადრე თუ გვიან გავიგებდი? რას ელოდი ჩემგან, მოგიწონებდი საქციელს?

- მეგონა, გამიგებდი. მაპატიე, რომ შევცდი.

- ეს არის შენი ბოლო სიტყვა თუ კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? კიდევ ბევრი საიდუმლო გაქვს?

- მაქვს, - მოულოდნელად წამოიძახა ქალმა და თავი ასწია.

- მართლა? აბა, გისმენ ყურადღებით, მაინტერესებს შენი საიდუმლოებები, რაღაც განსაკუთრებულია, - დუდუ სალისკენ გადაიხარა, თითები ერთმანეთში გადახლართა და თვალებში ჩააშტერდა.

- მე... მე ძალიან უცნაური ცხოვრება მქონდა. არასდროს მქონია იმის იმედი, რომ ჩემნაირი წარსულის ქალთან ოდესმე სერიოზულ ურთიერთობაზე იფიქრებდი. ვიცოდი, ეს მხოლოდ ილუზია იქნებოდა, მაგრამ ისე ძალიან მიყვარხარ, მაინც ხავსს ვებღაუჭებოდი, ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა, დროებით მაინც თუ იქნებოდი ჩემთან. ვგრძნობდი, რომ მოგწონდი და ეს საკმარისი იყო ჩემთვის.

- ამაში საიდუმლოს ვერაფერს ვხედავ.

- საიდუმლო კი ის არის, რომ მე... ამქვეყნად არავინ მყავს.

- არავინ? აკი დედა ჰყავსო?

- ჰო, დედა მყავს, მაგრამ მე აყვანილი ვარ... ბავშვთა სახლიდან.

დუდუს გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა, თვალები გაუფართოვდა.

- დღემდე არ ვიცი, ვისი შვილი ვარ, ვინ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები. ამან გარკვეული გავლენა იქონია ჩემზე, გარკვეული კი არა, უდიდესი. მთელი ცხოვრება დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს. ასე მეგონა, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, ყველა ჩემკენ იშვერდა თითს, არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამომიყალიბდა. ამიტომაც ვწვალობდი გამუდმებით, ვცდილობდი, კარგად მესწავლა, კარგი განათლება მიმეღო, რომ ამით მაინც ვყოფილიყავი სხვებისგან გამორჩეული. მეგობრებიც კი არ მყავს, იას გარდა ვერავისთან გამოვნახე საერთო ენა. ერთი ნათესავი არ მყავს, რამე რომ ვთხოვო, ვინმე რომ გვერდით დამიდგეს. გათხოვება გავბედე, ვიფიქრე, იქნებ ქმარი მაინც გამომადგეს-მეთქი, მაგრამ აქაც მიმტყუნა ბედმა, ლოთი გამოდგა. დათვრებოდა და წარამარა წამომაძახებდა ჩემს წარსულს, დამცინოდა, უპატრონო ბავშვს მეძახდა, ამიტომაც დავშორდი... აი, ეს არის სულ ჩემი საიდუმლო. არ ვიცი, რატომ მოგიყევი, მაგრამ ალბათ უნდა გცოდნოდა.

სალი გაჩუმდა. ხალათის საყელო თითებით მოქაჩა და ყელზე მჭიდროდ შემოიხვია შემცივნებულმა.

დუდუ ჩაფიქრდა, კარგა ხანს იჯდა თავჩაქინდრული, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო.

- მითხარი, პირველად რომ დამინახე, რა გაიფიქრე? - კვლავ ალაპარაკდა მამაკაცი.

სალიმ გაოცებულმა შეხედა მამაკაცს. ასეთ შეკითხვას არ ელოდა.

- შენ? შენ რა გაიფიქრე? - დაბნეულმა კითხვა შეუბრუნა დუდუს.

- მე? ჰმ, რა ვიფიქრე და... ეს ალბათ ის გოგოა, რომელიც გლდანში ცხოვრობს, არა უშავს, ლამაზი თვალები ჰქონია-მეთქი.

- მე კი ისე მომეწონე, მივხვდი, რომ შემიყვარდებოდი. მივხვდი, რომ სწორედ ის მეორე ნახევარი იყავი, რომელსაც ჩვეულებრივ სიყვარულის სახით ეძებენ ადამიანები ცხოვრებაში.

ისევ დუმილი ჩამოვარდა.

- ახლა რატომ მეკითხები ამას? - ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა სალიმ.

დუდუმ მწარედ ჩაიცინა.

- პირველი შეხვედრის ამბავს მაშინ იხსენებენ, როცა ყველაფერი მთავრდება, - თქვა მამაკაცმა და წამოდგა.

- დუდუ! - სალიმ საკუთარი ხმა ვერ იცნო.

გიგიმ ორაზროვნად შეხედა.

- არ წახვიდე, გთხოვ, ასეთ სიტუაციაში ნუ მიმატოვებ, გემუდარები.

- არ გინდა, თავიდან არ დაიწყო ახლა.

- კარგი, არაფერს არ გთხოვ, ყავას მოგიდუღებ მხოლოდ... უკანასკნელად. პირობას გაძლევ, ხმას არ ამოვიღებ.

- გმადლობთ, ნუ გაირჯები, სხვას მოვადუღებინებ, - თვალები მოჭუტა დუდუმ, თავი დაუკრა ქალს და დაუმშვიდობებლად გავიდა ბინიდან.

სალიმ სახეზე აიფარა ხელები და ემოციებისგან დაცლილი საბრალოდ აქვითინდა...

 

***

მეორე დღეს სალი უმაკიაჟოდ გამოცხადდა სამსახურში, მთელი ღამის ნამტირალევს თვალები ჰქონდა დასიებული. ნაღვლიანად მიესალმა ქალებს.

- რა ჩამორეცხილი სახე გაქვს, რა მოგივიდა? - მედეა მიუახლოვდა.

- არაფერი, დედაჩემი ცუდად ყოფილა, სოფელში უნდა წავიდე, - იცრუა.

- უი, რა მითხარი, რა ჭირს?

- სიცხეები აქვს. ავთანდილი მოსულია?

- კი, თავის კაბინეტშია.

- უნდა შევიდე, ვინმე ხომ არ ჰყავს?

- არა, არა, მარტოა. შედი, გაგიშვებს, არ არის პრობლემა.

სალიმ კაბინეტის კარზე დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია, ისე შევიდა უფროსის ოთახში.

ავთანდილ პრესას ეცნობოდა, მის დანახვაზე თვალები ჭყიტა, გაზეთი დაკეცა და ფეხზე წამოიჭრა.

- რაშია საქმე? - დაბნეული მიაჩერდა ქალს.

- სამსახურიდან მივდივარ, - ცივად წარმოთქვა ქალმა, - იმედია, განცხადების დაწერა არ მომიწევს.

- მიდიხარ? რატომ, ვინმემ გაწყენინა?

- არა, არავინ, სხვაგან გადავდივარ სამუშაოდ.

- რა ვიცი, როგორც გინდა... არაფრის დაწერა არ არის საჭირო, ხელფასს დაგიანგარიშებთ და...

- კარგს იზამთ, თუ ამას ახლავე გააკეთებთ.

- ახლავე არ შემიძლია, ხვალ-ზეგ შემოიარე, იქამდე ბუღალტერს დაველაპარაკები.

- კარგი, მაშინ ზეგ შემოვივლი, - სალი გატრიალდა.

- ისა... ერთი კურსი ბარემ ჩაგემთავრებინა ბოლომდე, ბავშვები ცოდოები არიან, მიგეჩვივნენ, ახლა კიდევ ახალი მასწავლებელი... - ავთანდილის ხმა დაეწია კართან მისულს.

- არა უშავს, სხვასაც ადვილად მიეჩვევიან, - ნაძალადევად გაიღიმა სალიმ და კაბინეტიდან გამოვიდა. იქ კი ნინიკოს შეეჩეხა.

- ხომ მშვიდობაა? - რბილად ჰკითხა ქალმა.

- ჰო, ჯერჯერობით, ისეთი არაფერი.

- ჩვენი დახმარება ხომ არ გჭირდება? - მზრუნველობა დაეტყო ნინიკოს ხმაში.

- არა, დიდი მადლობა, მივდივარ აქედან.

- მიდიხარ? სად?

- სახლში, სხვაგან სად.

- სალი, გულახდილად მითხარი, ჩემ გამო იქცევი ასე? - ნინიკო მაჯაში ჩააფრინდა თანამშრომელს.

- არა, არა, შენ არაფერ შუაში ხარ, პირადი პრობლემები მაქვს.

- წამოდი ჩემთან, სალაპარაკო მაქვს, - გვერდზე გაიხმო.

სალი მორჩილად მიჰყვა. გაუკვირდა მისგან ასეთი თანაგრძნობა, თუმცა შეეცადა, სახეზე არ შეტყობოდა.

- ეს ამბავი გიგისთან არის დაკავშირებული?

- არა, არა, უბრალოდ, დედაჩემია ცუდად და...

- მერე სამსახურის მიტოვება რა შუაშია? რაღაცას მალავ.

- არაფერსაც არ ვმალავ. ხომ მაქვს უფლება, არაფერი ვთქვა?

- შენი ნებაა, უბრალოდ, მინდა რამით დაგეხმარო, თუ შემიძლია.

- დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ არ არის საჭირო. მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს, კარგად იყავით, - სალიმ ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარისკენ დაიძრა.

მოულოდნელად შედგა, რაღაც აზრმა გაუელვა თავში, მსწრაფლ მოტრიალდა და ნინიკოს ჩურჩულით უთხრა.

- ისე, ერთი თხოვნა მექნება, თუ არ შეწუხდები და სხვანაირად არ გამიგებ.

- მითხარი, რაც გინდა.

- გიგის სახლის ნომერი მომეცი, სადღაც დავკარგე.

ნინიკო ასეთ თხოვნას არ ელოდა, ფერი ეცვალა სახეზე.

- ნუ გეშინია, გიგისთან საერთო არაფერი მაქვს, არ გეგონოს, ჩვენ შორის რამე ხდება. ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი, ეს არის და ეს.

- არა, რისი უნდა მეშინოდეს, რა ჩემი საქმეა თქვენი ურთიერთობა. მოგცემ, არ არის პრობლემა, ოღონდ ზეპირად არ ვიცი, მობილურში მიწერია, - ნინიკომ მობილური მოიმარჯვა და ნომერს დაუწყო ძებნა, იპოვა და უკარნახა.

- დიდი მადლობა, ამას არ დაგივიწყებ, - მხარზე შეეხო სალი თანამშრომელს და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოფისიდან.

მორჩა, ეს საქმეც მოაგვარა. ახლა კიდევ ერთი რაღაც დარჩა გასაკეთებელი და ამით დაამთავრებს. თუ შურისძიებაა, შურისძიება იყოს. გიგიმ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. მას სალი უმწეო ტყუილად ჰგონია. მალე დარწმუნდება, რა შეუძლია მისნაირ ქალს.

შეჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა თბილი ჰაერი, მერე ჩანთიდან მობილური ამოიღო და გიგის სახლის ტელეფონი აკრიფა. ქალმა უპასუხა.

- გამარჯობა, ქეთი ხართ?

- დიახ, მე ვარ. რომელი ხარ?

- იცით? მე თქვენ არ მიცნობთ, თქვენი მეუღლის ნაცნობი ვარ. თქვენთან დალაპარაკება მინდოდა.

- რა საქმეზე?

- ამაზე როცა შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ, დიდხანს არ მოგაცდენთ.

- მაშინ მობრძანდით სახლში, დაგელოდებით.

- მისამართი მითხარით და წამოვალ.

ქეთიმ უცნობს მისამართი უკარნახა. სალი დროებით დაემშვიდობა ქალს და ტაქსი გააჩერა.

 

გაგრძელება