იისფერი ჰორტენზიები (22) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (22)

- ძალიან სასიამოვნოა, მსმენია თქვენ შესახებ, - ღიმილით ჩამოართვა ქალმა ხელი და მოულოდნელი სტუმარი მისაღებ ოთახში შეიპატიჟა.

 

- ყავას ხომ არ დალევთ?

- დიდი სიამოვნებით, თუ არ შეგაწუხებთ, - სალი მაღალსაზურგიან სკამზე დაჯდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო.

- რას ამბობთ, ეს რა შეწუხებაა, ახლავე მოგართმევთ, - ქალი ტანის ნარნარი რხევით სამზარეულოში გაუჩინარდა.

სალიმ ოთახი მოათვალიერა. თვალში ეცა ანტიკვარული ნივთები და კედელზე დაკიდებული მისთვის უცნობი მხატვრის ტილოები, რომლებზეც ნატურმორტები იყო გამოსახული.

ქეთი რამდენიმე წუთში დაბრუნდა, სინზე დადებული შოკოლადის ფილითა და ყავის ორი ფინჯნით.

- ეს "ესპრესოა", დუდუმ ჩამომიტანა უკრაინიდან. აქ რომ იყიდება ისეთი არ გეგონოთ, - თბილად გაუღიმა ქალმა.

სალი უხერხულად შეიშმუშნა, მადლობა გადაუხადა მასპინძელს და ფინჯანი სინიდან გადმოდგა.

ქეთი მის წინ დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ახლა უფრო ყურადღებით შეათვალიერა მოსული.

- იმედია, ცუდი არაფერი გაქვთ სათქმელი, ამ ბოლო დროს ისედაც საშინელი რაღაცები მესმის.

- არ ვიცი, როგორ გითხრათ, გააჩნია, თქვენ როგორ შეხვდებით ჩემს მონათხრობს.

- გულისყურით გისმენთ. თუ რამეში შემიძლია დახმარება, თქვენ გვერდით მიგულეთ.

- ქეთი, ერთი რამ მინდა გკითხოთ, სანამ რამეს ვიტყოდე. გიგი ბოლო ხანებში ხომ არ შეიცვალა?

ამის გაგონებაზე ქალს სახე შეეცვალა, ალმაცერად გახედა სალის, მისი სიტყვები ხომ არ მომესმაო.

- რატომ მეკითხებით? - თითქოს ხმა ჩაუწყდა.

- მაქვს მიზეზი, არ გეწყინოთ...

- სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, ამას ვამჩნევ. შინ გვიან მოდის, სმას მოუხშირა, გაღიზიანებულია, ხანდახან ჩხუბის მიზეზსაც ეძებს, უცებ აფეთქდება ხოლმე. მეორე წუთს ისევ წყნარდება და ბოდიშს მიხდის თავისი უხასიათობის გამო.

- მიზეზი რა არისო, რას გეუბნებათ?

- დუდუსგან რომ წამოვიდა, ამას ასახელებს მთავარ მიზეზად. ახლა საკუთარი ფირმის გახსნას აპირებს და ამაზე დარბის. ეს ადვილი საქმე არ არის. იქ საქმე აწყობილი ჰქონდა, ახლა კი თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი.

- მართლა? არ ვიცოდი, "დუგიდან" თუ წამოვიდა, დიდი ხანია? - გაუკვირდა სალის.

- თითქმის თვეა. არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, არაფერს მეუბნება. დუდუსაც ველაპარაკე, მაგრამ არც მან იცის, რატომ გადაწყვიტა გიგიმ ასე. არადა, მთელი ცხოვრება ერთად მოდიან, ლამის ერთი თეფშიდან ჭამდნენ, უერთმანეთოდ ერთი დღეც ვერ ძლებდნენ. ამ ბოლო დროს რა დაემართა, ვერ ამიხსნია. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

- თავად როგორ ფიქრობთ, რა მოტივაცია უნდა ედოს საფუძვლად მის ასეთ შეცვლას? - სალიმ შეკითხვა აირიდა.

- ვერ გეტყვით, სალი. ერთი პირობა ვიფიქრე, საყვარელი ხომ არ გაიჩინა-მეთქი, ერთ ქალზე მეეჭვებოდა, მაგრამ არ გამოდგა მართალი.

- შეგიძლიათ მითხრათ, ის ქალი ვინ არის?

- თქვენ არ გეცოდინებათ, არის ერთი, სხვაგან მუშაობს, უბრალოდ, ხშირად უწევს იმ ფირმასთან კონტაქტი და იქ გაიცნო.

- ნინიკოზე ხომ არ მეუბნებით?

ქეთის თვალები გაუფართოვდა.

- თქვენ რა, იცნობთ ნინიკოს? ესე იგი, მართლა რაღაც ხდება? ეს უნდა გეთქვათ? - ქალმა სკამი უფრო ახლოს მიაჩოჩა სტუმრისკენ.

- არა, არა, - სალის ძალაუნებურად გაეცინა, - ნინოსთან მართლა არაფერი აკავშირებს ნაცნობობის გარდა. აქ სხვა ქალის ამბავია, ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, არ ინერვიულოთ, არც მასთან ხდება არაფერი სერიოზული.

- მითხარით, თუ შეიძლება, ისედაც ცუდად მაქვს გული, - ქეთიმ მკერდზე დაიდო ხელი და თვალები დახუჭა.

- მომისმინეთ, ის, რაც ახლა უნდა გითხრათ, არანაირად არ იმოქმედებს გავლენას თქვენს ურთიერთობაზე. თქვენ გიგის უყვარხართ, თანაც ძალიან უყვარხართ, ოჯახის დანგრევაზე ერთი წუთითაც არ უფიქრია, მაგრამ კაცების ამბავი ხომ იცით, ხანდახან ისე ავარდებიან ხოლმე, კონტროლს ვერ უწევენ საკუთარ თავს. ჰგონიათ, რომ ყურებამდე არიან შეყვარებულები. ეს უბრალოდ, წუთიერი გატაცებაა და სხვა არაფერი.

- მაგრამ მგონი, დიდი ხანია, ეს წუთიერი გატაცება გრძელდება.

- არც ისე, დამიჯერეთ.

- ვინ არის ის ქალი? - ჩურჩულით იკითხა ქეთიმ და დაჟინებით მიაშტერდა სალის.

სალიმ ყავა მოსვა, პასუხის გაცემა გააჭიანურა.

- რატომ არ მეუბნებით, ვინ არის ამისთანა? - ქეთიმ მარჯვენა ხელისგული თავზე მიიდო და ახლა ასე შეაჩერდა თანამოსაუბრეს.

- ის ქალი მე ვარ, - სალიმ თავი დახარა და თითებით ცხვირის წვალება დაიწყო.

- თქვე-ენ? - მოულოდნელი პასუხისგან გაოცებული ქეთი წინ გადმოიხარა. დიდრონი, ლამაზი შავი თვალები ცრემლით აევსო.

- მე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს...

- რისთვის მოხვედით, სალი, კურთხევას ხომ არ ელით ჩემგან? - ცივი ხმით იკითხა ქეთიმ.

- თქვენ ვერ გამიგეთ, მე მასთან არაფერი მაკავშირებს, ჩვენ შორის ის არ ხდება, რაც თქვენ იფიქრეთ. იმიტომ მოვედი, რომ დამეხმაროთ.

- რაში უნდა დაგეხმაროთ? - ირონიულად ჩაიცინა ქეთიმ.

- რაში და... როგორმე უნდა ჩამომაშოროთ თქვენი მეუღლე, მე ის არაფერში მჭირდება.

- ვერ გავიგე...

- მათთან მუშაობის დაწყების დღიდან ამომიჩემა. გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ ჩემზე იყო შეყვარებული. არადა... დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ მისი ფანტაზიაა და სხვა არაფერი. თქვენზე ბევრი რამ მსმენია, ყველა გაქებთ, ყველა თქვენს სილამაზესა და სათნოებაზე ლაპარაკობს. ისიც ვიცი, თქვენ გარდა სხვა ქალი რომ არასდროს ყვარებია, რომ არასდროს უღალატია თქვენთვის. ამიტომაც მგონია, რომ ეს მხოლოდ მისი ახირებაა, დროებითი ახირება.

- თუ მამაკაცი ქალისთვის მისაღები არ არის, მისი ჩამოშორებაც არ გაუჭირდება. დღეს სხვა დროა, ძალად არავინ მოგახტებათ, - ხმა თანდათან უმკაცრდებოდა ქეთის.

- საქმეც მაგაშია, რომ თავს არ მანებებს. მე სხვა მიყვარს, ქეთი, უნდა დამიჯეროთ. ერთი წამითაც არ მიფიქრია გიგიზე არასდროს. ისიც იცის, ვინც მიყვარს, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. დავემუქრე კიდეც, შენს ცოლს მოვუყვები ყველაფერს-მეთქი, მაგრამ ვერც ამან შეაშინა. ჰოდა, ახლა აი აქ ვარ და გეუბნებით.

ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. ქეთი ხმას არ იღებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის სალიმ გააგრძელა.

- იცით? მე არ ვიცოდი, "დუგიდან" თუ წამოვიდა, პირველად თქვენგან გავიგე, მაგრამ ახლა ვხვდები მიზეზს. საქმე იმაშია, რომ მე დუდუ მიყვარს, მასაც ვუყვარვარ. ეს გიგიმ იცის, ვუთხარი უკვე. ალბათ ეს ვერ აიტანა. ალბათ ამიტომაც აქცია ძმაკაცს ზურგი. დუდუში ახლა ის მხოლოდ მეტოქეს ხედავს.

- მე რა უნდა გავაკეთო?

- ეს თქვენ უკეთ გეცოდინებათ. მე ჩემი სათქმელი გითხარით. თუ გნებავთ, ნუ დაუმალავთ, რომ მე ვიყავი და მე მოგიყევით ეს ამბავი. არ ვიცი, დანარჩენი თქვენზე იყოს, თავად მიიღეთ გადაწყვეტილება. ჩემთვის მთავარია, დუდუ არ დავკარგო. არადა, ხომ გესმით, ამ ყველაფერმა შეიძლება ჩვენს ურთიერთობაზე სერიოზულად იმოქმედოს. მე... მე მარტოხელა ქალი ვარ, ამქვეყნად არავინ მყავს დუდუს გარდა. გთხოვთ, დამეხმარეთ, მისი დაკარგვა სამუდამოდ მომსპობს, ვეღარასდროს გავიხარებ. ქალი ხართ და თქვენთვის ძნელი არ იქნება ამის მიხვედრა.

- არ ვიცი... არ ვიცი, რა შემეძლება... რაღაცას ვიზამ.

- რაღაცა კი არა, ყველაფერი უნდა იღონოთ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახი არ დაგენგრეთ. მართალია, მე ამას არ დავუშვებ, მაგრამ... თუ თქვენს სიყვარულს საფრთხე დაემუქრება, არც მე დამადგება კარგი დღე, მეც ყველაზე ძვირფასს დავკარგავ ცხოვრებაში. ეს კი არ მინდა. თქვენც ხომ არ გინდათ? მითხარით, თქვენც ხომ...

- თქვენ ხვდებოდით ერთმანეთს? - ისევ ჩურჩულზე გადავიდა ქეთი.

- არა, არა, რას ამბობთ! რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკი! "დუგიდან" გარკვეული მიზეზების გამო წამოვედი, ეს გრძელი ისტორიაა...

- ვიცი, რატომაც წამოხვედით, თვითონ მომიყვა ამის შესახებ.

- მით უმეტეს, თუ იცით. მერე, უმუშევარი რომ დავრჩი, დამეხმარა და სამსახური მიშოვა. სწორედ იქ, სადაც ნინიკო მუშაობს. მაშინ სხვა გზა არ მქონდა, მის შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, უკაპიკოდ ვიყავი დარჩენილი, ძალიან მიჭირდა. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი რამ ჰქონდა განზრახული.

- გამოდის, თქვენსა და დუდუს შორის მართლა ხდებოდა რაღაც მაშინ?

- სიმართლე გითხრათ, მაშინ თითქოს არაფერი ხდებოდა, მაგრამ იმ ამბავმა დააჩქარა პროცესები. მე მერე შევხვდი დუდუს, უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი და... ურთიერთობაც ნელ-ნელა აეწყო. ისე კარგად ვუგებდით ერთმანეთს, ვერც წარმოიდგენთ, თუმცა ნათიასა და დუდუს გაშორებაში მე ბრალი არ მიმიძღვის. ჩვენი სიყვარული მოგვიანებით დაიწყო. ეს უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე...

- დუდუმ თუ იცის ეს ამბავი?

- რომ იცის, სწორედ ეგ მაწუხებს. მათ შორის რამდენიმე დღის წინ უსიამოვნო საუბარი გაიმართა. გიგის მხრიდან მუქარებიც იყო. ამიტომაც მეშინია, ყველაფერი არ დამინგრიოს. ბოლოს და ბოლოს, ძმაკაცები არიან, ხომ შეიძლება დუდუმ იფიქროს, ქალის გულისთვის ბავშვობის მეგობარს არ დავკარგავო. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა. გიგისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს, ოღონდ ჩვენ ერთმანეთს დაგვაშოროს და ტყუილის თქმაც არ გაუჭირდება.

- ტყუილში რას გულისხმობთ?

- გაწბილებული კაცის ამბავი ხომ იცით, შეიძლება ისეთი სიბილწეები თქვას, რომ დუდუ დააჯეროს კიდეც. ისინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ, დუდუ მას უფრო დაუჯერებს, ვიდრე მე. რამდენიმე თვის გაცნობილს რატომ უნდა მენდოს?

- მე რატომ უნდა გენდოთ? იქნებ მატყუებთ კიდეც, იქნებ...

- მაშინ რატომ მოვიდოდი თქვენთან? - გააწყვეტიან სალიმ, - ამიხსენით, რაში უნდა მჭირდებოდეს ეს ყველაფერი? თქვენ ხომ აქამდე არაფერი იცოდით?

- აბა რა გითხრათ... იქნებ უკვე მოგბეზრდათ მასთან ყოფნა, იქნებ... მხოლოდ ახლა მოიხიბლეთ დუდუთი... არ ვიცი, არ ვიცი...

- კარგი, ჩემი თუ არ გჯერათ, დუდუს დაელაპარაკეთ. იმედია, მას მაინც დაუჯერებთ.

- არა, რა საჭიროა, დუდუს პირად ცხოვრებაში მე რატომ უნდა ჩავერიო. თქვენი საქმისა თქვენ იცით. კარგი, მე ვეცდები, რაღაც მოვიფიქრო. თუ სიმართლეს მეუბნებით, ხომ კარგი და თუ მატყუებთ, თქვენს სინდისზე იყოს.

- მხოლოდ ერთი რამ მინდა იცოდეთ, ქეთი. მე არ გამომიწვევია თქვენი ქმარი. ერთი წამითაც არ მიფიქრია მასზე სხვანაირად, არც არასდროს შემიხედავს მისთვის მაცდუნებლად. ერთადერთი მამაკაცი, ვისზეც მიოცნებია, ეს დუდუა. ამაში აუცილებლად დარწმუნდებით ოდესმე. მაპატიეთ, თუ გული გატკინეთ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ეს თქვენ უნდა გცოდნოდათ. დანარჩენი თქვენს ქალობაზეა დამოკიდებული. მე წავალ, ისედაც დიდი დრო წაგართვით. კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას. იმედია, გამიგებთ.

სალი წამოდგა, დაემშვიდობა აცახცახებულ მასპინძელს და კარისკენ გაემართა...

 

***

სიგარეტის კვამლში გახვეული დუდუ ჩაფიქრებული იჯდა თავის კაბინეტში. კარი გაიღო და ოთახში იაკო შემოვიდა.

- ზვალი, შეფ? - მხიარულად იკითხა ქალმა.

- მოდი, მოდი, იაჩკა, შენი დახმარება მჭირდება, - ფეხზე წამოდგა პრეზიდენტი და თანამშრომელს მიეგება.

- ვსიო ვ პარიადკე? რა მოხდა?

- ისეთი არაფერი, რაღაც მინდა გკითხო, მჭირდები, - დუდუ თავის ადგილს დაუბრუნდა.

- სლუშაიუ, - იაკო გრძელ მაგიდას მიუჯდა და ხელები მუხლებზე შემოიხვია.

- სალიზე მინდა დაგელაპარაკო, - ხმადაბლა დაიწყო უფროსმა.

- ა ჩტო გავარიტ? - წარბები აზიდა იამ.

- მომიყევი მის შესახებ, - დუდუმ კვლავ სიგარეტს წაუკიდა.

- ჩტო სკაზატ? - ქალი დაიბნა, არ იცოდა, რას ითხოვდა შეფი მისგან.

- მართლა ბავშვთა სახლიდან არის შენი დაქალი?

იაკოს სახე წამოენთო, გაწითლდა.

- კტო ვამ სკაზალ?

- თვითონ მითხრა.

- ნეპრავდა, - ბუღალტერი დაიძაბა, ხელები მუხლებს მოაშორა და მაგიდაზე დააწყო.

- პრავდა, პრავდა, - თავი დააქნია დუდუმ და ღრმა ნაფაზი დაარტყა, - ვინ არიან მისი მშობლები?

- კაკ სკაზატ... ატეც დავნო უმერ, ამ მატ ვ დერევნე ჟივიოტ.

- მე ის უფრო მაინტერესებს, მართლა ნაშვილებია თუ არა.

- კი, ასეა, ტაკ, - დაუდასტურა იაკომ, - ნო ანა ოჩენ ხაროშაია... ი უმნაია... ი რა ვიცი, ძალიან კარგი გოგოა, მეტი რა ვთქვა.

- ტყუილები ეხერხება?

- ა-რა, ა-რა, - ხელები გაასავსავა ქალმა, - კლიანუს, ანა ნი ტაკაია. ოჩენ დობრაია, რას ამბობთ, ისეთი კეთილია, რომ...

- ქმარს რატომ გაცილდა?

- და ონ ბალვან, დეგენერატი ვიღაც იყო, სულ დასცინოდა. კრეტინ ნასტაიაშჩი.

- მერე უყვარდა ვინმე?

- კაგდა მერე? - ვერ მიუხვდა იაკო.

- აი, ქმარს რომ გაშორდა მერე.

- და ნეტ, ის პატიოსანი გოგოა, ჩტო ვი...

- გიგისთან მისი ურთიერთობის ამბავი თუ იცოდი შენ?

იაკო ისევ გაწითლდა, თავი ჩაღუნა. ამ კითხვას არ ელოდა.

- მიპასუხე, იცოდი?

- და ტაკ...

- რას ნიშნავს და ტაკ?

- რაღაც-რაღაცები ვიცოდი, ნო ნე ვსიო.

- აბა რა იცოდი? - ჩაეძია დუდუ.

- ონ ს უმა სხადილ ატ ნეიო, სულ დასდევდა. ა სალი... ანა ნენავიდიტ ევო, არ უყვარს. ეტა ტოჩნა ზნაიუ.

- სამაგიეროდ... - აქ დუდუმ ენას კბილი დააჭირა, რადგან კინაღამ წამოცდა, სამაგიეროდ მე მიყვარსო.

- სამაგიეროდ ჩტო?

- სამაგიეროდ გიგის უყვარს.

- ეტა ია ზნაიუ.

- სალის ვინ უყვარს, არ იცი?

- არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე? დუმაიუ, ნიკტო.

- თქვენ ხომ დაქალები ხართ?

- ვართ, ნო... მას ეს არასდროს უთქვამს.

- დარწმუნებული ხარ?

- სტო პრაცენტოვ. მეტყოდა, ესლი ჩტო.

- კარგი, დედამისი რას წარმოადგენს?

- ადნა ბედნაია ჟენშჩინა, ჟივიოტ ვ დერევნე, ვსიო ვრემია ბალეეტ...

- მუშაობს?

- არა, არა, ისე უჭირთ, რომ... ანი ოჩენ ბედნიე.

- რით ირჩენენ თავს?

- სალი პასილაეტ ინაგდა დენგი, კიდევ... პენსია აქვს. მოხუცი ქალია, რა შეუძლია...

- რამე არა აქვთ, ეზო, ყანა, რა ვიცი...

- ეზო როგორ არა, აქვთ, ი ბოლშე ნიჩივო. ეზოში... ადნი კური ი გარტენზიი, ვსიო.

- რა თქვი? რა არის ეზოშიო?

- ქათმები და ყვავილები, - ქართულად გაიმეორა იაკომ.

- რა ყვავილები, ვერ გავიგე, - დუდუმ ხელი ყურთან მიიტანა, თითქოს უკეთ უნდოდა გაეგო მისი ნათქვამი.

- გარტენზიი, ეზოს ყვავილია, კუსტი ტაკიე.

- ჰო-ო? ლამაზი ყვავილებია?- დუდუ თანდათან რაღაცას ხვდებოდა.

იაკო განცვიფრებული შეჰყურებდა უფროსს, რა ეტაკა, რა ყვავილებით დაინტერესდაო.

- კრასივიე, რა ვიცი. ბურთივით თავები აქვს, კაკ უ ხრიზანტემ.

- ფერი? რა ფერისაა, შენ ისიც გეცოდინება.

- როზოვიე, ფიალკოვიე, გალუბიე... - დაიწყო ჩამოთვლა.

- აჰა. ეგ ყვავილები სადმე იყიდება?

- და ნე-ეტ! - ხელი გაიქნია იამ, - ნე პრადაიოტსია, გგონიათ, დედამისი ყვავილებს ყიდის? არა, არა.

- კარგი, იაჩკა, ეს ძალიან კარგი ამბავი მითხარი. ახლა შენგან დახმარება მჭირდება და უარი არ მითხრა იცოდე.

- სკაჟიტე, ესლი სმაგუ... ა ჩიომ რეჩ.

- ჯერ ერთი, დედამისის მისამართი უნდა მომცე. მეორეც - ქეიფი უნდა მოვაწყოთ მე და შენ ამ დღეებში.

- კაკოი ქეიფი? - ყურებს არ უჯერებდა იაკო, ვერაფერს მიხვდა.

- ჩვეულებრივი ქეიფი. მე დაგაფინანსებ. შენ კი რამე მოიფიქრე, რომ სუფრა შენს სახლში გაიშალოს. როგორც ვიცი, მარტო ცხოვრობ, არა?

- და, პრავილნა, ნო...

- არავითარი ნო. ყველაფერი ჩემზე იყოს, შენ მხოლოდ მიზეზი იპოვნე, რომ ვიქეიფოთ.

- პრიჩინა ბუდიტ ჩერეზ ტრი დნია, - გაიღიმა იაკომ.

- ჩერეზ ტრი დნია ბევრია, მე ხვალვე მინდა... და რა ხდება სამი დღის შემდეგ?

- დაბადების დღე მაქვს, მისტერ პრეზიდენტ.

- რას მელაპარაკები! რატომ არ ვიცოდი? თუ ვიცოდი და დამავიწყდა? - სახე გაებადრა დუდუს.

- ზაბილი, ნავერნა. არ გახსოვთ, აქ რომ ვიქეიფეთ შარშან?

- ა-ა-ა! ტორტი! გედებიანი ტორტი, გამახსენდა. მაგას რა დამავიწყებს, მერაბი რომ დაგვითვრა და მაგიდაზე რომ ჩაეძინა. მერე სკამიდან რომ გადმოვარდა, ასე არ იყო?

- და, და, ვოტ, ვიდიტე, ვსპომნილი, - გადაიკისკისა იამ.

- ეს კარგი რამ გავიგე, მაგრამ... თუმცა რა უჭირს, იყოს სამი დღის შემდეგ. ერთი სიტყვით...

- შეფ, ზაჩემ ვსიო ეტა? - ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ბუღალტერმა.

- ახლავე აგიხსნი. ჩვენ კარგა ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ალბათ შემიძლია თამამად გენდო, ხომ სწორია?

- რაზუმეეტსია.

- მე შენ ახლა ერთ საიდუმლოს გაგანდობ და ეს ჩვენ შორის დარჩება, იცოდე.

- მაგილოი ბუდუ.

- მე და სალი ერთმანეთს ვხვდებით, გაიგე? ოღონდ არ შეიცხადო, იცოდე.

იაკომ გაოცებისგან თვალები დააფახულა.

- ახლახან ვიჩხუბეთ და მინდა შემოვირიგო. მაგრად ვაწყენინე და...

- მაგას ქეიფი რად უნდა? ისე შეგახვედრეთ ერთმანეთს.

- არა, არა, ქეიფი აუცილებელია, სხვა ბევრი რამეც უნდა გავარკვიო, ყველაფერს ვერ გეტყვი. შეიძლება საბოლოოდ ისე მოხდეს, რომ სამუდამოდ დავშორდეთ ერთმანეთს. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.

- ეტა ვსიო იზ ზა გიგი, და? - მიხვდა ია.

- პრავილნა, იაჩკა, პრავილნა. ჰოდა, შენ უნდა დამეხმარო.

- ხარაშო, ია გატოვა, ნო კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩტო ანა ოჩენ ხაროშენკაია, კლიანუს.

- მჯერა შენი. აჰა, აიღე ეს ორასი ლარი და რაც საჭიროა, ყველაფერი იყიდე. თუ მანქანა დაგჭირდეს, ჩვენს ბიჭებს უთხარი, ნარგიზა და თამარიც დაიხმარე კერძების მომზადებაში, არ დაგზარდებიან.

- და ნე ნადა, სამა სპრავლიუს.

- მით უკეთესი, როგორც გინდოდეს. გამომართვი, - დუდუმ ორი ასლარიანი იაკოსკენ გადმოდო.

- ეტა მნოგო, მისტერ პრეზიდენტ.

- აიღე, აიღე, თუ რამე მოგრჩება, ჩემგან საჩუქრად გქონდეს, თუმცა უფრო დიდი საჩუქარი მაინც გერგება ჩემგან. ასე რომ... აბა, შენი იმედი მაქვს.

- პასტარაიუს, - ღიმილით თქვა იაკომ, ფული აიღო და რატომღაც ფეხაკრეფით გავიდა კაბინეტიდან...

 

გაგრძელება