იისფერი ჰორტენზიები (24) - გზაპრესი

იისფერი ჰორტენზიები (24)

- არც არაფერს, სახლში ვარ.

 

- ზნაეშ, შენი დახმარება მინდა.

- დაბდღე გაქვს არა?

- სლავა ბოგუ, ჩტო პომნიშ.

- არა გრცხვენია? მაგას რა დამავიწყებდა, გოგო!

- პამოჟეშ?

- რაში უნდა მოგეხმარო?

- ადნა ნე სპრავლიუს.

- ვის ეპატიჟები, რო?

- მარტო გოგოებს, სხვა არავინ იქნება.

- ბიჭები? - ეს ყველაზე მეტად აინტერესებდა სალის.

- არავითარი ბიჭები. ტოლკა მი ბუდიმ. პრაშუ ტებია, პამაგი.

- კარგი, რას მეხვეწები, არა გრცხვენია? რომელზე მოვიდე?

- ა კაგდა სმოჟეშ?

- როცა მეტყვი, მაშინ მოვალ.

- ვ ჩას სმოჟეშ?

- პასტარაიუს. აუცილებლად მოვალ, მაგრამ დარჩენას ვერ შეგპირდები.

- რატომ?

- მერე საქმე მაქვს, უნდა გავიქცე.

- რომელ საათზე?

- სამისთვის.

- რას ამბობ! დო ტრიოხ ნე უსპეემ, - შეშფოთებულმა შეჰყვირა იაკომ.

- კი მაგრამ რა, ქორწილს ხომ არ აპირებ?

- ქორწილი არა, ნო... უმალიაუ, ატკლადივაი ვსე დელა.

- კარგი, კარგი, რამეს მოვიფიქრებ.

- ტი ჟე ზნაეშ, უ მენია კრომე ტებია, ნიკავო ნეტ, მარტო შენი იმედი მაქვს. პრი ეტამ, ტი ხაროშაია ხაზიაიკა, გემრიელი რამეები იცი.

- კარგი-მეთქი, ხომ გითხარი. დაგეხმარები. აუცილებლად მოვალ, ყველაფერს გადავდებ და მოვალ, - ესიამოვნა სალის მეგობრის შექება.

- კარგი გოგო ხარ.

- იაკო!

- და.

- დუდუ მართლა არ იქნება? არ მატყუებ?

- და ნეტ. ონ უეხალ კუდა-ტა, ია ნე ზნაიუ. შეიძლება გვიან მოვიდეს.

- გვიან? დაახლოებით რა დროს?

- ალბათ ვეჩერომ.

- სად წავიდა, არ უთქვამს?

- ნეტ, ონ ტაკიე ვეშჩი ნე გავარიტ ნიკაგდა.

- გიგი? არც გიგი იქნება?

- ა ტი ხოჩეშ, ჩტობ ონ ბილ? ესლი ხოჩეშ...

- ნეტ, ნეტ. სულაც არ მინდა მისი ნახვა, გადაირიე? - აწრიალდა სალი.

- ვოტ პაეტამუ ი ნე ბუდეტ. უსპაკოილას?

- რა თქმა უნდა. ტი უმნიცა უ მენია.

- და ნი ტოლკა უ ტებია, - სიცილი ვერ შეიკავა იაკომ.

- აბა, აბა, თავს ნუ იქებ! - გაეხუმრა სალი.

- ნუ ხარაშო, პაშლა ია. ნე ზაბუდ, ჩტო სკაზალა, ხარაშო?

- არ დამავიწყდება, ნუ გეშინია. შაბათს შენთან ვარ. აბა კარგად.

- პაკა, დარაგაია, პაკა.

სალიმ ყურმილი დაკიდა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. სამ საათზე დუდუ დაუმესიჯებს. სალის უნდოდა, იმ დროს მარტო ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, ერთსაათიანი საუბრის გაბმას მაინც არ აპირებს. თავის სათქმელს ორიოდე სიტყვით მისწერს და დაამთავრებს ყველაფერს. ნეტავ სად წავიდა დუდუ? ან ეს იაკო რამ გადარია, როდის იყო ასეთ გრანდიოზულ დაბადების დღეს იხდიდა? მით უმეტეს, თუ დუდუ არ იქნება, რისთვის აკეთებს ამდენ რამეს? გოგოები იქნებიანო. ნეტავ რომელ გოგოებს ეპატიჟება? არა მგონია, მარტო თანამშრომლები ეგულისხმა. განა "დუგიში" რამდენი "გოგო" მუშაობს? სულ სამი ქალია, მორჩა და გათავდა. ალბათ თავის მეგობრებს ელოდება, შეიძლება მეზობლებსაც. ვინ იცის... რაც არის, არის, დაქალმა დახმარება სთხოვა და უნდა დაეხმაროს, აბა რა უნდა ქნას! საჩუქარი? რაღაც ხომ უნდა უყიდოს? ფული რომ არა აქვს? იმ დეგენერატმა რომ არ მისცეს დღეს ხელფასი, რა ქნას? მერე რომ მიუტანოს? როგორ არ უყვარს სალის საჩუქრის მერე მიტანა, არ ჩვევია ასეთი რამეები. არა უშავს, რაღაცას მოიფიქრებს. ბოლოს და ბოლოს, სახლშიც ხომ აქვს რაღაც-რაღაცები. ორი ფლაკონი გაუხსნელი ფრანგული სუნამოც უდევს უჯრაში, ერთ-ერთს გაიმეტებს როგორმე. იაკოსთვის არ ენანება, ის მართლა კარგი გოგოა...

 

***

პარასკევს დილით დუდუ ადრე ადგა, წვერი გაიპარსა, თავი მოიწესრიგა, ლამაზად გამოეწყო და სამსახურში გამოცხადდა. მის დანახვაზე თანამშრომლებს გაოცება აღებეჭდათ სახეზე. ასე საგანგებოდ გამოპრანჭული უფროსი რამდენი ხანია, არ უნახავთ. ნარგიზამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა იას, ხომ არ იცი, რა ხდებაო. იაკომ მხრები აიჩეჩა, არაფერი ვიციო და თავი ქაღალდებში ჩარგო, სახეზე რამე არ შემეტყოსო. დუდუმ რამდენიმე დავალება მისცა ბიჭებს, მერე კი იაკო დაიბარა კაბინეტში. კარგა ხანს ელაპარაკა ბუღალტერს შაბათის გეგმებზე, საიდუმლო რჩევებიც მისცა და ოფისი გაღიმებულმა დატოვა.

ცოტა ხანში დუდუს მანქანა დასავლეთის ტრასაზე მიქროდა... პრეზიდენტს სალის დედის მონახულება ჰქონდა გადაწყვეტილი...

 

დუდუ კითხვა-კითხვით მიადგა სალის სახლს. დაძახება არ დასჭირვებია, ხანში შესული შავხალათიანი ქალი ეზოში რაღაცას ფუსფუსებდა. მამაკაცმა ჭიშკარი შეაღო. ქალმა ხელი მოიჩრდილა და მოულოდნელ სტუმარს გაკვირვებით გამოხედა, ხელები ქვედაბოლოზე შეიწმინდა და ჩქარი ნაბიჯებით მიეგება უცნობს.

- რომელი ხარ, შვილო, ვერ გიცანი, - დაკვირვებით შეათვალიერა მოსული.

- გამარჯობა, ქალბატონო, მე სალის მეგობარი ვარ თბილისიდან, - დუდუმ ხელი ჩამოართვა მასპინძელს.

- უი, გენაცვალოს ჩემი თავი, მობრძანდი, შემოგევლე, მობრძანდი, ასე მოულოდნელად... მაპატიე, არ მეგონა... ცოტა არეულად ვცხოვრობთ, ხომ იცით

მარტოხელა ქალების ამბავი, ამბის გამკითხავიც არავინ მყავს...

- არა უშავს, ქალბატონო, არა უშავს, - დუდუმ ხელი გადახვია ქალს.

- ხომ მშვიდობაა, შვილო, ჩემს გოგოს ხომ არაფერი უჭირს? - შეშფოთდა ნანული.

- არა, არა, რას ამბობთ, კარგად არის, მოკითხვა დამაბარა თქვენთან, უკაცრავად, როგორ მოგმართოთ?

- ნანული მქვია, შვილო, როგორც გაგიხარდეთ, ისე მომმართეთ, - ქალი თან ვიშვიშებდა, თან აივნისკენ მიუძღოდა უცხო სტუმარს.

აგურის სახლი ორსართულიანი კი იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ კაცის ხელი აკლდა. ზედა სართულზე მინები თითქმის ყველგან ჩამსხვრეული იყო, ბათქაში - ჩამოცვენილი, სახურავი კი - წვიმისგან დაჟანგული. მერე ეზო მოათვალიერა. ირგვლივ მხოლოდ ჰორტენზიები ყვაოდა - თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, იისფერი... ლამაზი ყვავილი იყო, დუდუმ ღიმილი ვერ შეიკავა.

- რა ლამაზი ყვავილები გაქვთ, ქალბატონო ნანული, - მიუბრუნდა ქალს.

- ჰო-ო... ეგა? ეგ სალის საყვარელი ბაღია, შვილო, ისე უვლიდა აქაურობას, რომ ნუ იტყვი. ზამთარ-ზაფხულ ამ ყვავილებს რწყავდა. ვეუბნებოდი, გოგო, რად უნდა ეზოს ყვავილს მორწყვა, წვიმის წყალიც ჰყოფნის-მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებდა! ეგეთი ჯიუტი გოგოა.

- ჯიუტი არის, გეთანხმებით, - გაიცინა დუდუმ.

- აქეთ შემოდი, შვილო, ახლავე მოგხედავ, - ქალი დატრიალდა.

- არ არის საჭირო, ქალბატონო, მეჩქარება, ნუ შეწუხდებით. სამსახურის საქმეზე ვიყავი და სალიმ მთხოვა, გამომევლო და თქვენთვის ფული გადმომეცა, გამოგიგზავნათ, - დუდუმ ჯიბეზე გაიკრა ხელი, საფულე ამოიღო, გახსნა და ათლარიანების დასტა ამოიღო.

- რად მინდოდა მაგის ფული, რანაირი გოგოა, თავის თავს მიხედოს, მე რა მიჭირს, მეზობლები აქ არ მყვანან? - შეწუხდა ნანული და თავშალი გაისწორა.

- აქ ორასი ლარია. მალე თვითონაც ჩამოვა ალბათ, - დუდუმ ათლარიანები გაუწოდა მოხუცს.

გულაჩუყებულ მოხუცს ცრემლები მოერია. დუდუს ფული გამოართვა და ხალათის ჯიბეში ჩაჩურთა.

- თქვენ ერთად მუშაობთ, დედა? - შეეკითხა ბოლოს ქალი.

- კი, თანამშრომლები ვართ. მე მივლინებაში გამომიშვეს და რადგან გზა აქეთ მქონდა, სალის თხოვნა შევასრულე. კიდევ ერთი - თქვენს ქალიშვილს ეს ყვავილები მოენატრა და რომ არ წავუღო, სამსახურში არ მიმიშვებს, - გაიღიმა დუდუმ.

- მაგაზე როგორ გაწყენინებთ, შვილო, ახლავე დაგიკრეფ, - ნანული ეზოში გატრიალდა და ჰორტენზიების ბუჩქებს მიეახლა, აყვავილებული ტოტები წაატეხა.

- მხოლოდ იისფერი, ქალბატონო ნანული, ასე მიბრძანა სალიმ, სხვა ფერი არ მინდაო, უკაცრავად, - მოუბოდიშა მამაკაცმა.

- როგორც ინებებ, შვილო, რომელსაც ხელს დაადებ, თქვენი ნებაა...

რამდენიმე წუთში უზარმაზარი თაიგული შეიკრა. დუდუმ მოხუცს ყვავილები გამოართვა, უკანა სავარძელზე მოათავსა, მოწიწებით დაემშვიდობა მასპინძელს და თბილისის გზას კმაყოფილი დაადგა...

 

***

სალი დილიდანვე ესტუმრა იაკოს, თუმცა თითქმის ყველაფერი გაკეთებული დახვდა.

- კი მაგრამ, რისთვის მომიყვანე, თუ უკვე გაამზადე ყველაფერი? - გაიკვირვა სალიმ.

- პადაჟდი, ჯერ სადაა, ვოტ ზელენ, გარეცხე, - საქმიანი სახით შეხედა იამ.

სალი მწვანილის გასუფთავებას ბუზღუნით შეუდგა.

- ბევრ ხალხს ელოდები? - გასძახა დაქალს.

- და ნეტ, ტოლკო მი ბუდიმ.

- მაინც, მაინც?

- ატსტან, პრიდუტ ი უვიდიშ, - იაკომ თავი აარიდა მეგობრის შეკითხვას.

მერე სალიმ ხაჭაპურები დააცხო. შემდეგ სუფრის გაშლას შეუდგნენ, თან ოხუნჯობდნენ, სტუდენტობის დროინდელ ამბებს იხსენებდნენ. მერე იაკოს ვიღაცამ დაურეკა. ისიც ადგა, ტელეფონი სასტუმრო ოთახში გაიტანა და სამზარეულოს კარი მჭიდროდ მოიხურა.

- უყურე შენ! მგონი ამას ვიღაცა ჰყავს, - თავისთვის ჩაილაპარაკა სალიმ და ბოლო ხაჭაპურს კარაქი გადაუსვა ზემოდან.

უცებ თვითონაც გაახსენდა ტელეფონი. სამზე დუდუმ უნდა დაუმესიჯოს. არც მას უნდა, იაკომ მისი საიდუმლო გაიგოს. ნეტავ არ მოვა? რა საინტერესოა, აქ რომ დაინახავს, რა რეაქცია ექნება? ამის გაფიქრება და სალის ტელეფონზე მესიჯის სიგნალი ერთი იყო. შეკრთა, ხელები ტილოზე შეიწმინდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და ფანჯარასთან მივიდა, რომ წერილი დაქალის უჩუმრად წაეკითხა. აფორიაქებულს არც გაუგია, როგორ გაიღო სამზარეულოს კარი და როგორ შემოვიდა ოთახში დუდუ.

"მე დაგიმესიჯე, ხომ შევასრულე პირობა?" - სწერდა მამაკაცი.

სალი ტექსტის აკრეფას შეუდგა.

"გელოდებოდი. ყველა პირობას ასე ასრულებ?"

პასუხს დაელოდა, მაგრამ დუდუ იგვიანებდა. სალიმ მობილური კვლავ ჯიბეში ჩაიდო და მოტრიალდა. მოულოდნელობისაგან გაშრა. სამზარეულოს მაგიდაზე იისფერი ჰორტენზიები ეყარა. ქალი გაფითრდა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. კარზე არც კაკუნი ყოფილა, არც ზარი დაურეკავს ვინმეს. როგორ შეიძლებოდა ეს ყვავილები აქ გაჩენილიყო? ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს, ფრთხილად შეაღო და ოთახში ქურდულად შეიხედა. იქ ვერავინ დალანდა იაკოს გარდა, რომელიც ღვინის ბოთლებს აწყობდა მაგიდაზე.

- ია, აქ არის ვინმე?

- ნეტ, ა ჩტო?

- აბა ის ჰორტენზიები ვინ მოიტანა?

- ა, ეტა? დუდუ პრისლალ მნე. ონ ლუბიტ ტაკიე სიურპრიზი, - გაიღიმა იაკომ.

- ვრიოშ! სკაჟი, ვ ჩემ დელა, - სალიმ სერიოზული სახით შეხედა დაქალს.

- და ნე ვ ჩემ, რა მოგივიდა?

- გდე ონ?

- ატკუდა მნე ზნატ, ტი ჩტო, ს უმა საშლა? - ისე გაიკვირვა იამ, თითქოს ამ საქმის არაფერი გაეგებოდა.

რას იფიქრებდა, ორიოდე წუთის წინ დუდუმ რომ შეამოწმა, მართლა ის უგზავნიდა მესიჯებს თუ არა. ვერც იმას წარმოიდგენდა, მამაკაცი ქურდულად რომ დატოვებდა ყვავილებს და ისე გაიპარებოდა. რაღა ჰორტენზიები? რატომ მაინცდამაინც იაკოს? დაბადების დღეზე ჰორტენზიები რა მისართმევია? სალის ეჭვები გულს უღრღნიდა.

- უსპაკოისია, ონ ნე პრიდიოტ, კურიერ პრინიოს ცვეტი, - სცადა იამ მეგობრის დამშვიდება.

ცოტა ხანიც და კარზე ზარი დაირეკა. სალი ისე შეხტა, თითქოს რაღაც საშინელება მომხდარიყო, სახეზე წამოჭარხლდა.

- ვოტ, პერვიე გოსტი პრიშლი, - წამოიძახა იამ მხიარულად და შემოსასვლელისკენ ხტუნვით გავარდა.

სალის სუნთქვა შეეკრა, მიაყურადა, რომ მოსულის ხმა გაეგონა.

- მიგვიღებთ? - ეს მერაბის ხმა იყო, იგი ხმაურით შემოიჭრა ოთახში.

სალიმ შვებით ამოისუნთქა.

- ვა! ჩვენი ბივში გოგოც აქ არის? როგორ ხარ, ლამაზების პრეზიდენტო? - ხელი ჩამოართვა მამაკაცმა და გადაკოცნა.

- არა მიშავს, თავად?

- ვარ სტამბოლის კაჟივით, რა მიჭირს, - გადაიხარხარა მერაბმა და სუფრას გადახედა, - აუჰ, რას ვითოხლავებთ! სხვები სად არიან?

- მოვლენ, - მოკლედ მოჭრა იაკომ და მაგიდაზე ღვინის ბოთლების განაწილება გააგრძელა.

"დუგის" თანამშრომლებმა ნელ-ნელა მოიყარეს თავი. მერაბს ზაზა და გია მოჰყვნენ, მერე გულიკო შემოუერთდათ, სალის ყველა თბილად შეხვდა. დანარჩენები არ გამოჩენილან. კულმინაციური მომენტი გიგის მოსვლა იყო. ამან სალი უფრო ააფორიაქა. ადგილს ვერ პოულობდა. წასვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ვინ გაუშვა!

ოთხისთვის ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. თამადობა ზაზამ ითავა. სალი თითქოს ეკლებზე იჯდა, თვალი კარისკენ ეჭირა, დუდუს მოსვლას ელოდა, თუმცა ბოსი არსად ჩანდა. ქეიფი მალე გახურდა. სალის მათი ხორხოცი და შეძახილები თითქმის არ ესმოდა, ნერვიულობისგან სმენა ჰქონდა დახშული. ხანდახან მზერა გიგისკენ გაექცეოდა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ აშორებდა. ბოლოს ვერ მოითმინა სალიმ, ადგა და სამზარეულოში გავიდა. გიგის ეს არ გამოჰპარვია და ფეხდაფეხ მიჰყვა.

- რატომ მექცევი ასე, არ მელაპარაკები? - გიგი ქალს მიუახლოვდა.

- მე შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს, - დახშული ხმით უპასუხა სალიმ და თვალი აარიდა მამაკაცს.

- რატომ, დაგიშავე რამე?

- შენ უკეთ იცი, დამიშავე თუ არა.

- რომ მიყვარხარ, იმას რა ეშველება?

- არც არაფერი, დაივიწყე ეგ ამბავი.

- მაგრამ იმასთანაც რომ არაფერი გამოგდის?

- ეგ შენი საქმე არ არის.

- ვითომ?

- არ მომიახლოვდე! - სალიმ უკან დაიხია.

- "უაღრესად" გულამოჭრილი კაბა გაცვია, თანაც წითელი. გგონია, ადვილია თავის შეკავება? სიგარეტი გაკლია მხოლოდ, აჰა, არ გინდა? წითელ კაბას უხდება ანთებული სიგარეტი, - გიგიმ დამცინავად გაუწოდა სიგარეტი.

- ვერაფერი ხუმრობა გამოგივიდა, - აიმრიზა სალი.

უცებ კარი გაიღო და ზღურბლზე დუდუ გამოჩნდა. სალის მუხლები მოეკვეთა მის დანახვაზე, გიგის მოხერხებულად აუარა გვერდი და სამზარეულოდან გასხლტა, შემოსასვლელში დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა.

დუდუ და გიგი კარგა ხანს უხმოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. გიგიმ სიგარეტი ნიჟარაში მოისროლა და ცინიკური მზერა მიაპყრო მეტოქეს.

- დროზე მოგვისწარი, სწორედ რომ ინტიმურ თემაზე ვსაუბრობდით.

- შენ უფლება არა გაქვს, სალის გაეკარო, - მკაცრად წარმოთქვა დუდუმ.

- მე შენგან ნებართვის აღება არ მჭირდება, - გიგისაც გაუმკაცრდა ხმა.

- უნდა გჭირდებოდეს.

- რატომ? იმიტომ, რომ შენ უყვარხარ?

- არა, იმიტომ, რომ შენ არ უყვარხარ, - თქვა დუდუმ და გატრიალდა.

სასტუმრო ოთახში შესულმა სუფრის წევრებს მოავლო თვალი, სალი რომ ვერ შეამჩნია, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და თვითონაც გაეკიდა, თანამშრომლების შეძახილებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ლიფტს არ დაელოდა, სირბილით ჩაუყვა კიბის საფეხურებს და ქუჩაში გავარდა. გაწვიმებულიყო. მსხვილი წვეთები სახეში სცემდა მამაკაცს. გზის მოპირდაპირე მხარეს მდგარი სალი დალანდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ახლა მათ შორის წვიმა იდგა, მხოლოდ წვიმა აშორებდათ ერთმანეთს. სანამ დუდუ გზას გადაჭრიდა, სალიმ ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და გაემგზავრა, ვერ მიუსწრო მამაკაცმა. ღრმად ამოისუნთქა, ხელები მომუჭა და გაბრაზებულმა კბილი კბილს დააჭირა...

 

გაგრძელება