მონადირის ინსტინქტი - გზაპრესი

მონადირის ინსტინქტი

- და... ოჯახური მდგომარეობა? - დაინტერესდა სტეფანე.

ტესი შეიშმუშნა. არ სურდა ამ თემაზე საუბარი. მისთვის სტეფი ჯერ კიდევ უცხო ადამიანი იყო, გულის გადაშლა არ ღირდა.

- ხანდახან ისე ხდება, რომ ადამიანი ცხოვრების მიზანს კარგავს, შემდეგ კი ახალს ეძებს და პოულობს კიდევაც.

ეს ბუნდოვანი პასუხი სულაც არ აღმოჩნდა მამაკაცისთვის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ აღარ ჩაეძია. გასაგები იყო, რომ ქალს ამ თემაზე ლაპარაკი არ სურდა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად "უბოროტო" შეკითხვა დასვა, ქალის სახეზე გამაოგნებელი სევდა აღიბეჭდა, რამაც მიახვედრა, რომ წარსულში ტესს ვიღაცამ ან რაღაცამ მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა.

- მგონი, ძილის დროა, არა? - ტესი მოულოდნელად ადგა.

- მართალი ხარ, უკვე გვიანაა, მე კი უთენია უნდა ავდგე და საქმეს შევუდგე.

- მაშინ, ღამე მშვიდობისა, სტეფ, ფერად სიზმრებს გისურვებ, - ხელი დაუქნია ტესმა და მის პასუხს არ დალოდებია, ისე სწრაფად გაეცალა.

"როგორ მეტეორივით გაიქროლა", - გაიფიქრა სტეფანემ და თვალის შევლება ვერ მოასწრო, ისე გაუჩინარდა ქალი თავის ოთახში. თითქოს სიცარიელე იგრძნო, მარტო რომ დარჩა. ამავდროულად, დისკომფორტს უქმნიდა, მისადმი ლტოლვა დღითი დღე რომ იზრდებოდა. დიდად არასდროს ყოფილა ქალით აღფრთოვანებული. წლების წინ, როცა ოჯახი შექმნა, სიყვარულზე არც უფიქრია. მისი ქორწინება საქმიან გარიგებას უფრო ჰგავდა და ამიტომაც არ გაგრძელებულა დიდხანს მათი ცოლქმრული იდილია. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა გრძნობდა, რომ არც ახლა იყო მზად, უღელს შეჰბმოდა, ცოლი შეერთო და ოჯახური მოვალეობები ეტვირთა. სიმართლე ის იყო, რომ თავისი მარტოობით ტკბებოდა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. თუმცა, არც ტესის მიმართ ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები. თუკი მასთან ურთიერთობას ააწყობდა, მხოლოდ იმისთვის, რომ აქ ყოფნის პერიოდში გვერდით ვიღაც ჰყოლოდა, დროებითი პარტნიორი, რომელიც დღეებს გაულამაზებდა. იქნებოდა თუ არა ამ წინადადებაზე ტესი თანახმა, მისთვის უცნობი იყო, მაგრამ იმედოვნებდა, რომ უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ქალი პარტნიორობაზე უარს არ ეტყოდა. ამას მონადირული ინსტინქტი კარნახობდა. ტესი ხომ უკვე ამერიკული მენტალიტეტით იყო გაჟღენთილი, ქართველი უკარება ქალის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, რომელსაც თვეობით უნდა ეხვეწო და კუდში სდიო საწადლის მისაღწევად.

სტეფანე საქანელას ჩაეჭიდა და გაქანდა. ესიამოვნა. ახლაღა გაახსენდა, რომ არ უვახშმია და შიმშილისგან კუჭი აეწვა.

ბევრი არ უფიქრია, პირველ სართულზე ჩავიდა და რესტორანს მიაშურა.

ელენი მაშინვე შემოეგება.

- მოგშივდათ? - შეჰღიმა ქალმა.

- თანაც ძალიან, - გაუღიმა მამაკაცმა კუბელ მზარეულს.

- ეს კარგია, მისტერ გაგუა, - თავი დააკანტურა ელენმა, - დედაჩემი იტყოდა, თუკი მამაკაცს კარგი მადა აქვს, ესე იგი, კეთილი გულის პატრონიაო.

სტეფანემ უმისამართოდ გაიღიმა. არ იცოდა, რა ეპასუხა.

- ტესი თავისთან არის, თუ იცით? - თავი გვერდზე კეკლუცად გადახარა ელენმა.

- მგონი, კი.

- მაშინ, მასთანაც გაგატანთ ვახშამს, ისიც მშიერია. იმედია, არ შეწუხდებით.

- რა პრობლემაა, სიამოვნებით ავუტან, თუკი მანდობთ მის წილ ულუფას, - გაიცინა მამაკაცმა და მაგიდას მიუჯდა.

ორ საძინებელს შუა გასასვლელ კარზე დააკაკუნა თუ არა, სტეფანემ დაიძახა:

- მე ვარ!

კარი ისე სწრაფად გაიღო, მამაკაცს თეფში კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ტესი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილიყო. აშკარა იყო, აუზზე გასვლა განეზრახა. ხელები აწეული ჰქონდა, საცურაო კოსტიუმის ზონრებს იკრავდა ზურგს უკან, კისერზე. მკერდი წინ წამოსწეოდა. მისმა გარუჯულმა სხეულმა სტეფს თავბრუ დაახვია.

მამაკაცმა ნერწყვი გადააგორა, ჩაახველა და მოგუდული ხმით წარმოთქვა:

- ისა... ელენმა შენთვის ვახშამი გამომატანა.

- მადლობა. საბანაოდ მივდიოდი...

- მაშინ სასწრაფოდ მოგიწევს ჭამა, სანამ ცხელია.

ასეთი უბრალო სიტყვების წარმოთქმაც კი გაუჭირდა, იმდენად აღაგზნო ნახევრად შიშველმა ქალმა.

- მოდი, ამ თეფშს მაგიდაზე დავდგამ, თორემ ხელიდან გამივარდება.

- მე კი ხალათს მოვიხურავ, - გაუღიმა ტესმა და საწოლისკენ გაემართა.

სტეფანემ ერთდროულად შვებაც იგრძნო და იმედგაცრუებაც. ერთი ბეწო ბიკინი ძლივს ფარავდა ტესის ვნების აღმძვრელ უკანალს. როცა მამაკაცი მიხვდა, რომ მისი მზერა ქალის თეძოებს ჩასცდა, მკვეთრად შეტრიალდა და საჟურნალე მაგიდას მიაშურა. როგორც კი თეფშს ადგილი მიუჩინა, ღონემიხდილი იქვე სკამზე ჩამოჯდა.

ეს იყო ყველაზე შესანიშნავი ვახშამი, რომელსაც კი ოდესმე შესწრებია ცხოვრებაში. როგორც იქნა, თანდათან დაიწყნარა გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, რადგან ტესმა ხალათი მოისხა და მაგიდას მიუჯდა.

- შენ უკვე ივახშმე? - ჰკითხა ქალმა და სუფლეთი სავსე კოვზი პირისკენ გააქანა.

მამაკაცმა მხოლოდ თავი დაუქნია, რადგან მისი ტუჩების მოძრაობამ ვნება კვლავ გაუღვივა.

- რა კარგი მზარეულია ელენი. საერთოდ, კუბელები არაჩვეულებრივი დიასახლისები არიან. ხანდახან მგონია, რომ ჩემი კლიენტები მის გამო რჩებიან აქ დიდხანს. აუ, ეს რძე არ მინდა. შენ ხომ არ დალევ?

- არა, გმადლობ. რძეს ვერ ვსვამ.

- რატომ? - წარბები აზიდა ქალმა გაკვირვების ნიშნად.

- იმიტომ, რომ ვერ ვინელებ. საერთოდ, რძე ჩვენს ასაკში დიდად სასარგებლო არ არის.

- ეს ვინ გითხრა?

- ეგ ყველამ იცის. რძის მიღებას თავისი ასაკი აქვს, მერე და მერე სასარგებლო ფუნქციებს კარგავს.

- არ ვიცი, მე კი მშვენივრად მერგება და... - გადაიკისკისა ტესმა.

- ესე იგი, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და პირზე რძე არ შეგშრობია, - გაეხუმრა სტეფი. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გაოფლილი კისერი გაიწმინდა.

- არ გინდა, ჩემთან ერთად იბანაო?

- ღამე რატომ გიყვარს ცურვა? - შუბლი შეჭმუხნა მამაკაცმა. - წუხელ კინაღამ გაცივდი.

- კინაღამ არ ითვლება, - ტესის სიცილმა ოთახი გაავსო.

ქალი აშკარად ცდილობდა მის ცდუნებას, ეს კი მამაკაცზე ძლიერად მოქმედებდა.

- რაღაც დოკუმენტებს უნდა გადავხედო. მოდი, ხვალ დილისთვის გადავდოთ ერთობლივი "წყალპახოდი".

ტესმა რძით მოთხუპნილი პირი ხელსახოცით შეიწმინდა. როგორ შეშურდა სტეფანეს ამწუთას იმ ხელსახოცის...

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადრე აპირებ ადგომას.

- დილაუთენია ნამდვილად არ ვაპირებ, ხვალ შედარებით მსუბუქი დღე მაქვს.

- ხვალ კვირაა, არ ისვენებ?

- წესით ვისვენებ, მაგრამ ისეთი არეულობაა ჩემს კაბინეტში, უნდა დავალაგო, აურზაურს ვერ ვიტან.

სტეფმა წარმოიდგინა, როგორ გაატარებდა მეორე დილას და ნასიამოვნები წინ გადაიხარა, რომ ქალს უკეთ დაჰკვირვებოდა. უცნაური რამ შეამჩნია - ტესის თვალებს ფერი შეეცვალა.

- რატომ არის შენი თვალები ახლა მწვანე? დღის სინათლეზე ცისფერი გაქვს.

- ა! ლინზების ამოღება დამავიწყდა, - დამორცხვებულმა თვალებზე აიფარა ხელი.

- შენ რა, ლინზებს ხმარობ?

ქალმა თავი დაუქნია.

- და რაში გჭირდება?

- რა ვიცი, მრავალფეროვნებისთვის, - მხრები აიჩეჩა ტესმა.

- სინამდვილეში რა ფერის თვალები გაქვს?

- აბა, თუ გამოიცნობ, - ტესმა გამომწვევად გადახარა თავი გვერდზე და მამაკაცს ეშმაკური მზერა ესროლა.

სტეფანემ გამომცდელად შეხედა. მერე ჩაიცინა და თქვა:

- წამხედურობა ქალის ბუნებრივ სილამაზეს ჩრდილავს. ქართველი ქალების უბედურება ისაა, რომ არ კმაყოფილდებიან იმით, რითაც ღმერთმა ისინი დააჯილდოვა. ტუჩებდაბერილი და ლინზებჩადგმული ქალები ცვილის ფიგურებს ემსგავსებიან. ერთი თანამშრომელი გოგონა მყავს, იმასაც უყვარს ლინზები. არადა, ულამაზესი თაფლისფერი თვალები აქვს. ჩაიდგამს ცისფერ ლინზებს და კატას ემსგავსება. ჰგონია, რომ უხდება, ამ დროს მოხარშულ თევზს მიუგავს თვალები.

- გინდა თქვა, რომ მეც მოხარშული თევზივით გამოვიყურები?

სტეფანეს გაეცინა.

- იცი, რა?.. ლინზები თვალებს მეტყველ გამოხედვას უკარგავს. თვალები ადამიანის სავიზიტო ბარათია. ყველაზე კარგად სხეულის ამ ორგანოს შეუძლია გრძნობების გამოხატვა. უთქმელად მიგახვედრებს ყველაფერს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მაგის ყიდვას გერჩივნა, სხვა რამე, უფრო ღირებული შეგეძინა.

- მაგალითად, რა?

- ნუ, რა ვიცი, საცურაო კოსტიუმი, მაგალითად.

- ისედაც ბევრი მაქვს.

- მაშინ მზის სათვალე.

- სათვალეს ვერ ვხმარობ. ჩემი თვალები ვერ ეგუება სათვალეს.

- რას მელაპარაკები! - ახარხარდა სტეფი. - შენი თვალებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მზის სათვალიდან შეხედავს ცხოვრებას თუ - ლინზებიდან?

ტუჩაბზუებულმა ტესმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

- წარმომიდგენია, როგორი ბუზღუნა და კირკიტა ქმარი იქნები.

- რატომ, პლასტიკატის ქალები რომ არ მომწონს, იმიტომ? ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია, თორემ ნამდვილად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ცხვირს მოიჭრის ქალი, ტუჩს გაიდიდებს თუ ბოტოქსს გაიჩხირავს. მარტივი გამოსავალია - ასეთი ქალისკენ არ გავიხედავ.

- ჰოდა, დარჩენილხარ უცოლოდ და ეგაა.

- არა მგონია. ბუნებრივად ლამაზი ქალები პროცენტულად ჯერჯერობით სჯაბნიან ხელოვნურად გალამაზებულებს. აი, შენ, მაგალითად, თუ ალღო არ მღალატობს და მხედველობა, პლასტიკური ქირურგიის ნაკვალევი არ გეტყობა და ეს მომწონს.

- ჯერ არ ვარ იმ ასაკში, მსგავსი რამეები დამჭირდეს.

- მაშინ მითხარი, თვალების ფერს რატომ იცვლი?

ტესი წამოდგა და მამაკაცს გამჭოლი მზერით მიაჩერდა.

- უბრალოდ, მრავალფეროვნებისთვის, სტიოპა, მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის. ეს ხომ პლატისკური ქირურგია არ არის.

სტეფს შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. რადგან ქალმა მისი ნათქვამი იწყინა, ესე იგი, თავს აწონებს. ეს ერთი "მსუყე" ნაბიჯია მიზნის მისაღწევად. როგორც ჩანს, მონადირემ იგი ჩიხში მიიმწყვდია და მიზანშიც ამოიღო. ახლა მხოლოდ ზუსტი გასროლაღა იყო დარჩენილი.

ტესმა პირსახოცს ხელი დაავლო, ნიშნის მოგებით შეჰღიმა მამაკაცს და ოთახიდან გავიდა.

ბავშვობის შემდეგ მისთვის "სტიოპათი" არავის მიუმართავს. მხოლოდ დედა ეძახდა ასე. როგორ მზრუნველად და თბილად ჟღერდა ტესის ბაგეებიდან ეს სახელი! ესიამოვნა...

სტეფანემ ამოიხვნეშა და ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი არეულ-დარეული იყო ტესის ოთახში. ყველგან ტანსაცმელი ეყარა. ახლა კიდევ, ეს თეფში, ასე რომ დატოვა მაგიდაზე. ვერ იტანდა უწესრიგობას. ამას ქალის სიზარმაცეს მიაწერდა. იქნებ ტესი სულაც არ არის ასეთი და ეს მხოლოდ მისმა შემოსახლებამ გამოიწვია? შეიძლება განიცდის, რომ შეავიწროეს და გულს ვერ უდებს ოთახის დალაგებას?

"ამას დრო გვიჩვენებს", - გაიფიქრა შუბლშეკრულმა და თავის საძინებელს მიაშურა.

სტეფანე და ტესი აუზის კიდესთან იდგნენ და ელოდებოდნენ, როდის მორჩებოდნენ მუშები მის დეზინფექციას. აუზს ყოველ დილით ცლიდნენ, ახალი წყლით ავსებდნენ და ქლორს უმატებდნენ.

"დილის შვიდი საათი არც ისე კარგი დროა საცურაოდ", - ფიქროდა ტესი. ძლივს გაახილა თვალები, როცა სტეფმა კარზე მოუკაკუნა. აკი ადრე არ ავდგებიო? შერცხვა და უარი ვერ უთხრა მამაკაცს, ვერც უსაყვედურა, სიზარმაცეში არ ჩამითვალოსო.

მაინც გაუჭიანურდა ადგომა და თავის მოწესრიგება. როცა დაბლა ჩავიდა, სტეფანე უკვე იქ დახვდა, ვარჯიშობდა.

ქალმა თავი გააქნია. ადამიანმა ჯერ თვალები უნდა გაახილოს კარგად, მერე ყავა დალიოს, რათა კოფეინით შეივსოს ენერგია და ვარჯიშს ამის შემდეგ უნდა შეუდგეს. ტესი შეზლონგზე დაჯდა, ფეხები შეიკეცა და შუბლი მუხლებს დააბჯინა. მას გრძელი, ფართხუნა პერანგი ეცვა, რომელიც ლამის წვივებამდე დასთრევდა.

ცოტა ხნის შემდეგ სტეფის შიშველი ფეხების ტყაპატყუპი შემოესმა და მიხვდა, მამაკაცი ადგილზე სირბილს შესდგომოდა. რაც შეიძლებოდა მაგრად დახუჭა თვალები, რომ მისთვის არ შეეხედა. არც უცდია, თავი აეწია მუხლებიდან.

- შენ არ აკეთებ მოთელვას, სანამ წყალში ჩახვალ? - მოესმა სტეფის აქოშინებული ხმა.

- არა.

- ცუდია. არ გეშინია სახსრების ატკივების? ფეხებისთვის მოთელვა აუცილებელია, სანამ წყალში ჩახვალ.

- არა-მეთქი! - გაღიზიანდა ტესი.

- კუნთები გაგიმკვრივდება. შენ რა, გინდა, მოფამფალებული ფეხები გქონდეს?

"მოფამფალებული? ეგ რა სიტყვაა?" - გაოცებულმა გაიფიქრა.

- ტეს, ხომ არ დაგეძინა? - გამოსძახა სტეფანემ.

- არა.

- როგორც ჩანს, ტოროლა არ ხარ, - გაეხუმრა მამაკაცი.

ქალი მთელი ძალისხმევით ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია მისთვის, მაგრამ მისმა მკერდისმიერმა ჩუმმა სიცილმა აიძულა, თავი აეწია და თვალები გაეხილა.

მზერა მამაკაცის ადგილზე მორბენალ დაკუნთულ ფეხებზე შეაჩერა. უყურებდა, როგორ ქრებოდა მიწაზე ჩრდილი მის ყოველ აწეულ ნაბიჯზე და როგორ ეჭიმებოდა მამაკაცს ბარძაყები ხტუნვისას. მოკრივესავით სხეული ჰქონდა, რაც აშკარად სასიამოვნო შესახედავი იყო.

სწორედ ამ დროს დაუძახეს მუშებმა, სამუშაო დამთავრებულიაო, და ტესი წამოდგა. სტეფი უკვე ზურგით იდგა და მაისურს იხდიდა. მისმა ფართო მხარ-ბეჭმა ღიმილი მოჰგვარა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ადგომას ვერ იტანდა, დაასკვნა, რომ ეს სანახაობა ამად ღირდა.

- ჩვეულებრივ, რამდენი ბილიკის გაცურვას ახერხებ? - შეეკითხა მამაკაცი.

- იქით-აქეთ? - კითხვას კითხვით უპასუხა ქალმა.

- ჰო.

- რა ვიცი, როდის როგორ. ყოველ შემთხვევაში, იმდენს არა, რომ წამმზომი ჩავრთო და ჩემი მიღწევების გაუმჯობესებაზე ვიზრუნო.

ტესი ნელა ჩაუყვა კიბეს, ფეხით მოსინჯა წყალი. სტეფანე არ დაელოდა, თავით გადაეშვა აუზში, ჩაყვინთა, სწრაფადვე ამოყვინთა და დაუძახა:

- ეგრე ნუ სინჯავ ტემპერატურას, გადმოეშვი და მაშინვე შეეჩვევი. ნუ გეშინია, კარგი წყალია.

სტეფმა შუამდე გაცურა და წყალზე დადგა. ტესს გამოხედა. თეთრ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალი ქანდაკებას ჰგავდა. უნაკლო, გარუჯული სხეული დილის მზეზე სასიამოვნოდ ულაპლაპებდა. ვიწრო ბიუსტჰალტერი ძლივს უმალავდა ძუძუებს. მამაკაცმა ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას და დაუყვირა:

- ჩამოდი დროზე, თორემ უკვე დაგვიანდა, ისედაც ამოვვარდი გრაფიკიდან.

- გრაფიკიდან? მაგრამ დღეს ხომ კვირაა! - ტესი არ ჩქარობდა აუზში ჩასვლას, თითქოს მის უფრო გაღიზიანებას ცდილობდა. - საოცარი კაცი ხარ, თავში მხოლოდ სამუშაო გიტრიალებს და არავითარი გართობა!

რა ჯანდაბას დათანხმდა მასთან ერთად აქ მოსვლას? რა კარგი საღამო გაატარეს იქ, საქანელაზე ერთად, რამდენი ისაუბრეს, ახლა კი ისევ "მუდოდ" იქცა.

ტესმა კბილი კბილს დააჭირა, მთელი სხეული დაძაბა და, როგორც იქნა, წყალში გადაეშვა.

აუზს არანაირი მარკირება არ ჰქონდა, არც თოკები იყო გაბმული ბილიკების გამოსაყოფად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია წყვილისთვის, ერთმანეთის გვერდით ეცურათ აუზის მთელ სიგრძეზე. ცხრაჯერ გაცურეს და გამოცურეს ერთი ბოლოდან მეორეში. თან ტემპი არ დაუგდიათ. ბოლოს ტესი დაიღალა და წყლიდან აქოშინებული ამოვიდა. აკანკალებულმა პირსახოცი მხრებზე შემოიხვია და შეზლონგზე ჩამოჯდა. ქალი უყურებდა, როგორი სიმსუბუქით აპობდა მამაკაცი მკლავებით წყალს და როგორ ოსტატურად უხვევდა აუზის ბოლოში უკან გამოსაცურად. აი, რა შეუძლია ვარჯიშს. ქალი უფრო და უფრო იხიბლებოდა სტეფანეს გლუვი, დაკუნთული, ძლიერი სხეულით. ბოლოს მან გამოცურა და ერთი მოქნილი მოძრაობით ისე ამოხტა წყლიდან, ქალმა აღტაცება ვერ დამალა.

- კარგად ცურავ, - შენიშნა სტეფმა, როცა გვერდით ჩამოუჯდა.

- მადლობა, მაგრამ შენ მაინც ვერ შეგედრები.

მამაკაცმა ოდნავ გაიღიმა, პირსახოცს დასწვდა და სხეულის შემშრალებას შეუდგა. როცა საქმეს მორჩა, პირსახოცი მხარზე გადაიკიდა, თავისი ნივთები მოაქუჩა და ადგა.

- რას იტყვი, სანამ ნომერში ავალთ, ელენს რომ გავუაროთ და თითო ფინჯანი ყავა დავაგემოვნოთ? - შეეკითხა ტესი.

სტეფი ერთ წამს შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა:

- მგონი, შეიძლება.

- ძალიანაც კარგი. მაშინ წავიდეთ!

სამზარეულოს კარი დაკეტილი დახვდათ, მაგრამ ტესმა იცოდა, რომ ელენი ამ დროს უკვე ფეხზე იყო და სასტუმროს ბინადართათვის საუზმეს ამზადებდა. თავისი გასაღებით გააღო კარი. ელენი ქურასთან იდგა და ახალგამომცხვარ შოკოლადის კექსს ფორმიდან იღებდა. კექსის სურნელმა ჰაერი გაავსო. ტესმა სტეფანეს მოხედა და გაუღიმა. კაცმა ღრმად ამოისუნთქა, თვალდახუჭულმა კექსის არომატი შეიყნოსა და თვითონაც გაიღიმა. ტესს გული შეუფანცქალდა. აგიჟებდა ეს ღიმილი. ნეტავ თუ აცნობიერებს ამ ღიმილის ზემოქმედების ძალას ეს კაცი? ბედნიერების გამომხატველმა გამომეტყველებამ სრულიად შეცვალა მამაკაცი.

- გარეთ გაგიშლით, ხის ქვეშ, თორემ აქ ხელს შემიშლით, მილიონი საქმე მაქვს, - მოხედა ელენმა ადრიან სტუმრებს და კექსის წვრილად დაჭრას შეუდგა.

- მოდიან დღეს დამხმარეები? - შეეკითხა ტესი ელენს.

- არ ვიცი, არ მიკითხავს, - თავაუღებლად მიუგო მზარეულმა, - თუ არ მოვლენ, თავს დააბრალონ. არ უნდათ იოლი სამუშაო და იოლი ფული? ამაზე უარს თუ იტყვიან, სულელები ყოფილან და ეგაა.

- რაზე საუბრობთ? - დაინტერესდა სტეფანე.

- ხანდახან საღამო ან ლანჩი ეწყობა ჩვენს რესტორანში და ელენი მარტო ვერ აუდის საქმეს, ამიტომ ადგილობრივები ეხმარებიან. მაგრამ იგი ისეთ დღეში აგდებს იმ საწყლებს, ისე აცლის სიქას მუშაობით, რომ საღამოს ერთი სული აქვთ, მალე მორჩნენ საქმეს და სახლში გაიქცნენ. დღესაც გვაქვს ერთი ლანჩი, ამიტომ ვკითხე, თუ დაიბარე გოგონები-მეთქი?

გაგრძელება შემდეგ ნომერში